ელექტროენერგიის ტარიფის სრულ (რეალურ) ღირებულებაზე 2000 წლამდე ეტაპობრივი გადასვლის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №4
1998 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
ელექტროენერგიის ტარიფის სრულ (რეალურ) ღირებულებაზე 2000 წლამდე ეტაპობრივი გადასვლის შესახებ
საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე ეკონომიკურმა და ორგანიზაციულ-სტრუქტურულმა რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკის სექტორის რეაბილიტაცია და მისი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე ორიენტირებულ ეფექტურ დარგად გადაქცევა.
ამ პროცესში ერთ-ერთი უმთავრესია ელექტროენერგიის ყველა საფეხურის (წარმოება, გადაცემა, დისპეტჩერიზაცია, განაწილება და მოხმარება) ტარიფების დადგენა და რეგულირება, რომელიც ეფუძნება „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონს და საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც ელექტროენერგიის ტარიფი სრულად უნდა ასახავდეს, ერთი მხრივ, მის წარმოებაზე, გადაცემაზე, დისპეტჩერიზაციასა და განაწილებაზე გაწეულ დანახარჯებს, უზრუნველყოფდეს გაწეული კაპიტალური დაბანდებების ამოგების სამართლიან დონეს, ენერგეტიკული საწარმოების ფინანსურ და ტექნიკურ სტაბილურობას, და, მეორე მხრივ, იცავდეს მომხმარებლებს ელექტროენერგიაზე მონოპოლიური ფასებისაგან.
ელექტროენერგიის დღევანდელი სატარიფო სისტემა ვერ პასუხობს ამ მოთხოვნებს; ელექტროენერგეტიკული საწარმოების შემოსავლები ელექტროენერგიის საფასურის მთლიანად გადახდის შემთხვევაშიც კი ვერ ფარავენ მათი გამართული და უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭირო მიმდინარე ხარჯებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით, „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. ეკონომიკის ცალკეული დარგების განვითარების ხელშეწყობისა და მოსახლეობის გადახდისუნარიანობის დონის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის სრულ (რეალურ) ღირებულებაზე დაფუძნებული ყველა საფეხურის ტარიფი სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს ეტაპობრივად – 1998 წლის IV კვარტლიდან 2000 წლამდე.
2. პირველ ეტაპზე, 1998 წლის 1 ოქტომბრიდან, ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის, მათ შორის მოსახლეობისათვის, დაწესდეს 380/220 ვოლტ ძაბვაზე შესასყიდი ელექტროენერგიის საცალო ტარიფი 6 (ექვსი) თეთრი ერთი კილოვატსაათისათვის.
3. 1998 წლის 1 ოქტომბრამდე ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის, მათ შორის მოსახლეობისათვის, ძალაში დარჩეს გამანაწილებელი ენერგოკომპანიებისაგან შესასყიდი ელექტროენერგიის ერთიანი ტარიფი 4,5 (ოთხ-ნახევარი) თეთრი ერთი კილოვატსაათისათვის.
4. 1998 წლის 1 ოქტომბრამდე განისაზღვროს და „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ამოქმედდეს ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით სხვადასხვა საფეხურის (წარმოება, გადაცემა, დისპეტჩერიზაცია, განაწილება) საბითუმო ტარიფი, აგრეთვე მაღალ და საშუალო ძაბვებზე მიერთებული პირდაპირი მომხმარებლების ტარიფები.
თავმჯდომარე ელ. ერისთავი