ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მგელაძე საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
მეხუთე სექციის
გადაწყვეტილება
საქმე „მგელაძე საქართველოს წინააღმდეგ“
(საჩივარი N 35413/19)
2024 წლის 16 მაისი
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „მგელაძე საქართველოს წინააღმდეგ“
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“ (მეხუთე სექცია), შემდეგი შემადგენლობით:
სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,
გაითვალისწინა რა:
საჩივარი (N 35413/19) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2019 წლის 29 ივნისს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ, ბ-ნმა არჩილ მგელაძემ (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1973 წელს, მცხოვრები თბილისში, რომელსაც წარმოადგენდა ბ-ნი ბ ქარცივაძე, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში;
გადაწყვეტილება საჩივრის შესახებ ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბატონი ბ. ძამაშვილი;
მხარეთა მოსაზრებები;
2024 წლის 18 აპრილის დახურული თათბირის შემდეგ
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
საქმის არსი
1. საჩივარი კონვენციის მე-6(1) მუხლის ფარგლებში ეხება სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობას, რომლის დროსაც მომჩივანს ბრალი წაუყენეს გაფლანგვისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის (დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 210-ე მუხლების შესაბამისად).
2. 2012 წლის 23 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სამშენებლო კომპანია „რუსთაველის“ თანხების სავარაუდო მითვისების ფაქტზე. 2014 წლის 25 თებერვალს მომჩივანს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ამ გამოძიებასთან დაკავშირებით, ხოლო 2014 წლის 26 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრძანა მისი გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ, რომელიც განისაზღვრა 200 000 ლარით. გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო წესით დაადასტურა. 2014 წლის 24 მარტს მომჩივნის ყველა საბანკო ანგარიში გაიყინა. რამდენიმე წინასასამართლო განხილვის შემდეგ, სასამართლო პროცესი 2014 წლის 20 მაისს დაიწყო და მას თავმჯდომარეობდა მოსამართლე ხ.კ. თითქმის თვრამეტი თვის განმავლობაში ხუთი სხდომის გამართვის შემდეგ, 2016 წლის 4 იანვარს მოსამართლე ხ.კ. გადაყვანილი იქნა სხვა სასამართლოში. იმავე დღეს მომჩივნის საქმე გადაეცა მოსამართლე ი.შ.-ს. მომჩივნის მიერ საქმის წარმოების გაჭიანურების შესახებ რამდენიმე საჩივრის შემდეგ, მოსამართლე ი.შ.-მ განაახლა მომჩივნის საქმის განხილვა 2017 წლის 14 მარტს. 2017 წლის 30 ივნისს მოსამართლე ი.შ. გადაყვანილი იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში. შედეგად, მომჩივნის საქმე გადაეცა ადგილმონაცვლე მოსამართლეს, ლ.გ.-ს, რომელმაც განაგრძო საქმის განხილვა და ჩანიშნა დაახლოებით ჩვიდმეტი მოსმენა ჩვიდმეტი თვის განმავლობაში. ოთხი სხდომა გადაიდო დაცვის მხარის გამოუცხადებლობის გამო, ოთხი – გაუქმდა ბრალდების მხარის გამოუცხადებლობის გამო და კიდევ რამდენიმე ვერ შედგა სხვა მიზეზების გამო.
