პუბლიკაციის თარიღი 31.12.2024
მოქმედების პერიოდი 31.12.2024 — 18.02.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №493
შპს „ემ თი ეის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №493
2024 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „ემ თი ეის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „ემ თი ეის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს მისი ამოქმედებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
შპს „ემ თი ეის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
1. შპს „ემ თი ეის“ (ს/კ: 215096367) (შემდგომში – კომპანია) მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს კომპანიის მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.
2. ამ წესის მიზანია შემსყიდველის მიერ სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეუფერხებლად ჩატარება, მისი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. ამ წესის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორციელებისას შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები.
4. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემსყიდველი – შპს „ემ თი ეი“ (ს/კ: 215096367);
ბ) შესყიდვა – შპს „ემ თი ეის“ მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
გ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა;
ე) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი);
ვ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – გარანტია);
ზ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური;
თ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) შესყიდვის შესახებ;
ი) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი);
კ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი;
ლ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით;
მ) ელექტრონული ვაჭრობა – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;
ნ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები – შემსყიდველის მიერ დადგენილი, პრეტენდენტის მიერ წარსადგენი დოკუმენტები;
ო) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
პ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დასრულება უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;
ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;
რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელშიც მოცემული იქნება ტენდერის შეწყვეტის საფუძველი;
ს) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება;
ტ) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული შესყიდვის ობიექტის საბოლოო ჯამური ღირებულება;
უ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება;
ფ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია – ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის მიერ და უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულებას.
მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.
2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება;
გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი სხდომის ოქმი. შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებს:
ა) წინადადებების, საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტაციის განხილვას, შერჩევასა და შეფასებას;
ბ) მიმწოდებლის შერჩევას;
გ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადებას;
დ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოლაპარაკების გამართვას;
ე) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას.
2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (საწარმოს თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნულ შესყიდვების პროცედურაში მონაწილეობა.
3. დაუშვებელია, საწარმომ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მიიწვიოს პირი, თუ იგი:
ა) ფიზიკური პირია და არის პრეტენდენტი/მიმწოდებელი რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის ან უშუალო მონაწილის მიმართ ურთიერთდამოკიდებული პირი;
ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა პრეტენდენტ/მიმწოდებელ ორგანიზაციაში;
გ) ურთიერთდამოკიდებული პირია პრეტენდენტ/მიმწოდებელ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე:
ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებლებზე;
ბ) შერჩევა-შეფასებაში მონაწილე პირებზე;
გ) შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებში მონაწილე პირებზე;
დ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შესყიდვის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკების მონაწილეებსა და ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირებზე.
მუხლი 5🔗. შესყიდვის საშუალებები
1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით.
2. შემსყიდველის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს:
ა) თუ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები გარიგების ღირებულება არ აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს;
ბ) შემსყიდველის დირექტორის ან კომისიის გადაწყვეტილებით, თუ ამგვარი გადაწყვეტილება გამოწვეულია ობიექტური გარემოებებით, რომლებსაც შემსყიდველი წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა ან/და შესყიდვა გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის, დროის, ტექნიკურ-ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით.
მუხლი 6🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის დირექტორი.
2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის დირექტორი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი.
3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება, მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.
6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად მიიჩნევა მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
მუხლი 7🔗. კომისიის აპარატი
1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის დირექტორის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.
3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.
4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში.
მუხლი 8🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში – განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან.
2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 2 დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი, კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.
3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) განცხადების ნომერი;
ბ) შემსყიდველის დასახელება;
გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
დ) წინადადებების მიღების, დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;
ვ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ – მის გარეშე;
თ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;
ი) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;
კ) ბიჯის ოდენობა;
ლ) მითითება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. განცხადებაში, შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე.
5. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.
6. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.
მუხლი 9🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;
ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;
გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში);
დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);
ე) კომისიის ან აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ;
ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.
მუხლი 10🔗. წინადადების წარდგენა
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია, წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.
2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.
3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალისწინებულ გარანტიას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
6. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 11🔗. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი
1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. სარეგისტრაციო/უფლებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ელექტრონული პროცედურით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს.
3. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება, დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.
4. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან მისი ბუნებიდან გამომდინარე დაბრუნება შეუძლებელია.
5. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება, დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.).
მუხლი 12🔗. შერჩევა/შეფასება
1. კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
2. პრეტენდენტის წინადადების ფასი ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ ატვირთული მონაწილეობის გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წინასწარ, ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში, უზრუნველყოს გარანტიის დედნის წარდგენა.
3. იმ შემთხვევაში, თუ 2 ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.
4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით, ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომლებიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე.
7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა.
8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.
9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.
10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას ან თუ პრეტენდენტმა არ წარადგინა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და წარადგინა ხარვეზის მქონე მონაცემები, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.
მუხლი 13🔗. დისკვალიფიკაცია
1. კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.
2. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას;
ბ) საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;
დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში;
ე) თუ ის, ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით;
ვ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
ზ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.
მუხლი 14🔗. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია
1. პრეტენდენტი ვალდებულია, წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. გარანტია გაცემული უნდა იყოს საბანკო დაწესებულების ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ.
2. გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს.
3. გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში.
4. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:
ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;
ბ) პრეტენდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;
გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო;
დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე;
ე) პრეტენდენტი არ წარადგენს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ან/და წარადგენს ხარვეზის მქონე საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს.
მუხლი 15🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა
1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება, აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.
3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად.
4. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თუ წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა აღემატება 5000 ლარს, მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
5. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესაბამისი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ოდენობა განისაზღვრება 10%-ის ოდენობით. შემსყიდველის კომისიის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისაგან შესაძლებელია, გათავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი, მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის/მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.
6. ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, წარედგინოს შემსყიდველს ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე.
7. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე განხორციელებული შესყიდვებისას. ასეთ შემთხვევებში, ხელშეკრულება შესაძლებელია, ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შესყიდვის ობიექტის დასახელებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას, მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი დასახელება და მისამართი).
8. ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლებელია, ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
9. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
10. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა.
მუხლი 16🔗. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვის განსაკუთრებული შემთხვევა
1. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული პროცედურის განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შესაძლებელია, განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.
3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.
4. პრეისკურანტის საფუძველზე ელექტრონული პროცედურის ჩატარებისას შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული შესყიდვის ობიექტის ერთეულების ღირებულების დადგენის წესს, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება, აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
მუხლი 17🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი პირობები:
ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის ან/და მთლიანი ღირებულება (პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, ხელშეკრულებაში არ მიეთითება შესყიდვის ობიექტის რაოდენობა);
გ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასნამატების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
დ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ხარისხი. საჭიროების შემთხვევაში, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა;
ე) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები ან/და ეტაპობრივი ვადები და ადგილი;
ვ) საქონლის ან მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;
ზ) ანგარიშსწორების ფორმა და გრაფიკი (ვადები);
თ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);
ი) მხარეთა უფლება-მოვალეობანი;
კ) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის;
ლ) ფორსმაჟორული სიტუაციები;
მ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა;
ნ) შემსყიდველის გადაწყვეტილებით, დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორება, ავანსის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნის გარეშე;
ო) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
პ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები (არსებობის შემთხვევაში).
2. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენაზე.
მუხლი 18🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების შემთხვევაში, შემსყიდველი გამოყოფს შესაბამის პირთა ჯგუფს (ინსპექტირების ჯგუფი).
2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია:
ა) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების ჯეროვანი შესრულების კონტროლი, უფლებამოსილი პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე დადგენილი მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების შესრულებასთან შესაბამისობის დადასტურება;
ბ) საქონლის ან/და მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება;
გ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება;
დ) ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.
3. უფლებამოსილი პირის მიერ ჩასაბარებელი საქონლის ან/და მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (მომთხოვნი) ხელმძღვანელი შესყიდული საქონლის ან/და მომსახურების მოთხოვნასთან შესაბამისობას ადასტურებს ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაზე ხელმოწერით.
4. შემსყიდველი უფლებამოსილია, აწარმოოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის ინსპექტირება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, სუბკონტრაქტორების მიერ მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ინსპექტირება.
5. ყველა გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასა და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 19🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი
№
სამთო-სათხილამურო კურორტების მოვლა-პატრონობა
1
ახალი საბაგიროების, მოძრავი ხალიჩის, ტობოგანის (მთის ციგის), ბიატლონის ტრასის და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო სხვადასხვა სახის საქონელი და მომსახურება, ასევე არსებული საბაგიროებისათვის, დახრილი ლიფტის, ტობოგანის (მთის ციგის) და მოძრავი ხალიჩის, გამართული მუშაობისათვის საჭირო საქონელი და მომსახურება.
2
საბაგიროების მდგომარეობის შეფასება/კვლევა და საექსპერტო მომსახურებები.
3
საბაგიროების ახალი გამშვები სისტემის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო საქონელი და მომსახურება, აგრეთვე საბაგიროების არსებული გამშვები სისტემის გამართული მუშაობისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილები, ტექნიკური მომსახურება, ბილეთები და სხვა საქონელი და მომსახურება. გამშვები სისტემის მარკეტინგული საშუალებების მოსაწყობად საჭირო საქონელი და მომსახურება.
4
საზვავე უსაფრთხოების სისტემების გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის საჭირო საქონელი და მომსახურება.
5
სათხილამურო კურორტებზე, სამშენებლო და სხვადასხვა სახის სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარებისათვის საჭირო ყველა ტიპის სპეციალიზებული ტექნიკისა და მათი ოპერატორების დაქირავება.
6
სასრიალო გზებისათვის და სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად საჭირო სხვადასხვა სახის აღჭურვილობა/საქონელი (ბადეები, საგზაო ნიშნები და ა.შ.) და მომსახურება არარეზიდენტი მიმწოდებლის შემთხვევაში.
7
სპორტული ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისათვის საჭირო დროის აღმრიცხველი მოწყობილობების, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილები და ტექნიკური მომსახურება.
8
ყველა სახის სპეცტექნიკის (მათ შორის თოვლსატკეპნები, თოვლსაწმენდები, ბურანები, კვადროციკლები, ნაგვის მანქანები, თოვლსაწმენდის გამწევი, ექსკავატორ-დამტვირთველი, ტრაქტორი და ყველა სხვა სახის სპეციალიზებული ტექნიკა) გამართული მუშაობისათვის საჭირო საქონელი, მომსახურება, სათადარიგო ნაწილები (მათ შორის საბურავები, აკუმულატორები, საცხებ-საპოხი მასალები. ა/მანქანებისა და სპეცტექნიკის ტექდათვალიერება და მომსახურება.
9
სამთო-სათხილამურო კურორტებზე, თოვლსატკეპნი და სხვა სპეციალიზებული ტექნიკის საწვავით მომარაგებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და გამართული მუშაობისათვის აუცილებელი საქონელი და მომსახურება.
10
ხელოვნური გათოვლიანების ახლი სისტემების მოწყობა, მათ ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭირო ყველა ტიპის მომსახურება და საქონელი, ასევე არსებული გათოვლიანების სისტემის გამართული მუშაობისათვის საჭირო საქონელი და მომსახურება არარეზიდენტი მიმწოდებლის შემთხვევაში.
11
კომპანიის მართვაში არსებული სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგირო ხაზებისა და საბაგირო გზების სპეციფიური ინფრასტრუქტურის უწყვეტი ელექტრომომარაგებისათვის საჭირო ყველა სახის საქონელი და მომსახურება. ელექტროგანათებისა და ძალოვანი ქსელის მონტაჟისა და შეკეთების მომსახურება.
12
კომპანიის საკუთრებაში არსებული კინოთეატრის საქმიანობასთან დაკავშირებული კინოფილმებისა და ანიმაციური ფილმების, აგრეთვე კინოთეატრის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო საქონელი და მომსახურება.
13
მთებზე სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების საწარმოებლად, სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა სახის საქონელი და მომსახურება.
14
სამაშველო სამსახურისა და მთის მართვის დეპარტამენტებში შემავალი სამსახურების ფუნქციონირებისათვის საჭირო აღჭურვილობა/საქონელი (მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობა, სამაშველო აღჭურვილობა, საკომუნიკაციო საშუალებები, სპეცტანსაცმელი, აქსესუარები, სათხილამურო ეკიპირება და ა.შ) და მომსახურება.
15
საბაგიროს, გამშვები და გაყიდვის არსებული და ან ახალი სისტემებისთვის საჭირო:
სათადარიგო ნაწილები და ტექნიკური მომსახურება;
კომპიუტერული ტექნიკა, აქსესუარები, სახარჯი მასალა, პერიფერიული მოწყობილობები სხვა საქონელი და მომსახურება;
ფინანსური, აღრიცხვის, კონტროლის და გაყიდვების სისტემების ოპტიმიზაციის და ინტეგრაციისთვის საჭირო პროგრამები, შემდგომში განახლებები, ლიცენზიები, ცალკეული და დამატებითი სწავლება და შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირება, პროგრამის ფუნქციონირების მართვა და მომსახურება.
16
ახალი ან/და მეორადი: მაღალი გამავლობის მიკროავტობუსი, ვენი/მინივენის შესყიდვა.
17
სამთო-სათხილამურო კურორტებზე, საბაგირო გზების მიმდებარედ, დასუფთავების და ნარჩენების გატანის მომსახურება.
18
სასრიალო ტრასებისა და ქუჩის განათების მოწყობა და მათი (მათ შორის უკვე არსებულის) გამართული მუშაობისათვის საჭირო სხვადასხავა სახის საქონელი და მომსახურება.
19
სამთო-სათხილამურო კურორტებზე, საბაგიროს გამშვებ სისტემებთან დაცვის მომსახურება.
20
სამთო-სათხილამურო კურორტებზე პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო საქონელი.
№
სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებები, მასმედია, დიზაინი
1
კომპანიის და მისი საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით და სათხილამურო არეალის საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე ცნობადობის გაზრდის მიზნით ვიდეორგოლების და თიზერების დამზადების მომსახურება. ასევე სხვადასხვა სახის (ახალი საბაგიროს და გათოვლიანების სისტემის მონტაჟის, საერთაშორისო და ადგილობრივი შეჯიბრის მოწყობა-ჩატარების პროცესის, სათხილამურო არეალში არსებული ინფრასტრუქტურის და გასართობი საშუალებების შესახებ) ფოტო და ვიდეოგადაღების მომსახურება მხოლოდ არარეზიდენტ მიმწოდებელთან.
2
კომპანიის მართვაში არსებული კურორტების საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციის და უცხოელი მოთხილამურეების მოზიდვის მიზნით საერთაშორისო სამთო-სათხილამურო გამოფენებში მონაწილეობის მიღება (სტენდის დიზაინი, მშენებლობა და ა.შ.).
№
პროგრამული უზრუნველყოფა
1
ახალი/არსებული საბუღალტრო და სხვადასხვა სახის პროგრამები, შემდგომში განახლებები, ლიცენზიები, ცალკეული და დამატებითი მოდულები, ფიზიკური მოწყობილობები, მის გამოყენებასთან დაკავშირებული სწავლება და შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირება, პროგრამის ფუნქციონირების მართვა და მომსახურება მხოლოდ მთებზე არსებული სალაროებისთვის და მათთვის საჭირო მომსახურებისთვის.
2
კომპიუტერული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფა. სხვადასხვა ინტერნეტ მომსახურებები (დომენები, მეილები).
№
პერსონალის სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება
1
მთაში მომუშავე, კომპანიის თანამშრომლების საქმიანი უნარების გაუმჯობესებისათვის საჭირო ტრენინგები და სასწავლო მასალები მხოლოდ არარეზიდენტი მიმწოდებლის შემთხვევაში.
№
საკონსულტაციო, საზედამხედველო და სხვა მომსახურებები
1
სამთო-სათხილამურო კურორტებზე ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო ზედამხედველობის მომსახურება.
2
საფოსტო და საკურიერო მომსახურებები საერთაშორისო გზავნილებისათვის მხოლოდ სასრიალო ტრასების და მასში შემავალი ინფრასტრუქტურის საჭიროების შემთხვევაში (ნაწილები, დამხმარე მასალები და ა.შ).
3
ლაბორატორიული მომსახურება
4
შემსყიდველის საქმიანობასთან დაკავშირებული ტვირთის გადაზიდვის და შენახვის მომსახურებები რომელიც დაკავშირებულია სასრიალო ტრასების მომზადებასთან, საბაგიროს და მთებზე არსებულ ინფრასტრუქტურასთან, თოვლსატკეპ/თოვლმავალ ტექნიკასთან, სხვადასხვა ტიპის სპეციალიზებულ ტექნიკასთან.