გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/27028-24
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

საქმე N2/27028-24

საქმე №330211924010312306

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა

და  გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

2024 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  ზვიად ესებუა

განმცხადებელი – მოვალე – შპს „პანჯეა ჯორჯია“ (ს/ნ 405510638)

წარმომადგენელი – გიორგი ცაგარეიშვილი

მოთხოვნა – გადახდისუუნარობა/გაკოტრება;

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „პანჯეა ჯორჯიას“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2024 წლის 29 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „პანჯეა ჯორჯიას“ წარმომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილმა, რომელმაც მოითხოვა შპს „პანჯეა ჯორჯიას“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, განმცხადებელი წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად და რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეესტრში 2022 წლის 2 მარტს. განმცხადებლის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა იყო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სერვისების მიწოდება საქართველოს რეზიდენტი თანამშრომლების მეშვეობით. განმცხადებლის ერთადერთ კლიენტს წარმოადგენდა ისრაელის რეზიდენტი კომპანია, შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „Pangea NGU Ltd” (ს/ნ 512161738), რომელიც ფლობს კომპანიის 100%-იან წილს. ფინანსური სირთულეების შედეგად დამფუძნებლის წინააღმდეგ, ისრაელში 2024 წლის 28 მაისს დაწყებული გადახდისუუნარობის წარმოების გამო, განმცხადებელმა 2024 წლის აპრილიდან ვეღარ მიიღო შემოსავალი და ასევე ვეღარ აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში. მიუხედავად ამისა, კომპანიას კვლავ აქვს მიმდინარე ხელშეკრულებები თავის თანამშრომლებთან და მომსახურების მიმწოდებელთან, რის შედეგადაც დღემდე წარმოეშობა ყოველთვიური ხარჯები, რომელთა დაფარვასაც ის ვერ ახერხებს. განმცხადებელი ცდილობდა შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნას, მათ შორის, ისრაელში დამფუძნებლის მიმართ მიმდინარე გადახდისუუნარობის წარმოების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, შემდეგი ფაქტების გათვალიწინებით, ცხადი გახდა, რომ განმცხადებელი გადახდისუუნაროა:

განმცხადებელს 2024 წლის აპრილიდან შემოსავალი არ მიუღია და მან ასევე შეწყვიტა თავისი ეკონომიკური საქმიანობა. ეს დადასტურებულია კომპანიის საბანკო ანგარიშის ამონაწერით, სადაც ჩანს, რომ 2024 წლის აპრილის შემდეგ კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხა არ ჩარიცხულა, გარდა სახელმწიფო ხაზინიდან დაბრუნებული მცირე ოდენობის თანხისა.

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიის საერთო ვალდებულებების ოდენობა შეადგენს 899 795.60 ლარს, ხოლო კომპანიის საერთო აქტივების ოდენობა  – 613 945.78 ლარს. ამასთან, რამდენადაც განმცხადებელს არ შეუწყვეტია ხელშეკრულებები დასაქმებულებსა და მომსახურების გამწევებთან, მოსალოდნელია ვალდებულებების ყოველთვიური ზრდა. შესაბამისად, კომპანიის საერთო ვალდებულებები აღემატება  მისი საერთო აქტივების ჯამს.

კომპანიის ვადამოსული ვალდებულებები აღემატება მისი საერთო აქტივების 46%-ით. შესაბამისად, საერთო ვალდებულებების ოდენობა, ასევე აღემატება კომპანიის ლიკვიდური აქტივების არანაკლებ 20%-ით;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 19 ივლისის №102024408854/4 გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიის ყველა აქტივზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მას სურს გაკოტრება და აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი.

2024 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, შპს „პანჯეა ჯორჯიას“ დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 5 სამუშაო დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

2024 წლის 14 ნოემბერს მოვალის წარმომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილმა წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე.

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და მიიჩნია, რომ შპს „პანჯეა ჯორჯიას“  განცხადება დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს ა) რეაბილიტაციის რეჟიმით; ბ) გაკოტრების რეჟიმით.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „პანჯეა ჯორჯიას“ განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც, იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი და მის მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 50-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოვალე შპს „პანჯეა ჯორჯიას“ (ს/ნ 405510638) განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.

2. შპს „პანჯეა ჯორჯიას“ (ს/ნ 405510638) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

3. შპს „პანჯეა ჯორჯიას“ (ს/ნ 405510638) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – სოფიო ჯოხაძე, მისამართი: ქ.თბილისი ი. აბაშიძის N73, ტელ.555000055 ელფოსტა Sopho-jokhadze@yahoo.com), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

4.  გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება  გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე, მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი, ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ, ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას.

6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, ვალდებულია, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან - 15 დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული / არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.

8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.

10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ბ) აწარმოოს დავები;

გ) განახორციელოს შეცილება;

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;

ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.

13. განჩინება, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე  გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის  გახსნის  თაობაზე  განჩინების გამოტანის შესახებ).

14. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე                                                                          ზვიად  ესებუა