„ადიგენის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 ნოემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.137.016777
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/01/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2025 წლის 21 იანვარი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 ნოემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29  ნოემბრის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/12/2024 010250020.35.137.016760), კერძოდ:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტისა და 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11

პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად  ადიგენის  მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:

ა) პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები, ასისტირების სფეროები, მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები და სხვა) გავრცელება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმირება/კონსულტირება პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მიერ პერსონალური ასისტენტის მომსახურების მომწოდებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება მომსახურების განხორციელების თაობაზე;

გ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების მისაღებად განაცხადის მიღება. მომსახურების მიღების მსურველი პირების სიის  და მომსახურების მიმღები პირების ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება;

დ) მომსახურების მიმღები პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის/ორგანიზაციების შესახებ;

ე)  პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებების განხილვა და პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებების მიღება;

ვ) პერსონალურ ასისტენტს, მომსახურების მიმღებ პირსა და მიმწოდებელს შორის პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულების  დადგენილ სტანდარტებთან და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა;

ზ)  პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაო ფორმების დამტკიცება;

თ) მომსახურების მიმღები პირის და მომსახურების მიღების მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

ი) მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მ.შ. მომხმარებელთა კმაყოფილებისა და საჩივრების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი რეაგირება მომსახურების სათანადოდ განსახორციელებლად;

კ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების მონიტორინგის წესის შემუშავება და დამტკიცება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პერსონალური ასისტენტის მომსახურების მონიტორინგი  და მონიტორინგის შედეგებზე რეაგირების მექანიზმის შექმნა.“;

გ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 მუხლი:

„მუხლი 12

მუნიციპალიტეტი პერსონალური ასისტენტის პროგრამას ახორციელებს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და დელეგირებისთვის განკუთვნილი მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობით.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართიდან ამოღებული იქნეს მე-2 მუხლი;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლიდან ამოღებული იქნეს „ნ“ ქვეპუნქტი;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ფაქტობრივი ცხოვრება – ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებული (მათ შორის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული) 18 წელზე უფროსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არანაკლებ ერთი თვით ფაქტობრივი ცხოვრება.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1.პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  (მათ შორის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული) და ფაქტობრივად მცხოვრები 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების (ფორმა №IV-50/2) საფუძველზე განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.“

თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2.ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს წარდგენილი დოკუმენტები. თუ დოკუმენტები სრულყოფილად არის წარდგენილი და განმცხადებელი აკმაყოფილებს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მერია აცნობებს განმცხადებელს, რომ შეფასების პროცედურის გასავლელად 1 თვის ვადაში მიმართოს უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც სტანდარტიზებული კითხვარის საფუძველზე განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭიროებას (რეგულარული/სპეციალიზებული).“;

კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. თუ მომსახურების მაძიებელი აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში, პირი შეყვანილ იქნება მომსახურების მიღების მსურველთა სიაში. მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში შესაბამისი რესურსის გამოთავისუფლების შემთხვევაში (მოსარგებლეთა გამოთიშვა პროგრამიდან, ტრანსფერის მოცულობის ზრდა, და ა.შ.) ამ სიაში შეყვანილ პირთა დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მერის/კომისიის მიერ მე-6 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.“;

ლ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. პერსონალური ასისტენტის შერჩევის შემდეგ 5 სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელს, პერსონალურ ასისტენტს და მომსახურების მიმღებ პირს შორის ფორმდება პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს პერსონალური ასისტენტის მიერ გასაწევი საქმიანობების/მომსახურების სფეროებს, ვალდებულებებს, ვადებს, მომსახურების განრიგს, კონფიდენციალურობის დაცვის და უსაფრთხოების საკითხებს, ურთიერთობის წესებს და მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა სპეციფიკურ ასპექტებს. მხარეებს შორის გასაფორმებელი სამმხრივი ხელშეკრულების პროექტი მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წარედგინება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას.

მ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების არასაპატიო მიზეზით დარღვევა ან მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას, მომსახურების მიმღებსა და პერსონალურ ასისტენტს შორის შეთანხმების მიუღწევლობა წარმოადგენს პროგრამაში მაძიებლის ჩართვაზე უარის თქმის საფუძველს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი