საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 12.06.1996
ძალის დაკარგვა 26.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №139
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).000.000098 108
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 18/06/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №139
1996 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო სისტემის მუშაკთა სტიმულირების, მატერიალური და სოციალური დაცვის პირობების მოწესრიგებისა და სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი სრულყოფის მიზნით:
1. დამტკიცდეს „დებულება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ“ დანართის თანახმად, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სამინისტროსთან და წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციაში გასატარებლად.
2. დაევალოს ადგილობრივ საბაჟო ორგანოთა ხელმძღვანელებს მკაცრად დაიცვან დებულებით განსაზღვრული წესები.
3. დებულებით განსაზღვრული წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის პირველ მოადგილეს ბატონ ვ. ფანჯიკიძეს.
საქართველოს ფინანსთა
მინისტრი დ. იაკობიძე
დებულება
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის
შესახებ
ზოგადი დებულებანი
წინამდებარე დებულება შემუშავებულია საბაჟო სისტემის მუშაკთა სტიმულირების, მატერიალური და სოციალური დაცვის პირობების მოწესრიგებისა და სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი სრულყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კოდექსის, „საბაჟო ტარიფის შესახებ“ საქართველოს დეკრეტის, „საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის მოწესრიგებისა და სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 1993 წლის 31 მარტის №14/44 დადგენილების, „საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის სისტემაში საბაჟო პროცედურებისა და გაწეული მომსახურების სახეების და მათზე საბაჟო მოსაკრებლების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 27 აპრილის №333 დადგენილების, „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 11 აპრილის №79 განკარგულების, „მოქალაქეთა მიერ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარზე ნაღდი ვალუტის გატანის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 6 იანვრის №1 ბრძანებულების, „საბაჟო სისტემის მუშაკთა მატერიალური სოციალური დაცვის პირობების მოწესრიგებისა და სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი სრულყოფის მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 6 იანვრის №2 ბრძანებულებისა და „საქართველოს რესპუბლიკაში ფარმაცევტული დარგის შემდგომი განვითარების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის №388 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად.
დებულება შემოსავლის წყაროების და მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით იყოფა ორ ნაწილად:
1. ეკონომიკური სტიმულირების ფონდის შექმნისა და გამოყენების წესი
2. მატერიალური წახალისების ფონდის შექმნისა და გამოყენების წესი
1. ეკონომიკური სტიმულირების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესი
1. ეკონომიკური სტიმულირების ფონდების შექმნა
1.1. საბაჟო ორგანოებში ეკონომიკური სტიმულირების ფონდები იქმნება საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში საბაჟო პროცედურებსა და გაწეულ მომსახურებაზე დადგენილი მოსაკრებლებიდან, აგრეთვე სხვა ბიუჯეტგარეშე შემოსავლებიდან და გამოიყენება საბაჟო სამსახურის მუშაკთა მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის, სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის, სხვა ხარჯების დაფინანსებისათვის.
1.2. ეკონომიკური სტიმულირების ფონდები იქმნება როგორც ადგილობრივ საბაჟო ორგანოებში / ადგილობრივი საბაჟო ორგანოების ეკონომიკური სტიმულირების ფონდები, ისე საბაჟო დეპარტამენტში / ცენტრალიზებული ეკონომიკური სტიმულირების ფონდები/.
1.3. პირველ რიგში, იქმნება საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალიზებული სპეციალური დანიშნულების ფონდი ადგილობრივი საბაჟო ორგანოების ანგარიშზე ჩარიცხული ბიუჯეტგარეშე შემოსავლების 10 პროცენტის საბაჟო დეპარტამენტის ანგარიშზე გადარიცხვის გზით.
1.4. ადგილობრივი საბაჟო ორგანოების ანგარიშზე ჩარიცხული ბიუჯეტგარეშე შემოსავლების დარჩენილი 90 პროცენტის ეკვივალენტური თანხების ხარჯზე საბაჟო დეპარტამენტსა და ადგილობრივ საბაჟო ორგანოებში იქმნება მატერიალური სტიმულირების, სოციალური განვითარების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსების ფონდები.
1.5. საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალიზებული სპეციალური დანიშნულების ფონდში გადარიცხვის შემდეგ ადგილობრივი საბაჟო ორგანოების ანგარიშზე დარჩენილი თანხის 50% წარიმართება საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალიზებული ეკონომიკური სტიმულირების ფონდების შესაქმნელად, ხოლო 50% რჩება ადგილობრივი საბაჟო ორგანოების განკარგულებაში მათი ეკონომიკური სტიმულირების ფონდების შესაქმნელად.
1.6. ადგილობრივი საბაჟო ორგანოების ეკონომიკური სტიმულირების ფონდებში გადასარიცხი თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ამ საბაჟო ორგანოს მიერ საბიუჯეტო და ბიუჯეტგარეშე შემოსავლების პროგნოზულ დავალებათა შესრულების დონის შესაბამისად. ამასთან, საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზულ დავალებათა ყოველი პროცენტული პუნქტით გადაჭარბებისათვის ადგილობრივი საბაჟო ორგანოების ეკონომიკური სტიმულირების ფონდებში გადასარიცხი თანხა იზრდება 3%-ით, ხოლო ბიუჯეტგარეშე შემოსავლების პროგნოზულ დავალებათა ყოველი პროცენტული პუნქტის გადაჭარბებისათვის 2%-ით.
საბაჟო შემოსავლებისა და ბიუჯეტგარეშე შემოსავლების პროგნოზულ დავალებათა შეუსრულებლობის ყოველი პროცენტისათვის ადგილობრივი საბაჟო ორგანოების ეკონომიკური სტიმულირების ფონდებში გადასარიცხი თანხა მცირდება იმავე ოდენობით.
1.7. საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალიზებული ეკონომიკური სტიმულირების ფონდებისა / ცენტრალიზებული სპეციალიზებული დანიშნულების ფონდის გამოკლებით, რომელსაც შექმნის განსხვავებული წესი აქვს, რაც ამ თავის 1.3 პუნქტითაა განსაზღვრული და ადგილობრივი საბაჟო ორგანოების ეკონომიკური სტიმულირების ფონდების შექმნისათვის განკუთვნილი თანხები ცალკეული ფონდების მიხედვით ასე ნაწილდება: მატერიალური სტიმულირების ფონდის შესაქმნელად წარიმართება აღნიშნული თანხების 45%, სოციალური განვითარების ფონდში 20%, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების ფონდში - 30%, გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსების ფონდში - 5%.
1.8. ეკონომიკური სტიმულირების ფონდებში გადასარიცხი თანხა იანგარიშება ყოველთვიურად, საბაჟო ორგანოების ანგარიშზე შემოსული თანხების ფაქტობრივი მოცულობის შესაბამისად.
1.9. ანგარიშგება საბაჟო ორგანოებში ეკონომიკური სტიმულირების ფონდების შექმნისა და გამოყენების შესახებ კეთდება ყოველთვიურად.
1.10. ადგილობრივი საბაჟო ორგანოები მათ ანგარიშზე ფაქტობრივად შემოსული ბიუჯეტგარეშე შემოსავლების კუთვნილ თანხას იტოვებენ თავის განკარგულებაში ამ თავის 1.5 და 1.6 პუნქტებში ჩამოყალიბებული წესის შესაბამისად, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის კუთვნილ თანხებს ჩარიცხვისთანავე დაუყოვნებლივ გადარიცხავენ საბაჟო დეპარტამენტის ანგარიშზე ცენტრალიზებული ეკონომიკური სტიმულირების ფონდების შესაქმნელად.
1.11. წლის განმავლობაში ეკონომიკური სტიმულირების ფონდების გამოუყენებელი ნაწილი გადადის მომდევნო წელში და ბიუჯეტში ამოღებას არ ექვემდებარება.
2. ეკონომიკური სტიმულირების ფონდების გამოყენება
2.1. საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალიზებული სპეციალური დანიშნულების ფონდის სახსრები გამოიყენება საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზულ დავალებათა შესრულებისათვის საბაჟო სამსახურის მუშაკთა პრემირებაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებისათვის, არანორმირებული რეჟიმით მუშაობისათვის, სანიმუშო საშემსრულებლო დისციპლინისა და სხვა მაჩვენებლებისათვის.
საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ფონდის სახსრები გაიხარჯება უშუალოდ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის შეხედულებისამებრ.
2.2. მატერიალური სტიმულირების ფონდი გამოიყენება საბაჟო სამსახურის მუშაკთა (როგორც საბიუჯეტო დაფინანსებაზე, ისე ბიუჯეტგარეშე დაფინანსებაზე მყოფთა) მატერიალური დახმარების, პრემიის ან დანამატების სახით.
მატერიალური სტიმულირების ფონდის თანხების განაწილება მოხდეს ყოველთვიურად საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული წესით, ხოლო საანგარიშო თვის დამთავრების შემდეგ ფონდის გაუხარჯავი (ნაშთად დარჩენილი) თანხები გადადის მომდევნო თვეში და იხარჯება მიზნობრიბად.
2.3. სოციალური განვითარების ფონდის სახსრები გამოიყენება საბაჟო ორგანოების მუშაკთა, სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, სახელდობრ, საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში საბაჟო ორგანოების წილობრივი მონაწილეობის დასაფინანსებლად, ახალგაზრდული და მრავალშვილიანი ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის, კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, საბაჟო ორგანოების მუშაკთა ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების გასაწევად, მათთვის სანატორიუმების, პანსიონატების და დასასვენებელი სახლების საგზურების შესაძენად, კულტღონისძიებათა, მივლინებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების დასაფინანსებლად, საქველმოქმედო ღონისძიებების ჩასატარებლად, სოციალური სახის სხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად.
2.4. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების ფონდის სახსრები გამოიყენება შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და რეკონსტრუქციისათვის, რადიო-ელექტრონული საშუალებების, ვიდეოტექნიკის, ელექტრონულ-გამომთვლელი მოწყობილობის, ორგტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების და სპეციალური აღჭურვილობის შესაძენად, საბაჟო სისტემის კომპიუტერიზაციის დასანერგად და ყველა იმ ტექნიკური საშუალებების შესაძენად და დასანერგად, რაც გააუმჯობესებს საბაჟო კონტროლს და უზრუნველყოფს საბაჟო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.
2.5. გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსების ფონდი გამოიყენება მოულოდნელად წამოჭრილი ხარჯების დასაფინანსებლად.
2.6. ადგილობრივი საბაჟო ორგანოები ეკონომიკური სტიმულირების ფონდების განაწილებას და გამოყენებას ახორციელებენ საბაჟო დეპარტამენტის თანხმობით, მათ მიერ წარმოდგენილი და საბაჟო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვების საფუძველზე.
2. მატერიალური წახალისების ფონდის შექმნისა და გამოყენების წესი
1. მატერიალური წახალისების ფონდის შექმნა
1.1. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მუშაკთა მატერიალური წახალისების ფონდი იქმნება საბაჟო ორგანოების მუშაკთა მიერ ჩატარებული შემოწმებების შედეგად ფინანსური სანქციებისა და ჯარიმების სახით დარიცხული, აგრეთვე კონტრაბანდული კონფისკაციაქმნილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული და საბაჟო ორგანოების ანგარიშზე ჩარიცხული სახსრების ხარჯზე.
