გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტია და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდება

მიღების თარიღი 26.06.1945
ძალაში შესვლა 31.07.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №I.1.
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016814 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 21/02/2025
10,081 სიტყვა · ~50 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.1945 მიღება
31.07.1992 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ 1907 წლის კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 18.10.1907 რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 16.04.1999 „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 90% 02.11.2017 შეტყობინებების პროცედურების თაობაზე ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 19.12.2011 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 22.06.2021

დოკუმენტის ტექსტი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტია და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტია და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტია ჩვენ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხებმა, გადავწყვიტეთ, მომავალ თაობებს თავიდან ავაცილოთ უბედურებანი ომისა, რომელმაც ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში ორჯერ მოუტანა კაცობრიობას ენით გამოუთქმელი მწუხარება, და კვლავ დავამკვიდროთ ადამიანის ძირითადი უფლებების, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ფასეულობის, მამაკაცთა და ქალთა და დიდი და პატარა ერების თანასწორუფლებიანობის რწმენა, და შევქმნათ პირობები, რომლებშიც შესაძლებელი იქნება სამართლიანობისა და ხელშეკრულებებიდან და საერთაშორისო სამართლის სხვა წყაროებიდან გამომდინარე ვალდებულებების პატივისცემის შენარჩუნება, და ხელი შევუწყოთ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთეს პირობებს უფრო მეტი თავისუფლების პირობებში, და ამ მიზნით, გამოვიჩინოთ შემწყნარებლობა და ვიცხოვროთ ერთად, ერთმანეთთან მშვიდობიანად, როგორც კარგმა მეზობლებმა, და გავაერთიანოთ ჩვენი ძალები საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, და პრინციპების მიღებითა და მეთოდების დადგენით უზრუნველვყოთ, რომ არ იქნეს გამოყენებული შეიარაღებული ძალა, გარდა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე შემთხვევისა, და გამოვიყენოთ საერთაშორისო მექანიზმები ყველა ხალხის ეკონომიკური და სოციალური წინსვლის ხელშესაწყობად, და გადავწყვიტეთ, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიზნების მისაღწევად. ამგვარად, ჩვენი შესაბამისი მთავრობები, ქალაქ სან-ფრანცისკოში შეკრებილნი წარმომადგენლების მეშვეობით, რომელთა მიერ წარმოდგენილი უფლებამოსილებები სათანადო და სწორი ფორმითაა მომზადებული, შეთანხმდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინამდებარე ქარტიაზე და ამით აფუძნებენ საერთაშორისო ორგანიზაციას სახელწოდებით – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. თავი I მიზნები და პრინციპები მუხლი 1🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებია: 1. საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და ამ მიზნით ეფექტიანი კოლექტიური ზომების მიღება მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და აღმოსაფხვრელად; აგრესიის აქტების ან მშვიდობის სხვა დარღვევების აღსაკვეთად და სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, საერთაშორისო დავების ან მშვიდობის შესაძლო დამრღვევი სიტუაციების მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარება ან გადაწყვეტა; 2. ერებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარება ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პატივისცემის საფუძველზე, და სხვა შესაბამისი ზომების მიღება საყოველთაო მშვიდობის განსამტკიცებლად; 3. საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან ჰუმანიტარული ხასიათის საერთაშორისო პრობლემების გადასაწყვეტად და ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის ხელშესაწყობად და წასახალისებლად ყველასთვის, რასის, სქესის, ენის ან რელიგიის განურჩევლად, და 4. იყოს ერების მოქმედებათა ჰარმონიზაციის ცენტრი ამ საერთო მიზნების მისაღწევად. მუხლი 2🔗 ორგანიზაციამ და მისმა წევრებმა, პირველ მუხლში მითითებული მიზნების მისაღწევად, უნდა იმოქმედონ შემდეგი პრინციპების შესაბამისად: 1. ორგანიზაცია ეფუძნება მისი ყველა წევრის სუვერენული თანასწორობის პრინციპს. 2. ყველა წევრმა კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს წინამდებარე ქარტიის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები, რათა ყველა მათგანისთვის უზრუნველყოს წევრობიდან გამომდინარე უფლებები და უპირატესობები. 3. ყველა წევრმა თავისი საერთაშორისო დავები უნდა მოაგვაროს მშვიდობიანი საშუალებებით იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და სამართლიანობას. 4. ყველა წევრმა, თავის საერთაშორისო ურთიერთობებში, თავი უნდა შეიკავოს ძალის მუქარისგან ან გამოყენებისგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან გაერთიანებული ერების მიზნებთან შეუსაბამო ნებისმიერი სხვა ფორმით. 5. ყველა წევრმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უნდა აღმოუჩინოს ნებისმიერი დახმარება ორგანიზაციის მიერ წინამდებარე ქარტიის შესაბამისად განხორციელებულ ნებისმიერ მოქმედებაში და თავი შეიკავოს დახმარების აღმოჩენისგან ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომლის მიმართაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ახორციელებს პრევენციულ ან იძულებით ღონისძიებას. 6. ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები, იმოქმედებენ ამ პრინციპების შესაბამისად იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელი შეიძლება იყოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. 7. წინამდებარე ქარტიაში არაფერი ანიჭებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უფლებას, ჩაერიოს საქმეებში, რომლებიც არსებითად რომელიმე სახელმწიფოს შიდა იურისდიქციაშია, ან წევრებისგან მოითხოვოს ასეთი საქმეების წარდგენა ქარტიით გათვალისწინებული მოგვარებისთვის, თუმცა ამ პრინციპმა ზიანი არ უნდა მიაყენოს იძულებითი ზომების გამოყენებას VII თავის მიხედვით. თავი II წევრობა მუხლი 3🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავდაპირველი წევრები არიან სახელმწიფოები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სან-ფრანცისკოში გამართულ გაერთიანებული ერების კონფერენციაში საერთაშორისო ორგანიზაცის შესახებ, ან რომლებსაც მანამდე ხელმოწერილი ჰქონდათ 1942 წლის 1 იანვრის „გაერთიანებული ერების დეკლარაცია“ და ხელს აწერენ წინამდებარე ქარტიას და ახდენენ მის რატიფიცირებას 110-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 4🔗 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრობა ღიაა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთვის, რომლებიც კისრულობენ წინამდებარე ქარტიით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, და, ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შეუძლიათ და სურთ ამ ვალდებულებების შესრულება. 2. ნებისმიერი ასეთი სახელმწიფო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრად მიიღება გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე. მუხლი 5🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრს, რომლის მიმართაც უშიშროების საბჭომ განახორციელა პრევენციული ან იძულებითი ღონისძიება, გენერალური ასამბლეის მიერ, უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, შეიძლება შეუჩერდეს წევრობიდან გამომდინარე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობა. ასეთი უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობა შეიძლება აღდგეს უშიშროების საბჭოს მიერ. მუხლი 6🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი, რომელიც სისტემატურად არღვევს წინამდებარე ქარტიით გათვალისწინებულ პრინციპებს, შეიძლება გაირიცხოს ორგანიზაციიდან გენერალური ასამბლეის მიერ, უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე. თავი III ორგანოები მუხლი 7🔗 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითად ორგანოებად ფუძნდება: გენერალური ასამბლეა, უშიშროების საბჭო, ეკონომიკური და სოციალური საბჭო, სამეურვეო საბჭო, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო და სამდივნო. 2. ისეთი დამხმარე ორგანოები, რომელიც საჭიროდ ჩაითვლება, შეიძლება დაფუძნდეს წინამდებარე ქარტიის შესაბამისად. მუხლი 8🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ არ უნდა დააწესოს შეზღუდვები მის ძირითად და დამხმარე ორგანოებში მამაკაცთა და ქალთა ნებისმიერი ფორმითა და თანასწორობის პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობის მიმართ. თავი IV გენერალური ასამბლეა შემადგენლობა მუხლი 9🔗 1. გენერალური ასამბლეა შედგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრისგან. 2. თითოეულ წევრს გენერალურ ასამბლეაში უნდა ჰყავდეს არაუმეტეს ხუთი წარმომადგენელი. ფუნქციები და უფლებამოსილებები მუხლი 10🔗 გენერალურ ასამბლეას შეუძლია, განიხილოს ნებისმიერი საკითხი ან ნებისმიერი საქმე წინამდებარე ქარტიის ფარგლებში, ან რომელიც უკავშირდება წინამდებარე ქარტიით გათვალისწინებული რომელიმე ორგანოს უფლებამოსილებასა და ფუნქციებს და, მე-12 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, ნებისმიერ ასეთ საკითხთან და საქმესთან დაკავშირებით გასცეს რეკომენდაციები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების ან უშიშროების საბჭოს, ან ორივეს მიმართ. მუხლი 11🔗 1. გენერალურ ასამბლეას შეუძლია, განიხილოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით თანამშრომლობის ზოგადი პრინციპები, მათ შორის, განიარაღებისა და შეიარაღების რეგულირების მომწესრიგებელი პრინციპები, და შეუძლია, ამ პრინციპებთან დაკავშირებით გასცეს რეკომენდაციები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების, ან უშიშროების საბჭოს, ან ორივეს მიმართ. 2. გენერალურ ასამბლეას შეუძლია, განიხილოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, რომელიც მის წინაშე წარდგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერი წევრის ან უშიშროების საბჭოს ან 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იმ სახელმწიფოს მიერ, რომელიც არ არის ორგანიზაციის წევრი და, მე-12 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, ნებისმიერ ასეთ საკითხთან დაკავშირებით გასცეს რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფოს ან სახელმწიფოების, ან უშიშროების საბჭოს ან ორივეს მიმართ. ნებისმიერი ისეთი საკითხი, რომლის მიმართაც საჭიროა მოქმედების განხორციელება, მის განხილვამდე ან განხილვის შემდეგ გენერალურმა ასამბლეამ უნდა გადასცეს უშიშროების საბჭოს. 3. გენერალურ ასამბლეას შეუძლია უშიშროების საბჭოს ყურადღება მიაქცევინოს ისეთ სიტუაციებზე, რომლებმაც, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. 4. გენერალური ასამბლეის წინამდებარე მუხლში გათვალისწინებულმა უფლებამოსილებებმა არ უნდა შეზღუდოს მე-10 მუხლის ზოგადი ფარგლები. მუხლი 12🔗 1. როდესაც უშიშროების საბჭო ასრულებს მისთვის წინამდებარე ქარტიით დაკისრებულ ფუნქციებს რაიმე დავასთან ან სიტუაციასთან დაკავშირებით, გენერალურმა ასამბლეამ არ უნდა მიიღოს რაიმე რეკომენდაცია ამ დავასთან ან სიტუაციასთან დაკავშირებით, თუ ამას არ მოითხოვს უშიშროების საბჭო. 2. გენერალურმა მდივანმა, უშიშროების საბჭოს თანხმობით, გენერალურ ასამბლეას თითოეულ სესიაზე უნდა შეატყობინოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასთან დაკავშირებული ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც განიხილება უშიშროების საბჭოს მიერ, და, ანალოგიურად, როგორც კი უშიშროების საბჭო შეწყვეტს ასეთი საკითხების განხილვას, დაუყოვნებლივ ატყობინებს გენერალურ ასამბლეას ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებს, თუ გენერალური ასამბლეის სხდომები არ მიმდინარეობს. მუხლი 13🔗 1. გენერალურმა ასამბლეამ უნდა მოახდინოს კვლევების ინიცირება და შეიმუშაოს რეკომენდაციები შემდეგი მიზნებით: საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა პოლიტიკურ სფეროში და საერთაშორისო სამართლის პროგრესული განვითარებისა და მისი კოდიფიკაციის წახალისება; საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, განათლების, ჯანდაცვის სფეროებში და დახმარების აღმოჩენა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განხორციელებაში ყველასთვის, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის განურჩევლად. 2. პირველი პუნქტის „b“ ქვეპუნქტში ზემოაღნიშნული საკითხების მიმართ გენერალური ასამბლეის დამატებითი პასუხისმგებლობები, ფუნქციები და უფლებამოსილებები განსაზღვრულია IX და X თავებში. მუხლი 14🔗 მე-12 მუხლის დებულებათა დაცვით, გენერალურ ასამბლეას შეუძლია, შეიმუშაოს რეკომენდაცია მშვიდობიანი მოგვარების ზომების თაობაზე ნებისმიერ სიტუაციასთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი წარმოშობისა, რომელსაც ასამბლეა მიიჩნევს, რომ შეიძლება დააზიანოს საერთო კეთილდღეობა ან ერებს შორის მეგობრული ურთიერთობები ისეთი სიტუაციების ჩათვლით, რომლებიც წარმოიქმნება წინამდებარე ქარტიის იმ დებულებათა დარღვევის შედეგად, რომლებშიც განსაზღვრულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნები და პრინციპები. მუხლი 15🔗 1. გენერალურმა ასამბლეამ უნდა მიიღოს და განიხილოს უშიშროების საბჭოს ყოველწლიური და სპეციალური ანგარიშები. ეს ანგარიშები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიიღო უშიშროების საბჭომ ან რომლებთან დაკავშირებითაც მან მიიღო გადაწყვეტილება. 2. გენერალურმა ასამბლეამ უნდა მიიღოს და განიხილოს ანგარიშები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოებისგან. მუხლი 16🔗 გენერალურმა ასამბლეამ მეურვეობის საერთაშორისო სისტემის მიმართ უნდა შეასრულოს XII და XIII თავების მიხედვით დაკისრებული ფუნქციები, მათ შორის, სამეურვეო შეთანხმებების დამტკიცება არეალებისთვის, რომლებიც არ არის მიჩნეული სტრატეგიულად. მუხლი 17🔗 1. გენერალურმა ასამბლეამ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს ორგანიზაციის ბიუჯეტი. 2. ორგანიზაციის ხარჯები უნდა დაფარონ მისმა წევრებმა, გენერალური ასამბლეის მიერ დადგენილი განაწილების მიხედვით. 3. გენერალურმა ასამბლეამ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს ნებისმიერი საფინანსო და საბიუჯეტო შეთანხმება 57-ე მუხლში ნახსენებ სპეციალიზებულ სააგენტოებთან და უნდა შეისწავლოს ასეთი სპეციალიზებული სააგენტოების ადმინისტრაციული ბიუჯეტები შესაბამისი სააგენტოებისთვის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. კენჭისყრა მუხლი 18🔗 1. გენერალური ასამბლეის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს ერთი ხმა. 2. გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან საკითხებზე მიღებული უნდა იქნეს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. ეს საკითხები უნდა მოიცავდეს: რეკომენდაციებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების თაობაზე, უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრების არჩევას, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრების არჩევას, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევას 86-ე მუხლის პირველი პუნქტის „c“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალი წევრის მიღებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, წევრების გარიცხვას, სამეურვეო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს და საბიუჯეტო საკითხებს. 3. გადაწყვეტილებები სხვა საკითხებზე, მათ შორის, ორი მესამედის უმრავლესობით გადასაწყვეტი საკითხების დამატებითი კატეგორიების განსაზღვრის შესახებ, მიღებული უნდა იქნეს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების უმრავლესობით. მუხლი 19🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრს, რომელსაც აქვს ორგანიზაციაში ფულადი შენატანის დავალიანება, არ უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება გენერალურ ასამბლეაში, თუ მისი დავალიანების რაოდენობა უტოლდება ან აღემატება მის მიერ წინა ორი სრული წლის განმავლობაში გადასახდელ შენატანებს. მიუხედავად ამისა, გენერალურ ასამბლეას შეუძლია, ასეთ წევრს დართოს ხმის მიცემის ნება, თუ ის ჩათვლის, რომ შენატანების გადაუხდელობა გამოწვეულია წევრის კონტროლს მიღმა არსებული გარემოებებით. პროცედურა მუხლი 20🔗 გენერალურმა ასამბლეამ უნდა ჩაატაროს რეგულარული ყოველწლიური სესიები და ისეთი სპეციალური სესიები, როგორსაც მოითხოვს გარემოება. სპეციალური სესიები უნდა მოიწვიოს გენერალურმა მდივანმა, უშიშროების საბჭოს ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით. მუხლი 21🔗 გენერალურმა ასამბლეამ უნდა მიიღოს საკუთარი საპროცედურო წესები. ყოველი სესიისთვის მან უნდა აირჩიოს თავისი თავმჯდომარე. მუხლი 22🔗 გენერალურ ასამბლეას შეუძლია ისეთი დამხმარე ორგანოების დაფუძნება, რომლებსაც ის საჭიროდ მიიჩნევს თავისი ფუნქციების შესასრულებლად. თავი V უშიშროების საბჭო შემადგენლობა მუხლი 23🔗 1. უშიშროების საბჭო უნდა შედგებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თხუთმეტი წევრისგან. ჩინეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყვნენ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები. გენერალურმა ასამბლეამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათი სხვა წევრი უნდა აირჩიოს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრებად, რა დროსაც სათანადო ყურადღებას განსაკუთრებულად აქცევს, პირველ რიგში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების წვლილს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასა და ორგანიზაციის სხვა მიზნების მიღწევაში, ასევე – სამართლიან გეოგრაფიულ გადანაწილებას. 2. უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები უნდა აირჩნენ ორი წლის ვადით. არამუდმივი წევრების პირველი არჩევნებისას, უშიშროების საბჭოს წევრთა რაოდენობის თერთმეტიდან თხუთმეტამდე გაზრდის შემდეგ, ოთხი დამატებითი წევრიდან ორი უნდა აირჩეს ერთი წლის ვადით. უშიშროების საბჭოდან გამომსვლელი წევრი არ შეიძლება, რომ დაუყოვნებლივ ხელახლა იქნეს არჩეული. 3. უშიშროების საბჭოს თითოეულ წევრს უნდა ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი. ფუნქციები და უფლებამოსილებები მუხლი 24🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, მისი წევრები უშიშროების საბჭოს ანიჭებენ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების პირველად პასუხისმგებლობას, და თანხმდებიან, რომ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოვალეობების შესრულებისას უშიშროების საბჭო მოქმედებს მათი სახელით. ამ მოვალეობების შესრულებისას უშიშროების საბჭომ უნდა იმოქმედოს გაერთიანებული ერების მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად. ამ ვალდებულებების შესრულების მიზნით უშიშროების საბჭოსათვის მინიჭებული კონკრეტული უფლებამოსილებები განსაზღვრულია VI, VII, VIII და XII თავებში. უშიშროების საბჭომ გენერალურ ასამბლეას განსახილველად უნდა წარუდგინოს ყოველწლიური და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ანგარიშები. მუხლი 25🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები თანხმდებიან, რომ ცნონ და შეასრულონ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები წინამდებარე ქარტიის შესაბამისად. მუხლი 26🔗 იმისათვის, რათა ხელი შეუწყოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად და შესანარჩუნებლად საჭირო შეიარაღებისთვის მსოფლიოს ადამიანური და ეკონომიკური რესურსების მინიმალურ გამოყენებას, უშიშროების საბჭო, 47-ე მუხლში მითითებული სამხედრო პერსონალის კომიტეტის დახმარებით, პასუხისმგებელი უნდა იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებისთვის წარსადგენი იმ გეგმების შემუშავებაზე, რომლებიც ეხება შეიარაღების რეგულირების სისტემის დაფუძნებას. კენჭისყრა მუხლი 27🔗 უშიშროების საბჭოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს ერთი ხმა. უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები პროცედურულ საკითხებზე მიღებული უნდა იქნეს ცხრა წევრის დადებითი ხმით. უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საკითხზე მიღებული უნდა იქნეს ცხრა წევრის დადებითი ხმით, რომელიც უნდა მოიცავდეს მუდმივი წევრების თანმხვედრ ხმებს, იმ პირობით, რომ VI თავისა და 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებისას დავის მხარემ თავი უნდა შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისგან. პროცედურა მუხლი 28🔗 უშიშროების საბჭო იმგვარად უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ შეძლოს უწყვეტად ფუნქციონირება. ამ მიზნით, უშიშროების საბჭოს თითოეული წევრი პერიოდულად უნდა იყოს წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განთავსების ადგილზე. უშიშროების საბჭომ უნდა ჩაატაროს შეხვედრები, რომლებზეც მის თითოეული წევრს შეუძლია, თავისი სურვილის მიხედვით, წარმოდგენილი იყოს მთავრობის წევრის ან სხვა რომელიმე სპეციალურად დანიშნული წარმომადგენლის მიერ. უშიშროების საბჭოს შეხვედრები შეიძლება ჩატარდეს არა მარტო ორგანიზაციის განთავსების ადგილზე, არამედ ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელიც, საბჭოს აზრით, უკეთ შეუწყობს ხელს მის საქმიანობას. მუხლი 29🔗 უშიშროების საბჭოს შეუძლია ისეთი დამხმარე ორგანოების დაფუძნება, რომელსაც ის საჭიროდ მიიჩნევს თავისი ფუნქციების შესასრულებლად. მუხლი 30🔗 უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს საკუთარი საპროცედურო წესები, მათ შორის, თავისი თავმჯდომარის არჩევის წესი. მუხლი 31🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს, რომელიც არ არის უშიშროების საბჭოს წევრი, შეუძლია მონაწილეობის მიღება, ხმის უფლების გარეშე, უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილი ნებისმიერი საკითხის განხილვაში, როდესაც ეს უკანასკნელი ჩათვლის, რომ საკითხის განხილვას განსაკუთრებული გავლენა აქვს ასეთი წევრის ინტერესებზე. მუხლი 32🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი, რომელიც არ არის უშიშროების საბჭოს წევრი, ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერი არაწევრი სახელმწიფო, თუ იგი არის უშიშროების საბჭოს მიერ განსახილველი დავის მხარე, ხმის უფლების გარეშე, მიწვეული უნდა იქნეს მონაწილეობის მისაღებად ამ დავასთან დაკავშირებულ განხილვაში. უშიშროების საბჭომ უნდა დაადგინოს ის პირობები, რომლებსაც ის სამართლიანად მიიჩნევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არაწევრი სახელმწიფოს მონაწილეობისთვის. თავი VI დავების მშვიდობიანი მოგვარება მუხლი 33🔗 იs დავის მხარეებi, რომლის გაგრძელებამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, დავის მოგვარებას, პირველ რიგში, უნდა ეცადონ მოლაპარაკების, მოკვლევის, მედიაციის, შერიგების, არბიტრაჟის, სამართალწარმოების, რეგიონული სააგენტოებისადმი ან შეთანხმებებისადმი მიმართვის ან ნებისმიერი სხვა მშვიდობიანი საშუალებების გზით, საკუთარი არჩევნის მიხედვით. უშიშროების საბჭომ, როდესაც ეს საჭიროდ მიაჩნია, უნდა მოუწოდოს მხარეებს, რომ თავიანთი დავა მოაგვარონ ასეთი საშუალებებით. მუხლი 34🔗 უშიშროების საბჭოს შეუძლია, გამოიძიოს ნებისმიერი დავა ან ნებისმიერი სიტუაცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო დაპირისპირება ან წარმოშვას დავა, რათა დაადგინოს, შეუქმნის თუ არა საფრთხეს დავის ან სიტუაციის გაგრძელება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. მუხლი 35🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს შეუძლია, 34-ე მუხლში მითითებული ბუნების მქონე ნებისმიერი დავის ან სიტუაციის შესახებ აცნობოს უშიშროების საბჭოს ან გენერალურ ასამბლეას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არაწევრ სახელმწიფოს შეუძლია, უშიშროების საბჭოს ან გენერალურ ასამბლეას აცნობოს ნებისმიერი დავის შესახებ, რომლის მხარეც თავად არის, თუ იგი, დავის მიზნებისთვის წინასწარ იკისრებს წინამდებარე ქარტიით განსაზღვრულ ვალდებულებებს მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე. გენერალური ასამბლეის მიერ იმ საკითხების განხილვაზე, რომელთა შესახებ მას ეცნობა წინამდებარე მუხლის მიხედვით, გავრცელდება მე-11 და მე-12 მუხლების დებულებები. მუხლი 36🔗 უშიშროების საბჭოს შეუძლია, 33-ე მუხლში მითითებული ბუნების მქონე დავის ან ასეთივე ბუნების მქონე სიტუაციის ნებისმიერ ეტაპზე, მიიღოს რეკომენდაცია მათი დარეგულირების შესაბამისი პროცედურების ან მეთოდების თაობაზე. უშიშროების საბჭომ უნდა გაითვალისწინოს მხარეების მიერ დავის მოგვარების მიზნით უკვე მიღებული ნებისმიერი პროცედურა. წინამდებარე მუხლის შესაბამისად რეკომენდაციების მიღებისას, უშიშროების საბჭომ ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ სამართლებრივი დავები, როგორც ზოგადი წესი, მხარეების მიერ უნდა გადაეცეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, სასამართლოს წესდების დებულებების შესაბამისად. მუხლი 37🔗 იმ შემთხვევაში, თუ 33-ე მუხლში მითითებული ბუნების მქონე დავას მხარეები ვერ მოაგვარებენ ხსენებულ მუხლში მითითებული საშუალებებით, მათ ეს დავა უნდა გადასცენ უშიშროების საბჭოს. თუ უშიშროების საბჭო მიიჩნევს, რომ დავის გაგრძელებამ, შესაძლოა, რეალურად საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, მან უნდა გადაწყვიტოს, იმოქმედოს თუ არა 36-ე მუხლის შესაბამისად, თუ მიიღოს რეკომენდაცია დავის მოგვარების ისეთი პირობების შესახებ, რომლებსაც შესაფერისად მიიჩნევს. მუხლი 38🔗 33-ე – 37-ე მუხლების დებულებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, უშიშროების საბჭოს შეუძლია, თუ ამას მოითხოვს ნებისმიერ დავაში მონაწილე ყველა მხარე, მხარეების მიმართ გასცეს რეკომენდაციები დავის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. თავი VII მოქმედება მშვიდობის წინააღმდეგ საფრთხეების, მშვიდობის დარღვევების და აგრესიის აქტების მიმართ მუხლი 39🔗 უშიშროების საბჭომ უნდა დაადგინოს მშვიდობის წინააღმდეგ ნებისმიერი საფრთხის, მშვიდობის დარღვევის ან აგრესიის აქტის არსებობა და უნდა მიიღოს რეკომენდაციები, ან გადაწყვიტოს, თუ რა ზომები უნდა იქნეს მიღებული 41-ე და 42-ე მუხლების მიხედვით, რათა შეინარჩუნოს ან აღადგინოს საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება. მუხლი 40🔗 სიტუაციის გამწვავების პრევენციის მიზნით, უშიშროების საბჭოს შეუძლია, 39-ე მუხლით გათვალისწინებული რეკომენდაციების ან ზომების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მოუწოდოს შესაბამის მხარეებს, შეასრულონ დროებითი ზომები, რომლებსაც ის საჭიროდ ან სასურველად მიიჩნევს. ასეთმა დროებითმა ზომებმა ზიანი არ უნდა მიაყენოს შესაბამისი მხარეების უფლებებს, მოთხოვნებს ან პოზიციას. უშიშროების საბჭომ სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს ამგვარი დროებითი ზომების შეუსრულებლობა. მუხლი 41🔗 უშიშროების საბჭოს შეუძლია, გადაწყვიტოს, თუ რა ზომები უნდა იქნეს გამოყენებული, რომლებიც არ გულისხმობს შეიარაღებული ძალის გამოყენებას თავისი გადაწყვეტილებების აღსასრულებლად, და მას შეუძლია, მოუწოდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებს, გამოიყენონ ასეთი ზომები. ეს შეიძლება მოიცავდეს ეკონომიკური ურთიერთობების და სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო, საფოსტო, სატელეგრაფო, რადიო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების სრულ ან ნაწილობრივ შეჩერებას და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. მუხლი 42🔗 თუ უშიშროების საბჭო ჩათვლის, რომ 41-ე მუხლით გათვალისწინებული ზომები იქნება არაადეკვატური ან აღმოჩნდა არაადეკვატური, მას შეუძლია იმოქმედოს საჰაერო, საზღვაო ან სახმელეთო ძალებით, რაც შეიძლება საჭირო იყოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ან აღსადგენად. ასეთი მოქმედება შეიძლება მოიცავდეს ძალის დემონსტრირებას, ბლოკადას და სხვა ოპერაციებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების საჰაერო, საზღვაო ან სახმელეთო ძალების გამოყენებით. მუხლი 43🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში წვლილის შეტანის მიზნით, იღებს ვალდებულებას, რომ უშიშროების საბჭოს, მისი მოწოდებით და სპეციალური შეთანხმების ან შეთანხმებების შესაბამისად, გადასცეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელი შეიარაღებული ძალები, დახმარება და საშუალებები, მათ შორის, გავლის უფლებები. ასეთმა შეთანხმებამ ან შეთანხმებებმა უნდა მოაწესრიგოს ძალების რაოდენობა და ტიპები, მათი მზადყოფნის დონე და ზოგადი ადგილსამყოფელი, აგრეთვე – მისაწოდებელი საშუალებებისა და დახმარების სახე. შეთანხმება ან შეთანხმებები უნდა შემუშავდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად, უშიშროების საბჭოს ინიციატივით. ისინი უნდა დაიდოს უშიშროების საბჭოსა და წევრებს შორის ან უშიშროების საბჭოსა და წევრთა ჯგუფებს შორის და უნდა დაექვემდებაროს ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ რატიფიცირებას, თავიანთი შესაბამისი კონსტიტუციური პროცესების თანახმად. მუხლი 44🔗 როდესაც უშიშროების საბჭომ მიიღო ძალის გამოყენების გადაწყვეტილება, ვიდრე იგი ორგანიზაციის იმ წევრს, რომელიც არ არის წარმოდგენილი საბჭოში მოსთხოვს შეიარაღებული ძალების გადაცემას 43-ე მუხლის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, თუ ეს წევრი მოისურვებს, უნდა მიიწვიოს ის მონაწილეობის მიღების მიზნით უშიშროების საბჭოს იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც შეეხება ამ წევრის შეიარაღებული ძალების კონტიგენტების გამოყენებას. მუხლი 45🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გადაუდებელი სამხედრო ზომების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, წევრებს დაუყოვნებლივი მზადყოფნის მდგომარეობაში უნდა ჰყავდეთ ეროვნული საჰაერო ძალების კონტიგენტები ერთობლივი საერთაშორისო იძულებითი ღონისძიებისთვის. ამ კონტიგენტების ძალა, მზადყოფნის ხარისხი და მათი ერთობლივი მოქმედების გეგმები უნდა განსაზღვროს უშიშროების საბჭომ 43-ე მუხლში მოცემული სპეციალური შეთანხმების ან შეთანხმებების ფარგლებში, სამხედრო პერსონალის კომიტეტის დახმარებით. მუხლი 46🔗 შეიარაღებული ძალების გამოყენების გეგმები უნდა შეადგინოს უშიშროების საბჭომ, სამხედრო პერსონალის კომიტეტის დახმარებით. მუხლი 47🔗 უნდა შეიქმნას სამხედრო პერსონალის კომიტეტი, რათა კონსულტაცია გაუწიოს და დაეხმაროს უშიშროების საბჭოს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის უშიშროების საბჭოს სამხედრო საჭიროებებთან, მის განკარგულებაში გადაცემული ძალების გამოყენებასა და ხელმძღვანელობასთან, შეიარაღების რეგულირებასთან და შესაძლო განიარაღებასთან. სამხედრო პერსონალის კომიტეტი შედგება უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების შტაბების უფროსებისგან ან მათი წარმომადგენლებისგან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი, რომელიც მუდმივად არ არის წარმოდგენილი კომიტეტში, კომიტეტმა უნდა მიიწვიოს თანამშრომლობის მიზნით, როდესაც კომიტეტის პასუხისმგებლობების ეფექტიანი შესრულება მოითხოვს ამ წევრის მონაწილეობას მის საქმიანობაში. უშიშროების საბჭოს ქვეშ მყოფი სამხედრო პერსონალის კომიტეტი პასუხისმგებელია უშიშროების საბჭოს განკარგულებაში გადაცემული ნებისმიერი შეიარაღებული ძალის სტრატეგიულ ხელმძღვანელობაზე. ასეთი ძალების მეთაურობასთან დაკავშირებული საკითხები განხილული უნდა იქნეს მოგვიანებით. სამხედრო პერსონალის კომიტეტს უშიშროების საბჭოს ნებართვით და შესაბამის რეგიონულ სააგენტოებთან კონსულტაციის შემდეგ, შეუძლია შექმნას რეგიონული ქვეკომიტეტები. მუხლი 48🔗 საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების შესასრულებლად საჭირო მოქმედება უნდა განახორციელოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრმა ან ზოგიერთმა მათგანმა, როგორც ამას განსაზღვრავს უშიშროების საბჭო. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა შესრულდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების მიერ უშუალოდ და მათი მოქმედებით იმ შესაბამის საერთაშორისო სააგენტოებში, რომელთა წევრებიც ისინი არიან. მუხლი 49🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები უნდა გაერთიანდნენ ურთიერთდახმარების აღმოსაჩენად იმ ღონისძიებათა გატარებისას, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მიიღო უშიშროების საბჭომ. მუხლი 50🔗 თუ უშიშროების საბჭო იღებს პრევენციულ ან იძულებით ზომებს რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ თუ არაწევრ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, რომელიც აღმოაჩენს, რომ თავად აწყდება ამ ზომების განხორციელებისგან წარმოშობილ განსაკუთრებულ ეკონომიკურ პრობლემებს, უნდა ჰქონდეს უშიშროების საბჭოსთან კონსულტაციების გამართვის უფლება ამ პრობლემების მოგვარების თაობაზე. მუხლი 51🔗 წინამდებარე ქარტიაში არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის თანდაყოლილ უფლებას, თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრის წინააღმდეგ ხორციელდება შეიარაღებული თავდასხმა, სანამ უშიშროების საბჭო მიიღებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის საჭირო ზომებს. წევრების მიერ თავდაცვის უფლების განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს და მათ გავლენა არ უნდა მოახდინონ წინამდებარე ქარტიის მიხედვით უშიშროების საბჭოსთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობაზე, ნებისმიერ დროს განახორციელოს ისეთი მოქმედება, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის ან აღდგენისთვის. თავი VIII რეგიონული შეთანხმებები მუხლი 52🔗 წინამდებარე ქარტიაში არაფერი გამორიცხავს რეგიონული შეთანხმებების ან სააგენტოების არსებობას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც მიზანშეწონილია რეგიონული მოქმედებისთვის იმ პირობით, რომ ასეთი შეთანხმებები ან ორგანოები და მათი საქმიანობა შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები, რომლებიც დებენ ასეთ შეთანხმებებს ან ქმნიან ასეთ ორგანოებს, მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ მიაღწიონ ადგილობრივი დავების მშვიდობიან მოგვარებას ასეთი რეგიონული შეთანხმებების ან ასეთი რეგიონული სააგენტოების მეშვეობით, სანამ დავებს გადასცემენ უშიშროების საბჭოს. უშიშროების საბჭომ უნდა წაახალისოს ადგილობრივი დავების მშვიდობიანი მოგვარების განვითარება ასეთი რეგიონული შეთანხმებების ან ასეთი რეგიონული სააგენტოების მეშვეობით, შესაბამისი სახელმწიფოების ინიციატივით ან უშიშროების საბჭოს მიმართვის საფუძველზე. წინამდებარე მუხლი რაიმე ფორმით არ უშლის ხელს 34-ე და 35-ე მუხლების გამოყენებას. მუხლი 53🔗 უშიშროების საბჭომ, როდესაც ეს მიზანშეწონილია, თავისი ხელმძღვანელობის ქვეშ იძულებითი ღონისძიებისთვის უნდა გამოიყენოს ასეთი რეგიონული შეთანხმებები ან სააგენტოები. თუმცა, იძულებითი ღონისძიება ასეთი რეგიონული შეთანხმებების ფარგლებში ან რეგიონული სააგენტოების მიერ არ უნდა განხორციელდეს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე, გარდა წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ნებისმიერი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მიმართ, 107-ე მუხლით ან ნებისმიერი ასეთი სახელმწიფოს მხრიდან აგრესიული პოლიტიკის განახლების წინააღმდეგ მიმართული რეგიონული შეთანხმებების მიერ გათვალისწინებული ზომებისა, მანამ სანამ ორგანიზაციას, შესაბამისი მთავრობების თხოვნით, შეიძლება დაეკისროს ასეთი სახელმწიფოს მხრიდან შემდგომი აგრესიის აღკვეთის პასუხისმგებლობა. ტერმინი „მოწინააღმდეგე სახელმწიფო“, როგორც ის გამოყენებულია წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში, გულისხმობს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იყო წინამდებარე ქარტიის ხელმომწერი ნებისმიერი სახელმწიფოს მოწინააღმდეგე. მუხლი 54🔗 უშიშროების საბჭო ყოველთვის სრულად უნდა იყოს ინფორმირებული რეგიონული შეთანხმებების ფარგლებში ან რეგიონული სააგენტოების მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით განხორციელებული ან დაგეგმილი მოქმედებების შესახებ. თავი IX საერთაშორისო ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობა მუხლი 55🔗 სტაბილურობისა და კეთილდღეობის პირობების შექმნის მიზნით, რაც აუცილებელია ერებს შორის ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპის პატივისცემაზე დამყარებული მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობებისათვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს: ცხოვრების უფრო მაღალ სტანდარტებს, სრულ დასაქმებას, ეკონომიკური და სოციალური პროგრესისა და განვითარების პირობებს; საერთაშორისო ეკონომიკური, სოციალური, ჯანდაცვისა და დაკავშირებული პრობლემების გადაჭრასა და საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო თანამშრომლობას; და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას ყველასთვის, რასის, სქესის, ენის ან რელიგიის განურჩევლად. მუხლი 56🔗 ორგანიზაციის ყველა წევრი იღებს ვალდებულებას, ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, იმოქმედონ ერთობლივად და დამოუკიდებლად 55-ე მუხლში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. მუხლი 57🔗 მთავრობათაშორისი შეთანხმებით შექმნილმა სხვადასხვა სპეციალიზებულმა სააგენტოებმა, რომელთაც, მათი სადამფუძნებლო დოკუმენტების თანახმად, აქვთ ფართო საერთაშორისო პასუხისმგებლობები ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და დაკავშირებულ სფეროებში, უნდა დაამყარონ ურთიერთობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, 63-ე მუხლის დებულებების თანახმად. ასეთი სააგენტოები, რომლებიც ამგვარად ამყარებენ ურთიერთობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, შემდგომში მოხსენიებული იქნება, როგორც სპეციალიზებული სააგენტოები. მუხლი 58🔗 ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს რეკომენდაციები სპეციალიზებული სააგენტოების პოლიტიკისა და საქმიანობის კოორდინაციისთვის. მუხლი 59🔗 ორგანიზაციამ, როდესაც ეს მიზანშეწონილია, უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები შესაბამის სახელმწიფოთა შორის, ახალი სპეციალიზებული სააგენტოების შექმნის მიზნით, რომელთა შექმნა საჭიროა 55-ე მუხლში მოცემული მიზნების მისაღწევად. მუხლი 60🔗 ორგანიზაციის წინამდებარე თავში მოცემული ფუნქციების შესრულების პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს გენერალურ ასამბლეას და, გენერალური ასამბლეის უფლებამოსილების ქვეშ, ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს, რომელსაც ამ მიზნით უნდა მიენიჭოს X თავში განსაზღვრული უფლებამოსილებები. თავი X ეკონომიკური და სოციალური საბჭო შემადგენლობა მუხლი 61🔗 ეკონომიკური და სოციალური საბჭო შედგება გენერალური ასამბლეის მიერ არჩეული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორმოცდათოთხმეტი წევრისაგან. მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს თვრამეტი წევრი უნდა აირჩეს ყოველწლიურად სამი წლის ვადით. საბჭოდან გამსვლელ წევრს უნდა ჰქონდეს უფლება, დაუყოვნებლივ ხელახლა იქნეს არჩეული. ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრების რიცხვის ოცდაშვიდიდან ორმოცდათოთხმეტამდე გაზრდის შემდეგ, პირველი არჩევნებისას, იმ წევრებზე დამატებით, რომლებიც არჩეული არიან იმ ცხრა წევრის ნაცვლად, რომელთა უფლებამოსილების ვადა იწურება შესაბამისი წლის ბოლოს, უნდა აირჩეს ოცდაშვიდი დამატებითი წევრი. ამგვარად არჩეული ოცდაშვიდი დამატებითი წევრიდან ცხრა წევრის უფლებამოსილების ვადა უნდა ამოიწუროს ერთი წლის შემდეგ, სხვა ცხრა წევრის უფლებამოსილების ვადა კი – ორი წლის შემდეგ, გენერალური ასამბლეის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ეკონომიკური და სოციალური საბჭოს თითოეულ წევრს უნდა ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი. ფუნქციები და უფლებამოსილებები მუხლი 62🔗 ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია, მოამზადოს კვლევები და ანგარიშები, ან მოახდინოს მათი ინიცირება, საერთაშორისო ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და დაკავშირებულ საკითხებზე, და შეუძლია, ნებისმიერ ასეთ საკითხებზე შეიმუშაოს რეკომენდაციები გენერალური ასამბლეის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების და შესაბამისი სპეციალიზებული სააგენტოების მიმართ. საბჭოს შეუძლია, შეიმუშაოს რეკომენდაციები ყველას მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით. საბჭოს შეუძლია, თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, მოამზადოს კონვენციების პროექტები გენერალური ასამბლეისთვის წარსადგენად. საბჭოს შეუძლია, თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, მოიწვიოს საერთაშორისო კონფერენციები. მუხლი 63🔗 ეკონომიკურ და სოციალური საბჭოს შეუძლია, 57-ე მუხლში მითითებულ ნებისმიერ სააგენტოსთან დადოს შეთანხმებები იმ პირობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიხედვითაც შესაბამისმა სააგენტოებმა უნდა დაამყარონ ურთიერთობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან. ასეთი შეთანხმებები უნდა დაექვემდებაროს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებას. საბჭოს შეუძლია, გაუწიოს კოორდინაცია სპეციალიზებული სააგენტოების საქმიანობას კონსულტაციებისა და ასეთი სააგენტოებისთვის რეკომენდაციების შემუშავების მეშვეობით და გენერალური ასამბლეისთვის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებისათვის რეკომენდაციების შემუშავების გზით. მუხლი 64🔗 ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია, გადადგას სათანადო ნაბიჯები, რათა სპეციალიზებული სააგენტოებიდან მიიღოს რეგულარული ანგარიშები. საბჭოს შეუძლია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებთან და სპეციალიზებულ სააგენტოებთან დადოს შეთანხმებები მათგან ანგარიშების მიღების მიზნით, მათ მიერ საბჭოს რეკომენდაციებისა და გენერალური ასამბლეის მიერ საბჭოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მიღებული რეკომენდაციების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. საბჭოს შეუძლია, აღნიშნული ანგარიშების შესახებ თავისი მოსაზრებები მიაწოდოს გენერალურ ასამბლეას. მუხლი 65🔗 ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია, უშიშროების საბჭოს წარუდგინოს ინფორმაცია და ვალდებულია, დაეხმაროს უშიშროების საბჭოს მისი მოთხოვნის შემთხვევაში. მუხლი 66🔗 1. ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ უნდა განახორციელოს ისეთი ფუნქციები, რომლებიც შედის მის კომპეტენციაში, გენერალური ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. 2. საბჭოს, გენერალური ასამბლეის დამტკიცების საფუძველზე, შეუძლია მომსახურების გაწევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების თხოვნით და სპეციალიზებული სააგენტოების თხოვნით. 3. საბჭომ უნდა შეასრულოს სხვა ისეთი ფუნქციები, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე ქარტიაში ან რომლებიც შეიძლება მიენიჭოს მას გენერალური ასამბლეის მიერ. კენჭისყრა მუხლი 67🔗 1. ეკონომიკური და სოციალური საბჭოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს ერთი ხმა. 2. ეკონომიკური და სოციალური საბჭოს გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით. პროცედურა მუხლი 68🔗 ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ უნდა შექმნას კომისიები ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში და ადამიანის უფლებათა მხარდასაჭერად, აგრეთვე – სხვა ისეთი კომისიები, რომლებიც შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ფუნქციების შესასრულებლად.  მუხლი 69🔗 ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ უნდა მოიწვიოს ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი, რათა მან მონაწილეობა მიიღოს, ხმის უფლების გარეშე, მის მიერ ნებისმიერი ისეთი საკითხის განხილვაში, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ ინტერესს აღნიშნული წევრისთვის. მუხლი 70🔗 ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია, მიიღოს ზომები, რათა სააგენტოს წარმომადგენლებმა, ხმის უფლების გარეშე, მონაწილეობა მიიღონ საბჭოში ან საბჭოს მიერ შექმნილ კომისიებში საკითხთა განხილვაში, და საბჭოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღონ სპეციალიზებული სააგენტოების მიერ საკითხთა განხილვაში. მუხლი 71🔗 ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია, მიიღოს სათანადო ზომები მის კომპეტენციაში შემავალი საკითხებით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებისთვის. ასეთი ზომები შეიძლება მიღებულ იქნეს საერთაშორისო ორგანიზაციების და, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ორგანიზაციების მიმართ, გაერთიანებული ერების შესაბამის წევრთან კონსულტაციის შემდეგ. მუხლი 72🔗 1. ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ უნდა მიიღოს საკუთარი საპროცედურო წესები, თავისი თავმჯდომარის არჩევის წესის ჩათვლით. 2. ეკონომიკური და სოციალური საბჭო უნდა შეიკრიბოს საჭიროების მიხედვით, თავისი წესების შესაბამისად, რომელიც უნდა მოიცავდეს დებულებას მისი წევრების უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე შეხვედრების მოწვევის შესახებ. თავი XI დეკლარაცია არათვითმმართველი ტერიტორიების შესახებ მუხლი 73🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები, რომლებსაც აქვთ ან იღებენ პასუხისმგებლობას იმ ტერიტორიების ადმინისტრირებისთვის, რომელთა ხალხებსაც ჯერ არ მიუღწევიათ სრული თვითმმართველობისათვის, აღიარებენ პრინციპს, რომ ამ ტერიტორიების მაცხოვრებლების ინტერესები პირველხარისხოვანია და, წმინდა მოვალეობის სახით, კისრულობენ ვალდებულებას, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ამ ტერიტორიების მაცხოვრებლების კეთილდღეობას, წინამდებარე ქარტიით დადგენილი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისა სისტემის ფარგლებში, და ამ მიზნით: ამ ხალხების კულტურის მიმართ სათანადო პატივისცემის დაცვით, უზრუნველყონ მათი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო წინსვლა, სამართლიანი მოპყრობა და მათი დაცვა არასათანადო მოპყრობისგან; განავითარონ თვითმმართველობა, სათანადოდ გაითვალისწინონ ამ ხალხების პოლიტიკური მისწრაფებები და დაეხმარონ მათ მათი თავისუფალი პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარებაში, თითოეული ტერიტორიისა და მისი ხალხების განსაკუთრებული გარემოებებისა და მათი წინსვლის განსხვავებული ეტაპების შესაბამისად; ხელი შეუწყონ საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას; ხელი შეუწყონ განვითარების კონსტრუქციულ ზომებს, წაახალისონ კვლევა და ითანამშრომლონ ერთმანეთთან და, სადაც და როდესაც მიზანშეწონილია, სპეციალიზებულ საერთაშორისო ორგანოებთან, წინამდებარე მუხლში მოცემული სოციალური, ეკონომიკური და სამეცნიერო მიზნების პრაქტიკულად მისაღწევად; და საინფორმაციო მიზნებისთვის, უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური მოსაზრებებიდან გამომდინარე შეზღუდვების გათვალისწინებით, რეგულარულად მიაწოდონ გენერალურ მდივანს სტატისტიკური და ტექნიკური ხასიათის სხვა ინფორმაცია, რომელიც შეეხება ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო პირობებს იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც ისინი შესაბამისად არიან პასუხისმგებელნი, იმ ტერიტორიების გარდა, რომლებზეც ვრცელდება XII და XIII თავების მოქმედება. მუხლი 74🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები ასევე თანხმდებიან, რომ მათი პოლიტიკა იმ ტერიტორიების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება წინამდებარე თავის მოქმედება, უნდა ეფუძნებოდეს, არანაკლებ, ვიდრე მათი მეტროპოლიური ტერიტორიების შემთხვევაში, კეთილმეზობლობის ზოგად პრინციპს, დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებისა და კეთილდღეობის სათანადო გათვალისწინებით სოციალურ, ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებში. თავი XII მეურვეობის საერთაშორისო სისტემა მუხლი 75🔗 გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, თავისი ხელმძღვანელობის ქვეშ, უნდა შექმნას მეურვეობის საერთაშორისო სისტემა იმ ტერიტორიების ადმინისტრირებისთვის და მეთვალყურეობისთვის, რომლებიც შეიძლება მოექცნენ მეურვეობის ქვეშ შემდგომი ინდივიდუალური შეთანხმებებით. ეს ტერიტორიები შემდგომში იწოდება, როგორც სამეურვეო ტერიტორიები. მუხლი 76🔗 მეურვეობის სისტემის ძირითადი მიზნები, წინამდებარე ქარტიის პირველ მუხლში მოცემული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, უნდა იყოს შემდეგი: გააძლიეროს საერთაშორისო მშვიდობა და უშიშროება; ხელი შეუწყოს სამეურვეო ტერიტორიების მაცხოვრებლების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო წინსვლას და მათ პროგრესულ განვითარებას თვითმმართველობისკენ ან დამოუკიდებლობისკენ, როგორც ეს მიზანშეწონილია თითოეული ტერიტორიისა და მისი ხალხების განსაკუთრებული გარემოებებისა და შესაბამისი ხალხების თავისუფლად გამოხატული სურვილების გათვალისწინებით და როგორც ეს შეიძლება გათვალისწინებული იყოს თითოეული სამეურვეო შეთანხმების პირობებით; წაახალისოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა ყველასთვის, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის განურჩევლად და წაახალისოს მსოფლიოს ხალხთა ურთიერთდამოკიდებულების აღიარება; და უზრუნველყოს თანასწორი მოპყრობა სოციალურ, ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებისა და მათი მოქალაქეების მიმართ, აგრეთვე – ამ უკანასკნელთა მიმართ თანასწორი მოპყრობა მათ მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებისას, წინამდებარე მიზნების მიღწევისათვის ზიანის მიყენების გარეშე და მე-80 მუხლის დებულებათა დაცვით. მუხლი 77🔗 მეურვეობის სისტემა უნდა გავრცელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც შეიძლება დაექვემდებარონ ასეთ სისტემას სამეურვეო შეთანხმებების მეშვეობით: ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად იმყოფება მანდატის ქვეშ; ტერიტორიები, რომლებიც შეიძლება ჩამოერთვას მოწინააღმდეგე სახელმწიფოებს მეორე მსოფლიო ომის შედეგად; და ტერიტორიები, რომლებიც ნებაყოფლობით არის დაქვემდებარებული მეურვეობის სისტემას იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მათ ადმინისტრირებაზე. 2. საკითხი იმის შესახებ, ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან თუ რომელი ტერიტორიები უნდა დაექვემდებაროს მეურვეობის სისტემას და რა პირობებით, იქნება შემდგომი შეთანხმების საგანი. მუხლი 78🔗 მეურვეობის სისტემა არ უნდა გავრცელდეს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც გახდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები, რომელთა შორის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენული თანასწორობის პრინციპის პატივისცემას. მუხლი 79🔗 მეურვეობის პირობები, აგრეთვე მათი ნებისმიერი ცვლილება ან შესწორება, თითოეული იმ ტერიტორიისთვის, რომელიც მეურვეობის სისტემაში ჩართვას ექვემდებარება, უნდა შეთანხმდეს უშუალოდ დაინტერესებული სახელმწიფოების მიერ, რომელიც მოიცავს სამანდატო უფლებამოსილებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრის მანდატის ქვეშ მყოფი ტერიტორიების შემთხვევაში, და უნდა დამტკიცდეს 83-ე და 85-ე მუხლების შესაბამისად. მუხლი 80🔗 1. 77-ე, 79-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად დადებული ინდივიდუალური სამეურვეო შეთანხმებებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც თითოეულ ტერიტორიას რთავს მეურვეობის სისტემაში, და ამგვარი შეთანხმებების დადებამდე, წინამდებარე თავში არაფერი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ რაიმე ფორმით ცვლიდეს რომელიმე სახელმწიფოს ან რომელიმე ხალხის უფლებებს ან არსებული საერთაშორისო დოკუმენტების პირობებს, რომელთა მხარეები, შესაბამისად, შეიძლება იყვნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები. 2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ იძლეოდეს სამანდატო ან სხვა ტერიტორიების 77-ე მუხლით გათვალისწინებული მეურვეობის სისტემისთვის დაქვემდებარების შესახებ შეთანხმებების მოლაპარაკებისა და დადების დაყოვნების ან გადავადების საფუძვლებს. მუხლი 81🔗 სამეურვეო შეთანხმება თითოეულ შემთხვევაში უნდა შეიცავდეს პირობებს, რომელთა თანახმადაც განხორციელდება სამეურვეო ტერიტორიის ადმინისტრირება და უნდა განსაზღვროს ხელისუფლება, რომელიც განახორციელებს სამეურვეო ტერიტორიის ადმინისტრირებას. ასეთი ხელისუფლება, შემდგომში წოდებული, როგორც ადმინისტრირების განმახორციელებელი ხელისუფლება, შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო ან თავად ორგანიზაცია. მუხლი 82🔗 ნებისმიერ სამეურვეო შეთანხმებაში შეიძლება განისაზღვროს სტრატეგიული არეალი ან არეალები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს მეურვეობის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ნაწილს ან მთლიანად ტერიტორიას, რომელზედაც ვრცელდება შეთანხმება, 43-ე მუხლის საფუძველზე დადებული ნებისმიერი სპეციალური შეთანხმებისთვის ან შეთანხმებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. მუხლი 83🔗 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა ფუნქცია, რომლებიც უკავშირდება სტრატეგიულ არეალებს, სამეურვეო შეთანხმებების პირობებისა და მათი შეცვლის ან შესწორების დამტკიცების ჩათვლით, უნდა განახორციელოს უშიშროების საბჭომ. 2. 76-ე მუხლში განსაზღვრული ძირითადი მიზნები უნდა გამოიყენებოდეს თითოეული სტრატეგიული არეალის ხალხის მიმართ. 3. უშიშროების საბჭომ, სამეურვეო შეთანხმებების დებულებების დაცვით და უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოსაზრებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, უნდა ისარგებლოს სამეურვეო საბჭოს დახმარებით, რათა შეასრულოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ის ფუნქციები მეურვეობის სისტემის ფარგლებში, რომლებიც ეხება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო საკითხებს სტრატეგიულ არეალებში. მუხლი 84🔗 ადმინისტრირების განმახორციელებელი ხელისუფლების მოვალეობაა, უზრუნველყოს, რომ სამეურვეო ტერიტორიამ შეასრულოს თავისი როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ამ მიზნით, ადმინისტრირების განმახორციელებელ ხელისუფლებას შეუძლია, გამოიყენოს მოხალისე ძალები, საშუალებები და მეურვეობის ქვეშ მყოფი ტერიტორიის დახმარება ადმინისტრირების განმახორციელებელი ხელისუფლების მიერ ამ კუთხით უშიშროების საბჭოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ასევე – ადგილობრივი თავდაცვისთვის და მეურვეობის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ფარგლებში სამართლისა და წესრიგის შენარჩუნებისთვის. მუხლი 85🔗 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფუნქციები, სამეურვეო შეთანხმებების მიმართ ყველა იმ რაიონისათვის, რომლებიც არ განეკუთვნებიან სტრატეგიულთა რიცხვს, სამეურვეო შეთანხმებების პირობებისა და მათი ცვლილების ან შესწორების დამტკიცების ჩათვლით, უნდა განახორციელოს გენერალურმა ასამბლეამ. 2. სამეურვეო საბჭო, რომელიც მოქმედებს გენერალური ასამბლეის ხელმძღვანელობით, უნდა დაეხმაროს გენერალურ ასამბლეას ამ ფუნქციების შესრულებაში. თავი XIII სამეურვეო საბჭო შემადგენლობა მუხლი 86🔗 1. სამეურვეო საბჭო შედგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემდეგი წევრებისაგან: ორგანიზაციის იმ წევრებისაგან, რომლებიც ახორციელებენ მეურვეობის ქვეშ მყოფი ტერიტორიების ადმინისტრირებას; 23-ე მუხლში ორგანიზაციის სახელობითად ჩამოთვლილი იმ წევრებისაგან, რომლებიც არ ახორციელებენ მეურვეობის ქვეშ მყოფი ტერიტორიების ადმინისტრირებას; და გენერალური ასამბლეის მიერ სამი წლის ვადით არჩეული ორგანიზაციის იმდენი წევრისგან, რამდენიც შეიძლება საჭირო აღმოჩნდეს იმისათვის, რომ სამეურვეო საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობაში თანაბრად იყოს წარმოდგენილი ორგანიზაციის ის წევრები, რომლებიც ახორციელებენ და რომლებიც არ ახორციელებენ მეურვეობის ქვეშ მყოფ ტერიტორიების ადმინისტრირებას. 2. სამეურვეო საბჭოს თითოეულმა წევრმა უნდა დანიშნოს ერთი განსაკუთრებით კვალიფიციური პირი, რომელიც წარმოადგენს მას საბჭოში. ფუნქციები და უფლებამოსილებები მუხლი 87🔗 გენერალურ ასამბლეას და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ სამეურვეო საბჭოს, თავიანთი ფუნქციების შესრულებისას, შეუძლიათ: განიხილონ ადმინისტრირების განმახორციელებელი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები; მიიღონ პეტიციები და განიხილონ ისინი ადმინისტრირების განმახორციელებელ ხელისუფლებასთან კონსულტაციით; მეურვეობის ქვეშ მყოფ შესაბამის ტერიტორიებზე მოაწყონ პერიოდული ვიზიტები ადმინისტრირების განმახორციელებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებულ პერიოდებში; და განახორციელონ აღნიშნული და სხვა მოქმედებები სამეურვეო შეთანხმებების დებულებების შესაბამისად. მუხლი 88🔗 სამეურვეო საბჭომ უნდა შეიმუშაოს კითხვარი მეურვეობის ქვეშ მყოფი თითოეული ტერიტორიის მაცხოვრებლების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო წინსვლის შესახებ, ხოლო გენერალური ასამბლეის კომპეტენციაში შემავალი მეურვეობის ქვეშ მყოფი თითოეული ტერიტორიის ადმინისტრირების განმახორციელებელმა ხელისუფლებამ გენერალურ ასამბლეას უნდა წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიშები ასეთი კითხვარის საფუძველზე. კენჭისყრა მუხლი 89🔗 1. სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს ერთი ხმა. 2. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. პროცედურა მუხლი 90🔗 1. სამეურვეო საბჭომ უნდა მიიღოს საკუთარი საპროცედურო წესები, თავისი თავმჯდომარის არჩევის წესის ჩათვლით. 2. სამეურვეო საბჭო უნდა შეიკრიბოს საჭიროების მიხედვით, საკუთარი წესების შესაბამისად, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს დებულებას საბჭოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით სხდომათა მოწვევის შესახებ. მუხლი 91🔗 სამეურვეო საბჭომ, როდესაც მიზანშეწონილია, უნდა ისარგებლოს ეკონომიკური და სოციალური საბჭოსა და სპეციალიზებული სააგენტოების დახმარებით იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებითაც, შესაბამისად, ისინი არიან დაინტერესებულნი. თავი IX მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო მუხლი 92🔗 მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი სასამართლო ორგანო. მან უნდა იმოქმედოს თანდართული წესდების შესაბამისად, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედი სასამართლოს წესდებას და არის წინამდებარე ქარტიის განუყოფელი ნაწილი. მუხლი 93🔗 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი ipso facto არის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდების მხარე. 2. სახელმწიფო, რომელიც არ არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი, შეიძლება გახდეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდების მხარე იმ პირობებით, რომლებსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს გენერალური ასამბლეა, უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე. მუხლი 94🔗 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თითოეული წევრი იღებს ვალდებულებას, შეასრულოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ საქმეში, რომლის მხარეც არის იგი. 2. თუ საქმის რომელიმე მხარე არ შეასრულებს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მეორე მხარეს შეუძლია მიმართოს უშიშროების საბჭოს, რომელსაც, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია შეიმუშაოს რეკომენდაციები ან მიიღოს ზომები გადაწყვეტილების აღსრულებისთვის. მუხლი 95🔗 წინამდებარე ქარტიაში არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებს, თავიანთი უთანხმოების მოგვარება მიანდონ სხვა ტრიბუნალებს უკვე არსებული ან ისეთი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც შეიძლება დაიდოს მომავალში. მუხლი 96🔗 1. გენერალურ ასამბლეას ან უშიშროების საბჭოს შეუძლიათ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსთხოვონ საკონსულტაციო დასკვნის გაცემა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე. 2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოებს ან სპეციალიზებულ სააგენტოებს, რომლებსაც შეიძლება ნებისმიერ დროს მიეცეს შესაბამისი ნებართვა გენერალური ასამბლეის მიერ, ასევე შეუძლიათ, მოითხოვონ სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნები მათი საქმიანობის ფარგლებში წამოჭრილ სამართლებრივ საკითხებზე. თავი XV სამდივნო მუხლი 97🔗 სამდივნო შედგება გენერალური მდივნისგან და ისეთი პერსონალისაგან, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს ორგანიზაციისთვის. გენერალური მდივანი უნდა დაინიშნოს გენერალური ასამბლეის მიერ, უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე. ის არის ორგანიზაციის მთავარი ადმინისტრაციული ოფიცერი. მუხლი 98🔗 გენერალურმა მდივანმა ამ უფლებამოსილებით მონაწილეობა უნდა მიიღოს გენერალური ასამბლეის, უშიშროების საბჭოს, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს და სამეურვეო საბჭოს ყველა შეხვედრაში და უნდა შეასრულოს სხვა ისეთი ფუნქციები, რომლებსაც მას განუსაზღვრავენ ხსენებული ორგანოები. გენერალურმა მდივანმა გენერალურ ასამბლეას უნდა წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. მუხლი 99🔗 გენერალურ მდივანს შეუძლია, უშიშროების საბჭოს წინაშე დასვას ნებისმიერი ისეთი საკითხი, რომელიც, მისი აზრით, შეიძლება დაემუქროს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. მუხლი 100🔗 1. თავისი მოვალეობების შესრულებისას, გენერალურმა მდივანმა და პერსონალმა არ უნდა მოითხოვონ ან მიიღონ მითითებები რომელიმე მთავრობისგან ან ორგანიზაციის გარეთ არსებული რომელიმე ორგანოსგან. მათ თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლებოდა გავლენა მოახდინოს მათზე, როგორც მხოლოდ ორგანიზაციის წინაშე პასუხისმგებელი საერთაშორისო თანამდებობის პირების პოზიციაზე. 2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თითოეული წევრი იღებს ვალდებულებას, პატივი სცეს გენერალური მდივნისა და პერსონალის პასუხისმგებლობების ექსკლუზიურად საერთაშორისო ხასიათს და არ შეეცადოს მათზე ზეგავლენის მოხდენას მათი პასუხისმგებლობის განხორციელებისას. მუხლი 101🔗 1. პერსონალი უნდა დაინიშნოს გენერალური მდივნის მიერ, გენერალური ასამბლეის მიერ დადგენილი წესების თანახმად. 2. შესაბამისი პერსონალი მუდმივად უნდა გამოიყოს ეკონომიკური და სოციალური საბჭოსთვის, სამეურვეო საბჭოსთვის და, საჭიროების მიხედვით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოებისთვის. ეს პერსონალი შეადგენს სამდივნოს ნაწილს. 3. პერსონალის დასაქმებისას და მუშაობის პირობების განსაზღვრისას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ეფექტიანობის, კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფის საჭიროებას. სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს პერსონალის შეძლებისდაგვარად ფართო გეოგრაფიულ საფუძველზე შერჩევის მნიშვნელობას. თავი XVI დასკვნითი დებულებები მუხლი 102🔗 1. ყველა ხელშეკრულება და ყველა საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც დადებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერი წევრის მიერ წინამდებარე ქარტიის ძალაში შესვლის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დარეგისტრირდეს სამდივნოში და გამოქვეყნდეს მის მიერ. 2. არცერთ მხარეს, რომელიც არის ისეთი ხელშეკრულების ან საერთაშორისო შეთანხმების მხარე, რომელიც არ არის დარეგისტრირებული წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არ შეუძლია ამ ხელშეკრულებაზე ან შეთანხმებაზე მითითება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რომელიმე ორგანოს წინაშე. მუხლი 103🔗 იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს კონფლიქტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების წინამდებარე ქარტიიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და ნებისმიერი სხვა საერთაშორისო შეთანხმებით მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს შორის, უპირატესობა უნდა მიენიჭოს წინამდებარე ქარტიიდან გამომდინარე ვალდებულებებს. მუხლი 104🔗 ორგანიზაციამ თითოეული თავისი წევრის ტერიტორიაზე უნდა ისარგებლოს ისეთი უფლებაუნარიანობით, რომელიც შეიძლება აუცილებელი იყოს მისი ფუნქციების შესასრულებლად და მისი მიზნების მისაღწევად. მუხლი 105🔗 1. ორგანიზაციამ თითოეული თავისი წევრის ტერიტორიაზე უნდა ისარგებლოს ისეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც აუცილებელია მისი მიზნების მისაღწევად. 2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების წარმომადგენლებმა და მისმა თანამდებობის პირებმა ანალოგიურად უნდა ისარგებლობენ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც აუცილებელია მათ მიერ ორგანიზაციასთან დაკავშირებული თავიანთი ფუნქციების დამოუკიდებლად შესრულებისთვის. 3. გენერალურ ასამბლეას შეუძლია, შეიმუშაოს რეკომენდაციები წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედების დეტალების განსაზღვრისთვის ან, ამ მიზნით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებს შესთავაზოს კონვენციები. თავი XVII უსაფრთხოების გარდამავალი დებულებები მუხლი 106🔗 43-ე მუხლში აღნიშნული ისეთი სპეციალური შეთანხმებების ძალაში შესვლამდე, რომლებიც, უშიშროების საბჭოს მოსაზრებით, აძლევს მას 42-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული თავისი პასუხისმგებლობის განხორციელების დაწყების საშუალებას, 1943 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვში ხელმოწერილი „ოთხი ერის დეკლარაციის“ მხარეებმა და საფრანგეთმა, ამ დეკლარაციის მე-5 პუნქტის დებულებათა შესაბამისად, უნდა გამართონ კონსულტაციები ერთმანეთთან და, თუ საჭიროება მოითხოვს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა წევრებთან, ორგანიზაციის სახელით ისეთი ერთობლივი მოქმედების თაობაზე, რომელიც შეიძლება აუცილებელი იყოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. მუხლი 107🔗 წინამდებარე ქარტიაში არაფერმა უნდა გააბათილოს ან გამორიცხოს მოქმედება იმ სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელიც იყო წინამდებარე ქარტიის ხელმომწერი სახელმწიფოს მოწინააღმდეგე მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, და რომელიც ამ ომის შედეგად განხორციელდა ან ნებადართული იქნა ასეთი მოქმედებისთვის პასუხისმგებელი მთავრობების მიერ. თავი XVIII შესწორებები მუხლი 108🔗 შესწორებები წინამდებარე ქარტიაში ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრისთვის, როდესაც ისინი მიღებულია გენერალური ასამბლეის წევრთა ორი მესამედის ხმებით და რატიფიცირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების ორი მესამედის, მათ შორის, უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრის მიერ, თავიანთი შესაბამისი კონსტიტუციური პროცესების შესაბამისად. მუხლი 109🔗 1. წინამდებარე ქარტიის გადასინჯვის მიზნით შეიძლება მოწვეულ იქნეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრთა გენერალური კონფერენცია იმ თარიღში და იმ ადგილას, რომლებიც განისაზღვრება გენერალური ასამბლეის წევრთა ორი მესამედის ხმებით და უშიშროების საბჭოს ნებისმიერი ცხრა წევრის ხმით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თითოეულ წევრს კონფერენციაზე უნდა ჰქონდეს ერთი ხმა. 2. წინამდებარე ქარტიის ნებისმიერი ცვლილება, რომელიც რეკომენდებული იქნება კონფერენციის მონაწილეთა ორი მესამედის ხმებით, ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრთა ორი მესამედის, მათ შორის, უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრის მიერ თავიანთი შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად რატიფიცირების შემდეგ. 3. თუ ასეთი კონფერენცია არ ჩატარდება წინამდებარე ქარტიის ძალაში შესვლიდან გენერალური ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიამდე, ასეთი კონფერენციის მოწვევის შესახებ წინადადება უნდა შევიდეს გენერალური ასამბლეის ამავე სესიის დღის წესრიგში და კონფერენცია უნდა ჩატარდეს, თუ ეს გადაწყდება გენერალური ასამბლეის წევრთა უმრავლესობის ხმებით და უშიშროების საბჭოს ნებისმიერი შვიდი წევრის ხმით. თავი XIX რატიფიკაცია და ხელმოწერა მუხლი 110🔗 1. წინამდებარე ქარტია ექვემდებარება რატიფიკაციას მისი ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ, თავიანთი შესაბამისი კონსტიტუციური პროცესების შესაბამისად. 2. სარატიფიკაციო სიგელები უნდა დეპონირდეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან, რომელმაც თითოეული დეპონირების შესახებ უნდა აცნობოს ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს, ასევე – ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, როდესაც ის დაინიშნება. 3. წინამდებარე ქარტია ძალაში შედის ჩინეთის რესპუბლიკის, საფრანგეთის, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ხელმომწერ სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ სარატიფიკაციო სიგელების დეპონირებისას. ამის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა შეადგინოს ოქმი დეპონირებული სარატიფიკაციო სიგელების შესახებ, რომლის ასლები უნდა გაუგზავნოს ქარტიის ხელმომწერ ყველა სახელმწიფოს. 4. წინამდებარე ქარტიის ხელმომწერი სახელმწიფოები, რომლებიც ქარტიის რატიფიცირებას მოახდენენ მისი ძალაში შესვლის შემდეგ, გახდებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავდაპირველი წევრები თავიანთი შესაბამისი სარატიფიკაციო სიგელების დეპონირების თარიღიდან. მუხლი 111🔗 წინამდებარე ქარტია, რომლის ჩინური, ფრანგული, რუსული, ინგლისური და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, უნდა დარჩეს დეპონირებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის არქივებში. მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები აღნიშნული მთავრობის მიერ უნდა გაეგზავნოს სხვა ხელმომწერი სახელმწიფოების მთავრობებს. რის დასტურადაც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავრობათა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე ქარტიას. შესრულებულია ქალაქ სან-ფრანცისკოში, ათას ცხრაას ორმოცდახუთი წლის ოცდაექვს ივნისს. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდება მუხლი 1🔗 მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, რომელიც გაერთიანებული ერების წესდებით შექმნილია გაერთიანებული ერების მთავარ სასამართლო ორგანოდ, უნდა დაფუძნდეს და საქმიანობა უნდა განახორციელოს წინამდებარე წესდების დებულებათა შესაბამისად. თავი I სასამართლოს სტრუქტურა მუხლი 2🔗 სასამართლო უნდა შედგებოდეს დამოუკიდებელი მოსამართლეების კოლეგიისგან, რომლებიც, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, არჩეული არიან მაღალი მორალური თვისებების მქონე პირთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ მათ შესაბამის ქვეყნებში უმაღლეს სასამართლო თანამდებობებზე დანიშვნისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან არიან აღიარებული კომპეტენციის მქონე იურისტები საერთაშორისო სამართალში. მუხლი 3🔗 1. სასამართლო უნდა შედგებოდეს თხუთმეტი წევრისაგან, რომელთაგან არ შეიძლება იყოს ერთი და იმავე სახელმწიფოს ორი მოქალაქე. 2. ირი, რომელიც სასამართლოს წევრობის მიზნებისთვის შეიძლება განიხილებოდეს ერთზე მეტი სახელმწიფოს მოქალაქედ, უნდა ჩაითვალოს იმ სახელმწიფოს მოქალაქედ, რომელშიც ის ჩვეულებრივ სარგებლობს თავისი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით. მუხლი 4🔗 1. სასამართლოს წევრები უნდა აირჩნენ გენერალური ასამბლეის და უშიშროების საბჭოს მიერ იმ პირთა სიიდან, რომლებიც წარდგენილნი არიან არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლოს ეროვნული ჯგუფების მიერ, ქვემოთ მოცემული დებულებების თანახმად. 2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იმ წევრების შემთხვევაში, რომლებიც არ არიან წარმოდგენილნი არბიტრაჟის მუდმივმოქმედ სასამართლოში, კანდიდატები უნდა წარადგინოს ამ მიზნისათვის მათი მთავრობების მიერ დანიშნულმა ეროვნულმა ჯგუფებმა იმავე პირობების დაცვით, როგორც ეს განსაზღვრულია არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლოს წევრებისთვის „საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ“ ჰააგის 1907 წლის კონვენციის 44-ე მუხლით. 3. ის პირობები, რომლის მიხედვითაც წინამდებარე წესდების მხარე სახელმწიფოს, რომელიც არ არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი, შეუძლია მონაწილეობის მიღება სასამართლოს წევრების არჩევაში, სპეციალური შეთანხმების არარსებობისას, უნდა განსაზღვროს გენერალურმა ასამბლეამ, უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე. მუხლი 5🔗 1. არჩევნების თარიღამდე არაუგვიანეს სამი თვით ადრე, გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა წერილობითი თხოვნით უნდა მიმართოს არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლოს წევრებს, რომლებიც მიეკუთვნებიან წინამდებარე წესდების მხარე სახელმწიფოებს, და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით დანიშნული ეროვნული ჯგუფების წევრებს, და იწვევს მათ, რათა დადგენილი ვადის განმავლობაში, ეროვნულმა ჯგუფებმა წარადგინონ კანდიდატები, რომლებიც მზად არიან, იკისრონ სასამართლოს წევრის მოვალეობები. 2. არცერთ ჯგუფს არ შეუძლია ოთხზე მეტი კანდიდატის წარდგენა, რომელთაგან მათი საკუთარი მოქალაქე არ უნდა იყოს ორზე მეტი. ჯგუფის მიერ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ვაკანტური ადგილების ორმაგ რაოდენობას. მუხლი 6🔗 თითოეულ ჯგუფს, კანდიდატების დასახელებამდე, ეძლევა რეკომენდაცია, რომ კონსულტაცია გამართოს თავისი ქვეყნის მართლმსაჯულების უმაღლეს სასამართლოსთან, იურიდიულ ფაკულტეტებთან, სამართლის სკოლებთან და სამართლის შემსწავლელ ეროვნულ აკადემიებთან და საერთაშორისო აკადემიების ეროვნულ განყოფილებებთან. მუხლი 7🔗 1. გენერალურმა მდივანმა უნდა მოამზადოს ამგვარად დასახელებული ყველა პირის სია ანბანური თანმიმდევრობით. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, მხოლოდ ასეთი პირების არჩევა უნდა იყოს შესაძლებელი. 2. გენერალურმა მდივანმა ეს სია უნდა წარუდგინოს გენერალურ ასამბლეას და უშიშროების საბჭოს. მუხლი 8🔗 გენერალურმა ასამბლეამ და უშიშროების საბჭომ სასამართლოს წევრები უნდა აირჩიონ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. მუხლი 9🔗 ყოველი არჩევნებისას ამომრჩევლებმა მხედველობაში უნდა მიიღონ არა მხოლოდ ის, რომ ასარჩევი პირები ინდივიდუალურად უნდა აკმაყოფილებდნენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არამედ ისიც, რომ მთლიანად სასამართლოში უზრუნველყოფილ იქნეს ცივილიზაციის მთავარი ფორმებისა და მსოფლიოს ძირითადი სამართლებრივი სისტემების წარმომადგენლობა. მუხლი 10🔗 1. არჩეულად უნდა ჩაითვალონ კანდიდატები, რომლებიც გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოში მიიღებენ ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას. 2. ნებისმიერი კენჭისყრა უშიშროების საბჭოში როგორც მოსამართლეთა არჩევისას, ისე მე-12 მუხლით გათვალისწინებული კონფერენციის წევრთა დანიშვნისას, უნდა ჩატარდეს უშიშროების საბჭოს მუდმივ და არამუდმივ წევრებს შორის ყოველგვარი განსხვავების გარეშე. 3. იმ შემთხვევაში, თუ გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოში ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს ერთი და იმავე სახელმწიფოს ერთზე მეტი მოქალაქე, არჩეულად უნდა ჩაითვალოს მათ შორის ასაკით უფროსი. მუხლი 11🔗 თუ არჩევნებისთვის მოწვეული პირველი სხდომის შემდეგ ერთი ან რამდენიმე ადგილი დარჩება ვაკანტური, უნდა გაიმართოს მეორე და, საჭიროების შემთხვევაში, მესამე შეხვედრა. მუხლი 12🔗 1. თუ მესამე სხდომის შემდეგ ერთი ან რამდენიმე ადგილი კვლავ ვაკანტური დარჩება, მაშინ ნებისმიერ დროს, გენერალური ასამბლეის ან უშიშროების საბჭოს მოთხოვნით, შეიძლება მოწვეულ იქნეს ერთობლივი კონფერენცია ექვსი წევრის შემადგენლობით, რომელთაგან სამი დანიშნულია გენერალური ასამბლეის, სამი კი – უშიშროების საბჭოს მიერ, რათა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით შერჩეულ იქნეს ერთი პირი თითოეული ვაკანტური ადგილისთვის და წარედგინოს გენერალურ ასამბლეას და უშიშროების საბჭოს მათი შესაბამისი თანხმობისთვის. 2. თუ ერთობლივი კონფერენცია ერთხმად შეთანხმდება რომელიმე პირის კანდიდატურაზე, რომელიც აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს, ის შეიძლება შეტანილ იქნეს თავის სიაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ იყო მე-7 მუხლში მითითებულ კანდიდატთა სიაში. 3. თუ ერთობლივი კონფერენცია გადაწყვეტს, რომ ვერ შეძლებს არჩევნების ჩატარებას, სასამართლოს უკვე არჩეულმა წევრებმა, უშიშროების საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, უნდა დაიწყონ ვაკანტური ადგილების შევსება სასამართლოს წევრების შერჩევის გზით იმ კანდიდატთა რიცხვიდან, რომლებმაც ხმები მოიპოვეს გენერალურ ასამბლეაში ან უშიშროების საბჭოში. 4. მოსამართლეთა თანაბარი ხმების შემთხვევაში, ასაკით უფროსს მოსამართლეს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ხმის უფლება. მუხლი 13🔗 1. სასამართლოს წევრები უნდა აირჩნენ ცხრა წლის ვადით და შეიძლება ხელმეორედ იქნენ არჩეული. თუმცა, პირველ არჩევნებზე არჩეული მოსამართლეებიდან ხუთი მოსამართლის უფლებამოსილების ვადა უნდა ამოიწუროს სამი წლის შემდეგ, ხოლო კიდევ ხუთი მოსამართლის უფლებამოსილების ვადა – ექვსი წლის შემდეგ. 2. ის მოსამართლეები, რომელთა უფლებამოსილების ვადა იწურება ზემოხსენებული სამი და ექვსი წლის საწყისი პერიოდის ბოლოს, უნდა გამოავლინოს გენერალურმა მდივანმა წილისყრის საშუალებით დაუყოვნებლივ, პირველი არჩევნების დასრულების შემდეგ. 3. სასამართლოს წევრებმა უნდა გააგრძელონ თავიანთი მოვალეობების შესრულება მათი ადგილების შევსებამდე. მათი ჩანაცვლების შემდეგაც, მათ უნდა დაასრულონ დაწყებული საქმეები. 4. სასამართლოს წევრის გადადგომის შემთხვევაში, განცხადება გადადგომის შესახებ უნდა გაეგზავნოს სასამართლოს პრეზიდენტს, გენერალური მდივნისთვის გადასაცემად. ამ უკანასკნელის მიერ განცხადების მიღების შემდეგ ადგილი ითვლება ვაკანტურად. მუხლი 14🔗 ვაკანსიები უნდა შეივსოს იმავე მეთოდით, რომელიც დადგენილია პირველი არჩევნებისთვის, შემდეგი დებულების დაცვით: ვაკანსიის გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, გენერალურმა მდივანმა უნდა დაიწყოს მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოწვევების გაგზავნა, არჩევნების თარიღი კი უნდა განსაზღვროს უშიშროების საბჭომ. მუხლი 15🔗 სასამართლოს წევრი, რომელიც არჩეულია იმ წევრის ნაცვლად, რომლის უფლებამოსილების ვადა არ არის გასული, თანამდებობაზე უნდა დარჩეს თავისი წინამორბედის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. მუხლი 16🔗 1. სასამართლოს წევრს არ შეუძლია რაიმე პოლიტიკური და ადმინისტრაციული ფუნქციის შესრულება ან პროფესიული ხასიათის სხვა საქმიანობის განხორციელება. 2. ნებისმიერი ეჭვი აღნიშნული საკითხის შესახებ უნდა გადაწყდეს სასამართლოს განჩინებით. მუხლი 17🔗 1. სასამართლოს წევრს არ შეუძლია წარმომადგენლის, მრჩევლის ან ადვოკატის ფუნქციის შესრულება რომელიმე საქმეში. 2. სასამართლოს წევრს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება რომელიმე საქმის გადაწყვეტაში, რომელშიც ის ადრე მონაწილეობდა, როგორც ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი, მრჩეველი ან ადვოკატი, ან ეროვნული ან საერთაშორისო სასამართლოს ან საგამოძიებო კომისიის წევრი, ან რაიმე სხვა უფლებამოსილებით. 3. ნებისმიერი ეჭვი აღნიშნული საკითხის შესახებ უნდა გადაწყდეს სასამართლოს განჩინებით. მუხლი 18🔗 1. სასამართლოს წევრი არ შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დანარჩენ წევრთა ერთსულოვანი აზრით, იგი ვეღარ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს. 2. ამის შესახებ გენერალურ მდივანს ოფიციალურად უნდა შეატყობინოს რეგისტრატორმა. 3. ამ შეტყობინების მიღების შემდეგ, ადგილი ითვლება ვაკანტურად. მუხლი 19🔗 სასამართლოს წევრებმა, მათ მიერ სასამართლოსთან დაკავშირებული საქმიანობის შესრულებისას, უნდა ისარგებლონ დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით. მუხლი 20🔗 სასამართლოს თითოეულმა წევრმა, უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე, სასამართლოს ღია სხდომაზე უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ ის თავის უფლებამოსილებას შეასრულებს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად. მუხლი 21🔗 1. სასამართლომ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი სამი წლის ვადით. ისინი შეიძლება ხელმეორედ იქნენ არჩეული. 2. სასამართლომ უნდა დანიშნოს თავისი რეგისტრატორი და შეუძლია, მიიღოს ზომები სხვა ისეთი ოფიცრების დანიშვნის შესახებ, რომელთა დანიშვნა შეიძლება საჭირო აღმოჩნდეს. მუხლი 22🔗 1. სასამართლო უნდა განთავსდეს ჰააგაში. თუმცა, ეს ხელს არ უშლის სასამართლოს, შეიკრიბოს და შეასრულოს თავისი ფუნქციები სხვა ადგილებში, როდესაც სასამართლო ამას მიზანშეწონილად ჩათვლის. 2. სასამართლოს პრეზიდენტი და რეგისტრატორი უნდა ცხოვრობდნენ სასამართლოს განთავსების ადგილზე. მუხლი 23🔗 1. სასამართლო მუდმივად უნდა იმყოფებოდეს სესიის რეჟიმში, გარდა სასამართლო დასვენების დღეებისა, რომელთა თარიღებსა და ხანგრძლივობას ადგენს სასამართლო. 2. სასამართლოს წევრებს აქვთ პერიოდული შვებულების უფლება, რომლის თარიღებსა და ხანგრძლივობას ადგენს სასამართლო, ჰააგასა და თითოეული მოსამართლის საცხოვრებელ ადგილს შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით. 3. სასამართლოს წევრები ვალდებული არიან, მუდმივად იმყოფებოდნენ სასამართლოს განკარგულებაში, გარდა შვებულებაში ყოფნისას, ან ავადმყოფობის ან სხვა სერიოზული მიზეზების გამო გამოუცხადებლობისას, რაც სათანადოდ უნდა განემარტოს პრეზიდენტს. მუხლი 24🔗 1. თუ რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გამო სასამართლოს წევრი თვლის, რომ მან მონაწილეობა არ უნდა მიიღოს კონკრეტული საქმის გადაწყვეტაში, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს პრეზიდენტს. 2. თუ პრეზიდენტი თვლის, რომ სასამართლოს რომელიმე წევრი, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გამო, არ უნდა მონაწილეობდეს კონკრეტული საქმის განხილვაში, პრეზიდენტმა შესაბამისად უნდა გააფრთხილოს ის აღნიშნულის შესახებ. 3. თუ რომელიმე ასეთ შემთხვევაში სასამართლოს წევრსა და პრეზიდენტს შორის წამოიჭრება აზრთა სხვადასხვაობა, საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლოს განჩინებით. მუხლი 25🔗 1. სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრული შემადგენლობით, თუ წინამდებარე წესდებით პირდაპირ არ არის სხვაგვარად განსაზღვრული. 2. იმ პირობით, რომ სასამართლოს ფორმირებისთვის საკმარისი მოსამართლეების რაოდენობა არ არის თერთმეტზე ნაკლები, სასამართლოს წესებმა შეიძლება გაითვალისწინოს, რომ ერთი ან რამდენიმე მოსამართლე, გარემოებათა შესაბამისად და მორიგეობით, შეიძლება გათავისუფლდნენ განხილვაში მონაწილეობისაგან. 3. ცხრა მოსამართლისგან შემდგარი კვორუმი საკმარისი უნდა იყოს სასამართლოს ფორმირებისთვის. მუხლი 26🔗 1. სასამართლოს შეუძლია, დროდადრო შექმნას ერთი ან მეტი პალატა, სამი ან მეტი მოსამართლის შემადგენლობით, როგორც ამას სასამართლო განსაზღვრავს, გარკვეული კატეგორიის საქმეებისთვის, მაგალითად, შრომითი საქმეებისთვის და ტრანზიტთან და კომუნიკაციებთან დაკავშირებული საქმეებისთვის. 2. სასამართლოს შეუძლია, ნებისმიერ დროს შექმნას პალატა კონკრეტული საქმის განხილვისთვის. ასეთი პალატის შემადგენლობაში მყოფი მოსამართლეების რიცხვი უნდა განსაზღვროს სასამართლომ, მხარეთა თანხმობით. 3. საქმეები უნდა მოისმინოს და განიხილოს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულმა პალატებმა, თუ ამას მხარეები ითხოვენ. მუხლი 27🔗 26-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ჩაითვალოს სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებად. მუხლი 28🔗 26-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებულ პალატებს, მხარეთა თანხმობით, სხდომის ჩატარება და თავიანთი ფუნქციების შესრულება შეუძლიათ ჰააგის გარდა სხვა ადგილებშიც. მუხლი 29🔗 საქმიანობის სწრაფად განხორციელების მიზნით, სასამართლომ ყოველწლიურად უნდა შექმნას ხუთი მოსამართლისგან შემდგარი პალატა, რომელსაც, მხარეთა მოთხოვნით, შეუძლია საქმეთა განხილვა და გადაწყვეტა გამარტივებული სამართალწარმოების წესით. გარდა ამისა, უნდა შეირჩეს ორი მოსამართლე, რომლებიც ჩაანაცვლებენ იმ მოსამართლეებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საქმის განხილვაში მონაწილეობა. მუხლი 30🔗 1. სასამართლომ უნდა მიიღოს წესები თავისი ფუნქციების შესრულებისთვის. კერძოდ, მან უნდა შეიმუშაოს საპროცედურო წესები. 2. სასამართლოს წესებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მსაჯულების მონაწილეობა სასამართლოს ან მისი პალატების სხდომებში, ხმის მიცემის უფლების გარეშე. მუხლი 31🔗 1. თითოეული მხარის მოქალაქეობის მქონე მოსამართლეებმა უნდა შეინარჩუნონ სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში მონაწილეობის უფლება. 2. თუ სასამართლოს შემადგენლობაში იმყოფება ერთ-ერთი მხარის მოქალაქეობის მქონე მოსამართლე, ნებისმიერ სხვა მხარეს შეუძლია პირის არჩევა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მოსამართლედ. ასეთი პირი, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა აირჩეს იმ პირთაგან, რომლებიც დასახელებული იყვნენ კანდიდატებად მე-4 და მე-5 მუხლების მიხედვით. 3. თუ სასამართლოს შემადგენლობაში არ არის მხარეთა მოქალაქეობის მქონე მოსამართლე, თითოეულ მხარეს შეუძლია მოსამართლის არჩევა წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით. 4. წინამდებარე მუხლის დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს 26-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტმა სასამართლოს ერთ, ან, საჭიროების შემთხვევაში, ორ წევრს პალატის შემადგენლობიდან უნდა მოსთხოვოს, რომ ადგილი დაუთმონ შესაბამისი მხარეების მოქალაქეობის მქონე სასამართლოს წევრებს, ან, თუ ეს ვერ მოხერხდა, ან თუ მათი მონაწილეობა შეუძლებელია – მხარეების მიერ სპეციალურად არჩეულ მოსამართლეებს. 5. თუ არსებობს რამდენიმე მხარე ერთი და იმავე ინტერესით, წინამდებარე დებულებების მიზნებისთვის, ისინი განხილულ უნდა იქნენ მხოლოდ ერთ მხარედ. ნებისმიერი ეჭვი აღნიშნული საკითხის შესახებ უნდა გადაწყდეს სასამართლოს განჩინებით. 6. მოსამართლეები, რომლებიც არჩეული არიან წინამდებარე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, უნდა აკმაყოფილებდნენ წინამდებარე წესდების მე-2 მუხლით, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-20 მუხლით და 24-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გადაწყვეტილების მიღებაში მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ თავიანთ კოლეგებთან სრული თანასწორობის პირობებში. მუხლი 32🔗 1. სასამართლოს თითოეულმა წევრმა უნდა მიიღოს წლიური ხელფასი. 2. პრეზიდენტმა უნდა მიიღოს სპეციალური წლიური დანამატი. 3. ვიცე-პრეზიდენტმა უნდა მიიღოს სპეციალური დანამატი თითოეული დღისთვის, როდესაც ის ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. 4. 31-ე მუხლის მიხედვით არჩეულმა მოსამართლეებმა, რომლებიც არ არიან სასამართლოს წევრები, უნდა მიიღონ გასამრჯელო მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების თითოეული დღისთვის. 5. აღნიშნული ხელფასები, დანამატები და გასამრჯელო უნდა დაადგინოს გენერალურმა ასამბლეამ. არ შეიძლება მათი შემცირება უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. 6. რეგისტრატორის ხელფასი უნდა დაადგინოს გენერალურმა ასამბლეამ, სასამართლოს წარდგინების საფუძველზე. 7. გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეგულაციებით უნდა განისაზღვროს პირობები, რომლის მიხედვითაც სასამართლოს წევრები და რეგისტრატორი მიიღებენ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებული პენსიებს, ასევე – პირობებს, რომლითაც სასამართლოს წევრებს და რეგისტრატორს უნდა აუნაზღაურდეთ თავიანთი სამგზავრო ხარჯები. 8. ზემოაღნიშნული ხელფასები, დანამატები და გასამრჯელო უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი გადასახადით დაბეგვრისგან. მუხლი 33🔗 სასამართლოს ხარჯები უნდა გაიღოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ იმ ფორმით, რომელსაც განსაზღვრავს გენერალური ასამბლეა. თავი II სასამართლოს კომპეტენცია მუხლი 34🔗 1. მხოლოდ სახელმწიფოები შეიძლება იყვნენ სასამართლოს მიერ განსახილველი საქმეების მხარეები. 2. სასამართლოს, თავისი წესების დაცვით და მის შესაბამისად, შეუძლია საერთაშორისო საჯარო ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს მის მიერ განსახილველი საქმეებისთვის რელევანტური ინფორმაცია, და უნდა მიიღოს ასეთი ორგანიზაციების მიერ თავიანთი ინიციატივით წარმოდგენილი ასეთი ინფორმაცია. 3. როდესაც სასამართლოს მიერ განსახილველი საქმე ეხება საერთაშორისო საჯარო ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან ამ დოკუმენტის მიხედვით დადებული საერთაშორისო კონვენციის განმარტებას, რეგისტრატორმა ამის შესახებ უნდა შეატყობინოს შესაბამის საერთაშორისო საჯარო ორგანიზაციას და უნდა გადაუგზავნოს მას მთლიანი წერილობითი წარმოების ასლები. მუხლი 35🔗 1. სასამართლო ხელმისაწვდომი უნდა იყოს წინამდებარე წესდების მხარე სახელმწიფოებისთვის. 2. პირობები, რომლებითაც სასამართლო ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვა სახელმწიფოებისთვის, ძალაში მყოფ ხელშეკრულებებში მოცემული სპეციალური დებულებების დაცვით, უნდა განსაზღვროს უშიშროების საბჭომ, თუმცა ასეთმა პირობებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩააყენოს მხარეები არათანასწორ მდგომარეობაში სასამართლოს წინაშე. 