⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.04.1998)

საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების, სტრუქტურისა და სისტემის ორგანიზაციათა ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.05.1996
ძალის დაკარგვა 30.04.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №315
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 31/05/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
2,304 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.05.1996 მიღება
30.04.1998 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების, სტრუქტურისა და სისტემის ორგანიზაციათა ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №315 1996 წლის 8 მაისი ქ. თბილისი საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების, სტრუქტურისა და სისტემის ორგანიზაციათა ნუსხის დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს თანდართული დებულება, სტრუქტურა და სისტემის ორგანიზაციათა ნუსხა. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 იანვრის №60  დადგენილება. ე. შევარდნაძე საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომში – „სამინისტრო“) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოა, რომლის მთავარი ფუნქციაა კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება. სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყანაში კულტურის სფეროს განვითარებისათვის და ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 2. სამინისტროს კომპეტენციის სფერო მოიცავს ქვეყანაში თეატრალური, კინო, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული, მონუმენტური, დეკორატიულ-გამოყენებითი, საესტრადო და საცირკო პროფესიულ ხელოვნებასა და ხალხურ შემოქმედებას, სახელოვნებო განათლების, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვა-გამოყენებასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას. სამინისტრო მხარს უჭერს და ზრუნავს ქართულ მწერლობაზე, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებზე, უქმნის მათ სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობებს, იღებს ზომებს მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული საგანძურის დაცვისა და პოპულარიზაციისათვის, კულტურის სფეროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და განვითარებისათვის. 3. სამინისტრო თავის პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, კერძო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 4. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებათა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი და შესაბამისი ანგარიშები ბანკში. 5. სამინისტროს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. II. სამინისტროს მუშაობის პრინციპები და ამოცანები 6. სამინისტროს საქმიანობა ემყარება თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობებს, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და ამ საფუძველზე ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკასა, რაც, კერძოდ, ითვალისწინებს; – შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლების აღიარებასა და მისი შეზღუდვის დაუშვებლობას; – სამინისტროს სისტემის ორგანიზაციების თავისუფალ საქმიანობას, ქვეყნის მოქალაქეთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას; – საქართველოში მცხოვრები ეროვნებების, სოციალური ჯგუფებისა და მოქალაქეების მიერ კულტურულ ღირებულებათა შექმნის, გამოყენებისა და გავრცელების თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს; – ხელოვნების სფეროში მსოფლიო კულტურის მიღწევებზე დაფუძნებული განათლების სისტემის განვითარებას. 7. დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტრო: – კულტურის სფეროს დასაფინანსებლად სარგებლობს როგორც სახელმწიფო (საბიუჯეტო), ისე კერძო სტრუქტურების საქველმოქმედო სახსრებითა და სხვა შემოსავლებით; – ხელს უწყობს კერძო ინიციატივებს კულტურის სფეროს დაფინანსების საკითხებში; – ქმნის კულტურის წახალისების ფონდებს; – კოორდინაციას უწევს კულტურის სფეროს განვითარების მიმართულებებსა და პროგრამებს; – კულტურის სფეროში ამკვიდრებს სახელშეკრულებო სისტემას; – ზრუნავს სფეროს შესაბამისი იურიდიულ-სამართლებრივი მომსახურებისათვის; – ხელს უწყობს ხელოვანის თვითგამოხატვასა და შემოქმედებით მოღვაწეობას, პროფესიული განათლების სრულყოფას; იცავს შემოქმედებით მუშაკთა სოციალურ ინტერესებსა და უფლებებს; – უზრუნველყოფს ცხოვრების კულტურული დონის ამაღლებას, ხელოვნების ნიმუშთა და სულიერ ღირებულებათა მისაწვდომობას; – ხელს უწყობს კულტურის დაწესებულებათა ჩამოყალიბებასა და საქმიანობას; – ზრუნავს ახალგაზრდა შემოქმედთა მოღვაწეობის სტიმულირებისა და მათი სოციალური დაცვისათვის; – თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზრუნავს კულტურის სფეროში საავტორო უფლებების დაცვისა და მისი შემდგომი სრულყოფისათვის; – აღკვეთს ყველა უწყებისა და პირის მიერ სამინისტროს ლიცენზიის გარეშე კულტურის ფასეულობათა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას. დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ყველა ზომას იღებს ფასეულობათა უკან დაბრუნებისათვის; – ქმნის პირობებს კულტურის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ფართო თანამშრომლობისათვის, რისთვისაც ხელმძღვანელობს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში აღიარებს ამ უკანასკნელის პრიმატს; – ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო კულტურის ობიექტებისა და ფონდების შექმნას, ეხმარება კულტურის დაწესებულებებს კულტურის სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციების წევრად გახდომაში; – სამომხმარებლო ესთეტიკური პროდუქციის შექმნის მიზნით უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას საერთაშორისო სტანდარტების დონეზე; – ხელს უწყობს და მონაწილეობს საკანონმდებლო ბაზის შექმნაში კულტურის სფეროში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით; – ხელს უწყობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე შემოქმედებსა და კულტურის ორგანიზაციებს კულტურულ ღირებულებათა და ეროვნულ კულტურულ მონაპოვართა დაცვაში, შესწავლასა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობაში. III. სამინისტროს უფლებამოსილებანი 8. სამინისტრო თავის საქმიანობას ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების, საქალაქო, რაიონული კულტურის სამმართველოებისა და კულტურის განყოფილებების მეშვეობით. 9. სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროები, საქალაქო, რაიონული კულტურის სამმართველოები და განყოფილებები, მათდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციები, დაწესებულებები, საწარმოები და სასწავლებლები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას. 10. სამინისტრო ვალდებულია კოორდინაცია გაუწიოს და უხელმძღვანელოს ხელოვნების ყველა მიმართულებას მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მხატვრული დონის შემდგომი ამაღლებისათვის მოსახლეობის კულტურულ-ესთეტიკური მომსახურების მიზნით, კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის სრულყოფისა და კულტურულ-ესთეტიკურ მოთხოვნილებათა მაქსიმალურად დაკმაყოფილებისათვის. 11. დასახულ მიზანთა მისაღწევად, საკადრო პოლიტიკის განხორციელებისათვის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო უფლებამოსილია: – მეთოდური დახმარება გაუწიოს რესპუბლიკის სხვა უწყების კულტურულ საქმიანობაში; – მისცეს რეკომენდაციები სამინისტროს სისტემის უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებს ყოველწლიური მისაღები კონტინგენტის განსაზღვრისა და მათ კურსდამთავრებულთა შრომითი მოწყობის დროს; – საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს აპარატში ხელშეკრულებით მოიწვიოს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი; – შეიმუშაოს ინსტრუქციები, გამოსცეს ბრძანებები და სავალდებულო მითითებანი, განახორციელოს მათი შესრულების კონტროლი. – შეიმუშაოს სფეროსთან დაკავშირებული საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტები და დადგენილი წესით წარუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს; – განახორციელოს კულტურის სფეროს განვითარებისათვის საჭირო კაპიტალური მშენებლობის, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები; – სფეროს განვითარების საჭიროებისათვის შუალედური რგოლების (მისი სამეურნეო ორგანიზაციების) მეშვეობით დადგენილი წესის შესაბამისად აწარმოოს კომერციული საქმიანობა; – მოაწყოს საერთაშორისო, რესპუბლიკური და ადგილობრივი მასშტაბის სემინარები, თათბირები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, ფესტივალები, კონკურსები, გამოფენები, გამოფენა-გაყიდვები, აუქციონები და სხვა ღონისძიებები; – მოამზადოს და გამოსცეს კულტურის სფეროსთან დაკავშირებული ლიტერატურა, პერიოდიკა და სხვ.; დადგენილი წესის შესაბამისად შექმნას სარედაქციო-საგამომცემლო და სარეკლამო დაწესებულებები; – ხელი შეუწყოს რეპერტუარის შერჩევაში შემოქმედებით კოლექტივებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს; – დაამტკიცოს სამინისტროს აპარატის ქვედანაყოფების დებულებები; – ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ცენტრთა შექმნას, მოაწყოს კულტურის დღეები, გაცვლითი გასტროლები, გამოფენები, უზრუნველყოს კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში. IV. სამინისტროს მართვა 12. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 13. მინისტრი: – პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე; – თავის უფლებამოსილებათა ფარგლებში ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებსა და დადგენილებებს, ხელმძღვანელობს და ამოწმებს მათ შესრულებას; – პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; – კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს და მეთოდურ მითითებებს; – თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს აპარატის თანამშრომლებსა და თავისი სისტემის ორგანიზაციების ხელმძღვანელ მუშაკებს; – საჭიროების შემთხვევაში საქართველოს სხვა დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად გამოსცემს ერთობლივ ბრძანებებსა და მითითებებს; – აჩერებს და აუქმებს სისტემის ორგანიზაციების ბრძანებებსა და ინსტრუქციებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს; – წარადგენს კანდიდატურებს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად; – იღებს გადაწყვეტილებებს კულტურის მუშაკთა წახალისების შესახებ; – გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ამტკიცებს და შეაქვს ცვლილებები სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხასა და დანამატებში. დადგენილი წესით წყვეტს სამინისტროს მუშაკთა პრემირებისა და მატერიალური დახმარების საკითხებს. 14. მინისტის ბრძანებები, კოლეგიის დადგენილებები და ინსტრუქციები, აგრეთვე მითითებები სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა ორგანიზაციისათვის. 15. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი. მინისტრის პირველ მოადგილეს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, დანარჩენ მოადგილეებს ნიშნავს მინისტრი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით. 16. ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს მინისტრი. 