📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ

მიღების თარიღი 09.05.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №303
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 23(30), 18/05/1999
3,653 სიტყვა · ~18 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №303 1999 წლის 9 მაისი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად: 1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 დეკემბრის №732 ბრძანებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს   ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამი­ნისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში და ფისკალური სფეროს კოორდინატორის უფლებამოსილებას. 2. მოქმედი  კანონმდებლობის მიხედვით სამინისტროს კომ­პეტენციას განეკუთვნება: კომპლექსური მაკროეკონომიკური საფი­ნანსო პროგნოზირება და ანალიზი, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის შემუშავება, შესაბამისი პროგრამებისა და კონცეფციების შედგენა, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის საკითხებზე ნორმატიული აქტების შემუშავება, ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების მიღებისა და საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკის განხორციელებისათვის  ოპერატიული კონტროლის დაწესება; საბიუჯეტო პოლიტიკის შემუ­შავება, აქციზური მარკების შემოღებასთან დაკავშირებული პროცე­სების რეგულირება და მართვა, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულებისათვის საქმიანობის ორგანიზება, საბიუჯეტო პროცესის მართვა და კონტროლი, საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის საკითხებზე ნორმატიული აქტების შემუშავება, სახაზინო სამსახურის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების გაცემა,  შემო­სავლებისა და ხარჯებისადმი ოპერატიული კონტროლის დაწესება, უცხოური საინვესტიციო რესურსების მოზიდვა და ქვეყანაში ინვეს­ტიციური პოლიტიკისათვის ფინანსური მხარდაჭერა, სახელმწიფო ქონების გამოყენებასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მართვაში მონაწილეობა, სახელმწიფო ვალებთან, სახელმწიფო გარანტიებსა და სახელმწიფო სავალო პრეტენზიებთან დაკავშირებული საკითხების მართვა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მართვა და რეგულირება, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირება და რეგლამენტირება, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხების მართვა, ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა, ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი სახელმწიფო სასინჯი კონტროლის გაწევა; საქართველოს ეროვნული ზარაფხანის მეშვეობით მონეტების, ორდენების, მედლების, სხვა სახელმწიფო ჯილდოების, საიუბილეო ნიშნების წარმოება ძვირფასი ქვების, ძვირფასი ლითონებისა და შენადნობების გამოყენებით; სახელმწიფო ტირაჟიანი და მონეტარული ლატარიების ორგანიზება-გამართვის უზრუნველყოფა, საქართველოს ტერიტორიაზე აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშებისა და ლატარიების სახელმწიფოებრივი რეგუ­ლირება და ლიცენზირება, აგრეთვე ამ სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შემუშავება, მათი დაცვის ზედამხედველობა; განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზა და უტილიზაცია; 3. სამინისტრო ხელმძღვანელობს ქვეყნისათვის საჭირო ფინან­სური ბაზის შექმნის სამუშაოებს, შეიმუშავებს ფისკალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტებს. საქართველოს კონსტიტუციის, „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ ადგილობრივი თვით­მმართველობისა და მმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგა­ნული კანონისა და საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს წინადადებებს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღ­ლესი და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ორგანოების მიერ შემუშავებული ბიუჯეტების შეწონას­წორების უზრუნველსაყოფად. 4. სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინის­ტროები, მხარეების, რაიონებისა და იმ ქალაქების საფინანსო ორგანოები, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებული სხვა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და ორგანიზაციები შეადგენენ ქვეყნის ძირითად საფინანსო სისტემას, რომელსაც ხელმძღვანელობს და მართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 5. სამინისტროს სტრუქტურა შედგება სამინისტროს ცენტრალური აპარატისაგან, რომელიც იყოფა ქვედანაყოფებად, სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწესებულებებისაგან. 6. სამინისტროს სისტემაში შემავალი ავტონომიური რესპუბ­ლიკების ფინანსთა სამინისტროები, რაიონებისა და იმ ქალაქების საფინანსო ორგანოები, რომლებიც არ შედიან რაიონის შემად­გენლობაში, იმყოფებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე, ექვემდებარებიან საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს და მმართველობის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს. 7. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზი­დენტი. 8. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ბეჭედი საქარ­თველოს გერბითა და წარწერით:  „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“. 9. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, 380062, ი.აბაშიძის ქ. 70. 10. სამინისტროს რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამინისტროს ამოცანები სამინისტროს ამოცანებია: ა) საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყნის საფინანსო სისტემის მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება; ბ) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, პერსპექტიული განვი­თარების ძირითადი მიმართულებებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმების ფარგლებში საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების შემუშავება და  მათი განხორ­ციელება; გ) საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე საგა­დასახადო, საბაჟო, საერთაშორისო საფინანსო და საბიუჯეტო პოლიტიკის შესახებ წინადადებათა შემუშავება მოქმედი კანონ­მდებლობის სრულყოფისათვის; დ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის პერსპექტიული განვი­თარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, შესაბამისი პროგრამებისა და კონცეფციების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება; ე) საგადასახადო და საბაჟო სისტემებში შემავალი გადასახადების აკრეფის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის სათანადო დასკვნებისა  და წინადადებების მომზადება; ვ) საგადასახადო და საბაჟო სფეროს მარეგულირებელი საკანონ­მდებლო აქტებისა და გადასახადით დაბეგვრის შესახებ სახელ­მწიფოთაშორისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ზ) საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობების აღსრულებისა და გამოყენებისათვის ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების შედგე­ნაში მონაწილეობა; თ) საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონ­მდებლობის საფუძველზე, საბიუჯეტო სისტემის ერთიანობის პრინ­ციპებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობის ხელმძღვანელობა და მეთოდოლოგიური საქმიანობის განხორციელება ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო მოწყობის საკითხების მოგვარებისათვის; ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და დაქვემდებარებული საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ნორმების შესრულების კონტროლი; კ) სახელმწიფო ფინანსური სახსრების ნაკადების ოპერატიული მართვა  და სახელმწიფო ფინანსური რესურსების ხარჯვის კონტროლი; სახელმწიფო სახსრების ეკონომიური და ეფექტიანი გამოყენებისათვის, ფინანსური რეზერვების შექმნისა და მოქმედი წესების შესაბამისად სარეზერვო სახსრების ხარჯვის ძირითად და პრიორიტეტულ მიმარ­თულებათა დაცვისათვის ზრუნვა; ლ)  სახელმწიფო ვალის ფორმირების, მართვისა და მომსახუ­რების ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო დებულებების შემუშავება სახელმწიფო ვალის რეესტრისა და სახელმწიფო გარანტიების რე­ესტრის წარმოების შესახებ და მათი წარმოება; მ) სახელმწიფო საგარეო ვალების ფორმირების, მართვისა და მომსახურების განხორციელება; ამ ვალების დაფარვის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრა და მათი შესრულებისათვის ზომების მიღება; ნ) სახელმწიფო  საშინაო ვალის მართვა და მომსახურება, სხვა­დასხვა სავალო ვალდებულებათა სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარების საკითხის განსაზღვრა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით დადგენილი წესით; ო) სახელმწიფოს მიერ გრანტების სახით მიღებული ქონების მიზნობ­რივი გამოყენებისადმი ოპერატიული მეთვალყურეობის გაწევა და ამ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ამოღებული სახსრების ბიუჯეტში ჩარიცხვის დროულობისა და სისრულისადმი ოპერატიული კონტროლი; პ) ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებასა და პრიორი­ტეტულ საინვესტიციო მიმართულებათა ფორმირებაში მონაწილეობა; ჟ)  სახელმწიფო ქონებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყე­ნების ფინანსური ასპექტების შესწავლა და არსებული პოტენციალის ეფექტიანი მართვის შესახებ წინადადებებისა და დასკვნების მომ­ზადება; რ) რეალური სექტორის განვითარების დარგობრივი და კომპლექ­სური პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ს)  საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, სხვა სამინის­ტროებსა და უწყებებთან ერთად საბაზრო ურთიერთობათა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების საფუძველზე ეკონომიკის ცალკეული დარგების რენტაბელობისა და მოგების გადიდების ღონის­ძიებათა შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა; ტ) სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნი­ლი იურიდიული პირების ფინანსური ურთიერთობის საკითხების სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება და ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და მონიტორინგის განხორციელება; უ) საფინანსო სისტემის პერსპექტიული განვითარების მეცნი­ერული კონცეფციების მომზადება, ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროს პრობლემატურ საკითხებზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულება და მათი პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვა; ფ) მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების დამზადების, შენახვისა და გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების მომზადება მათი სახეობებისა და ნუსხის განსაზღვრა-დამტკიცება და პოლიგრაფიული შესრულება; ქ) ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ფუნქციონი­რებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და სრულყოფის შესახებ წინადადებათა მომზადება; ფასიანი ქაღალდების ორგა­ნიზებული ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება და მეთოდური ხელმძღვანელობა; ღ) სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეო-ეკონომიკური საქმიანო­ბის ფინანსურ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მომზა­დებაში   მონაწილეობა; ყ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის წარ­მართვა და საგარეო ფინანსური დახმარების კოორდინაცია; შ)  სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში კადრების შერჩევის, განაწილების, მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღ­ლების სამუშაოთა ორგანიზაცია; ჩ) სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლებებსა და საწარმოებში საჭიროების შემთხვევაში საორგანიზაციო საქმიანობისა და საკადრო პოლიტიკის გატარების ღონისძიებათა განხორციელების მიმდინარეობის შემოწმება; ც) სახელმწიფო ტირაჟიანი და მონეტარული ლატარიების ორგა­ნიზება-გამართვის უზრუნველყოფა, საქართველოს ტერიტორიაზე აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშებისა და ლატარიების სახელმწიფოებრივი რეგულირება და ლიცენზირება, აგრეთვე ამ სფეროში საკანონმდებლო  და ნორმატიული აქტების შემუშავება, მათი დაცვის ზედამხედველობა; ძ) განაღდებული  და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატა­რიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზა და უტილიზაცია; ჭ) საქართველოში აქციზური მარკების სრულყოფილად დანერგვი­სათვის შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი. მუხლი 3🔗. სამინისტროს ფუნქციები სამინისტროს ფუნქციებია: ა) „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტიული განვითარების პროგრამებისა და საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების წლიური ინდიკატური გეგმების, სამინისტროს ექსპერტული შეფასებების მიხედვით საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და საქართველოს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტების ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის მომზადება და საქართველოს კონსტიტუციითა და აღნიშნული კანონით დადგენილ ვადებში მისი წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისათვის, აგრეთვე სახელმწიფო გადასახადებიდან ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება; ბ) „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგანგებო მდგო­მარეობის შემოღებისა და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებების მიზნობრივი დაფინანსებისათვის საგანგებო ბიუჯეტისა და ამ ბიუჯეტის შევსებისათვის საჭირო ახალი გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ კანონის პროექტის მომზადება და საქართველოს პრეზი­დენტისათვის წარდგენა; გ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების უზრუნველყოფა; ბიუ­ჯეტის დაბალანსებისათვის საბიუჯეტო დეფიციტის ზღვრული სიდიდის გაანგარიშება და მისი შევსების წყაროების განსაზღვრა სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე; ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული სიდიდის გადაჭარბების შემთხვევაში სეკვესტრის მექანიზმის გამოყენება კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში; დ) საბიუჯეტო რეგულირების განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტსა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის სახელ­მწიფო შემოსავლების გადანაწილების გზით, რაც გამოიხატება დადგენილი წესით მიზნობრივი ტრანსფერების გადაცემითა და დრო­ებითი სიძნელეების დაძლევისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოკლევადიანი საბიუჯეტო სესხების გამოყოფით; ე) საქართველოს პარლამენტის მიერ წლიური სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ კანონის დამტკიცების შემდეგ ამ ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების კვარტალური განაწესის შედგენა და დამტკიცება; დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის შესრულება დამ­ტკიცებული განწერის მიხედვით; ვ) „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წელიწადში ორჯერ, საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე 3,5 თვით ადრე მომავალი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვისათვის, აგრეთვე საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2,5 თვისა საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრუ­ლების შესახებ ანგარიშის წარდგენა; ზ) სახაზინო სამსახურის მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებაში მონაწილეობა და ამ ბიუ­ჯეტის შესრულების ოპერატიული კონტროლი; თ) საერთაშორისო-საფინანსო სტატისტიკის ნორმების შესაბამისი ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების ასახვის ერთიანი ფუნქციური კლასიფიკაციის გამოყენებით სახელმწიფო და ტერიტორიული ერთე­ულების ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანგარიშების შედგენა და დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა; ი) საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესრულებისას საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ბიუჯეტის საკასო შესრულების კონტროლის დაწესება და საქარ­თველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც აგენტ ბანკთან, ერთად ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი პარამეტრების დაცვაში მონაწილეობა; კომერციული ბანკების მიმართ დადგენილი წესით ფინანსური სანქციების გამოყენება საბიუჯეტო სახსრების შეჩერების, არამიზნობრივად გამოყენების ან გადარიცხვის ვადების დარ­ღვევისათვის; ასეთ დარღვევათა პროფილაქტიკისა და აღმოფხვრის მიზნით შესაბამის საბანკო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პერიოდული სააუდიტო შესწავლის მოწყობა; კ) სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების წესის შემუშავება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების ხარჯვის ნორმებისა და ნორმატივების სრულყოფა; სახაზინო სამსახურის მეშვეობით დაწესებული ნორმებისა და ნორმატივების დაცვა, მათი გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება; ლ) სამინისტროს სისტემის სამეცნიერო-კვლევითი დაწესე­ბულებების მეშვეობით ქვეყნის საფინანსო სისტემის განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებზე მუშაობა; საგადასახადო-საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფა და ახალი ნორმატიული აქტების შემუშავება; მ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის რეალიზაციასთან დაკავ­შირებული საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების შესრულების ორგანიზაცია და კონტროლი; ნ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მუშაობის შედეგების ანალიზი და პროგნოზირება მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღ­ლებისა და შემდგომი სრულყოფის შესახებ რეკომენდაციების მომზადება; ო) საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობების დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება, ამ სფეროში სამარ­თალდარღვევების გამომწვევი მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად შესაბამის წინადადებათა წარდგენა; პ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება, მათი გამოცდილების შესწავლა-განზოგადება და პრაქტიკულ საქმი­ანობაში დანერგვის ორგანიზება;  – მოხსენებების მომზადება არსებული საგადასახადო და ხარ­ჯვითი სისტემის ფუნქციონირების სისტემის შესახებ; – გადასახადების მობილიზაციის პროგნოზირება მაკრო­მოდელირების ან სხვა მოდელების გამოყენებით; – გადასახადების ყოველთვიური მობილიზაციის მონიტორინგი; – შემოსავლებისა და ხარჯების მონაცემებთან დაკავშირებით ანგარიშგების სისტემის გადახედვა; –  მიღებული საგადასახადო კანონების ანალიზი  და შესაბამისი წინადადებების მომზადება. ჟ) სახელმწიფო მმართველობის ორგანოების სტრუქტურის სრულყოფისა და მათი შენახვის ხარჯების ოპტიმიზაციის  ღონის­ძიებებში მონაწილეობა და მმართველობის აპარატის დადგენილი რიცხოვნობისა და შესანახი სახსრების ეკონომიური ხარჯვის კონტროლი; რ) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან ერთად მოსახ­ლეობის სოციალური დაცვის გაუმჯობესების საერთო სახელმწიფოებრივი პროგრამებისა და ღონისძიებების განხილვა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობა; ს) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქვეყანაში ბუღალ­ტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება; სამინისტროების, უწყებების, სახელმწიფო საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა  და ანგარიშგებისათვის საქმიანობის მეთოდური ხელმ­ძღვანელობა და მონიტორინგი; ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების, საბიუჯეტო დაწესებულებათა ხარჯთა ნუსხების აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების შედგენა; ტ) ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის ღონისძიებათა განხორ­ციელებაში მონაწილეობა; ფულის მიმოქცევის მდგომარეობის შესწავლისა და მისი გაუმჯობესების შესახებ წინადადებათა შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; უ) საშინაო ვალის აღრიცხვის, მისი ანალიზის, რესტრუქ­ტურიზაციის, მართვისა და მომსახურების უზრუნველყოფა; საშინაო ვალის მომსახურებისა და ვალის დაფარვისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრების მოცულობის განსაზღვრა და მისი გადახდისადმი ოპერა­ტიული მონიტორინგის განხორციელება; ფ) სხვადასხვა ვადიანი სახელმწიფო სასესხო ვალდებულებების გამო­შვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავება, ემისიების განხორციელება და სახელმწიფო საშინაო ვალის მომსახურება; ქ) ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექციის მეშვეობით ფასიანი ქაღალდების სფეროში საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების შესრულების, ფასიანი ქაღალდების ორგა­ნიზებული ბაზრისა და ბაზრის ლიცენზირებულ პროფესიონალ მონა­წილეთა მიერ ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლი; ღ) ეროვნული მეურნეობის დარგების განვითარების პროგრა­მების ფინანსური ასპექტების შესახებ დასკვნებისა და წინადადებების მომზადება, ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული მიმარ­თულებებიდან გამომდინარე, ინვესტიციურ რესურსებზე მოთხოვ­ნილების განსაზღვრა; ყ) სახელმწიფო სესხის სახით გაცემული სახსრების მიზნობრივი გამოყენებისა და დაბრუნების საკითხის მონიტორინგი, შესწავლა-გაანალიზება და აუცილებლობის შემთხვევაში მათი რესტრუქ­ტურიზაციის შესახებ წინადადებების შემუშავება, აგრეთვე კანონ­მდებლობით განსაზღვრული ზომების მიღება მათი დროული დაბრუნების უზრუნველსაყოფად; შ) ქვეყნის ბუნებრივი პოტენციალის გამოყენებისა და ბუნებრივი რესურსების კვლავწარმოების  მიზნობრივი პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის ექსპერტიზა და სათანადო დასკვნების მომზადება; ჩ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოებსა და ორგანიზაციებში სახელ­მწიფო ქონების წილის (აქციები, პარტნიორის წილი) ფინანსურ მართვასა და ფინანსური შედეგების ფორმირების პროცესებში მონაწილეობა და დასკვნების მომზადება; ც) სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გამოყენების, იჯარით გაცემისა და გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზაციის ოპერატიული კონტროლი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან და იმ უწყებებთან ერთად, რომელ­თაც გადაცემული აქვთ სახელმწიფო ქონების მართვის უფლება; ძ) საგარეო ვალებისა და ვალდებულებების ჩამოყალიბება და შესა­ბა­მისი დასკვნების მომზადება; ფორმირებული სახელმწიფო საგარეო ვალების აღრიცხვა, მართვა და მომსახურება; საგარეო ვალებისა და ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებული საქმიანობა; საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება და კრედიტორებთან შესაბამისი რწმუნებების საფუძველზე მოლაპარაკების გამართვა; წ) საქართველოს მიერ მიღებული ყველა სახის სახელმწიფო გრანტის აღრიცხვა და გრანტით მიღებული საქონლის ან სახსრების გამოყენებისა და ათვისების მიზნობრიობისა და ეფექტიანობის დადგენისათვის შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება; ჭ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სახელ­მწიფოთაშორისი საფინანსო ხელშეკრულებების მომზადება და მოლაპარაკების გამართვა მეორე მხარესთან და მათი ძალაში შესვლის შემდეგ შესრულებისათვის კონტროლის დაწესება; ხ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელ­მწიფო­თა­შორისი ხელშეკრულებების შესახებ დასკვნების მომზადება; ჯ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური საქმიანობის უფლების (ლიცენზიის) გაცემა  და ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლი; ჰ) სამინისტროს სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის გან­ხორ­ციელება, კადრების შერჩევა და განაწილება, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამუშაოთა ორგა­ნიზაცია; აა) სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის მეშვეობით ძვირფასი ლითონებისა და ქვების, მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის გასინჯვა, ანალიზი, ძვირფასი ქვების მახასიათებლების განსაზღვრა, საარბიტრო, საკონტროლო ანალიზებისა და ტექნიკური ექსპერტიზის წარმოება, სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით ნაწარმის დადამღვა და მათთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების დროს ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის აღრიცხვის, შენახვისა და ხარჯვის კონტროლი; აბ) კანონმდებლობით დადგენილი და საფინანსო-საბიუჯეტო სფეროსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება; აგ) აქციზური მარკების სფეროს მარეგულირებელი საკა­ნონმდებლო აქტების მომზადება, აქციზური მარკების რეალიზაცია, მარკების გამოყენებისათვის მკაცრი კონტროლის დაწესება, სამომხმარებლო ბაზარზე მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის მონიტორინგი, დასაბეჭდი აქციზური მარკების რაოდენობის განსაზღვრა და მათი ბეჭდვის ორგანიზება. ად) ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მარეგულირებელი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზისა და მათი ფუნქციონირების მეთოდოლოგიის შემუშავება-სრულყოფა. მუხლი 4🔗. სამინისტროს უფლებამოსილებანი სამინისტრო უფლებამოსილია: ა) მიიღოს სამთავრობო დაწესებულებებისაგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან, ავტონომიური რესპუბლიკების, რაიონებისა და იმ ქალაქების საჯარო ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისაგან, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, აგრეთვე იურიდიული პირებისაგან (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენის, დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულებისა და ფისკალური სფეროს კოორდინირების მიზნით ერთიანი საინფორმაციო ბაზის ფორმირების უზრუნველყოფისათვის საჭირო მონაცემები და ანგარიშები სამინის­ტროს მიერ დადგენილი ფორმით და განსაზღვრულ ვადებში. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის საჭირო მონაცემები და ანგარიშები სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმითა და განსაზღვრულ ვადებში; ბ) „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღოს ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტების შესრულების ანგარიშები, შეადგინოს ამ ბიუჯეტების ნაერთი ანგარიში და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს; გ) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების ცალკეულ საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტისათვის  მოიწვიოს სამთავრობო დაწესე­ბულებების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების საჯარო ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, აგრეთვე იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და სპეცი­ალისტები ან მიიღოს მათგან საჭირო ინფორმაცია; დ) შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს საქარ­თველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საბიუჯეტო დაწესებულებათა და ღონისძიებათა დაფინანსება, თუ: – დადგენილი წესის შესაბამისად სახაზინო სამსახურში წარმოდ­გენილი არ იქნება საბიუჯეტო ხარჯის გაწევის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები; – გამოვლინდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების არადანიშნულებით ხარჯვის ან ადრე გაცემული სახსრების ხარჯვი­სათვის დაწესებული ანგარიშგების წარმოუდგენლობის ფაქტები; ე) გამოითხოვოს საგადასახადო და საბაჟო ორგანოებიდან სამსახურებრივი დანიშნულების ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუ­მენტები, ნორმატიული აქტები და სხვა მასალები; ვ) მიიღოს მონაწილეობა საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მუშაკთა ატესტაციაში, მოაწყოს კონფერენციები, თათბირ-სემინარები, ორგანიზება გაუწიოს კვალიფიკაციის ასამაღლებლად თანამ­შრომელთა როგორც საზღვარგარეთ, ისე ქვეყნის შიგნით მივლინებას; ზ) მისცეს საგადასახადო და საბაჟო ორგანოებს შესასრულებლად სავალდებულო  მითითებები მათ საქმიანობაში გამოვლენილი დარღვე­ვების აღმოფხვრის შესახებ და გააკონტროლოს მათი შესრულება; თ) ფინანსური კონტროლის განხორციელების მიზნით: – მოაწყოს სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და დაქვემდებარებულ საწარმოებში საფინანსო-სამე­ურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მათი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების რევიზია-შემოწმებები; – სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების დავა­ლებების, აგრეთვე ქვეყნის სამართალდაცვის ორგანოების წარდგი­ნების საფუძველზე, სამინისტროს სპეციალისტების მეშვეობით, მოაწყოს შესაბამისი რევიზია-შემოწმებები, გამოკვლევები და ანალიზურ-კვლევითი სამუშაოები; – გაუწიოს კონტროლი (მათ შორის – ოპერატიული კონტროლი) ბიუჯეტის შესრულებასა და საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მარეგუ­ლირებელი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული ნორმების შესრულებას; – დაუწესოს კონტროლი იმ დაწესებულებებს, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო კრედიტებით და კრედიტების სახელმწიფო გარანტიებით, კრედიტების გამოყენების ან სახელმწიფო გარანტიების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ სრულ დაბრუ­ნებამდე; – გაუწიოს კონტროლი სახელმწიფოს მიერ გრანტების სახით მიღებული ფულადი სახსრებისა და ქონების მიზნობრივ გამოყენებას, ამ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ამოღებული სახსრების ბიუჯეტში ჩარიცხვის დროულობასა და სისრულეს; – შეისწავლოს საქართველოს სახელმწიფოსათვის წაყენებული სავალო პრეტენზიების საფუძვლიანობა და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები; ი) ფინანსური კონტროლის განხორციელების შედეგად სახელ­მწიფო ბიუჯეტში