თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება N2/692-22

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/692-22
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქმე N2/692-22

330210322005394343

საქართველოს სახელით

2024 წლის  8 ივლისი

თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს  სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  ზაალ მარუაშვილი

განმცხადებელი – უზრუნველყოფილი კრედიტორი, სს „პაშა ბანკი საქართველო“

წარმომადგენელი – დავით ჯოჯიშვილი

 

რეაბილიტაციის რეჟიმში მართვაში მყოფი მოვალე – სს „სინერჯი კაპიტალი“

წარმომადგენელი პაპუნა ტოლიაშვილი

მოთხოვნა – მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენით გამოარკვია:

გადახდისუუნარობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით, სს „სინერჯი კაპიტალის“განცხადება ცნობილი იქნა დასაშვებად. სს „სინერჯი კაპიტალის“ მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. რეაბილიტაციის რეჟიმში მმართველად დატოვებულ იქნა მოვალე, სს „სინერჯი კაპიტალი“ (ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი –დირექტორი, პაპუნა ტოლიაშვილი). რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – გიორგი ხუნდაძე.

2022 წლის 11 აპრილს რეაბილიტაციის მმართველმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა რეაბილიტაციის გეგმის პროექტის წარსდგენის ვადის 1 თვით გაგრძელება.

რეაბილიტაციის მმართველის განცხადება დაკმაყოფილდა და სს „სინერჯი კაპიტალს“ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის წარსადგენად, 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით, გაუგრძელდა ვადა, ამ განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე – www.ecourt.ge) გამოქვეყნებიდან 1 თვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა სს „სინერჯი კაპიტალის“ რეაბილიტაციის გეგმა, სადაც კრედიტორთა დაკმაყოფილების საბოლოო თარიღად განისაზღვრა 2026 წლის 31 მარტი.

2024 წლის 26 აპრილს უზრუნველყოფილმა კრედიტორმა, სს „პაშა ბანკი საქართველომ“ წარმოადგინა განცხადება მოვალის მიერ რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის გამო, მის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ მოცემულ საქმეზე 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დამტკიცებულ იქნა რეაბილიტაციის გეგმა, რომლის მიხედვით 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოვალეს კრედიტორებისათვის უნდა გადაეხადა 439 710.00 ლარი. მოვალემ არ შეასრულა 2023 წლის მიმდინარე ვალდებულების 100%, ხოლო ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა აღემატება 15 სამუშაო დღეს.

განცხადებასთან დაკავშირებით, 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით მოვალეს განესაზღვრა 5 დღე მოსაზრების წარმოსადგენად.

2024 წლის 20 მაისის წერილობით მოსაზრებებში სს „სინერჯი კაპიტალის“ წარმომადგენელი, პაპუნა ტოლიაშვილი არ დაეთანხმაგაკოტრების რეჟიმის გახსნას და მიუთითა, რომ სამი თვის განმავლობაში წარმოადგენდა რეაბილიტაციის განახლებულ გეგმას, რომელიც დაფუძნებული არ იქნებოდა აქტივების ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის გადაწყვეტილებაზე.

განცხადების, საქმეში არსებული მტკიცებულებების, 2024 წლის 13 მაისისა და 5 ივნისის სასამართლო სხდომებზე მხარეთა ახსნა-განმარტებების განხილვა-გაანალიზების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „სინერჯი კაპიტალის“ მიმართ უნდა გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია სასამართლოში შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით. რეაბილიტაციის გეგმის დარღვევად არ მიიჩნევა რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული პირობების უმნიშვნელო დარღვევა. პირობების დარღვევა უმნიშვნელოდ მიიჩნევა, თუ ის მთლიანი მიმდინარე შესასრულებელი ვალდებულების 20 პროცენტს არ აღემატება, ხოლო მისი შესრულების ვადის გადაცილება − 15 სამუშაო დღეს, ან თუ ვადის გადაცილება არ აღემატება 7 სამუშაო დღეს, მიუხედავად დავალიანების თანხის ოდენობისა.სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად მოვალეს უგზავნის და მას მოსაზრებების წერილობით წარმოსადგენად განუსაზღვრავს არანაკლებ 4 დღისა და არაუმეტეს 7 დღის ვადას, რომელიც აითვლება მოვალისთვის გზავნილის ჩაბარების მომენტიდან.სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მოვალესა და კრედიტორებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი სხდომაზე გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. თუ სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, ის გამოიტანს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ და დანიშნავს გაკოტრების მმართველს.

განსახილველ შემთხვევაში განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ დასაბუთებულია, საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება და რეაილიტაციის რეჟიმში მართვაში მყოფი მოვალეც ადასტურებს, რომ ადგილი აქვს რეაბილიტაციის გეგმის მნიშვნელოვან დარღვევას, შესაბამისად, სახეზეა მოვალე სს „სინერჯი კაპიტალის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის სამართლებრივი წინაპირობები.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-19 მუხლით, 50-ე მუხლის პირველი პუნქტით, 91-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით, 96-ე, 99-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

 დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „სინერჯი კაპიტალის“ (ს.ნ.405265797) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

2. სს„სინერჯი კაპიტალის“ (ს.ნ.405265797) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – სოფიო მაჭავარიანი (პ.ნ. 01010002298, ტელ.: 591 90 60 40; მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74; ელფოსტა – Sopho.machavariani@lb.ge), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას. 

5. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.

7. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

8. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.

9. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ბ) აწარმოოს დავები;

გ) განახორციელოს შეცილება;

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;

ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება;

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

10. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

11. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.

12. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში – www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმისგახსნისთაობაზეგანჩინების გამოტანის შესახებ).

13. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე                                                           ზაალ მარუაშვილი