საქართველოში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზირების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.01.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
ნომერი №03
სარეგისტრაციო კოდი 000000140.01(2).000.000195 1
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 23/01/1997
1,443 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზირების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №03 1997 წლის 17 იანვარი ქ. თბილისი საქართველოში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზირების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 16 მარტის №221 ბრძანებულების შესასრულებლად ვბრძანებ; 1. დამტიცდეს „საქართველოში არქტიტექტურულ-სამშენებლო სახელმწიფო ლიცენზირების დებულება“. 2. დაევალოს სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზირების ცენტრის დირექტორის ბ-ნ თ. ბოკერიას ერთი კვირის ვადაში ცენტრის დებულება სათანაო მასალებით წარადგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციაში გასატარებლად. მინისტრი     მ. ჩხენკელი  დებულება საქართველოში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზირების შესახებ 1. ზოგადი დებულებანი 1.1. საქართველოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზირება შემოღებულია საპროექტო-საძიებო, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, კონსტრუქციათა ნაკეთობათა და საშენ მასალათა წარმოების მონაწილე სუბიექტთა მიერ შექმნილი პროდუქციის ხარისხი და კონკურნტუნარიანობის ასამაღლებლად, ამ პროდუქციის მომხმარებელთა ინტერესებისა და უფლებების დასაცავად. 1.2. ეს დებულება განსაზღვრავს სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ორგანიზაციათა და საწარმოთა ლიცენზირების სახელმწიფო სისტემის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, ლიცენზირების ცენტრის ფუნქციებს. 1.3. ლიცენზია არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის მონაწილე სუბიექტს აძლევს უფლებას ეწეოდეს საქმიანობას ლიცენზიით განსაზღვრულ სახეობებში. ლიცენზია გაიცემა 3 წლამდე ვადით. 1.4. ლიცენზირების სუბიექტია ყველა იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე, საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაცია, საწარმო, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, აგრეთვე უცხოეთის საწარმოები და ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას სამშენებლო დარგში ან აპირებს მის დაწყებას საქართველოს ტერიტორიაზე. სხვა ქვეყნებში გაცემული ლიცენზიები საქართველოს ტერიტორიაზე არ მოქმედებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მათი მოქმედება შეიძლება დაშვებულ იქნას სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე, სათანადო რეგისტრაციის გატარების შემდეგ. 2. ლიცენზირების სახელმწიფო სისტემა: 2.1.მშენებლობის დარგში ლიცენზირების სახელმწიფო ორგანოს ფუნქციები დაკისრებული აქვს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს. 2.2. საქართველოში მშენებლობის სალიცენზიო საქმიანობისათვის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შექმნილია სახელმწიფო ლიცენზირების ცენტრი, რომლის მიერ გაცემული და რეგისტრირებული ლიცენზიები მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 2.3. ლიცენზიები მოქმედებ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 2.3. ლიცენზირების ცენტრის ფუნქციებია: გასცეს ლიცენზიები, შეაჩეროს მათი მოქმედება ან გააუქმოს ისინი და გადაწყვიტოს მათთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, გასწიოს კონსულტაციები, შეიმუშაოს ლიცენზირებისათვის საჭირო მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტები, გაატაროს რეგისტრაციაში ლიცენზირებული ორგანიზაციები და საწარმოები, აღრიცხოს ისინი, პერიოდულად გამოაქვეყნოს მათი სია, შექმნას მონაცემთა ბანკი. უხელმძღვანელოს ლიცენზირების რეგიონალურ ქვედანაყოფებს, რომლებიც დახმარებას უწევენ ადგილობრივ ორგანიზაციებსა და საწარმოებს ლიცენზიის მისაღებად საჭირო მასალების მომზადებასა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში. 2.4. ლიცენზირების ცენტრი განსაზღვრავს საფასურის გადახდის წესსა და ოდენობას, რომელსაც ამტკიცებს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, რის შემდეგ ცენტრი გაატარებს მას რეგისტრაციაში დადგენილი წესით. 2.5. ლიცენზირების ცენტრი ქმნის საექსპორტო კომისიას, რომელიც აძლევს სათანადო შეფასებას ლიცენზიანტის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესაძლებლობას. საექსპორტო კომისიის დასკვნა განსახილველად წარეგინება სალიცენზიო საბჭოს, რომელიც იღებს დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ. 2.6. პირები, რომლებიც ახორციელებენ სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.7. ლიცენზიის გადაცემა სხვა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის აკრძალულია და ისჯება მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.8. საწარმოს ან ორგანიზაციის ლიკვიდაციის (მათ შორის ინდივიდუალური საწარმოს) ან ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალების შემთხვევაში გაცემული ლიცენზია კარგავს იურიდიულ ძალას. 2.9.საწარმოთა და ორგანიზაციათა რეორგანიზაციის, სახელწოდების შეცვლის, ინდივიდუალური მეწარმის საპასპორტო მონაცემების, ცვლილებების, ლიცენზიის დაკარგვის შემთხვევაში ლიცენზიანტი ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში შეიტანოს განცხადება ლიცენზიის გადაფორმების შესახებ. ლიცენზიის გადაფორმების პერიოდში ლიცენზიანტი ეწევა საქმიანობას ადრე მიღებული ლიცენზიის საფუძველზე, ლიცენზიის დაკარგვის შემთხვევაში კი დროებითი ნებართვის საფუძველზე. 2.10. ლიცენზიის მოქმედები შეჩერების ან გაუქმების სადავო საკითხებს განიხილავს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო ან სასამართლო.  დანართი №1 საქართველოში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზირების ჩატარების წესი 1. ლიცენზირების ორგანიზაცია და შეფასების კრიტერიუმები 1.1. ლიცენზიის მისაღებად საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციებმა და საწარმოებმა ლიცენზირების ცენტრში დადგენილი ფორმით უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები და მასალები: - განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს რომ ლიცენზიანტი გაეცნო საქართველოში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების დებულებასა და ჩატარების წესს; - განმცხადებული სალიცენზიო სამუშაოთა სახეები; - ორგანიზაციის წესდება (დადასტურებული ასლი); - ცნობა-ინფორმაცია სალიცენზიო სუბიექტზე; - ცნობები სპეციალისტების კვალიფიკაციის შესახებ; - ინფორმაცია ტექნიკური ბაზის მდგომარეობის შესახებ; - ინფორმაცია ხარისხის კონტროლის შიგასაწარმოო სისტემის შესახებ; - დამკვეთთა დასკვნები ადრე შესრულებული სამუშაოების ხარისხის შესახებ; - სალიცენზიო გადასაადის ქვითარი; 1.2. ორგანიზაციები და საწარმოები, რომელთაც სურთ ლიცენზიის მიღება, აგრეთვე ის ორგანიზაციები და საწარმოები, რომლებიც გასცემენ დასკვნებს და შუამდგომლობენ ლიცენზიის გაცემის თაობაზე, პასუხს აგებენ წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 1.3. გადაწყვეტილება ლიცენზიების გაცემის შესახებ მიიღება ლიცენზირების ცენტრის საბჭოს მიერ საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე. რეგიონებში ლიცენზიის მისაღებად საჭირო მასალების მომზადება ხორციელდება ლიცენზირების ცენტრის რეგიონალური წარმომადგენლის მიერ. 1.4. ლიცენზირების ცენტრში გადაწყვეტილება ლიცენზიების გაცემაზე მიიღება განცხადებისა და თანდართული საჭირო დოკუმენტების შემოსავლიდან ერთი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ექსპერტიზა, გადაწყვეტილება მიიღება არაუგვიანეს ორი თვისა, განცხადებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების შემოსვლის დღიდან. 1.5. ლიცენზიები გაიცემა  3 წლამდე ვადით. 1.6. ახლადშექმნილ ორგანიზაციებს ან ინდივიდუალურ მეწარმეებს შეიძლება მიეცეთ დროებითი ლიცენზია 12 თვის ვადით. 1.7. ლიცენზიის გადაფორმების პერიოდში ლიცენზიანტი ეწევა საქმიანობას ადრე მიღებული ლიცენზიის საფუძველზე. 