ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მედეა პატაშური საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
მეხუთე სექციის გადაწყვეტილება
საჩივარი №36126/19
სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,
გაითვალისწინა რა:
საჩივარი (№36126/19) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2019 წლის 3 ივლისს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ, ქ-ნმა მედეა პატაშურმა (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1971 წელს და მცხოვრები ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც წარმოადგენდნენ ქ-ნი ბ. პატარაია და ბ-ნი ნ. გამხიტაშვილი, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თბილისში, საქართველო;
გადაწყვეტილება ეცნობოს საჩივრების შესახებ საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბატონი ბ. ძამაშვილი;
მხარეთა მოსაზრებები;
განხილვის შედეგად, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
საქმის არსი
1. საქმე ეხება მოპასუხე სახელმწიფოს სავარაუდო წარუმატებლობას, დაეცვა მომჩივანი ოჯახში ძალადობისგან, რომელიც სავარაუდოდ ჩაიდინა მისმა ყოფილმა მეუღლემ. მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-3, მე-8 და მე-14 მუხლების შესაბამისად.
2. 2014 წლის 4 მარტს მომჩივანი დაუკავშირდა პოლიციას საჩივრით, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე ფიზიკურად იძალადა. სისხლის სამართლის გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. მომჩივნის სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა დაზიანებების არსებობა, რომლებიც შეფასდა როგორც ნაკლებად მძიმე (ჰემატომა). მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი საქმის წარმოებაში, რომელშიც მის ყოფილ ქმარს ბრალი წაუყენეს ოჯახში ძალადობაში და გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც უკრძალავდა ყოფილ ქმარს მომჩივანთან ფიზიკურ მიახლოებას.
3. 2014 წლის 15 აპრილს, დაზიანებების ნაკლებად მძიმე ხასიათის გათვალისწინებით, საპროცესო შეთანხმება დაიდო მომჩივნის ყოფილ ქმართან. საპროცესო შეთანხმების დადებამდე სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანომ კანონმდებლობის შესაბამისად გაიარა კონსულტაცია მომჩივანთან და ის დაეთანხმა შეთავაზებულ მოქმედებებს. ბრალის აღიარების შემდეგ დამნაშავე გაასამართლეს და დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის (დაახლოებით 1000 ევრო) ოდენობით.
4. 2014 წლის 3 სექტემბერს კიდევ ერთი სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო მომჩივნის მიერ მისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პოლიციაში იმავე დღეს შეტანილი ოჯახში ძალადობის ახალი საჩივრის საფუძველზე. გამომძიებლის მიერ დანიშნულმა სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ მომჩივანმა დარტყმა მიიღო სახეში (მას სისხლჩაქცევა ჰქონდა მარცხენა ლოყაზე). ყოფილ ქმარს ოჯახში ძალადობის ახალი ბრალდება წაუყენეს და ოფიციალური გაფრთხილება მიეცა შემაკავებელი ორდერით, რომ არ მიახლოებოდა მომჩივანს. მომჩივნის ყოფილმა ქმარმა კვლავ აღიარა დანაშაული, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანომ, რომელმაც მოიპოვა მომჩივნის თანხმობა, კვლავ გააფორმა საპროცესო შეთანხმება. ამის შედეგად დამნაშავე მეორედ იქნა გასამართლებული და დაეკისრა კიდევ ერთი ჯარიმა.
5. 2016 წლის 13 იანვარს მომჩივანი კვლავ დაუკავშირდა პოლიციას და ამტკიცებდა, რომ რამდენიმე დღით ადრე ყოფილმა ქმარმა მას თავისი მანქანით გადაუარა, რის შედეგადაც მან მიიღო ფეხის ტერფის მოტეხილობა და გაუწყდა მუხლის მყესი. სისხლის სამართლის გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. ინციდენტის შემდეგ მალევე დაინიშნა მომჩივნის სამედიცინო შემოწმება და ჩატარდა სხვა სასამართლო ექსპერტიზები (იხ. პარაგრაფი 7 ქვემოთ). შედეგად მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანომ, დაასრულა რა გამოძიება, აღძრა საქმე მომჩივნის ყოფილი ქმრის წინააღმდეგ და გაგზავნა სასამართლოში პატიმრობის მოთხოვნით.
6. 2016 წლის დაუზუსტებელ დღეს, მომჩივანმა დატოვა საქართველო და გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მას შემდეგ ცხოვრობს.
7. 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამართა რა საქმის სასამართლოში განხილვა, რომლის დროსაც არაერთი მოწმე იქნა გამოკითხული და ყველა სხვა მტკიცებულება იქნა განხილული, გაამართლა ბრალდებული. გამამართლებელი განაჩენი ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ მომჩივნის ბრალდებების საპირისპიროდ, მომჩივნის სამედიცინო შემოწმებას არ გამოუვლენია ბოლოდროინდელი მოტეხილობის ან მყესების გაწყვეტის ნიშნები მის ტერფებსა და მუხლებზე. ეს დასკვნა დაადასტურა სასამართლო ექსპერტის ზეპირმა ჩვენებამ, რომელიც მოსმენილი იქნა საქმის სასამართლოში განხილვისას, აგრეთვე, ფაქტმა, რომ გამომძიებლებმა ვერ იპოვეს ქმრის მანქანასთან მომჩივნის სავარაუდო კონტაქტის კვალი, ვერც მანქანის ძარაზე და ვერც ბორბლებზე, ან ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, რომელიც ეცვა მომჩივანს სავარაუდო ინციდენტის დღეს. მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ მოსმენილმა რამდენიმე მოწმემ განაცხადა, რომ მომჩივანმა დაარტყა ბოთლი ყოფილი ქმრის მანქანის საქარე მინას მასთან კამათის შემდეგ და გამომძიებლების მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ რაღაც ზემოქმედების ნიშნები იყო მანქანის საქარე მინაზე. ამ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივნის ბრალდებები, რომლებიც ეხებოდა მასზე მანქანის გამოყენებით სავარაუდო თავდასხმის გარემოებებს, იყო ძალზე წინააღმდეგობრივი, დამაბნეველი და დაუსაბუთებელი და, შესაბამისად, მომჩივნის ყოფილი ქმრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდება უნდა მოიხსნას, როგორც დაუსაბუთებელი.
8. პროკურატურამ 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი 2018 წლის 23 მაისსა და, შესაბამისად, 2019 წლის 3 იანვარს ძალაში დატოვა.
9. საქმის მასალების თანახმად, მომჩივანს არასოდეს შეუტანია სისხლის სამართლის საჩივარი პოლიციის წინააღმდეგ და არ აღუძრავს საქმის წარმოება სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ, უმოქმედობის გამო, ოჯახში ძალადობის შესახებ მის ბრალდებებთან დაკავშირებით.
სასამართლოს შეფასება
10. კონვენციის მე-3, მე-8 და მე-14 მუხლების ციტირებით, მომჩივანმა ეჭვქვეშ დააყენა მისი ყოფილი ქმრის 2017 წლის 29 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი, ბრალდებისთვის, რომელიც წარედგინა მას მანქანის გამოყენებით ყოფილ ცოლზე თავდასხმის გამო და, უფრო ზოგადად, ჩიოდა, რომ პოლიციამ ვერ შეძლო მისი დაცვა ოჯახში ძალადობის განმეორებული ინციდენტებისგან.
11. სასამართლო იმეორებს, რომ მესამე პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება და მსჯავრდების უზრუნველყოფა არ არის უფლება, რომელიც, როგორც ასეთი, შედის კონვენციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებში (იხ. საქმე Perez v. France [GC], no. 47287/99, § 70, ECHR 2004‑I, შემდგომი მითითებებით, და საქმე Liģeres v. Latvia, no. 17/02, § 57, 2011 წლის 28 ივნისი) და, რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული პირის სისხლისსამართლებრივი დევნის ან მსჯავრდების აბსოლუტური უფლება (იხ. საქმე Szula v. the United Kingdom (dec.), no. 18727/06, 2007 წლის 4 იანვარი). ამ პერსპექტივიდან და ხელმძღვანელობს რა სუბსიდიარობის პრინციპით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის ყოფილი ქმრის სისხლისსამართლებრივი მსჯავრდების მოთხოვნის ნაცვლად, წინამდებარე საქმის შეფასების გადამწყვეტი კრიტერიუმია, გამოიჩინეს თუ არა სათანადო გულმოდგინება ხელისუფლების ორგანოებმა თავიანთი რეაგირებისას, მომჩივნისთვის მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო საფრთხესთან მიმართებით (შეადარეთ საქმე Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, § 52, 2021 წლის 8 ივლისი, მასში შემდგომი მითითებებით).
12. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ ეროვნულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა აღძრეს სამი სისხლის სამართლის საქმე მომჩივნის ყოფილი ქმრის წინააღმდეგ, თითოეულ შემთხვევაში, როგორც კი დაზარალებულმა მათ მიმართა საჩივრით, რომ ის იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი; სათანადოდ გამოიცა შემაკავებელი ორდერები და აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმეები (იხ. პარაგრაფები 2-5 ზემოთ). ამ სისხლის სამართლის საქმეებიდან ორს საბოლოოდ შედეგად მოჰყვა საპროცესო შეთანხმება და ყოფილმა ქმარმა დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ მიიღო მსუბუქი სისხლის სამართლის სასჯელი. თუმცა, როგორც მთავრობა უსვამს ხაზს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი დასთანხმდა ყოფილი ქმრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ასეთი გამარტივებული ფორმით შეწყვეტას.
13. რაც შეეხება მესამე სისხლის სამართლის საქმეს მომჩივნის ყოფილი ქმრის წინააღმდეგ, რომელსაც შედეგად მოჰყვა მისი გამართლება ბრალდებებში, რომლებიც ეხებოდა სავარაუდო თავდასხმას მანქანით, სასამართლო აღნიშნავს, რომ წინა ორი საქმისგან განსხვავებით, პროკურატურამ გადაწყვიტა საქმის სასამართლომდე მიტანა. შემდეგ საქმის ფაქტები გულდასმით გამოიკვლიეს ეროვნულმა სასამართლოებმა იურისდიქციის სამ დონეზე. მოწმეების მოსმენისა და სისხლის სამართლის გამოძიების შედეგების შესწავლის შემდეგ, სასამართლოებმა სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნიეს მომჩივნის ბრალდება, რომ მას მანქანა დაეჯახა (იხ. პარაგრაფი 7 ზემოთ). სასამართლოს არ შეუძლია მოირგოს მეოთხე ინსტანციის ეროვნული სასამართლოს როლი და ეჭვქვეშ დააყენოს ეს ფაქტობრივი დასკვნები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა გაამართლეს მომჩივნის ყოფილი ქმარი მის წინააღმდეგ დამადანაშაულებელი მტკიცებულებების არარსებობის გამო, არ შეიძლება იყოს საკმარისი, რომ დავასკვნათ, რომ ეროვნულმა ორგანოებმა არ გამოიჩინეს საჭირო განსაკუთრებული გულმოდგინება მომჩივნის ოჯახში ძალადობის შესახებ საჩივრების განხილვისას (შეადარეთ, მაგალითად, საქმე M.T. and S.T. v. Slovakia (dec.), no. 59968/09, §§ 81-83, 2012 წლის 29 მაისი).
14. ყველა ზემოაღნიშნული მოსაზრების გათვალისწინებით, მის წინაშე არსებული ყველა მასალის ფონზე და რამდენადაც გასაჩივრებული საკითხები მის კომპეტენციაში შედის, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საჩივარი 2017 წლის 29 დეკემბერს მისი ყოფილი ქმრის გამართლების შესახებ, მანქანით მასზე სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით, არ მიუთითებს ხელისუფლების ორგანოების მიერ კონვენციის მე-3, მე-8 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული რაიმე პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობაზე. ამრიგად, სასამართლო ადგენს, რომ საჩივრის ნაწილი აშკარად დაუსაბუთებელია და უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
15. რაც შეეხება მომჩივნის მეორე და უფრო ზოგად პრეტენზიას პოლიციის სავარაუდო წარუმატებლობასთან დაკავშირებით, რომ დაეცვა ის ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ინციდენტისგან, გარდა ზემოთ მოყვანილი დასკვნებისა პოლიციის პასუხის შესაბამისობასთან დაკავშირებით მის სამ კონკრეტულ დანაშაულებრივ ბრალდებაზე, სასამართლო იმეორებს, მთავრობის პრეტენზიიდან გამომდინარე, რომ განაცხადი მიუღებელია ამოუწურაობის გამო, რომ მთელ რიგ მსგავს საქმეებში, რომლებიც აყენებენ ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას საქართველოში, სადაც საჩივრების არსი მსგავსი იყო მომჩივნის წინამდებარე საჩივრისა იმ თვალსაზრისით, რომ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა და გულგრილობა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ოჯახში ძალადობის ესკალაცია მოხდა, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიზნებისთვის ანაზღაურების მოპოვების ყველაზე შესაფერისი გზა იქნებოდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა საქმეში ჩართული სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული თანამშრომლების წინააღმდეგ (იხ. საქმე A and B v. Georgia, no. 73975/16, § 43, 2022 წლის 10 თებერვალი; საქმე Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, § 60, მასში შემდგომი მითითებებით, და საქმე Gaidukevich v. Georgia, no. 38650/18, §§ 62 და 53, 2023 წლის 15 ივნისი). თუმცა, ვინაიდან მომჩივანს არასოდეს მიუმართავს არც ამ სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალებისთვის და არც სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებისთვის პოლიციის ორგანოს, როგორც მთლიანის, წინააღმდეგ (შეუპირისპირეთ, სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საკითხთან დაკავშირებით, საქმე A and B, ციტირებული ზემოთ, § 45), აშკარაა, რომ საჩივრის ნაწილი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პოლიციის სავარაუდო გულგრილობას, უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალებების ამოუწურაობის გამო.
ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად
აცხადებს საჩივარს მიუღებლად.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2024 წლის 11 ივლისს.
მარტინა კელერი სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე