საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე, ავტოსადგომებსა და ვაგზლებზე, სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილებში სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო დანიშნულების საგნების არაორდინალურ პირობებში რეალიზაციის აღკვეთის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ერთობლივი ბრძანება № 388/ო–№ 558
1997 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
კანონის შესაბამისად გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ გრძელდება სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო დანიშნულების საგნების რეალიზაცია ულიცენზიო სააფთიაქო ჯიხურებსა და მაღაზიებიდან, უფრო მეტიც: იმატა ქვეყნის მასშტაბით ბაზრებსა და ბაზრობებზე, მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ყოვლად შეუფერებელ პირობებში წალამთვაჭრობამ, თავისი სავალალო შედეგებით; გახშირდა უსერტიფიკატო, საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი, უხარისხო, ფალსიფიცირებული, ვადაგასული და გაუვარგისებული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტები.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების არაორდინალურ პირობებში, ბაზრობებსა და ბაზრებიდან შესაძლო გადინების საკითხი.
მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის, არაორდინალურ პირობებში მედიკამენტების რეალიზაციის, ულიცენზიო სააფთიაქო დაწესებულებების ფუნქციონირების აღკვეთის მიზნით
ვბრძანებთ:
1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით, ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად:
1.1. ჩაატარონ ერთობლივი ღონისძიებები ქვეყანაში ულიცენზიო და არაორდინალურ პირობებში წამალთვაჭრობის ფაქტების გამოსავლენად;
1.2. გამოიყენონ მათზე მინიჭებული, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი უფლებები ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებული უკანონო მეწარმეთა ფუნქციონირების დაუყოვნებლივ აღკვეთის მიზნით.
1.3. 1997 წლის 20 სექტემბრიდან უზრუნველყონ ერთობლივი შემოწმების ჩატარება ქვეყნის მასშტაბით, რისთვისაც შექმნან სათანადო კომისიები, კომპეტენტური შემადგენლობით.
2. კომისიებმა მასალები ჩატარებული სამუშაოების შესახებ წარმოადგინონ მ/წ ოქტომბრამდე, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების გაერთიანებული კოლეგიის სხდომაზე განსახილველად.
3. კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს ქვეყნის მოსახლეობას მასობრივი ინფორმაციის – პრესისა და ტელევიზიის საშუალებით.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ჯანმრთელობის საქართველოს შინაგან
დაცვის მინისტრი საქმეთა მინისტრი
ა. ჯორბენაძე კ. თარგამაძე