„პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 1 მარტის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება №36 |
|
2024 წლის 1 ნოემბერი ქ. თბილისი |
ა) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. საქმის წარმოების პროცესში მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენებისა და ჩაბარების წესი
1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას სამსახურის შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, აგრეთვე გამოიყენოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა და მართვის ერთიანი ან/და მონაცემთა დამუშავების ავტომატური საშუალებები, ასევე ელექტრონული ფოსტა ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებები.
2. საქმის წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები (მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება და საქმესთან დაკავშირებული სხვა გზავნილი) მხარეს, დაინტერესებულ პირსა და მესამე პირს, აგრეთვე, მათ წარმომადგენელს ეგზავნებათ ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, კურიერის უფლებამოსილებით აღჭურვილი სამსახურის თანამშრომლის მეშვეობით, ტელეფონით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების ისეთი განსხვავებული ფორმით, რაც გზავნილის მიღების დადასტურების საშუალებას იძლევა.
3. გზავნილი მხარისთვის, დაინტერესებული პირისა და მესამე პირისთვის, აგრეთვე, მათი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების ადრესატისათვის ჩაბარება დასტურდება:
ა) მატერიალური ფორმით გზავნილის შემთხვევაში – ჩაბარების დასტურით;
ბ) ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა ფორმის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით შეტყობინების მიღების დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის/კომუნიკაციის შესახებ შედგენილი აქტით/ჩანაწერით.
4. დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია ასევე სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, ადრესატისათვის ხელზე გადაცემის გზით, რასაც იგი ადასტურებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში გენერირებული რეესტრის ფურცელზე ხელის მოწერით. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი აღნიშვნა კეთდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე უბრუნდება სამსახურის თანამშრომელს.
5. სამსახურის თანამშრომელი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს და რომელ მისამართზე გააგზავნოს იგი.
6. გზავნილი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის/წარმომადგენლის მიერ მიღებისთანავე, თუ აღნიშნული დასტურდება შესაბამისი წესით (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით (შეტყობინების მიღების დადასტურებით), ჩაბარების დასტურით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით).
7. მატერიალური გზავნილი ადრესატს/წარმომადგენელს ბარდება მის მიერ მითითებულ მისამართზე. თუ ადრესატი არ იმყოფება აღნიშნულ მისამართზე, შეტყობინება ბარდება მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან ქმედუნარიან წევრს. ამ შემთხვევაში, ჩაბარება აღინიშნება შეტყობინებაზე მიმღების ხელმოწერით. მისამართის მიუთითებლობის შემთხვევაში, ადრესატს/ წარმომადგენელს მატერიალური გზავნილი ბარდება რეგისტრაციის/იურიდიულ მისამართზე.
8.თუ მატერიალური სახით პირველად გაგზავნისას დოკუმენტების ადრესატისთვის/წარმომადგენლისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი შესაბამის პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც, იმავე ან სამსახურისთვის ცნობილ სხვა მისამართზე ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სხვა საშუალების გამოყენებით, სამსახურში მოქმედი საქმისწარმოების წესის შესაბამისად.
9. მატერიალური გზავნილი ჩაბარებულად ითვლება, თუ ადრესატი უარს აცხადებს მის მიღებაზე ან თავს არიდებს გზავნილის მიღებას. ასეთ შემთხვევაში გზავნილის მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზისა და თარიღის მითითებით და კორესპონდენცია ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება უკუგზავნილში მითითებული თარიღიდან.
10. საქმის წარმოების პროცესში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოყენება/ჩაბარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ბ) 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 43. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებისა და ამ წესით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესი და პირობები
1. საქმის წარმოების შედეგად მიღებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოტანილია ეს გადაწყვეტილება, მისი ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში. სამსახურის უფროსის სხვა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში, მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ წესით გათვალისწინებული, სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სამსახურში ან სასამართლოში, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მხარისათვის ჩაბარებიდან, ხოლო ამ წესის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – განცხადების განუხილველად დატოვებიდან 1 თვის ვადაში, სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო სამსახურში გასაჩივრების შემთხვევაში - ამ მუხლით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურში წარდგენილი საჩივარი უნდა შეიცავდეს:
ა) სამსახურის დასახელებას;
ბ) საჩივრის ავტორის და მისი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელს, გვარს, პირად ნომერს, ფაქტობრივ მისამართს (სადაც შესაძლებელი იქნება კორესპონდენციის ჩაბარება) ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართს (თუ განმცხადებელს სურს კორესპონდენციის გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით), ტელეფონის ნომერს ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას. წარმომადგენლის მეშვეობით მომართვის შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ განმცხადებლის ან წარმომადგენლის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენა;
გ) იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც საჩივრდება;
დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებს;
ე) გარემოებებს, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
ვ) მოთხოვნას;
ზ) საჩივრის წარდგენის თარიღს;
თ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენელის ხელმოწერას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) საჩივრის ავტორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საჩივარი ელექტრონულად ხელმოწერილია ან/და შტამპდასმულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლის წარმოდგენა შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო;
კ) წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს, საჩივრის ავტორისა და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების/პასპორტების ასლებს, ხოლო თუ საჩივარი ელექტრონულად ხელმოწერილია ან/და შტამპდასმულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის წარმოდგენა არ არის სავალდებულო;
ლ) მტკიცებულებების ჩამონათვალს და საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. საჩივრის რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, იურიდიული დეპარტამენტი შეისწავლის წარმოდგენილი საჩივრის ამ მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობას და თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, ზემოაღნიშნულ ვადაში, საჩივრის ავტორს წერილობით მიეწოდება ინფორმაცია ხარვეზის დადგენის თაობაზე და განესაზღვრება გონივრული ვადა (არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა) ხარვეზის შესავსებად. თუ საჩივრის ავტორი სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის დადგენილ ხარვეზს, საჩივარი განუხილველად დარჩება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში, იურიდიული დეპარტამენტი ვალდებულია ხარვეზის დადგენის შესახებ ინფორმაციის საჩივრის ავტორისთვის მიწოდებასთან ერთად, განუმარტოს მას ხარვეზის შეუვსებლობისას მოსალოდნელი შედეგი, ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის გასაჩივრების წესის თაობაზე (მათ შორის, საჩივრის განმხილველი სასამართლოს დასახელება, მისამართი და გასაჩივრების ვადა).
6. საჩივრის ავტორის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზით საჩივარი განუხილველად დატოვებულად ჩაითვლება საამისოდ განსაზღვრული ვადის დასრულებისთანავე, რის შესახებაც საჩივრის ავტორს ინფორმაცია დამატებით არ მიეწოდება.
7. თუ საჩივრის ავტორი სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაწილობრივ შეავსებს ხარვეზს, სამსახური საჩივარს მხოლოდ იმ ნაწილში განიხილავს, რომელშიც აღმოიფხვრა ხარვეზი, ხოლო თუ აღნიშნული ნაწილის ცალკე განხილვა შეუძლებელია, საჩივარი სრულად დარჩება განუხილველად. ხარვეზის ნაწილობრივ შევსების შემთხვევაში, საჩივარს შესაძლებელია დაუდგინდეს განმეორებითი ხარვეზი, საჩივრის ავტორის მომართვიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
8. სამსახური მიიღებს საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში თუ:
ა) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;
ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
გ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
დ) საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
ე) არსებობს სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე საკითხთან დაკავშირებით.
ვ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში ან/და მისი განხილვა არ მიეკუთვნება სამსახურის კომპეტენციას.
9. საჩივრის შესწავლისას, იურიდიული დეპარტამენტი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია ჩაატაროს ზეპირი განხილვა.
10. სამსახური საჩივარს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან ერთი თვის ვადაში.
11. საჩივრის განხილვის შედეგად, სამსახურის იურიდიული დეპარტამენტი წერილობით ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს და წარუდგენს სამსახურის უფროსს. სამსახურის უფროსი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
დ) საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
12. საჩივრის განხილვის შედეგად სამსახურის უფროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით.“.
|