საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 10.11.1998
ძალის დაკარგვა 28.01.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №639
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4, 20/11/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 03.09.1996
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №639
1998 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 3 სექტემბრის №488 ბრძანებულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“.
ე. შევარდნაძე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში.
2. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: კომპლექსური მაკროეკონომიკური საფინანსო პროგნოზირება და ანალიზი, საგადასახადო, საბაჟო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების საქმიანობის ორგანიზება, საბიუჯეტო პროცესის მართვა და კონტროლი, საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის საკითხებზე ნორმატიული აქტების შემუშავება, სახაზინო სამსახურის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების გაცემა, შემოსავლებისა და ხარჯებისადმი ოპერატიული კონტროლის დაწესება, უცხოური საინვესტიციო რესურსების მოზიდვა და ქვეყანაში ინვესტიციური პოლიტიკის ფინანსური მხარდაჭერა, სახელმწიფო ქონების გამოყენებასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მართვაში მონაწილეობა, სახელმწიფო ვალებთან, სახელმწიფო გარანტიებსა და სახელმწიფო სავალო პრეტენზიებთან დაკავშირებული საკითხების მართვა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მართვა და რეგულირება, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირება და რეგლამენტირება, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და დოკუმენტების დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხების მართვა, საბიუჯეტო სექტორში ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა.
3. სამინისტრო ხელმძღვანელობს ქვეყნისათვის საჭირო ფინანსური ბაზის შექმნის სამუშაოებს, შეიმუშავებს ფისკალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტებს. საქართველოს კონსტიტუციისა და „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს წინადადებებს ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ორგანოების მიერ შემუშავებული ბიუჯეტების შეწონასწორების უზრუნველსაყოფად.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები, მხარეების, ქალაქებისა და რაიონების საფინანსო ორგანოები, აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებული სხვა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და ორგანიზაციები შეადგენენ ქვეყნის ძირითად საფინანსო სისტემას, რომელსაც ხელმძღვანელობს და მართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
5. სამინისტროს სისტემა შედგება სამინისტროს აპარატისაგან, რომელიც იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მომსახურე სახაზინო საწარმოებისაგან.
6. სამინისტროს სისტემაში შედის საქართველოს სახაზინო დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
7. სამინისტროს სისტემაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები, ქალაქებისა და რაიონების საჯარო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს საფინანსო სამსახურები ექვემდებარებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და იმყოფებიან ორმაგ დაქვემდებარებაში.
8. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
9. სამინისტროს აქვს ნაერთი ბალანსი და ბეჭედი სახელმწიფო გერბითა და წარწერით: „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“.
10. სამინისტროს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, 380062, ი.აბაშიძის ქ. №70.
11. სამინისტროს რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
II. სამინისტროს ამოცანები
სამინისტროს ამოცანებია:
1. საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყნის საფინანსო სისტემის მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებების განხორციელება;
2. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმების ფარგლებში საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების შემუშავება და შემდეგ მათი განხორციელება;
3. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე საგადასახადო, საბაჟო და საბიუჯეტო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისათვის;
4. საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე საბიუჯეტო სისტემის ერთიანობის პრინციპებიდან გამომდინარე საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობის ხელმძღვანელობა და მეთოდოლოგიური საქმიანობის განხორციელება ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების საბიუჯეტო მოწყობის საკითხების მოგვარებისათვის;
5. სამინისტროს აპარატისა და დაქვემდებარებული საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული დებულებების შესრულებისა და დაცვის სათანადო კონტროლის დაწესება;
6. სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით სახელმწიფო სახსრების ნაკადების ოპერატიული მართვის განხორციელება და სახელმწიფო სახსრების ხარჯვის კონტროლი; სახელმწიფო სახსრების ეკონომიური და ეფექტიანი გამოყენებისათვის, ფინანსური რეზერვების შექმნისა და მოქმედი წესების შესაბამისად სარეზერვო სახსრების ხარჯვის ძირითადი და პრიორიტეტული მიმართულებების დაცვისათვის ზრუნვა;
7. სახელმწიფო ვალის ფორმირების, მართვისა და მომსახურების ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო დებულებების შემუშავება სახელმწიფო ვალის რეესტრისა და სახელმწიფო გარანტიების რეესტრის წარმოების შესახებ და მათი წარმოება;
8. სახელმწიფო საგარეო ვალების ფორმირების, მართვისა და მომსახურების განხორციელება; ამ ვალების დაფარვის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრა და მათი შესრულებისათვის ზომების მიღება;
9. კონტროლის დაწესება იმ დაწესებულებებისადმი, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო კრედიტებით, და კრედიტებისადმი სახელმწიფო გარანტიებით კრედიტების გამოყენების ან სახელმწიფო გარანტიების მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე მათ სრულ დაბრუნებამდე;
10. სახელმწიფო საშინაო ვალის მართვისა და მომსახურების განხორციელება, სხვადასხვა სავალო ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარების საკითხის განსაზღვრა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
11. სახელმწიფოს მიერ გრანტების სახით მიღებული ქონების მიზნობრივი გამოყენებისადმი ოპერატიული მეთვალყურეობის გაწევა და ამ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ამოღებული სახსრების ბიუჯეტში ჩარიცხვის დროულობისა და სისრულისადმი ოპერატიული კონტროლის განხორციელება;
12. ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაში და პრიორიტეტული საინვესტიციო მიმართულებების ფორმირებაში მონაწილეობა;
13. სახელმწიფო ქონებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების ფინანსური ასპექტების შესწავლა და არსებული პოტენციალის ეფექტიანი მართვის მიზნით წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
14. რეალური სექტორის განვითარების დარგობრივი და კომპლექსური პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
15. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, სხვა სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად საბაზრო ურთიერთობათა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების საფუძველზე ეკონომიკის ცალკეული დარგების რენტაბელობისა და მოგების გადიდების ღონისძიებათა შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა;
16. სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნილი იურიდიული პირების ფინანსური ურთიერთობის საკითხების სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება და ქვეყანაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებისათვის ხელშეყწობა;
17. საფინანსო სისტემის პერსპექტიული განვითარების მეცნიერული კონცეფციების მომზადება, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სფეროს პრობლემატური საკითხების შესახებ სამეცნიერო-საკვლევი სამუშაოების შესრულება და მათი პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვა;
18. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და დოკუმენტების დამზადების, შენახვისა და გამოყენების შესახებ ნორმატიულ აქტების მომზადება;
19. ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება; ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება და მეთოდური ხელმძღვანელობის გაწევა;
20. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ფინანსურ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მომზადებაში მონაწილეობა;
21. სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში კადრების შერჩევის, განაწილების, ახალი კადრების მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სამუშაოთა ორგანიზება;
22. სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სახაზინო საწარმოებში შიდა კონტროლის განხორციელების მიზნით საორგანიზაციო საქმიანობისა და საკადრო პოლიტიკის გატარების ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობის შემოწმებების უზრუნველყოფა.
III. სამინისტროს ფუნქციები
სამინისტროს ფუნქციებს განეკუთვნება:
1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტიული განვითარების პროგრამებისა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წლიური ინდიკატური გეგმების, აგრეთვე სამინისტროს ექსპერტული შეფასებების მიხედვით საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და საქართველოს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტების ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე აქედან გამომდინარე წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტების მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად, საქართველოს კონსტიტუციითა და აღნიშნული კანონით დადგენილ ვადებში;
2. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის შემოღებისა და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებების მიზნობრივი დაფინანსებისათვის საგანგებო ბიუჯეტისა და ამ ბიუჯეტის შევსებისათვის საჭირო ახალი გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე კანონის პროექტის მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად წარდგენა;
3. სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების უზრუნველყოფა; ბიუჯეტის დაბალანსებისათვის საბიუჯეტო დეფიციტის ზღვრული სიდიდის გაანგარიშება და მისი შევსების წყაროების განსაზღვრა სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე; ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული სიდიდის გადაჭარბების შემთხვევაში სეკვესტრის მექანიზმის გამოყენება კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში;
4. საბიუჯეტო რეგულირების განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტსა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის სახელმწიფო შემოსავლების გადანაწილების გზით, რაც გამოიხატება დადგენილი წესით მიზნობრივი ტრანსფერების გადაცემით და დროებითი სიძნელეების დაძლევისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოკლევადიანი საბიუჯეტო სესხების გამოყოფით;
5. საქართველოს პარლამენტის მიერ წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის დამტკიცების შემდეგ ამ ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების კვარტალური განწერის შედგენა და დამტკიცება; დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის შესრულება დამტკიცებული განწერის მიხედვით;
6. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით წელიწადში ორჯერ, საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე 3,5 თვით ადრე მომავალი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვისათვის და აგრეთვე საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2,5 თვისა საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენა;
7. სახაზინო სამსახურის მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება და ამ ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული კონტროლის უზრუნველყოფა;
8. საერთაშორისო საფინანსო სტატისტიკის ნორმების შესაბამისი ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების ასახვის ერთიანი ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის გამოყენებით სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანგარიშების შედგენა და დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად წარდგენა;
9. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის აღსრულებისას საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ბიუჯეტის საკასო შესრულების კონტროლის დაწესება და საქართველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც აგენტ ბანკთან ერთად ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი პარამეტრების დაცვაში მონაწილეობა; სახაზინო სამსახურის მეშვეობით კომერციული ბანკების მიმართ დადგენილი წესით ფინანსური სანქციების გამოყენება საბიუჯეტო სახსრების შეჩერების, არამიზნობრივად გამოყენების ან გადარიცხვების ვადების დარღვევისათვის; ასეთი დარღვევების პროფილაქტიკისა და აღმოფხვრის მიზნით შესაბამის საბანკო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სახაზინო სამსახურის მეშვეობით პერიოდული სააუდიტო შესწავლის მოწყობა;
10. სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების წესის შემუშავება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების ხარჯვის ნორმებისა და ნორმატივების სრულყოფა; სახაზინო სამსახურის მეშვეობით დაწესებული ნორმებისა და ნორმატივების დაცვა, მათი გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება;
11. სამინისტროს სისტემის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეშვეობით ქვეყნის საფინანსო სისტემის განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებზე მუშაობა; საგადასახადო-საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი არსებული ნორმატიული აქტების სრულყოფა და ახალი ნორმატიული აქტების შემუშავება;
12. სახელმწიფო მმართველობის ორგანოების სტრუქტურის სრულყოფისა და მათი შენახვის გაიაფებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა და მმართველობის აპარატის დადგენილ რიცხოვნობისა და შესანახი სახსრების ეკონომიური ხარჯვისადმი ოპერატიული კონტროლის დაწესება;
13. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან ერთად მოსახლეობის სოციალური დაცვის გაუმჯობესების საერთო სახელმწიფოებრივი პროგრამებისა და ღონისძიებების განხილვა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობა;
14. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო სექტორში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება; სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა და მონიტორინგი; ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების, საბიუჯეტო დაწესებულებათა ხარჯთაღრიცხვების აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების შედგენა;
15. ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა; ფულის მიმოქცევის მდგომარეობის შესწავლა და წინადადებების შემუშავება მისი გაუმჯობესების თაობაზე;
16. საშინაო ვალის აღრიცხვის, მისი ანალიზის, რესტრუქტურიზაციის, მართვისა და მომსახურების უზრუნველყოფა; საშინაო ვალის მომსახურებისა და ძირითადი ვალის დაფარვისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრების მოცულობის განსაზღვრა და მისი გადახდისათვის ოპერატიული მონიტორინგის განხორციელება;
17. სხვადასხვა ვადიანი სახელმწიფო სასესხო ვალდებულებების გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავება და ემისიების განხორციელება;
18. ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექციის მეშვეობით ფასიანი ქაღალდების სფეროში საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების შესრულების და ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრისა და ბაზრის ლიცენზირებულ პროფესიონალ მონაწილეთა საქმიანობის კონტროლი;
19. ეროვნული მეურნეობის დარგების განვითარების პროგრამების ფინანსური ასპექტების შესახებ დასკვნებისა და წინადადებების მომზადება, ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებიდან გამომდინარე ინვესტიციური რესურსების მოთხოვნილების განსაზღვრა;
20. სახელმწიფო სესხის სახით გაცემული სახსრების მიზნობრივი გამოყენებისა და დაბრუნების საკითხის მონიტორინგი, შესწავლა-გაანალიზება და აუცილებლობის შემთხვევაში მათი რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების შემუშავება;
21. ქვეყნის ბუნებრივი პოტენციალის გამოყენების და ბუნებრივი რესურსების კვლავწარმოების შესახებ მიზნობრივი პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის ექსპერტიზა და სათანადო დასკვნების მომზადება;
22. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოებსა და ორგანიზაციებში სახელმწიფო ქონების წილის (აქციები, პარტნიორის წილი) ფინანსურ მართვასა და ფინანსური შედეგების ფორმირების პროცესებში მონაწილეობა და დასკვნების მომზადება;
23. სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გამოყენებიდან, იჯარით გაცემიდან და გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზაციისადმი ოპერატიული კონტროლის განხორციელება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან და იმ უწყებებთან ერთად, რომელთაც გადაცემული აქვთ სახელმწიფო ქონების მართვის უფლება;
24. საგარეო ვალებისა და ვალდებულებების ჩამოყალიბება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ფორმირებული სახელმწიფო საგარეო ვალების აღრიცხვა, მართვა და მომსახურება; საგარეო ვალებისა და ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებული საქმიანობა; საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება და კრედიტორებთან შესაბამისი რწმუნებების საფუძველზე მოლაპარაკების გამართვა;
25. საქართველოს მიერ მიღებული ყველა სახის სახელმწიფო გრანტის აღრიცხვა და გრანტით მიღებული საქონლის ან სახსრების გამოყენებისა და ათვისების მიზნობრიობისა და ეფექტიანობის დადგენისათვის შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება;
26. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური საქმიანობის უფლების (ლიცენზიის) გაცემა და ლიცენზირებული საქმიანობის განხორციელების სისწორისადმი კონტროლის დაწესება;
27. სამინისტროს სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, კადრების შერჩევა და განაწილება, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამუშაოთა ორგანიზება;
28. კანონმდებლობით დადგენილი და საფინანსო-საბიუჯეტო სფეროსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
IV. სამინისტროს უფლებამოსილებანი
სამინისტრო უფლებამოსილია:
1. მიიღოს სამთავრობო დაწესებულებებისაგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქალაქებისა და რაიონების საჯარო ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე იურიდიული პირებისაგან (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის საჭირო მონაცემები და ანგარიშები სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმითა და განსაზღვრულ ვადებში;
2. ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის საჭიროებისათვის მოიწვიოს სამთავრობო დაწესებულებების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების საჯარო ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, აგრეთვე იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და სპეციალისტები ან მიიღოს მათგან საჭირო ინფორმაცია;
3. შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საბიუჯეტო დაწესებულებათა და ღონისძიებათა დაფინანსება, თუ:
ა) დადგენილი წესის შესაბამისად ხაზინაში წარმოდგენილი არ იქნება საბიუჯეტო ხარჯის გაწევის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) გამოვლინდება ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების არადანიშნულებით ხარჯვის ან ადრე გაცემული სახსრების ხარჯვისათვის დაწესებული ანგარიშგების წარმოუდგენლობის ფაქტები.
ფინანსთა მინისტრის წერილობითი მითითება ხარჯების შეჩერების შესახებ სავალდებულოა ყველა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციისა და სხვა იურიდიული პირისათვის, რომლებიც იყენებენ საბიუჯეტო სახსრებს;
4. შიდა კონტროლის განხორციელების მიზნით მოაწყოს სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და დაქვემდებარებულ სახაზინო საწარმოებში საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და საკადრო საკითხების გეგმური შემოწმებები;
5. სახელმწიფო ხელისუფლების ზემდგომი ორგანოების შესაბამის დავალებების საფუძველზე სამინისტროს სპეციალისტების მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა სამართალდაცვის და აგრეთვე სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოების მიერ განხორციელებულ სარევიზიო-საკონტროლო მუშაობაში, აგრეთვე სხვადასხვა მიზნით ჩატარებულ შემოწმებებში, გამოკვლევებსა და ანალიზურ-კვლევით სამუშაოებში;
6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით დააწესოს ოპერატიული კონტროლი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებისათვის საჭირო საბუღალტრო და სხვა სააღრიცხვო ანგარიშებისა და ბალანსების დროულად და სრულად წარმოდგენისადმი;
7. საბუღალტრო მეთოდოლოგიის სრულყოფის მიზნით შეისწავლოს საბიუჯეტო დაწესებულებებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების მდგომარეობა და შეიმუშაოს მისი გაუმჯობესების წინადადებანი;
8. გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა სახის უფლებამოსილებანი.
V. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ერთმმართველობის პრინციპის საფუძველზე ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თანხმობის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მინისტრს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და ექვსი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, როგორც გამონაკლისი, ასეთივე წესით ხდება სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება.
3. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
4. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას მინისტრის არყოფნისას.
6. მინისტრი:
ა) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამინისტროს სახელით, წარმოადგენს სამინისტროს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით წყვეტს სამინისტროს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს.
7. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, აგრეთვე სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
8. მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და მის დაქვემდებარებაში არსებული სახაზინო საწარმოების ხელმძღვანელებს.
9. საჯარო ხელისუფლების შესაბამის ადგილობრივ ორგანოსთან შეთანხმებით მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი) ტერიტორიული საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელობას.
10. მინისტრს დადგენილი წესით შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების თაობაზე და პასუხს აგებს სამინისტროს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის.
11. სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში მინისტრი ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ.
12. მინისტრი ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების სტრუქტურას, საქმის წარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიული აქტებით.
13. მინისტრი დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს აბარებს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ.
14. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სამთავრობო დაწესებულების გამგებლობის სფეროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან ან სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელთან.
15. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით.
16. მინისტრი პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროსათვის საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი ნორმატიული აქტებით დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულების სისრულისა და სისწორისათვის. თავის მხრივ, მინისტრი განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სხვა სამსახურების ხელმძღვანელთა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს.
17. მინისტრი პასუხს აგებს სამინისტროს გამგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის.
18. მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს; პასუხისმგებელია მის მიერ ხელმოწერილი ნორმატიული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.
19. სამინისტროში იქმნება კოლეგია, რომელშიც შედიან: მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის გადაწყვეტილებით სამინისტროს აპარატისა და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამდებობის პირები. კოლეგიაში შეიძლება შეყვანილ იქნენ აგრეთვე სამეცნიერო დაწესებულებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები. კოლეგიის საქმიანობის წესს, წევრთა რიცხოვნებასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.
20. სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის, აგრეთვე პრობლემატური საკითხების განხილვისა და მათზე დასკვნების მომზადების მიზნით სამინისტროს აპარატის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მუშაკებისა და აგრეთვე მოწვეული სპეციალისტების შემადგენლობით მინისტრის ბრძანებით სამინისტროში იქმნება მრჩეველთა საბჭო.
21. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას.
22. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს.
23. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს V თავის 23-ე პუნქტში მითითებული თანამდებობების პირების და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად.
24. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.
25. მინისტრი თავისი ბრძანებით ამტკიცებს სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა სამსახურების დებულებებს გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი დებულებები უნდა დამტკიცდეს უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიული აქტებით.
VI. სამინისტროს სტრუქტურა
I. სამინისტროს აპარატი
1. სახაზინო დეპარტამენტი
2. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფინანსური პროგნოზირების დეპარტამენტი
3. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი
4. საბიუჯეტო პოლიტიკის დეპარტამენტი
5. სოციალური სფეროსა და მეცნიერების ფინანსების დეპარტამენტი
6. სამართალდაცვის ორგანოების, თავდაცვის და სპეციალური სამსახურების დაფინანსების დეპარტამენტი
7. რეალური სექტორის ფინანსებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტი
8. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებთან მუშაობის დეპარტამენტი
9. სახელმწიფო საგარეო ვალის დეპარტამენტი
10. სახელმწიფო საშინაო ვალის დეპარტამენტი
11. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
12. ინფორმაციული და კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
13. იურიდიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
14. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
15. აქციზური მარკების სამსახური
16. სამხარეო საფინანსო ადმინისტრაციები
17. სამეურნეო სამმართველო
18. მინისტრის აპარატი
19. მრჩეველთა საბჭო
II. სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები
1. ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექცია
2. სპეციალური და რეგიონალური ხაზინები
3. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია
4. ლატარიების, აზარტული თამაშების ლიცენზირება-ორგანიზების და ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის სამსახური
5. ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
6. საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯი
ტერიტორიული ორგანოები
1. ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები (ორმაგი დაქვემდებარება)
2. ქალაქებისა და რაიონების საფინანსო სამსახურები (ორმაგი დაქვემდებარება).