📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.1997
ძალის დაკარგვა 06.05.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №749
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
3,300 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.1997 მიღება
06.05.1999 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №749 1997 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ 1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 30 ოქტომბრის №695 ბრძანებულება. პრეზიდენტი                                                                          ე. შევარდნაძე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე შეიმუშავებს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას. 2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად. 3. ეკონომიკის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ეკონომიკური სამთავრობო დაწესებულებები, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ეკონომიკური პროგნოზირების სამეცნიერო კვლევის კომპიუტერული ცენტრი, მართვის ინსტიტუტი, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური და ფასების სახელმწიფო ინსპექცია ქმნიან ეკონომიკის სამინისტროს ერთიან სახელმწიფო სისტემას. 4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. 5. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში. 6. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისათვის, აღმასრულებელი ხელისუფლების აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი ეკონომიკური სამსახურებისათვის, აგრეთვე ეკონომიკური სუბიექტებისათვის საკუთრების ფორმისა და დაქვემდებარების მიუხედავად. ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ღონისძიებათა რეალიზაციის მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებათაშორისი და საუწყებო გადაწყვეტილებათა მიღება ეკონომიკის სფეროში ხდება ეკონომიკის სამინისტროსთან აუცილებელი შეთანხმებით. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო გადაწყვეტილებებს იღებს სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოებთან ერთობლივად ან მათთან შეთანხმებით. 7. სამინისტრო თავის საქმიანობაში ემყარება კონცეფციურ პროგნოზულ-ანალიზურ და რეგულირების მექანიზმზე აგებულ მართვის ყველა დონეზე ერთიან მეთოდურ ბაზასა და ორგანიზაციულ პრინციპებზე დაფუძნებულ ინდიკატურ დაგეგმვას, რომლის მიზანია სექტორული, რეგიონთაშორისი და სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური და საფინანსო კავშირურთიერთობების რეგულირება, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების შეთანხმებული მუშაობის უზრუნველყოფა, შესაბამისი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბება. 8. სამინისტროს დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. 9. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, 380008, გ.ჭანტურიას ქ. №12. II. ძირითადი ამოცანები 10. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია: ა) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და სტაბილური ზრდის უზრუნველყოფის შესახებ წინადადებათა შემუშავება; ბ) ეკონომიკური პოლიტიკის შესამუშავებლად საჭირო წინადადებათა მომზადება და შესაბამის სამინისტროებთან, სახელმწიფო დეპარტამენტებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებთან ერთად მისი რეალიზაციის გზების დასახვა; გ) საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისათვის ეკონომიკური რეფორმის პრინციპებისა და მოდელების შემუშავება და რეალიზება, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის სამეწარმეო პოტენციალის ამოქმედებას, მის გაფართოებასა და საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში ჩაბმას; დ) ისეთი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბება, რომლის დროსაც დაცული იქმნება მომხმარებელთა ინტერესები და შეიქმნება სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირების მექანიზმების ამოქმედების პირობები, რაც საქართველოს მოსახლეობის დასაქმებისა და მისი ცხოვრების დონის გაუმჯობესების საფუძველი გახდება. III. ფუნქციები 11. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია: ა) ქვეყნის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის შესამუშავებლად სათანადო წინადადებათა მომზადება და მათი რეალიზების კოორდინაცია; ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმების პროექტების შესადგენად აუცილებელი საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტების მომზადება, ინდიკატური გეგმების პროექტების შემუშავების ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა, დამტკიცებული ინდიკატური გეგმების შესრულების მიმდინარეობის პერიოდული შეფასება; გ) ეკონომიკური რეფორმის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება, სახელმწიფო და კერძო სექტორების აქტიურობის უზრუნველსაყოფად ეკონომიკურ პროცესებზე სახელმწიფოს ზეგავლენის ფორმებისა და მეთოდების განსაზღვრა, საკუთრების ყველა ფორმის ეკონომიკური სუბიექტების თავისუფალი ფუნქციონირების ხელშეწყობა, საჭირო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა, მათი შემუშავების ორგანიზაცია; დ) ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელება, მეწარმეობის მხარდაჭერა, კონკურენციის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მონოპოლიური საქმიანობისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღმოფხვრა, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მომხმარებელთა უფლებების დაცვისადმი სახელმწიფო კონტროლის გაწევა და სარეკლამო საქმიანობის მოწესრიგება; ე) ფასწარმოქმნის სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებათა მომზადება, მონოპოლისტი საწარმოებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო რეესტრში შეყვანილი ორგანიზაციებისათვის ფასებისა და ტარიფების მოგვარება, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული გარემოს შექმნას, სახელმწიფო  რეგულირებადი და ზღვრული ფასების შემოღება, მათი ლიბერალიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება; ფასების დინამიკის მონიტორინგი, ფასების სახელმწიფო დისციპლინის დაცვის კონტროლი, „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“, „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნების რეალიზაცია; ვ) დადგენილი წესით ერთიანი სახელმწიფო სამრეწველო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, რომლის რეალიზაცია საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფს ქვეყნის სამრეწველო კომპლექსის რესტრუქტურიზაციას, დარგთაშორისი პროპორციების ოპტიმიზაციას, მეწარმეთათვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას, სამეწარმეო საქმიანობის სხვადასხვა ფორმის განვითარებას, ქვეყნის მრეწველობის ინტეგრაციას მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში; ზ) სტრუქტურული, ინოვაციური და ინვესტიციური პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებათა მომზადება, საინვესტიციო საქმიანობის ეკონომიკური რეგულირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) დადგენილი წესით საწარმოო ძალებისა და უმნიშვნელოვანესი ობიექტების განლაგების და ქვეყნის რეგიონების მიხედვით მსხვილი საინვესტიციო პროგრამების ექსპერტიზა და მისი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ დარგობრივ სამინისტროებთან და უწყებებთან, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით; ი) დადგენილი წესით კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოთაშორისი პროგრამების (რომლებშიც მონაწილეობს საქართველო) და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავების მეთოდური ხელმძღვანელობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზირებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან გამომდინარე, სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროგრამების პროექტების განხილვა და ექსპერტიზა; კ) ძირითად სახეობათა მატერიალური რესურსების კრებსითი ბალანსების დამუშავება და ამის საფუძველზე ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო რესურსების დადგენა, შესაბამისად ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან ერთად ექსპორტისა და იმპორტის მოცულობათა პროგნოზირება, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირების მექანიზმების შემუშავება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება საგარეო-ეკონომიკური და საბაჟო-სატარიფო პოლიტიკის შემუშავებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად; მ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა ეკოლოგიური უსაფრთხოების, რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და მყარი განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში, გარემოს დაცვითი საქმიანობისა და ბუნებათსარგებლობის მართვის ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად; ნ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკაში საკრედიტო რესურსების მოზიდვისა და გამოყენების პოლიტიკის შემუშავებაში საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, კრედიტების გამოყენების პრიორიტეტების განსაზღვრა, უცხოეთის კრედიტების დასაქონლების შესახებ წინადადებათა მომზადება, ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის პროგნოზირება; ო) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებზე დასკვნების მომზადება და დადგენილი წესით წარდგენა; პ) კომპეტენციის ფარგლებში სახალხო-სამეურნეო კომპლექსებისა და რეგიონების ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, არაეფექტიანი საწარმოების სანაციის, თავდაცვითი მრეწველობის კონვერსიის პოლიტიკის შესახებ წინადადებათა შემუშავება; ჟ) კაპიტალურ დაბანდებათა მოცულობების გამოყენების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე სახელმწიფო ცენტრალიზებულ კაპიტალურ დაბანდებათა საერთო მოცულობის დადგენა; რ) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტით დამტკიცებული სახელმწიფო ცენტრალიზებულ კაპიტალურ დაბადებათა მოცულობების განაწილება ტერიტორიულ და უწყებრივ ჭრილში; ს) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის აგრარული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მისი განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზების დამუშავება, რეფორმების განხორციელებისა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფის, არსებული საწარმოო-ეკონომიკური პრობლემების დროულად გადაწყვეტის თაობაზე წინადადებათა მომზადება; ტ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის მეურნეობისა და მოსახლეობის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებებით მომსახურების გაუმჯობესების, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ევრაზიის სატრანსპორტო მაგისტრალური გზების, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით წინადადების შემუშავება და მათი რეალიზაციისათვის ხელშეწყობა; უ) შიდა სამომხმარებლო ბაზრისა და მომსახურების სფეროს განვითარებისათვის წინადადებათა მომზადება და ხელშეწყობა მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით; ფ) საქართველოს სოციალური ინფრასტრუქტურის სტრატეგიულ მართვაში მონაწილეობა, მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით სათანადო პროგრამების შემუშავება შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად; ქ) საბაზრო ეკონომიკის პირობებში სპეციალისტებზე მოთხოვნილების შესწავლა სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს, აგრეთვე სხვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად, სახელმწიფო დაკვეთით უმაღლესი, საშუალო სპეციალური განათლების მქონე სპეციალისტთა და კვალიფიციური მუშა კადრების მომზადების ნორმატიული აქტების შემუშავება-დამტკიცება; ღ) ქვეყანაში უმუშევართა და მომუშავეთა რიცხოვნობის, საშუალო თვიური ხელფასისა და ცხოვრების დონის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება, სოციალური სფეროს განვითარების პროგრამებისა და სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სოციალური პოლიტიკის გატარების სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობისა და სამუშაოთა კოორდინაციის მიმართულებით წინადადებების მომზადება; ყ) ერთიანი სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებათა განვითარების ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფა სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად; შ) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალური პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებათა მომზადება და მათი რეალიზების მექანიზმების ამოქმედება; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების, ქალაქების მერიებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ეკონომიკური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია, მათთვის მეთოდური და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობის გაწევა რეგიონალური ეკონომიკური პროგრამების შემუშავები; მათი საქმიანობის კონტროლის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ჩ) სამობილიზაციო გეგმების დამუშავების ორგანიზაცია, მონაწილეობა ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, სამობილიზაციო რეზერვების, მატერიალური ფასეულობების ნომენკლატურისა და რაოდენობის დადგენის, საწარმოებსა და ორგანიზაციებში მათ ხანგრძლივად შენახვის ინსტრუქციების პროექტების, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებისა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების სამხედრო-სამობილიზაციო სამსახურებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა, ეკონომიკის საიდუმლო საქმიანობის რეჟიმის განხორციელება; ც) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა ქვეყნის ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნაში, სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ეკონომიკური სამსახურების საერთაშორისო ინფორმაციულ ქსელებში ჩართვის საქმეში აქტიური მონაწილეობა და ხელშეწყობა; ძ) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი ცალკეული დარგების, სფეროების, კომპლექსების, რეგიონებისა და საწარმოების მიხედვით და არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარების უზრუნველსაყოფად გზების დასახვა; წ) ეკონომიკურ საკითხებზე სამინისტროებისა და უწყებების მიერ მომზადებული ნორმატიული დოკუმენტების პროექტების შეთანხმება. IV. უფლება-მოვალეობანი 12. სამინისტროს უფლება-მოვალეობანია: ა) კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს საჭირო ინფორმაცია სამინისტროებისა და უწყებებისაგან, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტისაგან, ეროვნული ბანკისაგან აფხაზეთისა და აჭარის მინისტრთა საბჭოებისაგან მხარეებში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებისაგან ქალაქების მერიების და მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისაგან ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით შესაბამისი მოხსენებების, ინდიკატური გეგმების, საინვესტიციო პროგრამების და სხვა წინადადებების ინდიკატური გეგმების, საინვესტიციო პროგრამების და სხვა წინადადებების შემუშავებისათვის; ბ) უცხოეთის გამოცდილების გათვალისწინებით, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების მონაწილეობით დაამუშაოს ინდიკატური გეგმის შედგენისათვის საჭირო მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტები, მაჩვენებლები და ფორმები, განახორციელოს ქვეყანაში ამ სამუშაოთა ორგანიზება, მეთოდური და მეთოდოლოგიური კოორდინაცია და ხელმძღვანელობა; გ) დადგენილი წესით დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად შექმნას ეკონომიკური სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიები, რომლებშიც სამუშაოდ მოიწვიოს სამინისტროებისა და უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების, საპროექტო და საპროექტო-ტექნოლოგიური ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების სპეციალისტები (მათ შორის უცხოელები) საკონკურსო და საკონტრაქტო ფორმით; დ) გამართოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, მათ შორის უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; ე) დადგენილი წესით მიავლინოს საზღვარგარეთ სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესასწავლად, კონფერენციებსა და ნებისმიერ სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად; ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოამზადოს წინადადებანი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების არასახელმწიფო ორგანიზაციების არამართლზომიერი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ და დადგენილი წესით წარადგინოს დანიშნულებისამებრ; ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ბრძანებით დაამტკიცოს სავალდებულო ან სარეკომენდაციო ნორმატიული დოკუმენტები და მეთოდური მითითებანი; თ) არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობანი სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; ი) უხელმძღვანელოს სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობას, შეიმუშაოს და განახორციელოს საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისი საკადრო პოლიტიკა, შექმნას კადრების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა; კ) სისტემატურად მოახსენოს საქართველოს პრეზიდენტს მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ; ლ) უზრუნველყოს სისტემატური ურთიერთობა მოსახლეობასთან უშუალოდ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით; მ) უზრუნველყოს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; ნ) გამოვიდეს მხარედ სასამართლოში. V. საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 13. სამინისტრო შედგება თანამდებობის პირების, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურების და ორგანიზაციებისაგან. სამინისტრო ახორციელებს აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ეკონომიკის სფეროში საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობას. 14. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. მინისტრს პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 15. მინისტრს ჰყავს 6 მოადგილე, მათ შორის ერთი-პირველი  მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს და სახელმწიფო-ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 16. მინისტრის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს მინისტრი. 17. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭო (შემდგომში – სათათბირო საბჭო), რომლის შემადგენლობაში შედიან მინისტრი – სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე, მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. 18. სათათბირო საბჭოს წევრებს რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი. 19. მინისტრი: ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის თავისი მმართველობის სფეროში და იღებს გადაწყვეტილებებს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს მუშაკთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებისადმი; დ) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, თანამშრომლებს; ე) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ, ამტკიცებს ამ ორგანიზაციების დებულებებს დადგენილი წესით; ვ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება; ზ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონით დადგენილი წესით. 20. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პარლამენტს ან საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით. 21. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან: ა) მინისტრის პირველი მოადგილე: – ცვლის მინისტრს მისი არყოფნის დროს და მინისტრის დავალებით ახორციელებს ცალკეულ უფლებამოსილებებს მინისტრთან შეთანხმებით; დამოუკიდებლად წყვეტს მისი ფუნქციური მოვალეობით განსაზღვრულ საკითხებს; – ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს მინისტრის არყოფნისას; – ხელმძღვანელობს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული; ბ) მინისტრის მოადგილეები ხელმძღვანელობენ მინისტრის მიერ მათ დაქვემდებარებაში გადაცემულ სფეროს და ცვლიან მინისტრის პირველ მოადგილეს მისი არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანების საფუძველზე; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას მათი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად. 22. სამინისტროს სათათბირო საბჭო თავის სხდომებზე განიხილავს სამინისტროსათვის მინდობილი სფეროს საკვანძო საკითხებს, სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების წესდებებს, მათ სტრუქტურას, სამუშაო პროგრამებსა და სამეცნიერო თემატიკას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს. სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება მინისტრის ბრძანებით. მინისტრისა და სათათბირო საბჭოს წევრთა უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას და წარმოშობილი უთანხმოების შესახებ მოახსენებს საქართველოს პრეზიდენტს. სათათბირო საბჭოს საქმის წარმოებას და მის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს სათათბირო საბჭოს მდივანი. 23. სამინისტროს დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულებია: ა) მაკროეკონომიკური პოლიტიკის მთავარი სამმართველო; ბ) რეგიონალური ეკონომიკის მთავარი სამმართველო; გ)საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა და ეკონომიკის რესურსული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო; დ) ეკონომიკური რეფორმების და სამეწარმეო საქმიანობის პოლიტიკის მთავარი სამმართველო; ე) ფასწარმოქმნის პოლიტიკის სამმართველო; ვ) შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამმართველო; ზ) მრეწველობის ეკონომიკის სამმართველო; თ) სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ეკონომიკის სამმართველო; ი) აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკის სამმართველო; კ) სამომხმარებლო სექტორისა და კომუნიკაციების ეკონომიკის სამმართველო; ლ) მშენებლობის ეკონომიკის სამმართველო; მ) სოციალური ინფრასტრუქტურის ეკონომიკის სამმართველო; ნ) სამხედრო-სამობილიზაციო ეკონომიკის სამმართველო; ო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო; პ) მთავარი ადმინისტრაციული სამმართველო. 24. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებია: ა) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური; ბ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი; გ) ფასების სახელმწიფო ინსპექცია; დ) ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; ე) მართვის ინსტიტუტი; ვ) ეკონომიკური პროგნოზირების სამეცნიერო კვლევის კომპიუტერული ცენტრი; ზ) სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ტექინფორმი); თ) მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდი. 25. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანებია: ა) მაკროეკონომიკური პოლიტიკის მთავარი სამმართველოსი – საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციებისა და პროპორციების ანალიზი და პროგნოზირება; ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმების პროექტების შემუშავების სამუშაოთა ორგანიზაცია; ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების ძირითადი შედეგების პერიოდული ანალიზისა და შესაბამისი სამთავრობო მოხსენებების მომზადების სამუშაოთა კოორდინაცია; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენა-განხილვაში, ფისკალურ-მონეტარული პოლიტიკისა და ეროვნულ-ანგარიშთა სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) რეგიონული ეკონომიკის მთავარი სამმართველოსი – ქვეყნის ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და მათი რეალიზაციის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ეკონომიკური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია, ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმების შემუშავების ორგანიზაცია, გარემოს დაცვითი და ბუნებათსარგებლობის საკითხების შესწავლასა და შესაბამის ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა, ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკის ფუნქციონირების თაობაზე მასალების მიღება, ანალიზი და ზემდგომი ორგანოებისათვის სათანადო ინფორმაციის მომზადება; გ)საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა და ეკონომიკის რესურსული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოსი – მონაწილეობა საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებასა და ამ სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში, აგრეთვე შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავებაში, უცხოეთის ქვეყნებთან, სახელმწიფოთაშორის კავშირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ეკონომიკური ასპექტების შესწავლასა და ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებების მომზადებაში; ეკონომიკის რესურსული უზრუნველყოფის წინადადებების მომზადება, მატერიალური რესურსების ძირითადი სახეობების წარმოებისა და მოხმარების ბალანსების შემუშავება, მატერიალური რესურსების ნაკადების მოძრაობის მაჩვენებლების გადანაწილება და სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი რესურსების განსაზღვრა; ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის ანალიზი და პროგნოზირება, მონაწილეობა საგარეო ვაჭრობისა და საბაჟო პოლიტიკის განსაზღვრაში და საგარეო ინვესტიციების, კრედიტების მოზიდვისა და გამოყენების მიმართულებების შერჩევაში, საგარეო ვალის პრობლემების შესწავლაში; დ) ეკონომიკური რეფორმებისა და სამეწარმეო საქმიანობის პოლიტიკის მთავარი სამმართველოსი –ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკისა და სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროგრამების შემუშავებაში ინტენსიური მონაწილეობა, რეფორმების სფეროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისათვის ხელის შეწყობა და სამინისტროში ამ საქმიანობის კოორდინაცია, საკანონმდებლო აქტების პროექტების, მათ შორის სახელმწიფო ქონების პრივატიზების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების დებულებების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება, პრივატიზებული ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობის ანალიზისა და რეფორმის ეკონომიკური შედეგების ეფექტიანობის ამაღლების თაობაზე წინადადებების მომზადება, მეწარმეობის, მათ შორის მცირე ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბების ღონისძიებათა შემუშავება, ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზებისა და მისი მასშტაბების შემცირების პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა; ე)ფასწარმოქმნის პოლიტიკის სამმართველოსი – ფასწარმოქმნის ერთიანი პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებების მომზადება, იმ საქონლის (მომსახურების) ნომენკლატურის განსაზღვრა, რომელზეც ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება ვრცელდება მათი ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობის, აგრეთვე ბაზრის მონოპოლიზების დონისა და გაჯერების გათვალისწინებით, ფასების ლიბერალიზაციის, რეგულირებადი ფასების დაწესების და გამოყენების, აგრეთვე ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრში შეყვანილი ორგანიზაციებისათვის ფასების (ტარიფების) რეგულირების თაობაზე წინადადებათა მომზადება; ფასების დინამიკის ანალიზისა და ფასების პროგნოზის განხორციელება, ფასების დინამიკისა და დონეზე პერიოდული დაკვირვების ჩატარება; ვ) შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამმართველოსი – ქვეყნის სოციალური სფეროს განვითარების პროგრამებისა და სოციალური პოლიტიკის თაობაზე შემუშავებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების განხილვა და დასკვნების მომზადება, სოციალურ სფეროში რეფორმების განხორციელებისა და საბაზრო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი სტრუქტურების შექმნის წინადადებათა მომზადება, მონაწილეობა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებების მომზადებაში, დასაქმებულთა რიცხოვნობის, აგრეთვე ცხოვრების დონის მაჩვნებლების პროგნოზირებაში, ნომინალური და რეალური შემოსავლების ანალიზში და მოსახლეობის ცხოვრების დონისა და დასაქმების საკითხებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან შემუშავებასა და ექსპერტიზაში; ზ) მრეწველობის ეკონომიკის სამმართველოსი – სამთო-მეტალურგიულ, ქიმიურ, მანქანათსამშენებლო კომპლექსებში, მსუბუქი ინდუსტრიის, ხე-ტყის გადამმუშავებელი და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობაში, გეოლოგია-გეოდეზიის, ტოპოლოგიურ და ტექნიკური ზედამხედველობის სფეროში ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა, მათი ეკონომიკური ვითარების შესწავლა და მაკროეკონომიკური ანალიზი, საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებასთან დაკავშირებით მრეწველობის რეფორმებისა და რესტრუქტურიზების პროგრამების შემუშავება-ექსპერტიზის სამუშაოთა ორგანიზაცია და მონაწილეობა, მეწარმეობის განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის, თავდაცვის ეკონომიკის და მრეწველობის სხვა სფეროების რაციონალური კოორდინაციის ღონისძიებათა შემუშავება, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება, მრეწველობის პრესტიჟული დარგების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; თ) სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ეკონომიკის სამმართველოსი – საკურატორო დარგში გაერთიანებულ დარგში გაერთიანებულ სტრუქტურებში სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, ქვეყანაში ენერგიის წარმოების, განაწილებისა და მოხმარების თანამიმდევრული პოლიტიკის გატარებისათვის ხელშეწყობა, ენერგეტიკული რესურსების ბაზრის ფორმირებისადმი მხარდაჭერა, ენერგეტიკული დარგების რეაბილიტაციის და განვითარების ინდიკატური გეგმის მაჩვენებლების შემუშავება და მათი განხორციელების გზების თაობაზე წინადადებათა მომზადება. საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ეკონომიკურად ხელსაყრელი სტრუქტურული შემადგენლობის პროგნოზი მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, წინადადებათა შემუშავება ენერგომატარებლებზე ფასწარმოქმნის სრულყოფისათვის სამთავრობო გადაწყვეტილებების მისაღებად; ი) აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკის სამმართველოსი – კომპლექსის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობა; არსებული საწარმოო-ეკონომიკური და ტექნიკურ-ორგანიზაციული პრობლემების მოწესრიგების მიზნით შემუშავებული პროგრამების, კანონების, ბრძანებულებების და სხვა დოკუმენტების პროექტების ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება, სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი მიწების, სასოფლო-სამურნეო ტექნიკის და სხვა ქონების გამოყენების სისტემური ანალიზი და მათი გაუმჯობესების წინადადებათა მომზადება; რეფორმირებულ მიწაზე მეურნეობრიობის ახალი სამართლებრივი-ორგანიზაციული ფორმების შექმნისა და გადამმუშავებელ სამრეწველო საწარმოებთან მათი ინტეგრირებისათვის გზების დასახვა და ხელის შეწყობა; კ) სამომხმარებლო სექტორისა და კომუნიკაციების ეკონომიკის სამმართველოსი – სატრანზიტო ტვირთგადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის, ვაჭრობისა და ფასიანი მომსახურების სფეროს საქმიანობის სისტემური ანალიზი და ეფექტიანობის ამაღლების წინადადებათა მომზადება, საკურატორო დარგების, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის და მისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, შიდა სამომხმარებლო ბაზრისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი მიმართულებების დასახვა, ამ სფეროში ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის შესაბამისი მაჩვენებლების შემუშავების ორგანიზაცია და მომზადება; ლ) მშენებლობის ეკონომიკის სამმართველოსი – მშენებლობის, საშენ მასალათა მრეწველობის, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და მეტროპოლიტენის დარგებში საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეფორმების პროექტების განხორციელება, ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე განსახორციელებელ სახელმწიფო კაპიტალურ დაბანდებათა საერთო მოცულობის დადგენა და ამ სახსრების რეგიონების, უწყებებისა და მენაშენეების მიხედვით განაწილების პროექტის მომზადება, დარგებში ეკონომიკური სუბიექტების ფუნქციონირების სისტემური ანალიზი და სამშენებლო კომპლექსში ვითარების გაუმჯობესების ღონისძიებათა შემუშავება, აუცილებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებასა და ექსპერტიზაში მონაწილეობა; მ) სოციალური ინფრასტრუქტურის ეკონომიკის სამმართველოსი – შესაბამისი დარგების (განათლება, მეცნიერება, კულტურა, ჯანდაცვა, სპორტი, ტურიზმი, კურორტები) განვითარების პროგრამებისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა, არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის პროექტების შემუშავება, სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებების მომზადება, სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური განვითარების ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფის წინადადებების მომზადება სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებისა და ეფექტიანობის გადიდების უზრუნველსაყოფად; ნ) სამხედრო-სამობილიზაციო ეკონომიკის სამმართველოსი – სამობილიზაციო გეგმების დამუშავების ორგანიზაცია, საქართველოს ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, სამობილიზაციო რეზერვების, მატერიალური ფასეულობების ნომენკლატურისა და რაოდენობის დადგენა, საწარმოებსა და ორგანიზაციებში მათი ხანგრძლივი შენახვის ინსტრუქციების პროექტების შემუშავება, ეროვნული მეურნეობისათვის მუშახელის დაჯავშნის ორგანიზაცია, საჯარისო ტიპის ავტოკოლონების ფორმირების კონტროლი, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავება და მათი სისტემატური კორექტირება, საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების სამხედრო სამობილიზაციო ორგანოების თანამშრომლებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა, საიდუმლო საქმიანობის რეჟიმის განხორციელება, ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებებისა და ბრძანებულებების შესრულება სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში; ო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოსი – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ხელშეწყობა, უზრუნველყოს ამ სფეროში ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებამდე დაყვანა ეკონომიკური რეფორმებისა და მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გზით; პ) მთავარი ადმინისტრაციული სამმართველოსი – სამინისტროს მმართველობის სფეროს ბიუჯეტის შემუშავება, სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და საფინანსო ანგარიშგების წარმართვა, ცენტრალური აპარატის ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭოს საქმისწარმოების ორგანიზაცია და სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფა; საკანონმდებლო და ზემდგომი აღმასრულებელი ორგანოების დავალებების, სამინისტროს ბრძანებებისა და გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი; სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სახელმწიფო ქონების აღრიცხვა, მათი საფინანსო საქმიანობის კონტროლი დადგენილი წესით; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების უზრუნველყოფა. VI. სამინისტროს ქონება 26. სამინისტროს ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება სამინისტროს დამოუკიდებელ ბალანსზე. VII. დასკვნით დებულებანი 27. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 28. სამინისტროს რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. VIII. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები ა) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური ბ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი გ) ფასების სახელმწიფო ინსპექცია დ) ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ე) მართვის ინსტიტუტი ვ) ეკონომიკური პროგნოზირების სამეცნიერო კვლევის კომპიუტერული ცენტრი ზ) სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ტექინფორმი) თ) მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდი.