„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების პერსონალის ოჯახის წევრების ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 26.01.2024
ძალაში შესვლა 24.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
ნომერი №56-125
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016801 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების წევრთა ოჯახის წევრების ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წევრთა ოჯახის წევრების შემოსავლიანი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება ოქმი საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების პერსონალის ოჯახის წევრების ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების პერსონალის ოჯახის წევრების ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ“
საქართველოს მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“,
2001 წლის 23 ოქტომბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ“ ხელშეკრულების დებულებების გათვალისწინებით,
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების პერსონალის ოჯახის წევრების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების სურვილით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების ნებართვა
მხარეთა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების პერსონალის ოჯახის წევრებს, ნაცვალგების საფუძველზე და ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, უფლება აქვთ, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ჩაერთონ ანაზღაურებად საქმიანობაში. ნებართვის მქონე ნებისმიერი პირი ექვემდებარება განსახორციელებელი საქმიანობის მარეგულირებელ პირობებთან დაკავშირებით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.
მუხლი 2🔗
განსაზღვრებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
„დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების პერსონალი“ ნიშნავს წარმგზავნი სახელმწიფოს ნებისმიერ თანამშრომელს:
ვინც არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრები პირი; და
ვინც დასაქმებულია ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში;
„ოჯახის წევრი“ ნიშნავს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების პერსონალის ოჯახის ნებისმიერ წევრს:
ვინც ამგვარ წევრად აღიარა ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ; და
ვინც აღნიშნული დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების პერსონალს ოფიციალურად თან ახლავს საცხოვრებლად;
„ანაზღაურებადი საქმიანობა“ აღნიშნავს დასაქმების ნებისმიერ ფორმას, იქნება ეს თვითდასაქმება თუ დასაქმება, რომელსაც მოაქვს შემოსავალი;
„ბენეფიციარი“ ნიშნავს ოჯახის ნებისმიერ წევრს ამ მუხლის b) პუნქტის მნიშვნელობით, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.
მუხლი 3🔗
პროცედურები
შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობა, ანაზღაურებად საქმიანობაში ჩართვის ნებართვის მოთხოვნით, ვერბალური ნოტის მეშვეობით მიმართავს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ პირი, ვისთვისაც მოთხოვნილია ნებართვა, წარმოადგენს ოჯახის წევრს, ამ შეთანხმების მე-2 მუხლის განსაზღვრების შესაბამისად და ოფიციალური მოთხოვნის დამუშავების შემდეგ, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ და ოფიციალურად აცნობებს წარმგზავნი სახელმწიფოს საელჩოს, რომ ოჯახის წევრი უფლებამოსილია იმუშაოს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
ასეთი უფლებამოსილებები გაიცემა იმ პერიოდისთვის, რომლის განმავლობაშიც დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების პერსონალი აკრედიტებულია ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.
წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ უნდა იქნას გაგებული, როგორც დიპლომების, ხარისხის ან სწავლის ავტომატურად აღიარება ორივე მხარეს შორის.
მუხლი 4🔗
საფასური
ამ შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად დასაქმების ნებართვის გასაცემად საფასური არ არის დაწესებული.
მუხლი 5🔗
შეზღუდვები
რაიმე შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს სამუშაოს ბუნებაზე ან ტიპზე ან ანაზღაურებად საქმიანობაზე, რომელშიც შეიძლება ჩაერთონ ბენეფიციარები. თუმცა, იმ საქმიანობისთვის, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ თვისებებს ან კვალიფიკაციას, ბენეფიციარი უნდა შეესაბამებოდეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ასეთი პროფესიების ან საქმიანობის მარეგულირებელ წესებს.
ნებართვაზე უარის თქმა შეიძლება იმ საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს სხვა ეროვნული ინტერესების ან საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზეზებიდან გამომდინარე, უნდა შეასრულონ მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეებმა.
მუხლი 6🔗
ნებართვის შეწყვეტა
ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების ნებართვა წყდება, როდესაც:
პირი, რომელსაც ახლავს ბენეფიციარი, ასრულებს თავის მისიას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში; ან
ბენეფიციარი წყვეტს ცხოვრებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების პერსონალის სახლისა ან ოჯახის განუყოფელი წევრი.
ბენეფიციარის მიმართ გაცემული ნებართვა იწურება მაქსიმუმ ოცდაათი (30) დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი წყვეტს ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.
მუხლი 7🔗
სამოქალაქო და ადმინისტრაციული პრივილეგიები და იმუნიტეტები
იმ შემთხვევებში, როდესაც ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების ნებართვის მიმღები ბენეფიციარი სარგებლობს იმუნიტეტით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ, 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის ან 1963 წლის 24 აპრილის „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის კონვენციის დებულებებისა ან სხვა შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტის შესაბამისად, ასეთი იმუნიტეტი არ ვრცელდება ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულების დროს განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე და ექვემდებარება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალს.
მუხლი 8🔗
იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართ
როდესაც ბენეფიციარი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა, სარგებლობს იმუნიტეტით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლის სამართლის იურისდიქციის მიმართ, „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ზემოაღნიშნული ვენის კონვენციის 31-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად ან სხვა შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც სავალდებულოა მხარეებისთვის, წარმგზავნი სახელმწიფო სერიოზულად განიხილავს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნებისმიერ მოთხოვნას, მოუხსნას ამ პირს იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართ, თუ ეს პირი პასუხისმგებელია ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების დროს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის.
სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართ იმუნიტეტის მოხსნა ხდება წერილობით.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართ იმუნიტეტის მოხსნა არ ვრცელდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიმართ იმუნიტეტზე, რომელიც მოითხოვს ახალ ცალკე პროცედურას.
მუხლი 9🔗
საგადასახადო რეჟიმი და სოციალური დაცვის პროგრამები
1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის, 1963 წლის 24 აპრილის „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის კონვენციის და სხვა შესაბამისი საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში, რომელიც სავალდებულოა მხარეთათვის, ბენეფიციარები, რომლებიც ახორციელებენ ანაზღაურებად საქმიანობას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ექვემდებარებიან ვალდებულებას, რომელიც ეკისრებათ საქმიანობის განხორციელებისას მიღებული შემოსავლის გამო, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
ბენეფიციართა სოციალური დაცვის პროგრამებით უზრუნველყოფა რეგულირდება ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი პირობებით.
მუხლი 10🔗
დავების გადაწყვეტა
ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიქმნება მხარეებს შორის ამ შეთანხმების დებულებების განმარტებასა ან განხორციელებასთან დაკავშირებით, გადაწყდება, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 11🔗
ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-12 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 12🔗
ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30-ე დღეს.
თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2024 წლის 26 იანვარს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
სომხეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)