17. მინისტრის დავალებით მისი ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 18. სამინისტროში იქმნება სათათბირო-კოლეგია, რომელიც აერთიანებს მინისტრს (კოლეგიის თავმჯდომარე) და მინისტრის მოადგილეებს, აგრეთვე სამინისტროს აპარატისა და მისი საუწყებო ორგანიზაციების (საჭიროებისამებრ) ხელმძღვანელებს. კოლეგიის წევრთა რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი. 19. სამინისტროს კოლეგია თავის სხდომებზე განიხილავს კულტურის სფეროს აქტუალურ საკითხებს, პრობლემებს, ისმენს სამინისტროს ქვედანაყოფების, სისტემის დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და წარმოებების ხელმძღვანელთა ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ. კოლეგიის გადაწყვეტილებებს ამტკიცებს მინისტრი. კოლეგიის წევრების აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში მინისტრის გადაწყვეტილება საბოლოოა. V. სამინისტროს ქონება, ფინანსური სახსრები და ლიკვიდაციის წესი 20. სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და სახსრებს, ანუ მის ქონებას, შეადგენს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ძირითადი ფონდები და საბრუნავი საშუალებები. 21. სამინისტროს სახსრებს შეადგენს; ა) ასიგნებანი ბიუჯეტიდან; ბ) საქველმოქმედო შემოწირულებანი და დახმარებები; გ) კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. 22. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენახვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. 23. საბიუჯეტო თანხების ხარჯვა ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით. 24. სხვა შემოსავლებს განკარგავს სამინისტრო და ისინი ამოღებას არ ექვემდებარება (გარდა კანონით გათვალისიწინებული შემთხვევებისა). 25. კულტურის ობიექტების პრივატიზების საკითხი განიხილება კოლეგიაზე (სამინისტროს სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე). 26. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამტკიცებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს სტრუქტურა – ხელმძღვანელობა; – მინისტრის სამდივნო; – ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო; – სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგია; – საორგანიზაციო მუშაობის, კადრებისა და სახელოვნებო განათლების  სამმართველო; – ხელოვნების სამმართველო; – კულტურულ-საგანმანათლებლო და ხალხური შემოქმედების სამმართველო; – საგარეო კულტურულ ურთიერთობათა სამმართველო; – კულტურულ ფასეულობათა ექსპერტიზის, გატანა-შემოტანის რეგულირების სამმართველო; – კულტურული პროგრამების დირექცია; – იურიდიული სამსახური; – პრესცენტრი; – საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება; – საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და კონტროლის განყოფილება; – საერთო განყოფილება; – სამეურნეო განყოფილება. საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემის ორგანიზაციათა ნუსხა – ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო; – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი; – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი; – თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი; – თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი; – თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური თეატრი; – თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი; – თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი „მეტეხი“; თბილისის ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის „ერთი მსახიობის“ სახელმწიფო თეატრი; – თბილისის თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრი; – თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრი; – თბილისის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი; – საქართველოს ცენტრალური საბავშვო თეატრი; – თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი; – თბილისის საბავშვო და საყმაწვილო რუსული სახელმწიფო თეატრი; – ბათუმის სახელმწიფო საოპერო თეატრი; – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრი; – ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი; – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი; – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – აფხაზეთის სამსონ ჭანბას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – სოხუმის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრი; – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – ცხინვალის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო ოსური თეატრი; – რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – რუსთავის თოჯინების სახელმწიფო თეატრი; – გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატული თეატრი; – ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრი; – გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრი; – ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; – კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს თეატრი-სტუდია „ჰერეთი“; – მცხეთა-მთიანეთის სამხარეო თეატრი; – ჟურნალი „ხელოვნება“; – გაზეთი „მუზა“; – საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია; – სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი; – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსამბლი; – ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული აკადემიური ეროვნული ბალეტი; – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“; – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „თბილისი“; – აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი; – აფხაზეთის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ეთნოგრაფიული ანსამბლი; – აფხაზეთის სახელმწიფო ხალხური ანსამბლი „შარატინი“; – აჭარის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი; – ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „სიმდი“; – ქუთაისის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; – საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი; – აფხაზეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი; – აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი; – ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი; – თბილისის მუნიციპალური სიმფონიური ორკესტრი; – თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი; – საქართველოს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა; – აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა; – აჭარის სახელმწიფო კამერული გუნდი; – კამერული მუსიკის ცენტრი; – საქართველოს სახელმწიფო დამსახურებული კამერული ორკესტრი; – საქართველოს სახელმწიფო დამსახურებული სიმებიანი კვარტეტი; – საქართველოს სახელმწიფო საფორტეპიანო ტრიო; – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა; – საქართველოს მირზა გელოვანის სახელობის ახალგაზრდობის სახელმწიფო ბიბლიოთეკა; – საქართველოს ლადო ასათიანის სახელობის სახელმწიფო საბავშვო ბიბლიოთეკა; – საქართველოს ხალხური შემოქმედებისა და კულტურის რესპუბლიკური ცენტრი; – ყიზლარის კულტურის სახლი; – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი; – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; – თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი; – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდია; – საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სასწავლო კინოსტუდია; – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სკოლა-ათწლედი; – თბილისის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებელი; – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებელი; – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სამუსიკო სკოლა; – თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის III სამუსიკო სასწავლებელი; – თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის III სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სამუსიკო ლიცეუმი; – თბილისის შოთა მილორავას სახელობის საესტრადო-საცირკო ხელოვნების სასწავლებელი; – თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი; – თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი; – თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის საკრავიერო ხელოვნების კოლეჯი; – თბილისის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ხელოვნების კოლეჯი; – თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურის სახელმწიფო კოლეჯი; – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქართული სამუსიკო გიმნაზია; – თბილისის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია; – თბილისის ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ცეკვის სახელმწიფო სტუდია; – ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი; – ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სამუსიკო სკოლა; – ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი; – ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი; – ბათუმის იუსუფ კობალაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი; – ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი; – სოხუმის ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი; – ცხინვალის სამუსიკო სასწავლებელი; – ცხინვალის სამხატვრო სასწავლებელი; – რუსთავის შალვა მშველიძის სახელობის ხელოვნების სასწავლებელი; – გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი; – ფოთის ხელოვნების სასწავლებელი; – ფოთის ხელოვნების სასწავლებელთან არსებული ხელოვნების სკოლა; – თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი; – სიღნაღის თემურ მათურელის სახელობის ხელოვნების სასწავლებელი; – საქართველოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; – საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი; – თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმი; – დავით ბააზოვის სახელობის ქართველ ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; – ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი; – საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება – სურათების ეროვნული გალერეა; – კულტურული ურთიერთობის ცენტრი „კავკასიური სახლი“; – ხალხური საკრავების მუზეუმი; – ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი; – გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; – მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი; – რუსეთის კულტურის ცენტრი; – თბილისის ზოოპარკი; – თბილისის სახელმწიფო ცირკი; – დამხმარე საწარმოთა და მომარაგების სამმართველო; – მრავალდარგოვანი გაერთიანება საქკულტმომსახურება „ხალისი“; – რეკლამების გამომშვები დირექცია; – სპეციალიზებული სარემონტო-სამონტაჟო სამმართველო; – ავტოსატრანსპორტო საწარმო; – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო-საწარმოო სახელოსნოები; – სასცენო ტექნიკისა და ტექნოლოგიის ექსპერიმენტული საკონსტრუქტორო ლაბორატორია-სახელოსნო; – კულტურის ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის სახელმწიფო საწარმო; – მცხეთის ალექსანდრე მრევლიშვილის სახელობის კერამიკულ და მხატვრულ ნაკეთობათა სასწავლო-სამეცნიერო საწარმოო კომპლექსი; – ახალგაზრდა ხელოვანთა დიზაინისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების შემოქმედებითი სახელოსნო; – სხვადასხვა სახის ნაკეთობათა საწარმო; – სურათების ეროვნული გალერეის დამხმარე სახელოსნო; – სამხატვრო აკადემიის საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო; – აგროსამრეწველო კომპლექსი; – საპროექტო-დიზაინერული აღდგენა-რესტავრაციის საწარმო; – სახაზინო საწარმო „ინტერდიზაინმშენი; – სახაზინო საწარმო „ექსპრომტი“. კულტურის სამინისტროს სისტემაშია აგრეთვე: 202 სამუსიკო სკოლა, მათ შორის 24 სკოლა ქალაქ თბილისში; 14 ხელოვნების სკოლა, მათ შორის 5 სკოლა ქ. თბილისში; 38 სამხატვრო სკოლა, მათ შორის, – ქ. თბილისში; 3 ქორეოგრაფიული სტუდია; 150 სხვადასხვა სახის (მემორიალური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და სხვ.) მუზეუმი თავისი ფილიალებით; 3100 მასობრივი ბიბლიოთეკა; 2020 საკლუბო დაწესებულება; ავტონომიური რესპუბლიკების კულტურის სამინისტროები; საქალაქო, სარაიონო კულტურის სამმართველოები და განყოფილებები (58) და სხვ.