3. 2019 წლის 15 ივლისს მოსამართლე ლ.გ. სხვა სასამართლოში გადაიყვანეს. 2019 წლის 10 სექტემბერს მომჩივნის საქმე გადაეცა სხვა მოსამართლეს, თ.ბ.-ს, რომელმაც განაახლა საქმის განხილვა 2020 წლის 28 თებერვალს. საქმის წარმოება შემდეგ შეჩერდა COVID-19-ის პანდემიის გამო და სასამართლო პროცესი განახლდა 2020 წლის 29 მაისს. შემდგომი მოსმენები დაინიშნა 2020 წლის 25 ივნისს და 2 და 27 ივლისს. ბოლო სხდომა გადაიდო, რადგანაც საქმე ახალ პროკურორს გადაეცა. 2020 წლის 5 აგვისტოს დაგეგმილი შემდეგი სხდომა დისტანციურად გაიმართა, ხოლო 2020 წლის 25 სექტემბერს ჩანიშნული სხდომა COVID-19-ის პანდემიის გაუარესების გამო გადაიდო. 2020 წლის 6 ოქტომბერს მომჩივანმა მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის წარმოების გადაჭარბებული ხანგრძლივობის გამო, სასამართლო პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით. სხდომა შემდგომში დისტანციურად გაიმართა 2020 წლის 23 ოქტომბერს; 2020 წლის 16 და 26 ნოემბერს დაგეგმილი სხდომები გადაიდო მომჩივნის ადვოკატების არყოფნის გამო, ხოლო 2020 წლის 4 და 22 დეკემბრისა და 2021 წლის 25 იანვრის სხდომები გადაიდო სასამართლოსთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზებით.
4. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ გრძელდება.
სასამართლოს შეფასება
კონვენციის მე-6(1) მუხლის სავარაუდო დარღვევა
A. მისაღებობა
1. მხარეთა არგუმენტები
5. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივანს ხელთ ჰქონდა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება დისციპლინური სამართალწარმოების სახით, რითაც მან არ ისარგებლა. ამასთან დაკავშირებით მათ მიმართეს დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატს, რომელიც შეიქმნა 2017 წელს მოსამართლეების მიმართ დისციპლინური გამოძიების დასაწყებად. კერძოდ, დამოუკიდებელ ინსპექტორს ჰქონდა უფლებამოსილება, განეხილა მოსამართლეების მიმართ საჩივრები, მათ შორის, საქმეების განხილვის გაჭიანურებასთან დაკავშირებით; აგრეთვე, დაეწყო დისციპლინური გამოძიება და წარედგინა თავისი დასკვნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რომელიც აღჭურვილი იყო საბოლოო უფლებამოსილებით, გადაეწყვიტა, წამოეწყო თუ არა დისციპლინური სამართალწარმოება. თავისი წარდგინების გასამყარებლად, მთავრობამ მოიყვანა დისციპლინური საქმის რამდენიმე მაგალითი, რომლებშიც დამოუკიდებელმა ინსპექტორმა დაადგინა, რომ მოსამართლეები გაუმართლებლად აჭიანურებდნენ შესაბამისი საქმეების განხილვას და რეკომენდაცია მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დისციპლინური სამართალწარმოების ჩატარებაზე.
6. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ვინაიდან მომჩივანმა ვერ გადადგა ზემოაღნიშნული ნაბიჯები, საჩივარი უნდა გამოცხადდეს მიუღებლად კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო. მათ ასევე განაცხადეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მომჩივანი არ ყოფილა მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში, ვინაიდან ის არასოდეს ყოფილა წინასწარ პატიმრობაში მთელი საქმისწარმოების განმავლობაში.
7. მომჩივანი არ დაეთანხმა.
2. სასამართლოს შეფასება
8. რაც შეეხება სასამართლო საქმის წარმოების ხანგრძლივობის შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის საშუალებების „ქმედითობას“, სასამართლომ დაადგინა, რომ საუკეთესო გამოსავალი აბსოლუტური თვალსაზრისით, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, უდავოდ არის პრევენცია. მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აკისრებს თავიანთი სასამართლო სისტემების ისე ორგანიზების ვალდებულებას, რომ მათ სასამართლოებს შეეძლოთ დააკმაყოფილონ თითოეული მოთხოვნა, მათ შორის, საქმეების გონივრულ ვადაში განხილვის ვალდებულება. თუ სასამართლო სისტემა ამ მხრივ ხარვეზიანია, ყველაზე ეფექტური გამოსავალია საშუალება საქმისწარმოების დასაჩქარებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტად გაჭიანურება. ასეთ საშუალებას უდავო უპირატესობა აქვს საშუალებასთან შედარებით, რომელიც მხოლოდ კომპენსაციას უზრუნველყოფს, რადგან ის ასევე აღკვეთს შემდგომი დარღვევების დადგენას იმავე საქმისწარმოებების სერიებთან მიმართებით და უბრალოდ არ აღმოფხვრის დარღვევას a posteriori, როგორც ამას აკეთებს საკომპენსაციო საშუალება. ამრიგად, ამ ტიპის საშუალება „ქმედითია“ იმდენად, რამდენადაც ის აჩქარებს შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამავდროულად, სასამართლო საქმისწარმოების დასაჩქარებლად შექმნილი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეიძლება არ იყოს შესაბამისი იმ სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელშიც საქმისწარმოების ხანგრძლივობა უკვე აშკარად გადაჭარბებულია. ასეთ სიტუაციებში დარღვევის სათანადოდ გამოსასწორებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახის, მათ შორის, საკომპენსაციო საშუალებები. გარდა ამისა, სახელმწიფოებს შეუძლიათ გააერთიანონ ორი სახის სამართლებრივი დაცვის საშუალება: ერთი, რომელიც შექმნილია საქმისწარმოების დასაჩქარებლად, და მეორე – კომპენსაციის უზრუნველსაყოფად, თუმცა, მათ ასევე შეიძლება აირჩიონ მხოლოდ საკომპენსაციო საშუალების შემოღება ისე, რომ ასეთი საშუალება არ იქნეს მიჩნეული არაქმედითად (იხ. საქმე Scordino v. Italy (no. 1) [GC], no. 36813/97, §§ 183-87, ECHR 2006‑V, და საქმე Cocchiarella v. Italy [GC], no. 64886/01, §§ 74-78, ECHR 2006‑V; აგრეთვე, საქმე Galea and Pavia v. Malta, nos. 77209/16 და 77225/16, §§ 57-58, 2020 წლის 11 თებერვალი).
9. უბრუნდება რა წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამართლებრივი სისტემა არ ითვალისწინებს არც სპეციალურ პრევენციულ საშუალებას, რომელსაც შეუძლია სამართალწარმოების დაჩქარება, და არც საკომპენსაციო საშუალებას, როგორც ასეთს. ვინაიდან საუბარია დისციპლინურ ზომებზე, წინამდებარე საქმეში მთავრობის მიერ წამოყენებული არგუმენტის იდენტური არგუმენტი მანამდე განხილული და უარყოფილი იქნა სასამართლოს მიერ საქმეში Schrade v. Georgia ([Committee], no. 15016/07, §§ 41-42, 2021 წლის 11 მარტი). როგორც ჩანს, ბოლო დროს დისციპლინური სამართალწარმოების სისტემამ განიცადა ცვლილებები და მოიცვა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ). სასამართლო ვერ ხედავს, თუ როგორ შეიძლება დისციპლინური სამართალწარმოების დამატებითი ეტაპის დამატებამ ქმედითი გახადოს შემოთავაზებული საშუალება ხანგრძლივი სამართალწარმოების საქმეებში. ამ მიმართებით გაურკვეველია, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს დისციპლინური სამართალწარმოების შედეგმა თავდაპირველი წარმოების ხანგრძლივობაზე. წინამდებარე საქმის კონტექსტში სასამართლო აღნიშნავს, რომ დაყოვნება განპირობებული იყო, პირველ რიგში, მომჩივნის საქმის განმხილველი მოსამართლეების განმეორებითმა ჩანაცვლებამ (იხ. პარაგრაფები 2-3 ზემოთ). ამიტომ გაუგებარია, როგორ შეიძლება გამოესწორებინა ეს მდგომარეობა, რომელიც წმინდა ორგანიზაციული ხასიათის იყო, მთავრობის მიერ შემოთავაზებულ დისციპლინურ ზომას, რომელიც ეხება ცალკეული მოსამართლეების ქცევას. სასამართლო ასევე იხსენებს, რომ საშუალებები, რომლებსაც არ გააჩნია ზუსტი ვადები, რაც ქმნის გაურკვევლობას და უარყოფს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელ პუნქტში მოცემულ ოთხთვიან წესს (მანამდე – ექვსთვიანი წესი), არ არის სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები 35-ე მუხლის 1‑ელი პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში (იხ. საქმე Nicholas v. Cyprus, no. 63246/10, § 38, 2018 წლის 9 იანვარი). შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ მთავრობის პროტესტი საშუალებების ამოუწურაობასთან დაკავშირებით, მომჩივნის საჩივართან მიმართებით მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, უარყოფილი უნდა იქნეს.
10. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ მიიღებს მთავრობის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მომჩივანი არ ყოფილა მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში (იხ. საქმე Irodotou v. Cyprus, no. 16783/20, § 62, 2023 წლის 23 მაისი). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და არც მიუღებელია რაიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
B. არსებითი მხარე
11. სასამართლო იმეორებს, რომ საქმისწარმოების ხანგრძლივობის „გონივრულობა“ უნდა შეფასდეს საქმის გარემოებებისა და შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: საქმის სირთულე, მომჩივნისა და შესაბამისი ხელისუფლების ორგანოების ქცევა და რა იდო სასწორზე მომჩივნისთვის დავაში (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Pélissier and Sassi v. France [GC], no. 25444/94, § 67, ECHR 1999‑II, და საქმე Frydlender v. France [GC], no. 30979/96, § 43, ECHR 2000‑VII). ის ასევე აღნიშნავს, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ევალებათ თავიანთი სასამართლო სისტემების ისე ორგანიზება, რომ სასამართლოებს შეეძლოთ „გონივრული ვადის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება მე-6 მუხლის შესაბამისად (იხ. საქმე Lupeni Greek Catholic Parish and Others v. Romania [GC], no. 76943/11, § 142, 2016 წლის 29 ნოემბერი).
12. უბრუნდება რა წინამდებარე საქმის ფაქტებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს სისხლის სამართლის საქმისწარმოება დაიწყო 2014 წლის 25 თებერვალს, როდესაც მომჩივანს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის დანაშაულში და ჯერ კიდევ მიმდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამრიგად, განხილვას დაქვემდებარებული პერიოდი აჭარბებს ათ წელს იურისდიქციის ერთი დონისთვის.
13. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის საქმეს ჰქონდა გარკვეული სირთულე და COVID-19-ის პანდემიამ ასევე ხელი შეუწყო გაჭიანურებას, ეს ელემენტები ვერ ამართლებს ეროვნულ დონეზე საქმისწარმოების საერთო ხანგრძლივობას. აღნიშნავს რა, რომ საქმის განხილვის გაჭიანურება ნაწილობრივ მომჩივნის გამო იყო განპირობებული, განიხილა რა მის წინაშე არსებული ყველა მასალა, სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისი პირველი ინსტანციის სასამართლოს ცუდი შიდა ორგანიზება და მომჩივნის საქმის განმეორებით გადაცემა ერთი მოსამართლიდან მეორეზე იყო მთავარი ფაქტორები, რამაც გამოიწვია ხანგრძლივი საქმისწარმოება. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ მთავრობის მიერ წინამდებარე საქმეში მოყვანილმა არგუმენტებმა შეიძლება გაათავისუფლოს სახელმწიფო თავისი პასუხისმგებლობისგან, იურისდიქციის ერთ დონეზე ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქმისწარმოების საერთო ხანგრძლივობის გამო.
14. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ საქმეში საქმისწარმოების ხანგრძლივობა იყო გადაჭარბებული და არ შეესაბამებოდა „გონივრული ვადის“ მოთხოვნას. შესაბამისად, ადგილი აქვს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
15. მომჩივანს არ წარუდგენია პრეტენზია სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მას არ უნდა მიეკუთვნოს რაიმე თანხა.
ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად
1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას;
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2024 წლის 16 მაისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
მარტინა კელერი სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე