საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ კონვენცია
მიღების თარიღი 01.02.2025
ძალაში შესვლა 01.02.2025
გამომცემი ორგანო №
ნომერი №18-236
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016809 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ კონვენცია საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება „საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ კონვენცია
საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ კონვენცია
№
გვერდი
თარიღი
M1
ევროპის ეკონომიკური გაერთიანების (EEC) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ერთობლივი კომიტეტის 1989 წლის 3 მაისის №1/89 გადაწყვეტილება ‘ფორმალობების გამარტივების შესახებ’.
L 200
3
13.7.1989 წ.
M2
წერილების გაცვლის გზით შეთანხმება ევროპის გაერთიანებასა და ავსტრიის რესპუბლიკას, ფინეთის რესპუბლიკას, ისლანდიის რესპუბლიკას, ნორვეგიის სამეფოს, შვედეთის სამეფოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ 1987 წლის 20 მაისის კონვენციის ცვლილებასთან დაკავშირებით.
L 36
25
14.2.1996 წ.
M3
ევროპის ეკონომიკური გაერთიანების (EEC) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ერთობლივი კომიტეტის 1995 წლის 26 ოქტომბრის №2/95 გადაწყვეტილება საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ.
L 117
18
14.5.1996 წ.
M4
ევროპის ეკონომიკური გაერთიანების (EEC) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ერთობლივი კომიტეტის 2000 წლის 20 დეკემბრის №1/2000 გადაწყვეტილება საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ.
L 9
108
12.1.2001 წ.
M5
ევროპის ეკონომიკური გაერთიანების (EEC) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ერთობლივი კომიტეტის 2006 წლის 25 ოქტომბრის №1/2006 გადაწყვეტილება საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ.
L 357
1
15.12.2006 წ.
საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ კონვენცია
ევროპის ეკონომიკურმა თანამეგობრობამ (შემდგომში - თანამეგობრობა),
და ავსტრიის რესპუბლიკამ, ფინეთის რესპუბლიკამ, ისლანდიის რესპუბლიკამ, ნორვეგიის სამეფომ, შვედეთის სამეფომ და შვეიცარიის კონფედერაციამ
(შემდგომში - EFTA ქვეყნები)
ითვალისწინებენ რა თანამეგობრობასა და EFTA-ს თითოეულ ქვეყანას შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს;
ითვალისწინებენ რა 1984 წლის 9 აპრილს ლუქსემბურგში EFTA-ს ქვეყნებისა და თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მინისტრებისა და ევროპის თანამეგობრობის კომისიის მიერ მიღებულ ერთობლივ დეკლარაციას, განსაკუთრებით სასაზღვრო ფორმალობების გამარტივებასა და წარმოშობის წესებთან დაკავშირებით;
იმის გათვალისწინებით, რომ შიდა ბაზრის გაძლიერების მიზნით განხორციელებული ქმედების ფარგლებში, თანამეგობრობამ მიიღო გადაწყვეტილება ერთიანი ადმინისტრაციული დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით ამგვარ ვაჭრობაში გამოყენების მიზნით 1988 წლის 1 იანვრიდან;
მიიჩნიეს რა თანამეგობრობასა და EFTA ქვეყნებს შორის, ასევე თავად EFTA-ს ქვეყნებს შიგნით საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივება მიზანშეწონილად, კერძოდ, ერთიანი ადმინისტრაციული დოკუმენტის შემუშავების გზით;
იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე კონვენციის არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს, როგორც ხელშემკვრელი მხარეების გათავისუფლება სხვა საერთაშორისო შეთანხმებები ნაკისრი ვალდებულებებისგან,
მიიღეს გადაწყვეტილება შემდეგი კონვენციის გაფორმებაზე:
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. წინამდებარე კონვენცია განსაზღვრავს ხელშემკვრელ მხარეებს შორის საქონლით ვაჭრობაში არსებული ფორმალობების გამარტივების ღონისძიებებს, კერძოდ, ერთიანი ადმინისტრაციული დოკუმენტის (შემდგომში - „ერთიანი დოკუმენტი“) შემუშავების გზით, რომელიც გამოიყენება, საქონლის სახეობისა და წარმოშობის მიუხედავად, ნებისმიერი იმპორტისა და ექსპორტის პროცედურასთან, ასევე ხელშემკვრელ მხარეებს შორის ვაჭრობისას მოქმედ საერთო ტრანზიტის პროცედურასთან (შემდგომში - „ტრანზიტის პროცედურა“) დაკავშირებით.
2. წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მიზნებისთვის, „მესამე ქვეყანა“ ნიშნავს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არ წარმოადგენს აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელ მხარეს.
3. 11ა მუხლის შესაბამისად, ახალი ხელშემკვრელი მხარის შეერთების ძალაში შესვლის დღიდან, წინამდებარე კონვენციაში ყველა მითითება EFTA-ს ქვეყნებზე გავრცელდება ამ ქვეყანაზეც, შესაბამისი ცვლილებებით, და მხოლოდ ამ კონვენციით გათვალისწინებული მიზნებისთვის.
მუხლი 2🔗
იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის ვაჭრობის საგანს წარმოადგენს საქონელი, ამგვარ ვაჭრობასთან დაკავშირებული ფორმალობები უნდა შესრულდეს დეკლარაციის ფორმის საფუძველზე შემუშავებული ერთიანი დოკუმენტის გამოყენებით, რომლის ნიმუშებიც წარმოდგენილია ამ კონვენციის I დანართში. ერთიანი დოკუმენტი, შესაბამისი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოადგენს ექსპორტის, ტრანზიტის ან იმპორტისთვის განკუთვნილ დეკლარაციას ან დოკუმენტს.
მუხლი 3🔗
ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ადმინისტრაციული დოკუმენტების წარდგენა ერთიან დოკუმენტთან ერთად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ეს აუცილებელია ხელშემკვრელი მხარის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის სისრულეში მოსაყვანად, რა შემთხვევაშიც მხოლოდ ერთიანი დოკუმენტის გამოყენება არაა საკმარისი;
ეს მოითხოვება იმ საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, რომლის მხარესაც ის წარმოადგენს;
ეს მოითხოვება ოპერატორებისგან, რათა მათ უფლება მიეცეთ, მათი მოთხოვნილი უპირატესობით ან კონკრეტული საშუალებით სარგებლობის შესაძლებლობა.
მუხლი 4🔗
1. წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დებულებები ხელს არ უშლის ხელშემკვრელ მხარეებს გამარტივებული პროცედურებით სარგებლობაში, მიუხედავად იმისა, ეფუძნება თუ არა კომპიუტერების გამოყენებას, ოპერატორებისთვის საქმიანობის უფრო მეტად გამარტივების მიზნით.
2. კერძოდ, გამარტივებული პროცედურები შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ ოპერატორებს არ დაევალოთ საბაჟო ორგანოში შესაბამისი საქონლის ან მასთან დაკავშირებული დეკლარაციის წარდგენა, ან მიეცეთ გამარტივებული დეკლარაციის შედგენის უფლება. ასეთ შემთხვევებში, დეკლარაცია, რომელიც, კომპეტენტური ორგანოებთან შეთანხმებით, შეიძლება იყოს ზოგადი პერიოდული დეკლარაცია, შემდგომში უნდა იქნას წარდგენილი აღნიშნული ორგანოების მიერ დადგენილ ვადებში.
პირველ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში, ოპერატორებს შეიძლება მიენიჭოთ უფლება, რომ გამოიყენონ კომერციული დოკუმენტები ერთიანი დოკუმენტის ნაცვლად.
ერთიანი დოკუმენტის გამოყენების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, კომპეტენტური ორგანოების ნებართვით, თან დაურთონ მას კომერციული ცხრილები, რომელშიც აღწერილი იქნება საქონელი, ერთიანი დოკუმენტის დამატებითი ფურცლების ნაცვლად, ექსპორტისა და იმპორტის ნებისმიერ პროცედურასთან დაკავშირებული ფორმალობების შესრულების მიზნით.
3. წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული არცერთი დებულება არ უშლის ხელს ხელშემკვრელ მხარეებს:
უარი თქვან საფოსტო გზავნილეთან დაკავშირებით ერთიან დოკუმენტზე (წერილის ან ამანათის გზავნილით);
უარი თქვან წერილობითი დეკლარაციების მოთხოვნაზე;
გააფორმონ ერთმანეთთან ხელშეკრულებები ან შეთანხმებები, მათ შორის, არსებულ ვაჭრობაში, სრულად ან ნაწილობრივ, არსებული ფორმალობების გამარტივების მიზნით;
ტრანზიტის ფორმალობების სისრულეში მოსაყვანად, დაუშვან ჩატვირთვის ნუსხების გამოყენება რამდენიმე სახის საქონლისგან შედგენილი ტვირთის შემთხვევაში, ერთიანი დოკუმენტის დამატებითი ფურცლების ნაცვლად;
დაუშვან დეკლარაციების შედგენა, საჭიროების შემთხვევაში, უბრალო ქაღალდზე, საჯარო ან კერძო კომპიუტერების საშუალებით, კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილი პირობებით;
მისცენ კომპეტენტურ ორგანოებს უფლება, რომ მოითხოვონ შესაბამისი ფორმალობების შესასრულებლად საჭირო მონაცემების შეყვანა მათ დეკლარაციის დამუშავების კომპიუტერიზებულ სისტემებში, საჭიროების შემთხვევაში, წერილობითი დეკლარაციის მოთხოვნის გარეშე;
დეკლარაციის დამუშავების კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენების შემთხვევაში, მისცენ შესაძლებლობა კომპეტენტურ ორგანოებს, რომ შეიმუშაონ ექსპორტის, ტრანზიტის ან იმპორტის დეკლარაცია აღნიშნული სისტემის მიერ შემუშავებული ერთიანი დოკუმენტით ან კომპიუტერში მონაცემების შეყვანით იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დოკუმენტი არ იქნება შემუშავებული;
გამოიყენონ მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებით მიღებული ნებისმიერი მექანიზმი.
ფორმალობები
მუხლი 5🔗
1. საქონლის ექსპორტის, ტრანზიტისა და იმპორტისთვის საჭირო ფორმალობების ერთიანი დოკუმენტის მეშვეობით განხორციელების შესახებ დებულებები გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციის II დანართში.
2. I დანართში წარმოდგენილ ფორმებში გამოსაყენებელი ერთიანი კოდები გათვალისწინებულია მოცემული კონვენციის III დანართში.
მუხლი 6🔗
1. დეკლარაცია ივსება ხელშემკვრელი მხარეების ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე, რომელიც მისაღები იქნება იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისთვის, სადაც სრულდება ექსპორტის ან ტრანზიტის ფორმალობა. აუცილებლობის შემთხვევაში, დანიშნულების ან ტრანზიტის ქვეყნის საბაჟო ორგანოს შეუძლია მოსთხოვოს დეკლარანტს ან შესაბამის ქვეყანაში მის წარმომადგენელს აღნიშნული დეკლარაციის თარგმნა ამ ქვეყნის ოფიციალურ ენაზე ან ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე.
2. პირველ პუნქტში მითითებული პირობების მიუხედავად, დეკლარაცია ივსება იმპორტიორი ქვეყნის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაცია აღნიშნულ ქვეყანაში შედგენილია ექსპორტის ან გამგზავნი ქვეყნის საბაჟო ორგანოებში წარდგენილი დეკლარაციისგან განსხვავებულ დეკლარაციის ეგზემპლარებზე.
მუხლი 7🔗
1. დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს შეუძლია, ხელშემკვრელ მხარეებს შორის საქონლით ვაჭრობის ოპერაციების ყოველ ეტაპზე, გამოიყენოს დეკლარაციის ის ეგზემპლარები, რომლებიც აუცილებელია მხოლოდ ამ ეტაპთან დაკავშირებული ფორმალობების სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც შეიძლება დაერთოს, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ ოპერაციის ამა თუ იმ მომდევნო ეტაპებთან დაკავშირებული ფორმალობების შესასრულებლად აუცილებელი ეგზემპლარები.
2. პირველ პუნქტის დებულებების გამოყენება არ ექვემდებარება კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილი რაიმე განსაკუთრებული პირობების შესრულებას.
თუმცა, ტვირთის ნაკრების გადაადგილებასთან დაკავშირებული კონკრეტული დებულებების გათვალისწინებით, კომპეტენტურმა ორგანოებმა შეიძლება დაადგინონ, რომ ექსპორტისა და ტრანზიტის ოპერაციებთან დაკავშირებული ფორმალობა უნდა შესრულდეს იმავე ფორმით, აღნიშნული ფორმალობების შესაბამისი ეგზემპლარების საშუალებით.
მუხლი 8🔗
მე-7 მუხლში მითითებულ შემთხვევებში, კომპეტენტური ორგანოები შეძლებისდაგვარად უნდა დარწმუნდნენ, რომ აღნიშნული ოპერაციის სხვადასხვა ეტაპების დროს შედგენილი დეკლარაციის ეგზემპლარებით გათვალისწინებულ მონაცემები ერთმანეთს შეესაბამება.
ადმინისტრაციული დახმარება
მუხლი 9🔗
1. ხელშემკვრელ მხარეებს შორის შეუფერხებელი ვაჭრობის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი გადახვევის ან დარღვევის ფაქტის გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით, დაინტერესებული ქვეყნების საბაჟო ორგანოები, მოთხოვნისამებრ ან საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს შედის მეორე ხელშემკვრელი მხარის ინტერესებში, საკუთარი ინიციატივით, ერთმანეთს მიაწვდიან ყველა არსებულ ინფორმაციას (მათ შორის, ადმინისტრაციულ ანგარიშებსა და დასკვნებს), რომლებიც იქნება მიზანშეწონილი წინამდებარე კონვენციის ჯეროვნად განხორციელებისთვის.
2. დახმარება შეიძლება შეჩერდეს ან იქნას უარყოფილი, სრულად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები ქვეყანა ჩათვლის, რომ დახმარება უარყოფითად აისახება მის უსაფრთხოებაზე, საჯარო პოლიტიკაზე (საზოგადოებრივ წესრიგზე) ან სხვა არსებითი მნიშვნელობის ინტერესებზე ან არღვევს სამრეწველო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას.
3. დახმარების შეჩერების ან უარყოფის შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილება და მისი მიზეზები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მომთხოვნ ქვეყანას.
4. თუ ამა თუ იმ ქვეყნის საბაჟო ორგანო მოითხოვს ისეთ დახმარებას, რომელსაც თავად ვერ უზრუნველყოფს მოთხოვნის შემთხვევაში, მან უნდა მიუთითოს მოთხოვნაში ამის შესახებ. ასეთი მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ საბაჟო ორგანოს შეხედულებისამებრ, რომელსაც წარედგინება მოთხოვნა.
5. პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია გამოიყენება, მხოლოდ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მიზნებისათვის და მიმღები ქვეყნის მიერ მინიჭებული იქნება იგივე დონის დაცვა, რომელიც გათვალისწინებულია მსგავსი ხასიათის ინფორმაციაზე ამ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთი ინფორმაცია გამოყენება შესაძლებელია სხვა მიზნებისთვის მხოლოდ მათი წარმდგენი საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით და ამ ორგანოს მიერ დადგენილი ნებისმიერი შეზღუდვის გათვალისწინებით.
ერთობლივი კომიტეტი
მუხლი 10🔗
1. წინამდებარე დოკუმენტის თანახმად, უნდა ჩამოყალიბდეს ერთობლივი კომიტეტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მოცემული კონვენციის თითოეული ხელშემკვრელი მხარე.
2. ერთობლივი კომიტეტი მოქმედებს ურთიერთშეთანხმებით.
3. ერთობლივი კომიტეტი იკრიბება საჭიროების შემთხვევაში, თუმცა მინიმუმ წელიწადში ერთხელ. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს სხდომის ჩატარება.
4. ერთობლივი კომიტეტი მიიღებს საკუთარ პროცედურულ წესებს, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს შესაბამის დებულებებს სხდომების მოწვევის, თავმჯდომარის დანიშვნისა და მისი უფლებამოსილების ვადის შესახებ.
5. ერთობლივმა კომიტეტმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერი ქვეკომიტეტის ან სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც დაეხმარება მას ნაკისრი მოვალეობების შესრულებაში.
მუხლი 11🔗
1. ერთობლივი კომიტეტის პასუხისმგებლობაში შედის წინამდებარე კონვენციის ადმინისტრირება და მისი ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა. ამ მიზნით, აღნიშნული კომიტეტი რეგულარულად უნდა იყოს ინფორმირებული ხელშემკვრელი მხარეების მიერ კონვენციის გამოყენების შედეგად მიღებული გამოცდილების შესახებ, წარადგინოს რეკომენდაციები და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.
2. კერძოდ, ერთობლივმა კომიტეტმა რეკომენდაცია უნდა გაუწიოს:
ა) წინამდებარე კონვენციის ცვლილებებს;
ბ) მისი გამოყენებისთვის საჭირო ნებისმიერ სხვა ღონისძიებას.
3. ერთობლივი კომიტეტი, თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიტანს ცვლილებებს წინამდებარე კონვენციის დანართებში, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო აბზაცში მითითებულ შემთხვევებში და პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მესამე ქვეყნების მოწვევაში, რათა მიუერთდნენ წინამდებარე კონვენციას 11ა მუხლის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილებები, გარდა მესამე ქვეყნების მოწვევისა, ამოქმედდება ხელშემკვრელი მხარეების მიერ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარის წარმომადგენელი ერთობლივ კომიტეტში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ექვემდებარება კონსტიტუციური მოთხოვნების შესრულებას, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა, თუ მასში არ იქნება მითითებული თარიღი, დათქმის გაუქმების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან მეორე თვის პირველ დღეს.
5. მე-3 პუნქტში მითითებული ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებები მესამე ქვეყნის მოწვევის შესახებ ამ კონვენციასთან შეერთების მიზნით, გადაეგზავნება ევროპის გაერთიანების საბჭოს გენერალურ სამდივნოს, რომელიც აცნობებს მას შესაბამის მესამე ქვეყანას აღნიშნული თარიღის მდგომარეობით მოქმედი კონვენციის ტექსტთან ერთად.
6. მე-5 პუნქტში მითითებული თარიღიდან მესამე ქვეყანა შეიძლება წარმოდგენილი იქნას ერთობლივ კომიტეტში, ქვეკომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში დამკვირვებლების სახით.
მესამე ქვეყნების შეერთება
მუხლი 11🔗ა
1. ნებისმიერი მესამე ქვეყანა შეიძლება გახდეს ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარე იმ შემთხვევაში, თუ მას მოიწვევს კონვენციის დეპოზიტარი ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. ამ კონვენციის ხელშემკვრელ მხარედ მოწვეული მესამე ქვეყანა მიუერთდება კონვენციას კონვენციასთან შეერთების შესახებ დოკუმენტის წარდგენის გზით ევროპის გაერთიანების საბჭოს გენერალურ სამდივნოში. აღნიშნულ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს კონვენციის თარგმანი შეერთებული ქვეყნის ოფიციალურ ენაზე (ენებზე).
3. კონვენციასთან შეერთება კანონიერ ძალაში შედის შეერთების შესახებ დოკუმენტის წარდგენიდან მეორე თვის პირველ დღეს.
4. დეპოზიტარი აცნობებს ყველა ხელშემკვრელ მხარეს შეერთების შესახებ დოკუმენტის წარდგენის თარიღს და შეერთების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღს.
5. მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ერთობლივი კომიტეტის რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებაც მოხდება მოცემული მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თარიღსა და შეერთების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღს შორის, ასევე ეცნობება მოწვეულ მესამე ქვეყანას ევროპის გაერთიანების საბჭოს გენერალური სამდივნოს მეშვეობით.
აღნიშნული აქტების მიღების დეკლარაცია გათვალისწინებული უნდა იქნას შეერთების შესახებ ინსტრუქციაში ან ცალკე დოკუმენტში, რომელიც წარედგინებბა ევროპის გაერთიანების საბჭოს გენერალურ სამდივნოს შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის წარდგენა არ მოხდება ამ ვადაში, მიიერთება ბათილად ჩაითვლება.
ზოგადი და საბოლოო დებულებები
მუხლი 12🔗
თითოეული ხელშემკვრელი მხარე მიიღებს შესაბამის ზომებს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დებულებების ეფექტიანად და ჰარმონიულად გამოყენების უზრუნველსაყოფად, ვაჭრობაზე დაწესებული ფორმალობების რაოდენობის შეძლებისდაგვარად შემცირებისა და აღნიშნული დებულებების მოქმედებისას წარმოშობილი ნებისმიერი სირთულის ურთიერთდამაკმაყოფილებლად გადაჭრის აუცილებლობის გათვალისწინებით.
მუხლი 13🔗
ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ იმ დებულებებს, რომლებსაც ისინი მიიღებენ ამ კონვენციის განსახორციელებლად.
მუხლი 14🔗
წინამდებარე კონვენციის დანართები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 15🔗
1. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება, ერთის მხრივ, იმ ტერიტორიებზე, რომლებშიც მოქმედებს ევროპის ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და, მეორე მხრივ, EFTA-ს ქვეყნების ტერიტორიებზე.
2. ეს კონვენცია ასევე ვრცელდება ლიხტენშტეინის სამთავროს მიმართ მანამ, სანამ აღნიშნული სამთავრო რჩება შვეიცარიის კონფედერაციასთან საბაჟო კავშირის შეთანხმებით.
მუხლი 16🔗
ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დატოვოს წინამდებარე კონვენცია იმ პირობით, რომ იგი წერილობით აცნობებს მე-17 მუხლში მითითებულ დეპოზიტარს აღნიშნულის თაობაზე, რომელიც, თავის მხრივ, შეატყობინებს აღნიშნულს ყველა სხვა ხელშემკვრელ მხარეს.
მუხლი 17🔗
1. წინამდებარე კონვენცია კანონიერ ძალაში შედის 1988 წლის 1 იანვარს, იმ პირობით, რომ 1987 წლის 1 ნოემბრამდე ხელშემკვრელი მხარეები მოახდენენ მის დეპონირებას ევროპის გაერთიანების საბჭოს გენერალურ სამდივნოში, რომელიც მოქმედებს დეპოზიტარის უფლებამოსილებით.
2. თუ მოცემული კონვენცია არ შევა კანონიერ ძალაში 1988 წლის 1 იანვარს, ის ამოქმედდება მიღების ბოლო აქტის დეპონირებიდან მეორე თვის პირველ დღეს.
3. დეპოზიტარი აცნობებს ხელშემკვრელ მხარეებს თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიღების დოკუმენტის დეპონირების თარიღსა და კონვენციის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღს.
მუხლი 18🔗
ეს კონვენცია, რომელიც შედგენილია დანიურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ფინურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, ისლანდიურ, იტალიურ, ნორვეგიულ, პორტუგალიურ, ესპანურ და შვედურ ენებზე ერთ ორიგინალ ეგზემპლარად და ყველა ენაზე შედგენილი ტექსტი თანაბრად ავთენტურია, ინახება ევროპის გაერთიანების საბჭოს გენერალური სამდივნოს არქივში, რომელიც გადასცემს მის ერთ დამოწმებულ ეგზემპლარს თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს.