პუბლიკაციის თარიღი 24.06.1986
მოქმედების პერიოდი 24.06.1986 — 29.11.1986
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
ნომერი №-
კონსოლიდირებული ვერსიები (14)
საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის დამტკიცების შესახებ
კანონი

(მიღებულია საქართველოს სსრ მეათე მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეშვიდე სესიის მიერ 1983 წლის 4 ივნისს – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1983 წ., №6, მუხ. 199)
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი და შემოღებულ იქნეს იგი სამოქმედოდ 1983 წლის 1 სექტემბრიდან.
მუხლი 2. დაევალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაადგინოს საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესი და შეუსაბამოს საქართველოს სსრ კანონმდებლობა ამ კოდექსს.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბინაო კოდექსი
დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შედეგად ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა საჭირო წანამძღვრები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პრობლემის გადაჭრისათვის – ბინაზე მშრომელთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
საბჭოთა სახელმწიფო, რომელიც კომუნისტური საზოგადოების აშენების ლენინურ იდეებსა და ხალხის ცხოვრების მატერიალური და კულტურული დონის ამაღლების კურსს ახორციელებს, თანამიმდევრულად ასრულებს კომუნისტური პარტიის მიერ შემუშავებულ საბინაო მშენებლობის პროგრამას.
სახელმწიფო გეგმების საფუძველზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის განვითარების სწრაფი ტემპი, ღონისძიებები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს კოოპერაციული და ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო პირობებს ქმნის სსრ კავშირის კონსტიტუციითა და საქართველოს სსრ კონსტიტუციით გარანტირებული მოქალაქეთა ბინის უფლების უზრუნველსაყოფად.
დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ამოცანაა საბინაო ფონდის დაცვა-შენახვის უზრუნველყოფა, მისი გამოსადეგობის ვადის გადიდება, საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობის დონის ამაღლება. ამ ამოცანის გადაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქენი.
სსრ კავშირის კონსტიტუცია და საქართველოს სსრ კონსტიტუცია მოქალაქეებს ავალებს გაუფრთხილდნენ მათთვის მიცემულ ბინას.
საბჭოთა საბინაო კანონმდებლობა მოწოდებულია ხელს უწყობდეს მოქალაქეთა ბინის უფლების უზრუნველყოფას, საბინაო ფონდის ეფექტიან გამოყენებასა და დაცვას.
კარი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს სსრ მოქალაქეთა ბინის უფლება
სსრ კავშირის კონსტიტუციისა და საქართველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს სსრ მოქალაქეებს აქვთ ბინის უფლება. ამ უფლებას უზრუნველყოფს სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის განვითარება და დაცვა, კოოპერატიული და ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის ხელშეწყობა, კეთილმოწყობილი ბინების მშენებლობის პროგრამის განხორციელების კვალობაზე გამოყოფილი საცხოვრებელი ფართობის სამართლიანი განაწილება საზოგადოებრივი კონტროლის გაწევით, აგრეთვე ბინის ქირისა და კომუნალური მომსახურების გადასახდელის სიმცირე.
მუხლი 2. საქართველოს სსრ საბინაო კანონმდებლობის ამოცანები
საქართველოს სსრ საბინაო კანონმდებლობის ამოცანებს შეადგენს საბინაო ურთიერთობის მოწესრიგება სსრ კავშირის კონსტიტუციითა და საქართველოს სსრ კონსტიტუციით გარანტირებული მოქალაქეთა ბინის უფლების, საბინაო ფონდის სათანადო გამოყენებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე კანონიერების განმტკიცება საბინაო ურთიერთობათა დარგში.
მუხლი 3. სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ საბინაო კანონმდებლობა
საქართველოს სს რესპუბლიკაში საბინაო ურთიერთობას აწესრიგებს სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლები და მათ შესაბამისად გამოცემული სსრ კავშირის საბინაო კანონმდებლობის სხვა აქტები, ეს კოდექსი და საქართველოს სსრ საბინაო კანონმდებლობის სხვა აქტები.
საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობას აწესრიგებს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ შესაბამისი კანონმდებლობა.
მუხლი 4. საბინაო ფონდი
საქართველოს სსრ ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლები, აგრეთვე საცხოვრებელი სადგომები სხვა ნაგებობებში ქმნიან საბინაო ფონდს.
საბინაო ფონდში შედის: სახელმწიფო საბინაო ფონდი, საზოგადოებრივი საბინაო ფონდი, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ფონდი და ინდივიდუალური საბინაო ფონდი.
საბინაო ფონდში შედის აგრეთვე სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული გაერთიანებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების კუთვნილი საცხოვრებელი სახლები. ამ სახლების მიმართ გამოიყენება წესები, რომლებიც სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლებით დადგენილია საზოგადოებრივი საცხოვრებელი ფონდისათვის.
საცხოვრებელი სახლების არასაცხოვრებელი სადგომები, რომლებიც განკუთვნილია სავაჭრო, საყოფაცხოვრებო და არასამრეწველო ხასიათის სხვა საჭიროებებისათვის, საბინაო ფონდში არ შედის.
მუხლი 5. სახელმწიფო საბინაო ფონდი
სახელმწიფოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლები და საცხოვრებელი სადგომები სხვა ნაგებობებში შეადგენს სახელმწიფო საბინაო ფონდს.
სახელმწიფო საბინაო ფონდი არის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების გამგებლობაში (ადგილობრივი საბჭოების საბინაო ფონდი) და სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების გამგებლობაში (საუწყებო საბინაო ფონდი).
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დაბებში არსებული საუწყებო საბინაო ფონდის სახლები თანდათან უნდა გადაეცეს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების გამგებლობაში იმ წესით და ვადებში, რომელთაც განსაზღვრავენ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
მუხლი 6. საზოგადოებრივი საბინაო ფონდი
კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების, მათი გაერთიანებების, პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების კუთვნილი საცხოვრებელი სახლები და საცხოვრებელი სადგომები სხვა ნაგებობებში შეადგენს საზოგადოებრივ საბინაო ფონდს.
მუხლი 7. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ფონდი
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების კუთვნილი საცხოვრებელი სახლები შეადგენს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ფონდს.
მუხლი 8. ინდივიდუალური საბინაო ფონდი
მოქალაქეთა პირად საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები შეადგენს ინდივიდუალურ საბინაო ფონდს.
მუხლი 9. საცხოვრებელი სახლებისა და საცხოვრებელი სადგომების დანიშნულება
საცხოვრებელი სახლები და საცხოვრებელი სადგომები განკუთვნილია მოქალაქეთა მუდმივი ბინადრობისათვის, აგრეთვე, დადგენილი წესით, სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომებად და საერთო საცხოვრებლად გამოყენებისათვის.
აკრძალულია საცხოვრებელი სახლების სადგომების სამრეწველო ხასიათის საჭიროებებისათვის მიცემა.
სარდაფისა და ნახევარსარდაფის საცხოვრებლად გადაკეთება არ დაიშვება.
მუხლი 10. საბინაო ფონდიდან საცხოვრებელი სახლებისა და საცხოვრებელი სადგომების ამორიცხვა
პერიოდულად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილ ვადებში, წარმოებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლების გამოკვლევა. საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლები და სადგომები გადაკეთდება სხვა მიზნით გამოსაყენებლად ან ასეთი სახლები აიღება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოების, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის, სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო (რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით.
საცხოვრებელი სახლებისა და საცხოვრებელი სადგომების ტექნიკური და სანიტარიული გამოკვლევის ჩატარებისა და მათი საცხოვრებლად გამოუსადეგრად ცნობის წესს, აგრეთვე სხვა მიზნით გამოსაყენებლად გადაკეთების ან აღების წესს განსაზღვრავს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
მუხლი 11. საცხოვრებელი სახლებისა და საცხოვრებელი სადგომების არასაცხოვრებლად გადაყვანა
სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის საცხოვრებლად ვარგისი საცხოვრებელი სახლებისა და ასეთ სახლებში არსებული საცხოვრებელი სადგომების არასაცხოვრებლად გადაყვანა, როგორც წესი, არ დაიშვება. გამონაკლის შემთხვევებში საცხოვრებელი სახლებისა და საცხოვრებელი სადგომების არასაცხოვრებლად გადაყვანა შეიძლება ამ კოდექსის მე-10 მუხლშია აღნიშნული ორგანოების გადაწყვეტილებით. საუწყებო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლებისა და საცხოვრებელი სადგომების არასაცხოვრებლად გადაყვანა ხდება შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტების, უწყებებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ცენტრალური ორგანოების წინადადებებით.
კოლმეურნეობების კუთვნილი საცხოვრებელი სახლებისა და საცხოვრებელი სადგომების არასაცხოვრებლად გადაყვანა ხდება კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით.
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საცხოვრებელი სახლების არასაცხოვრებლად გადაყვანა დაუშვებელია. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლებში კოოპერატივის საჭიროებისთვის ცალკეული საცხოვრებელი სადგომების არასაცხოვრებლად გადაყვანა შეიძლება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომელსაც შემდგომ ამტკიცებს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის), ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
მუხლი 12. მოქალაქეთა საბინაო უფლებები
საქართველოს სსრ მოქალაქეებს უფლება აქვთ, დადგენილი წესით, მიიღონ საცხოვრებელი სადგომი სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში ან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლებში.
საცხოვრებელი სადგომები სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში, აგრეთვე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლებში მოქალაქეებს ეძლევათ უვადო სარგებლობისათვის.
მოქალაქეებს უფლება აქვთ, სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად, პირად საკუთრებაში ჰქონდეთ საცხოვრებელი სახლი (სახლის ნაწილი).
არავინ არ შეძლება გამოსახლებულ იქნეს დაკავებული საცხოვრებელი სადგომიდან ან ვინმეს შეეზღუდოს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება, თუ არა კანონით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით.
მუხლი 13. მოქალაქეთა საბინაო მოვალეობანი
მოქალაქენი მოვალენი არიან გაუფრთხილდნენ სახლს, სადაც ისინი ცხოვრობენ, გამოიყენონ საცხოვრებელი სადგომი დაიშნულებისამებრ, დაიცვან საცხოვრებელი სადგომებით სარგებლობის წესები და სოციალისტური საერთო ცხოვრების წესები, ეკონომიურად ხარჯონ წყალი, გაზი, ელექტროენერგია და თბოენერგია.
მოქალაქეებს არ შეუძლიათ საცხოვრებელი სახლები და საცხოვრებელი სადგომები გამოიყენონ პირადი გამორჩენის, არაშრომითი შემოსავლის მიღებისა და სხვა ანგარებითი მიზნებისათვის, აგრეთვე საზოგადოების ინტერესების საზიანოდ.
მუხლი 14. მოქალაქეთა ბინის უფლების დაცვა
მოქალაქეთა ბინის უფლებას იცავს კანონი, აკრძალულია მოქმედება, რომელიც მოქალაქეებს ხელს უშლის მათი ბინის უფლების განხორციელებაში.
მუხლი 15. სსრ კავშირის კომპეტენცია საბინაო ურთიერთობათა მოწესრიგების დარგში
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სსრ კავშირის გამგებლობას საბინაო ურთიერთობათა მოწესრიგების დარგში განეკუთვნება:
1) საბინაო ურთიერთობათა საკანონმდებლო მოწესრიგების ერთიანობის უზრუნველყოფა;
2) საკავშირო დაქვემდებარების საბინაო მეურნეობის ხელმძღვანელობა, საკავშირო-რესპუბლიკური დაქვემდებარების საბინაო მეურნეობის საერთო ხელმძღვანელობა;
3) საბინაო მეურნეობის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ორგანიზაციისა და საქმიანობის ზოგადი საწყისების დადგენა;
4) საბინაო ფონდის კაპიტალური რემონტის საგეგმო დავალებათა დამტკიცება მოკავშირე რესპუბლიკების, სსრ კავშირის სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების მიხედვით;
5) ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება საბინაო ფონდის რემონტის დარგში;
6) საბინაო ფონდის ექსპლუატაციისა და რემონტისათვის საფინანსო და მატერიალური რესურსების ხარჯვის ნორმატივების დადგენა მოკავშირე რესპუბლიკების, სსრ კავშირის სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების მიხედვით;
7) საბინაო ფონდის სახელმწიფო აღრიცხვის ერთიანი წესის დადგენა;
8) საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვის, საცხოვრებელი სადგომების მიცემისა და ამ სადგომებით სარგებლობის ძირითადი წესების დადგენა;
9) ბინის ქირის ოდენობისა და საცხოვრებელი სადგომებისა და კომუნალური მომსახურების გადასახდელის შეღავათის დადგენა;
10) საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ორგანიზაციისა და საქმიანობის ძირითადი წესების დადგენა;
11) სახელმწიფო კონტროლი საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვისადმი და მისი განხორციელების წესის დადგენა;
12) საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის სხვა საერთო-საკავშირო მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტა სსრ კავშირის კონსტიტუციისა და სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად.
მუხლი 16. საქართველოს სსრ კომპეტენცია საბინაო ურთიერთობათა მოწესრიგების დარგში
საქართველოს სსრ გამგებლობას საბინაო ურთიერთობათა მოწესრიგების დარგში სსრ კავშირის კომპეტენციის ფარგლებს გარეთ განეკუთვნება:
1) საბინაო ურთიერთობათა საკანონმდებლო მოწესრიგება რესპუბლიკაში;
2) საკავშირო-რესპუბლიკური და რესპუბლიკური დაქვემდებარების საბინაო მეურნეობის ხელმძღვანელობა, ამ მეურნეობის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ორგანიზაციისა და საქმიანობის წესის დადგენა;
3) რესპუბლიკაში საბინაო ფონდის კაპიტალური რემონტის საგეგმო დავალებათა დამტკიცება;
4) რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბინაო ფონდის სახელმწიფო აღრიცხვის განხორციელება;
5) საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვის, საცხოვრებელი სადგომების მიცემისა და ამ სადგომებით სარგებლობის წესის დადგენა;
6) ბინის ქირისა და კომუნალური მომსახურების გადასახდელის შეტანის წესისა და ვადების დადგენა;
7) საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ორგანიზაციისა და საქმიანობის წესის, მათი წევრების უფლებებისა და მოვალეობების დადგენა;
8) საცხოვრებელი სახლების ტექნიკური ექსპლუატაციის წესებისა და ნორმების და სახლისპირა ტერიტორიებით სარგებლობის წესის დადგენა;
9) საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვისადმი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
10) საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის სხვა საკითხთა გადაწყვეტა, თუ ისინი სსრ კავშირის კომპეტენციას არ განეკუთვნება.
მუხლი 17. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ კომპეტენცია საბინაო ურთიერთობათა მოწესრიგების დარგში
აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ გამგებლობის საბინაო ურთიერთობათა მოწესრიგების დარგში სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კომპეტენციის ფარგლებს გარეთ განეკუთვნება:
1) რესპუბლიკური (ასსრ) დაქვემდებარების საბინაო მეურნეობის ხელმძღვანელობა;
2) ავტონომიურ რესპუბლიკაში საბინაო ფონდის კაპიტალური რემონტის საგეგმო დავალებათა დამტკიცება;
3) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბინაო ფონდის სახელმწიფო აღრიცხვის განხორციელება;
4) საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვისადმი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
5) საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის სხვა საკითხთა გადაწყვეტა, თუ ისინი სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კომპეტენციას არ განეკუთვნება.
მუხლი 18. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს უფლებამოსილებანი საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის დარგში
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო:
1) ხელმძღვანელობს საოლქო დაქვემდებარების საბინაო მეურნეობას;
2) უზრუნველყოფს ადგილობრივი საბჭოების გამგებლობაში არსებული საბინაო ფონდის დაცვა-შენახვას, სწორ ექსპლუატაციას, კაპიტალურ და მიმდინარე რემონტს;
3) ორგანიზაციას უწევს საუწყებო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მდგომარეობისა და ექსპლუატაციისადმი, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლებისა და მოქალაქეთა პირად საკუთრებაში არსებული სახლების მოვლა-პატრონობისადმი კონტროლს;
4) ახორციელებს კონტროლს საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვის მდგომარეობისადმი, აგრეთვე საცხოვრებელი სადგომების განაწილებისა და მიცემის სისწორისადმი;
5) წყვეტს საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის სხვა საკითხებს სსრ კავშირის კანონმდებლობის, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ კანონის, ამ კოდექსისა და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 19. სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოების უფლებამოსილებანი საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის დარგში
საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოები სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად:
1) ხელმძღვანელობენ საქვეუწყებო საბინაო მეურნეობას;
2) ამტკიცებენ რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის, დაბის, სოფლის საბინაო მეურნეობის განვითარების საგეგმო დავალებებს და კონტროლს უწევენ მათ შესრულებას;
3) უზრუნველყოფენ საბჭოს გამგებლობაში არსებული საბინაო ფონდის ჯეროვან ტექნიკურ მდგომარეობას, კაპიტალურ და მიმდინარე რემონტს;
4) ახორციელებენ კონტროლს საუწყებო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მდგომარეობისა და ექსპლუატაციისადმი, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლებისა და მოქალაქეთა პირად საკუთრებაში არსებული სახლების მოვლა-პატრონობისადმი;
5) ეწევიან საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვას;
6) ანაწილებენ სახალხო დეპუტატთა შესაბამისი ადგილობრივი საბჭოს კუთვნილ საბინაო ფონდს და აძლევენ მოქალაქეებს საცხოვრებელ სადგომებს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების სახლებში; ახორციელებენ კონტროლს საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვის სისწორისადმი და საუწყებო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში, აგრეთვე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლებში მოქალაქეებისათვის საცხოვრებელი სადგომების მიცემის სისწორისადმი;
7) წყვეტენ საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის სხვა საკითხებს სსრ კავშირის კანონმდებლობის, ამ კოდექსისა და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობის შესაბამისად.
კარი II
საბინაო ფონდის მართვა
მუხლი 20. სახელმწიფო მართვა საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის დარგში
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სახელმწიფო მართვის საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის დარგში ახორციელებენ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოები, სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების, სამინისტროები, სახელმწიფო კომიტეტები და უწყებები, აგრეთვე სპეციალურად საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად.
საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის დარგში საქართველოს სს რესპუბლიკაში სახელმწიფო მართვის განმახორციელებელი სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები არიან საქართველოს სსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტრო და ადგილებზე მისი ორგანოები მათი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 21. საქართველოს სსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებანი საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის დარგში
საქართველოს სსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს კოორდინაციას საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის დარგში.
საქართველოს სსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს აქტები, რომლებიც მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიცემა, სავალდებულოა საქართველოს სსრ ტერიტორიაზე სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტების, უწყებების, მათი საქვეუწყებო საწარმოებს, დაწესებულებების, ორგანიზაციებისათვის, აგრეთვე სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისა და მოქალაქეებისათვის.
მუხლი 22. სახელმწიფო საბინაო ფონდის მართვის განმახორციელებელი ორგანოები
სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების საბინაო ფონდის მართვას ახორციელებენ მათი აღმასრულებელი კომიტეტები და მათ მიერ შექმნილი მმართველობის ორგანოები.
საუწყებო საბინაო ფონდის მართვას ახორციელებენ სამინისტროები, სახელმწიფო კომიტეტები, უწყებები და მათდამი დაქვემდებარებული საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები.
მუხლი 23. საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მართვის განმახორციელებელი ორგანოები
საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მართვას ახორციელებენ კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების, მათი გაერთიანებების მმართველობის ორგანოები, პროფკავშირული და სხვა ორგანიზაციების ორგანოები თავიანთი წესდებების (დებულებების) შესაბამისად.
მუხლი 24. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ფონდის მართვის განმახორციელებელი ორგანოები
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ფონდის მართვას ახორციელებენ კოოპერატივების მმართველობის ორგანოები თავიანთი წესდებების შესაბამისად.
მუხლი 25. საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციები
სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის ექსპლუატაციისათვის იქმნება საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა ხორციელდება სამეურნეო ანგარიშის საფუძველზე.
საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ საბინაო ფონდის დაცვა-შენახვასა და სათანადო გამოყენებას, მოქალაქეთა მომსახურების მაღალ დონეს, აგრეთვე კონტროლს უწევენ მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი სადგომებით სარგებლობის, საცხოვრებელი სახლისა და სახლისპირა ტერიტორიის მოვლა-პატრონობის წესების დაცვას.
საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაცია შეიძლება გასწიოს მხოლოდ ერთმა საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციამ. თუ საუწყებო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლების ექსპლუატაციისთვის არ შეიძლება შეიქმნას საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაცია, სახლების ექსპლუატაციას უშუალოდ ახორციელებს შესაბამისი საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია.
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციის ტიპობრივ დებულებას ამტკიცებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ან სსრ კავშირის სამინისტრო, სახელმწიფო კომიტეტი, უწყება.
მუხლი 26. საზოგადოებრივ ორგანიზაციათა, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა მონაწილეობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მართვისა და მისი დაცვა-შენახვის უზრუნველყოფაში
პროფესიული კავშირები, სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წესდებების (დებულებების) შესაბამისად, აგრეთვე მოქალაქენი მონაწილეობენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მართვასა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფაში.
საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვა, საცხოვრებელი ფართობის მიღებაზე რიგითობის დადგენა, აგრეთვე მისი განაწილება სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში ხორციელდება საზოგადოებრივი კონტროლითა და საჯაროობის დაცვით.
საწარმოთა და ორგანიზაციათა შრომითი კოლექტივების გადაწყვეტილებით კოლექტიურ ხელშეკრულებებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საცხოვრებელი სადგომების პირველ რიგში მიღების უფლების მქონე მუშა-მოსამსახურეებისათვის, აგრეთვე წარმოების ნოვატორებისა და მოწინავეებისათვის, რომლებმაც მაღალი მაჩვენებლები მოიპოვეს შრომაში და აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათი საბინაო პირობებგასაუმჯობესებლად ცნობის შეღავათიანი საფუძველი სამუშაო ადგილის მიხედვით საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფისას, აგრეთვე ამ მიზნებისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართობის რაოდენობა. წარმოების აღნიშნული ნოვატორებისა და მოწინავეებისათვის კოლექტიურ ხელშეკრულებებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საცხოვრებელ სადგომის პირველ რიგში მიცემა.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944ა - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 27.02.1985წ. მუხ. 26
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №795 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 30.06.1986წ. მუხ. 145
მუხლი 27. საბინაო ფონდის მართვასა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოების მონაწილეობის წესი
სახლის კომიტეტები და მოსახლეობის საზოგადოებრივი თვითმოქმედების სხვა ორგანოები თავიანთი დებულებების შესაბამისად ხელს უწყობენ სახელმწიფო ორგანოებს საბინაო ფონდის ექსპლუატაციისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფაში, მონაწილეობენ საბინაო ფონდის მართვაში და მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი სადგომების გამოყენებისა და საცხოვრებელი სახლების მოვლა-პატრონობის წესების დაცვისადმი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებაში.
მუხლი 28. სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მართვასა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფაში მოქალაქეთა მონაწილეობის წესი
მოქალაქენი მონაწილეობენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მართვასა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფაში იმ გზით, რომ ხელს უწყობენ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს ისეთ ღონისძიებათა განხორციელებაში, რომლებიც მიზნად ისახავენ საბინაო ფონდის გამოყენების გაუმჯობესებას, მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციას, შეაქვთ წინადადებანი ამ საკითხებზე.
მუხლი 29. სახელმწიფო ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოვალეობა გაითვალისწინონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა წინადადებანი
სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, აგრეთვე თანამდებობის პირები მოვალენი არიან საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვის გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელებისას ყოველმხრივ გაითვალისწინონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა წინადადებანი.

მუხლი 30. ახლად აშენებულ სახლებში შესასახლებლად მენაშენეთა მიერ საცხოვრებელი ფართოების ნაწილის გადაცემა სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტებისა და სხვა ორგანიზაციებისათვის
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს უფლება აქვს განსაზღვროს სახელმწიფო კაპიტალურ დაბანდებათა ხარჯზე ახლად აშენებულ სახლებში შესასახლებლად მენაშენეთა მიერ საცხოვრებელი ფართობის ნაწილის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტებისა და სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემის საფუძვლები და პირობები, აგრეთვე გადასაცემი საცხოვრებელი ფართობის ოდენობა.
მუხლი 31. საცხოვრებელი ფართობის განაწილება წილობრივი მონაწილეობის წესით გადაცემული სახსრების ხარჯზე აშენებულ სახლებში
წილობრივი მონაწილეობის წესით საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა სახსრების გამოყენებით აშენებულ სახლებში საცხოვრებელი ფართობი შესასახლებლად ნაწილდება მშენებლობის მონაწილეთა შორის მათ მიერ გადაცემული სახსრების პროპორციულად.
აღნიშნული საცხოვრებელი ფართობის განაწილება მშენებლობის მონაწილეთა შორის ხდება მას შემდეგ, როდესაც ამ კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო კაპიტალურ დაბანდებათა ხარჯზე აშენებული საცხოვრებელი ფართობის ნაწილი გადაეცემა სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებსა და სხვა ორგანიზაციებს.
მუხლი 32. საბინაო ფონდის სახელმწიფო აღრიცხვა
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, საბინაო ფონდის სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება სსრ კავშირისათვის ერთიანი სისტემით სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ, დადგენილი წესით.
მუხლი 33. სახელმწიფო კონტროლი საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვისადმი
საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვისადმი სახელმწიფო კონტროლის ამოცანაა უზრუნველყოს, რომ ყველა სამინისტრო, სახელმწიფო კომიტეტი, უწყება, სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი, თანამდებობის პირი და მოქალაქე იცავდეს საცხოვრებელი ფართობის განაწილებისა და მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესს, საბინაო ფონდით სარგებლობისა და მისი ტექნიკურად წესიერ მდგომარეობაში შენახვის წესებს.
მუხლი 34. საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვისადმი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები
საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვისადმი სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ სახალხო დეპუტატთა საბჭოები, მათი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოები, აგრეთვე სპეციალურად საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების სსრ კავშირის კანონმდებლობით, დადგენილი წესით.
კარი III
მოქალაქეთა უზრუნველყოფა საცხოვრებელი სადგომებით, საცხოვრებელი სადგომებით სარგებლობა
თავი პირველი
საცხოვრებელი სადგომების მიცემა სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში
მუხლი 35. მოქალაქეთა უფლება საცხოვრებელი სადგომის მიღებაზე
საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეებს უფლება აქვთ სარგებლობისათვის მიიღონ საცხოვრებელი სადგომი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია სსრ კავშირის კანონმდებლობით, ამ კოდექსითა და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობით. საცხოვრებელი სადგომები ეძლევათ მოცემულ დასახლებულ პუნქტში მუდმივად მცხოვრებ აღნიშნულ მოქალაქეებს (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით), როგორც წესი, ოჯახისათვის ცალკე ბინის სახით.
იმ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს, მოქალაქეებს, რომლებსაც პირად საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი სახლი, და ამ სახლში მცხოვრებ სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც საბინაო პირობების გაუმჯობესება ესაჭიროებათ, საცხოვრებელი სადგომებით უზრუნველყოფენ საერთო საფუძველზე.
მოქალაქეებს საბინაო პირობებგასაუმჯობესებლად ცნობენ სსრ კავშირის კანონმდებლობით, ამ კოდექსით (მუხლი 36) და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე.
მუხლი 36. საბინაო პირობებგასაუმჯობესებლ მოქალაქედ ცნობის საფუძველი
მოქალაქეებს საბინაო პირობებგასაუმჯობესებლად ცნობენ, თუ:
1) ოჯახის თითოეულ წევრზე საცხოვრებელი ფართობი იმ დონეზე ნაკლები აქვთ, რაც განსაზღვრულია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ;
2) დიდხანს ცხოვრობენ ქვექირავნობის პირობით სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში ან ქირავნობის ხელშეკრულებით საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლებში, ანდა ინდივიდუალური საბინაო ფონდის სახლებში და არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სადგომი;
3) ცხოვრობენ საერთო საცხოვრებლებში, სეზონური და დროებითი მუშაკების, აგრეთვე სწავლასთან დაკავშირებით ჩასახლებული მოქალაქეების გარდა;
4) ცხოვრობენ საცხოვრებელ სახლში (საცხოვრებელ სადგომში), რომელიც არ შეესაბამება დაწესებულ სანიტარიულ და ტექნიკურ მოთხოვნებს.
დიდი სამამულო ომის ინვალიდებისათვის, დაღუპულ ან უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა (პარტიზანთა) და დადგენილი წესით, მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახებისათვის საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ შეიძლება დაწესდეს შეღავათიანი პირობები მათი მიკუთვნებისა საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა კატეგორიისადმი.
მოქალაქეები საბინაო პირობებგასაუმჯობესებლად შეიძლება ცნობილ იქნენ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებითაც.
მუხლი 37. საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვა მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვა ხორციელდება, როგორც წესი, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტებში. სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილ შემთხვევებში და წესით მოქალაქეები შეიძლება აყვანილ იქნენ აღრიცხვაზე არა მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვითაც.
მუხლი 38. საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვა სამუშაო ადგილის მიხედვით
საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვა, რომლებიც მუშაობენ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, რომელთაც აქვთ საბინაო ფონდი და საბინაო მშენებლობას ეწევიან ან წილობრივ მონაწილეობას იღებენ საბინაო მშენებლობაში, ხორციელდება სამუშაო ადგილის მიხედვით, ხოლო მათი სურვილისამებრ – აგრეთვე საცხოვრებელი ადგილის მიხედვითაც. მათ თანაბრად ხდება იმ მოქალაქეთა აღრიცხვაზე აყვანა, ვინც აღარ მუშაობს ამ საწარმოებში დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში პენსიაზე გასვლის გამო.
სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამედიცინო, კულტურულ-საგანმანათლებლო, სავაჭრო და სხვა დაწესებულებათა და ორგანიზაციათა მუშაკები, რომლებიც უშუალოდ ემსახურებიან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის შრომითს კოლექტივს, მათი სურვილისამებრ აყვანილი იქნებიან აგრეთვე აღრიცხვაზე მოცემული შრომითი კოლექტივს იმ მუშა-მოსამსახურეების თანაბრად, რომლებიც საბინაო პირობების გაუმჯობესებას საჭიროებენ.
მუხლი 39. საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვის, აგრეთვე მათთვის საცხოვრებელი სადგომების მიცემის რიგითობის განსაზღვრის წესი
საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვის წესს, აგრეთვე მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სადგომების მიცემის რიგითობის განსაზღვრის წესს ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა, ეს კოდექსი და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობა.
მუხლი 40. საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვაზე აყვანის წესი
საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღრიცხვაზე აყვანა ხდება სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის მონაწილეობით, ხოლო სამუშაო ადგილის მიხედვით - საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით.
სამუშაო ადგილის მიხედვით აღრიცხვაზე აყვანილ მოქალაქეთა სიებს ამტკიცებს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
მოქალაქეებს აღრიცხვაზე აყვანის, აგრეთვე მათთვის აღრიცხვაზე აყვანის უარის თქმის შემთხვევაში ეცნობებათ წერილობით.
მოქალაქეებს, რომელთაც საცხოვრებელი სადგომების პირველ რიგში და რიგგარეშე მიღების უფლება აქვთ, ცალკე აღრიცხავენ.
აღრიცხვაზე აყვანილ მოქალაქეთა სიებს გამოაკრავენ საყოველთაო გაცნობისათვის და პერიოდულად დააზუსტებენ.
მუხლი 41. საბინაო პირობებგასაუმჯობესებელთა აღრიცხვაზე მოქალაქეთათვის ყოფნის უფლების შენარჩუნება
საცხოვრებელი სადგომის მიღების აღრიცხვაზე ყოფნის უფლება უნარჩუნდებათ მოქალაქეებს:
1) დროებით არმყოფთ – ამ პერიოდისათვის, სანამ მათ შენარჩუნებული აქვთ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
2) არჩევით თანამდებობაზე გადასვლისას;
3) მოხუცებულობის ან ინვალიდობის გამო პენსიაზე გასვლისას;
4) აღრიცხვაზე აყვანის შემდეგ სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის ან საერთო საცხოვრებლის მიცემისას;
5) სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დაწესებულ სხვა შემთხვევებში.
აღრიცხვაზე აყვანილი მოქალაქის გარდაცვალების ან სხვა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლის შემთხვევაში მის ნაცვლად აღრიცხვაზე აიყვანება მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, თუ არ გაუქმებულა საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ პირებად მათი ცნობის საფუძველი; ამასთან საბინაო პირობებგასაუმჯობესებელთა აღრიცხვაზე სამუშაო ადგილის მიხედვით ოჯახის წევრი აყვანილ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მუშაობს მოცემულ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, ხოლო თუ აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქე გარდაიცვალა წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ან პროფესიული დაავადების შედეგად, ოჯახის წევრი აღრიცხვაზე აიყვანება იმის მიუხედავად, მუშაობს თუ არა იგი მოცემულ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში.
თუ მოქალაქე უარს ამბობს დაწესებული მოთხოვნებისათვის შეუფერებელი საცხოვრებელი სადგომის მიღებაზე, ეს არ არის საფუძველი აღრიცხვიდან მისი მოხსნის ან საბინაო პირობების გაუმჯობესებაში რიგის გადატანისათვის.
მუხლი 42. საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვიდან მოხსნა
მოქალაქენი აღრიცხვიდან მოიხსნებიან იმ შემთხვევებში, როცა:
1) გაიუმჯობესეს საბინაო პირობები, რის გამოც გაუქმდა მათი აღრიცხვაზე ყოფნის საფუძვლები;
2) გადავიდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სხვა დასახლებულ პუნქტში;
3) შეწყვეტილია სამუშაო ადგილას აღრიცხვაზე მყოფი პირის შრომითი ურთიერთობა საწარმოსთან, დაწესებულებასთან, ამ კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
4) მოქალაქემ წარმოადგინა სინამდვილის შეუსაბამო მონაცემები, რომ მას ესაჭიროება საბინაო პირობების გაუმჯობესება, ანდა თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს არამართლზომიერი მოქმედება მისი აღრიცხვაზე აყვანის საკითხის გადაწყვეტისას;
5) მსჯავრდებულნი არიან თავისუფლების აღკვეთის ექვს თვეზე მეტი ხნის ვადით, გასახლებით ან გადასახლებით.
აღრიცხვიდან მოხსნას ახდენენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოები. მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება მოქალაქეს.
მუხლი 43. მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სადგომების მიცემის რიგითობა
აღრიცხვაზე მყოფ საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეებს საცხოვრებელი სადგომები ეძლევათ სიებით დადგენილი რიგითობის წესით, იმის კვალობაზე, თუ რამდენ ხანს იმყოფებიან აღრიცხვაზე და როგორია საექსპლუატაციოდ გადასაცემი და დასაცლელი საცხოვრებელი ფართობი.
რიგითობას განსაზღვრავენ:
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღრიცხვაზე აყვანილ მოქალაქეთა მიმართ – სახალხო დეპუტატთა შესაბამისი რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მასთან შექმნილი საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის მონაწილეობით;
სამუშაო ადგილის მიხედვით აღრიცხვაზე აყვანილ მოქალაქეთა მიმართ – საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია პროფკავშირის კომიტეტთან ერთად, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
მუხლი 44. საცხოვრებელი სადგომის მიღების რიგის გადატანის საფუძვლები
საცხოვრებელი სადგომის მიცემის რიგი შეიძლება გადაეტანოს ერთი წლით მოქალაქეს:
1) რომლის მიმართ წინა წლის განმავლობაში გამოყენებულ იქნა დისციპლინური ან საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომები, ანდა ადმინისტრაციული სასჯელის ზომები შრომის დისციპლინის სისტემური დარღვევისათვის, ლოთობის, ხულიგნობის ან სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი დატაცებისათვის
2) რომელიც თავს არიდებს საზოგადოებრივ-სასარგებლო შრომას;
3) რომელმაც უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ხელოვნურად გაიუარესა საბინაო პირობები;
4) რომელიც მსჯავრდებულია დანაშაულის ჩადენისათვის, თუ ამასთან იგი ამ კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, არ არის მოსახსნელი საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ პირთა აღრიცხვიდან;
5) სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
რიგის გადატანის საკითხს შესაბამისად წყვეტენ ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოები.
მუხლი 45. საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვის მდგომარეობის კონტროლი
საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვის მდგომარეობის კონტროლს ახორციელებენ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები და პროფესიულ კავშირთა შესაბამისი ორგანოები.
მუხლი 46. საცხოვრებელი სადგომების პირველ რიგში მიცემა
პირველ რიგში საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად საცხოვრებელი სადგომები ეძლევათ:
1) დიდი სამამულო ომის ინვალიდებს და დაღუპულ ან უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა (პარტიზანთა) ოჯახებს და, დადგენილი წესით, მათთან გათანაბრებულ პირებს;
2) საბჭოთა კავშირის გმირებს, სოციალისტური შრომის გმირებს, აგრეთვე სამივე ხარისხის დიდების, შრომითი დიდებისა და „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისათვის“ ორდენებით დაჯილდოებულ პირებს;
3) პირებს, რომლებსაც აქვთ სსრ კავშირის კანონმდებლობით, დადგენილი წესით, დამტკიცებულ დაავადებათა ნუსხაში ჩამოთვლილი ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მძიმე ფორმა;
4) სამოქალაქო ომისა და დიდი სამამულო ომის პერიოდსა და სსრ კავშირის დაცვის სხვა საბრძოლო ოპერაციების დროს მოქმედი არმიის შემადგენლობაში მყოფ პრებს, სამოქალაქო ომისა და დიდი სამამულო ომის პარტიზანებს, აგრეთვე სსრ კავშირის დაცვის საბრძოლო ოპერაციების მონაწილე სხვა პირებს;
5) I და II ჯგუფის ინვალიდებს და I და II ჯგუფის ინვალიდებს სამხედრო მოსამსახურეთაგან;
6) სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ მოვალეობათა შესრულების, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისათვის, სოციალისტური საკუთრებისა და მართლწესრიგის დაცვისათვის სსრ კავშირის მოქალაქის მოვალეობის მოხდის დროს ან წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულ პირთა ოჯახებს;
7) მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებმაც დიდხანს კეთილსინდისიერად იმუშავეს წარმოების სფეროში;
8) დედებს, რომელთაც მიენიჭათ „გმირი დედის“ წოდება, მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა დედებს;
9) ოჯახებს ტყუპების გაჩენისას.
სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით საცხოვრებელი სადგომის პირველ რიგში მიღების უფლება შეიძლება მიეცეთ სხვა კატეგორიათა მოქალაქეებსაც.
მუხლი 47. საცხოვრებელი სადგომების რიგგარეშე მიცემა
საცხოვრებელი სადგომი რიგგარეშე ეძლევათ:
1) მოქალაქეებს, რომელთა ბინა საცხოვრბლად გამოუსადეგარი გახდა სტიქიური უბედურების შედეგად;
2) პირებს, რომლებიც დაბრუნდნენ სახელმწიფო საბავშვო დაწესებულებებიდან, ნათესავებთან, მეურვესთან ან მზრუნველთან ყოფნის შემდეგ, თუ მათი შესახლება წინათ დაკავებულ სადგომში შეუძლებელია;
3) მოქალაქეებს, რომლებსაც უკანონოდ დაედოთ მსჯავრი და შემდეგ რეაბილიტირებულ იქნენ – თუ მათთვის წინათ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის დაბრუნება შეუძლებელია;
4) სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 48. საცხოვრებელი ფართობის ნორმა
საქართველოს სს რესპუბლიკაში საცხოვრებელი ფართობის ნორმა დადგენილია ერთ სულზე თორმეტი კვადრატული მეტრის ოდენობით.
საცხოვრებელი სადგომის მიცემა ხდება საცხოვრებელი ფართობის ნორმის ფარგლებში, მაგრამ არანაკლებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი ოდენობისა.
მუხლი 49. დამატებითი საცხოვრებელი ფართობის უფლება
საცხოვრებელი ფართობის ნორმის გადამეტებით მოქალაქეთა ცალკეულ კატეგორიებს ეძლევათ დამატებითი საცხოვრებელი ფართობი ოთახის სახით ან ათი კვადრატული მეტრის ოდენობით. მოქალაქეებს, რომლებსაც ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მძიმე ფორმა აქვთ, აგრეთვე მოქალაქეებს, რომლებსაც ეს ფართობი ესაჭიროებათ შესასრულებელი სამუშაოს პირობებისა და ხასიათის გამო, დამატებითი საცხოვრებელი ფართობის ოდენობა შეიძლება გაუდიდდეთ.
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, დამატებითი საცხოვრებელი ფართობის მიცემის წესსა და პირობებს და მისი მიღების უფლების მქონე მოქალაქეთა კატეგორიის ნუსხას ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა.
მუხლი 50. მოთხოვნები საცხოვრებელი სადგომებისადმი
საცხოვრებელი სადგომი, რომელიც მოქალაქეს ბინადრობისათვის ეძლევა, უნდა იყოს კეთილმოწყობილი მოცემული დასახლებული პუნქტის პირობების კვალობაზე, შეესაბამებოდეს დადგენილ სანიტარიულ და ტექნიკურ მოთხოვნებს.
მისაცემი საცხოვრებელი სადგომი უნდა იყოს მოცემული დასახლებული პუნქტის ფარგლებში.
არ დაიშვება ავარიულ და დაძველებულ სახლებში, სარდაფებში, ბარაკებსა და საცხოვრებლად გამოუსადეგარ სხვა სადგომებში, აგრეთვე ასაღები, კაპიტალურად შესარემონტებელი, ანდა არასაცხოვრებლად გადასაყვანი სახლების გათავისუფლებულ საცხოვრებელ სადგომებში შესახლება.
მუხლი 51. საცხოვრებელი სადგომების მიცემისას მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინება
საცხოვრებელი სადგომების მიცემისას არ დაიშვება ერთ ოთახში ცხრა წლის ასაკს გადაცილებული სხვადასხვა სქესის პირთა შესახლება, მეუღლეთა გარდა.
საცხოვრებელი სადგომის მიცემისას მხედველობაში მიიღება მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, აგრეთვე სხვა ყურადსაღები გარემოებანი. ინვალიდებს, ღრმად მოხუცებულებს, გულსისხლძარღვთა და სხვა მძიმე დაავადებებით სნეულ პირებს საცხოვრებელი სადგომები ეძლევათ, მათი სურვილის გათვალისწინებით, ქვედა სართულზე ან ლიფტიან სახლებში. მისაცემი საცხოვრებელი სადგომის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება, თუ არის ოჯახში ორსული ქალი.
მუხლი 52. სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესი
სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელ სადგომებს მოქალაქეებს აძლევს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი საბჭოების დეპუტატთაგან, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივების წარმომადგენელთაგან აღმასრულებელ კომიტეტთან შექმნილი საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის მონაწილეობით.
მუხლი 53. საუწყებო საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესი
საუწყებო საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელ სადგომებს მოქალაქეებს აძლევენ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, ხოლო სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ გათვალისწინებულ შემთხვევებში – ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით შესასახლებლად საცხოვრებელი სადგომების მიცემის შესახებ სახალხო დეპუტატთა შესაბამისი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისათვის შემდგომი შეტყობინებით.
მუხლი 54. საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესი
საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელ სადგომებს მოქალაქეებს აძლევენ შესაბამისი ორგანიზაციის ორგანოსა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით შესასახლებლად საცხოვრებელი სადგომების მიცემის შესახებ სახალხო დეპუტატთა შესაბამისი რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისათვის შემდგომი შეტყობინებით.
მუხლი 55. სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტებისათვის გადაცემული სახლების, აგრეთვე წილობრივი მონაწილეობის წესით აშენებული სახლების საცხოვრებელ სადგომებში შესახლება
საცხოვრებელ სადგომებში, რომლებიც თავისუფლდება სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტებისათვის გადაცემულ სახლებში, აგრეთვე იმ სახლების განთავისუფლებულ საცხოვრებელ სადგომებში, რომლებიც აშენებულია წილობრივი მონაწილეობის წესით საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა სახსრების გამოყენებით, პირველ რიგში, შეასახლებენ ამ საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მუშაკებს. შესახლების აღნიშნული წესი გამოიყენება საცხოვრებელი სახლის გადაცემის ან მშენებლობის დამთავრების დროის მიუხედავად.
მუხლი 56. ბინაში გათავისუფლებულ საცხოვრებელ სადგომში შესახლება
თუ ბინაში, სადაც დამქირავებელი ცხოვრობს, გათავისუფლდა ოთახი, რომელიც იზოლირებული არ არის მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომისაგან და მისი მომიჯნავეა, იგი სარგებლობაში უნდა გადაეცეს დამქირავებელს.
თუ იზოლირებული საცხოვრებელი სადგომი თავისუფლდება ბინაში, რომელშიც რამდენიმე დამქირავებელი ცხოვრობს, იგი მიეცემა ბინაში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საბინაო პირობების გაუმჯობესების აღრიცხვაზე ან რომლებსაც აქვთ აღრიცხვაზე აყვანის უფლება, ხოლო თუ ასეთები არ არიან – იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ამ კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ნორმაზე ნაკლები საცხოვრებელი ფართობი.
თუ ბინაში არ არიან ამ მუხლის მეორე ნაწილში მითითებული მოქალაქენი, გათავისუფლებულ საცხოვრებელ სადგომში შესახლება მოხდება საერთო წესით.
მუხლი 57. ორდერი საცხოვრებელ სადგომზე
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყევტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევს ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველია.
ორდერი შეიძლება გაიცეს მხოლოდ თავისუფალ იზოლირებულ საცხოვრებელ სადგომზე.
ორდერის ფორმას აწესებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
სამხედრო ქალაქებში ორდერები საცხოვრებელ სადგომებზე გაიცემა სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 58. საცხოვრებელ სადგომზე ორდერის ბათილად ცნობის საფუძველი და წესი
ორდერი საცხოვრებელ სადგომზე შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სასამართლო წესით იმ შემთხვევებში, როცა მოქალაქეებმა წარმოადგინეს საბინაო პირობების გაუმჯობესების ისეთი ცნობები, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს, დარღვეულია მოქალაქეთა ან ორგანიზაციათა უფლებანი ორდერში აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომზე, არამართლზომიერია თანამდებობის პირთა მოქმედება საცხოვრებელი სადგომის მიცემის საკითხის გადაწყვეტისას, აგრეთვე სხვა შემთხვევებში, როცა დარღვეულია საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესი და პირობები.
მოთხოვნა ორდერის ბათილად ცნობის შესახებ შეიძლება განცხადებულ იქნეს ორდერის გაცემის დღიდან სამი წლის განმავლობაში.
მუხლი 59. საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვისა და მათთვის საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესები
საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვისა და მათთვის საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესებს ამტკიცებენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო და საქართველოს პროფესიულ კავშირთა რესპუბლიკური საბჭო.
თავი მეორე
სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომებით სარგებლობა
მუხლი 60. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების დადება
სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება იდება წერილობით საცხოვრებელი სადგომის ორდერის საფუძველზე გამქირავებელს – საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა (თუ ასეთი არ არის – შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას) და დამქირავებელს – მოქალაქეს, რომლის სახელზე გაცემულია ორდერი, შორის.
საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად ხორციელდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლების საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა.
საცხოვრებელი სადგომის, ქირავნობის ტიპობრივ ხელშეკრულებას, საცხოვრებელი სადგომებით სარგებლობის, საცხოვრებელი სახლისა და სახლისპირა ტერიტორიის მოვლა-პატრონობის წესებს ამტკიცებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის მიმართ შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება აგრეთვე სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ სამოქალაქო კანონმდებლობის წესები.
მუხლი 61. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების საგანი
სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში ქირავნობის ხელშეკრულების საგანი, როგორც წესი, არის ცალკე ბინა ან სხვა იზოლირებული საცხოვრებელი სადგომი, რომელიც ერთი ან რამდენიმე ოთახისგან შედგება.
ქირავნობის ხელშეკრულების დამოუკიდებელი საგანი ვერ იქნება: საცხოვრებელი სადგომი, თუნდაც იზოლირებული, მაგრამ ამ კოდექსის 48-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დადგენილ ოდენობაზე ნაკლები, ოთახის ნაწილი ან ოთახი, რომელიც საერთო გასასვლელით უკავშირდება მეორე ოთახს (მომიჯნავე ოთახები), აგრეთვე დამხმარე სათავსები სამზარეულო, დერეფანი, საკუჭნაო და ა. შ).
მუხლი 62. დამქირავებელთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრთა უფლება-მოვალეობანი
დამქირავებლის ოჯახის წევრები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობენ, დამქირავებლის თანაბრად სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა მოვალეობა. ოჯახის სრულწლოვან წევრებს დამქირავებელთან ერთად ეკისრებათ სოლიდარული ქონებრივი პასუხისმგებლობა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებისათვის.
დამქირავებლის ოჯახის წევრებს განეკუთვნებიან მასთან მუდმივად მცხოვრები დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები. დამქირავებლის ოჯახის წევრებად შეიძლება ცნობილ იქნენ აგრეთვე სხვა ნათესავები და შრომისუუნარო კმაყოფაზე მყოფი, თუ ისინი მუდმივად ცხოვრობენ დამქირავებელთან და ეწევიან საერთო მეურნეობას მასთან ერთად.
თუ ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქალაქენი აღარ არიან დამქირავებლის ოჯახის წევრები, მაგრამ განაგრძობენ იმავე სადგომში ცხოვრებას, მათ აქვთ ისეთივე უფლება-მოვალეობანი, როგორც დამქირავებელსა და მისი ოჯახის წევრებს.
მუხლი 63. დამქირავებლის უფლება საცხოვრებელ სადგომში ოჯახის წევრებად სხვა მოქალაქეთა ჩასახლებაზე
დამქირავებელს უფლება აქვს, დადგენილი წესით, მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების თანხმობით ჩაისახლოს თავისი მეუღლე, შვილები, მშობლები, სხვა ნათესავები და შრომისუუნარო კმაყოფაზე მყოფნი საცხოვრებელ სადგომში, რომელიც მას უკავია. ასეთი თანხმობა არ არის საჭირო მშობლებთან მათი არასრულწლოვანი შვილების ჩასახლებაზე.
ამ მუხლის შესაბამისად, საცხოვრებელ სადგომში ჩასახლებული პირნი იძენენ ოჯახის ყველა დანარჩენი წევრის თანაბრად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლებას, თუ ჩასახლებისას არ ყოფილა სხვა შეთანხმება დამქირავებელთა და მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებთან.
მუხლი 64. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის გადასახდელი
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის გადასახდელის (ბინის ქირის) ოდენობას ადგენს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო.
ერთჯერადი ოდენობით ნაზღაურდება საცხოვრებელი ფართობი, რომელიც დამქირავებელს და მისი ოჯახის წევრებს ერგებათ დაწესებული ნორმების მიხედვით, აგრეთვე ზედმეტი ფართობი, თუ მისი ოდენობა არ აღემატება მთელ ოჯახზე გაანგარიშებული საცხოვრებელი ფართობის იმ ნორმის ნახევარს, რომელიც ერთ სულს ერგება. დანარჩენი ზედმეტი საცხოვრებელი ფართობით სარგებლობისათვის საფასური გადახდებათ მომეტებული ოდენობით, რომელსაც ადგენენ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
მუხლი 65. კომუნალური მომსახურების გადასახდელი
კომუნალური მომსახურებისათვის (წყალმომარაგება, გაზი, ელექტროენერგია, თბოენერგია და სხვა მომსახურება) საფასური მობინადრეებს გადახდებათ ბინის ქირის გარდა, დადგენილი წესით, დამტკიცებული ტარიფების მიხედვით.
მუხლი 66. ბინის ქირისა და კომუნალური მომსახურების გადასახდელის შეტანის წესი და ვადები
დამქირავებელი მოვალეა დროულად შეიტანოს ბინის ქირა და კომუნალური მომსახურების გადასახდელი.
დამქირავებელს ბინის ქირა და კომუნალური მომსახურების გადასახდელი შეაქვს არაუგვიანეს მომდევნო თვის ათი რიცხვისა.
მუხლი 67. ბინის ქირისა და კომუნალური მომსახურების გადასახდელის შეღავათები
ბინის ქირისა და კომუნალური მომსახურების გადასახდელის შეღავათებს აწესებს სსრ კავშირის კანონმდებლობა.
კოლმეურნეობათა კუთვნილ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეიძლება მიეცეთ ბინის ქირის გადასახდელის შეღავათი კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით.
მუხლი 68. გათბობისა და განათების მქონე საცხოვრებელი სადგომით უფასო სარგებლობა
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ სოფლად, დასახლებული პუნქტების ფარგლებს გარეთ (ხოლო სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – მუშათა და სხვა დაბებში), უფასოდ სარგებლობენ გათბობისა და განათების მქონე საცხოვრებელი სადგომებით. სპეციალისტების იმ კატეგორიათა სიას, რომლებსაც ასეთი სადგომით უზრუნველყოფენ, და მათთვის საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესს ადგენენ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
მუხლი 69. დროებით სხვაგან მყოფ მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სადგომის შენახვა
დამქირავებლის ან მისი ოჯახის წევრთა დროებით სხვაგან ყოფნის შემთხვევაში მათ ენახებათ საცხოვრებელი სადგომი ექვსი თვის მანძილზე.
საცხოვრებელი სადგომი დროებით სხვაგან მყოფ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს უფრო ხანგრძლივი ვადით ენახება მაშინ, როდესაც:
1) გაწვეული არიან ნამდვილვადიან სამხედრო სამსახურში – ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლის მთელი დროის მანძილზე, აგრეთვე სამ წლამდე ვადით ნამდვილ სამხედრო სამსახურში თადარიგის ოფიცერთა გაწვევისას – ნამდვილი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდისათვის, იმყოფებიან ნამდვილ სამხედრო სამსახურში პრაპორშჩიკებად, მიჩმანებად და ზევადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებად – ნამდვილ სამხედრო სამსახურში ყოფნის პირველი ხუთი წლის მანძილზე;
2) დროებით სხვაგან წავლენ მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან მუშაობის პირობებისა და ხასიათის გამო (გემების ეკიპაჟების, საძიებო პარტიების, ექსპედიციების მუშაკები და ა. შ), ანდა სწავლასთან დაკავშირებით (სტუდენტები, ასპირანტები და ა. შ) – მოცემული სამუშაოს შესრულების ან სწავლის მთელი დროის მანძილზე;
3) ბავშვები აღსაზრდელად იმყოფებიან სახელმწიფო საბავშვო დაწესებულებებში, ნათესავებთან, მეურვესთან ან მზრუნველთან – ამ დაწესებულებებში, ნათესავებთან, მეურვესთან ან მზუნველთან მათი ყოფნის მთელი დროის მანძილზე, თუ საცხოვრებელ სადგომში, საიდანაც ბავშვები წავიდნენ, საცხოვრებლად დარჩნენ ოჯახის სხვა წევრები. თუ საცხოვრებელ სადგომში, საიდანაც ბავშვები წავიდნენ, საცხოვრებლად არ დარჩენილან ოჯახის სხვა წევრები და სადგომში შესახლდნენ სხვა პირნი, ანდა სხვა მიზეზების გამო ამ სადგომში შესახლება შეუძლებელია, ამ ბავშვებს სახელმწიფო საბავშვო დაწესებულებებში, ნათესავებთან, მეურვესთან (მზრუნველთან) ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ რიგგარეშე მიეცემათ საცხოვრებელი სადგომი (ამ კოდექსის 47-ე მუხლი);
4) წასული არიან მეურვის (მზრუნველის) მოვალეობის შესასრულებლად – ამ მოვალეობის შესრულების მთელი დროის მანძილზე;
5) გაემგზავრებიან სამკურნალოდ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში – ამ დაწესებულებაში ყოფნის მთელი დროის მანძილზე;
6) მოთავსებული არიან სამკურნალო-შრომით პროფილაქტორიუმში – პროფილაქტორიუმში ყოფნის მთელი დროის მანძილზე;
7) არიან დაპატიმრებული – საქმის გამოძიების ან სამართალში ყოფნის მთელი დროის მანძილზე;
8) სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
ამ მუხლის 1-7 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება სხვაგან მყოფს შეუნარჩუნდება ამ პუნქტებში აღნიშნული ვადების დამთავრების დღიდან ექვსი თვის მანძილზე. დამქირავებლის ან მისი ოჯახის წევრის 6 თვეზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთით, გადასახლებით ან გასახლებით მსჯავრდების შემთხვევაში საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება შენარჩუნებული იქნება განაჩენის აღსრულების დღიდან 6 თვის მანძილზე.
დადგენილი ვადების გადამეტებით სხვაგან ყოფნის შედეგად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობაზე უფლებადაკარგულად პირის ცნობა ხდება სასამართლო წესით.
თუ დამქირავებელი ან მისი ოჯახის წევრი საპატიო მიზეზით იყვნენ სხვაგან ექვს თვეზე მეტი ხნის ვადით, ეს ვადა დამქირავებლის ან ოჯახის სხვაგან მყოფი წევრის განცხადებით შეუძლია გააგრძელოს გამქირავებელმა, ხოლო დავის შემთხვევაში – სასამართლომ.
მუხლი 70. დროებით სხვაგან მყოფი დამქირავებლისა და მისი ოჯახის წევრის უფლება-მოვალეობანი
დამქირავებლის, მისი ოჯახის წევრთა დროებით სხვაგან ყოფნის შემთხვევაში (ამ კოდექსის 69-ე მუხლი) სხვაგან მყოფნი ინარჩუნებენ ამ სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებას და ეკისრებათ ყველა მოვალეობა.
საცხოვრებელი ფართობი, რომლის სარგებლობის უფლებაც ენახება დროებით სხვაგან მყოფ მოქალაქეს, არ ითვლება ზედმეტ საცხოვრებელ ფართობად.
მუხლი 71. საცხოვრებელი სადგომის დაჯავშნა
დამქირავებელთა და მათი ოჯახების წევრთა მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომები იჯავშნება, თუ ისინი იგზავნებიან საზღვარგარეთ სამუშაოდ – საზღვარგარეთ ყოფნის მთელი დროისათვის, თუ მიდიან სამუშაოდ უკიდურესი ჩრდილოეთის რაიონებისა და ამ რაიონებთან გათანაბრებულ ადგილებში – შრომითი ხელშეკრულების მოქმედების მთელი დროისათვის, ხოლო სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – უკიდურესი ჩრდილოეთის რაიონებსა და ამ რაიონებთან გათანაბრებულ ადგილებში ყოფნის მთელი დროისათვის.
სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საცხოვრებელი სადგომების დაჯავშნის სხვა შემთხვევებიც.
თუ დამქირავებელი და მისი ოჯახის წევრები დაცვის მოწმობის (ჯავშნის) ვადის გასვლიდან ექვსი თვის განმავლობაში არ შესახლდებიან ჯავშნით დაცულ სადგომში, მაშინ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს სასამართლო წესით.
მუხლი 72. საცხოვრებელი სადგომების დაჯავშნის წესი
საცხოვრებელი სადგომის დაცვის მოწმობას (ჯავშანს) გასცემს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს დასაჯავშნი სადგომი. თუ ჯავშნის გაცემის საფუძვლად მიღებული გარემოებანი მისი მოქმედების ვადის გასვლამდე შეწყდა ან, პირიქით, მისი ვადის გასვლის შემდეგაც გრძელდება, მაშინ ჯავშნის მოქმედება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ან შესაბამისად გაგრძელდეს.
დაცვის მოწმობის (ჯავშნის) გაცემაზე უარის თქმის, მისი ბათილად ცნობის, მოქმედების ვადის გაგრძელების ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წამოჭრილი დავა წყდება სასამართლოს წესით.
მუხლი 73. შემთხვევები, როცა არ დაიშვება დაცვის მოწმობის (ჯავშნის) გაცემა
დაცვის მოწმობა (ჯავშანი) არ მიეცემათ:
1) ქვემოქირავნეებსა და დროებით მდგმურებს;
2) სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომებში და საერთო საცხოვრებლებში მცხოვრებ პირებს;
3) იმ პირებს, რომელთა მიმართ განაცხადეს მოთხოვნა საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეცვლის ან მოშლის შესახებ – დაცვის დადგენილი წესით გადაწყვეტამდე.
მუხლი 74. დაჯავშნილი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა
დამქირავებელს უფლება აქვს ქვექირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გააქირაოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლში მდებარე დაჯავშნილი საცხოვრებელი სადგომი ან ჩაასახლოს ამ სადგომში დროებითი მდგმური დაცვის მოწმობის (ჯავშნის) მოქმედების ვადის ფარგლებში.
საცხოვრებელი სადგომის ქირის გადახდა და მისი სათანადო მოვლა-შენახვა დამქირავებლის მოვალეობაა.
მუხლი 75. დაჯავშნილ სადგომში დროებით მცხოვრებ პირთა მოვალეობა – გაათავისუფლონ იგი
დამქირავებლის ან მისი ოჯახის წევრთა დაბრუნების შემთხვევაში მათ უფლება აქვთ მოითხოვონ დაჯავშნილი საცხოვრებელი სადგომის დაუყოვნებლივ გათავისუფლება დაცვის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის მიუხედევად.
თუ ქვემოქირავნენი ან დროებითი მდგმურნი უარს ამბობენ გაათავისუფლონ სადგომი, მაშინ ისინი დამქირავებლის მოთხოვნით შეიძლება გამოსახლებულ იქნენ სასამართლო წესით სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.
მუხლი 76. იმ პირის გამოსახლება, რომელიც ცხოვრობს დამქირავებლის საცხოვრებელ სადგომში, როგორც მეურვე ან მზრუნველი
პირი, რომელიც ჩასახლებულია დამქირავებლის საცხოვრებელ სადგომში, როგორც მეურვე ან მზრუნველი, არ მოიპოვებს დამოუკიდებელ უფლებას ამ სადგომზე. თუ ეს სადგომი კანონით დადგენილი წესით არა აქვს დამტკიცებული მეურვეს ან მზრუნველს, მაშინ მეურვეობის ან მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ მას გამოასახლებენ სასამართლო წესით სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.
მუხლი 77. საცხოვრებელი სადგომების გაცვლა
საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელს უფლება აქვს მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრთა, მათ შორის დროებით სხვაგან მყოფ წევრთა, წერილობითი თანხმობით გაუცვალოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომი სხვა დამქირავებელს ან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრს, მათ შორის სხვა დასახლებულ პუნქტში მცხოვრებთაც.
დამქირავებლის ოჯახის სრულწლოვან წევრს უფლება აქვს დამქირავებლისა და ოჯახის სხვა წევრების (მათ შორის დროებით სხვაგან მყოფ წევრთა) წერილობითი თანხმობით მისი წილი საცხოვრებელი ფართობი გაუცვალოს სხვა პირს იმ პირობით, თუ გაცვლის წესით ამ სადგომში იგი ჩასახლდება როგორც დამქირავებლის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დაღმავალი ხაზით ნათესავი, და, ძმა).
საცხოვრებელი სადგომების გაცვლა საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა სახლებში დაიშვება მხოლოდ მათი თანხმობით. გაცვლის თანხმობაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით, იმ შემთხვევების გარდა, როცა იცვლება საცხოვრებელი სადგომები კოლმეურნეობათა კუთვნილ სახლებში.
საცხოვრებელი სადგომების გაცვლის წესსა და პირობებს, რომელთა დროს გაცვლა არ დაიშვება, ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა, ეს კოდექსი და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობა.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №473 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 29.11.1985წ. მუხ. 377
მუხლი 78. საცხოვრებელი სადგომის იძულებითი გაცვლის შესაძლებლობა
თუ ოჯახის წევრები ვერ შეთანხმდნენ გაცვლის შესახებ, ამ პირთაგან ნებისმიერს უფლება აქვს სასამართლო წესით მოითხოვოს დაკავებული სადგომის იძულებითი გაცვლა სადგომებზე სხვადასხვა სახლებში (ბინებში). ამასთან გაითვალისწინება გასაცვლელ სადგომში მცხოვრებ პირთა ყურადსაღები მოსაზრებანი და ინტერესები.
მუხლი 79. პირობები, რომელთა დროს არ დაიშვება საცხოვრებელი სადგომების გაცვლა
საცხოვრებელი სადგომების გაცვლა არ დაიშვება:
1) თუ დამქირავებლის მიმართ აღძრულია სარჩელი საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ან შეცვლის, ანდა ოდერის ბათილად ცნობის შესახებ;
2) თუ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრის მიმართ აღიძრა კოოპერატივიდან გარიცხვის საკითხი;
3) თუ გაცვლა ანგარებითი ან ფიქციური ხასიათისაა;
4) თუ გაცვლის შედეგად არსებითად გაუარესდება ერთ-ერთი მხარის საბინაო პირობები, რის შედეგადაც ის საბინაო პირობებგასაუმჯობესებელი გახდება.
5) თუ გასაცვლელ სადგომებთან ერთ-ერთი მოთავსებულია იმ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სახლში, რომელიც სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს ან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით შეტანილია სახალხო მეურნეობის უმნიშვნელოვანესი დარგების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სიაში, რომელთა სახლებიდან შეიძლება სასამართლო წესით მუშა-მოსამსახურეთა (მათთან ერთად მცხოვრებ პირებითურთ) გამოსახლება, თუ მათ შეწყვეტის შრომითი ურთიერთობა საწარმოებთან, დაწესებულებასთან, ორგანიზაციასთან არასაპატიო მიზეზით საკუთარი სურვილის საფუძველზე ან შრომის დისციპლინის დარღვევის, ანდა დანაშაულის ჩადენისათვის დათხოვნასთან დაკავშირებით. მოქალაქეებს, როლებმაც შეწყვიტეს შრომითი ურთიერთობა სხვა საფუძველების გამო, აგრეთვე მიიღეს სადგომი შრომით ურთიერთობასთან დაუკავშირებლად, უფლება აქვთ მოახდინონ გაცვლა საერთო საფუძვლებზე;
6) თუ სახლს (საცხოვრებელ სადგომს) ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება, მიჩნეულია ავარიულად, ასაღებია ან გადასაკეთებელი სხვა მიზნით გამოსაყენებლად, ან კაპიტალურად არის შესაკეთებელი საცხოვრებელი სადგომების გადაკეთებითა და გადაგეგმარებით, ანდა გადაიცემა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი საჭიროებებისათვის;
7) თუ საცხოვრებელი სადგომი სამსახურებრივია ან საერთო საცხოვრებელში მდებარეობს;
8) სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 80. საცხოვრებელი სადგომების გაცვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა
შეთანხმება საცხოვრებელი სადგომების გაცვლის შესახებ ძალაში შედის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის (ამ კოდექსის 57-ე მუხლი) მიერ გაცემული ორდერების მიღების მომენტიდან. ორდერის გაცემაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით ექვსი თვის ვადაში.
მუხლი 81. გაცვლის ბათილად ცნობა
თუ გაცვლა მოხდა ამ კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებში, იგი ბათილად მიიჩნევა.
გაცვლა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი აგრეთვე იმ საფუძვლებით, რომლებიც დადგენილია საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით გარიგების ბათილად ცნობისათვის.
გაცვლის ბათილად ცნობა ხდება სასამართლო წესით.
მუხლი 82. გაცვლის ბათილად ცნობის შედეგები
გაცვლის ბათილად ცნობის შემთხვევაში მხარეები უნდა გადასახლდნენ წინათ დაკავებულ სადგომებში.
იმ შემთხვევაში, როდესაც გაცვლა ბათილად არის ცნობილი ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი მოქმედების გამო, ბრალეული მოვალეა აუნაზღაუროს მეორე მხარეს გაცვლის შედეგად მიყენებული ზარალი.
გაცვლის დროს ერთი მხარის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხა, ქონება ჩაირიცხება სახელმწიფოს შემოსავალში.
მუხლი 83. საცხოვრებელი სადგომების გაცვლის წესები
საცხოვრებელი სადგომების გაცვლის წესებს ამტკიცებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
მუხლი 84. საქართველოს სსრ და სხვა მოკავშირე რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სახლებში საცხოვრებელი სადგომების გაცვლა
თუ გასაცვლელი საცხოვრებელი სადგომი განლაგებულია სხვა მოკავშირე რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, მაშინ გაცვლა ხდება სსრ კავშირის, საქართველოს სსრ და შესაბამისი მოკავშირე რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 85. დამქირავებლის უფლება – მიიღოს დაკავებულის ნაცვლად ნაკლები ოდენობის საცხოვრებელი სადგომი
დამქირავებელს, რომელსაც დაწესებულ ნორმაზე მეტი საცხოვრებელი ფართობი აქვს, შეუძლია ოჯახის წევრთა თანხმობით მოსთხოვოს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას (საცხოვრებელი სახლის კუთვნილების მიხედვით) დადგენილი წესით მისცენ მას დაკავებულის ნაცვლად ნაკლები ოდენობის საცხოვრებელი სადგომი.
