ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №322/04
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016894 7
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/12/2024
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№322/04
2024 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-17 პუნქტისა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 58-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესი თანდართულ დანართთან ერთად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა
ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს:
ა) მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემისთვის (შემდგომში – საპენსიო სქემა) დეპოზიტარული მომსახურების გაწევის მსურველი;
ბ) ფინანსური ინსტიტუტისთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობის გაცემის და გაუქმების პირობებს;
გ) საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციებსა და მოვალეობებს; ასევე, მის მიერ პერიოდული და მიმდინარე ანგარიშგების წარდგენის წესს;
დ) მოთხოვნებს სპეციალიზებული დეპოზიტარის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებით.
2. პირისთვის საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობის გაცემას, შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებაზე კონტროლსა და თანხმობის გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი).
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საპენსიო სქემის მონაწილე (მონაწილე) – „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;
ბ) საპენსიო კომპანია – კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპენსიო კომპანია;
გ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი;
დ) მზღვეველი – კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი;
ე) აქტივების მმართველი – კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗. მოთხოვნები სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობის მოსაპოვებლად
1. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება იყოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული სხვა იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს, განახორციელოს ფინანსური ინსტრუმენტების შენახვის მომსახურება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა საპენსიო კომპანიასთან/აქტივების მმართველთან/მზღვეველთან დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა მოიპოვოს ეროვნული ბანკისგან სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელების თანხმობა. ამ მიზნით, თანხმობის მიღების მსურველი ეროვნულ ბანკს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) განაცხადი სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის მიღების შესახებ (დანართი №1);
ბ) ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად მომზადებული ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერა, დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ფინანსურ ინსტიტუტს ჰყავს შესაბამისი რაოდენობის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალიზებულ დეპოზიტარზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
გ) სტრატეგია და ბიზნესგეგმა, თუ როგორ უზრუნველყოფს ფინანსური ინსტიტუტი სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებას;
დ) ამ წესის მე-7 მუხლის მიხედვით განსაზღვრული საინფორმაციო საშუალებების, სისტემებისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის მახასიათებლების აღწერა, რომლებიც უზრუნველყოფს კანონითა და ამ წესით განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების დროულად და ეფექტიანად განხორციელებას;
ე) ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტის საკუთარი კაპიტალის შესახებ, რომელიც გაანგარიშებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 750,000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარს;
ვ) ყველა სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ფინანსური ინსტიტუტი შეესაბამება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თანხმობის მიღების მსურველ ფინანსურ ინსტიტუტს, წარმოდგენილი ინფორმაციის გარდა, დამატებით მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია, აგრეთვე განუსაზღვროს მათი წარმოდგენის ფორმა და ვადა.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თანხმობის მიღების მსურველის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაადგინოს ხარვეზი და განსაზღვროს აღნიშნულის გამოსასწორებელი ვადა, ფორმა და პროცედურა.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცემულ თანხმობას უთანაბრდება ფინანსური ინსტიტუტისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებით დამტკიცებული „დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის“ შესაბამისად მინიჭებული ავტორიზაცია. ავტორიზებული სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია საპენსიო სქემასთან მიმართებით იმოქმედოს ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობის გაცემა და თანხმობის გაცემაზე უარის თქმა
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელების მსურველს უარი უთხრას სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებაზე, თუ:
ა) წარდგენილი წერილობითი განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, არის არასრული, შეცდომაში შემყვანი ან არასწორი ან/და თანხმობის მიღების მსურველის მიერ აღნიშნული გარემოება არ იქნა გამოსწორებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში;
ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების განხორციელებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში შესაძლოა, საფრთხე შეექმნას თანხმობის მიღების მსურველის არსებულ საქმიანობას ან ვეღარ შეასრულოს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში მასზე დაკისრებული ვალდებულებები;
გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელების მსურველისთვის თანხმობის მოპოვებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესებს ან ფინანსური სისტემის სტაბილურობას;
დ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების განხორციელების მსურველს არ გააჩნია შესაბამისი რესურსი ან/და გამოცდილება, რათა უზრუნველყოს თავისი საქმიანობის უწყვეტობა და დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
2. ეროვნული ბანკი თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში. ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს წერილობით აცნობებს თანხმობას ან დასაბუთებულ უარს.
მუხლი 5🔗. სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობის გაუქმება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გაუუქმოს ფინანსურ ინსტიტუტს ამ წესის შესაბამისად სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებაზე გაცემული თანხმობა შემდეგ შემთხვევებში:
ა) ფინანსური ინსტიტუტი ვეღარ აკმაყოფილებს სალიცენზიო პირობებს ან გაუუქმდა ლიცენზია;
ბ) ფინანსური ინსტიტუტი მიმართავს ეროვნულ ბანკს თანხმობის გაუქმების მოთხოვნით;
გ) ეროვნული ბანკი აღმოაჩენს, რომ თანხმობის მოპოვების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია იყო არასწორი, არასრული ან შეცდომაში შემყვანი;
დ) ფინანსურმა ინსტიტუტმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები ან ვეღარ ასრულებს საპენსიო კომპანიასთან/აქტივების მმართველთან/მზღვეველთან გაფორმებული ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს;
ე) ფინანსური ინსტიტუტის მიმართ ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის შესახებ საქმის დაწყებისთანავე;
ვ) ფინანსური ინსტიტუტი ვეღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზეც გაიცა თანხმობა;
ზ) ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესებს ან/და მისი საქმიანობა მიიჩნევა არაჯანსაღ ან/და საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკად;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევა.
2. სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის თანხმობის გაუქმება წარმოადგენს საპენსიო კომპანიასთან/აქტივების მმართველთან/მზღვეველთან დადებული დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. თანხმობის გაუქმებამდე ეროვნული ბანკი უნდა დარწმუნდეს, რომ არსებობს სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც გადაეცემა საპენსიო აქტივები და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. ორგანიზაციული მოთხოვნები
1. სპეციალიზებული დეპოზიტარის ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები, მისი ფინანსური მდგომარეობა, თანამშრომლების კომპეტენცია და გამოცდილება საკმარისი უნდა იყოს კანონით, ამ წესითა და საპენსიო კომპანიასთან/აქტივების მმართველთან/მზღვეველთან დადებული დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად.
2. სპეციალიზებულ დეპოზიტარს უნდა ჰქონდეს:
ა) ადეკვატური და მისი ზომის შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომლითაც ფუნქციურად და იერარქიულად ერთმანეთისგან გამიჯნული იქნება საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები ფინანსური ინსტიტუტის სხვა ფუნქციებისგან, მკაფიოდ იქნება განსაზღვრული მისი სტრუქტურული ერთეულების პასუხისმგებლობები და რომლის მეშვეობითაც სპეციალიზებული დეპოზიტარი უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; აგრეთვე, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული თანამშრომლების ცოდნასა და კომპეტენციაზე დამოკიდებულების ხარისხის მაქსიმალურად შემცირებას;
ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი რაოდენობის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე თანამშრომლები;
გ) მის საქმიანობასთან დაკავშირებული არსებული ან/და პოტენციური საოპერაციო თუ სხვა სახის რისკების იდენტიფიკაციის, მართვისა და მიტიგაციის პოლიტიკა და პროცედურები;
დ) ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმები, მათ შორის, შესაბამისი ადმინისტრაციული და აღრიცხვის პროცედურები, რომლებიც უნდა მოიცავდეს მისი საქმიანობის განხორციელებისას აღმოჩენილი ხარვეზებისა და სხვადასხვა ინციდენტის აღრიცხვის პროცედურასაც;
ე) ინფორმაციის, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის, დაცვისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმები;
ვ) სამოქმედო გეგმა ფორსმაჟორული და გაუთვალისწინებელი მოვლენების დადგომის შემთხვევაში, რათა უზრუნველყოს ძირითადი ოპერაციების და სერვისების უწყვეტად მიწოდება;
ზ) თავისი მმართველი ორგანოსა და თანამშრომლების, ასევე მათთან დაკავშირებული პირების პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და მართვის პოლიტიკა, რომელიც გამორიცხავს ამ პირების ჩართულობას იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელთან დაკავშირებითაც მათ გააჩნიათ ინტერესთა კონფლიქტი. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალიზებული დეპოზიტარი ჯგუფის წევრია, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიების ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიკაციისა და მართვის პროცედურებსაც.
3. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია, საქმიანობის ყოველ ეტაპზე განახორციელოს მის მიერ შემუშავებული პოლიტიკისა და პროცედურების განახლება და შესრულების მონიტორინგი.
მუხლი 7🔗. მოთხოვნები საინფორმაციო სისტემების მიმართ
1. სპეციალიზებულ დეპოზიტარს უნდა გააჩნდეს საინფორმაციო სისტემები და ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რომლითაც უზრუნველყოფს მის მიმართ არსებული საოპერაციო მოთხოვნების შესრულებასა და საოპერაციო რისკების შემცირებას.
2. სპეციალიზებული დეპოზიტარის საინფორმაციო სისტემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა იყოს მოქნილი და საკმარისი სიმძლავრის იმისათვის, რომ უზრუნველყოს ბიზნესუწყვეტობის პრინციპის დაცვა;
ბ) უნდა ჰქონდეს სისტემაში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობის და მთლიანობის დაცვის მექანიზმები.
მუხლი 8🔗. ჩანაწერების წარმოება
1. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა აწარმოოს და დროულად განაახლოს ყველა დოკუმენტაცია და ჩანაწერი, რომლებიც უკავშირდება მის საქმიანობას, კერძოდ:
ა) ყველა მიღებული ინსტრუქცია და დავალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია როგორც მის შიდა ჩანაწერებში, ისე ორიგინალი დოკუმენტაციის სახით;
ბ) დეტალური ინფორმაცია ყველა განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით როგორც მის შიდა ჩანაწერებში, ისე ორიგინალი დოკუმენტაციის სახით;
გ) საპენსიო აქტივების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები;
დ) ინფორმაცია და დოკუმენტები საპენსიო კომპანიასთან/აქტივების მმართველთან/მზღვეველთან განხორციელებული რეკონსილაციების შესახებ;
ე) ინფორმაცია და დოკუმენტაცია იმ საკანონმდებლო თუ სხვა დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც აღმოჩენილ იქნა მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების პროცესში;
ვ) ყველა სხვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მის საქმიანობასა და მოვალეობებთან და რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ბანკისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, მისი საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად.
2. საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს ჩანაწერების იმგვარად წარმოება და შენახვა, რომ დაცული იყოს ჩანაწერების სისწორე და სისრულე.
3. ჩანაწერები უნდა იყოს შენახული ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეტანილი ცვლილების, ცვლილებამდელი ჩანაწერის, ცვლილების თარიღისა და ცვლილების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ნახვა.
4. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია და ჩანაწერები შესაძლებელია არსებობდეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა მათი შენახვა უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 6 (ექვსი) წლის ვადით.
5. სპეციალიზებული დეპოზიტარის დოკუმენტაცია, ჩანაწერები და ტრანზაქციების მონაცემები დროულად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკისთვის მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
მუხლი 9🔗. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ წარსადგენი ანგარიშგებები
1. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია, საპენსიო კომპანიას/აქტივების მმართველს/მზღვეველს წერილობითი ხელშეკრულებით შეთანხმებული სიხშირით მიაწოდოს საპენსიო ფონდის ფარგლებში არსებული ყველა აქტივის ამომწურავი ნუსხა და ინფორმაცია განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.
2. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს ინფორმაცია, თუ აღმოაჩენს, რომ საპენსიო სქემასთან/საპენსიო ფონდთან დაკავშირებით საპენსიო კომპანიის/აქტივების მმართველის/მზღვეველის საქმიანობის პროცესში ხდება საქართველოს კანონმდებლობის არსებითად დარღვევა, აგრეთვე ყველა სხვა არსებითი დარღვევის შესახებ, რომლებსაც აღმოაჩენს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესში.
3. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია, მოამზადოს და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შეტყობინება არაუგვიანეს შესაბამისი მოვლენის დადგომიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღისა, თუ მისი საკუთარი კაპიტალის ოდენობა ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მინიმალურ ოდენობას. ამ შემთხვევაში ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად მიღებული ან/და მისაღები ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კორექტირებები შეიტანოს წარმოდგენილ ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკში.
4.ფინანსურმა ინსტიტუტმა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინებები და ანგარიშგებები უნდა წარადგინოს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით წარდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს Excel-ისა და PDF-ის ფორმატში.
5. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას დოკუმენტები/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საპენსიო აქტივებზე არსებული უფლებების შესახებ და მონაწილეების/ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები და მოვალეობები
1. სპეციალიზებული დეპოზიტარი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კანონით და დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. სპეციალიზებული დეპოზიტარი მოქმედებს კეთილსინდისიერად, სამართლიანად, პროფესიონალურად, დამოუკიდებლად და მხოლოდ მონაწილისა და ბენეფიციარის ინტერესებიდან გამომდინარე.
2. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია, შეინახოს საპენსიო ფონდის ფარგლებში არსებული აქტივები კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად.
3. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია, განახორციელოს კანონის 25-ე მუხლით მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები, ამასთან:
ა) უზრუნველყოს საპენსიო ფონდის ფარგლებში არსებული აქტივების წმინდა ღირებულების გამოთვლის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე საპენსიო კომპანიის/აქტივების მმართველის/მზღვეველის მიერ შემუშავებული წესებით/მეთოდოლოგიით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
ბ) საპენსიო კომპანიას/აქტივების მმართველს/მზღვეველს რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია საპენსიო აქტივებისა და მათთან დაკავშირებით შესაბამისი კორპორატიული ქმედებების განხორციელების შესახებ; დროულად და უცვლელად გადასცეს ემიტენტს საპენსიო კომპანიის/აქტივების მმართველის/მზღვეველის მიერ მიწოდებული ინსტრუქცია/გადაწყვეტილება კორპორატიულ ქმედებებთან დაკავშირებით;
გ) განახორციელოს ფულადი სახსრების მოძრაობის ყოველდღიური რეკონსილაცია, ხოლო, თუ ფულადი სახსრების მოძრაობა ხშირი არ არის, რეკონსილაცია უნდა განხორციელდეს ფულადი სახსრების ყოველი მოძრაობის დროს;
დ) შეიმუშაოს და დანერგოს პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას მნიშვნელოვანი მოცულობის ფულადი სახსრების ან/და ისეთი ფულადი სახსრების იდენტიფიცირებას, რომლებიც შესაძლოა საპენსიო ფონდის საქმიანობასთან შეუსაბამო იყოს.
4. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს საპენსიო აქტივების გასხვისება ან გადაცემა სპეციალიზებული დეპოზიტარის ჩართულობის/ინფორმირებულობის გარეშე; აგრეთვე, მან მუდმივად უნდა ამოწმოს საპენსიო კომპანიის/აქტივების მმართველის/მზღვეველის არსებულ ჩანაწერებსა და საკუთარ ჩანაწერებს შორის შესაბამისობა.
5. სპეციალიზებულ დეპოზიტარს უფლება აქვს, განახორციელოს ამ წესითა და კანონის 28-ე მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების დელეგირება კანონის 29-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შეტყობინება სულ მცირე 20 (ოცი) კალენდარული დღით ადრე და მიიღოს თანხმობა ეროვნული ბანკისგან. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, არ გასცეს თანხმობა დელეგირებაზე, თუკი აღნიშნული ხელს შეუშლის სპეციალიზებულ დეპოზიტარზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას ან მის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას, აგრეთვე, თუ აღნიშნული საფრთხეს შეუქმნის საპენსიო ფონდის ფარგლებში არსებულ აქტივებს.
6. საპენსიო კომპანიამ/აქტივების მმართველმა/მზღვეველმა უნდა უზრუნველყონ, რომ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ჰქონდეს წვდომა საპენსიო სქემის ყველა ჩანაწერსა და დოკუმენტაციაზე, რომლებიც აუცილებელია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
მუხლი 11🔗. ხელშეკრულება საპენსიო კომპანიას/აქტივების მმართველს/მზღვეველსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის
1. სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა დაინიშნოს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგს:
ა) მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს; მხარეთა პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის პასუხისმგებლობას მის მიერ ამ წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის მესამე პირზე დელეგირებისას;
ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების პირობებსა და პროცედურებს, რომელთა მეშვეობითაც სპეციალიზებული დეპოზიტარი შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ამ ვალდებულებათა შესრულების ვადებს;
გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების ოდენობასა და გამოთვლის წესს;
დ)სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საპენსიო კომპანიას/აქტივების მმართველს/მზღვეველს შორის ინფორმაციის მიმოცვლის გზებისა და პროცედურების აღწერას; ასევე, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულებას;
ე) რომელიმე მხარის მიერ საკუთარი ფუნქციის მესამე პირზე დელეგირებისას ვალდებულებას იმის შესახებ, რომ იგი რეგულარულად მიაწვდის მეორე მხარეს ინფორმაციას მის მიერ შერჩეული პირის შესახებ და, მოთხოვნის შემთხვევაში, აცნობებს მეორე მხარეს იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა საფუძველზეც მოხდა პირის შერჩევა; აგრეთვე, იმ მექანიზმების აღწერას, რომელთა მეშვეობითაც იგი უზრუნველყოფს მესამე პირის ქმედებების მონიტორინგს;
ვ) მხარეთა შორის დავების მოგვარების პროცედურებს;
ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და მისი შეწყვეტის პირობებსა და პროცედურებს, რომელიც უნდა მოიცავდეს ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში საპენსიო აქტივების შენახვისა და სხვა სპეციალიზებულ დეპოზიტართან გადატანის პროცედურას;
თ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საპენსიო კომპანიისთვის/აქტივების მმართველისთვის/მზღვეველისთვის საპენსიო ფონდის ყველა აქტივის ამომწურავი ნუსხის მიწოდების სიხშირეს.
2. დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულება საპენსიო კომპანიას/აქტივების მმართველს/მზღვეველსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის შესაძლოა შეწყდეს კანონის, სხვა მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების შეწყვეტის მსურველმა მხარემ აღნიშნულის შესახებ 1 (ერთი) თვით ადრე წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს.
3. დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალიზებული დეპოზიტარი აგრძელებს საქმიანობას ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნამდე. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ მიწოდებული დეპოზიტარული მომსახურება ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნის თარიღამდე ანაზღაურდება უფლებამოსილების შეწყვეტამდე მოქმედი დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
4. დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი მასთან განთავსებულ საპენსიო აქტივებს და მის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს გადასცემს ახალ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ან მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულ ვადებში.
მუხლი 12🔗. სპეციალიზებული დეპოზიტარის ზრუნვის მოვალეობა და ინტერესთა კონფლიქტი
1. საპენსიო სქემის სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება საპენსიო სქემასთან დაკავშირებით ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელმაც შესაძლებელია წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და, მეორე მხრივ, საპენსიო სქემას, მის დამფუძნებლებს, მონაწილეებს, აქტივების მმართველს ან/და მზღვეველს შორის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:
ა) ორგანიზაციას სტრუქტურულად გამიჯნული აქვს პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის მქონე მიმართულებები, რაც, მათ შორის, მოიაზრებს იმას, რომ აღნიშნული მიმართულებები არ არიან პასუხისმგებელნი საერთო ხელმძღვანელობის წინაშე;
ბ) ორგანიზაციას გააჩნია ეფექტური ინფორმაციის დაცვის მექანიზმები, რაც გამორიცხავს პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის მქონე მიმართულებებს შორის ისეთი ინფორმაციის გაცვლას, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სპეციალიზებული დეპოზიტარის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას. აღნიშნული ბარიერები, მათ შორის, მოიცავს საინფორმაციო სისტემებზე წვდომის შეზღუდვებს, ფიზიკურად განცალკევებულ სამუშაო სივრცეებსა და დაცულ საკომუნიკაციო არხებს;
გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის განმახორციელებელი ერთეული გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციაში არსებული სხვა ინტერესთა კონფლიქტის გამომწვევი ფუნქციის განმახორციელებელი ერთეულებისგან ან/და ამ ერთეულებში მომუშავე პირებისგან დამოუკიდებლად;
დ) ორგანიზაციას ჰყავს შესაბამისობის ოფიცერი, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. სპეციალიზებული დეპოზიტარი საქმიანობის ყოველ ეტაპზე უნდა აკმაყოფილებდეს კანონის 23-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. სპეციალიზებული დეპოზიტარი პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფიდუციური ვალდებულების დარღვევით დამდგარი ზიანისათვის კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.
მუხლი 13🔗. ეროვნული ბანკი, როგორც სპეციალიზებული დეპოზიტარი
1. თუ სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიღება სხვაგვარად შეუძლებელია ან არაგონივრულ ძალისხმევას ან ხარჯებს მოითხოვს, ეროვნულ ბანკს შეუძლია შეასრულოს საპენსიო სქემის (სქემების) სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა შეასრულოს კანონით გათვალისწინებული სპეციალიზებული დეპოზიტარის ყველა ფუნქცია ან ამ ფუნქციების მხოლოდ გარკვეული ნაწილი.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვროს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები, ხელშეკრულების ხანგრძლივობა და მომსახურების საფასური.