საქართველოს შს მინისტრის 1997 წლის 18 ივნისის №392 ბრძანებით დამტკიცებულ საგზაო მოძრაობის წესების სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №376
1998 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შს მინისტრის 1997 წლის 18 ივნისის №392 ბრძანებით დამტკიცებულ საგზაო მოძრაობის წესების სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანასთან დაკავშირებით, (საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი) მოძრაობის მონაწილეთა შორის დისციპლინის განმტკიცების, საგზაო პოლიციის დანაყოფების ადმინისტრაციულ-იურისდიქციული საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის ავარიულობის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების მიზნით, ვბრძანებ:
1. წინამდებარე ბრძანება გამოიცემა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისისა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონების შესაბამისად და მათ შესასრულებლად.
2. საქართველოს შსს მინისტრის 1997 წლის 18 ივნისის №392 ბრძანებით დამტკიცებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ინსტრუქციაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
I. „2.6. ოქმი არ დგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 127-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, თუ სამართალდამრღვევი პირი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტს და თანახმაა დაკისრებული ჯარიმის თანხა გადაიხადოს ადგილზე.
ამ შემთხვევაში სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე საგზაო პოლიციის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გაიცემა დადგენილი ფორმის საჯარიმო ქვითარი (დანართი 2ა). თუ დამრღვევი უარს აცხადებს დაკისრებული სახდელის ადგილზე გადახდაზე, მის მიმართ შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ჩამოერთმევა მძღოლის მოწმობა და დადგენილება დაჯარიმების შესახებ გაფორმდება ადგილზე, რომლის ასლი მართვის დროებით ნებართვასთან ერთად ჩაბარდება დამრღვევ მძღოლს, ოქმზე ხელის მოწერით და მის ახსნა-განმარტებით თანხის ადგილზე გადაუხდელობის მიზეზის შესახებ. დაკისრებული საჯარიმო სახდელის გადახდა დამრღვევისათვის სავალდებულოა დადგენილების გამოტანიდან 30 დღის განმავლობაში საბანკო დაწესებულებაში.“
II. 2.8. და 2.9. პუნქტები ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„2.8. სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების მძღოლს საქმეზე დადგენილების გამოტანამდე ჩამოერთმევა მძღოლის მოწმობა და მიეცემა სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმში. ერთდროულად დამრღვევს აფრთხილებენ საქმის განხილვის ადგილის, დროის და მისი განხილვაზე გამოცხადების აუცილებლობის შესახებ.“
„2.9. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მძღოლს მოწმობა არ დაუბრუნდება, ხოლო დადგენილების გასაჩივრების (გაპროტესტების) შემთხვევაში მართვის დროებითი ნებართვის მოქმედება გაგრძელდება საჩივარზე (პროტესტზე) გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადით.“
III. ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს 2.10., 2.11., 2.12. და 2.13. პუნქტები, ხოლო ინსტრუქციის მე-2 თავში შესაბამისად მოხდეს მუხლების ნუმერაციის თანმიმდევრულად შეცვლა.
IV. 3 .9. პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები:
„სატრანსპორტო საშუალება ან.“
V. 3.17. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.17. იმ პირის მიმართ, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავს სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ან სხვისი, ან შენიღბული, ან სხვაგვარად შეცვლილი, ან საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნებით, აგრეთვე თუ ეს სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის დადგენილი წესით, დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მძღოლს საქმის გარკვევამდე ჩამოერთმევა მძღოლის მოწმობა და მიეცემა მართვის დროებითი ნებართვა.“
თუ სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის დადგენილი წესით, მართვის დროებითი ნებართვის მოქმედების ვადა დარღვევის ჩადენის ადგილზე მცხოვრები პირებისათვის შეიზღუდება 5 დღემდე.
VI. 2.0.2. პუნქტებში სიტყვა „სამი“ შეიცვალოს სიტყვით „ექვსი“.
3. ბრძანება გაეცნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ პირად შემადგენლობას.
4. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე