ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგიის, დადგენის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.07.1998
ძალის დაკარგვა 13.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 000000120.01(2).003.000304 14
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 02/07/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგიის, დადგენის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №3
1998 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგიის, დადგენის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ
ელექტროენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმების თანამედროვე ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რიგი ნორმატიული აქტების მიღებას, რომლებიც სამართლებრივი თვალსაზრისით უზრუნველყოფენ დარგში საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და სამართლიანი კონკურენციის დანერგვას, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნასა და სხვა. მათ შორის, უმთავრესია შემუშავდეს და განხორციელდეს ელექტროენერგიის ყველა საფეხურის (წარმოება, გადაცემა, დისპეტჩერიზაცია, განაწილება) ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია და ტარიფების დადგენის წესები და პროცედურები.
ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე უნდა განისაზღვროს (დადგინდეს) ისეთი ტარიფები, რომლებიც სრულად დაფარავენ ყველა საფეხურზე გაწეული მომსახურების ღირებულებას, უზრუნველყოფენ ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა საჭირო შემოსავლებსა და განხორციელებული ინვესტიციების ეფექტურობას, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა, მისი განვითარების პერსპექტივები, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა და სოციალური დაცვის ასპექტები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და VI თავის თანახმად დამტკიცდეს:
1. ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგია, დადგენის წესები და პროცედურები.
თავმჯდომარე ელიზბარ ერისთავი
ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგია, დადგენის წესები და პროცედურები
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. დოკუმენტის მიზანი
1. ამ დოკუმენტის მიზანია საქართველოს კანონის „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრა, რომელიც გამოყენებული იქნება ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ტარიფების დასადგენად.
2. ტარიფების მეთოდოლოგია (შემდგომში – მეთოდოლოგია) ითვალისწინებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის დღევანდელ ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას და მისი გამოყენება მიზანშეწონილია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე, რომლის დროსაც ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია ეფუძნება ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების სრულ ღირებულებას.
მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი
ამ მეთოდოლოგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა. „გადასახადი“ – ბიუჯეტებსა და სპეციალურ სახელწმიფო ფონდებში სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
ბ. „გადაცემის ტარიფები“ – გადაცემის ლიცენზიატების მიერ გაწეული მომსახურების ფასი.
გ. „გადაცემული ვალი“ – ვალი, რომელიც გადაცემულ იქნა საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორის სახელწმიფო მფლობელობაში ყოფნის დროს.
დ. „განაწილების ტარიფები“ – განაწილების ლიცენზიატების მიერ საცალო მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ფასი.
ე. „გენერაციის ტარიფები“ – წარმოების ლიცენზიატების მიერ გაყიდული ელექტროენერგიის ფასები ნებისმიერი შემსყიდველისადმი, რომელიც გაყიდის ან მოიხმარს ელექტროენერგიას საქართველოში.
ვ. „დისპეტჩერიზაციის ტარიფები“ – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების ფასი.
ზ. „ელექტროენერგიის ტარიფები“ – ფასების განაკვეთების სისტემა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ანგარიშსწორება ელექტროენერგიაზე (სიმძლავრეზე) მისი წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების სტადიებზე.
თ. „ელექტროენერგიის მომხმარებელი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოიხმარს ელექტროენერგიას საკუთარი მიზნებისათვის და არ არის ჩართული ელექტროენერგიის ბიზნესში მისი შემდგომი გაყიდვისათვის.
ი. „ლიცენზიატი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სემეკ-ის მიერ „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოქმედების განსაზღვრული ვადით გაცემული ლიცენზია გარკვეულ საქმიანობაზე.
კ. „ლიცენზიატის წლიური მინიმალური შემოსავალი“ – 12 თვის განმავლობაში აუცილებელი შემოსვლის მთლიანი სიდიდე, რომელიც საჭიროა ლიცენზიატის მიერ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად და მიზანშეწონილი მოგების მისაღებად, პროგნოზის საფუძველზე გაანგარიშებული.
ლ. „მოგება“ – სხვაობა პროდუქციის (ელექტროენერგიის) სარეალიზაციო ფასსა (დღგ-ს გარეშე) და პროდუქციის წარმოებაზე (მომსახურებაზე) და რეალიზაციაზე გაწეული დანახარჯებს შორის.
მ. „პიკური დატვირთვა“ – თითოეული მომხმარებლის დატვირთვა დროის იმ მომენტში, როცა სისტემა დატვირთვის მაქსიმალურ რეჟიმში იმყოფება.
ნ. „პრივატიზებული კომპანია“ – საწარმო, რომელშიც წილის 50%-ზე ნაკლები სახელწმიფო მფლობელობაშია.
ო. „სალიცენზიო გადასახდელი“ – თანხა, რომელიც ლიცენზიატმა უნდა გადაუხადოს სემეკ-ს, ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად.
პ. „საცალო ტარიფები“ – გამანაწილებელი ლიცენზიატების მიერ ელექტროენერგიის მომხმარებელთათვის მისაყიდი ელექტროენერგიის ფასი.
ჟ. „საბაზრო წესები“ – საბაზრო წესების კომიტეტის მიერ შემუშავებული და სემეკ-ის მიერ დამტკიცებული წესები, რომლის მიხედვითაც ფუნქციონირებს საბითუმო ბაზარი.
რ. „საწარმოები“ – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას, ან შექმნილი არიან ასეთი საქმიანობის განსახორციელებლად.
ს. „სემეკ-ი“ – საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
თავი II
გარდამავალ პერიოდში ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიური საფუძვლები და ძირითადი პრინციპები
მუხლი 3🔗. მეთოდოლოგიური საფუძვლები
1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის განსაზღვრისას სემეკ-ი ხელმძღვანელობდა საქართველოს კანონით „ელექტროენერგეტიკის შესახებ“, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით.
2. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ელექტროენერგიის ტარიფი უნდა დადგინდეს მწარმოებელთა და მომხმარებელთა კომერციულ და კონკრეტულ ურთიერთობათა საფუძველზე. გარდა ამისა, საჭიროა ტარიფი დარეგულირდეს ენერგიის სხვა წყაროებთან მიმართებაში. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია განვითარების რამდენიმე ეტაპის გავლა.
3. ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია (პირველი ეტაპი) დამყარებულია ღირებულებისა და კონკურენციის ელემენტებზე. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიმწოდებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან საიმედო და სრული ანაზღაურებით. მიღწეულ იქნება სექტორის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილიზაცია, წარმოიშვება ახალ მოწყობილებათა ყიდვისა და დამონტაჟების საშუალება, და საფუძველის მომზადება სექტორის შემდგომ, უფრო პროგრესულ მოდელზე გადასასვლელად.
4. ამ მეთოდოლოგიით ელექტროენერგიის ტარიფი განისაზღვრება თითოეული მიმწოდებლისათვის, ხოლო მისი საფასური ანაზღაურდება ყოველთვიურად.
5. ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიური საფუძველია სრული ღირებულების პრინციპი. ეს უკანასკნელი შეიცავს სიმძლავრის საზღაურს თითოეული მომხმარებლის ენერგოსისტემის პიკურ დატვირთვაში წილის მიხედვით და თითოეული მომხმარებლისათვის ენერგიის მიწოდების ღირებულებას. ენერგიისა და სიმძლავრის საფასურში სრულად უნდა აისახოს ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების ქსელში წარმოშობილი კარგვები.
6. ტარიფის დადგენის სრული ღირებულების პრინციპი ძალაში შევა 1999 წლის 1 იანვრიდან. მეთოდოლოგიის მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი.
მუხლი 4🔗. ძირითადი პრინციპები
1. ტარიფის დადგენის ამოსავალი პრინციპები განსაზღვრულია საქართველოს კანონით „ელექტროენერგეტიკის შესახებ“. მისი მიზანია ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის ამაღლება, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ელექტროენერგეტიკული დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით, ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფა.
2. სემეკ-ის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფები:
ა) უნდა იცავდეს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან, განსაკუთრებით სექტორის ისეთ სფეროებში, სადაც არ არსებობს კონკურენტული ბაზარი;
ბ) შესაძლებლობას უნდა აძლევდეს ლიცენზიატებს დაფარონ მათ მიერ გაწეული ხარჯები, რომელიც მოიცავს საბაზრო ფასებში შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი თანხისა და პროცენტის გადასახადებს. ამასთან, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების მიზანშეწონილ დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად;
გ) ხელს უნდა უწყობდეს ლიცენზიატების ფინანსური შედეგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლების გზით და მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიატი აკმაყოფილებს თავისი ლიცენზიის მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე;
დ) ხელს უნდა უწყობდეს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ელექტროენერგეტიკაში მოკლე და გრძელვადიანი ზღვრული ფასების დადგენითა და ფასთა დინამიკის პროგნოზირებით, ელექტროენერგიის წარმოების შესაძლო სიჭარბისა და უკმარისობის გათვალისწინებით;
ე) შესაძლებლობას უნდა აძლევდეს ლიცენზიატებს, დაფარონ ეკონომიკურად გამართლებული დანახარჯები, მათ შორის, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეული დანახარჯები და სალიცენზიო გადასახდელები;
ვ) უნდა ითვალისწინებდეს სახელმწიფო პოლიტიკას სატარიფო შეღავათების სფეროში იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიატების ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე;
ზ) უნდა ასახავდეს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას.
3. ელექტროენერგეტიკული მომსახურების ღირებულება უნდა დაიფაროს მომხმარებელთა თითოეული კატეგორიისაგან მიღებული თანხებით, ამ კატეგორიის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების შესაბამისად.
4. ელექტროენერგიის საფასური განსხვავებული იქნება გაწეული მომსახურების სხვადასხვა ღირებულების შესაბამისად. დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიატების ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე.
5. ტარიფებმა ხელი უნდა შეუწყოს წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას. ამისათვის კი აუცილებელია დადგინდეს ელექტროენერგიის გენერაციაში, დისპეტჩერიზაციაში, გადაცემასა და განაწილებაში გამოყენებული ფონდების ნარჩენი რეალური ღირებულებანი.
6. ელექტროენერგეტიკულ სექტორში ინვესტორთა მოსაზიდად და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით აუცილებელია ტარიფის იმგვარად დადგენა, რომლის დროსაც ინვესტორს შესაძლებლობა მიეცემა ფონდებზე ამონაგების მიღებისა. ამასთან, ამონაგების ზომა უნდა შეესაბამებოდეს მეზობელ ქვეყნებში ახლად პრივატიზებული ელექტროენერგეტიკული სექტორის საშუალო ანალოგიურ მაჩვენებლებს.
7. ფონდების ნარჩენ ღირებულებაზე ამონაგები წარმოადგენს კაპიტალზე ამონაგებისა და ლიცენზიატის ვალის პროცენტის საშუალო შეწონილს.
8. ლიცენზიატის კაპიტალის ოდენობა, რომელიც შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ტარიფებში, გამოიანგარიშდება შემდეგნაირად: სახელმწიფო მფლობელობაში ლიცენზიატებისთვის კაპიტალი შეადგენს მიღებულ შემოსავალს დამატებული ინვესტიციები. პრივატიზებული ლიცენზიატისთვის იგი უდრის აქციონერთა მიერ განხორციელებულ ინვესტიციის, მიღებული შემოსავლისა და აქციონერთა მიერ განხორციელებულ სხვა დამატებითი ინვესტიციების ჯამს. ფონდებზე ამონაგები უნდა ითვალისწინებდეს ინვესტირებასთან დაკავშირებულ რისკს. რისკის ფაქტორის არსებობის გამო ნარჩენ ფონდებზე ამონაგები უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე შესაბამისი საბანკო პროცენტი.
9. ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის ტარიფი დგინდება სემეკ-თან შეთანხმებით შესაბამის მხარეთა შორის დადებული კონტრაქტების საფუძველზე.
10. ტარიფებთან დაკავშირებული სემეკ-ის ყველა დადგენილება, გადაწყვეტილება და დოკუმენტი, ხელმისაწვდომია საზოგადოებისა და საჯარო განხილვისათვის.
თავი III
მომსახურების ღირებულების კომპონენტების განსაზღვრა
მუხლი 5🔗. დანახარჯები და გადასახადები
1. ელექტროენერგეტიკული საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შედგება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან, გადასახადებისა და მოგებისაგან. სემეკ-ი ლიცენზიატებს დაუდგენს ტარიფს იმის გათვალისწინებით, რომ მათ ამოიღონ ის დანახარჯები, რომლებიც კანონიერი, ფაქტიური და გამართლებულია.
2. ელექტროენერგეტიკული საწარმოების მომსახურების დანახარჯები გაიანგარიშება სათანადო საკალკულაციო მუხლების მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, მათ შორის:
ა. ნედლეული, ძირითადი და დამხმარე მასალები, სათადარიგო ნაწილები რემონტისათვის;
ბ. საწარმოო სამუშაოები და მომსახურება, გარეშე ორგანიზაციების მომსახურების ჩათვლით (სარემონტო და სხვა სამუშაოები); ძირითადი ფონდების რემონტზე გაწეული ხარჯებიდან მათი ღირებულების მხოლოდ 5 პროცენტი შეიტანება წარმოების დანახარჯებში, დანარჩენი კი ზრდის ძირითადი ფონდების საბალანსო ღირებულებას;
გ. საექსპლუატაციო და მომსახურების ხარჯები დაფუძნებული იქნება გასული პერიოდის ფაქტიურ მონაცემებზე; შემდგომში მონაცემები შესწორებული იქნება ფაქტიური ცვლილებების მიხედვით. დაგეგმილი საექსპლუატაციო ხარჯების გაზრდის მიზეზები უნდა იქნეს ახსნილი ლიცენზიატის მიერ;
დ. საწვავი ტექნოლოგიური მიზნებისათვის, ელექტროენერგიის საწარმოებლად;
ე. საწვავი ყველა სახის შენობების გასათბობად, წარმოების ტრანსპორტით მომსახურებისათვის და სხვა;
ვ. ელექტროენერგია და თბოენერგია შეძენილი გარედან სამეურნეო საჭიროებისათვის;
ზ. პერსონალის ხელფასის ფონდი დანარიცხებით (სოც. დაზღვევა, დასაქმების ფონდი, სამედიცინო დაზღვევა);
თ. მანქანა-დანადგარების შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები;
ი. ძირითადი ფონდების ამორტიზაცია შესაბამისი ნორმების მიხედვით, რომელიც დადგენილია საგადასახადო კოდექსით;
კ. სხვა დანახარჯები, მათ შორის: საიჯარო ქირა, ბიუჯეტის სესხებისა და კრედიტების პროცენტის გადახდა, ტექნიკური უსაფრთხოების ღონისძიებათა ხარჯები, მცირეფასიანი და სწრაფცვეთად, საგნების ცვეთის ანაზღაურების ხარჯები, სალიცენზიო გადასახდელი, გადასახდელი ტარიფის დადგენისათვის და სხვა ხარჯები (იგი არ უნდა აღემატებოდეს საერთო დანახარჯების 10%-ს);
ლ. გადასახდელები, მათ შორის: საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადები, ადგილობრივი გადასახადები.
3. ტარიფში დამატებული ღერებულების გადასახადის (დღგ) გათვალისწინების მიზნით საწარმოო დანახარჯებზე გაიანგარიშება დღგ-ს ოდენობა მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. ეს წესი ვრცელდება ელექტროენერგიის ტარიფების მთელ სისტემაზე.
მუხლი 6🔗. ფონდებზე ამონაგების (მოგების) გაანგარიშება
1. ლიცენზიატის წლიური შემოსავლის განსაზღვრისათვის სემეკ-ი ადგენს ფონდებზე ამონაგების დონეს. ფონდებზე ამონაგები იანგარიშება ფონდების ნარჩენი ღირებულების გამრავლებით სემეკ-ის მიერ დადგენილ პროცენტზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ლიცენზიატისათვის წლიური მინიმალური შემოსავლის მიღება. ფონდების ამონაგების პროცენტული განაკვეთი არის საშუალო შეწონილი საინვესტიციო დავალიანებისა და კაპიტალის ამონაგებზე (მოგება).
2. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ან გართულებულია ფონდების რეალური აღდგენითი ღირებულების დადგენა, მაშინ სემეკ-ი წლიური მინიმალური შემოსავლის უზრუნველყოფის მიზნით ადგენს რენტაბელობის მიზნით რენტაბელობის დონეს დანახარჯების მიმართ.
3. რენტაბელობის დონეს თითოეული ლიცენზიატისათვის ცალ-ცალკე განსაზღვრავს სემეკ-ი.
4. ორივე შემთხვევაში ლიცენზიატმა მოგების ხარჯზე საწარმოო ხარჯებისა და გადასახადების დაფარვის შემდეგ, უნდა შეძლოს ძირითადი თანხისა და კაპიტალზე მიზანშეწონილი ამონაგების გადახდა.
5. თუ ლიცენზიატი მოიხთოვს თანხის გათვალისწინებას დამატებით სიმძლავრეთა ახალ მშენებლობაზე კაპიტალური დანახარჯებისათვის, ამისათვის საჭიროა შედგეს შესაბამისი პროექტები და დასაბუთდეს კაპიტალური დანახარჯების მოცულობა. ამის შემდეგ სემეკ-ი მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
მუხლი 7🔗. დავალიანების გათვალისწინება
1. ელექტროენერეტიკულ სექტორში არსებული ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ტარიფების დადგენისას გაითვალისწინება ელექტროენერგეტიკული სექტორის შიგნით და სხვა კრედიტორების მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა.
2. დავალიანების დაფარვის ვადებს, პირობებსა და წესს ტარიფების საშუალებით განსაზღვრავს სემეკ-ი. დავალიანების დასაფარავად გათვალისწინებული იქნება დანამატი ტარიფზე.
მუხლი 8🔗. ელექტროენერგიის დასაშვები დანაკარგები
1. ელექტროენერგიის ტექნიკური და კომერციული დანაკარგების დასაშვებ რაოდენობას ძაბვის თითოეულ დონეზე განაწილებისა და გადაცემისათვის, რომელიც ტარიფში იქნება გათვალისწინებული, ადგენს სემეკ-ი.
2. დასაშვები ტექნიკური დანაკარგების სიდიდე უნდა ეფუძნებოდეს განაწილებისა და გადაცემის სფეროში არსებულ ტექნიკურ მდგომარეობას და ამავე დროს იძლეოდეს ტექნიკური გაუმჯობესების საშუალებას. გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატები პასუხისმგებლები უნდა იყვნენ ამ პირობების დასაკმაყოფილებლად. თუ ლიცენზიატი ვერ დააკმაყოფილებს არსებულ სტანდარტებს, გამოწვეული ფინანსური დანაკარგები არ იქნება გათვალისწინებული ტარიფში. ამასთან შემოსავალი, რომელსაც მიიღებს კომპანია დადგენილ სტანდარტზე უკეთესი მახასიათებლების მიღწევით, რჩება კომპანიის განკარგულებაში, ანუ სემეკ-ის გადაწყვეტილებას ტექნიკური დანაკარგების დასაშვები დონის (ნორმატივების) შესახებ უკუქმედების ძალა არ აქვს.
3. კომერციული დანაკარგების სიდიდის დადგენის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს წინა წლების მდგომარეობა, როცა გადახდა და მომხმარებელთა დავალიანება იყო მისაღებ სტანდარტზე დაბლა. „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ კანონის თანახმად ლიცენზიატებს უფლება აქვთ გამორთონ ის მომხმარებლები ვინც ვერ მოახერხებს მოცემულ დროში გადახდის ვალდებულებების დაკმაყოფილებას. სემეკ-ი უზრუნველყოფს კომერციული დანაკარგების შემცირების განრიგის დადგენას როგორც გადაცემის ისევე განაწილებისათვის. ლიცენზიატის მიერ არსებული სტანდარტების არდაკმაყოფილების გამო გამოწვეული ფინანსური დანაკარგები არ იქნება გათვალისწინებული ტარიფში. ფინანსური შემოსავალი გამოწვეული კომპანიის მიერ დადგენილ სტანდარტზე უკეთესი მახასიათებლების მიღწევისას ლიცენზიატის საკუთრებას წარმოადგენს. სემეკ-ის გადაწყვეტილებას კომერციული დანაკარგების დასაშვები დონის (ნორმატივების) შესახებ უკუქმედების ძალა არ აქვს.
მუხლი 9🔗. წახალისებითი რეგულირება
1. ელექტროენერგეტიკის სექტორის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით სემეკ-ი უფლებამოსილია გამოიყენოს წახალისების არსებული (მიღებული) ფორმები.
თავი IV
ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშება
მუხლი 10🔗. წარმოების ტარიფი
1. ტარიფი წარმოების ლიცენზიატისათვის შეიძლება იყოს ერთსაფეხურიანი ან ორსაფეხურიანი.
2. საბაზრო რეფორმების პირველ ეტაპზე წარმოების ტარიფი ლიცენზიატისათვის იქნება ორსაფეხურიანი. ენერგიის ტარიფი გამოითვლება ენერგიის წარმოების საშუალო ღირებულებიდან, ხოლო სიმძლავრის საფასური დაფუძნებული იქნება ფიქსირებულ ღირებულებაზე. მეორე ეტაპზე წარმოების ლიცენზიატი მიიღებს ენერგიისა და სიმძლავრის ზღვრულ ღირებულებას, მესამე ეტაპზე კი – მხოლოდ ენერგიის ზღვრულ საფასურს.
3. ელექტროსადგურისათვის წარმოების ერთსაფეხურიანი ტარიფის გასაანგარიშებლად წლიური მინიმალური შემოსავალი იყოფა გამომუშავებული (მარგი გაშვება) ელექტროენერგიის რაოდენობაზე.
4. თითოეულ კილოვატზე თვიური სიმძლავრის საზღაური ტოლია წლიური ამორტიზაციის ღირებულებას დამატებული ფონდების რეალური ღირებულება გამრავლებული სემეკ-ის მიერ დადგენილი ფონდების ამონაგების პროცენტზე. მიღებულ შედეგს უნდა დაემატოს სხვა მუდმივი დანახარჯები. იმ შემთხვევაში, როცა მუდმივი დანახარჯები ვერ დგინდება, მის ნაცვლად დაემატება მთლიანი ხელფასის ფონდისა და მასზე დანარიცხების, გადასახადებისა და მომსახურების ხარჯების ნახევარი. ორივე შემთხვევაში მიღებული შედეგი გაიყოფა გარანტირებულ სიმძლავრეზე, რომელიც გადაცემული იქნება მაღალი ძაბვის ქსელისათვის; ხოლო მიღებული შედეგის 12-ზე გაყოფით მიიღება თითოეულ კილოვატზე სიმძლავრის თვიური საფასური.
5. თბოექლეტროსადგურებში თითოეულ კილოვატსაათ ენერგიაზე საფასური ტოლია საწვავის ღირებულებას დამატებული სრული ცვლადი დანახარჯები. იმ შემთხვევაში, როცა ცვლადი დანახარჯები ვერ დგინდება, მის ნაცვლად საწვავის ღირებულებას დაემატება მთლიანი ხელფასის ფონდისა და მასზე დანარიცხების, გადასახადებისა და მომსახურების ხარჯების ნახევარი. მიღებული ჯამი გაიყოფა მაღალი ძაბვის ქსელისათვის გადაცემულ კვტსთ ენერგიაზე, რაც მოგვცემს თბოსადგურებში გამომუშავებულ ენერგიის საფასურს.
6. ჰესებისათვის თითოეულ კილოვატსაათ ენერგიაზე საფასური გაიანგარიშება თბოსადგურების ანალოგიურად საწვავის ღირებულების გამოკლებით.
7. სემეკ-ის მიერ განსაზღვრული რენტაბელობის დონემ დანახარჯების მიმართ უნდა უზრუნველყოს წლიური მინიმალური შემოსავლის მიღება. ამ შემთხვევაში მთლიანი მოთხოვნილება ფულად შემოსავალზე განისაზღვრება წარმოების დანახარჯების, გადასახადებისა და მოგების ჯამით, ხოლო ამ სიდიდის გაყოფით გამომუშავებული (მარგი) ელექტროენერგიის რაოდენობაზე მიიღება ელექტროენერგიის წარმოების ერთსაფეხურიანი ტარიფი.
მუხლი 11🔗. დისპეტჩერიზაციის ტარიფი
1. დისპეტჩერიზაციის ტარიფი უდრის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წლიურ შემოსავალს (მოთხოვნილება) გაყოფილს დისპეტჩერირებულ ენერგიაზე.
მუხლი 12🔗. გადაცემის ტარიფი
1. გადაცემის ტარიფი წარმოადგენს ერთსაფეხურიანს და იგი გაანგარიშდება ყოველთვიურად სიმძლავრეზე წარმოების ტარიფის დადგენის მსგავსად.
2. დანაკარგები, რომელთაც ადგილი ექნება გადაცემის დროს, ასახული იქნება მომხმარებლის ტარიფში, მაგრამ გადაცემის ლიცენზიატი არ მიიღებს არანაირ ფინანსურ ანაზღაურებას დანაკარგებისათვის.
3. გადაცემის თვიური ტარიფის გასაანგარიშებლად წლიურ შემოსავალზე მოთხოვნილება უნდა გაიყოს სისტემის პიკურ გატარებაზე. შედეგი აგრეთვე გაიყოფა 12-ზე, რაც მოგვცემს გადაცემის ტარიფს პიკური დატვირთვისათვის კვტ-ზე გადაანგარიშებით.
4. გადაცემის ტარიფების გამოთვლა უნდა ჩატარდეს ცალ-ცალკე ძაბვების ორი ჯგუფისათვის მაღალი ძაბვისათვის (მძ 110, 35 კვ) და ზემაღალი ძაბვისათვის (ზმძ 500, 330, 220 კვ) შესაბამისად.
მუხლი 13🔗. პირდაპირი მომხმარებლის ტარიფი
1. ელექტროენერგიის ბაზრის ჩამოყალიბების შემდეგ პირდაპირი მომხმარებლების მიერ შეძენილი ელექტროენერგიის საფასური ტოლი იქნება საბითუმო ბაზრიდან შეძენილი ენერგიის და სიმძლავრის საფასურს დამატებული დისპეტჩერიზაციის ღირებულება. შემდგომში, შეძენილი ელექტროენერგიის საფასური შესწორებული იქნება ისეთნაირად, რომ გათვალისწინებულ იქნეს დასაშვები დანაკარგები.
2. ყველა პირდაპირი კონტრაქტი შეთანხმებული უნდა იქნეს სემეკ-თან. წარმოების ლიცენზიატებისაგან შესყიდული ენერგიის ფასი ტოლია წარმოების საშუალო ღირებულებისა. წარმოების ლიცენზიატებს შეუძლიათ დადონ კონტრაქტი საფასურის გადახდის პირობებზე ან სხვა სახის ფინანსურ დათმობებზე, მაგრამ მას გავლენა არ ექნება საფასურზე. დათმობების მიზანი იქნება ენერგიის სტაბილური მიწოდების გარანტია. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ არ იქნება დარღვეული კონტრაქტი, დისპეტჩერი უზრუნველყოფს გარანტირებული ელექტროენერგიის მიწოდებას. საბაზრო წესების თანახმად, ასეთი სახის კონტრაქტებს დათმობილი ექნებათ მაღალი ადგილი შეზღუდვების სიაში; კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში გენერაციის ლიცენზიატი ამის შესახებ აცნობებს სემეკ-ს, რომელიც თავის მხრივ შეატყობინებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მომხმარებელთა ცვლილებების თაობაზე.
მუხლი 14🔗. განაწილების ტარიფი
1. განაწილების მომსახურების ტარიფი ტოლია განაწილების ლიცენზიატის შემოსავალი (მოთხოვნილება) გაყოფილი მის პიკურ მოხმარებაზე. იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს მონაცემები ძაბვების მიხედვით, ტარიფი დაყოფილი იქნება საშუალო (10, 6 კვ) და დაბალი (380/220 ვ) ძაბვის ტარიფებად. თითოეული ძაბვისათვის ტარიფი გათვლილი იქნება ცალ-ცალკე.
მუხლი 15🔗. საცალო ტარიფი
1. სემეკ-ის გადაწყვეტილების მიხედვით საცალო ტარიფი შეიძლება იყოს ერთსაფეხურიანი. საცალო ტარიფი შეიძლება დაყოფილ იქნეს ძაბვების მიხედვით.
2. ერთსაფეხურიანი საცალო ტარიფის გამოსათვლელად გაერთიანებული იქნება განაწილების კომპანიის მიერ შეძენილი ენერგიის ღირებულება, სიმძლავრის საფასური და განაწილების ტარიფი. შედეგი გადაანგარიშებული იქნება დასაშვები დანაკარგების გათვალისწინებით, ტარიფი გაიანგარიშება მოხმარებულ კვტსთ ენერგიაზე.
3. ორსაფეხურიანი ტარიფის შემთხვევაში ენერგიის ტარიფის გამოსათვლელად ენერგიის საფასური შესწორებული უნდა იქნეს დასაშვები საშუალო დანაკარგების მიხედვით. მსგავსად ენერგიისა, სიმძლავრის საფასური შესწორებული იქნება დასაშვები საშუალო დანაკარგების მიხედვით; საცალო ტარიფში სიმძლავრის ნაწილი უდრის ელექტროენერგიის დანაკარგების მიხედვით შესწორებული სიმძლავრის ღირებულებას დამატებული განაწილების ტარიფი. საბოლოო საცალო ტარიფი იქნება ორსაფეხურიანი სიმძლავრესა და ენერგიაზე. თუ მომხმარებელთა მოცემული ჯგუფის წევრებისათვის პიკური დატვირთვის მონაცემები არ არსებობს, მთელი კლასის პიკური დატვირთვა გაიყოფა კლასში არსებულ მომხმარებელთა რიცხვზე, რაც მოგვცემს ამ კლასის თითოეული მომხმარებლის გადასახდელ ტარიფს.
4. დაბალი და საშუალო ძაბვის მომხმარებლისათვის ცალკეული ტარიფის გამოთვლა დამოკიდებული იქნება მათ შესახებ მონაცემთა არსებობაზე. იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ღირებულებათა მონაცემები საშუალო და დაბალი ძაბვის მომხმარებლისათვის, ტარიფი გამოთვლილი იქნება ცალ-ცალკე. თუ არსებობს მონაცემები დანაკარგების შესახებ, ტარიფი შეიძლება შესწორებულ იქნეს თითოეული ძაბვის მომხმარებლის მიხედვით. მომხმარებლები, რომლებიც საშუალო ძაბვაზე იღებენ ელექტროენერგიას, მათი მომსახურების სიიაფის გამო გადაიხდიან ნაკლებ საფასურს დაბალი ძაბვის მომხმარებელთან შედარებით.
თავი V
ამოსავალი ინფორმაცია
მუხლი 16🔗. მონაცემთა ბაზა
1. ელექტროენერგიის ტარიფის დადგენისათვის აუცილებელ მონაცემთა ჩამონათვალი მოცემულია დანართებში (ცხრილები 1ჰ; 2ჰ; 1დ; 2დ; 2თ; 1გ; 2გ; 1კ; 2კ).
2. პირველ რიგში დასადგენია წარმოების მოცულობის პროგნოზი, ამისათვის საჭიროა განისაზღვროს ელექტროენერგიაზე გადახდისუნარიანი მოთხოვნილება, სადგურის ძირითადი ფონდების, მათ შორის, მანქანა-დანადგარების ტექნიკური მდგომარეობა, წარმოების სიმძლავრე; თბოსადგურებში საწვავის, მისი ცალკეული სახეების (მაზუთი, აირი) შეძენის შესაძლებლობა.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში საწვავის შეძენის შესაძლებლობა პრაქტიკულად შეუზღუდავია; პრობლემას წარმოადგენს საწვავის ოპტიმალური სტრუქტურის განსაზღვრა და ამ მხრივ მინიმალური დანახარჯების მიღწევა.
3. თბოელექტროსადგურებში პროდუქციაზე (ელექტოენერგიაზე) წარმოების დანახარჯების ძირითადი შემადგენელი ელემენტი საწვავია; ამიტომ ტარიფის ოპტიმალური დონის განსაზღვრისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საწვავის ოპტიმალური სტრუქტურის განსაზღვრას, რაც გულისხმობს ყოველ გამომუშავებულ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე მინიმალური პირობითი საწვავის (გრამ/კვტსთ) ოდენობის დადგენას მინიმალური ღირებულებით.
4. ელექტროენერგიის წარმოების დანახარჯების მნიშვნელოვანი ელემენტია ამორტიზაცია. ამორტიზაციის თანხა გაიანგარიშება ძირითადი ფონდების გადაფასებული ნარჩენი ღირებულებიდან დადგენილი ნორმების მიხედვით
5. უნდა განისაზღვროს საწარმოში მომუშავე პერსონალის აუცილებელი და საკმარისი ოდენობა, აგრეთვე პერსონალის საშუალო ხელფასი. გაანგარიშების საფუძვლად აიღება გასული წლების ფაქტიური მონაცემები. მომუშავეთა რაოდენობისა და საშუალო ხელფასის ნამრავლი წარმოადგენს შრომის ანაზღაურების პროგნოზულ მოცულობას. შრომის ანაზღაურებაზე მთლიანი დანახარჯების განსაზღვრისათვის საჭიროა შრომის ანაზღაურების აღნიშნულ მოცულობას დაემატოს სოციალური გადასახადები დადგენილი ნორმის მიხედვით.
6. წარმომადგენელი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია მისი წარმომდგენი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI
ტარიფების დადგენის წესები და პროცედურები
მუხლი 17🔗. ტარიფების დადგენის პირობები და პრინციპები
1. ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის წესები და პროცედურები განსაზღვრავს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების ფასების დასადგენად ელექტროენერგეტიკის ყველა ლიცენზიატისა და მომხმარებლის მიერ სემეკ-ში წარმოდგენილი განაცხადი.
2. სემეკ-ი ელექტროენერგიის ტარიფს ადგენს „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ კანონის, მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესებისა და სემეკ-ის სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. მხოლოდ სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფით უნდა განახორციელოს ყველა ლიცენზიატმა ელექტროენერგიის წარმოებაზე, გადაცემაზე, დისპეტჩერიზაციასა და განაწილებაზე გაწეული მომსახურება, ხოლო მომხმარებელმა – ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება.
3. ტარიფის დასადგენად ლიცენზიატები ან/და საწარმოო მომხმარებლები (შემდგომში – მომხმარებლები) ვალდებულნი არიან წარადგინონ სემეკ-ში განაცხადი და ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ტარიფის დასადგენად. განაცხადში მოცემული უნდა იყოს განაცხადის წარმომდგენის დასახელება, მომსახურების სახე, მისამართი, საკუთრების ფორმა, საბანკო რეკვიზიტები (მომსახურე ბანკის დასახელება, მისამართი, ანგარიშის ნომერი და კოდი), ხელმძღვანელის გვარი, სახელი, ტელეფონი.
ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სემეკ-ის მიერ განსაზღვრული ფორმების მიხედვით და მას თან უნდა ერთვოდეს აუდიტორული დასკვნა ინფორმაციის სისწორის შესახებ. ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს მოთხოვნილი ინფორმაციის სისწორის შესახებ. ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს მოთხოვნილი ტარიფის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, წლიური საბუღალტრო ბალანსი დანართებით.
4. ყოველი სატარიფო განაცხადი ხელმოწერილ უნდა იქნეს ლიცენზიატის წარმომადგენლის მიერ. ხელის მომწერი პასუხისმგებელია ინფორმაციის დროულ შეგროვებაზე. ხელმოწერა ადასტურებს, რომ წარმომადგენელი მონაცემები ზუსტი და სრულია.
მუხლი 18🔗. ტარიფების დადგენის პროცედურები
1. სემეკ-ი 30 დღის განმავლობაში განიხილავს წარმოდგენილ განაცხადს და ადგენს:
ა. მიიღოს განაცხადი სრულად. თუ საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია განაცხადს ჩათვლის სრულად, მაშინ შესაბამისი წერილი ეგზავნება ლიცენზიატს, რომელშიც აღინიშნება განაცხადის მიღების თარიღი;
ბ. მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. თუ საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია მოითხოვს დამატებით ინფორმაციას, მაშინ განაცხადი არ ჩაითვლება სრულად სანამ ასეთი ინფორმაცია არ იქნება წარმოდგენილი;
გ. მას შემდეგ, რაც საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია განაცხადს მიიღებს სრულად, იგი ამის შესახებ გააკეთებს საჯარო განცხადებას. საჯარო განცხადებაში აღინიშნება, რომ სატარიფო განაცხადი იმყოფება საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში და მისი გაცნობა შესაძლებელია სამუშაო საათებში. ასევე დადგინდება ბოლო ვადა, რომლის გასვლამდეც დაინტერესებულ მხარეებს შეეძლებათ წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები და კომენტარები;
დ. კომენტარები სატარიფო განაცხადზე უნდა შეიცავდეს ფაქტის კონსტატაციასა და არგუმენტს. შენიშვნები შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. მხარემ, რომელმაც წარმოადგინა შენიშვნები, ასლი უნდა გაუგზავნოს განაცხადის შემომტან ლიცენზიატსაც. ლიცენზიატს 15 დღის ვადაში შეუძლია საპასუხო წერილით მიმართოს ოპონენტს.
2. იმ შემთხვევაში, თუ ტარიფი სემეკ-ის მიერ დამტკიცდება მთლიანად ან ნაწილობრივ (გარკვეული პირობების გათვალისწინებით), იგი ძალაში შევა განაცხადის შეტანიდან 150 დღის შემდეგ.
3. სემეკ-მა, მას შემდეგ, რაც განაცხადი მიღებულ იქნა, 3 თვის განმავლობაში უნდა განიხილოს იგი და მიიღოს შემდეგი შესაძლო გადაწყვეტილებათაგანი:
ა. დააკმაყოფილოს მოთხოვნა და დაადგინოს ტარიფი;
ბ. დააბრუნოს განაცხადი დამატებითი ინფორმაციისათვის.
4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სემეკ-ს განმცხადებელთან შეთანხმებით შეუძლია გააგრძელოს განაცხადის განხილვის ვადა.
5. სემეკ-ი 10 დღით ადრე, წერილობით აცნობებს ლიცენზიატს სატარიფო განაცხადის განხილვის თარიღს, რათა მისცეს მას შესაძლებლობა დაესწროს სხდომას.
6. სემეკ-ი ტარიფების დადგენის პერიოდში მომხმარებელთაგან ან მათი წარმომადგენელებისაგან იღებს შენიშვნებსა და კომენტარებს. სემეკ-ი უფლებამოსილია ტარიფების დადგენის პროცესში ყველა მხარეს მოსთხოვოს ინფორმაცია და აუცილებელი ახსნა-განმარტებანი.
7. ლიცენზიატები და სხვა დაინტერესებული მხარეები უფლებამოსილნი არიან სემეკ-ს მიმართონ თხოვნით, რათა მან გადახედოს ან მოდიფიცირება გაუკეთოს მიღებულ გადაწყვეტილებას ტარიფის დადგენის შესახებ. გადაწყვეტილების გადახედვის მიმართვაში ნათლად უნდა იყოს აღნიშნული:
ა. სადავო ფაქტები;
ბ. კანონები ან ნორმატიული აქტები, რომლებზე დაყრდნობითაც განმცხადებელი მოითხოვს გადაწყვეტილების გადახედვას.
8. სემეკ-ი იღებს მიმართავს და 10 დღის ვადაში აკეთებს საჯარო განცხადებას. საჯარო განცხადებაში აღინიშნება, რომ სატარიფო განაცხადი იმყოფება სემეკ-ში და მასთან გაცნობა შესაძლებელი იქნება სამუშაო საათების განმავლობაში, ასევე დადგინდება ბოლო ვადა, რომლის გასვლამდეც დაინტერესებულ მხარეებს შეეძლებათ წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები და კომენტარები. შენიშვნები უნდა შეეხებოდეს მხოლოდ სადავო ფაქტებს ან შესაბამის კანონებსა და ნორმატიულ აქტებს.
9. სემეკ-ი, საჯარო განცხადებიდან 6 დღის ვადაში განიხილავს მიმართვას და იღებს შემდეგ შესაძლო გადაწყვეტილებას:
ა. დაამტკიცოს მიმართვა მთლიანად ან ნაწილობრივ და გადახედოს ტარიფს;
ბ. უარი თქვას მიმართვის დაკმაყოფილებაზე;
გ. განსაკუთრებულ შემთხვევებში სემეკ-ს აქვს უფლება, შესაბამის მხარესთან შეთანხმებით, გააგრძელოს მიმართვის განხილვის ვადა.
მუხლი 19🔗. ტარიფის დადგენის საფასური
1. ტარიფების დადგენაზე გაწეული ხარჯები უნდა დაფაროს განაცხადის შემომტანმა. ტარიფის დადგენის საფასურის გადახდა ეკისრება განმცხადებელს და იგი შეტანილი იქნება ტარიფში, მხოლოდ სემეკ-ის მიერ დადგენილი რაოდენობით.
2. თუ ტარიფის გადახედვის თხოვნით სემეკ-ს მიმართა მომხმარებელმა, მასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა დაფაროს მომხმარებელმა, სემეკ-ისა და მომხმარებლის წინასწარი შეთანხმების შესაბამისად.
3. ტარიფის დადგენის საფასური გადახდილ უნდა იქნეს ტარიფის დადგენიდან ორი კვირის ვადაში. იგი უნდა გაანგარიშდეს წლიური სალიცენზიო გადასახდელის, გადაცემისა და განაწილების ქსელის სირთულის, სემეკ-ში ამ მომენტისათვის შემოსული განაცხადების რაოდენობისა და სემეკ-ის მიერ ამ მიზნით დახარჯული დროის მიხედვით.