1.8. ცენტრის მიერ ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს: - განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არასწორი ან დამახინჯებული ინფორმაციის არსებობა; - არსებული საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეუსაბამობა სამუშაოთა მოთხოვნილ სახეობასთან; - არასათაანადო კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტება; - წესდებით გაუთვალისწინებელ სამუშაოებზე ლიცენზიის მოთხოვნა. 1.9. ლიცენზიის გადაცემა სხვა პირებზე აკრძალულია. 1.10. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ განმცხადებლის მიერ მისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის შემდეგ. 2. ლიცენზიის მოქმედების შეჩერები ან გაუქმების წესი 2.1. საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზიის მოქმედების შეჩერები ან გაუქმების უფლება ეძლევა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებულ ლიცენზირების ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოთა ცალკეული ან ყველა სახეობის შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების შესახებ. 2.2. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების საკითხის საფუძველია არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის ორგანოთა წარმომადგენლის წერილობითი წარდგინება. 2.3. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება იმ შემთხვევებში, როცა არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია დაადგენს, რომ: - საპროექტო, საინჟინრო-საძიებო, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა შესრულების, სამშენებლო მასალათა, კონსტრუქციათა და ნაკეთობათა წარმოების დროს ირღვევა მომქმედი სტანდარტები, ნორმატიულ-ტექნიკური პირობები და მშენებლობი წესები და ნორმები; - სამშენებლო-სამონტაჟო სამუშოები სრულდება საპროექტო დოკუმენტაციის დარღვევით; - არქიტექტურის, ქალაქთმშენებლობის, მშენებლობისა და სამშენებლო პროდუქციის წარმოების სფეროში ირღვევა დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესი; - მისი ორგანოები აჩერებენ სამშენებლო პროდუქიის გამოშვებას, როცა დგინდება უხარისხო პროდუქციის გამოშვება ორ ან მეტ ტექნოლოგიურ ხაზზე, ან როცა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები სრულდება უხარისხოდ ორ ან მეტ ობიექტზე, ან არაერთგზის ერთ ობიექტზე; - ლიცენზიის მიღების შემდეგ უარესდება ის მონაცემები, რომელთა საფუძველზე გაცემულია ლიცენზია. 2.4. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფვრამდე. 2.5. ლიცენზიის გაუქმება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც: - ლიცენზირებული სუბიექტის ბრალით მოხდა ობიექტის ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის ნგრევა; - სამჯერ შეჩერდა ლიცენზიის მოქმედება; - არ შესრულდა მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ; - დადგინდა, რომ ლიცენზირების ცენტრში წარმოდგენილია ყალბი დოკუმენტაცია; - საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში მოხდა ორგანიზაციის გაყოფა ან გამოყოფა, ორგანიზაციის საწარმოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. 2.6. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში მისი ხელახალი გაცემა ხდება დადგენილი წესით ერთი წლის შემდეგ. 2.7. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების საკითხს განიხილავს ლიცენზირების ცენტრი ლიცენზირებული სუბიექტის წარმომდაგენლის თანდასწრებით, რომელსაც ეგზავნება ოფიციალური მოწვევა საკითხის განსახილველად და რომლის გამოუცხადებლობა სხდომაზე არ იქნება განცხადების განხილვის გადატანის საფუძველი. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ეცნობება ლიცენზირებულ სუბიექტს 10 დღეში. 2.8. ლიცენზირების ორგანოს მიერ გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შესახებ უნდა გატარდეს რეგისტრაციაში და გამოქვეყნდეს ოპერატიულად. 2.9. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების სადავო საკითხებს განიხილავს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო ან სასამართლო. დანართი №2 დანართი №3 სამშენებლო საქმიანობის სახეების კლასიფიკატორი 1. საინჟინრო საძიებო სამუშაოები: 1.1. საინჟინრო-გეოდეზიური ძიება 1.2. საინჟინრო-გეოლოგიური ძიება 1.3. საინჟინრო-ჰიდრომეტეოროლოგიური გამოკვლევები* 1.4.. მელიორაციული, სატყეო-ტექნიკური და ტორფტექნიკური გამოკვლევები* 1.5. საინჟინრო-ეკოლოგიური გამოკვლევები* 1.6. სამუშაოთა ხარისხის კონტროლი 2. საპროექტო სამუშაოები 2.1. ქალაქგეგმარება 2.2. შენობა-ნაგებობების და მათი კომპლექსების არქიტექტურული დაგეგმარება 2.3. არქიტექტურულ-გაფორმებითი სამუშაოები 2.4. სამშენებლო გეგმარება და კონსტრუირება 2.5. საინჟინრო ქსელებისა და სისტემების გეგმარება 2.6. პროექტის სპეციალური ნაწილების დამუშავება 2.7. ტექნოლოგიური გეგმარება (მეურნეობის სხვადასხვა დარგების ობიექტები და ნაგებობები)* 2.8. საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზა 2.9. გენერალური დამპროექტებლის ფუნქციების შესრულება 3. საშენი მასალების, კონსტრუქციებისა და ნაკეთობათა წარმოება 3.1. საშენი მასალების წარმოება 3.1.1. შემკვრელების წარმოება 3.1.3. თბოსაიზოლაციო მასალების წარმოება; 3.1.4. პოლიმერული სამშენებლო მასალების და ნაკეთობების  წარმოება; 3.1.5. კერამიკული მასალების  წარმოება; 3.1.6. საკედლე მასალების  წარმოება; 3.1.7. საშემდუღებლო მასალების  წარმოება; 3.2. სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობების  წარმოება; 3.3. ა ცემენტის ნაკეთობათა  წარმოება; 3.4. სახურავი მასალების  წარმოება; 3.5. მინისა და მინის ნაკეთობათა  წარმოება; 3.6. ფოლადისა და ალუმინის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაკეთობების  წარმოება; 3.7. ბეტონისა და ასაწყობი რკინაბეტონის კონსტრუქციების და ნაკეთობების  წარმოება; 3.8. სპეციალური რკინაბეტონის  წარმოება; 3.9. წნევიანი და უდაწნეო რკინაბეტონის მილების წარმოება 3.10. სასქონლო ბეტონისა და დუღაბის  წარმოება; 3.11. ასფალტის  წარმოება; 3.12. ხის კონსტრუქციებისა და ნაკეთობების წარმოება 3.13. ინვენტარის, აღჭურვილობის, ლითონფორმების და ყალიბების  წარმოება; 3.14. სავენტილაციო, სანიტარულ-ტექნიკური, ელექტროსამონტაჟო ნაკეთობებისა და ნამზადების  წარმოება 3.15. პროდუქციის ხარისხის კონტროლი IV. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები 4.1. მოსამზადებელი სამუშაოები 4.2. მიწის სამუშაოები 4.3. სპეციალური სამუშაოები გრუნტებში* 4.4. შენობა-ნაგებობების მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების აგება 4.5. გარე საინჟინრო ქსელებისა და დანადგარების მოწყობის სამუშაოები 4.6. შიდა საინჟინრო სისტემების მოწყობის სამუშაოები 4.7. კონსტრუქციებისა და მოწყობილობების დაცვითი სამუშაოები 4.8. კონსტრუქციებისა და მოწყობილობების მოპირკეთების სამუშაოები 4.9. გზის მშენებლობის სამუშაოები 4.10. ტერიტორიების კეთილმოწყობის სამუშაოები 4.11. ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი* 4.12. გასაშვებ-გამმართავი სამუშაოები* 4.13. სამუშაოთა ხარისხის კონტროლი 4.14. შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა 4.15. ჰიდროტექნიკური და წყალსამეურნეო მელიორაციული მშენებლობა 4.16. სატრანსპორტო მშენებლობა 4.17.   გენერალური მოიჯარადრის ფუნქციების შესრულება V. საინჟინრო მომსახურება: შენიშვნები: 1. სამშენებლო საქმიანობის ჩამონათვალი წარმოადგენს სამაგალითოს იგი სწორდება მუშაობის პროცესში. ლიცენზიანტს შეუძლია მოითხოვოს ლიცენზია სამშენებლო საქმიანობის იმ სახეებშიც, რომლებიც არ მოხვდნენ ამ ჩამონათვალში. 2. *აღნიშნავს იმ სახეებს, რომლებზეც ლიცენზიის მისაღებად საჭიროა სპეციალიზირებული ორგანიზაციის ნებართვა. დანართი 4 საქართველოში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზირების ღირებულების შესახებ  1.ლიცენზიის ღირებულება (ერთიდან სამ სახეობამდე) - უცხოური ფირმებისა და იურიდიულ პირთათვის        - 6000 ამერ.დ - ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საწარმოებისათვის, რომლებიც ანგარიშსწორებას აწარმოებენ ეროვნული ვალუტით - 600 ლარი ყოველი დამატებითი პოზიციისათვის - უცხოური ფირმებისა და იურიდიულ პირთათვის  - 1000 ამერ.დ - ადგილობრივი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის - 150 ლარი ლიცენზიის ღირებულება შეიძლება დაზუსტდეს ინფლაციის შესაბამისად. ლიცენზიის ცენტრის დირექტორი                                                                   თ.ბოკერია