საქართველოს მრეწველობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 10.11.1997
ძალის დაკარგვა 28.06.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №638
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 21, 28/11/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მრეწველობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №638
1997 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მრეწველობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად დამტკიცდეს საქართველოს მრეწველობის სამინისტროს თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
საქართველოს მრეწველობის სამინისტროს დებულება
I. ზოგადი ნაწილი
1. საქართველოს მრეწველობის სამინისტრო (შემდგომში — სამინისტრო) არის საქართველოს სამთავრობო დაწესებულება, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას მრეწველობის სფეროში, უზრუნველყოფს მრეწველობისა და მასში შემავალი დარგების (სამთო მოპოვებითი, მეტალურგიული, ქიმიური, მანქანათმშენებლობის, თავდაცვითი, მსუბუქი, ქაღალდისა და ხის გადამმუშავებელი, საშენ მასალათა, ფარმაცევტული) სახელმწიფოებრივ მართვასა და რეგულირებას.
2. სამინისტრო შექმნილია „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
4. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
5. სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს.
6. სამინისტრო იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მათი მიზნობრივი გამოყენებისთვის.
7. სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
8. სამინისტროს ცენტრალური აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის შესაბამისი დაწესებულებები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.
9. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
10. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 380060, გამსახურდიას გამზირი №28.
II. სამინისტროს სტრუქტურა
11. სამინისტროში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) ხელმძღვანელობა:
– მინისტრი;
– მინისტრის პირველი მოადგილე;
– მინისტრის მოადგილეები;
ბ) სამრეწველო პოლიტიკის დეპარტამენტი:
– პერსპექტიული განვითარების სამმართველო;
– მეცნიერულ-ინფორმატიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) რესტრუქტურიზაციის ხელშეწყობის, დარგთაშორისი და რეგიონალური კოორდინაციის დეპარტამენტი:
– რესტრუქტურიზაციისა და მართვის სრულყოფის სამმართველო;
– ქონებრივი ურთიერთობებისა და მეწარმეობის განვითარების სამმართველო;
– დარგთაშორისი და რეგიონალური კოორდინაციის სამმართველო;
დ) ეკონომიკის დეპარტამენტი:
– საფინანსო-ეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველო;
– საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;
ე) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და ბაზრის განვითარების დეპარტამენტი:
– საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის სამმართველო;
– ბაზრის განვითარების სამმართველო;
ვ) საკანონმდებლო საქმიანობის, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს პარლამენტთან, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ზ) იურიდიული, კადრებისა და სამობილიზაციო განყოფილება;
თ) მინისტრის აპარატი;
– საერთო განყოფილება;
– სამეურნეო და ტექნიკური მომსახურების სამმართველო;
– პრესცენტრი.
III. სამინისტროს ძირითადი მიზნები
12. სამინისტროს ძირითადი მიზნებია:
ა) მრეწველობის მდგრადი ფუნქციონირება და განვითარება, მრეწველობის სფეროში პრიორიტეტების დადგენა, ბუნებრივი რესურსების, გარდა ნავთობის, გაზის, ქვანახშირისა, წყლის და გეოთერმული წყლებისა, რაციონალური სამრეწველო გადამუშავება, კონკურენტუნარიანი მაღალრენტაბელური სამრეწველო პროდუქციით შიდა ბაზრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, საექსპორტო პროდუქციის ზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა;
ბ) მრეწველობის განვითარების ერთიანი კონცეფციის, სახელმწიფო სამრეწველო პოლიტიკისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება, მათი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მრეწველობის სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის შემუშავება დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად;
გ) სამრეწველო კომპლექსის სრულყოფა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება, მრეწველობის განვითარებისათვის საჭირო საბაზრო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის ხელშეწყობა.
IV. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
13. სამინისტროს ამოცანებია:
ა) მრეწველობის სფეროსა და მისი ცალკეული დარგების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდებისათვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, მათი რეალიზაციის კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) წინადადებების შემუშავება და წარდგენა სახელმწიფო პრეფერენციული ან პროტექციონისტული ქმედებების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს უწყობდნენ პრიორიტეტული პროგრამების წარმატებით რეალიზაციას;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის მრეწველობის განვითარების ინდიკატური გეგმით გათვალისწინებულ მიმართულებათა შესრულების ორგანიზაცია და ხელის შეწყობა;
დ) მრეწველობის სფეროში ერთიანი საორგანიზაციო, ფინანსური, ეკონომიკური და სამართლებრივი ხასიათის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
ე) მრეწველობის სფეროში სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საფინანსო და შიდასამეურნეო ანალიზის ჩატარება როგორც დარგობრივ, ისე საწარმოს დონეზე; საბუღალტრო ანგარიშების მიღება იმ საწარმოთაგან, რომელთა საქმიანობასაც კოორდინაციას უწევს სამინისტრო (სახელმწიფო საკუთრების ნაწილში);
ზ) შიდა და გარე ბაზრის შესწავლის საორგანიზაციო-საინფორმაციო და საპროგნოზო სამუშაოების განხორციელება;
თ) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად სანაციის პროცესის წარმართვის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება, სანაციის პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
ი) მრეწველობაში საინოვაციო საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა;
კ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია მრეწველობის დარგებში; მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგიის შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი;
ლ) კანონმდებლობის შესაბამისად მრეწველობის დარგებში (საშენი მასალებისა და ფარმაცევტული წარმოების გარდა) სალიცენზიო პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა;
მ) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში დარგში სერტიფიკაციისა და სტანდარტიზაციის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
ნ) მრეწველობის, მისი ცალკეული დარგების განვითარების, საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და შემდგომი საქმიანობის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
ო) მრეწველობის სფეროში სახელმწიფო დაკვეთების განთავსების წესის შემუშავება, მისი რეალიზაციის კოორდინაცია და კონტროლი;
პ) მრეწველობის სფეროში მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებისა და მისი სრულყოფისათვის ხელშეწყობა;
ჟ) მრეწველობის დარგებისათვის საჭირო პროფესიული კადრების მოსამზადებლად სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
რ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთად მრეწველობის განვითარების რეგიონალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ს) ერთიანი სახელმწიფო სამრეწველო პოლიტიკის განხორციელების მიზნით სხვა სამინისტროებთან და დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ტ) მრეწველობის სფეროს საწარმოების საინფორმაციო-მეთოდური უზრუნველყოფა;
უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტისათვის წინადადებების, ბრძანებულებებისა და განკარგულებების პროექტების მომზადება და წარდგენა.
V. სამინისტროს უფლებები და მოვალეობები
14. ერთიანი სახელმწიფო სამრეწველო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სამინისტროს უფლება აქვს თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო და ქვეკანონური ნორმატიული აქტების, ინდიკატური გეგმებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების შემუშავებასა და განხილვაში;
ბ) შეიმუშაოს მრეწველობისა და მისი ცალკეული დარგების განვითარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები და დადგენილი წესით მათი მიღების შემდეგ თვალყური ადევნოს მათ რეალიზაციას;
გ) დადგენილი წესით მოითხოვოს ინფორმაცია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებისაგან;
დ) დაამყაროს ურთიერთობანი უცხოეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, დადოს მათთან ხელშეკრულებები;
ე) შექმნას სათათბირო უფლების მქონე კომისიები სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი, სამეცნიერო და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებანი სამინისტროს დაქვემდებარებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტების მიმართ;
ზ) შეიმუშაოს და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარუდგინოს მრეწველობის სფეროში პრივატიზების განხორციელების გეგმისა და საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის პროექტი;
თ) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სამრეწველო საწარმოებში სახელმწიფოს კუთვნილ აქციათა მართვის უფლების მოპოვების კონკურსის გამართვაში, გამარჯვებულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმებასა და მისი შესრულების ანალიზსა და კონტროლში;
ი) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარუდგინოს დასაბუთებული წინადადებები საწარმოთა ხელმძღვანელი ორგანოების შემადგენლობაში ცვლილებებისა და ახალი კანდიდატურების შესახებ;
კ) გამოვიდეს იმ სააქციო საზოგადოებათა რესტრუქტურიზაციის ინიციატორად, რომელთა აქციების საკონტროლო პაკეტიც სახელმწიფოს განკარგულებაშია, მონაწილეობა მიიღოს მის განხორციელებაში და ეკონომიკურად დასაბუთებული დასკვნა წარუდგინოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და სხვა დაწესებულებებს;
ლ) მრეწველობის ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციისათვის წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს დასაბუთებული წინადადებები დაფინანსების საჭიროების შესახებ;
მ) შეიმუშაოს სამრეწველო საწარმოებში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის ღონისძიებანი, ორგანიზაცია გაუწიოს პროგრამების, პროექტების, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ექსპერტიზას;
ნ) იზრუნოს განსაკუთრებული მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დაფინანსების წყაროების გამოსაძებნად კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.
15. სამინისტრო ვალდებულია:
ა) ითანამშრომლოს აფხაზეთისა და აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან;
ბ) დადგენილ ვადებში უზრუნველყოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში საპროგნოზო-ანალიზური ინფორმაციის წარდგენა დადგენილი წესის მიხედვით;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხი აგოს თავისი ვალდებულებების შესრულებისათვის.
VI. სამინისტროს მართვის სტრუქტურა
16. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს.
17. მინისტრი მეთაურობს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს.
18. მინისტრს საქართველოს პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
19. მინისტრი:
ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;
ბ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს თანამდებობაზე დასანიშნად პირველ მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე, თუ მათზე გადაწყვეტილების მიღება კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის აქტით არ ევალება სხვა თანამდებობის პირს;
დ) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის სწორი და მიზანმიმართული შესრულებისათვის;
ე) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას, რომლის მიზანია სამინისტროს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობაში კანონიერებისა და მიზანშეწონილობის უზრუნველყოფა;
ვ) თვალყურს ადევნებს სამინსიტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების გადაწყვეტილებებისა და საქმიანობისადმი კანონით დადგენილი წესით;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:
– თავის მრჩევლებს;
– სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს;
– სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა თანამშრომლებს.
20. მინისტრს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლება არა აქვთ შედიოდნენ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის ხელმძღვანელ, საკონტროლო ან სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას.
21. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს ან სამთავრობო დაწესებულების გამგებლობის სფეროს, მინისტრი გადაწყვეტილებებს ათანხმებს შესაბამის მინისტრთან ან სამთავრობო დაწესებულებებისხელმძღვანელთან. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
22. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პარლამენტს ან საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით.
23. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.
24. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.
25. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მას ექვემდებარება. იგი ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს მინისტრის არყოფნისას.
26. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
VII. მინისტრის სამართლებრივი აქტები
27. საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის თანახმად, მინისტრი არსებული კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს.
28. მინისტრი პასუხისმგებელია მის მიერ ხელმოწერილი ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.
29. მინისტრის ბრძანება უფლებააღმჭურველი ან ამკრძალავი აქტია. მასში მითითებულია ის საკანონმდებლო ნორმა, რომლის საფუძველზე და შესასრულებლადაც გამოიცემა ბრძანება.
VIII. სათათბირო ორგანო
30. მინისტრის სათათბირო ორგანოა — კომისია, მრეწველობის განვითარების საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აგრეთვე სამინისტროს სპეციალისტები, მოწვეული სპეციალისტები. საბჭოს წევრების რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი.
IX. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
31. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.