პუბლიკაციის თარიღი 30.12.2024
მოქმედების პერიოდი 30.12.2024 — 09.07.2025
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №1-1/156
მატარებლის მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობებისა და მემანქანის გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №1-1/156
2024 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
მატარებლის მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობებისა და მემანქანის გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „მატარებლის მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობებისა და მემანქანის გამოცდის ჩატარების წესი და პირობები“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი
მატარებლის მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობებისა და მემანქანის გამოცდის ჩატარების წესი და პირობები
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. მიზანი და მოქმედების სფერო
1. „მატარებლის მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობებისა და მემანქანის გამოცდის ჩატარების წესი და პირობები“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო პროფესიული სწავლების, მემანქანის მართვის მოწმობის მისაღები და მემანქანის სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების წესებსა და პირობებს.
2. წესის მიზანია უზრუნველყოს მატარებლის მემანქანეთა პროფესიული განათლების ეფექტური და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სისტემის დანერგვა, მატარებლის მემანქანეთა მაღალკვალიფიციური მომზადება, მათი ცოდნის გაღრმავება და პროფესიული უნარ-ჩვევების მუდმივი გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობა.
3. წესი ვრცელდება იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებიც ახორციელებენ მატარებლის მემანქანეთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო;
ბ) მატარებლის მემანქანე (შემდგომ − მემანქანე) − პირი, რომელსაც აქვს მემანქანის მართვის მოწმობა და მემანქანის სერტიფიკატი და შეუძლია დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ და შესაბამისი პასუხისმგებლობით მართოს მატარებელი, მათ შორის, ლოკომოტივი, სამანევრო ლოკომოტივი, ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობა, სპეციალური თვითმავალი მოძრავი შემადგენლობა, სამეურნეო მატარებელი, მოვლა-შენახვისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მანქანა-მოწყობილობა და მატარებელი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად/ტვირთის გადასაზიდად;
გ) მემანქანის მართვის მოწმობა (შემდგომ – მართვის მოწმობა) − სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ შესაბამისი პირი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო მოთხოვნებს;
დ) მემანქანის სერტიფიკატი (შემდგომ – სერტიფიკატი) − სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (ინფრასტრუქტურის მონაკვეთი) და მოძრავი შემადგენლობა, რომლებზედაც ამ დოკუმენტის მფლობელს აქვს მემანქანის მართვის უფლება;
ე) განმცხადებელი − დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მიიღოს მართვის მოწმობა ან/და სერტიფიკატი;
ვ) სასწავლო ცენტრი − იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მემანქანეთა პროფესიულ სწავლებას სააგენტოს მიერ მინიჭებული შესაბამისი სტატუსის საფუძველზე;
ზ) პროფესიული განათლება − განათლება, რომელიც უზრუნველყოფს პირისთვის იმ კომპეტენციის/კომპეტენციების გამომუშავებას, რომელსაც/რომლებსაც მოითხოვს კონკრეტული პროფესია ან/და შრომის ბაზარი და რომელიც/რომლებიც მიმართულია მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის პროფესიული, სოციალური და პიროვნული განვითარებისკენ;
თ) მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა (შემდგომ – გამოცდა) – მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი მიიღებს მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობას;
ი) სარკინიგზო საწარმო/გადამზიდველი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა ან/და მგზავრთა გადაყვანა, იმ დაშვებით, რომ იგი უზრუნველყოფს მატარებლების წევის განხორციელებას. სარკინიგზო საწარმოდ მიიჩნევა აგრეთვე ის იურიდიული პირი, რომელიც მხოლოდ მატარებლების წევას ახორციელებს;
კ) ინფრასტრუქტურის მენეჯერი − იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მართვისა და მოვლა-შენახვისთვის, მათ შორის, მოძრაობის მართვისთვის, აგრეთვე სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე, სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე. ინფრასტრუქტურის მენეჯერის ფუნქციები შეიძლება სხვა პირს გადაეცეს;
ლ) უსაფრთხოების მართვის სისტემა – ორგანიზაციული მოწყობა, პროცესები და პროცედურები, რომლებიც განსაზღვრულია ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან სარკინიგზო საწარმოს მიერ, რათა უზრუნველყოს ოპერაციების უსაფრთხო მართვა;
მ) დამსაქმებელი – სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი, სადაც მემანქანე დასაქმებულია ან უწევს მომსახურებას სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე; ასევე მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი;
ნ) სასერტიფიკატო გამოცდა – მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი მიიღებს სერტიფიკატს;
ო) გამომცდელი – სააგენტოს მიერ აღიარებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი, რომელიც წარმართავს მემანქანის სასერტიფიკატო გამოცდას;
პ) გამოსაცდელი – პირი, რომელიც აბარებს მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებ ან/და სასერტიფიკატო გამოცდას.
2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
თავი II
მემანქანეთა პროფესიული სწავლება და მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა
მუხლი 3🔗. სასწავლო ცენტრი
მემანქანეთა პროფესიულ სწავლებას ახორციელებს ის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ავტორიზებულია და აქვს მემანქანეთა პროფესიული სწავლების შესაბამისი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება, აგრეთვე, სააგენტოსგან მინიჭებული აქვს სასწავლო ცენტრის სტატუსი პირისათვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 4🔗. მემანქანეთა პროფესიული სწავლების პირობები
1. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ზოგადი კომპეტენციის დაუფლება ყველა იმ ასპექტზე, რომელიც დაკავშირებულია მემანქანის პროფესიასთან. სწავლება ამ მიმართულებით კონცენტრირდება ზოგად ცოდნასა და იმ პრინციპებზე, რომლებიც დაკავშირებულია მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის ცოდნასთან, მათი კონკრეტული ტიპისა და ინფრასტრუქტურის კონკრეტული მონაკვეთისგან დამოუკიდებლად.
2. მემანქანეთა პროფესიული სწავლება უნდა მოიცავდეს მართვის მოწმობის მოსაპოვებლად საჭირო ზოგად პროფესიულ ცოდნას, რომელიც უნდა მოიცავდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობების“ მიხედვით განსაზღვრულ თემატიკას.
3. მემანქანეთა პროფესიული სწავლება უნდა მოიცავდეს თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომპონენტებს. ამასთან შესაძლებელია გამოიყენებოდეს კომპიუტერული სწავლების მეთოდი, ვიზუალიზაციისა და საოპერაციო წესების შესწავლის მიზნით.
4. მემანქანეთა პროფესიულ სწავლებაში უნდა გამოიყენებოდეს მატარებლის მართვის სიმულატორები.
მუხლი 5🔗. მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის წესები
1. გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტო ადგენს გამოცდის ჩატარების თარიღს, რომელსაც აქვეყნებს ოფიციალურ ვებგვერდზე (rta.gov.ge).
2. განმცხადებელმა გამოცდაზე დასაშვებად სააგენტოში უნდა წარადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობების“ მიხედვით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
3. სააგენტოში შესაბამისი განცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩაბარების შემდეგ, განმცხადებელი შეტყობინებით მიიღებს ინფორმაციას საგამოცდო დროისა და ადგილის შესახებ იმ საკონტაქტო ნომერზე/ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც მითითებული ჰქონდა განცხადებაში. საგამოცდო სისტემაში განმცხადებლის ავტორიზაცია მოხდება განმცხადებლის სახელი/გვარისა და პირადი ნომრის მეშვეობით.
4. გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, თეორიულ ნაწილში ელექტრონული ტესტირების მეთოდით. თითოეული კანდიდატი გამოცდას აბარებს დამოუკიდებლად, სხვა პირის დახმარების ან სხვა ნებისმიერი დამხმარე საცნობარო მასალების გარეშე, ისე რომ ხელი არ შეუშალოს გამოცდის მსვლელობას. გამოსაცდელი ეცნობა გამოცდის წესებს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.
5. გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელთა თემატიკა განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობების“ შესაბამისად.
7. ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატმა დააგროვა არანაკლებ 25 ქულა.
8. თეორიული გამოცდის ხანგრძლივობაა 90 წუთი. გამოცდის დასრულებისთანავე საგამოცდო პროგრამა გამოსაცდელს წარუდგენს გამოცდის შედეგს.
9. თუ გამოსაცდელი ვერ გადალახავს გამოცდის მინიმალურ ზღვარს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ გავიდეს განმეორებით გამოცდაზე.
თავი IV
მემანქანეთა სასერტიფიკატო გამოცდა
მუხლი 6🔗. სასერტიფიკატო სწავლება
1. მემანქანის სასერტიფიკატო სწავლება მოიცავს:
ა) მოძრავი შემადგენლობის შესახებ სასწავლო კურსს;
ბ) ინფრასტრუქტურის შესახებ სასწავლო კურსს.
2. სააგენტო მემანქანის სასერტიფიკატო სწავლების განხორციელების უფლებას ანიჭებს იმ სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერს, რომელსაც საკუთარი უსაფრთხოების მართვის სისტემაში ასახული აქვს სასერტიფიკატო სწავლების განხორციელების შესაბამისი წესები.
მუხლი 7🔗. სასერტიფიკატო გამოცდის ზოგადი წესები
1. სერტიფიკატის მისაღებად ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თითოეული სასწავლო კურსის ბოლოს უნდა ჩატარდეს თეორიული და პრაქტიკული სასერტიფიკატო გამოცდა აუცილებელი კვალიფიკაციის შემოწმების მიზნით.
2. მატარებლის მემანქანის სერტიფიკატის მისაღებად გამოსაცდელი, სასერტიფიკატო სწავლების დასრულების შემდეგ აბარებს თეორიულ გამოცდას მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის ნაწილში, ხოლო პრაქტიკული გამოცდა სარკინიგზო ქსელში მართვის უნარის შესაფასებლად ტარდება იმ კონკრეტულ მოძრავ შემადგენლობასა და ინფრასტრუქტურის იმ კონკრეტულ მონაკვეთზე, რომელზეც გამოსაცდელს სურს სერტიფიკატის მიღება.
3. მემანქანის სასერტიფიკატო გამოცდას ატარებს სასერტიფიკატო სწავლების განმახორციელებელი სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი.
4. სასერტიფიკატო გამოცდას წარმართავს სარკინიგზო საწარმო/ინფრასტრუქტურის მენეჯერი, სააგენტოს მიერ აღიარებული გამომცდელის მეშვეობით, რომელსაც აღიარებულ გამომცდელთა ელექტრონული საინფორმაციო ბაზიდან (eTDS) თავად ირჩევს სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი, აგრეთვე, სასერტიფიკატო გამოცდა შესაძლებელია ჩატარდეს კომისიური წესით, აღიარებული გამომცდელების მონაწილეობით.
5. სასერტიფიკატო გამოცდას უნდა ჰქონდეს ადეკვატური ხანგრძლივობა და საკმარისი დოკუმენტირებული მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს იმ ცოდნის შემოწმება, რომელიც საჭიროა სერტიფიკატის მისაღებად.
6. სარკინიგზო საწარმომ ან ინფრასტრუქტურის მენეჯერმა უნდა უზრუნველყონ სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარება იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტი, რათა გამოცდები წარიმართოს სამართლიან და თანაბარ პირობებში.
7. სერტიფიკატის მისაღებად საჭირო გამოცდის ხანგრძლივობას, პერიოდულობას, თეორიული გამოცდისთვის საკითხებს, პრაქტიკული გამოცდის მსვლელობის წესებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს, საკუთარი უსაფრთხოების მართვის სისტემაში ასახავს სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი.
8. სააგენტო ამ მუხლით გათვალისწინებული სასერტიფიკატო გამოცდის პრინციპებისა და წესების დაცვის მიზნით ახორციელებს სასერტიფიკატო გამოცდის ინსპექტირებას.
მუხლი 8🔗. სასერტიფიკატო გამოცდის გასაჩივრების მექანიზმები
1. სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სასერტიფიკატო გამოცდის შედეგების გასაჩივრების მექანიზმი, რაც ასახული უნდა იყოს მათი უსაფრთხოების მართვის სისტემაში.
2. განმცხადებელს შეუძლია საჩივრით მიმართოს სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერს, თუ იგი მიიჩნევს, რომ სერტიფიკატის მისაღები თეორიული ან/და პრაქტიკული სასერტიფიკატო გამოცდის შეფასების პროცესი წარიმართა არასამართლიანად.
3. თუ განმცხადებელი სასერტიფიკატო გამოცდის შედეგების სარკინიგზო საწარმოში ან ინფრასტრუქტურის მენეჯერთან გასაჩივრების შემდეგ მიიჩნევს, რომ დაირღვა გამოცდის სამართლიან და თანაბარ გარემოში ჩატარების უფლება, განმცხადებელს შეუძლია სასერტიფიკატო გამოცდის დასაბუთებული უარყოფითი შედეგის გასაჩივრების განცხადებით მიმართოს სააგენტოს.
მუხლი 9🔗. გამომცდელი
1. სასერტიფიკატო სწავლების განმახორციელებელი სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი სააგენტოში წარადგენს გამომცდელად აღიარების მსურველთა ამ წესით განსაზღვრულ ყველა შესაბამის დოკუმენტს. სააგენტო ამოწმებს შეესაბამება თუ არა სარკინიგზო საწარმოს ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გამომცდელად აღიარების მსურველი პირის კომპეტენცია გამომცდელისათვის აუცილებელ პროფესიულ უნარ-ჩვევებს სასერტიფიკატო გამოცდის ჩასატარებლად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. გამომცდელად აღიარების მსურველმა პირმა გამოცდის ჩატარება უნდა უზრუნველყოს მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციული გზით, ყოველგვარი ზეწოლისა და დახმარების გარეშე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებაზე, გამოცდის შედეგებზე ან/და გამოცდის ჩატარების მსვლელობაზე. ამ მიზნით განაცხადის ფორმა თან დაერთვის სააგენტოში წარმოსადგენ დოკუმენტაციას ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით.
3. სასერტიფიკატო გამოცდა უნდა წარმართოს იმ გამომცდელმა, რომელიც არ იყო ჩართული სასერტიფიკატო სწავლების პროცესში.
4. გამომცდელად აღიარება შესაძლებელია მოხდეს:
ა) მოძრავი შემადგენლობის ცოდნის შესამოწმებელი თეორიული გამოცდის მიმართულებით;
ბ) ინფრასტრუქტურის ცოდნის შესამოწმებელი თეორიული გამოცდის მიმართულებით;
გ) პრაქტიკული გამოცდის მიმართულებით სარკინიგზო ქსელში მართვის უნარის შესაფასებლად, კონკრეტულ მოძრავ შემადგენლობასა და ინფრასტრუქტურის კონკრეტულ მონაკვეთზე.
5. გამომცდელი უნდა იყოს კომპეტენტური და გამოცდილი კონკრეტულ მოძრავ შემადგენლობასთან და კონკრეტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელზედაც სურს სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარება.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრაქტიკული გამოცდის შემთხვევაში, როდესაც გამომცდელი არ ფლობს სასერტიფიკატო გამოცდის ინფრასტრუქტურის მონაკვეთთან და შესაბამისი მოძრავი შემადგენლობის მოქმედ სერტიფიკატს, სხვა მემანქანე, რომელიც ფლობს ამ ინფრასტრუქტურის და მოძრავი შემადგენლობის სერტიფიკატს, უნდა დაესწროს სასერტიფიკატო გამოცდას.
7. სარკინიგზო საწარმომ ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერმა გამომცდელად აღიარების მსურველი პირის ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ განცხადებას თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) არსებობის შემთხვევაში მოქმედი მართვის მოწმობისა და მოქმედი სერტიფიკატის ასლი;
გ) ფოტოსურათი;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის სფერო(ებ)ი, რომელშიც გამომცდელს სურს ჩაატაროს გამოცდები, მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის მითითებით.
8. თუ სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი სააგენტოში არ წარადგენს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ გამომცდელად აღიარების მსურველი პირის ყველა საჭირო დოკუმენტს, სააგენტო განსაზღვრავს არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
9. სააგენტოში ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, სააგენტო გამომცდელად აღიარების მსურველთან ნიშნავს გასაუბრებას.
10. გამომცდელად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება გასაუბრების შედეგის საფუძველზე, გასაუბრების ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც ეცნობება კანდიდატს განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე/ელექტრონულ ფოსტაზე. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინფორმაცია აისახება აღიარებულ გამომცდელთა ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (eTDS).
11. სააგენტო გამომცდელად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. გამომცდელად აღიარების სტატუსის მოქმედების ვადაა 2 წელი.
მუხლი 10🔗. გამომცდელად აღიარების განცხადებაში ცვლილების შეტანა
1. სარკინიგზო საწარმოს ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს სააგენტოს ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული განცხადებით გამომცდელის აღიარების სტატუსში ცვლილების შესატანად, ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მიმართულების დამატების მოთხოვნით.
2. სააგენტო ცვლილებების შეტანის შესახებ განცხადებასა და შესაბამის დამატებით დოკუმენტებს განიხილავს 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების განხილვის შედეგად არ მიიღება გადაწყვეტილება ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მიმართულებით გამომცდელად აღიარების დამატების შესახებ, გამომცდელს აღიარების სტატუსში ცვლილების შეტანაზე უარი ეცნობება განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე/ელექტრონულ ფოსტაზე.
4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების განხილვის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მიმართულებით გამომცდელად აღიარების დამატების შესახებ, გამომცდელის აღიარების სტატუსში ცვლილებების შეტანაზე სააგენტო 5 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც აისახება ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (eTDS).
5. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ცვლილების შეტანა საჭიროა გამომცდელად აღიარების სტატუსში, რადგან მასში მითითებული კომპეტენციის ერთი ან მეტი მიმართულების მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს აღიარებული გამომცდელი, აღიარებულმა გამომცდელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გამოცდების ჩატარება ამ მიმართულებით და სარკინიგზო საწარმომ ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერმა წერილობით აცნობოს სააგენტოს. სააგენტო მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოსცემს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ინფორმაციას ასახავს გამომცდელთა ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (eTDS).
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომცდელად აღიარების სტატუსის ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს აღიარების ვადის ცვლილება.
მუხლი 11🔗. გამომცდელის სტატუსის შეჩერება და გაუქმება
1. სააგენტოს მიერ დამტკიცებული „მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის“ მიხედვით განხორციელებული სასერტიფიკატო გამოცდის ინსპექტირების შედეგები თუ ადასტურებს, რომ გამომცდელი ვერ აკმაყოფილებს გამომცდელად აღიარების მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს ან შეაჩეროს გამომცდელად აღიარების სტატუსი.
2. სააგენტომ გამომცდელის სტატუსის შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობითი დასაბუთებით უნდა აცნობოს სარკინიგზო საწარმოს ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერს და მიაწოდოს ინფორმაცია იმ მოთხოვნ(ებ)ის შესახებ, რომელსაც აღარ აკმაყოფილებს აღიარებული გამომცდელი.
3. სააგენტო უფლებამოსილია გამომცდელად აღიარების სტატუსის შეჩერებამდე ან გაუქმებამდე ხარვეზის გამოსასწორებლად გამომცდელს განუსაზღვროს ვადა, რომლის ფარგლებშიც გამომცდელს შეუძლია შეცვალოს თავისი პრაქტიკა, რათა კვლავ დააკმაყოფილოს გამომცდელად აღიარების მოთხოვნები.
მუხლი 12🔗. გამომცდელთა ელექტრონული საინფორმაციო ბაზა
1. სააგენტო აწარმოებს ელექტრონულ საინფორმაციო ბაზას (eTDS), რომელშიც აისახება ინფორმაცია სასერტიფიკატო გამოცდის გამომცდელთა აღიარების, აღიარების სტატუსში ცვლილების შეტანის, შეჩერებისა და გაუქმების შესახებ.
2. ელექტრონული საინფორმაციო ბაზა (eTDS) უნდა მოიცავდეს გამომცდელთა შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) აღიარებული გამომცდელის სახელი და გვარი, ფოტოსურათი და დაბადების თარიღი;
ბ) კომპეტენციის სფერო(ები), რომელშიც გამომცდელი აღიარებულია გამოცდების ჩასატარებლად, მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის მითითებით;
გ) გამომცდელის მოქმედი მართვის მოწმობისა და მოქმედი სერტიფიკატის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
დ) გამომცდელად აღიარების სტატუსის მოქმედების ვადა;
ე) გამომცდელის დამსაქმებელი;
ვ) საკონტაქტო ინფორმაცია.
5. ელექტრონული საინფორმაციო ბაზის (eTDS) განახლების მიზნით, აღიარებულმა გამომცდელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს საინფორმაციო ბაზაში შემავალ მონაცემებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.