პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება №2/2024 2024 წლის 12 დეკემბერი ერთობლივი კომიტეტის №1/2023 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის შესწორებებში გარდამავალი დებულებების შესატანად, რომელიც ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№№2/2024
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016806
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება №2/2024

2024 წლის 12 დეკემბერი

ერთობლივი კომიტეტის №1/2023 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის შესწორებებში გარდამავალი დებულებების შესატანად, რომელიც ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან

ერთობლივი კომიტეტი,

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის [1]  და კერძოდ, 4(1) და 4(3)(ა) მუხლების გათვალისწინებით,

 ვინაიდან:

(1) პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის წარმოშობის პრეფერენციული წესების რეგიონული კონვენციის („კონვენცია“) ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ კონვენციის შესწორებაზე, რათა შეიქმნას წარმოშობის მოდერნიზებული და უფრო მოქნილი წესების ახალი ნაკრები. ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება №1/2023[2] კონვენციაში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც ადგენს წარმოშობის შესწორებულ წესებს, მიღებულია 2023 წლის 7 დეკემბერს და ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვარს („კონვენციის შესწორებული წესები“).

(2) ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ გარდამავალი დებულებები აუცილებელია ხელშემკვრელი მხარიდან ექსპორტირებული საქონლისთვის მინიჭებული შეღავათიანი საბაჟო მომსახურების გასარკვევად მანამ, სანამ კონვენციის შესწორებული წესები ძალაში შევა და სხვა ხელშემკვრელ მხარეში იმპორტირებული საქონლისთვის ამ წესების ძალაში შესვლის შემდეგ.

(3) წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულება, გაცემული ან გაფორმებული ხელშემკვრელ მხარეში 2025 წლის 1 იანვრამდე კონვენციის გამოყენების არასავალდებულო წესების შესაბამისად, კონვენციის შესწორებული წესების მიღებამდე და ძალაში შესვლამდე, მისაღები უნდა დარჩეს იმპორტირებისას შეღავათიანი საბაჟო მომსახურების მისაღებად 2025 წლის 1 იანვრის შემდეგ.

(4) წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულება, გაცემული ან გაფორმებული კონვენციის I დანართის  შესაბამისად ან გაცემული ოქმების შესაბამისად, რომლებიც ეხება  ცნების „წარმოშობილი პროდუქციის“ განმარტებას და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდებს, რომელიც წინ უსწრებს კონვენციას, ხელშემკვრელ მხარეებს შორის ორმხრივ ოქმებში შეტანილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე,  სადაც მითითებულია კონვენცია ბოლო შესწორებებით, მისაღები უნდა დარჩეს იმპორტირებისას შეღავათიანი საბაჟო მომსახურების მისაღებად ამ თარიღის შემდეგ.

(5) რიგი ხელშემკვრელი მხარეები აღნიშნავდნენ, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ წარმოშობის წესების შესახებ თავიანთი ორმხრივი ოქმების განახლებას 2025 წლის 1 იანვრამდე, სადაც მიეთითებოდა კონვენცია ბოლო შესწორებებით, მათი შიდა პროცედურების ხანგრძლივობის გამო.

(6) რიგი ხელშემკვრელი მხარეების მხრიდან ორმხრივი ოქმების დაგვიანებით განახლებამ, რაც მოიცავს ახლადშესწორებულ კონვენციაზე მითითებას, შეიძლება გამოიწვიოს  კუმულაციის მიმდინარე შესაძლებლობების შეფერხება.

(7) ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ გარდამავალი დებულებები აუცილებელია ვაჭრობის ნაკადების შესანარჩუნებლად კუმულაციის მიმდინარე შესაძლებლობებზე დაყრდნობით მანამ, სანამ არ დასრულდება ყველა ორმხრივ ოქმში ახლადშესწორებულ კონვენციაზე მითითების შეტანის პროცესი. კონვენციის I დანართი, რომელიც გამოიყენება ერთობლივი კომიტეტის №1/2023 გადაწყვეტილებით მიღებული ცვლილებების ამოქმედებამდე, უნდა იქნას გამოყენებული, როგორც გარდამავალი ღონისძიება კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს შორის კონვენციის შესწორებული წესების პარალელურად, ხოლო კუმულაცია სხვადასხვა წესებს შორის უნდა იყოს დაშვებული, სადაც ეს შესაძლებელია.

(8) ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ გარდამავალი დებულებები ტექნიკური ხასიათისაა და უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება სწრაფად. სადაც ეს შესაძლებელია ხელშემკვრელი მხარეების შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, გარდამავალი დებულებების დროებითი გამოყენება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს.

(9) ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან ცვლილებები შეიტანონ ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებაში №1/2023, რათა  კონვენციის შესწორებულ წესებში  შეიტანონ გარდამავალი დებულებები, გამოსაყენებელი კონვენციის შესწორებული წესების ძალაში შესვლის დღიდან ერთი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში.

(10) თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები კონვენციის შესწორებული წესების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს 2025 წლის 31 დეკემბრამდე ორმხრივი ოქმების შესაბამისობაში მოყვანას მათში ახლადშესწორებულ კონვენციაზე მითითების შეტანით,

იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:                                                                                                                              

მუხლი 1

1. გადაწყვეტილება №1/2023 შესწორებულია, როგორც მითითებულია ამ გადაწყვეტილების დანართში.

2. გადაწყვეტილებაში №1/2023 შეტანილი ცვლილებები ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვარს.

 

მუხლი 2       

ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.                                                                                                                                                                                    

შესრულებულია ბრიუსელში, 2024 წლის 12 დეკემბერს.                                                                                                                                                                                          

ერთობლივი კომიტეტის სახელით                                                                                                                                                                              

თავმჯდომარე

 

მარია იზაბელ გარსია კატალანი                       (ხელმოწერილია)

 

დანართი

  ერთადერთი მუხლი

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის №1/2023 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტან 

2023 წლის 7 დეკემბრის პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის №1/2023 გადაწყვეტილებაში პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის შესწორების თაობაზე, მისი დანართის ერთადერთი მუხლი შეიცვალა შემდეგნაირად:

1. მე-5 პუნქტში I დანართს დაემატა შემდეგი მუხლი:

„მუხლი

გარდამავალი დებულებები

1. კონვენციის I დანართი, რომელიც გამოქვეყნებულია 2013 წლის 26 თებერვლის OJ EU L 54/4-ში, გამოიყენება კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს შორის 2025 წლის 31 დეკემბრამდე ამ დანართის პარალელურად.

2. წარმოშობის მტკიცებულებები, რომლებიც გაცემულია ან გაფორმებულია 2025 წლის 1 იანვრამდე კონვენციის არასავალდებულო გამოყენების წესების შესაბამისად, შესწორებული კონვენციის („წარმოშობის გარდამავალი წესები“) მიღებამდე და ძალაში შესვლამდე და წარდგენილია ამ თარიღის შემდეგ მათი მოქმედების პერიოდში, მისაღები იქნება იმპორტისას საქონლის შეღავათიანი საბაჟო მომსახურებისათვის, რომელიც 2025 წლის 1 იანვარს არის ტრანზიტის რეჟიმში ან განთავსებულია საბაჟო კონტროლის ქვეშ სპეციალური პროცედურის გამოყენებით. ასეთი საქონელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუმულაციისთვის, როგორც ეს მოცემულია მე-7 მუხლში.

3. წარმოშობის მტკიცებულებების დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, რომლებიც გაცემულია ან გაფორმებულია 2025 წლის 1 იანვრამდე წარმოშობის გარდამავალი წესების შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ საქონელზე ვრცელდება მუხლი 23(2) და

(3). 

4. წარმოშობის მტკიცებულება, გაცემული ან გაფორმებული კონვენციის I დანართის შესაბამისად, როგორც გამოქვეყნებულია 2013 წლის 26 თებერვლის  OJ EU L 54/4-ში, ან გაცემული წარმოშობის წესების შესაბამისად, რომლებიც მითითებულია კონვენციის წინარე ოქმებში, ხელშემკვრელ მხარეებს შორის ორმხრივ ოქმებში შეტანილი შესწორებების ძალაში შესვლის თარიღამდე, რაც გულისხმობს ახლადშესწორებულ კონვენციაზე მითითების შეტანას,  და წარდგენილი ამ თარიღის შემდეგ, მისაღები უნდა იქნეს  მათი მოქმედების ვადაში საქონლის იმპორტისას შეღავათიანი  საბაჟო მომსახურების მისაღებად, რომელიც ტრანზიტის რეჟიმშია ან განთავსებულია საბაჟო კონტროლის ქვეშ სპეციალური პროცედურის გამოყენებით. ასეთი მტკიცებულების დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, გამოიყენება 23 (2) და (3) მუხლები.

5. წარმოშობის მტკიცებულებები, გაცემული ან გაფორმებული 2026 წლის 1 იანვრამდე 1 პუნქტის შესაბამისად ან წარმოშობის წესების შესაბამისად, რომლებიც მოცემულია კონვენციის წინარე ოქმებში და წარდგენილი ამ თარიღის შემდეგ მათი მოქმედების პერიოდში, მისაღები უნდა იქნეს შეღავათიანი საბაჟო მომსახურების მისაღებად საქონლის იმპორტისას, რომელიც 2026 წლის 1 იანვრისთვის ან ტრანზიტის რეჟიმშია, ან საბაჟო კონტროლის ქვეშ იმყოფება სპეციალური პროცედურის გამოყენებით. ასეთი მტკიცებულების დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში გამოიყენება 23(2) და (3) მუხლები.

6. გადამოწმების მიზნით, 33(2) მუხლი, 34-ე მუხლი და, საჭიროების შემთხვევაში, 35-ე მუხლი ასევე ვრცელდება წარმოშობის მტკიცებულებებზე, რომლებიც გაცემულია ან გაფორმებულია წარმოშობის გარდამავალი წესებისა და წარმოშობის მტკიცებულებების შესაბამისად, რომლებიც გაცემულია ან გაფორმებულია კონვენციის წინარე ოქმების შესაბამისად, რომლებიც მოქმედია 2025 წლის 1 იანვრამდე.

7. გადამოწმების მიზნით, 33(2) მუხლი და 34-ე მუხლი ასევე გამოიყენება, თუ გადამოწმების მოთხოვნა წარდგენილია 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ ან ხელშემკვრელ მხარეებს შორის ორმხრივ ოქმებში შეტანილი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ, რომელიც ეხება მათში ახლადშესწორებულ კონვენციაზე მითითების ასახვას, წარმოშობის მტკიცებულებების მიმართ, რომლებიც გაცემულია ან გაფორმებულია კონვენციის I დანართის შესაბამისად, როგორც გამოქვეყნებულია 2013 წლის 26 თებერვლის OJ EU L 54/4-ში და კონვენციის წინარე ოქმების მიმართ.

8. ხელშემკვრელი მხარეები ევროკომისიის მეშვეობით ყოველ ოთხ თვეში აცნობებენ ერთმანეთს ორმხრივი ოქმების განახლების პროგრესის შესახებ, რომელიც ეხება ახლადშესწორებულ კონვენციაზე მითითების შეტანას და მიღებული ზომების შესახებ, რათა 2026 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ კონვენციის წესების ეფექტური გამოყენება ერთობლივი კომიტეტის №1/2023 გადაწყვეტილების შესწორებების დაცვით,

9. ამ დანართის შესაბამისად გაცემული გადაზიდვის სერტიფიკატები EUR.1 უნდა შეიცავდეს მე-7 სვეტში თვალსაჩინო ჩანაწერს ინგლისურ ენაზე „REVISED RULES“ (შესწორებული წესები). ეს ჩანაწერი ასევე უნდა დაემატოს ამ დანართის შესაბამისად შედგენილი წარმოშობის დეკლარაციის ტექსტის ბოლოს. ეს ჩანაწერი უნდა იყოს შეტანილი წარმოშობის მტკიცებულებაში 2025 წლის 31 დეკემბრამდე.“;

2. I დანართის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტში დაემატოს შემდეგი ქვეპუნქტი:

„1ა. მე-7 მუხლით გათვალისწინებული კუმულაციის გამოყენება შესაძლებელია ჰარმონიზებული სისტემის 1, 3, 16 (დამუშავებული თევზის პროდუქტებისთვის) და 25-97 თავების შესაბამისად კლასიფიცირებულ საქონელზე, რომელთაც მიიღეს წარმოშობის სტატუსი წარმოშობის წესების გამოყენებით 42(1) მუხლისა და II დანართის სათანადო დებულებების შესაბამისად, აგრეთვე იმ ოქმებში მოცემული წარმოშობის წესების გამოყენებით, რომლებიც ეხება „წარმოშობილი პროდუქტების“ განმარტებას და ადმინისტრაციული თანამშრომლობის კონვენციამდელ მეთოდებს, იმ პირობით, რომ მასალები და პროდუქტები წარმოშობილია ხელშემკვრელ მხარეებში, სადაც შესაძლებელია კუმულაცია, როგორც ეს მითითებულია „კომისიის შეტყობინებაში პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონალური კონვენციის გამოყენების თაობაზე ან წარმოშობის წესების ოქმების გამოყენების თაობაზე, რომლებიც ითვალისწინებს დიაგონალურ კუმულაციას ამ კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს შორის“, როგორც ბოლოს გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

ეს ქვეპუნქტი ვრცელდება 31(1) მუხლით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში საქონელზე, რომელზეც ვრცელდება 42(4) და (5) მუხლებით გათვალისწინებული წარმოშობის მტკიცებულებები.“.


[1] OJ EU L 54, 26.2.2013, გვ. 4.

[2] OJ EU L, 2024/390, 19.2.2024, ELI: https://eur-lex.europa.eu/eli/dec/2024/390/oj.