დამატებით ჩარიცხული, აგრეთვე გაცემული კრედიტების ან მათ მომსახურებაზე სარგებლის დაგვიანებით ჩარიცხვის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხის 30 პროცენტი მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბამისად მოახმაროს ფინანსთა სამინისტროს მუშაკთა მატერიალურ წახალისებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გან­მტკიცებასა და სხვა ღონისძიებებს მის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად; კ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხებიდან გამომდინარე სახელმწიფოსა და ცალკეულ საწარმოებს (ორგა­ნიზაციებს) შორის წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების თაობაზე კომპეტენტური დასკვნების მომზადების მიზნით გააანალიზოს შესაბამისი მასალები; საჭიროების შემთხვევაში ადგილებზე შეისწავლოს დოკუმენტები და შეიმუშაოს სათანადო წინადადებები; ლ) ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიის სრულყოფის მიზნით შეისწავლოს სახელმწიფო საწარმოებში, ორგანიზაციებში, საბიუჯეტო დაწესებულებებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მდგომარეობა და შეიმუშაოს  წინადადებანი მისი გაუმჯობესების შესახებ; მ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამართოს მოლაპარაკება; ნ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ეკონომიკური საქმიანობის უფლება (ლიცენზია) და დაუწესოს კონტროლი ლიცენზიის პირობების შესრულებას; ო) გაუწიოს კონტროლი ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესრულებას; პ) დაუწესოს სისტემატური კონტროლი საქართველოს ტერი­ტორიაზე აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის კანონიერ მარკირებას; ამოღებული არამარკირებული პროდუქციის განადგურებას ან რეალიზაციას; მოამზადოს მასალები მარკირების გარეშე საქონლის იმპორტირებისა და რეალიზაციის განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი და ადმინის­ტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე. ჟ) გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლება­მოსილებანი. მუხლი 5🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ერთმმართველობის პრინციპის საფუძველზე ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბამისად. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და შვიდი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილეს, მოადგილეებსა და ხაზინის ხელმძღვანელს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქარ­თველოს პრეზიდენტი. 3. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 4. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლე­ბამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინის­ტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთი­ერთობას მინისტრის არყოფნისას. 6. მინისტრი: ა) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამინისტროს სახელით, წარმოადგენს სამინისტროს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ბ) უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე­სებულებებისა და სხვა დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით წყვეტს სამინისტროს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო ცვლილება შე­აქვს სამინისტროს სტრუქტურაში. 7. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვე­დანაყოფების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, აგრეთვე სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 8. მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელ­მძღვანელობას. 9. საჯარო ხელისუფლების შესაბამის ადგილობრივ ორგანოსთან შეთანხმებით მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და  ათავისუფლებს (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი) ტერიტორიული საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელობას. 10. მინისტრს დადგენილი წესით შეაქვს წინადადებანი საქარ­თველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს სამინისტროს ბიუჯეტის შესრულებისათვის. 11. სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარ­გლებში მინისტრი ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ. 12. მინისტრი ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების სტრუქტურას, საქმის წარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიული აქტებით. 13. მინისტრი დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს. 14. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამთავრობო დაწესებულების გამ­გებლობის სფეროს, მინისტრი გადაწყვეტილებას უთანხმებს შესაბამის მინისტრს ან სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელს. 15. მინისტრის წერილობითი მითითება ხარჯების შეჩერების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად ყველა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციისა და სხვა იურიდიული პირისათვის, რომლებიც იყენებენ საბიუჯეტო სახსრებს. 16. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით. 17. მინისტრი პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროსათვის საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შეს­რულების სისრულისა და სისწორისათვის. თავის მხრივ, მინისტრი განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე­სებულებებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სხვა სამსახურების ხელმძღვანელთა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს. 18. მინისტრი პასუხს აგებს სამინისტროს გამგებლობაში გადა­ცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის. 19. მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს; პასუხის­მგებელია მის მიერ ხელმოწერილი ნორმატიული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის. 20. სამინისტროში იქმნება სათათბირო ორგანო – სათათბირო საბჭო, რომელშიც შედიან: მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის გადაწყვეტილებით სამინისტროს აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების თანამდებობის პირები. სათათბირო საბჭოში შეიძლება შეყვანილ იქნენ აგრეთვე სამეცნიერო დაწესებულებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებების წარმო­მადგენლები. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, წევრთა რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი შესაბამისი ბრძანებით. 21. სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკ­უთრებული მნიშვნელობის, აგრეთვე პრობლემატური საკითხების განხილვისა და მათზე დასკვნების მომზადების მიზნით სამინისტროს აპარატის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მუშაკებისა და აგრეთვე მოწვეული სპეციალისტების შემადგენლობით მინისტრის ბრძანებით სამინისტროში სათათბირო უფლებით იქმნება სამუშაო ჯგუფები, კომისიები და სხვა სათათბირო ორგანოები. 22. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს საქვეუწყებო დაწე­სებულებათა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. 23. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწე­სებულებების ხელმძღვანელთა აქტებსა და მოქმედებას, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს. 24. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს მე-5 მუხლის 23-ე პუნქტში მითითებული თანამდებობების პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელ­მძღვანელთა აქტები და მოქმედება მათი მიზანშეუწონლობის მოტივით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად. 25. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს. 26. მინისტრი თავისი ბრძანებით ამტკიცებს სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს დაქვემ­დებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა სამსახურების დებულებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი დებულებები უნდა დამტკიცდეს უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 6🔗. სამინისტროს სტრუქტურა 1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ქმნის: ა) მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფინანსური პროგნოზირების დეპარტამენტი; ბ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი; გ) საბიუჯეტო დეპარტამენტი; დ) სოციალური სფეროსა და მეცნიერების ფინანსების დეპარ­ტამენტი; ე) სამართალდაცვის ორგანოების, თავდაცვისა და სპეციალური სამსახურების ფინანსების დეპარტამენტი; ვ) რეალური სექტორის ფინანსებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტი; ზ) ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებთან მუშაობის დეპარ­ტამენტი; თ) ფინანსური კონტროლის დეპარტამენტი; ი) სახელმწიფო საშინაო ვალის დეპარტამენტი; კ) სახელმწიფო საგარეო ვალის დეპარტამენტი; ლ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; მ) ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიის დეპარტამენტი; ნ) ინფორმაციული და კომპიუტერული უზრუნველყოფის სამ­მართველო; ო) იურიდიული დეპარტამენტი; პ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ჟ) ლატარიების, აზარტული თამაშების და ექსპერტიზა-უტი­ლიზაციის დეპარტამენტი; რ) სამეურნეო სამმართველო; ს) ცენტრალური ბუღალტერია; ტ) მინისტრის აპარატი. 2. სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე­სებულებებია: ა) სახაზინო სამსახური; ბ) ფასიანი ქაღალდებისა და საფონდი ბირჟების ინსპექცია; გ) სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია; დ) აქციზური მარკების სამსახური; ე) ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; ვ) საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯი; 3. ტერიტორიული ორგანოებია: ა) ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები (ორ­მა­გი დაქვემდებარება); ბ) სამხარეო საფინანსო ადმინისტრაციები; გ) რაიონებისა და იმ ქალაქების საფინანსო ორგანოები, რომ­ლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში (ორმაგი დაქვემ­დებარებით).