ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კრავიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჩივარი N 32970/12
მარინე კრავიშვილი
საქართველოს წინააღმდეგ
კარლო რანზონი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
მარია ელოსეგუი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,
გაითვალისწინა რა:
საჩივარი (N 32970/12) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2012 წლის 17 მაისს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ ქ-ნმა მარინე კრავიშვილმა (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1957 წელს, მცხოვრები ბათუმში;
გადაწყვეტილება ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ, კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის შესაბამისად და გამოცხადდეს საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად;
მხარეთა მოსაზრებები;
განხილვის შედეგად, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
საქმის არსი
1. ეს იმავე ტიპის საქმეა, როგორც საქმე Eka Mikeladze and Others v. Georgia ([Committee], nos. 29385/11, 19372/12, 29533/13 და 73699/13, 2021 წლის 25 ნოემბერი). საქმე შეტანილია კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის შესაბამისად და ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მომჩივნის საკუთრების უფლების სავარაუდო უკანონო ჩამორთმევას.
2. კერძოდ, 2009 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურმა 2502 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ მწვანე კონცხში (ხელვაჩაურის რაიონი) მიაკუთვნა მომჩივანს კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ შესაბამისად. მომჩივანს მიეცა ქონებრივი ხასიათის ცნობა, რომლის საფუძველზეც მან თავის სახელზე დაარეგისტრირა შესაბამისი ნაკვეთი.
3. 2010 წლის 7 ოქტომბერს ბათუმის მერიამ გაასაჩივრა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. ისინი აცხადებდნენ, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც მომჩივანს მიეკუთვნა, წარმოადგენდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ნაწილს და ამიტომ მომჩივნის ქონებრივი უფლება უკანონო იყო.
4. 2011 წლის 10 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გააუქმა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საკუთრებაზე მომჩივნის ქონებრივი უფლება. სასამართლომ დაასკვნა, რომ თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებდა მომჩივნის ქონებრივ უფლებას, უკანონო გახდა, რადგან მომჩივანმა ვერ წარმოადგინა მისი მოთხოვნის გამამყარებელი მტკიცებულება, რომ ის კანონიერად სარგებლობდა შესაბამისი ნაკვეთით.
5. ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა 2011 წლის 29 ივნისს. 2011 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის მიერ სამართლის ნორმებზე დაყრდნობით შეტანილი საჩივარი როგორც მიუღებელი.
6. სასამართლოს წინაშე მომჩივანი ჩიოდა, რომ ქონებრივი უფლების ჩამორთმევა იყო 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევა.
სასამართლოს შეფასება
7. შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკა შეჯამებულია საქმეში Eka Mikeladze and Others v. Georgia ([Committee], nos. 29385/11, 19372/12, 29533/13 და 73699/13, §§ 30-34, 2021 წლის 25 ნოემბერი).
8. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში წარუმატებლობის გამო, მომჩივანს უნდა დაეწყოთ კომპენსაციის საქმისწარმოება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. 2021 წლის 26 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში მათ დაამატეს, რომ მომჩივანს ხელმისაწვდომი ჰქონდა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ადმინისტრაციული წარმოების სახით, რითაც მან არ ისარგებლა. მომჩივანმა განაცხადა, რომ მას ამოუწურეს მის ხელთ არსებული სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალება და, რომ კომპენსაციის თაობაზე საქმის წარმოება უშედეგო იქნებოდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებული ყოფილიყო, თუ გავითვალისწინებთ ეროვნული სასამართლოების დასკვნას, რომ მისი ქონებრივი უფლების აღიარება თავიდანვე უკანონო იყო.
9. სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ, განიხილოს მთავრობის პრეტენზია ვერამოწურვის თაობაზე, ვინაიდან მომჩივნის საჩივარი კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია შემდეგი მიზეზის გამო.
10. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა გააუქმეს მომჩივნის ქონებრივი უფლების რეგისტრაცია განსახილველ მიწის ნაკვეთზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60(1) მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, რომელიც ცალსახად ითვალისწინებს, რომ „უფლებების მინიჭების“ დელეგირებული კანონმდებლობა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ის არსებითად არღვევს სახელმწიფოს, საზოგადოების ან სხვათა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს აქვს „კანონიერი ნდობა“ ამგვარი კანონმდებლობის მიმართ. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც მომჩივანს ქონებრივი უფლება ჩამორთმევა, არღვევდა კონვენციის 1ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის კანონიერების მოთხოვნას (იხ. საქმე Turex Ltd v. Georgia (dec.) [Committee], no. 22398/10, § 33, 2019 წლის 26 თებერვალი; იხ. აგრეთვე საქმე Eka Mikeladze and Others, ციტირებული ზემოთ, § 53). გარდა ამისა, მომჩივნის ქონებრივი უფლების გაუქმება მიზნად ისახავდა ხელისუფლების ორგანოების მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორებას, რაც იყო კანონის აშკარა მიზანი. სასამართლო აღიარებს, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“ და ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად (იხ. იქვე, § 54).
11. რაც შეეხება გასაჩივრებული ჩარევის თანაზომიერებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა იმოქმედეს დროულად, სათანადოდ და თანმიმდევრულად. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრემ არ უნდა განიცადოს სახელმწიფო ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის უარყოფითი შედეგები, კომპენსაციის ან სხვა სახის ანაზღაურების გარეშე (იხ. საქმე Tomina and Others v. Russia, nos. 20578/08 და 19 სხვა, § 39, 2016 წლის 1 დეკემბერი), სასამართლოს არ შეუძლია, არ აღნიშნოს, რომ განსახილველი მიწის ნაკვეთის ქონებრივი უფლება თავდაპირველად მომჩივანს მიენიჭა ფულადი ღირებულების გარეშე. გარდა ამისა, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა ცალსახად მოუწოდეს მომჩივანს, წარმოედგინა მტკიცებულება მისი ქონებრივი უფლების გასამყარებლად, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ასეთ გარემოებებში, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მომჩივანს 2009 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებამდე არ ჰქონდა ქონებრივი უფლება საკუთრებაზე.
12. აღნიშნავს რა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დეტალურად განიხილეს მომჩივნის ძირითადი არგუმენტები და უარყვეს ისინი თანმიმდევრულად და დასაბუთებულად (შეუპირისპირეთ საქმე Eka Mikeladze and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 57-58) და იმეორებს რა, რომ მას აქვს მხოლოდ შეზღუდული უფლებამოსილება, შეისწავლოს ეროვნული სასამართლოების მიერ ჩადენილი ფაქტობრივი ან კანონთან დაკავშირებული სავარაუდო შეცდომები (იხ., მაგ., საქმე Čadek and Others v. the Czech Republic, nos. 31933/08 და 9 სხვა, § 52, 2012 წლის 22 ნოემბერი), სასამართლო მიიჩნევს, რომ არაფერი ამ საქმის მასალებში არ მიუთითებს წინამდებარე საქმეში კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევაზე. ამრიგად, საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად
აცხადებს საჩივარს მიუღებლად.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2024 წლის 7 მაისს.
|
მარტინა კელერი სექციის განმწესრიგებლის მოადგილე |
კარლო რანზონი თავმჯდომარე
|