სანქცირების წესი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 28.11.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016716 62
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი - „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სანქცირების წესი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება №32
2024 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
სანქცირების წესი
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 154-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „სანქცირების წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ფანგანიკომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილიკომისიის წევრიგივი სანიკიძე
სანქცირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სანქცირების წესი (შემდგომში – წესი) აწესრიგებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ რეგულირებული საწარმოს ან სხვა პირის მიმართ გამოსაყენებელი სანქციის სახისა და ზომის შერჩევის პროცესს.
2. ამ წესის მიზანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში სამართალდარღვევის თავიდან აცილება და კომისიის მიერ გამოყენებული სანქციის სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობა.
3. სანქციის სახისა და ზომის განსაზღვრისას კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ამ წესითა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. ამ წესის მიზნებისათვის, სამართალდარღვევა გულისხმობს კანონის ან კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა ბრალეულ (განზრახ ან გაუფრთხილებელ) დარღვევას. სხვა ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – კანონი) განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗. სანქციის სახეები
სანქციის სახეებია:
ა) წერილობითი გაფრთხილება;
ბ) ჯარიმა.
მუხლი 3🔗. სანქცირების პრინციპები
1. სანქცია უნდა იყოს ეფექტიანი, პროპორციული და პრევენციული.
2. სანქცია ეფექტიანია, თუ ის გავლენას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების მიმართ სამართალდამრღვევის დამოკიდებულებაზე და აღწევს დასახულ მიზანს ისე, რომ არ იწვევს სამართალდამრღვევის მიმართ არასაჭირო ზიანს.
3. სანქცია პროპორციულია, თუ ის შეესაბამება სამართალდარღვევის სიმძიმეს, აგრეთვე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. დაუშვებელია მსუბუქი სამართალდარღვევისთვის მკაცრი სანქციის დაკისრება და პირიქით.
4. სანქცია პრევენციულია, თუ ის უბიძგებს დამრღვევს, არ გაიმეოროს მართლსაწინააღმდეგო ქცევა და ემსახურება ასეთი ქცევის ზოგადი პრევენციის მიზანს.
5. სანქციის სახის და ზომის შერჩევისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:
ა) სამართალდარღვევის სიმძიმე და განგრძობადობა;
ბ) სამართალდარღვევის შედეგად დამდგარი შედეგები;
გ) შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები.
6. ერთი და იმავე სამართალდარღვევისთვის ერთი და იმავე პირის მიმართ შესაძლოა გამოყენებული იქნეს მხოლოდ ერთი სანქცია.
მუხლი 4🔗. სანქციის დაკისრების საფუძვლები
1. რეგულირებული საწარმოს ან სხვა პირის მიმართ სანქციის დაკისრების საფუძველია სამართალდარღვევა.
2. სამართალდარღვევა მიიჩნევა რეგულირებული საწარმოს/სხვა პირის მიერ ჩადენილად, თუ მართლსაწინააღმდეგო ქცევის (მოქმედების ან უმოქმედობის) სუბიექტი წარმოადგენს უფლებამოსილ წარმომადგენელს/პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 5🔗. შემამსუბუქებელი გარემოებები
შემამსუბუქებელ გარემოებად განიხილება:
ა) სამართალდარღვევის გამოძიების ეტაპზე კომისიისთვის სწორი და სრული ინფორმაციის მიწოდება;
ბ) სამართალდარღვევის შედეგების დროული გამოსწორება, მათ შორის, მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
გ) სამართალდარღვევის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებები;
ე) სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც მიუთითებს სამართალდამრღვევის მხრიდან ზიანის შემცირების მცდელობაზე ან სამართალდარღვევის უარყოფითი შედეგების გააზრებასა და საქართველოს კანონმდებლობის დაცვის მზადყოფნაზე.
მუხლი 6🔗. დამამძიმებელი გარემოებები
დამამძიმებელ გარემოებად განიხილება:
ა) სამართალდარღვევის გამოძიების ეტაპზე კომისიისთვის არსებითად არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება (მათ შორის, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან მისი შედეგების დაფარვით) ან სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლის სხვა ხელშეშლა;
ბ) სამართალდარღვევის ჩადენა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით;
გ) სამართალდარღვევის სისტემურობა, ესე იგი, ერთი ან რამდენიმე ერთგვაროვანი დარღვევის ჩადენა საწარმოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მონაწილეობით;
დ) ბოლო 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენა ან მისი გამეორება;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები;
ვ) სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც მიუთითებს სამართალდამრღვევის მხრიდან ზიანის გაზრდის მცდელობაზე ან კანონმდებლობის მოთხოვნების უპატივცემულობასა და მართლსაწინააღმდეგო ქცევის გაგრძელებაზე.
მუხლი 7🔗. სანქციის სახისა და ზომის განსაზღვრის წესი
1. კომისია უფლებამოსილია რეგულირებულ საწარმოს დააკისროს ჯარიმა კანონით დადგენილი მაქსიმალური ზომის:
ა) 25%-მდე ოდენობით ან გაფრთხილება, თუ სამართალდარღვევა ჩადენილია დამამძიმებელი გარემოებების გარეშე;
ბ) 25%-დან 50%-მდე ოდენობით, თუ სამართალდარღვევა ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში, გარდა ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა;
გ) 50%-დან 75%-მდე ოდენობით, თუ სამართალდარღვევის შედეგად ზიანი მიადგა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, მაგრამ არ გამოუწვევია ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფრთხე;
დ) 75%-დან 100%-მდე ოდენობით, თუ სამართალდარღვევა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში მისი ოდენობა ასევე არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს წინა წლის შემოსავლის 5%-ს (თუ საწარმო რეგისტრირებულია სამართალდარღვევის ჩადენის წელს – მიმდინარე წლის შემოსავლის 5%-ს ).
3. თუ რეგულირებული საწარმო სამართალდარღვევის ჩადენისას მიზნად ისახავდა მატერიალური სარგებლის მიღებას, კომისია უფლებამოსილია ჯარიმის ოდენობა განსაზღვროს მიღებული მატერიალური სარგებლის ორმაგ ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვრისა.
4. დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია რეგულირებულ საწარმოს დააკისროს გაორმაგებული ჯარიმა.
მუხლი 8🔗. სპეციფიკური სამართალდარღვევები
1. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება სამართალდარღვევაზე, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლით.
2. საქმიანობის განცალკევებასთან ან გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს წინა წლის ბრუნვის 10%-ს.
3. ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით განსაზღვრული ბაზარზე მანიპულაციის, ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის ან შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს წინა წლის ბრუნვის 6%-ს.
4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებისას, მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.
5. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით დააკისროს სანქცია პირს, რომელიც ახორციელებს საქმიანობას კანონით სავალდებულო ლიცენზიის, სერტიფიცირების ან შეტყობინების გარეშე. ეს პუნქტი არ ვრცელდება საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გადასინჯვის რეჟიმში მყოფ ელექტროსადგურებზე.
მუხლი 9🔗. ჯარიმის გადახდის წესი
1. ჯარიმა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. ჯარიმის გადახდის მიზნით ანგარიშის რეკვიზიტები, ვადა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარდგენის ვალდებულება აღინიშნება კომისიის მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებაში.
3. ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიექცევა აღსრულებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.