„საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 31.10.2023
ძალაში შესვლა 01.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელით (ხელმოწერილია)
ნომერი №1-14
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016797 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 09/12/2024
2,506 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2023 მიღება
01.12.2024 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს სახელით   (ხელმოწერილია) 95% 15.10.2015 საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 30.05.2014 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით     _________________________     დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრი 94% 11.07.2019 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 26.09.2013 საქართველოს მთავრობასა და იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სუვერენული სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93%

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება   შეთანხმება საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველო და ავსტრიის რესპუბლიკა შემდგომში წოდებულნი როგორც ხელშემკვრელი მხარეები, ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობენ რა ორ ქვეყანასა და ხალხთა შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების გამყარების სურვილით, ითვალისწინებენ რა, რომ კატასტროფების დაძლევის სფეროში თანამშრომლობა გავლენას ახდენს ორივე ქვეყნის განვითარებასა და უსაფრთხოებაზე, დარწმუნებულნი არიან რა ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარებისა და მათი პრევენციის გამარტივების მიზნით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აუცილებლობაში, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 საგანი წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს სტიქიური უბედურებების ან ტექნოგენური კატასტროფების სფეროში ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე თანამშრომლობისა და ნებაყოფლობითი დახმარების პირობებს. მუხლი 2🔗 განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმებაში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: (a) „ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფა“ – ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე უკვე მომხდარი ან უშუალოდ მოსალოდნელი საგანგებო, ნაწილობრივად ან მთლიანად კონტროლს მიღმა დარჩენილი შემთხვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, წარმოადგენს საფრთხეს გარემოსათვის, საფრთხეს უქმნის ქონებას, შეუძლია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან ეკოლოგიური დანაკარგი, რის დასაძლევადაც დაზარალებული ხელშემკვრელი მხარის  ძალები საკმარისი არ არის; (b) „მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე“ – ხელშემკვრელი მხარე, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან მოითხოვს დახმარების გაწევას; (c) „დახმარების აღმომჩენი ხელშემკვრელი მხარე“ – ხელშემკვრელი მხარე, რომელიც აკმაყოფილებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნას დახმარების გაწევის შესახებ; (d) „დახმარების გაწევა“ – სამაშველო და სხვა აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც ტარდება  ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შემთხვევაში; (e) „სამაშველო ღონისძიებები“ – ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ადამიანების, მატერიალური და კულტურული ფასეულობების გადარჩენის, აგრეთვე ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ზონაში ბუნების დაცვისკენ; (f) „აღჭურვილობა“ – გამოყენებისათვის განკუთვნილი მასალა, განსაკუთრებით ტექნიკური აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები, მეძებარი და სამაშველო ძაღლები, ასევე პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი; (g) „დახმარების საშუალებები“ – საქონელი, რომელიც განკუთვნილია მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე დაზარალებული მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად; (h) „სამაშველო ჯგუფები“ – სპეციალიზირებული დანაყოფები შესაბამისი აღჭურვილობითა და დახმარების საშუალებებით, რომლებსაც დახმარების აღმომჩენი ხელშემკვრელი მხარე დახმარების გასაწევად გამოყოფს; (i) „ექსპერტები“ – დახმარების მიზნით გაგზავნილი ერთი ან მეტი პირი შესაბამისი განათლებით, აღჭურვილობითა და დახმარების საშუალებებით. მუხლი 3🔗 კომპეტენციები (1) დიპლომატიური გზებისგან დამოუკიდებლად, დახმარების გაწევის მოთხოვნაზე და მიღებაზე, ასევე, ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული თანამშრომლობის  სხვა ფორმებზე პასუხისმგებელნი არიან შემდეგი ორგანოები: საქართველოს მხრიდან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრიის რესპუბლიკის მხრიდან: შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი. (2) წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს დიპლომატიური გზით აწვდიან ინფორმაციას მისამართების და სატელეკომუნიკაციო კავშირების, ასევე, მუდმივად ხელმისაწვდომი იმ საკონტაქტო პუნქტების შესახებ, რომელთაც მიმართავენ დახმარების გაწევის შესახებ მოთხოვნით. (3) წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები, უფლებამოსილები არიან წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ფარგლებში უშუალოდ დაამყარონ კონტაქტი ერთმანეთთან. (4) ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური გზებით დაუყოვნებლივ, წერილობითი სახით აცნობებენ ერთმანეთს კომპეტენტური ორგანოებისთვის სახელწოდების შეცვლის ან ახალი კომპეტენტური ორგანოს  შექმნის შესახებ. მუხლი 4🔗 დახმარების გაწევა (1) იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მოხდება ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფა ან ეს მოვლენა ამ სახელმწიფო ტერიტორიაზე გარკვეულ გავლენას იქონიებს, ამ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დახმარების გაწევის შესახებ მოთხოვნით მიმართოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს.  (2)  დახმარების გაწევა შესაძლებელია სამაშველო ჯგუფების ან ექსპერტების გამოყენებით, დახმარების საშუალებების გაგზავნის ან სხვა მსგავსი გზით, რა დროსაც დახმარების გაწევის სახეობა და მოცულობა, დახმარების შესახებ მოთხოვნისას განიხილება წინამდებარე შეთანხმების  მე–3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ კომპეტენტურ ორგანოებს შორის. (3) მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო შესაძლებლობების ფარგლებში, წარადგენს დახმარების შესახებ მოთხოვნას დახმარების აღმომჩენი ხელშემკვრელი მხარის ოფიციალურ ან ინგლისურ ენაზე.  (4) დახმარების შესახებ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის სახეობა და მასშტაბი, ადგილმდებარეობა და დრო, სამაშველო სამუშაოს განსახორციელებლად მიღებული ან გათვალისწინებული ზომები, მიღებული ან შეთავაზებული ორმხრივი ან საერთაშორისო დახმარება, აგრეთვე აუცილებელი დახმარების სახეობა და მასშტაბი.  (5) სამაშველო ჯგუფების, ექსპერტების, აღჭურვილობისა და დახმარების საშუალებების ტრანსპორტირება შესაძლებელია სახმელეთო, საჰაერო ან საზღვაო გზით.  (6)  მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნისამებრ, სამაშველო ჯგუფები და ექსპერტები, დაუყოვნებლივ შეაჩერებენ თავიანთ საქმიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი თავიანთ საქმიანობას მხოლოდ დაკისრებული დავალების შესრულების შემდეგ დაასრულებენ. დახმარების გაწევის შემდეგ, სამაშველო ჯგუფებმა და ექსპერტებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორია.  მუხლი 5🔗 საზღვრის კვეთა და ყოფნა მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე (1) დახმარების სწრაფად გაწევისა და აუცილებელი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე თავის თავზე იღებს სამაშველო ჯგუფების და ექსპერტების მიერ საზღვრის კვეთის პროცესის დაჩქარებას მისი კანონმდებლობის შესაბამისად. (2) სამაშველო ჯგუფები ან ექსპერტები მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის  სახელმწიფო საზღვარს კვეთენ მოქმედი სამგზავრო პასპორტებით, ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმებული სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით მათი ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა ითვალისწინებს ტერიტორიაზე შესვლის მიზნით ვიზების გაცემას, დახმარების მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს ტერიტორიაზე შესვლის მიზნით ვიზების უმოკლეს ვადაში გაცემას. (3) მოთხოვნის შემთხვევაში, სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელმა ან ექსპერტმა უნდა წარმოადგინოს თავისი თანამდებობის ან დავალების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი და სამაშველო ჯგუფის წევრების ან ექსპერტების სახელების ჩამონათვალი, მომთხოვნი მხარის ოფიციალურ  ან ინგლისურ ენაზე. (4)  სამაშველო ჯგუფის წევრები და ექსპერტები თავიანთი საქმიანობის განსახორციელებლად,  მეორე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე დახმარების გაწევის ფარგლებში თავიანთი საქმიანობისთვის არ საჭიროებენ მუშაობის ნებართვას. (5)  სამაშველო ჯგუფის წევრებს ან ექსპერტებს უფლება აქვთ მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე ატარონ უნიფორმა იმ შემთხვევაში, თუ ეს წესისამებრ მათ აღჭურვილობას განეკუთვნება. დახმარების აღმომჩენი ხელშემკვრელი მხარის სამაშველო ჯგუფს ან ექსპერტებს უფლება აქვს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე თავის სატრანსპორტო საშუალებებზე გამოიყენოს თავისი გამაფრთხილებელი ნიშანი. მუხლი 6🔗 აღჭურვილობის და დახმარების საშუალებების საზღვარზე გადატანა (1) აღჭურვილობა და დახმარების საშუალებები, რომლებიც მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე შედის ან ამ ტერიტორიიდან გამოდის, მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის მოქმედი კანონმდებლობით თავისუფლდება გადასახადების, მოსაკრებლების, აკრძალვებისა და შეზღუდვებისგან. (2) სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელმა ან ექსპერტმა, მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო კონტროლის ან საბაჟო ორგანოებს უნდა წარუდგინოს მხოლოდ შესატანი აღჭურვილობისა ან დახმარების საშუალებების სია მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის ოფიციალურ ან ინგლისურ ენაზე. (3) სამაშველო ჯგუფის წევრებს ან ექსპერტებს არ აქვთ უფლება შეიტანონ რამე სხვა საქონელი, გარდა აღჭურვილობისა და დახმარების საშუალებებისა. მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეტანა. (4) საზღვარზე მეძებარი და სამაშველო ძაღლების გადაყვანა, ასევე მათი ყოფნა, ხორციელდება მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი მდგომარეობის, განსაკუთრებით კი სავეტერინარო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.  (5) იმ შემთხვევაში, თუ აღჭურვილობა და დახმარების საშუალებები არ იქნება გახარჯული და არც განადგურებული, უნდა მოხდეს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიიდან მისი გატანა დახმარების გაწევის შემდეგ.  (6)  ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შეტანა მომთხოვნ სახელმწიფოში, ამ შეთანხმების მიზნებით გათვალისწინებული დახმარების გაწევის მიზნით, ასევე გამოუყენებელი რაოდენობების უკან გატანა დახმარების აღმომჩენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხდება მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქონლის ასეთი გადაადგილება არ წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით დადგენილ ექსპორტ-იმპორტს. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გადატანა შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებისათვის და მისი გამოყენება ხდება შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად  მხოლოდ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელიც ეკუთვნის სამაშველო ან დახმარების გამწევი პირების ჯგუფს. გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები მიეწერება დახმარების აღმომჩენი ხელშემკვრელი მხარის მოხმარების აღრიცხვას. (7) სამაშველო ჯგუფების ან ექსპერტების აღჭურვილობისა და დახმარების საშუალებების საბაჟო გაფორმება ხორციელდება გამარტივებულად. მუხლი 7🔗 საჰაერო ხომალდების გამოყენება 1. მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის თანხმობით, დახმარების გაწევისათვის განკუთვნილი საჰაერო ხომალდები, დადასტურებული საფრენი მარშრუტის  მიხედვით, განახორციელებენ ფრენას მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე იმ დანიშნულების პუნქტამდე, რომელიც შეთანხმებულია ხელშემკვრელ მხარეებს შორის. ხელშემკვრელი მხარეები საჰაერო ხომალდებს აძლევენ აგრეთვე აეროდრომების გარეთ დაშვებისა და გაფრენის უფლებას.   2. დახმარების გაწევისას საჰაერო ხომალდების გამოყენების თაობაზე, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების კომპეტენტურ სამსახურებს, ასევე წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს.  (3) ფრენები განხორციელდება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) დებულებებისა და ხელშემკვრელი მხარეების საჰაერო-სატრანსპორტო სამართალზე დაფუძნებული  ავიაციის წესების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.  (4) სამხედრო საჰაერო ხომალდების გამოყენება დაიშვება მხოლოდ მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის თანხმობით. (5) 1997 წლის 15 დეკემბერს ხელმოწერილი „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში“ და 2006 წლის 27 მარტს ხელმოწერილი ოქმი ამ შეთანხმების ცვლილების შესახებ ხელუხლებელი რჩება. მუხლი 8🔗 კოორდინაცია და ერთობლივი მართვა (1) სამაშველო სამუშაოების კოორდინაცია და ხელმძღვანელობის ვალდებულება ეკისრება მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს. (2) დახმარების აღმომჩენი ხელშემკვრელი მხარის სამაშველო ჯგუფებისათვის ან ექსპერტებისათვის განკუთვნილი დავალებები გადაეცემათ უშუალოდ იმ ხელმძღვანელებს, რომლებიც მათდამი დაქვემდებარებული ძალებისთვის ამ დავალების შესრულების ფორმას განსაზღვრავენ.  (3) მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დაიცავენ და დახმარებას გაუწევენ დახმარების აღმომჩენი ხელშემკვრელი მხარის სამაშველო ჯგუფებსა ან ექსპერტებს. მუხლი 9🔗 მოქმედების ხარჯები (1) იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, დახმარების გაწევის თაობაზე მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარისთვის კომპენსაცია არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული ვრცელდება ასევე ხარჯებზე, რომელიც  ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ აღჭურვილობის გახარჯვის, დაზიანებისა და დაკარგვის შემთხვევაში წარმოიშობა. (2) დახმარების აღმომჩენი ხელშემკვრელი მხარე მისი კანონმდებლობის შესაბამისად აზღვევს სამაშველო ჯგუფების წევრების ან ექსპერტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. 3. დახმარების აღმომჩენი ხელშემკვრელი მხარის სამაშველო ჯგუფები ან ექსპერტები, მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მოქმედების განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნებიან თარჯიმნის, სატრანსპორტო საშუალებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურებით. მუხლი 10🔗 ზარალის ანაზღაურება (1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე უარს აცხადებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ან მათი სამაშველო ჯგუფის წევრების ან ექსპერტების წინაშე წამოჭრილი ზარალის კომპენსაციაზე, როგორიცაა მაგალითად:  (a) ქონებრივი ზიანი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს დახმარების გაწევისთვის განსაზღვრული სამაშველო ჯგუფის წევრების და ექსპერტების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს;  (b) ზიანი, რომელიც დახმარების გაწევისათვის განსაზღვრული პირის მიერ მოვალეობის შესრულების დროს სხეულის დაზიანებას, ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს ეხება. აღნიშნული არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ზიანი გამოწვეულია განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით.  (2) იმ შემთხვევაში, თუ დახმარების აღმომჩენი ხელშემკვრელი მხარის სამაშველო ჯგუფების წევრების ან ექსპერტების მიერ მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე მათი მოვალეობის შესრულების დროს მესამე პირს მიადგება ზიანი, მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე პასუხს აგებს ისევე, როგორც მისი სამაშველო ჯგუფების წევრების ან ექსპერტების მიზეზით გამოწვეულ ზარალზე. (3) იმ შემთხევაში, თუ დახმარების აღმომჩენი ხელშემკვრელი მხარის დახმარების გაწევისათვის განსაზღვრული პირი, განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით ზიანს მიაყენებს მესამე პირს, მომთხოვნ ხელშემკვრელ მხარეს დახმარების აღმომჩენი ხელშემკვრელი მხარის წინააღმდეგ შეუძლია აამოქმედოს რეგრესის უფლება იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულს დახმარების აღმომჩენი ხელშემკვრელი მხარის წინააღმდეგ სარჩელი არ წარუდგენია. (4) ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მჭიდროდ თანამშრომლობენ  ერთმანეთთან ზარალის ანაზღაურების ან კომპენსაციის მოთხოვნის პროცესის გასამარტივებლად. კერძოდ, ისინი ზარალის შემთხვევების შესახებ მათთვის ხელმისაწვდომი ყველა სახის ინფორმაციის გაცვლას წინამდებარე მუხლის შესაბამისად ახორციელებენ. მუხლი 11🔗 საკომუნიკაციო  კავშირები წინამდებარე შეთანხმების მე–3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპეტენტური ორგანოები ერთობლივად იღებენ აუცილებელ ზომებს იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას საკომუნიკაციო და განსაკუთრებით რადიოკავშირები ამ ორგანოებისა და მათ მიერ გაგზავნილ სამაშველო ჯგუფებს ან ექსპერტებს შორის ერთმანეთთან და გაგზავნილ სამაშველო ჯგუფებს ან ექსპერტებსა და შესაბამის საოპერაციო ხელმძღვანელობას შორის. მუხლი 12🔗 პერსონალურ მონაცემთა დაცვა (1) რამდენადაც ეს საჭირო იქნება ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის დროს დახმარების გაწევისათვის ხელშემკვრელ მხარეებს უფლება აქვთ ერთმანეთს გადასცენ პერსონალური მონაცემები, საკუთარი შიდა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების გაცვლა ხელშემკვრელ მხარეებს შორის, ასევე ამ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ხდება გადამცემი ხელშემკვრელი მხარის მიერ დაწესებული მოთხოვნების დაცვით, ასევე შემდეგი პრინციპების დაცვით, რომლებიც თანაბრად ვრცელდება ავტომატურად და არაავტომატურად დამუშავებულ მონაცემებზე: (a) პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, კეთილსინდისიერად და იმგვარად, რომ დაინტერესებულ პირს შეეძლოს დამუშავების მიზეზების გაგება. მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ ამ შეთანხმებით დადგენილი, მკაფიო და ლეგიტიმური მიზნებისათვის. მონაცემები უნდა პასუხობდეს კონკრეტულ მიზანს და უნდა შემოიფარგლოს დამუშავების მიზნებისათვის საჭირო მოცულობით. (b) გადაცემული პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მოხდა მათი გადაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადამცემმა ხელშემკვრელმა მხარემ წერილობითი ფორმით გასცა ნებართვა, მონაცემების სხვა მიზნით დამუშავების თაობაზე. (c) პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ობიექტურად სწორი და აუცილებლობის შემთხვევაში უახლესი მდგომარეობით;  უნდა გატარდეს ყველა სათანადო ზომა, რომ პერსონალური მონაცემები, რომლებიც მათი დამუშავების მიზნების თვალსაზრისით არ არის სწორი, დაუყოვნებლივ წაიშალოს ან გასწორდეს. პერსონალური მონაცემების შენახვა უნდა ხდებოდეს იმ ფორმით, რომელიც შესაბამისი პირის იდენტიფიცირებას შესაძლებელს ხდის მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭიროა დამუშავების მიზნისთვის. (2) პერსონალური მონაცემები ისეთი გზით უნდა დამუშავდეს და ინახებოდეს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების სათანადო უსაფრთხოებას, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან და გაუფრთხილებლობით დაკარგვისგან, გაუფრთხილებლობით განადგურებისგან ან გაუფრთხილებლობით დაზიანებისგან დაცვის ჩათვლით შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების გამოყენებით. (3) ხელშემკვრელი მხარეები ვალდებული არიან, აღრიცხონ მონაცემების ყოველი გადაცემა ან ყოველი მიღება; ეს აღრიცხვა  მოიცავს  ინფორმაციას გადაცემის და მიღების მიზნის, შინაარსისა და დროის შესახებ, ასევე გადამცემი და მიმღები უწყების შესახებ. იგივე წესი ვრცელდება მონაცემთა განადგურებაზე. ეს დოკუმენტაცია,  სათანადო უსაფრთხოების ზომების საშუალებით დაცული უნდა იყოს არასათანადო გამოყენების და სხვაგავარად ბოროტად გამოყენებისგან და უნდა ინახებოდეს სამი წლის განმავლობაში. ამ ვადის  შემდეგ ის დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. დოკუმენტაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კონტროლისათვის იმასთან დაკავშირებით, დაცულ იქნა თუ არა მონაცემთა დაცვის შესახებ მნიშვნელოვანი სამართლებრივი დებულებები. (4) ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს მონაცემთა დამმუშავებელი უწყებისგან, საყოველთაოდ მისაღები ფორმით განცხადების საფუძველზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირების შემდეგ, მოითხოვოს და მიიღოს პასუხი გონიერი ვადის გაჭიანურების გარეშე და უფასოდ ამ პირის შესახებ ამ შეთანხმების ფარგლებში გადაცემული და დამუშავებული მონაცემების შესახებ ინფორმაცია, ამ მონაცემების წარმოშობის წყარო, შესაძლო მიმღები ან მიმღების კატეგორიები, დამუშავების განმსაზღვრელი მიზანი და მისი სამართლებრივი საფუძველი, ასევე მოითხოვოს არასწორი მონაცემების ჩასწორება და უნებართვოდ დამუშავებული მონაცემების წაშლა. გარდა აღნიშნულისა, ხელშემკვრელი მხარეები ასევე უზრუნველყოფენ, რომ დაინტერესებულ პირს, მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეუძლია საფუძვლიანი საჩივრით მიმართოს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ, კანონით გათვალისწინებულ სასამართლოს, რაც ასახულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) მე-6 მუხლის 1-ელ აბზაცში, ასევე მიმართოს დამოუკიდებელ მაკონტროლებელ უწყებას, გათვალისწინებულს 1981 წლის 28 იანვრის პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის 2001 წლის 8 ნოემბრის პირველი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლში, და რომ ამ პირს ექნება შესაძლებლობა, მოითხოვოს როგორც ეფექტური დახმარება, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება. ამ უფლებების განხორციელების ცალკეული დეტალები რეგულირდება იმ ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლის ნორმების მიხედვით, რომელსაც მიმართავენ საჩივრით. ამ უფლებების განხორციელების მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარე, რომელიც ფლობს მონაცემებს, გადამცემ ხელშემკვრელ მხარეს აძლევს საშუალებას, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება, ვიდრე მოხდება გადაწყვეტილების მიღება მოთხოვნის თაობაზე. (5) მიღებული პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ გადამცემი ხელშემკვრელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით. ასეთი თანხმობა შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართალი აღნიშნულის ნებას რთავს. მიღებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია. (6) გადაცემული მონაცემები უნდა წაიშალოს იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები აღარ არის საჭირო გადაცემის საფუძვლად მოცემული მიზნების შესასრულებლად ან გაუქმდა დამუშავების საფუძველი. გადამცემ ხელშემკვრელ მხარეს ეცნობება მონაცემთა წაშლის შესახებ. (7) გადამცემი უწყების შუამდგომლობის საფუძველზე, მიმღებმა უწყებამ უნდა გასცეს ინფორმაცია მიღებული მონაცემების ყოველი დამუშავების შესახებ, აღნიშნულით მიღწეული შედეგების  ჩათვლით. მუხლი 13🔗 თანამშრომლობის სხვა ფორმები (1)  ხელშემკვრელი მხარეები, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, აქტიურად თანამშრომლობენ, კერძოდ, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენციისა და შემცირებისათვის ახორციელებენ შემდეგს: (a) სამეცნიერო-ტექნიკური სახის ინფორმაციის გაცვლას; (b) ექსპერტების შეხვედრებს; (c) კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარებას; (d) სპეციალიზებული კურსებისა და სავარჯიშოების ჩატარებას დახმარების გაწევის თაობაზე ორივე მხარის ტერიტორიაზე. (2)  თანამშრომლობა მოიცავს ასევე ინფორმაციის გაცვლას იმ საფრთხეებისა და ზიანის შესახებ, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას და გავლენა იქონიოს მეორე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე. (3)  წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტში მითითებული სწავლებისა და ასევე ერთობლივი სავარჯიშოების ფარგლებში თანამშრომლობისათვის, მოქმედებს წინამდებარე შეთანხმების დებულებები. (4) მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ კომპეტენტურ ორგანოებს ეკისრებათ სწავლებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება შემდეგნაირად: (a) მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული, დახმარების აღმომჩენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო, საკუთარ თავზე იღებს თავისი სპეციალისტების გამგზავრებისა და უკან დაბრუნების, ასევე ავადმყოფობის შემთხვევაში, გამოჯანმრთელების ან გარდაცვალების შემთხვევაში ტრანსპორტირებას ხარჯებს; (b) მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული, მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო, საკუთარ თავზე იღებს თავის მხრივ განთავსებისა და კვების, ასევე მასპინძელ ქვეყანაში ტრანსპორტირების ხარჯებს.  მუხლი 14🔗 დავების მოგვარება ხელშემკვრელ მხარეებს შორის წინამდებარე შეთანხმების გამოყენებისა და განმარტებასთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოებები გადაწყდება კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით. მუხლი 15🔗 ურთიერთმიმართება სხვა საერთაშორისო-სამართლებრივ ხელშეკრულებებთან წინამდებარე შეთანხმება არ ვრცელდება ხელშემკვრელი მხარეების იმ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი შეთანხმებებიდან. მუხლი 16🔗 დასკვნითი დებულებები (1) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. (2) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან მესამე თვის პირველ დღეს. (3) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეწყვეტის შესახებ შესაბამისი შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. (4) ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წერილობითი გზით. ყოველი ცვლილება იმავე პირობებით შედის ძალაში, როგორც ისინი გათვალისწინებული იყო ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის. 5. თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დაწყებული საქმიანობა გაგრძელდება შეთანხმების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგაც, იმ შემთხვევაში თუ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის დღისთვის ისინი შესრულებული არ იქნება. შესრულებულია ქ. ვენაში 2023 წლის 31 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და გერმანულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. საქართველოს სახელით (ხელმოწერილია) ავსტრიის რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია)