ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ი.ბ. საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მეხუთე სექციის გადაწყვეტილება
(საჩივარი №4639/23)
2024 წლის 11 ივლისი
სტრასბურგი
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „ი.ბ. საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეხუთე სექცია), შემდეგი შემადგენლობით:
სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,
გაითვალისწინა რა:
საჩივარი (№4639/23) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც შეტანილია სასამართლოში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის, ი.ბ.-ის მიერ (შემდგომში „მომჩივანი“, რომელიც დაიბადა 1984 წელს, ცხოვრობს თბილისში და მას წარმოადგენს ბ-ნი ნ. ლეგაშვილი, ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს რუსთავში;
გადაწყვეტილება ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრების შესახებ, რომლებიც ეხებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების ხანგრძლივობასა და ამ მიმართებით დაცვის შიდასამართლებრივი ქმედითი საშუალების არარსებობას და გამოცხადდეს საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად;
გადაწყვეტილება მომჩივნის სახელის არგამჟღავნების შესახებ;
მხარეთა მოსაზრებები;
2024 წლის 20 ივნისის დახურული თათბირის შემდეგ,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
საქმის არსი
1. წინამდებარე საქმე ეხება შრომითი დავის სამოქალაქო სამართალწარმოების ხანგრძლივობას, რომელიც გაგრძელდა ექვსი წელი და ათი დღე და ამ მხრივ დაცვის შიდასამართლებრივი ქმედითი საშუალებების არარსებობას. მომჩივანი დაეყრდნო კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტსა და მე-13 მუხლს.
2. 2016 წლის 20 ივნისს მომჩივანმა აღძრა სამოქალაქო სამართალწარმოება მისი დამსაქმებლის წინააღმდეგ.
3. 2016 წლის 21 ივნისიდან 2018 წლის 23 იანვრამდე, სანამ მთავარი სამართალწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა, ამ სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა შვიდი გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა ა) მომჩივნის საჩივარს უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, მოპასუხის აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით (რაც საბოლოოდ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ); ბ) მის შემდგომ საჩივარს, ღონისძიების შეცვლის შესახებ; და გ) ორივე მხარის მიერ შეტანილ შესაბამის სააპელაციო საჩივრებს.
4. 2016 წლის 22 დეკემბერსა და 2017 წლის 24 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მომჩივანს მიუთითა, რომ დისციპლინური საჩივარი სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით უნდა წარედგინა ოფიციალური განაცხადის ფორმის გამოყენებით. არ ჩანს, რომ ასეთი საჩივარი იქნა წარდგენილი.
5. 2018 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით. მომჩივანი არ იქნა აღდგენილი თანამდებობაზე, მაგრამ მას მიეკუთვნა ერთჯერადი ანაზღაურება, არამართლზომიერი გათავისუფლების გამო, 18,360 აშშ დოლარის ოდენობით და შემოსავლის დაკარგვისთვის – კომპენსაცია 6,268 აშშ დოლარის ოდენობით.
6. 2019 წლის 15 იანვარს მომჩივანმა შეიტანა საჩივარი, რომელიც განსახილველად მიღებული იქნა 2019 წლის 21 მარტს, მას შემდეგ, რაც მან შესაბამისი სასამართლო მოსაკრებელი გადაიხადა.
7. 2019 წლის 3 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
8. 2020 წლის 17 იანვარს მომჩივანმა შეიტანა საჩივარი სამართლის ნორმების დარღვევის შესახებ.
9. 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის თებერვალში უზენაესი სასამართლოს მიერ მოპასუხე მხარისთვის გაგზავნილი კორესპონდენცია წერილობითი წარდგინების მოთხოვნით, ვერ იქნა მიწოდებული. პირველ შემთხვევაში მისამართი არასრულყოფილი იყო, მეორეში, ადრესატი არ იყო მითითებული. ის საბოლოოდ მიწოდებული იქნა 2021 წლის 1 მარტს.
10. 2022 წლის 5 მაისს უზენაესმა სასამართლომ გამართა ზეპირი მოსმენა იმის დასადგენად, სურდათ თუ არა მხარეებს საქმის მოგვარება და მათ ათი დღე მისცა მოლაპარაკებისთვის.
11. 2018 წლის 30 ივნისს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც წერილობითი სამართალწარმოების გზით უარყო მომჩივნის საჩივარი სამართლის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, როგორც მიუღებელი.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე, 194-ე, 197-ე და 1971 მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ პირველი საჩივრის გადაწყვეტა ხდება მისი შეტანის დღიდან ერთი დღის ვადაში; ამ საკითხზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ხუთი დღის ვადაში; უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლის შესახებ საჩივარი უნდა გადაწყდეს ხუთი დღის ვადაში; უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადაა ოცი დღე, თუ საჩივარი განსახილველად მიიღება მისი შეტანის დღიდან ხუთი დღის განმავლობაში.
სასამართლოს შეფასება
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტისა და მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა
13. მომჩივანი ჩიოდა სამოქალაქო სამართალწარმოების გადაჭარბებულ ხანგრძლივობასთან დაკავშირებით და ამ კუთხით სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების არარსებობაზე.
14. მთავრობამ განაცხადა, რომ საჩივარი მიუღებლად უნდა გამოცხადდეს ოთხი ალტერნატიული საფუძვლით. პირველი, მომჩივანს არ უხსენებია თავისი საჩივრები უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ ეროვნულ დონეზე და ამით ბოროტად გამოიყენა ინდივიდუალური საჩივრის უფლება. მეორე, მან ვერ ამოწურა დაცვის შიდასამართლებრივი ქმედითი საშუალებები დისციპლინური საჩივრის შეტანით. მთავრობამ მიუთითა 2017 წელს დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატის შექმნის შესახებ, რომლის უფლებამოსილებაა მოსამართლეების წინააღმდეგ საჩივრების განხილვა, სხვა საკითხთა შორის, საქმეების განხილვის გაჭიანურება და შესაბამისი დასკვნის წარდგენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რომელსაც აქვს საბოლოო უფლებამოსილება, გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა დისციპლინური წარმოება. მესამე, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივანი არ იყო მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა საბოლოოდ მიაკუთვნეს მას მნიშვნელოვანი კომპენსაცია არამართლზომიერი გათავისუფლებისთვის. და ბოლოს, საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან ეროვნულმა სასამართლოებმა შრომითი დავა გონივრულ ვადაში განიხილეს.
15. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოების ხანგრძლივობა (ორ წელზე და ოთხ თვეზე მეტი) შეიძლება აიხსნას მხარეთა ქცევით. კერძოდ, ეს პერიოდი ძირითადად დაკავშირებული იყო უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ საჩივრის განხილვასთან, ხოლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპს მხოლოდ ცხრა თვე დასჭირდა (იხ. პარაგრაფები 3 და 5 ზემოთ). რაც შეეხება საქმისწარმოების ხანგრძლივობას უზენაეს სასამართლოში (ორ წელზე და ექვს თვეზე მეტი), მთავრობის თანახმად, ეს გამოწვეული იყო იმ სირთულეებით, რომლებიც დაკავშირებული იყო მოპასუხე მხარისთვის მოთხოვნის წარდგენის სირთულეებთან (იხ. პარაგრაფი 9 ზემოთ) და სასამართლოს მცდელობასთან, შეეფასებინა მხარეთა საქმის მოგვარების სურვილი (იხ. პარაგრაფი 10 ზემოთ).
16. მომჩივანი არ დაეთანხმა, დეტალური დაზუსტების გარეშე.
17. რაც შეეხება საჩივრის წარდგენის უფლების სავარაუდო ბოროტად გამოყენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა არ დააზუსტა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ საჩივართან დაკავშირებული პროცედურა, თავდაპირველი საჩივრის გასამყარებლად წარდგენილი მასალები მოიცავდა მისი საჩივრის ასლს, რომელიც აღძრავდა საქმეს მისი დამსაქმებლის წინააღმდეგ და შეიცავდა უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნას. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი იმის დასკვნისთვის, რომ მომჩივანს სურდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანა. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით (იხ. საქმე Gross v. Switzerland [GC], no. 67810/10, § 28, ECHR 2014, შემდგომი მითითებებით), მომჩივნის უმოქმედობა, ამრიგად, არ შეიძლება ჩაითვალოს საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენებად კონვენციის 35(3)(a)-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში.
18. რაც შეეხება დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამართლებრივი სისტემა არ ითვალისწინებს არც სპეციალურ პრევენციულ საშუალებას, რომელსაც შეუძლია სამართალწარმოების დაჩქარება, და არც საკომპენსაციო საშუალებას, როგორც ასეთს. რაც შეეხება დისციპლინურ სახდელს, მისი ეფექტურობა მანამდე განხილული და უარყოფილი იქნა სასამართლოს მიერ საქმეში Schrade v. Georgia ([Committee], no. 15016/07, §§ 41-42, 2021 წლის 11 მარტი). მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინური სამართალწარმოების სისტემა განვითარდა და მოიცავდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტს, სასამართლო ვერ ხედავს, თუ როგორ შეიძლება დისციპლინური სამართალწარმოების დამატებითი ფენის დამატებამ შემოთავაზებული სამართლებრივი დაცვის საშუალება ეფექტური გახადოს საქმეებში, რომლებიც საჭიროებს ხანგრძლივ წარმოებას. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ასევე იხსენებს, რომ საშუალებები, რომლებსაც არ გააჩნია ზუსტი ვადები, რაც ქმნის გაურკვევლობას და უარყოფს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელ პუნქტში მოცემულ ოთხთვიან წესს (მანამდე – ექვსთვიანი წესი), არ არის სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში (იხ. საქმე Nicholas v. Cyprus, no. 63246/10, § 38, 2018 წლის 9 იანვარი). შესაბამისად, მომჩივანს არ მოეთხოვებოდა, გამოეყენებინა მთავრობის მიერ შეთავაზებული საშუალება.
19. რაც შეეხება მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში ყოფნის საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ მიიღო მომჩივანმა, გამოტანილი იქნა დამსაქმებლის მიერ მისი უკანონო გათავისუფლებიდან ექვს წელზე მეტი ხნის შემდეგ. ამდენად, არ შეიძლება ითქვას, რომ მომჩივანი არ ყოფილა მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში, შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის დაგვიანების გამო.
20. გარდა ამისა, მომჩივნის საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და არც მიუღებელია რაიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, საჩივრები უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
21. სასამართლო იმეორებს, რომ საქმისწარმოების ხანგრძლივობის „გონივრულობა“ უნდა შეფასდეს საქმის გარემოებებისა და შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: საქმის სირთულე, მომჩივნისა და შესაბამისი ხელისუფლების ორგანოების ქცევა და რა იდო სასწორზე მომჩივნისთვის დავაში (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Pélissier and Sassi v. France [GC], no. 25444/94, § 67, ECHR 1999‑II, და საქმე Frydlender v. France [GC], no. 30979/96, § 43, ECHR 2000‑VII). ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ევალებათ თავიანთი სასამართლო სისტემების ისე ორგანიზება, რომ სასამართლოებს შეეძლოთ „გონივრული ვადის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება მე-6 მუხლის შესაბამისად (იხ. საქმე Lupeni Greek Catholic Parish and Others v. Romania [GC], no. 76943/11, § 142, 2016 წლის 29 ნოემბერი).
22. უბრუნდება რა წინამდებარე საქმის გარემოებებს, სამოქალაქო სამართალწარმოება დაიწყო 2016 წლის 20 ივნისს და დასრულდა 2022 წლის 30 ივნისს. ამრიგად, განხილვას დაქვემდებარებული პერიოდი შეადგენს ექვს წელსა და ათ დღეს იურისდიქციის სამ დონეზე.
23. სასამართლო ითვალისწინებს მთავრობის წარდგინებებს, რომ მხარეთა ქცევამ ხელი შეუწყო პროცესის გაჭიანურებას (იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ). თუმცა, ის არ მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მის საქმეში უზრუნველყოფის ღონისძიებების შესაძლებლობის გამოყენებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქმის წარმოების მთლიან ხანგრძლივობაზე. გვერდით რომ გადავდოთ საკითხი, შეეძლო თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის არსებითად გადაწყვეტა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლო მხედველობიდან არ ტოვებს ამგვარი საჩივრების განხილვის საკმაოდ მოკლე ვადებს (იხ. პარაგრაფი 12 ზემოთ). რაიმე ვარაუდის არარსებობის გამო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსებითად განხილვის ერთზე მეტი მოსმენა ჩაატარა, უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ საჩივრის წარმოება საკმარისად ვერ ხსნის იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასჭირდა ორ წელზე და ოთხ თვეზე მეტი მომჩივნის საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად.
24. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს უზენაეს სასამართლოში გაჭიანურებასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ), მოპასუხის მისამართთან დაკავშირებული უმნიშვნელო დაყოვნება და ერთი მოსმენა მხარეთა პოზიციის შესაფასებლად, საქმის მოგვარებასთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი ახსნა აშკარა გაჭიანურებული უმოქმედობისთვის და ორი წლითა და ექვსთვიანი დაგვიანებით სამართლის ნორმების დარღვევის შესახებ საჩივრის გადაწყვეტა.
25. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო არ იყო, რომ მომჩივნის საქმე იყო კომპლექსური, სამართლებრივი ან ფაქტობრივი თვალსაზრისით, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ მთავრობის მიერ წინამდებარე საქმეში მოყვანილმა არგუმენტებმა შეიძლება გაათავისუფლოს სახელმწიფო პასუხისმგებლობისგან, ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში სამოქალაქო სამართალწარმოების საერთო ხანგრძლივობისთვის იურისდიქციის სამ დონეზე. ამრიგად, ამ საქმეში საქმის წარმოება გადაჭარბებული იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა იდო მომჩივნისთვის სასწორზე (იხ. პარაგრაფი 19 ზემოთ), და არ შეესაბამებოდა „გონივრული დროის“ მოთხოვნას.
26. რაც შეეხება საკითხს, ჰქონდა თუ არა მომჩივანს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება მის საჩივართან დაკავშირებით, რომელიც ეხება სამართალწარმოების ხანგრძლივობას, კონვენციის მე-13 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები არ იყო ქმედითი (იხ. პარაგრაფი 17 ზემოთ). შესაბამისად, ის ვერ ადგენს, რომ მომჩივანი უზრუნველყოფილი იყო კონვენციის მე-13 მუხლით მოთხოვნილი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებებით მის საჩივართან დაკავშირებით, სამართალწარმოების ხანგრძლივობის შესახებ.
27. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6(1) მუხლისა და მე-13 მუხლის დარღვევას.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
28. მომჩივანმა მოითხოვა 144,197.1 (ას ორმოცდაოთხი ათას ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ევრო და ათი ცენტი) ევრო მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით და ასევე 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მან ასევე მოითხოვა 9,237.07 ევრო ეროვნულ სასამართლოებსა და სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად.
29. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნები მატერიალური და მორალური ზიანის შესახებ იყო დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული. რაც შეეხება ხარჯებსა და დანახარჯებს, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა ვერ მიაწოდა ინფორმაცია წარმომადგენლის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესახებ, რაც ხელს უშლიდა შეფასებას, იყო თუ არა საჭირო ხარჯები აუცილებელი ან გონივრულად გაწეული.
30. სასამართლო ვერ ადგენს რაიმე მიზეზობრივ კავშირს აღმოჩენილ დარღვევასა და სავარაუდო მატერიალურ ზიანს შორის; აქედან გამომდინარე, ის უარყოფს ამ მოთხოვნას. თუმცა, ის აკუთვნებს მომჩივანს 400 (ოთხას) ევროს მორალურ ზიანთან დაკავშირებით, აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს.
31. მის ხელთ არსებული დოკუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო მზადაა მომჩივანს მიაკუთვნოს ჯამურად 1000 ევრო ხარჯებისა და დანახარჯებისთვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს.
ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად
1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას;
3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას;
4. ადგენს,
a. რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სამი თვის ვადაში გადაუხადოს მომჩივანს შემდეგი ფულადი ოდენობები, რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით:
(i) EUR 400 (ოთხასი ევრო), რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა, დაეკისროს მომჩივანს, მორალური ზიანისთვის;
(ii) EUR 1 000 (ათასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა, დაეკისროს მომჩივანს ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით;
b. რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების სრულად გადახდამდე, ზემოთ აღნიშნულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;
5. უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2024 წლის 11 ივლისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
მარტინა კელერი სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე