კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №330210324010087059
N2/24144-24
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2024 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ზვიად ესებუა
განმცხადებელი – მოვალე – სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტი“ (კერო საჩივრის ავტორი)
წარმომადგენელი – თამარ მუმლაძე
მოთხოვნა – გადახდისუუნარობა/გაკოტრება;
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ კერძო საჩივარი, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2024 წლის 26 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტი ს“ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ, რომელმაც მოითხოვა სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტი ს“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.
განმცხადებლის განმარტებით, სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტი“ არ ახორციელებს საქმიანობას, არ ფუნქციონირებს და დასაქმებული არ ჰყავს. განმცხადებელს საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალება არ ერიცხება. ასევე, კომპანია არ ფლობს წილს. სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტს“ უზრუნველყოფილი კრედიტორული, სამომავლო, პირობითი, მიმდინარე რეგულირებული ვალდებულებები, ასევე დებიტორული მოთხოვნები არ ერიცხება, ხოლო არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სსიპ – შემოსავლების სამსახური, მის მიმართ კომპანიას ერიცხება დავალიანება 108.71 ლარის ოდენობით. სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტს“ არ გააჩნია მიმდინარე ხელშეკრულებები, ამასთან კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის და სააღსრულებო საქმისწარმოება. სსიპ – შემოსავლების სამსახურის ცნობით, სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტს“ მოქმედი საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში“, თუმცა აღნიშნულ ანგარიშზე თანხა განმცხადებელს არ ერიცხება. სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტი“ გადახდისუუნაროა, რადგან ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, კომპანიას აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი, სახეზეა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოება, შესაბამისად განმცხადებელი ითხოვს გაკოტრების რეჟიმის გახსნას.
სასამართლოს 2024 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით, განმცხადებელ სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტს“ განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა; აღნიშნული განჩინებით განმცხადებელს განემარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი სააქციო საზოგადოების წესდების მე-6 მუხლი განსაზღვრავს აქციონერთა საერთო კრების კომპეტენციას, მათ შორის მოცემულია საზოგადოების საქმიანობის შეცვლა, ლიკვიდაცია და სხვა მსგავსი საკითხები. ამავე წესდების 6.8 მუხლის თანახმად აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის შესაბამისი აქციების მფლობელთა 51%-ზე მეტი. შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების გზით, აღნიშნული განცხადების სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა წარმოადგინოს აქციონერთა კრების თანხმობა, რათა სასამართლომ იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობის საკითხზე.
ზემოაღნიშნული განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) გამოქვეყნდა 2024 წლის 04 ოქტომბერს (18:58 სთ).
2024 წლის 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კერძო საჩივრით მომართა სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ და მოითხოვა სასამართლოს 2024 წლის 03 ოქტომბრის განჩინების გაუქმება შემდეგი გარემოებების გამო: საწარმოს წესდებით კრების მიერ მისაღებ გადაწყვეტილების ჩამონათვალში გაკოტრება არ არის მითითებული და არც იგულისხმება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროცესი ერთი სამართლებრივი შედეგით სრულდება, მათ შორის არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი არსებითი განსხვავება. ამასთან, წესდების 6.9 მუხლის თანახმად, ყველა სხვა საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ წესდება დამტკიცებულ იქნა ქ. გურჯაანის სასამართლოს 1996 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით. ამ პერიოდში უკვე მოქმედებდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი (მიღებულია 1994 წლის 28 ოქტომბერს, ძალადაკარგულია – 2022 წლის 01 იანვარს) და „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი (მიღებულია – 1996 წლის 25 იანვარს, ძალადაკარგულია – 2007 წლის 15 აგვისტოს). შესაბამისად, ეს ორივე პროცესი უკვე რეგულირებული იყო სხვადასხვა ნორმატიული აქტით, საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ წესდების 6.7 მუხლში არსებული ჩანაწერი სრულად გამორიცხავს ტერმინთა აღრევას. რაც შეეხება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონს, მე-7 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს გადახდისუუნარობის ცნებას და გადახდისუუნარობის პრეზუმციას. ამასთან, აღნიშნული კანონი სპეციალური კანონია, რომელსაც გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა როგორც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე საზოგადოების წესდებასთან. შესაბამისად, რომც ვივარაუდოთ, რომ სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ წესდების 6.7 მუხლში არსებული ჩანაწერი საერთო კრების მიერ გაკოტრების თაობაზე მისაღებ გადაწყვეტილებასაც გულისხმობს, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მისი პარტნიორების თანხმობა უნდა წარადგინოს მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში (კანცელარიის რეგისტრაციის N10188041).
სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლოს 2024 წლის 03 ოქტომბრის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაუქმების შესახებ და განმცხადებელს უარი ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კერძო საჩივარი. ამავე კანონის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს განჩინების გამომტან სასამართლოში წერილობითი ფორმით. კერძო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, ის მას დააკმაყოფილებს.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტაცია დასაბუთებულია, სასამართლო განმარტავს, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობის დადგომის ფაქტი და აგრეთვე მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, ერთგვაროვანი განმარტების არარსებობის პირობებში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი კატეგორიაა და მისაღებია გადაწყვეტილება, რა ეტაპიდან არის შესაძლებელი საწარმოს მიჩნევა „მოსალოდნელ გადახდისუუნარობაში“ მყოფ სუბიექტად. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მითითებით და წარმოდგენილი მასალებით როგორც ირკვევა, სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტს“ არ გააჩნია რაიმე აქტივი და შეჩერებული აქვს სამეწარმეო საქმიანობა. შესაბამისად, ითხოვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას გაკოტრების გზით, ვინაიდან ბიზნესის მიმართ არ აქვს ინტერესი.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონით განისაზღვრა, რომ მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს გაკოტრების თაობაზე მიმართვისას უნდა ჰქონდეს პარტნიორთა მხარდაჭერა, თუ წესდებით სხვა რამე არ არის გათვალისწინებული. კანონი აღნიშნული თანხობის არსებობას უკავშირებს მოსალოდნელი გადახდისუუნარობის პირობებში გადახდისუუნარობის განცხადებით გაკოტრების მოთხოვნას. სხვა შემთხვევაში, კანონი მოვალის პარტნიორთა თანხმობის არსებობის აუცილებლობას არ ადგენს. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მართალია მოვალის წარმომადგენელი სასამართლოს გადახდისუუნარობის განცხადებით მიმართავს, თუმცა მოვალის პარტნიორები, ყველა ან უმეტესი მათგანი, კომპანიის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ინიცირების წინაღმდეგია, ასეთ შემთხვევაში მეტად სავარაუდოა, რომ პარტნიორთა თანხმობის აუცილებლობის თაობაზე კანონის ჩანაწერის არარსებობა კანონმდებლის კვალიფიციური დუმილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა კომპანიის დირექტორის სისხლისამართლებრივ პასუხიმგებლობას უკავშირებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ხელოვნურ გაჭიანურებას, ამიტომ გადახდისუუნარობის განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვა მის ერთპიროვნულ დისკრეციად მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დირექტორი კომპანიის მოსალოდნელი გადახდისუუნარობის პირობებში გაკოტრებას ითხოვს (იხ. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, გვ. 30).
ამდენად, ვინაიდან განმცხადებელი არის გადახდისუუნარო, წარმოდგენილ კერძო საჩივრში მითითებული გარემოებები დასაბუთებულია, უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს სასამართლოს 2024 წლის 03 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (მოვალის განმარტება, ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, საბანკო ამონაწერები). სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 სექტემბრის ცნობით, სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტს“ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშსწორების ანგარიში სს „საქართველოს ბანკში“, რომლის ანგარიშზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით თანხა არ ერიცხება. სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტს“ უზრუნველყოფილი კრედიტორი, სამომავლო პირობითი, მიმდინარე რეგულირებული ვალდებულებები, ასევე დებიტორული მოთხოვნები არ გააჩნია, ხოლო არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სსიპ – შემოსავლების სამსახური. მის მიმართ კომპანიას ერიცხება საგადასახადო დავალიანება - 108.71 ლარის ოდენობით. სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტს“ არ გააჩნია მიმდინარე ხელშეკრულებები. კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის და სააღსრულებო საქმისწარმოება. კომპანიას ბიზნესის მიმართ არ აქვს ინტერესი, შესაბამისად, ითხოვს გაკოტრებას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:
1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.
2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;
ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;
გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;
დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;
ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;
ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:
თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:
ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:
თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერცერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ (ს/ნ 2277716184) კერძო საჩივარი და გაუქმდეს სასამართლოს 2024 წლის 03 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ;
2. უარი ეთქვას სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ (ს/ნ 2277716184) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონულ სისტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ზვიად ესებუა