საბაჟო დეპარტამენტის სისტემის მუშაკთა მატერიალური წახალისების ფონდში ჩაირიცხება:
- ფინანსური სანქციებისა და ჯარიმების სახით დარიცხული საურავის 30%;
- კონტრაბანდის სახით გატანილი (კონფისკაციაქმნილი) ვალუტის 20%;
- კონტრაბანდული (კონფისკაციაქმნილი) ფარმაცევტული საქონლის ღირებულების 40%;
- კონტრაბანდული (კონფისკაციაქმნილი, გარდა ფარმაცევტული) საქონლის ღირებულების 25%.
თანხების დარჩენილი ნაწილი გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
1.2. საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მუშაკთა მიერ ჩატარებული შემოწმების დროს გამოვლენილ დარღვევებზე 1.1 პუნქტში მოყვანილი პროცენტული განაკვეთებით დარიცხული თანხები მოვალის (ორგანიზაცია, იურიდიული ან ფიზიკური პირი) მიერ მთლიანად გადაირიცხება საბაჟო დეპარტამენტის მიმდინარე ანგარიშზე დარიცხვის დღიდან 10 დღის განმავლობაში.
1.3. ადგილობრივი საბაჟო ორგანოების მუშაკების მიერ შემოწმებით 1.1 პუნქტში მოყვანილი პროცენტული ოდენობით დარიცხული მთლიანი თანხა ჩაირიცხება ამომღები საბაჟოს ანგარიშზე, საიდანაც თანხის 60% მიემართება ადგილობრივი საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალურ წახალისებაზე, ხოლო დარჩენილი 40% ჩარიცხვიდან 5 დღის ვადაში გადაირიცხება საბაჟო დეპარტამენტის ანგარიშზე, მატერიალური წახალისების ცენტრალურ ფონდში, რის შესახებაც საბაჟო დეპარტამენტს წარედგინება შესაბამისი ცნობა.
1.4. თუ შემოწმება ჩატარდა საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ადგილობრივი საბაჟო ორგანოების მუშაკთა მიერ ერთობლივად, 1.1. პუნქტში მოყვანილი პროცენტული განაკვეთებით დარიცხული თანხა ნაწილდება თანაბრად, დარიცხული მთლიანი თანხა ჩაირიცხება ადგილობრივ საბაჟო ორგანოს ანგარიშზე, რის შემდეგაც ნახევარი (50%) ჩარიცხვიდან 5 დღის ვადაში გადაირიცხება საბაჟო დეპარტამენტის ანგარიშზე, მატერიალური წახალისების ცენტრალურ ფონდში. აღნიშნულის შესახებ საბაჟო დეპარტამენტს წარედგინება შესაბამისი ცნობა.
1.5. თუ შემოწმება ჩატარდა საბაჟო ორგანოებისა და სხვა უწყებების მიერ ერთობლივად, 1.1 პუნქტში მოყვანილი პროცენტული განაკვეთებით დარიცხული თანხა მათ შორის ნაწილდება თანაბრად, დარიცხული მთლიანი თანხა ჩაირიცხება ადგილობრივი საბაჟოს ანგარიშზე, რის შემდეგაც ამ უწყებათა წილი თანხა ჩარიცხვიდან 5 დღის ვადაში გადაირიცხება შესაბამისი უწყებების ანგარიშზე.
1.6. საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატსა და ადგილობრივ საბაჟო ორგანოებში, ხელმძღვანელის ბრძანებით, მატერიალური წახალისების ფონდის შექმნისა და განაწილებისათვის, შესაბამისი საბაჟო ორგანოს თანამშრომლებისაგან იქმნება მატერიალური წახალისების ფონდის გამანაწილებელი კომისიები.
1.7. ადგილობრივი საბაჟო ორგანოს მატერიალური წახალისების ფონდის გამანაწილებელი კომისია ყოველი საანგარიშო თვის 15 რიცხვში შესაბამისი მასალების საფუძველზე განიხილავს შემოწმებით დარიცხული და საბაჟოს დეპარტამენტის მატერიალური წახალისების ფონდში ჩარიცხული თანხების სისწორეს და განხილვიდან 5 დღის განმავლობაში საბაჟო დეპარტამენტში წარადგენს ცნობას სახელმწიფო ბიუჯეტში და საბაჟო დეპარტამენტში თანხების გადარიცხვის შესახებ (საბანკო დაწესებულებების მიერ დამოწმებული საგადასახადო დავალების ასლებს).
1.8. საბაჟო დეპარტამენტის მატერიალური წახალისების ფონდის გამანაწილებელი კომისია თანხების ჩარიცხვის შესაბამისად ყოველი თვის ბოლოს განიხილავს საბაჟო დეპარტამენტის მატერიალური წახალისების ფონდში ადგილობრივი საბაჟო ორგანოს (1.7 პუნქტში მოყვანილი დოკუმენტების მიხედვით) და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დარიცხული და ფაქტიურად ჩარიცხული თანხების სისწორეს (შემოწმების აქტის, მოხსენებითი ბარათის, საგადასახადო დავალების ასლების და სხვა დოკუმენტების მიხედვით), ანაწილებს მას, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმით.
1.9. საბაჟო ორგანოების მატერიალური წახალისების ფონდში თანხის ჩარიცხვა დასაშვებია ბიუჯეტისათვის გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვის შემდეგ (ან ერთდროულად), რაც დადასტურებული უნდა იქნეს ბანკის მიერ დამოწმებული საგადასახადო დავალების ასლით, აგრეთვე კონტრაბანდული კონფისკაციაქმნილი საქონლის რეალიზაციით ამონაგები თანხიდან ბიუჯეტის კუთვნილი თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.
1.10. ადგილობრივი საბაჟო ორგანოების თანამშრომლებზე მატერიალური წახალისების თანხების გაცემა საბაჟო დეპარტამენტისათვის კუთვნილი თანხების გადარიცხვის შემდეგ. საბაჟო დეპარტამენტის თანხების გადარიცხვამდე მატერიალური წახალისების თანხების გაცემა დაუშვებელია.
1.11. ადგილობრივი საბაჟო ორგანოების ხელმძღვანელები მკაცრად აკონტროლებენ მატერიალური წახალისების ფონდის ჩამოყალიბების სისწორეს და საბაჟო დეპარტამენტში შესაბამისი დაზუსტებული მონაცემების წარდგენის თავისდროულობას. ამ საქმეში დამრღვევის მიმართ გამოიყენება წინამდებარე დებულების 3.2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები.
1.12. მატერიალური წახალისების ფონდში თანხების ჩარიცხვის და განაწილების სისწორე დგინდება მეთოდური შემოწმებისა და დოკუმენტური რევიზიის პროცესში.
2. მატერიალური წახალისების ფონდის გამოყენება
2.1. მატერიალური წახალისების ფონდი შესაბამისი კომისიის ოქმის და საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე ნაწილდება შემდეგი წესით:
მატერიალური წახალისების ფონდის - 10% მიემართება შესაბამისი საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი მუშაკების (საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე და მოადგილეები, საბაჟოს უფროსი და მოადგილეები) პრემირებაზე, 10%-იმ მუშაკების პრემირებაზე, რომლებიც უშულოდ მონაწილეობდნენ შემოწმებაში, 25%-იმ სასამრთლოს, განყოფილების (სამმართველოების, განყოფილებების) მუშაკების პრემირებაზე, რომელთა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ შემოწმებაში, ხოლო 55%- შესაბამისი საბაჟო ორგანოს დანარჩენი მუშაკების მატერიალურ წახალისებაზე.
2.2. საბაჟო დეპარტამენტის ანგარიშზე მატერიალური წახალისების ფონდში ადგილობრივი საბაჟო ორგანოების მიერ 1.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობებით ჩარიცხული თანხები (40%) ნაწილდება მუშაკების თანამდებობრივი განაკვეთების პროპორციულად.
2.3. საბაჟო ორგანოებში 1.4 და 1.5 პუნქტებით გათვალისწინებული წესით განაწილების შემდეგ დარჩენილი თანხების 10% მიიმართება უშუალოდ თანხების გამომვლენი მუშაკების წახალისებაზე, ხოლო დარჩენილი (40%) ნაწილდება ყველა მუშაკზე მათი თანამდებობრივი განაკვეთების პროპორციულად.
2.4. მატერიალური წახალისების ფონდის შექმნასა და განაწილებაში ჩაირთვება მხოლოდ ის თანხები, რომლებიც უკვე ჩარიცხულია მოცემული საბაჟო ორგანოს ანგარიშზე.
2.5. საბაჟო ორგანოების მიერ თანხების არასწორად დარიცხვის ან მონაცემების არასწორად წარდგენის ფაქტის დადგენის შემთხვევაში მათ ანგარიშზე ჩარიცხული თანხები ექვემდებარება შესაბამის ანგარიშებზე უკან დაბრუნებას.
თანხის არასწორად დარიცხვის ფაქტის დაფიქსირების მომენტისათვის მატერიალური წახალისების ფონდში სახსრების უქონლობის შემთხვევაში, აღნიშნული თანხების აღდგენა უნდა მოხდეს მომდევნო პერიოდში მატერიალური წახალისების ფონდში ჩარიცხული თანხების ხარჯზე.
2.6. არასწორად დარიცხული და საბაჟო ორგანოს ანგარიშზე უკანონოდ ჩარიცხული თანხები ჩაითვლება საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევად, ხოლო არასწორად ამოღებული თანხების დაუბრუნებლობის შემთხვევაში დამნაშავე პირებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.7. მატერიალური წახალისების ფონდის თანხები გაიცემა მოცემულ საბაჟო ორგანოში მუშაკის სამუშაოზე მიღებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ.
2.8. საბაჟო ორგანოების ყოფილი მუშაკები ან მათი მემკვიდრენი ინარჩუნებენ მათი მუშაობის პერიოდში დარიცხული თანხების მიღების უფლებას.
2.9. მოცემული დებულების გამოყენებასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავა განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.10. საბაჟო ორგანოების მატერიალური წახალისების ფონდში ჩარიცხული თანხის გამოუყენებელი ნაშთი წლის ბოლოს ბიუჯეტში ამოღებას არ ექვემდებარება და მომდევნო წელს გამოიყენება ამ დებულებით გათვალისწინებული წესის მიხედვით.
3. საბაჟო ორგანოების მუშაკთა დეპრემირება
3.1. საბაჟო ორგანოების მუშაკებს მატერიალური წახალისების თანხა უმცირდებათ შემდეგ შემთხვევებში:
ა/ სახელმწიფო ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე შემოსავლების პროგნოზულ დავალებათა შეუსრულებლობისათვის;
ბ/ დებიტორულ დავალიანებათა სალიკვიდაციოდ გაწეული არასაკმარისი მუშაობისათვის;
გ/ დაწესებული ანგარიშგებისა და სათანადო ინფორმაციების ზემდგომ ორგანოებში არათავისდროული და უხარისხოდ წარდგენისათვის, ასევე სხვა დავალებების შეუსრულებლობისათვის;
დ/ საბიუჯეტო და საბაჟო დეპარტამენტის ანგარიშებზე თანხების არათავისდროული გადარიცხვისათვის;
ე/ დისციპლინური სასჯელისათვის.
3.2. საბაჟო ორგანოების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ 3.1 პუნქტში მოყვანილი დარღვევის ხასიათისა და ხარისხის შესაბამისად თავისი შეხედულებისამებრ მუშაკებს შეუმცირონ მატერიალური წახალისების კუთვნილი თანხის ოდენობა.
3.3. შემცირებული ან გაუქმებული მატერიალური წახალისების თანხები გადანაწილდება შესაბამისი საბაჟო ორგანოს დანარჩენ თანამშრომლებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დ. იაკობიძე
„-----“ -----------“ 1996 წ.
შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მინისტრი
თ. გაზდელიანი
„4“ ივნისი 1996 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მოადგილე-საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე
თ. აბულაძე
„-----“ -----------“ 1996 წ.