მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/24144-24
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქმე №330210324010087059

N2/24144-24

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2025 წლის  22 იანვარი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ზვიად ესებუა

განმცხადებელი – მოვალე – სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტი“

წარმომადგენელი – თამარ მუმლაძე

მოთხოვნა – გადახდისუუნარობა/გაკოტრება;

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტი“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და  გამოარკვია:

2024 წლის 26 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ, რომელმაც მოითხოვა სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტი“ არ ახორციელებს საქმიანობას, არ ფუნქციონირებს და დასაქმებული არ ჰყავს. განმცხადებელს საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალება არ ერიცხება. ასევე, კომპანია არ ფლობს წილს. სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტს“ უზრუნველყოფილი კრედიტორული, სამომავლო, პირობითი, მიმდინარე რეგულირებული ვალდებულებები, ასევე დებიტორული მოთხოვნები არ ერიცხება, ხოლო არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახური, მის მიმართ კომპანიას ერიცხება დავალიანება 108.71 ლარის ოდენობით. სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტს“ არ გააჩნია მიმდინარე ხელშეკრულებები, ამასთან კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის და სააღსრულებო საქმისწარმოება. სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობით, სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტს“ მოქმედი საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში“, თუმცა აღნიშნულ ანგარიშზე თანხა განმცხადებელს არ ერიცხება. სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტი“ გადახდისუუნაროა, რადგან ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, კომპანიას აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი, სახეზეა რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოება, შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს გაკოტრების რეჟიმის გახსნას.

სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებელ სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა; აღნიშნული განჩინებით განმცხადებელს განემარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი სააქციო საზოგადოების წესდების მე-6 მუხლი განსაზღვრავს აქციონერთა საერთო კრების კომპეტენციას, მათ შორის მოცემულია საზოგადოების საქმიანობის შეცვლა, ლიკვიდაცია და სხვა მსგავსი საკითხები. ამავე წესდების 6.8 მუხლის თანახმად აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის შესაბამისი აქციების მფლობელთა 51%-ზე მეტი. შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების გზით, აღნიშნული განცხადების სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა წარმოადგინოს აქციონერთა კრების თანხმობა, რათა სასამართლომ იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობის საკითხზე.

ზემოაღნიშნული განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) გამოქვეყნდა 2024 წლის 4 ოქტომბერს (18:58 სთ).

2024 წლის 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კერძო საჩივრით მომართა სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ და მოითხოვა სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმება შემდეგი გარემოებების გამო: საწარმოს წესდებით კრების მიერ მისაღებ გადაწყვეტილების ჩამონათვალში გაკოტრება არ არის მითითებული და არც იგულისხმება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროცესი ერთი სამართლებრივი შედეგით სრულდება, მათ შორის არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი არსებითი განსხვავება. ამასთან, წესდების 6.9 მუხლის თანახმად, ყველა სხვა საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ წესდება დამტკიცებულ იქნა ქ. გურჯაანის სასამართლოს 1996 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით. ამ პერიოდში უკვე მოქმედებდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი (მიღებულია 1994 წლის 28 ოქტომბერს, ძალადაკარგულია – 2022 წლის 1 იანვარს) და „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი (მიღებულია – 1996 წლის 25 იანვარს, ძალადაკარგულია – 2007 წლის 15 აგვისტოს). შესაბამისად, ეს ორივე პროცესი უკვე რეგულირებული იყო სხვადასხვა ნორმატიული აქტით, საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ წესდების 6.7 მუხლში არსებული ჩანაწერი სრულად გამორიცხავს ტერმინთა აღრევას. რაც შეეხება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონს, მე-7 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს გადახდისუუნარობის ცნებას და გადახდისუუნარობის პრეზუმციას. ამასთან, აღნიშნული კანონი სპეციალური კანონია, რომელსაც გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა როგორც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე საზოგადოების წესდებასთან. შესაბამისად, რომც ვივარაუდოთ, რომ სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ წესდების 6.7 მუხლში არსებული ჩანაწერი საერთო კრების მიერ გაკოტრების თაობაზე მისაღებ გადაწყვეტილებასაც გულისხმობს, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მისი პარტნიორების თანხმობა უნდა წარადგინოს მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში (კანცელარიის რეგისტრაციის №10188041).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ (ს/ნ 227716184) კერძო საჩივარი და გაუქმდა სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ; განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა კრედიტორების მოთხოვნებისა და საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში გამოქვეყნდა 2024 წლის 17 ოქტომბერს (11:40 წთ-ზე), ხოლო საკანონმდებლო მაცნეში განჩინება გამოქვეყნდა 2024 წლის 3 დეკემბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან, ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არც ერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

 

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ (ს/ნ 227716184) უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და, შესაბამისად, გაუქმდეს სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ (ს/ნ 227716184) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ მე-9, მე-19, 48-ე მუხლებით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ (ს/ნ 227716184) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს სს „გურჯაანის ნავთობპროდუქტის“ (ს/ნ 227716184) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 მოსამართლე                                                       ზვიად ესებუა