მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „კერძო პენსიის ხელშეკრულების დამატებითი პირობები და მოთხოვნები“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს, ერთი მხრივ, საპენსიო სქემის მონაწილესა და, მეორე მხრივ, მზღვეველს, აქტივების მმართველ კომპანიასა და საპენსიო კომპანიას (მათ შორის, უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალს) – (შემდგომ – საპენსიო სქემის დამფუძნებელი) შორის
„ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასადები კერძო პენსიის ხელშეკრულების დამატებით პირობებსა და მოთხოვნებს.
3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური საპენსიო სქემების ფარგლებში დასადები კერძო პენსიის ხელშეკრულებებზე.
მუხლი 2. კერძო პენსიის ხელშეკრულება
1. კერძო პენსიის ხელშეკრულება (შემდგომ – ხელშეკრულება) წარმოადგენს საპენსიო სქემის მონაწილესა და საპენსიო სქემის დამფუძნებელს შორის წერილობითი ფორმით გაფორმებულ ხელშეკრულებას და განსაზღვრავს, როგორც საპენსიო სქემაში გაწევრებისა და მონაწილის კერძო პენსიით უზრუნველყოფის საფუძვლებს, ისე საპენსიო დანაგროვის დაგროვების, ინვესტირებისა და პენსიის მიღების პირობებს.
2. კერძო პენსიის ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, განუსაზღვრელი ვადით და მასში ნებისმიერი ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ საპენსიო სქემის ხელშეკრულების თითოეული მხარის თანხმობის საფუძველზე.
3. კერძო პენსიის ხელშეკრულებას უნდა დაერთოს შესაბამისი საპენსიო სქემის წესები.
4. კერძო პენსიის ხელშეკრულება,
„ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ამ წესით დადგენილი დამატებითი პირობებისა და მოთხოვნების გარდა, შესაძლებელია მოიცავდეს აგრეთვე სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს/პირობებს, საპენსიო სქემის წესებისა და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებით.
მუხლი 3. კერძო პენსიის ხელშეკრულების დამატებითი პირობები და მოთხოვნები
ა) საპენსიო სქემის სახელწოდებას, მის ფორმასა და სამსახურში რეგისტრაციის მონაცემებს (რეგისტრაციის ნომერი, თარიღი);
ბ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის საფირმო სახელწოდებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს, საბანკო რეკვიზიტებს;
გ) საპენსიო სქემის მონაწილის ვინაობას, პირად და საკონტაქტო მონაცემებს;
ე) ხელშეკრულების ხელმოწერისა და ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღებს;
ვ) ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესსა და პროცედურას;
ზ) ხელშეკრულების მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს;
თ) ხელშეკრულების მხარეთა მიერ არჩეულ ვალუტას;
ი) მონაწილის მიერ განსაზღვრული ბენეფიციარის ვინაობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მონაწილის მიერ ბენეფიციარის განსაზღვრისა და მისი შეცვლის პროცედურულ წესებს;
კ) პირად საპენსიო ანგარიშზე არსებულ საპენსიო აქტივებზე მონაწილის უფლებების მისი მემკვიდრისთვის გადაცემის პირობებს;
ლ) საპენსიო შენატანების:
ლ.ა) ოდენობასა და სიხშირეს;
ლ.ბ) სტრუქტურას (მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებისა და მათ მიერ განსახორციელებელი ოდენობების მითითებით);
ლ.გ) განხორციელების წესს;
ლ.დ) დროულად განუხორციელებლობის შედეგებს;
ლ.ე) ოდენობის ცვლილებების დეტალურ პირობებს;
მ) საპენსიო აქტივებზე მონაწილის საკუთრების უფლებას, მათ შორის, საკუთრების უპირობო უფლებას და ასეთი უფლების წარმოშობის პირობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ნ) ფიდუციური ვალდებულებების მქონე პირების მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის აღწერას;
ო) საპენსიო სქემის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად მონაწილის საპენსიო აქტივების განთავსების მიდგომისა და მიმართულებების აღწერას;
პ) მონაწილის საინვესტიციო არჩევანის უფლების და მისი განხორციელების პირობებს ან ალტერნატიულ ჩანაწერს მონაწილის მიერ დამფუძნებლისათვის ნდობის გამოცხადების თაობაზე თავად განსაზღვროს და აირჩიოს საინვესტიციო მიმართულება მონაწილის ასაკის/ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
ჟ) საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივების მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტის შესახებ ინფორმაციას;
ს) მონაწილის პირადი საპენსიო ანგარიშის წარმოების წესებს/პრინციპებს;
ტ) საპენსიო სქემით უზრუნველყოფის ფარგლებში განსაზღვრული გადასახდელ(ებ)ის და საკომისიოების ოდენობას, გადახდის პრინციპსა და პერიოდულობას;
უ) პენსიის გაცემის/მიღების ფორმასა და წესს, მათ შორის, ანუიტეტის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მონაწილის მიერ პენსიის მიღების ფორმის არჩევასთან დაკავშირებულ პირობებს;
ფ) ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში მონაწილის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას საპენსიო სქემაში მის შემდგომ მონაწილეობასთან დაკავშირებულ ან/და საპენსიო სქემიდან გასვლის, სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის პირობებსა და აღნიშნულის სამართლებრივ შედეგებს, ასევე, დამსაქმებლის მიმდინარე ჯგუფურ საპენსიო სქემაში საპენსიო აქტივების დატოვების შემთხვევაში – საპენსიო შენატანის შემდგომი გადახდის, საპენსიო დანაგროვის შემდგომი ფორმირებისა და პენსიის გადახდის პირობებს;
ქ) მონაწილის საპენსიო აქტივების განკარგვასთან, მათ შორის, საპენსიო აქტივების გადატანასთან დაკავშირებულ წესებსა და პირობებს;
ღ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებსა და შედეგებს;
ყ) ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებთან დაკავშირებით მხარეთა შორის კომუნიკაციის/შეტყობინებების უზრუნველყოფის პროცედურასა და საშუალებებს;
შ) მონაწილის პრეტენზიის განხილვის პროცედურასა და წესებს;
ჩ) ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი დავის განხილვის პირობებსა და მექანიზმებს.
2. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია სამსახურს წინასწარ, წერილობით შეატყობინოს სტანდარტულ კერძო საპენსიო ხელშეკრულებაში არსებითი ხასიათის ცვლილებების შეტანის თაობაზე.