ნაკლები ოდენობის საცხოვრებელი სადგომის მიცემაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამისად სახალხო დეპუტატთა ზემდგომი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოში, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოში, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში.
მუხლი 86. ცალკე ბინის დამქირავებლის უფლება – შეასახლოს ზედმეტ საცხოვრებელ ფართობზე სხვა მოქალაქენი
ცალკე ბინით მოსარგებლე დამქირავებელს შეუძლია შუამდგომლობა აღძრას სახალხო დეპუტატთა შესაბამისი ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის წინაშე (საცხოვრებელი სახლის კუთვნილების მიხედვით) იმის შესახებ, რომ ზედმეტ ოთახში, რომლის ოდენობა არ არის დადგენილ ნორმაზე ნაკლები (ამ კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი), თავისი არჩევანისამებრ შეასახლოს აღრიცხვაზე მყოფი საბინაო პირობებგასაუმჯობესებელი მოქალაქენი. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნულ პირებთან იდება საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ცალკე ხელშეკრულება.
მუხლი 87. საცხოვრებელი სადგომის ქვექირავნობა
საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელს უფლება აქვს მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრთა თანხმობითა და გამქირავებლის თანხმობითა გააქვექირავნოს საცხოვრებელი სადგომი ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით.
დროებით სხვაგან წასვლას შემთხვევაში დამქირავებელს უფლება აქვს გააქვექირავნოს მის მიერ დაკავებული მთელი საცხოვრებელი სადგომი. ამასთან იგი პასუხისმგებელი რჩება გამქირავებლის წინაშე ქირავნობის ხელშეკრულების მიხედვით, ხოლო სხვა შემთხვევებში – გააქვექირავნოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ნაწილი.
არ დაიშვება საცხოვრებელი სადგომის გაქვექირავნობა, თუ ქვემოქირავნის შესახლების შემთხვევაში თითოეულ ბინადარზე საცხოვრებელი ფართობის ოდენობა ამ კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ნორმაზე ნაკლები აღმოჩნდება.
თუ ბინაში რამდენიმე დაქვემდებარებული ცხოვრობს, საცხოვრებელი სადგომის გაქვექირავნობისათვის საჭიროა ყველა დამქირავებლის თანხმობა.
ქვექირავნობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით და შემდგომ გატარდეს რეგისტრაციაში შესაბამის საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციაში.
საცხოვრებელი სადგომების გაქვექირავნობის წესებს ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
მუხლი 88. ქვექირავნობის ხელშეკრულების მიხედვით საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის გადასახდელი
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისა და კომუნალური მომსახურების გადასახდელის ოდენობა ქვემოქირავნობის ხელშეკრულების მიხედვით წესდება მხარეთა შეთანხმებით, მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს ბინის ქირისა და კომუნალური მომსახურების გადასახდელის ოდენობას, რომელსაც ამ სადგომში იხდის დამქირავებელი.
სააგარაკო და საკურორტო ადგილებში მთელი სეზონით საცხოვრებელი სადგომების გაქვექირავნება ხდება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი განაკვეთების მიხედვით.
მუხლი 89. არაშრომითი შემოსავლის მიღების მიზნით საცხოვრებელი ფართობის გაქვექირავნობის შედეგები
არაშრომითი შემოსავლის მიღების მიზნით საცხოვრებელი ფართობის სისტემატური გაქვექირავნობის დროს გაქვექირავნებული იზოლირებული საცხოვრებელი სადგომი ჩამორთმეული იქნება სასამართლო წესით.
მუხლი 90. ქვექირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა
საცხოვრებელი სადგომის ქვექირავნობის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ქვემოქირავნეს უფლება არა აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების განახლება და დამქირავებლის მოთხოვნით მოვალეა გაათავისუფლოს ქვექირავნობის ხელშეკრულებით დაკავებული სადგომი. სადგომის დაცლაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი გამოსახლებულ უნდა იქნეს სასამართლო წესით სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.
თუ ქვექირავნობის ხელშეკრულება დადებულია ვადის აღუნიშნავად, დამქირავებელი მოვალეა სამი თვით ადრე გააფრთხილოს ქვემოქირავნე ქვექირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
ქვემოქირავნობის ხელშეკრულება შეიძლება აგრეთვე ვადამდე მოიშალოს ამ კოდექსის 75-ე და 109-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ საფუძველზე.
მუხლი 91. დროებითი მდგმურები
დამქირავებელსა და მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით მისცენ დროებითი ცხოვრების ნება სხვა მოქალაქეებს (დროებითს მდგმურებს) მათთან ქვექირავნობის ხელშეკრულების დაუდებლად და სადგომით სარგებლობისათვის ქირის გადაუხდევინებლად.
თვენახევარზე მეტი ვადით დროებით მდგმურთა შესახლება დაიშვება იმ პირობით, თუ დაცულია ამ კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საცხოვრებელი ფართობის ნორმა.
დროებითი მდგმურები მოვალენი არიან დაცალონ სადგომი დაუყოვნებლივ, დამქირავებლის ან მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრთა მოთხოვნით. უარის თქმის შემთხვევაში დროებითი მდგმურები გამოსახლებულ უნდა იქნენ სასამართლო წესით სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.
მუხლი 92. ქვემოქირავნეთა და დროებით მდგმურთა გამოსახლება საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში
მოქალაქეები, რომლებიც დამქირავებლის საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობენ ქვექირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ან დროებით მდგმურებად, ბინადრობის ვადის მიუხედავად ამ სადგომზე დამოუკიდებელ უფლებას არ იძენენ.
საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტასთან ერთად წყდება ქვექირავნობის ხელშეკრულებაც. ქვემოქირავნენი, აგრეთვე დროებითი მდგმურები საცხოვრებელი სადგომის გათავისუფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში გამოსახლებულ უნდა იქნენ სასამართლო წესით სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.
მუხლი 93. საცხოვრებელი სადგომის გადაკეთება და გადაგეგმარება
საცხოვრებელი სადგომი და დამხმარე სათავსები შეიძლება გადაკეთდეს და გადაგეგმარდეს მხოლოდ ბინის კეთილმოწყობის მიზნით და დაიშვება მხოლოდ დამქირავებლის, მისი ოჯახის წევრების, იმ პირთა, რომელთა ინტერესებსაც ეს შეეხება, და დამქირავებლის თანხმობით, სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ნებართვით.
საცხოვრებელი სადგომის გადაკეთებასა და გადაგეგმარებაზე გამქირავებლის, დამქირავებლის, მისი ოჯახის წევრების, აგრეთვე იმ სხვა პირთა მიერ, რომელთა ინტერესებსაც ეს შეეხება, უარის თქმის შემთხვევაში წარმოშობილი დავა გადაწყდება სასამართლო წესით, თუ გადაკეთებასა და გადაგეგმარებაზე არის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასკომის ნებართვა.
დამქირავებელი, რომელიც თვითნებურად გააკეთებს ან გადააგეგმარებს საცხოვრებელ სადგომს, მოვალეა თავის ხარჯზე მოიყვანოს ეს სადგომი წინანდელ მდგომარეობაში.
მუხლი 94. საცხოვრებელი სადგომების მიცემა მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სახლის კაპიტალური რემონტის გამო
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის კაპიტალური რემონტის დროს, როცა რემონტი შეუძლებელია დამქირავებლის გაუსახლებლად, გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელსა და მისი ოჯახის წევრებს კაპიტალური რემონტის დროისათვის მისცეს სხვა საცხოვრებელი სადგომი შესარემონტებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოუშლელად. თუ დამქირავებელი უარს ამბობს ამ სადგომში გადასვლაზე, გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს მისი გადაყვანა სასამართლო წესით.
კაპიტალური რემონტის დროისათვის მიცემული საცხოვრებელი სადგომი უნდა იყოს ამ დასახლებული პუნქტის ფარგლებში და შეესაბამებოდეს სანიტარიულ და ტექნიკურ მოთხოვნებს.
სახლის რემონტის დამთავრებისა და სახელმწიფო კომისიის მიერ მიღების შემდეგ დამქირავებელს უფლება აქვს დაბინავდეს წინანდელ საცხოვრებელ სადგომში.
დამქირავებელი მოვალეა შეიტანოს ბინის ქირა მხოლოდ იმ საცხოვრებელი სადგომ ისათვის, რომელიც მიცემულია კაპიტალური რემონტის ჩატარების დროით. გადასვლასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა აანაზღაუროს გამქირავებელმა.
იმ შემთხვევაში, როცა დამქირავებლისა და მისი ოჯახის წევრთა მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი კაპიტალური რემონტის შედეგად უქმდება, ანდა მისი ფართობი არსებითად იზრდება და დამქირავებელს ზედმეტი საცხოვრებელი ფართობი ექმნება, დამქირავებელსა და მისი ოჯახის წევრებს უნდა მიეცეთ სხვა კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სადგომი კაპიტალური რემონტის დაწყებამდე. თუ კაპიტალური რემონტის შედეგად საცხოვრებელი სადგომი არსებითად მცირდება, დამქირავებლის მოთხოვნით მას და მისი ოჯახის წევრებს უნდა მიეცეთ სხვა კეთილმოწყობილი სადგომი კაპიტალური რემონტის დაწყებამდე. დავის წარმოშობისას საკითხი წყდება სასამართლო წესით.
მუხლი 95. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეცვლა
საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ დამქირავებლის, მისი ოჯახის წევრთა და გამქირავებლის თანხმობით, იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლებით, სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 96. ოჯახის წევრის მიერ ცალკე ხელშეკრულების დადება
დამქირავებლის ოჯახის სრულწლოვან წევრს უფლება აქვს მოითხოვოს დამქირავებლისა და ერთ საცხოვრებელ სადგომში მცხოვრებ ოჯახის დანარჩენ წევრთა თანხმობით, რომ მას დაუდონ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ცალკე ხელშეკრულება, თუ მისი წილი საცხოვრებელი ფართობი შეიძლება გამოიყოს იზოლირებულ სადგომად, რომლის ოდენობა არ იქნება ამ კოდექსის 48-ე მუხლის მეორე ნაწილით დაწესებულ ოდენობაზე ნაკლები.
ქირავნობის ცალკე ხელშეკრულების დადებაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.
ამ მუხლის წესები არ გამოიყენება იმ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა სახლებში საცხოვრებელი სადგომების ქირავნობის მიმართ, რომლებიც სსრ კაშირის მინისტრთა საბჭოს ან საქართველოს სსრ მინისტთა საბჭოს დადგენილებით შეტანილია სახალხო მეურნეობის უმნიშვნელოვანესი დარგების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სიაში, რომელთა სახლებიდან შეიძლება სასამართლო წესით მუშა-მომსახურეთა (მათთან ერთად მცხოვრები პირებითურთ) გამოსახლება, თუ მათ შეწყვიტეს შრომითი ურთიერთობა საწარმოსთან, დაწესებულებასთან, ორგანიზაციასთან არასაპატიო მიზეზით საკუთარი სურვილის საფუძველზე ან შრომის დისციპლინის დარღვევის, ანდა დანაშაულის ჩადენისათვის დათხოვნასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მოქალაქეებმა ბინა მიიღეს შრომით ურთიერთობასთან დაუკავშირებლად ან სხვა საფუძველზე სამუშაოდან დათხოვნისას.
მუხლი 97. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეცვლა ერთ ოჯახად გაერთიანების მსურველ დამქირავებელთა მოთხოვნით
მოქალაქეებს, რომლებიც ერთ ბინაში ცხოვრობენ და სარგებლობენ მისი საცხოვრებელი სადგომებით დამოუკიდებელი ხელშეკრულებით, ერთ ოჯახად გაერთიანების შემთხვევაში უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ რომელიმე მათგანს დაუდონ ერთი ქირავნობის ხელშეკრულება მათ მიერ დაკავებულ მთელ სადგომზე.
გამქირავებლის უარი ერთი ხელშეკრულების დადებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.
მუხლი 98. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეცვლა დამქირავებლად ოჯახის სხვა წევრის ცნობის შედეგად
დამქირავებლის ოჯახის სრულწლოვან წევრს უფლება აქვს დამქირავებლისა და მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის დანარჩენ სრულწლოვან წევრთა თანხმობით მოითხოვოს, რომ ცნონ იგი დამქირავებლად საცხოვრებელი სადგომის წინათ დადებული ქირავნობის ხელშეკრულებით პირვანდელი დამქირავებლის ნაცვლად. ასეთივე უფლება აქვს დამქირავებლის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი ოჯახის ნებისმიერ წევრს.
გამქირავებლის უარი – ქირავნობის ხელშეკრულების მიხედვით, დამქირავებლად ცნოს ოჯახის წევრი, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.
ამ მუხლის წესები არ გამოიყენება იმ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა სახლებში საცხოვრებელი სადგომების ქირავნობის მიმართ, რომელიც სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს ან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით შეტანილია სახალხო მეურნეობის უმნიშვნელოვანესი დარგების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სიაში, რომელთა სახლებიდან შეიძლება სასამართლო წესით მუშა-მოსამსახურეთა (მათთან ერთად მცხოვრები პირებითურთ) გამოსახლება, თუ მათ შეწყვიტეს შრომითი ურთიერთობა საწარმოსთან, დაწესებულებასთან, ორგანიზაციასთან არასაპატიო მიზეზით საკუთარი სურვილის საფუძველზე ან შრომის დისციპლინის დარღვევის, ანდა დანაშაულის ჩადენისათვის დათხოვნასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მოქალაქემ ბინა მიიღო შრომით ურთიერთობასთან დაუკავშირებლად ან სხვა მიზეზის გამო სამუშაოდან დათხოვნისას.
მუხლი 99. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის მოთხოვნით
სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს გამქირავებლის მოთხოვნით მხოლოდ კანონით დაწესებულ საფუძველზე და მხოლოდ სასამართლო წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გამოსახლება ხდება სახლებიდან, რომელთაც ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება.
მუხლი 100. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის მიერ
საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელს უფლება აქვს ოჯახის წევრთა თანხმობით ნებისმიერ დროს მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება.
იმ შემთხვევაში, როდესაც დამქირავებელი და მისი ოჯახის წევრები მუდმივ საცხოვრებლად გადადიან სხვა დასახლებულ პუნქტში ან იმავე დასახელებული პუნქტის სხვა საცხოვრებელ სადგომში, საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება სხვაგან წასვლის ან გადასვლის დღიდან მოშლილად ითვლება.
მუხლი 101. საცხოვრებელი სადგომებიდან გამოსახლება
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლში დაკავებული საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ საფუძველზე.
გამოსახლება ხდება სასამართლო წესით. დაიშვება გამოსახლება ადმინისტრაციული წესით პროკურორის სანქციით მხოლოდ იმ პირებისა, ვინც თვითნებურად დაიკავა საცხოვრებელი სადგომი ან ცხოვრობს სახლებში, რომელთაც ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება.
საცხოვრებელი სადგომებიდან გამოსახლებულ მოქალაქეებს იმავდროულად ეძლევათ სხვა საცხოვრებელი სადგომი სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლებში აღნიშნული შემთხვევების გარდა (ამ კოდექსის 109-ე, 110-ე მუხლები და 111-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მუხლი 102. მოქალაქეთა გამოსახლება სხვა კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სადგომის მიცემით
სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეებს გამოასახლებენ სხვა კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სადგომის მიცემით, თუ:
1) სახლი, რომელშიც საცხოვრებელი სადგომი მდებარეობს, ასაღებია;
2) სახლს (საცხოვრებელ სადგომს) ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება;
3) სახლი (საცხოვრებელი სადგომი) არასაცხოვრებლად უნდა გადაკეთდეს.
მუხლი 103. საცხოვრებელი სადგომის მიცემა სახლის (საცხოვრებელი სადგომის) აღებასთან ან გადაკეთებასთან დაკავშირებით
თუ სახლი, რომელშიც საცხოვრებელი სადგომი მდებარეობს, ასაღებია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის გამო, ანდა თუ სახლი (საცხოვრებელი სადგომი) გადასაკეთებელია არასაცხოვრებლად, ამ სახლიდან (საცხოვრებელი სადგომიდან) გამოსახლებულ მოქალაქეებს სხვა კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სადგომს აძლევს სახელმწიფო, კოოპერაციული ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც გამოუყვეს მიწის ნაკვეთი, ან რომელსაც გადასცემენ გადასაკეთებელ სახლს (საცხოვრებელ სადგომს).
სახლის აღების სხვა შემთხვევებში ასეთი სახლიდან გამოსახლებულ მოქალაქეებს სხვა კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სადგომს აძლევს სახელმწიფო, კოოპერაციული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნის ასაღები სახლი, ხოლო ამ ორგანიზაციის მიერ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიცემის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
მუხლი 104. საცხოვრებელი სადგომის მიცემა ჩამოქცევის მხრივ საშიში სახლებიდან გამოსახლებასთან დაკავშირებით
თუ სახლს (საცხოვრებელ სადგომს) ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება, ამ სახლიდან (საცხოვრებელი სადგომიდან) გამოსასახლებელ მოქალაქეებს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მიეცემათ სხვა კეთილმოწყობილი სადგომი დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს სახლში ან შესაბამისი სახელმწიფო, კოოპერაციული თუ სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახლში.
მუხლი 105. ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირთა გამოსახლება მათთვის სხვა კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სადგომის მიცემით
ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან გადამდგარი ან თადარიგში დათხოვნილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების ოფიცრები, პრაპორშჩიკები და მიჩმანები, ზევადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურენი და მათთან გათანაბრებული პირნი, აგრეთვე მათთან ერთად მცხოვრები პირნი შეიძლება გამოსახლებულ იქნენ სამხედრო ქალაქებში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომებიდან სხვა კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სადგომის მიცემით. ასეთივე წესით უნდა გამოსახლდნენ სამხედრო ქალაქებიდან სხვა პირნი, რომელთაც კავშირი შეწყვიტეს სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებთან.
მუხლი 106. სხვა კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სადგომის მიცემა გამოსახლებასთან დაკავშირებით
გამოსახლებასთან დაკავშირებით მოქალაქეთათვის მისაცემი სხვა კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სადგომი უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსის 50-ე და 51-ე მუხლების მოთხოვნებს.
თუ დამქირავებელს ეკავა ცალკე ბინა ან ერთ ოთახზე მეტი, მას შესაბამისად უნდა მიეცეს ცალკე ბინა ან სადგომი, რომელიც იმავე რაოდენობის ოთახებისაგან შედგება.
თუ დამქირავებელს ჰქონდა ზედმეტი საცხოვრებელი ფართობი, მას სადგომი ეძლევა ერთ სულზე არანაკლებ თორმეტი კვადრატული მეტრისა, ხოლო დამქირავებელს ან მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს, რომლებსაც დამატებითი საცხოვრებელი ფართობის უფლება აქვთ და ფაქტობრივად სარგებლობდნენ ასეთით, – დამატებითი საცხოვრებელი ფართობის უფლების გათვალისწინებით.
გასასახლებელი პირისათვის მისაცემი საცხოვრებელი სადგომი უნდა აღინიშნოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან პროკურორის დადგენილებაში გამოსახლების შესახებ.
მუხლი 107. მოქალაქეთა გამოსახლება სხვა საცხოვრებელი სადგომის მიცემით
სხვა საცხოვრებელი სადგომის მიცემით შეიძლება გამოსახლებულ იქნენ:
1) მუშები და მოსამსახურენი (მათთან ერთად მცხოვრები პირებითურთ), რომელთაც შეწყვიტეს შრომითი ურთიერთობა საცხოვრებელი სადგომის მიმცემ სახალხო მეურნეობის უმნიშვნელოვანესი დარგების საწარმოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან არასაპატიო მიზეზით საკუთარი სურვილის საფუძველზე ან შრომის დისციპლინის დარღვევის, ანდა დანაშაულის ჩადენისათვის დათხოვნასთან დაკავშირებით. სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, ასეთი საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების სიას ამტკიცებენ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო;
2) მოქალაქენი, რომელთაც საცხოვრებელი სადგომები მიიღეს კოლმეურნეობის სახლებში, თუ ისინი გარიცხულნი არიან კოლმეურნეობის წევრობიდან ან გავიდნენ კოლმეურნეობიდან საკუთარი სურვილისამებრ.
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სსრ კავშირის კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა საცხოვრებელი სადგომის მიცემით მოქალაქეთა გამოსახლების სხვა შემთხვევებშიც.
მუხლი 108. სხვა საცხოვრებელი სადგომის მიცემა გამოსახლებასთან დაკავშირებით
გამოსახლებასთან დაკავშირებით მოქალაქეთათვის მისაცემი სხვა საცხოვრებელი სადგომი უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ და ტექნიკურ მოთხოვნებს და მდებარეობდეს მოცემული დასახლებული პუნქტის ფარგლებში.
გამოსასახლებელი პირისათვის მისაცემი საცხოვრებელი სადგომი უნდა აღინიშნოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში გამოსახლების შესახებ.
მუხლი 109. მოქალაქეთა გამოსახლება სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად
თუ დამქირავებელი, მისი ოჯახის წევრები ან მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირნი სისტემატურად ანგრევენ ან აფუჭებენ საცხოვრებელ სადგომს, ან იყენებენ მას არადანიშნულებისამებრ, ანდა სოციალისტური საერთო ცხოვრების წესების სისტემატური დარღვევით სხვებისათვის შეუძლებელს ხდიან მათთან ერთად ბინაში ან ერთად სახლში ცხოვრებას, ხოლო ამასთან გაფრთხილებისა და საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, ბრალეულთა გამოსახლება გამქირავებლის ან სხვა დაინტერესებულ პირთა მოთხოვნით ხდება სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად. სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად შეიძლება გამოსახლებულ იქნენ აგრეთვე მშობლის უფლებაჩამორთმეული პირნი, თუ მათი ცხოვრება ამ შვილებთან ერთად შეუძლებლადაა ცნობილი.
პირები, რომლებიც ერთად ცხოვრების შეუძლებლობის გამო გამოსახლებული უნდა იქნენ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად, სასამართლომ შეიძლება დაავალდებულოს გამოსახლების მაგიერ გადაცვალონ დაკავებული სადგომი გაცვლით დაინტერესებული მხარის მიერ მითითებულ სხვა საცხოვრებელ სადგომზე.
მუხლი 110. მოქალაქეთა გამოსახლება თვითნებურად დაკავებული საცხოვრებელი სადგომებიდან
პირები, რომლებმაც თვითნებურად დაიკავეს საცხოვრებელი სადგომები, გამოსახლებული უნდა იქნენ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად ამ კოდექსის 101-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 111. ორდერის ბათილად ცნობის შედეგები
იმ შემთხვევაში, თუ ორდერს საცხოვრებელ სადგომზე ბათილად ცნობენ ორდერის მიმღებ პირთა არამართლზომიერი მოქმედის შედეგად, ისინი გამოსახლებული უნდა იქნენ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.
თუ ორდერში აღნიშნული მოქალაქენი წინათ სარგებლობდნენ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლში საცხოვრებელი სადგომით, მათ უნდა მიეცეთ წინათ დაკავებული ან სხვა საცხოვრებელი სადგომი.
თუ ორდერი ბათილად არის ცნობილი სხვა საფუძვლების გამო, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია მითითებული, ორდერში აღნიშნული მოქალაქენი გამოსახლებული უნდა იქნენ წინათ დაკავებული ან სხვა საცხოვრებელი სადგომის მიცემით.
თავი მესამე
სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომებით სარგებლობა
მუხლი 112. სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომების დანიშნულება
სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები განკუთვნილია იმ მოქალაქეთა ჩასახლებისათვის, რომლებიც თავიანთი შრომითი ურთიერთობის ხასიათის გამო მუშაობის ადგილზე ან მის მახლობლად უნდა ცხოვრობდნენ. საცხოვრებელი სადგომი სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომთა რიცხვში შეიტანება სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით. სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომისათვის გამოიყოფა, როგორც წესი, ცალკე ბინები.
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლებში საცხოვრებელი სადგომები სამსახურებრივ სადგომთა რიცხვში შეიძლება შეტანილ იქნენ მხოლოდ კოოპერატივის წევრთა საერთო კრების თანხმობით.
მუხლი 113. იმ კატეგორიების მუშაკთა ნუსხა, რომელთაც შეიძლება მიეცეთ სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები
იმ კატეგორიების მუშაკთა ნუსხას, რომელთაც შეიძლება მიეცეთ სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები, ადგენს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები შეიძლება მიეცეთ ცალკეულ კატეგორიათა სამხედრო მოსამსახურეებს.
მუხლი 114. სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები კოლმეურნეობათა კუთვნილ სახლებში
კოლმეურნეობათა კუთვნილ სახლებში საცხოვრებელი სადგომების შეტანა სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომთა რიცხვში (მათ შორის იმ სახლებშიც, რომლებშიც ჩასახლება მოხდა სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების სამოქმედოდ შემოღებამდე) და იმ კატეგორიების მუშაკთა ნუსხის დადგენა, რომელთაც შეიძლება მიეცეთ ასეთი სადგომები, ხდება კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
მუხლი 115. სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომების მიცემისა და სარგებლობის წესი
სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომების მიცემისა და ამ სადგომებით სარგებლობის წესს განსაზღვრავს სსრ კავშირის კანონმდებლობა, ეს კოდექსი და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობა.
გადაწყვეტილებას სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის მიცემის შესახებ იღებენ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია, კოლმეურნეობის გამგეობა, სხვა კოოპერატიული ორგანიზაციების, მათი გაერთიანებების მმართველობის ორგანოები, პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანოები, ჯარის ნაწილის სარდლობა, რომელთა გამგებლობაშიც არის სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევს სპეციალურ ორდერს.
სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის დაკავების ორდერის ფორმას და სამსახურებრივი სადგომის ქირავნობის ტიპობრივ ხელშეკრულებას ამტკიცებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომებით სარგებლობისათვის გამოიყენება წესები საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შესახებ, გარდა ამ კოდექსის 71-73-ე, 77-78-ე და 96-98-ე მუხლებისა.
მუხლი 116. გამოსახლება სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომებიდან
მუშები და მოსამსახურენი, რომელთაც შეწყვიტეს შრომითი ურთიერთობა საწარმოსთან, დაწესებულებასთან, ორგანიზაციასთან, აგრეთვე მოქალაქენი, რომლებიც გაირიცხნენ კოლმეურნეობის წევრობიდან ან გავიდნენ კოლმეურნეობიდან საკუთარი სურვილით, გამოსახლებული უნდა იქნენ სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომებიდან მათთან ერთად მცხოვრები ყველა პირითურთ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.
მუხლი 117. მოქალაქენი, რომელთა გამოსახლება სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომებიდან არ დაიშვება სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად
სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომებიდან სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად არ შეიძლება გამოსახლებულ იქნენ:
1) ომის ინვალიდები და სხვა ინვალიდები სამხედრო მოსამსახურეთაგან, რომლებიც დაინვალიდნენ სსრ კავშირის დაცვის ან სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის ან დასახიჩრების შედეგად, ანდა ფრონტზე ყოფნასთან დაკავშირებული დაავადების შედეგად;
2) დიდი სამამულო ომის მონაწილენი, რომლებიც მოქმედი არმიის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, იმ სამხედრო მოსამსახურეთა და პარტიზანთა ოჯახები, რომლებიც დაიღუპნენ ან უგზოუკვლოდ დაიკარგნენ სსრ კავშირის დაცვის ან სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულების დროს;
3) სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახები;
4) ინვალიდები სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების რიგითთა და უფროსთა შემადგენლობის პირთაგან, რომლებიც დაინვალიდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის ან დასახიჩრების შედეგად;
5) პირნი, რომელთაც სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის მიმცემ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში იმუშავეს არანაკლებ ათი წლისა;
6) იმ თანამდებობიდან გათვისუფლებული პირნი, რომელთან დაკავშირებითაც მათ მიეცათ საცხოვრებელი სადგომი, მაგრამ არ შეუწყვეტიათ შრომითი ურთიერთობა ამ სადგომის მიმცემ საწარმოსთან, დაწესებულებასთან, ორგანიზაციასთან;
7) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის ანდა მუშაკთა რიცხვისა თუ შტატის შემცირების გამო დათხოვნილი პირნი;
8) მოხუცებულობის გამო პენსიონერები, პერსონალური პენსიონერები;
9) იმ გარდაცვლილი მუშაკის ოჯახის წევრები, რომელსაც მიცემული ჰქონდა სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომი;
10) I და II ჯგუფის შრომის ინვალიდები და I და II ჯგუფის ინვალიდები სამხედრო მოსამსახურეთა და მათთან გათანაბრებულ პირთაგან;
11) მარტოხელა პირნი მათთან ერთად მცხოვრები არასრულწლოვანი შვილებითურთ.
თავი მეოთხე
საერთო საცხოვრებლებით სარგებლობა
მუხლი 118. საერთო საცხოვრებელები
მუშათა, მოსამსახურეთა, სტუდენტთა, მოსწავლეთა, აგრეთვე სხვა მოქალაქეთა მუშაობის ან სწავლის პერიოდში ბინადრობისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთო საცხოვრებლები. საერთო საცხოვრებლებისათვის გამოიყენება ამ მიზნით სპეციალურად აშენებული ან გადაკეთებული საცხოვრებელი სახლები. საერთო საცხოვრებელი კომპლექტდება ავეჯით, საოჯახო და კულტურულ-საყოფაცხოვრებო მოხმარების სხვა საგნებით, რომლებიც საჭიროა საერთო საცხოვრებლებში მყოფ მოქალაქეთა ცხოვრების, მეცადინეობისა და დასვენებისათვის.
სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, სანიმუშო დებულებას საერთო საცხოვრებლების შესახებ ამტკიცებენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, სსრ კავშირის სამინისტროები, სახელმწიფო კომიტეტები და უწყებები შესაბამის პროფკავშირულ და კომკავშირულ ორგანოებთან შეთანხმებით.
მუხლი 119. საერთო საცხოვრებლებში საცხოვრებელი ფართობის მიცემისა და სარგებლობის წესი
საერთო საცხოვრებლებში საცხოვრებელი ფართობის მიცემისა და სარგებლობის წესს განსაზღვრავს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.
საერთო საცხოვრებელში ფართობი ეძლევათ მუშებს, მოსამსახურეებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და სხვა მოქალაქეებს მათი მუშაობის ან სწავლის პერიოდისათვის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის, პროფკავშირის კომიტეტისა და კომკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საერთო საცხოვრებლებისათვის დაწესებული ნორმის შესაბამისად.
საცხოვრებელი ფართობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე ადმინისტრაცია გასცემს საერთო საცხოვრებელში საცხოვრებელი ფართობის დაკავების სპეციალურ ორდერს.
საერთო საცხოვრებელში საცხოვრებელი ფართობის დაკავების ორდერის ფორმას აწესებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით საერთო საცხოვრებლიდან წასულ პირებს კვლავ უნდა მიეცეთ საცხოვრებელი ფართობი საერთო საცხოვრებელში იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან იმავე საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ან სასწავლებელს.
მუხლი 120. გამოსახლება საერთო საცხოვრებლებიდან
სეზონური, დროებითი მუშაკები და ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე პირნი, რომელთაც მუშაობა შეწყვიტეს, აგრეთვე პირნი, რომლებიც სასწავლებელში სწავლობდნენ და იქიდან წავიდნენ, გამოსახლებული უნდა იქნენ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემულად საერთო საცხოვრებლიდან, სადაც მათ ადგილი მიეცათ მუშაობის ან სწავლის გამო.
საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა სხვა მუშაკები, რომლებსაც მუშაობის გამო ადგილი მიეცათ საერთო საცხოვრებლებში, შეიძლება გამოსახლებულ იქნენ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოდან დაითხოვეს არასაპატიო მიზეზით საკუთარი სურვილისამებრ, შრომის დისციპლინის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენისათვის. ის პირნი, რომლებიც მუშაობას შეწყვეტენ სხვა საფუძვლების გამო, აგრეთვე ამ კოდექსის 117-ე მუხლში ჩამოთვლილი პირნი შეიძლება გამოსახლებულ იქნენ მხოლოდ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიცემით.
თავი მეხუთე
მოქალაქეთა უზრუნველყოფა საცხოვრებელი სადგომებით საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლებში და ამ სადგომებით სარგებლობა
მუხლი 121. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლებში საცხოვრებელი სადგომის მიღების უფლება
საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეებს უფლება აქვთ გახდნენ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრები და მიიღონ ამ კოოპერატივში ბინა.
მუხლი 122. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებში შესვლის მსურველ მოქალაქეთა აღრიცხვის წესი
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებში შესვლის მსურველ მოქალაქეთა აღრიცხვის წესს ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა, ეს კოდექსი და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობა.
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში შესვლის მსურველ მოქალაქეთა აღრიცხვაზე აყვანა ხდება ამ მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ხოლო სამუშაო ადგილის მიხედვით – იმ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, რომელთანაც იქმნება კოოპერატივი.
მოქალაქეებს, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილის მიხედვით, მაგრამ აღარ მუშაობენ ამ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში პენსიაზე გასვლის გამო, აღრიცხვაზე აიყვანენ ამ საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მუშა-მოსამსახურეთა თანაბრად.
მუხლი 123. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებად მოქალაქეთა მიღების პირობები
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებად მოქალაქეთა მიღების პირობებს ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა, ეს კოდექსი და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობა.
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებად შეიძლება მიღებულ იქნენ 18 წლის ასაკს მიღწეული პირნი, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ მოცემულ დასახლებულ პუნქტში (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით) და რომლებსაც ესაჭიროებათ საბინაო პირობების გაუმჯობესება (ამ კოდექსის 36-ე მუხლი).
მუხლი 124. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ორგანიზაცია და საქმიანობა
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები იქმნება სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, აგრეთვე კოლმეურნეობებთან და სხვა კოოპერაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. კოოპერატივებს ორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შრომითი კოლექტივების წინადადებათა გათვალისწინებით.
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდება და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობა.
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდებას ამტკიცებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი მოქმედებს იმ წესდების საფუძველზე, რომელიც მიღებულია კოოპერატივში შემსვლელ მოქალაქეთა საერთო კრების მიერ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდების შესაბამისად და რომელიც რეგისტრირებულია დადგენილი წესით.
სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში შემსვლელთა სიაში შეტანილი მოქალაქენი ამ კოოპერატივის წევრებად ითვლებიან წესდების რეგისტრაციის დროიდან, ხოლო მოქმედ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში მიღებული მოქალაქენი მის წევრებად ითვლებიან სახალხო დეპუტატთა შესაბამისი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ კოოპერატივის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილების დამტკიცების დღიდან.
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციასა და რემონტს ახორციელებენ ხარჯდაფარვადობის საწყისებზე.
მუხლი 125. სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების კონტროლი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საქმიანობისადმი
სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები ახორციელებენ კონტროლს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საქმიანობისადმი, მათი კუთვნილი სახლების ექსპლუატაციისა და რემონტისადმი. სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს უფლება აქვს გააუქმოს კოოპერატივის საერთო კრების ან გამგეობის გადაწყვეტილება, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
მუხლი 126. სახელმწიფოს დახმარება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისადმი
სახელმწიფო დახმარებას უწევს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებს მათი კუთვნილი სახლების ექსპლუატაციასა და რემონტში, აგრეთვე საცხოვრებელი სადგომებით საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უზრუნველყოფაში კაპიტალური რემონტის დროისათვის, როცა რემონტი ვერ ჩატარდება ამ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეთა გამოუსახლებლად.
მუხლი 127. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივისათვის ასაღების ნაცვლად ტოლფასოვანი საცხოვრებელი სახლის მიცემა
თუ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის კუთვნილი სახლი უნდა აიღონ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბჭოებისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით, კოოპერატივს ასაღები სახლის ნაცვლად ეძლევა საკუთრებაში ტოლფასოვანი საცხოვრებელი სახლი.
მუხლი 128. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრისათვის საცხოვრებელი სადგომის მიცემა
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრად მიღებულ პირს კოოპერატივის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომელიც დამტკიცებულია სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, ეძლევა ერთი ან რამდენიმეოთახიანი ცალკე ბინა ოჯახის წევრთა რაოდენობის, მისი საპაიო შენატანი თანხისა და საცხოვრებელი ზღვრული ოდენობის შესაბამისად, რაც გათვალისწინებულია საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდებით.
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლის ბინებში ჩასახლება ხდება სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაცემული ორდერების საფუძველზე. ოდერის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.
მუხლი 129. კოოპერატივის წევრის მიერ საცხოვრებელი სადგომის გაცვლა
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრს უფლება აქვს მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრთა თანხმობით, სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ნებართვით გაცვალოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომი კოოპერატივის სხვა წევრებთან ან სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლში საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელთან, მათ შორის სხვა დასახლებულ პუნქტში მცხოვრებთან იმ პირობით, თუ პირი, რომელიც საცხოვრებელ სადგომს ცვლის, კოოპერატივის წევრი გახდება. გაცვლისას დაცული უნდა იქნეს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდებით და სხვა კანონმდებლობით დადგენილი წესები.
თუ კოოპერატივის წევრი და მისი ოჯახის წევრები ვერ შეთანხმდებიან გაცვლის თაობაზე, მაშინ კოოპერატივის წევრს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, რომლის უფლება საპაიო დანაგროვის ნაწილზე ცნობილია, შეუძლიათ სასამართლო წესით მოითხოვონ დაკავებული სადგომის იძულებითი გადაცვლა სადგომებზე სხვადასხვა სახლებში (ბინებზე).
გაცვლა არ დაიშვება ამ კოდექსის 79-ე მუხლში აღნიშნულ შემთხვევებში.
მუხლი 130. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლში საცხოვრებელი სადგომის გაყოფა
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლში საცხოვრებელი სადგომის გაყოფა კოოპერატივის წევრსა და მის მეუღლეს შორის დაიშვება მათი განქორწინების შემთხვევაში, თუ პაი მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებაა და თუ შესაძლებელია თითოეულ მათგანს გამოეყოს იზოლირებული საცხოვრებელი სადგომი მათ მიერ დაკავებულ ბინაში.
თუ საცხოვრებელი სადგომი შედგება არაიზოლირებული მომიჯნავე ოთახებისაგან, გაყოფა შეიძლება მოხდეს მათი იზოლირებულად გადაკეთების პირობით, თუ საცხოვრებელი სადგომის გადაკეთებისა ან გადაგეგმარებაზე არის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასკომის ნებართვა.
დავა საცხოვრებელი სადგომის გაყოფის თაობაზე გადაწყდება სასამართლო წესით.
მუხლი 131. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლებში საცხოვრებელი სადგომების გაქირავება
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრს შეუძლია კოოპერატივის გამგეობის თანხმობით გააქირაოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ნაწილი, ხოლო მთელი ოჯახის დროებით სხვაგან წასვლის შემთხვევაში – მთელი საცხოვრებელი სადგომი.
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლში გაქირავებული საცხოვრებელი სადგომის გადასახდელის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამქირავებლის მიერ გადასახდელ იმ საექსპლუატაციო ხარჯებს, რაც გასაქირავებელ სადგომზე მოდის.
მუხლი 132. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივიდან გარიცხვა
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი კოოპერატივიდან შეიძლება გაირიცხოს იმ შემთხვევებში, როცა:
1) წარმოადგინა სინამდვილის შეუსაბამო მონაცემები, რაც მისი კოოპერატივში შესვლის საფუძველი გახდა, აგრეთვე კოოპერატივის წევრად მიღების საკითხის გადაწყვეტისას თანამდებობის პირთა არამართლზომიერი მოქმედების გამო;
2) სისტემატურად ანგრევს ან აფუჭებს საცხოვრებელ სადგომს, ან იყენებს მას არადანიშნულებისამებრ, ან სისტემატურად არღვევს სოციალისტური საერთო ცხოვრების წესებს, რის გამოც სხვებისათვის შეუძლებელი ხდება მასთან ერთ ბინაში ან ერთ სახლში ცხოვრება, თუ გამაფრთხილებელი ან საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომები უშედეგო აღმოჩნდა;
3) სისტემატურად აქირავებს საცხოვრებელ სადგომს არაშრომითი შემოსავლის მიღების მიზნით;
4) საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
გარიცხვის წესს ადგენს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წესდება. კოოპერატივის წევრობიდან გარიცხვის შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.
მუხლი 133. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლიდან გამოსახლება
კოოპერატივიდან გარიცხული საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრი, მასთან ერთად მცხოვრებ ყველა პირითურთ, კოოპერატივის სახლიდან გამოსახლებული უნდა იქნენ სასამართლო წესით, სხვა საცხოვრებელი ფართობის მიუცემლად.
კოოპერატივის სახლში საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება კოოპერატივის წევრობიდან გარიცხულ პირთა ოჯახის წევრებს უნარჩუნდებათ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ერთ-ერთი მათგანის კოოპერატივში შესვლის პირობით.
სხვა პირები შეიძლება გამოსახლებულ იქნენ კოოპერატივის სახლის საცხოვრებელი სადგომიდან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდებით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 134. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრის უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების უფლება-მოვალეობანი, საცხოვრებელი სადგომებით სარგებლობის პირობები და სარგებლობის შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება კოოპერატივის წესდებით.
მუხლი 135. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის საქმიანობის შეწყვეტა
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის საქმიანობის შეწყვეტა ხდება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდებით, აგრეთვე საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თავი მეექვსე
ინდივიდუალური საბინაო ფონდის სახლების საცხოვრებელი სადგომებით სარგებლობა
მუხლი 136. პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლით სარგებლობა
მოქალაქენი, რომელთაც პირად საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი სახლი (სახლის ნაწილი), ამ სახლით სარგებლობენ პირადი ბინადრობისა და თავიანთი ოჯახის წევრთა ბინადრობისათვის. მათ უფლება აქვთ შეასახლონ სახლში სხვა მოქალაქენი, აგრეთვე გააქირაონ იგი იმ პირობებითა და წესით, რომლებსაც ადგენს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.
პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ზღვრულ ოდენობას, აგრეთვე საერთო წილობრივ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლით სარგებლობის წესს ადგენს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი.
მუხლი 137. მოქალაქის პირად საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაცვა-შენახვის უზრუნველყოფა
მოქალაქენი, რომელთაც პირად საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი სახლი, მოვალენი არიან უზრუნველყონ მისი დაცვა-შენახვა, თავიანთი ხარჯით ჩაატარონ მიმდინარე და კაპიტალური რემონტი, წესიერ მდგომარეობაში იქონიონ სახლისპირა ტერიტორია.
თუ მოქალაქე ცუდად უვლის კუთვნილ სახლს, არაფრად მიიჩნევს მის ნგრევას, წარმოიშობა შედეგები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით.
მუხლი 138. სახელმწიფოს ხელშეწყობა მოქალაქეთა კუთვნილი სახლების რემონტსა და კეთილმოწყობაში
მოქალაქეებს, რომელთაც პირად საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი სახლები, სახელმწიფო ხელს უწყობს მათს რემონტსა და კეთილმოწყობაში. მოქალაქეთა კუთვნილი სახლების რემონტი მათი სურვილისამებრ შეიძლება ჩაატარონ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოებმა.
მუხლი 139. ადგილობრივი საბჭოების კონტროლი მოქალაქეთა კუთვნილი სახლების მოვლა-პატრონობისადმი
სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები ახორციელებენ კონტროლს მოქალაქეთა კუთვნილი სახლების მოვლა-პატრონობისადმი.
მუხლი 140. პირადი საკუთრების საცხოვრებელი სახლის მქონე მოქალაქეთა უფლებების გარანტიები
მოქალაქეთა პირად საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები არ შეიძლება მათ ჩამოერთვათ. მესაკუთრეს არ შეიძლება ჩამოერთვას საცხოვრებელი სახლით სარგებლობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც დადგენილია სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
მუხლი 141. საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის ოჯახის წევრთა უფლება-მოვალეობანი
მესაკუთრის ოჯახის წევრთა წრე განისაზღვრება ამ კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად.
მესაკუთრის ოჯახის წევრებს, რომლებიც მან ჩაისახლა თავის კუთვნილ სახლში, უფლება აქვთ მის თანაბრად ისარგებლონ სახლის სადგომებით, თუ ჩასახლებისას არ ყოფილა დათქმული სხვა რამ; მათ უფლება აქვთ მესაკუთრის მიერ მათთვის გამოყოფილ სადგომში ჩაასახლონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები; ოჯახის სხვა წევრთა ჩასახლება დაიშვება მხოლოდ მესაკუთრის თანხმობით. სადგომით სარგებლობის უფლება ამ პირებს უნარჩუნდებათ მესაკუთრესთან ოჯახური ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც.
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის წესისა და ხარჯებში მონაწილეობის შესახებ დავა მესაკუთრესა და მისი ოჯახის წევრებს შორის წყდება სასამართლო წესით.
მუხლი 142. მოქალაქეთა კუთვნილ სახლებში საცხოვრებელი სადგომების ქირავნობის ხელშეკრულების დადება
მოქალაქეს, რომელსაც პირად საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სახლი, უფლება აქვს მიაქირაოს ეს სახლი ან სახლის ნაწილი სხვა მოქალაქეს.
საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებას დამქირავებელი უდებს სახლის მესაკუთრეს წერილობით. ვადა, რომლითაც იდება ხელშეკრულება, და საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის სხვა პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 143. პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქეთა კუთვნილი სახლების საცხოვრებელი სადგომებით სარგებლობის ქირა და კომუნალური მომსახურების გადასახდელი
პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქეთა კუთვნილი სახლების საცხოვრებელი სადგომებით სარგებლობის ქირა დგინდება მხარეთა შეთანხმებით, მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ განაკვეთებს, რომლებიც ამ სახლებისათვის არის დადგენილი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ.
კომუნალური მომსახურების გადასახდელი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ქირის გარდა გადახდევინებულ იქნება დადგენილი წესით დამტკიცებული ტარიფების მიხედვით.
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ქირისა და კომუნალური მომსახურების გადასახდელის შეტანის ვადები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
მუხლი 144. არაშრომითი შემოსავლის მიღების მიზნით საცხოვრებელი სადგომის გაქირავების შედეგები
თუ მესაკუთრე არაშრომითი შემოსავლის მიღების მიზნით სისტემატურად აქირავებს საცხოვრებელ სახლს (ან სახლის ნაწილს), წარმოიშობა შედეგები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით.
მუხლი 145. დამქირავებლის მიერ თავისი ოჯახის წევრთა ჩასახლების უფლება
პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქის კუთვნილ სახლში საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელს უფლება აქვს ჩაისახლოს დაქირავებულ სადგომში თავისი არასრულწლოვანი შვილები. თუ დამქირავებელს იზოლირებული სადგომი უკავია, მას უფლება აქვს მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრთა თანხმობით ჩაისახლოს აგრეთვე თავისი მეუღლე და შრომისუუნარო მშობლები.
სხვა პირთა ჩასახლება დაიშვება მხოლოდ სახლის მესაკუთრისა და დამქირავებელთან ერთად მცხოვრებ მისი ოჯახის წევრთა თანხმობით.
მუხლი 146. დამქირავებლის ოჯახის წევრთა უფლება – მოვალეობანი
დაქირავებულ სადგომში დადგენილი წესით ჩასახლებული დამქირავებლის ოჯახის წევრები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ და აკისრიათ თანაბარი მოვალეობანი ქირავნობის ხელშეკრულებით.
სხვა პირნი, რომლებიც დამქირავებლის მიერ ჩასახლებულნი არიან, როგორც მისი ოჯახის წევრები, იძენენ დამქირავებლისა და მისი ოჯახის დანარჩენ წევრთა თანაბარ უფლებებს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისა, თუ ჩასახლებისას მათ შორის არ ყოფილა სხვაგვარი შეთანხმება.
მუხლი 147. პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქის კუთვნილ სახლში დაქირავებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების შენარჩუნება
დამქირავებელი და მისი ოჯახის წევრები მათი დროებითი არყოფნის დროს ინარჩუნებენ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლებას ამ კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 148. ქირავნობის ხელშეკრულების შეცვლა
პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქეთა კუთვნილ სახლებში ქირავნობის ხელშეკრულების შეცვლა დაიშვება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 145-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დამქირავებლის გარდაცვალების შემთხვევაში სახლის მესაკუთრე მოვალეა დარჩენილი ვადისათვის დაუდოს ქირავნობის ხელშეკრულება ნაქირავებ სადგომში მცხოვრებ გარდაცვლილის ოჯახის ერთ-ერთ წევრს.
მუხლი 149. პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქეთა კუთვნილ სახლებში საცხოვრებელი სადგომების გაცვლა
პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქის კუთვნილ სახლში საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელს უფლება აქვს მესაკუთრის თანხმობით გადაცვალოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომი ამ სახლში ან პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქის კუთვნილ სხვა სახლში მეორე დამქირავებლის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა ურთიერთგადაცემით.
საცხოვრებელი სადგომის გასაცვლელად საჭიროა წერილობითი თანხმობა დამქირავებელთან ერთად მცხოვრებ მისი ოჯახის წევრთა, მათ შორის დროებით სხვაგან მყოფი წევრებისა, რომლებსაც უნარჩუნდებათ საცხოვრებელი ფართობის უფლება.
საცხოვრებელი სადგომის გაცვლის თანხმობაზე მესაკუთრის უარს დამქირავებელი ვერ გაასაჩივრებს სასამართლო წესით.
მუხლი 150. კაპიტალური რემონტის დროს დამქირავებლის გამოსახლება
პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქის კუთვნილი სახლის კაპიტალური რემონტის აუცილებლობისას, თუ რემონტი არ შეიძლება ჩატარდეს სახლში მცხოვრებ პირთა გამოუსახლებლად, სახლის მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს დამქირავებლის გამოსახლება.
მოქალაქე, რომელსაც პირადი საკუთრების უფლებით ეკუთვნის სახლი, არ არის ვალდებული კაპიტალური რემონტის დროს მისცეს დამქირავებელს სხვა სადგომი.
თუ დამქირავებელი უარს ამბობს საცხოვრებელი სადგომის დაცლაზე, სახლის მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს მისი გამოსახლება სასამართლო წესით.
რემონტის დამთავრების შემდეგ სახლის მესაკუთრე მოვალეა მისცეს გამოსახლებულთ წინათ დაკავებული ან მისი ტოლფასიანი სადგომი თავის კუთვნილ სახლში, იმ შემთხვევების გარდა, როცა სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებული სახლის გადაკეთების გეგმის შესაბამისად საცხოვრებელი სადგომი, რომელიც დამქირავებელს ეკავა, უქმდება.
მუხლი 151. სადგომის გაქვექირავნობა და დროებით მდგმურთა ჩასახლება
სადგომის გაქვექირავნობა, აგრეთვე დროებით მდგმურთა ჩასახლება დასაშვებია მხოლოდ სახლის მესაკუთრის თანხმობით.
დამქირავებლის, ქვემოქირავნისა და დროებით მდგმურთა ურთიერთობის მიმართ, რომლებიც სახლის მესაკუთრის ნებართვით არიან ჩასახლებული, შესაბამისად გამოიყენება ამ კოდექსის 87-ე, 88-ე და 90-92-ე მუხლებით დადგენილი დებულებები.
მუხლი 152. დამქირავებლის უფლება – განაახლოს საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება
პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქის კუთვნილ სახლში საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დამქირავებელს უფლება აქვს განაახლოს ხელშეკრულება.
სახლის მესაკუთრეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულების განახლებაზე, თუ ამის შესახებ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე გააფრთხილებს დამქირავებელს და სადგომი საჭიროა სახლის მესაკუთრესა და მისი ოჯახის წევრთა ცხოვრებისათვის, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი სისტემატურად არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს. დავის წარმოშობისას საკითხი გადაწყდება სასამართლო წესით.
დამქირავებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს ხელშეკრულების განახლება, თუ ხელშეკრულება დადებულია არაუმეტეს ერთი წლის ვადით და ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ სადგომი დაიცლება ამ ვადის გასვლისას.
მუხლი 153. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის მიერ
პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქის კუთვნილ სახლში საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოშალოს საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება.
იმ შემთხვევაში, როდესაც დამქირავებელი და მისი ოჯახის წევრები მუდმივ საცხოვრებლად გადადიან სხვა ადგილას, საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება გადასვლის დღიდან მოშლილად ითვლება.
მუხლი 154. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა მესაკუთრის მოთხოვნით
მესაკუთრეს შეუძლია მოშალოს საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
განუსაზღვრელი ვადით დადებული საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს მესაკუთრის მოთხოვნით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სადგომი პირადი სარგებლობისათვის სჭირდებათ თვით სახლის მესაკუთრესა და მისი ოჯახის წევრებს და თუ მესაკუთრე სამი თვით ადრე გააფრთხილებს დამქირავებელს ხელშეკრულების მოშლის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დამქირავებელი გამოსახლებულ უნდა იქნეს სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.
იმ შემთხვევაში, როდესაც დამქირავებელს სისტემატურად არ შეაქვს ბინის ქირა და კომუნალური მომსახურების გადასახდელი, აგრეთვე ამ კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საფუძველზე მესაკუთრეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა.
ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში დამქირავებელი, რომელიც უარს ამბობს დაცალოს სადგომი, გამოსახლებული უნდა იქნეს მასთან მცხოვრებ ყველა პირთან ერთად სასამართლო წესით სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.
მუხლი 155. სხვა პირზე სახლის საკუთრების უფლების გადასვლის დროს საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შენარჩუნება ან მოშლა
როდესაც იმ სახლის (სახლის ნაწილის) საკუთრების უფლება, რომელშიც გაქირავებული სადგომია, გადადის სხვა პირზე, ქირავნობის ხელშეკრულება ძალაში რჩება მასში აღნიშნული ვადის გასვლამდე.
თუ ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია ვადის აღუნიშნავად, სახლის ახალ მესაკუთრეს შეუძლია მოშალოს იგი ამ კოდექსის 152-ე და 154-ე მუხლებში აღნიშნულ საფუძველზე და წესით.
მუხლი 156. მოქალაქეთა კუთვნილი სახლების საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლება
პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქის კუთვნილ სახლში საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლება, აგრეთვე ამ სადგომით სარგებლობის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით.
მუხლი 157. იმ მოქალაქეთა საცხოვრებელი სადგომებით უზრუნველყოფა, რომელთა სახლები აღებულ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთების ჩამორთმევასთან დაკავშირებით
იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეთა პირად საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები უნდა აღებულ იქნეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ამ მოქალაქეებს, მათი ოჯახის წევრებს, აგრეთვე ამ სახლებში მუდმივად მცხოვრებ სხვა მოქალაქეებს დადგენილი ნორმების მიხედვით ეძლევათ ბინები სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში. გარდა ამისა, საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებს მათი არჩევანისამებრ ან აუნაზღაურდებათ ასაღები სახლების, ნაგებობებისა და მოწყობილობის ღირებულება, ანდა ეძლევათ უფლება გამოიყენონ თავიანთი შეხედულებისამებრ ამ სახლების, ნაგებობებისა და მოწყობილობის დაშლის შედეგად დარჩენილი მასალა. მოქალაქეთა სურვილისამებრ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები უზრუნველყოფენ მათ (ბინის მიცემის ნაცვლად) იმ შესაძლებლობით, რომ რიგგარეშე შევიდნენ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებად და მიიღონ ამ კოოპერატივებში ბინები.
მოქალაქეთა სურვილისამებრ შეიძლება მათი კუთვნილი ასაღები საცხოვრებელი სახლები და ნაგებობები გადატანილ და აღდგენილ იქნეს ახალ ადგილზე.
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლები შესაბამისად ბინების მიცემის წესს, ასაღები სახლების, ნაგებობებისა და მოწყობილობის ღირებულების ანაზღაურების ოდენობასა და წესს და მათი გადატანის პირობებს ადგენს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო.
მუხლი 158. ასაღებ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეთათვის ახალ ადგილზე საცხოვრებელი სახლების, ნაგებობებისა და მოწყობილობის აშენება
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილ შემთხვევებში ასაღებ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეთათვის მათი სურვილისამებრ ახალ ადგილზე შენდება საცხოვრებელი სახლები, ნაგებობები და მოწყობილობა და გადაეცემა ამ მოქალაქეებს პირად საკუთრებაში. ამასთან, ასაღები საცხოვრებელი სახლების, ნაგებობებისა და მოწყობილობის ღირებულება მათ არ უნაზღაურდებათ.
კარი IV
საბინაო ფონდის დაცვა-შენახვის უზრუნველყოფა, ექსპლუატაცია და რემონტი
მუხლი 159. საბინაო ფონდის დაცვა-შენახვის უზრუნველყოფა
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებანი, ორგანიზაციები, თანამდებობის პირნი მოვალენი არიან იზრუნონ საბინაო ფონდის დაცვა-შენახვისა და კეთილმოწყობისათვის.
საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საბინაო ფონდი, ეკისრებათ პასუხისმგებლობა მისი დაცვა-შენახვისათვის.
მუხლი 160. გამქირავებლის მოვალეობანი საბინაო ფონდის დაცვა-შენახვის უზრუნველყოფაში
გამქირავებელი მოვალეა დროზე შეარემონტოს საცხოვრებელი სახლები, უზრუნველყოს სახლებისა და საცხოვრებელი სადგომების საინჟინრო მოწყობილობის შეუფერხებელი მუშაობა, სადარბაზოების, საერთო სარგებლობის სხვა ადგილებისა და სახლისპირა ტერიტორიის სათანადო მოვლა-პატრონობა.
საბინაო ფონდის კაპიტალური რემონტი, საცხოვრებელი სახლების საინჟინრო მოწყობილობის მუშაობაში უწესივრობის აღმოფხვრა და საცხოვრებელი სადგომების მიმდინარე რემონტი, რაც გამქირავებელმა უნდა უზრუნველყოს, ხორციელდება საბინაო ფონდის ტექნიკური ექსპლუატაციის წესებისა და ნორმების შესაბამისად.
გადაუდებელი საჭიროებით გამოწვეულ შემთხვევებში გამქირავებლის მიერ რემონტის მოვალეობათა შეუსრულებლობა საცხოვრებელი სახლის დამქირავებელს უფლებას აძლევს ჩაატაროს რემონტი და ჩათვალოს მისი ღირებულება ბინის ქირის ანგარიშში.
მუხლი 161. მოქალაქეთა მოვალეობანი საცხოვრებელი სახლების დაცვა-შენახვის უზრუნველყოფაში
მოქალაქენი მოვალენი არიან უზრუნველყონ საცხოვრებელი სადგომების დაცვა-შენახვა, მზრუნველად მოეკიდონ სანიტარიულ-ტექნიკურ და სხვა მოწყობილობას, კეთილმოწყობის ობიექტებს, დაიცვან საცხოვრებელი სახლისა და სახლისპირა ტერიტორიის მოვლა-პატრონობის წესები, სახანძრო უსაფრთხოების წესები, სისუფთავე და წესრიგი სადარბაზოებში, ლიფტის კაბინებში, საკიბურებზე და საერთო სარგებლობის სხვა ადგილებში.
მუხლი 162. დამქირავებელთა მოვალეობანი მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომების რემონტის საქმეში
საცხოვრებელი სადგომების დამქირავებელმა საქართველოს სსრ კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებისა და წესის შესაბამისად თავიანთი ხარჯით უნდა ჩაატარონ საცხოვრებელი სადგომების მიმდინარე რემონტი, ხოლო სადგომის გათავისუფლებისას ჩააბარონ იგი სათანადო მდგომარეობაში იმ წესითა და პირობებით, რომლებიც განსაზღვრულია საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ტიპობრივი ხელშეკრულებით, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის წესებით, აგრეთვე საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობით.
მუხლი 163. მოქალაქის მიერ საცხოვრებელი სადგომის მიმდინარე რემონტის ჩატარებაში ხელშეწყობა
სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები მოქალაქეებს ხელს უწყობენ საცხოვრებელი სადგომების მიმდინარე რემონტის ჩატარებაში.
საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, რომელთაც საცხოვრებელი სახლები ეკუთვნით, ასევე ხელს უწყობენ მოქალაქეებს ამ სახლების საცხოვრებელი სადგომების მიმდინარე რემონტის ჩატარებაში.
მუხლი 164. სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდისა და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ფონდის ექსპლუატაციისა და რემონტის ორგანიზაცია
სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის, აგრეთვე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ფონდის ექსპლუატაცია და რემონტი ხორციელდება საბინაო ფონდის ექსპლუატაციისა და რემონტის ერთიანი წესებისა და ნორმების სავალდებულო დაცვით.
საცხოვრებელი სახლების კაპიტალური რემონტის იჯარის წესები, საცხოვრებელი სახლების კაპიტალური რემონტის იჯარის ტიპობრივი ხელშეკრულება, აგრეთვე საბინაო ფონდის ტექნიკური ექსპლუატაციის წესები და ნორმები მტკიცდება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 165. ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დაბებში სახელმწიფო საბინაო ფონდის ექსპლუატაციისა და რემონტის განხორციელების წესი
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სახელმწიფო საბინაო ფონდის ექსპლუატაციასა და რემონტს (უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად) ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დაბებში ახორციელებენ ერთიანი საბინაო საექსპლუატაციო და ერთიანი სარემონტო-სამშენებლო სამსახურებრივი სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 166. საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებისა და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლების ტექნიკური მომსახურება და რემონტი
სახელმწიფო საბინაო-საექსპლუატაციო და სარემონტო-სამშენებლო სამსახურები ახორციელებენ ხელშეკრულებით საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებისა და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლების ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს.
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლების ტექნიკური მომსახურება ხორციელდება ერთიანი განაკვეთების მიხედვით, რომლებიც დადგენილია სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების მიერ.
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის პირობებსა და წესს ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
მუხლი 167. კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სოფლად განლაგებული სხვა ორგანიზაციების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციისა და რემონტის ორგანიზაცია
კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სოფლად განლაგებული სხვა საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციასა და რემონტს ახორციელებენ მათი საბინაო-საექსპლუატაციო და სარემონტო-სამშენებლო სამსახურები. ასეთი სამსახურების უქონლობის შემთხვევაში აღნიშნული სახლების ექსპლუატაციასა და რემონტს ახორციელებენ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების საბინაო-საექსპლუატაციო და სარემონტო-სამშენებლო ორგანიზაციები.
კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სოფლად განლაგებული სხვა საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის პირობებსა და წესს ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
მუხლი 168. სახელმწიფო საბინაო ფონდის ექსპლუატაციისა და რემონტის ხარჯების დაფინანსება
სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების საბინაო ფონდის ექსპლუატაციისა და რემონტის (მიმდინარე და კაპიტალური რემონტის) ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციების სახსრებით, ხოლო ამ სახსრების უკმარისობის შემთხვევაში – სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საუწყებო საბინაო ფონდის ექსპლუატაციისა და მიმდინარე რემონტის ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისადმი დაქვემდებარებული საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციების სახსრებით, ხოლო ამ სახსრების უკმარისობის შემთხვევაში – შესაბამის საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა სახსრებით. საუწყებო საბინაო ფონდის კაპიტალური რემონტი ხორციელდება შესაბამის საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა იმ სახსრებით, რომლებიც ამ მიზნებისათვის არის განკუთვნილი.
მუხლი 169. საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლების ექსპლუატაციისა და რემონტის ხარჯების დაფინანსება
საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლების ექსპლუატაციისა და რემონტის ხარჯების დაფინანსება ხორციელდება ფონდმფლობელთა საკუთარი სახსრებით.
მუხლი 170. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლების ექსპლუატაციისა და რემონტის ხარჯების დაფინანსება
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლების ექსპლუატაციისა და რემონტის ხარჯების დაფინანსება ხორციელდება კოოპერატივების სახსრებით.
მუხლი 171. არასაცხოვრებელ ნაგებობებსა და საცხოვრებელ სახლებში არასაცხოვრებელი სადგომების ექსპლუატაციისა და რემონტის ხარჯების დაფინანსება
საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციათა ბალანსზე არსებული იმ ცალკეული არასაცხოვრებელი ნაგებობებისა და საცხოვრებელ სახლებში არასაცხოვრებელი სადგომების ექსპლუატაციისა და რემონტთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც განკუთვნილია სავაჭრო, საყოფაცხოვრებო და არასამრეწველო ხასიათის სხვა საჭიროებისათვის, აგრეთვე მათი ექსპლუატაციისა და რემონტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა გაითვალისწინება საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციათა სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვის დროს.
მუხლი 172. საბინაო ფონდის ექსპლუატაციისა და რემონტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდისა და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ფონდის ექსპლუატაციისა და რემონტისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსები მათი ხარჯვის ნორმების შესაბამისად გამოეყოფათ მოკავშირე რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, სსრ კავშირის სამინისტროებს, სახელმწიფო კომიტეტებსა და უწყებებს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით.
კარი V
პასუხისმგებლობა საბინაო კანონმდებლობის დარღვევისათვის
მუხლი 173. პასუხისმგებლობა საბინაო ფონდის არასათანადო გამოყენებისა და საბინაო კანონმდებლობის სხვა დარღვევებისათვის
პირებს, რომელთაც ბრალი მიუძღვით:
– საბინაო პირობებგასაუჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვაზე აყვანის წესის, ასეთ მოქალაქეთა აღრიცხვიდან მოხსნისა და მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესების დარღვევაში;
– საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ სადგომებში შესახლების დადგენილი ვადების დარღვევაში;
– საცხოვრებელი სადგომებით სარგებლობის წესების, საერთო სარგებლობის ადგილების, საკიბურების, ლიფტების, სადარბაზოების, სახლისპირა ტერიტორიების სანიტარიული მოვლა-პატრონობის წესების დარღვევაში;
– საცხოვრებელი სახლებისა და საცხოვრებელი სადგომების თვითნებურ გადაკეთებასა და გადაგეგმარებაში და მათს არადანიშნულებისამებრ გამოყენებაში;
– საცხოვრებელი სახლების, საცხოვრებელი სადგომებისა და საინჟინრო მოწყობილობის ექსპლუატაციის წესებს დარღვევასა და მათი უყაირათოდ მოვლა-პატრონობაში;
– საცხოვრებელი სახლების, საცხოვრებელი სადგომების, მათი მოწყობილობისა და კეთილმოწყობის ობიექტების გაფუჭებაში, –
ეკისრებათ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული თუ სხვა პასუხისმგებლობა სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად.
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს პასუხისმგებლობა საბინაო კანონმდებლობის სხვა დარღვევებისათვისაც.
მუხლი 174. საბინაო ფონდისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება
საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, აგრეთვე მოქალაქენი, რომლებიც ზიანს მიაყენებენ საცხოვრებელ სახლებს, საცხოვრებელ სადგომებს, საინჟინრო მოწყობილობას, კეთილმოწყობის ობიექტებს და მწვანე ნარგავებს სახლების მიმდებარე ნაკვეთებში, მოვალენი არიან აანაზღაურონ მიყენებული ზარალი.
თანამდებობის პირებსა და სხვა მუშაკებს, რომელთა ბრალითაც საწარმოებმა, დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა გაიღეს ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯები, ეკისრებათ მატერიალური პასუხისმგებლობა დადგენილი წესით.
კარი VI
საბინაო დავის გადაწყვეტა
მუხლი 175. საბინაო დავის გადაწყვეტის წესი
საბინაო დავის სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტენ სასამართლო, არბიტრაჟი, სამედიატორო და ამხანაგური სასამართლოები, აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილი სხვა ორგანოები.
კარი VII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 176. საზღვარგარეთ გაგზავნილ მოქალაქეთა უზრუნველყოფა საცხოვრებელი სადგომებით
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, მოქალაქეებს, რომლებიც სამუშაოდ იგზავნებიან საზღვარგარეთ, ადგილზე უზრუნველყოფენ საცხოვრებელი სადგომებით სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით.
მუხლი 177. საერთაშორისო ხელშეკრულებები
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, თუ სსრ კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საბჭოთა საბინაო კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.
ასეთივე წესი გამოიყენება საქართველოს სსრ საბინაო კანონმდებლობის მიმართ, თუ საქართველოს სსრ საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საქართველოს სსრ საბინაო კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები.