საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 13.03.1998
ძალის დაკარგვა 17.11.2006
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).003.000202 108
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 13/03/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება N66
1998 წლის13 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს თანდართული დებულება და ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული დებულება გაატაროს რეგისტრაციაში კანონით დადგენილი წესით.
მინისტრი მ. ჭკუასელი
საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას და სტრუქტურას, უფლებამოსილებებს, საქმიანობის პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს.
თავი I.
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველო
საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველო (შემდგომში - „სამმართველო”) არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური ორგანო, რომელიც შედის საქართველოს საგადასახადო ინსპექციის სისტემაში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლს.
მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები
1. სამმართველოს ამოცანებია:
ა) საგადასახადო სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა, მათი თავიდან აცილება და აღკვეთა; ამ ფუნქციის განხორციელების პროცესში გამოვლენილი სხვა სახის დანაშაულზე სამმართველო ვალდებულია აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის უსაფრთხოება და მათი მუშაკების დაცვა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
გ) გააკონტროლოს კანონის ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულება საგადასახადო ორგანოების საქმიანობისას;
მუხლი 3🔗. სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები და ეს დებულება.
მუხლი 4🔗. სამმართველოს საქმიანობის პრინციპები
1. სამმართველოს საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ადამიანის და მოქალაქის უფლებების და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;
2. სამმართველოს თანამშრომლებს ეკრძალებათ პროფესიულ მოვალეობათა შესრულება იმ გადამხდელის მიმართ:
ა) რომელთანაც თანამშრომელი ნათესაურ კავშირშია;
ბ) რომლის მიმართაც ამ თანამშრომელს ან მის ნათესავს აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი.
მუხლი 5🔗. საჯაროობა სამმართველოს საქმიანობაში
სამმართველო თავის საქმიანობის შესახებ საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსის მეშვეობით ინფორმაციას აწვდის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს.
სამმართველოს ეკრძალება გაახმაუროს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს გადასახადების გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი მონაცემები, მოკვლევის მასალები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და წესისა.
მუხლი 6🔗. სამმართველოს ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან
სამმართველო მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და მოქალაქეებთან, მონაწილეობს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.
თავი II.
სამმართველოს სტრუქტურა და ორგანიზაცია
მუხლი 7🔗. სამმართველოს სტრუქტურა და ორგანიზაცია
1. სამმართველო ფუნქციონირებს ცენტრალიზებული წესით, იგი აერთიანებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების შესაბამის სამსახურებს, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან სამმართველოს ცენტრალურ აპარატს.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსი, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
3. სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსი, სამმართველოს უფროსის წარდგინებით.
4. სამმართველო მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საგადასახადო ინსპექციის უფროსის წინაშე.
5. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
6. სამმართველოს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბითა და წარწერით „საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველო”.
7. სამმართველოს ცენტრალური აპარატის იურიდიული მისამართია:
ქ. თბილისი, პ. იაშვილის ქ. №4.
8. სამმართველოს რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, თანაშემწე საგანგებო დავალებათა საკითხებში.
2. სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსის შესაბამისი ბრძანებით. სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას სამმართველოს უფროსის არყოფნისას.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) კანონით დადგენილი წესით ხელმძღვანელობას და ორგანიზებას უწევს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარმოადგენს სამმართველოს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.
უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების და სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების მეშვეობით წყვეტს სამმართველოს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებებით განსაზღვრულ საკითხებს;
გ) შეიმუშავებს და საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსს წარუდგენს დასამტკიცებლად წინადადებებს სამმართველოს საშტატო რიცხოვნობის, დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;
დ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ ანგარიშგებას სამმართველოს მიერ გამოვლენილი და აღმოფხვრილი დანაშაულის, ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შედეგების შესახებ, ორგანიზებას უწევს მუშაობის პრაქტიკის განზოგადებასა და სრულყოფას, აგრეთვე მოწინავე გამოცდილების გავრცელებასა და პრაქტიკაში დანერგვას;
ე) განსაზღვრავს სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციურ მოვალეობებს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს სამმართველოს თანამშრომლის წახალისებისა და მის მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენების საკითხებს;
ზ) ანიჭებს რიგითი შემადგენლობის წოდებებს;
თ) საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მიღება-განთავისუფლებასა და უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
ი) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს, ღებულობს გადაწყვეტილებას საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III
სამმართველოს უფლება-მოვალეობანი
მუხლი 9🔗. სამმართველოს მოვალეობანი
სამმართველოს მის წინაშე მდგომი ამოცანების შესასრულებლად ევალება:
ა) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აწარმოოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა და მოკვლევა საგადასახადო სფეროში დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, პოლიციის ამ უფლებით აღჭურვილ ორგანოებთან ერთად განახორციელოს იმ პირის ძებნა, რომელიც ემალება მოკვლევას, წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს;
ბ) გამოავლინოს და აღკვეთოს სამართალდარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადის გადაუხდელობასთან ან ჩადენილია მოგების (შემოსავლის) დამალვის ან შემცირებისა და სხვა დასაბეგრი ობიექტების დამალვის მიზნით, გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება, აგრეთვე სხვა სამართალდარღვევები, რის შედეგადაც ზარალი ადგება სახელმწიფოს გადასახადების გადაუხდელობისა ან/და არასრულად გადახდის გამო;
გ) გამოავლინოს გადასახადებისაგან თავის ამრიდებელი ფიზიკური და იურიდიული პირები;
დ) კანონით განსაზღვრული წესით მიიღოს, რეგისტრაციაში გაატაროს და განიხილოს საგადასახადო სფეროში დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ან მზადების თაობაზე შემოსული განცხადებები, შეტყობინებები და სხვა ინფორმაციები;
ე) შეასრულოს მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შესახებ, დახმარება აღმოუჩინოს მათ ცალკეული პროცესუალური მოქმედებების წარმოებისას;
ვ) განიხილოს საგადასახადო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო აქტებით მის გამგებლობას განეკუთვნება;
ზ) უზრუნველყოს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის უსაფრთხოება სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მათი მუშაკების დაცვა;
თ) აწარმოოს სავალუტო ოპერაციების კონტროლი შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით;
ი) აწარმოოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება და შეიტანოს შესაბამისი წინადადებები საგადასახადო სამართალდარღვევათა გამომწვევი მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად;
მუხლი 10🔗. სამმართველოს უფლებები
სამმართველოს აქვს შემდეგი უფლებები:
ა) ჩაატაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და მოკვლევა გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების, დამალული ან შემცირებული შემოსავლების საქმეებზე;
ბ) ისარგებლოს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას საგადასახადო ორგანოებისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით;
გ) შეამოწმოს იურიდიული პირებისა (განსაკუთრებული რეჟიმით მომუშავე იურიდიულ პირთა ჩათვლით) და ფიზიკური პირების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადებისა და ბიუჯეტში სხვა გადასახდელების გაანგარიშებისა თუ გადახდის სხვა დოკუმენტები; მიიღოს თანამდებობის პირებისა და საწარმოს სხვა თანამშრომლებისაგან, აგრეთვე მოქალაქეებისაგან წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები აღნიშნული შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დაუბრკოლებლად შევიდეს შენობაში, რომელიც დაკავებული აქვთ იურიდიულ და კერძო პირებს ეკონომიკური საქმიანობისათვის, დაათვალიეროს და გამოიკვლიოს საწარმოთა და მეწარმე - ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, გადაიღოს ნებისმიერი დოკუმენტის ასლი, ამოიღოს დოკუმენტი ან სხვა მასალა, რომელსაც კავშირი აქვს კანონიერ მიზანთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრასთან, დააყენოს მრიცხველები ან აიღოს მათი მაჩვენებლები, დალუქოს სალაროები, დოკუმენტების, ფულისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შენახვის ადგილები და ნაგებობები, ჩაატაროს დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვროს დასაბეგრი ობიექტის ოდენობა;
ე) მისცეს საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებსა და სხვა თანამდებობის პირებს სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებები საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრის შესახებ და გააკონტროლოს მათი შესრულება;
ვ) იმ საწარმოთა, ორგანიზაციათა, თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა მიმართ, რომლებმაც დაარღვიეს საგადასახადო კანონმდებლობა, გამოიყენოს საგადასახადო სანქციები საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით და ჯარიმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) ამოიღოს დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადი, ფინანსური სანქციის სახით დაკისრებული ჯარიმა და საურავი, აგრეთვე ადმინისტრაციული ჯარიმა საწარმოებისაგან, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისაგან;
თ) კანონით დადგენილ შემთხვევებში შეადგინოს ოქმები საწარმოთა, თანამდებობის პირთა ან მოქალაქეთა მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე და გამოიტანოს დადგენილება ფინანსური სანქციებისა და ადმინისტრაციული სახდელების შესახებ;
ი) დასაბეგრი ობიექტის სრულად განსაზღვრის მიზნით განახორციელოს სავაჭრო და სხვა საწარმოებში, აგრეთვე ინდივიდუალურ მეწარმეთაგან, საქონლის (პროდუქციის) საკონტროლო შესყიდვა.
კ) სამსახურებრივი მიზნებისათვის მიიღოს მონაცემები, ცნობები, აგრეთვე დოკუმენტები სამეწარმეო საქმიანობის, შესამოწმებელი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების მდგომარეობისა და ოპერაციების შესახებ ბანკებიდან და სხვა საკრედიტო დაწესებულებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) შეამოწმოს მოქალაქისა და თანამდებობის პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთები, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები მის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ;
მ) მის წარმოებაში არსებული საქმის ან მასალებთან დაკავშირებით გამოიძახოს მოქალაქე, ჩამოართვას ახსნა-განმარტება, მოსთხოვოს საჭირო ცნობები და დოკუმენტები;
ნ) საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად გაფორმებული აქტების საკონტროლო გადამოწმება;
ო) ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებები სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოში, საწარმოში, საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ან თანამდებობის პირთან განსახილველად სავალდებულო წარდგინება საგადასახადო სფეროში დანაშაულის და სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად.
თავი IV
სამმართველოს ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობა
მუხლი 11🔗. სამმართველოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები და პრინციპები
1. საგადასახადო სფეროში დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის, თავიდან აცილების, დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებელი ფაქტობრივი მონაცემების მოპოვების მიზნით სამმართველო ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას ეწევა კანონით დადგენილი წესითა და მეთოდებით.
2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა სხვა გზით შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანათა შესრულება.
3. ამ ამოცანათა გადასაწყვეტად სამმართველოს მიერ გამოიყენება:
ა) მოქალაქეთა გამოკითხვა;
ბ) ცნობების შეკრება და ვიზუალური კონტროლი;
გ) საკონტროლო შესყიდვა, საგნების და დოკუმენტების გამოკვლევა;
დ) მოსამართლის სანქციით ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ფარული კინო და ფოტოგადაღება, კავშირგაბმულობის ტექნიკური არხიდან ინფორმაციის მიღება;
ე) მოქალაქის ნებაყოფლობითი დახმარება.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოქმედებების ჩამონათვალი ამომწურავია.
5. აკრძალულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება, რომელიც:
ა) საფრთხეს უქმნის ადამიანის და მოქალაქის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას;
ბ) საფრთხეს უქმნის იურიდიული პირის უფლებებს;
გ) დაკავშირებულია მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან დანაშაულის ან სხვა სახის სამართალდარღვევის ჩასადენად.
6. სამმართველოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
თავი V
სამმართველოს საჯარო მოსამსახურე
მუხლი 12🔗. სამმართველოს თანამშრომელი
1. სამმართველოს სტრუქტურაში სახელმწიფო მოხელედ ან შტატგარეშე სახელმწიფო მოსამსახურედ მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკური ან სპეციალური განათლება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
2. სამმართველოს მუშაკებს ენიჭებათ სპეციალური წოდებები, რომელთა ჩამონათვალი და მინიჭების წესი განისაზღვრები მოქმედი კანონმდებლობით.
3. სამმართველოს სახელმწიფო მოსამსახურეთათვის კანონმდებლობით დადგენილია ერთიანი ფორმის ტანსაცმელი.
4. სამმართველოს თანამშრომლებს მათი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევათ სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და სპეციალური ჟეტონი.
5. სამმართველოს მუშაკის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან, სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა.
6. სამმართველოს მუშაკს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის.
მუხლი 13🔗. სამმართველოს მუშაკის ფიცი
სამმართველოს მუშაკი სამმართველოს სტრუქტურაში სამუშაოდ გამწესებისას საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსის წინაშე დებს ფიცს.
მუხლი 14🔗. სამმართველოში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესი
სამმართველოში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესი რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით.
თავი VI.
სამმართველოს თანამშრომლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა
მუხლი 15🔗. სამმართველოს თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა
1. სამმართველოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისა და თანამდებობის პირისათვის.
2. სამმართველოს თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების ხელშეუხებლობას, ქონებას, პატივსა და ღირსებას იცავს კანონი.
3. სამმართველოს თანამშრომლის შეურაცხყოფა, მისი ღირსების შელახვა, წინააღმდეგობა, ძალადობა, მისი სიცოცხლის ხელყოფა ან სხვა ქმედობა, რომელიც ხელს უშლის სამმართველოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, ისჯება კანონით.
მუხლი 16🔗. სამმართველოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამმართველოს თანამშრომელი ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს, აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას სამმართველოს თანამშრომელი ხელმძღვანელობს კანონით.
2. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სამმართველოს თანამშრომელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
მუხლი 17🔗. სამმართველოს მუშაკის უფლება სასამართლო დაცვაზე
სამმართველოს მუშაკს უფლება აქვს საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.
მუხლი 18🔗. სამმართველოს თანამშრომლის პასუხისმგებლობა
1. სამმართველოს თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამმართველოს თანამშრომლის არაკანონიერი ქმედების შედეგად გადასახადის გადამხდელისათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 19🔗. სამმართველოს თანამშრომელთა სოციალური დაცვა
1. სამმართველოს თანამშრომლებზე ვრცელდება პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომლებიც განსაზღვრულია „პოლიციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონით.
2. სამმართველოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება „შინაგან საქმეთა რიგითი და ხელმძღვანელი შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
თავი VII.
სამმართველოს საქმიანობაზე კონტროლი და ზედამხედველობა
მუხლი 20🔗. სამმართველოს საქმიანობის კონტროლი
სამმართველოს საქმიანობას აკონტროლებენ საკანონმდებლო და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 21🔗. სამმართველოს საქმიანობაში კანონიერების დაცვისადმი ზედამხედველობა
სამმართველოს საქმიანობაში მოკვლევის კანონიერებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.