3. როდესაც სახელმწიფო, რომელიც არ არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი, არის საქმის მხარე, სასამართლომ უნდა განსაზღვროს თანხა, რომელიც ამ მხარემ უნდა შეიტანოს სასამართლოს ხარჯების დასაფარად. წინამდებარე დებულება არ უნდა იქნეს გამოყენებული, თუ მოცემული სახელმწიფო უკვე ფარავს სასამართლოს ხარჯების ნაწილს. მუხლი 36🔗 1. სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს ყველას საქმეს, რომელსაც მას გადასცემენ მხარეები, და ყველა საკითხს, რომელიც სპეციალურად არის გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით ან ძალაში მყოფი ხელშეკრულებებითა და კონვენციებით. 2. წინამდებარე წესდების მხარეებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს განაცხადონ, რომ ისინი ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც იკისრა იგივე ვალდებულება, ipso facto სავალდებულოდ და სპეციალური შეთანხმების გარეშე, აღიარებენ სასამართლოს იურისდიქციას ყველა სამართლებრივ დავაზე, რომელიც შეეხება: ხელშეკრულების განმარტებას; საერთაშორისო სამართლის ნებისმიერ საკითხს; ფაქტის არსებობას, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, ჩაითვლებოდა საერთაშორისო ვალდებულების დარღვევად; საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის გამო განსახორციელებელი რეპარაციის სახეს ან მოცულობას; 3. ზემოაღნიშნული განცხადებები შეიძლება გაკეთდეს უპირობოდ ან ნაცვალგების პირობით რამდენიმე ან კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ან განსაზღვრული ვადით. 4. ასეთი განცხადებები უნდა დეპონირდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, რომელმაც მათი ასლები უნდა გაუგზავნოს წინამდებარე წესდების მხარეებს და სასამართლოს რეგისტრატორს. 5. საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედი სასამართლოს წესდების 36-ე მუხლის საფუძველზე გაკეთებული და ისევ ძალაში მყოფი განცხადებები, წინამდებარე წესდების მხარეთა შორის უნდა ჩაითალოს მათ მიერ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სავალდებულო იურისდიქციის აღიარებად, ამ განცხადებათა მოქმედების ვადის განმავლობაში და მათი პირობების შესაბამისად. 6. სასამართლოს იურისდიქციასთან დაკავშირებული დავა უნდა გადაწყდეს სასამართლოს განჩინებით. მუხლი 37🔗 როდესაც ძალაში მყოფი ხელშეკრულება ან კონვენცია ითვალისწინებს საკითხის გადაცემას ერთა ლიგის მიერ დაფუძნებული ტრიბუნალისთვის ან საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედი სასამართლოსთვის, წინამდებარე წესდების მხარეებს შორის წამოჭრილი ასეთი საკითხი უნდა გადაეცეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს. მუხლი 38🔗 1. სასამართლომ, რომლის ფუნქციაა მისთვის გადაცემული დავების საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გადაწყვეტა, უნდა გამოიყენოს: საერთაშორისო კონვენციები, როგორც ზოგადი, ისე – სპეციალური, რომლებიც ადგენს მოდავე სახელმწიფოების მიერ პირდაპირ აღიარებულ წესებს; საერთაშორისო ჩვეულება, როგორც მტკიცებულება სამართლად აღიარებული ზოგადი პრაქტიკისა; ცივილიზებული ერების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპები; 59-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, სასამართლო გადაწყვეტილებები და სხვადასხვა ერის ყველაზე მეტად კვალიფიციური პუბლიცისტების სწავლებები, როგორც სამართლის წესების დადგენის დამხმარე საშუალებები. 2. წინამდებარე დებულება ხელს არ უშლის სასამართლოს უფლებამოსილებას, გადაწყვიტოს საქმე ex aequo et bono, თუ მხარეები ამას დათანხმდებიან. თავი III პროცედურა მუხლი 39🔗 1. სასამართლოს ოფიციალური ენებია ფრანგული და ინგლისური. თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ საქმისწარმოება უნდა განხორციელდეს ფრანგულ ენაზე, გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს ფრანგულ ენაზე. თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ საქმისწარმოება უნდა განხორციელდეს ინგლისურ ენაზე, გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე. 2. თუ არ არსებობს შეთანხმება გამოსაყენებელი ენის შესახებ, თითოეულ მხარეს შეუძლია, სასამართლო განხილვებში გამოიყენოს ენა, რომელსაც ის ანიჭებს უპირატესობას. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. ამ შემთხვევაში, სასამართლომ იმავდროულად უნდა განსაზღვროს, ორი ტექსტიდან თუ რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა. 3. ნებისმიერი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლომ შესაბამის მხარეს უნდა მისცეს ფრანგულისგან და ინგლისურისგან განსხვავებული ენით სარგებლობის უფლება. მუხლი 40🔗 1. შემთხვევიდან გამომდინარე, საქმეები სასამართლოს გადაეცემა, ან სპეციალური შეთანხმების შესახებ შეტყობინებით, ან რეგისტრატორის სახელზე მომზადებული წერილობითი განაცხადით. ორივე შემთხვევაში უნდა მიეთითოს დავის საგანი და მხარეები. 2. რეგისტრატორმა განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს ყველა შესაბამის პირს. 3. მან ამის შესახებ ასევე უნდა აცნობოს გაერთიანებულ ერების ორგანიზაციის წევრებს, გენერალური მდივნის მეშვეობით, და ასევე – სხვა სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ უფლება, წარსდგნენ სასამართლოს წინაშე. მუხლი 41🔗 1. სასამართლოს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, თუ ის ჩათვლის, რომ გარემოებები ამას მოითხოვს, განსაზღვროს ნებისმიერი დროებითი ზომა, რომელიც მიღებული უნდა იქნეს რომელიმე მხარის შესაბამის უფლებათა დაცვისთვის. 2. საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, შემოთავაზებული ზომების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოთ მხარეებს და უშიშროების საბჭოს. მუხლი 42🔗 1. მხარეები წარმოდგენილნი უნდა იყვნენ წარმომადგენლების მეშვეობით. 2. მათ შეუძლიათ, რომ სასამართლოში ისარგებლონ მრჩევლების ან ადვოკატების დახმარება. 3. სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლებმა, მრჩევლებმა და ადვოკატებმა უნდა ისარგებლონ მათი მოვალეობების დამოუკიდებლად შესრულებისთვის საჭირო პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით. მუხლი 43🔗 1. პროცედურა უნდა შედგებოდეს ორი – წერილობითი და ზეპირი – ნაწილისგან. 2. წერილობითი სამართალწარმოება უნდა მოიცავდეს სასამართლოსთვის და მხარეებისთვის გაგზავნილ მემორანდუმებს, შეგებებულ მემორანდუმებს და, საჭიროების შემთხვევაში, მათზე პასუხებს, ასევე – მათ დამადასტურებელ ყველა ქაღალდს და დოკუმენტს. 3. აღნიშნული კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს რეგისტრატორის მეშვეობით, სასამართლოს მიერ დადგენილი რიგითობით და ვადებში. 4. ერთი მხარის მიერ წარდგენილი თითოეული დოკუმენტის დამოწმებული ასლი უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს. 5. ზეპირი სამართალწარმოება უნდა მოიცავდეს სასამართლოს მიერ მოწმეების, ექსპერტების, წარმომადგენლების, მრჩევლებისა და ადვოკატების მოსმენას. მუხლი 44🔗 1. იმ პირებისთვის უწყებების ჩაბარების მიზნით, რომლებიც არ არიან წარმომადგენლები, მრჩევლები და ადვოკატები, სასამართლომ უნდა მიმართოს უშუალოდ იმ სახელმწიფოს მთავრობას, რომლის ტერიტორიაზეც უნდა ჩაჰბარდეს უწყება. 2. იგივე დებულება უნდა იქნეს გამოიყენებული იმ შემთხვევაშიც, როდესაც უნდა გადაიდგას ნაბიჯები ადგილზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად. მუხლი 45🔗 ზეპირი მოსმენა უნდა მიმდინარეობდეს პრეზიდენტის ან, თუ მას არ შეუძლია ხელმძღვანელობა, ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. თუ არცერთს შეუძლია ხელმძღვანელობა, სხდომას უნდა უხელმძღვანელოს დამსწრე მოსამართლეთაგან ყველაზე უფროსმა. მუხლი 46🔗 ზეპირი მოსმენა სასამართლოში უნდა იყოს საჯარო, თუ სასამართლო სხვაგვარად არ გადაწყვეტს ან თუ მხარეები არ მოითხოვენ, რომ საზოგადოება არ იყოს დაშვებული. მუხლი 47🔗 1. ყოველი ზეპირი მოსმენის შესახებ უნდა შედგეს ოქმი, რომელსაც ხელს აწერს პრეზიდენტი და რეგისტრატორი. 2. მხოლოდ ასეთი ოქმები უნდა იყოს ავთენტური. მუხლი 48🔗 სასამართლომ უნდა მიიღოს განკარგულებები საქმის წარმართვის შესახებ, უნდა განსაზღვროს ფორმები და ვადები თითოეული მხარის მიერ თავისი არგუმენტების წარმოდგენის შესახებ და მიიღოს მტკიცებულებების შეგროვებასთან დაკავშირებული ყველა ზომა. მუხლი 49🔗 სასამართლოს შეუძლია, საქმის მოსმენის დაწყებამდეც, მოსთხოვოს წარმომადგენლებს ნებისმიერი დოკუმენტის ან ახსნა-განმარტების წარმოდგენა. უარის შემთხვევა უნდა გაფორმდეს ოფიციალური აქტით. მუხლი 50🔗 სასამართლოს შეუძლია, ნებისმიერ დროს დაავალოს ნებისმიერ პირს, ორგანოს, ბიუროს, კომისიას ან მის მიერ შერჩეულ სხვა ორგანიზაციას მოკვლევის წარმოება და ექსპერტის მოსაზრების წარმოდგენა. მუხლი 51🔗 საქმის მოსმენის განმავლობაში საქმესთან დაკავშირებული ყველა კითხვა მოწმეებსა და ექსპერტებს უნდა დაესვას იმ პირობების დაცვით, რომელიც სასამართლოს მიერ განსაზღვრულია 30-ე მუხლში მითითებულ საპროცედურო წესებში. მუხლი 52🔗 მას შემდეგ, რაც სასამართლო მიიღებს მტკიცებულებებს ამ მიზნით დადგენილ ვადებში, მას შეუძლია, უარი განაცხადოს შემდგომი ზეპირი ან წერილობითი მტკიცებულების მიღებაზე, რომლის წარდგენაც სურს ერთ მხარეს, თუ მეორე მხარე არ დათანხმდება. მუხლი 53🔗 1. როდესაც ერთ-ერთი მხარე არ გამოცხადდება სასამარლოში, ან არ დაიცავს თავის პოზიციას, მეორე მხარეს შეუძლია, მოსთხოვოს სასამართლოს საქმის თავის მოთხოვნის სასარგებლოდ გადაწყვეტა. 2. სასამართლო ვალდებულია, ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებამდე, დარწმუნდეს არა მარტო იმაში, რომ აქვს იურისდიქცია 36-ე და 37-ე მუხლების თანახმად, არამედ იმაშიც, რომ მოთხოვნა სათანადოდ არის დასაბუთებული ფაქტობრივად და სამართლებრივად. მუხლი 54🔗 1. როდესაც, სასამართლოს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლები, მრჩევლები და ადვოკატები დაასრულებენ თავიანთი პოზიციების წარდგენას, პრეზიდენტმა ზეპირი მოსმენა უნდა გამოაცხადოს დამთავრებულად. 2. სასამართლო უნდა გავიდეს გადაწყვეტილების განსახილველად. 3. სასამართლოს თათბირი უნდა გაიმართოს დახურულ გარემოში და დარჩეს საიდუმლოდ. მუხლი 55🔗 1. ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს დამსწრე მოსამართლეთა ხმების უმრავლესობით. 2. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწვეტი ხმა უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს ან მის შემცვლელ მოსამართლეს. მუხლი 56🔗 1. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს არგუმენტებს, რომლებსაც იგი ეყრდნობა. 2. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს იმ მოსამართლეთა სახელებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში. მუხლი 57🔗 თუ გადაწყვეტილება მთლიანად ან ნაწილობრივ არ გამოხატავს მოსამართლეთა ერთსულოვან აზრს, მაშინ თითოეულ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს განსხვავებული აზრის წარმოდგენის უფლება. მუხლი 58🔗 გადაწყვეტილება ხელმოწერილი უნდა იყოს პრეზიდენტის და რეგისტრატორის მიერ. გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს სასამართლოს ღია სხდომაზე, მხარეთა წარმომადგენლებისთვის სათანადოდ შეტყობინების შემდეგ. მუხლი 59🔗 სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აქვს სავალდებულო ძალა, გარდა საქმის მხარეებისთვის და მოცემული კონკრეტული საქმის მიმართ. მუხლი 60🔗 გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. გადაწყვეტილების შინაარსის ან ფარგლების შესახებ დავის შემთხვევაში, ის უნდა განმარტოს სასამართლომ, ნებისმიერი მხარის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 61🔗 1. განაცხადი გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ეფუძნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ბუნების მქონე ფაქტის გამოვლენას, რომელიც გადაწყვეტილების გამოტანის დროს უცნობი იყო სასამართლოსთვის და გადასინჯვის მომთხოვნი მხარისთვის, ყოველთვის იმ პირობით, რომ ასეთი უცოდინრობა არ იყო დაუდევრობის შედეგი. 2. გადასინჯვის შესახებ წარმოება უნდა დაიწყოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც პირდაპირ ადგენს ახალი ფაქტის არსებობას; აღიარებს, რომ მისი ბუნება იძლევა საქმის გადასინჯვის საფუძველს და აცხადებს, რომ განაცხადი დასაშვებია აღნიშნულ საფუძველზე. 3. სასამართლოს შეუძლია, მოითხოვოს გადაწყვეტილების პირობების წინარე შესრულება გადასინჯვის შესახებ წარმოების დაწყებამდე. 4. განაცხადი გადასინჯვის შესახებ უნდა გაკეთდეს ახალი ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა. 5. განაცხადი გადასინჯვის შესახებ არ შეიძლება გაკეთდეს გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან ათი წლის გასვლის შემდეგ. მუხლი 62🔗 1. თუ რომელიმე სახელმწიფო თვლის, რომ აქვს სამართლებრივი სახის ინტერესი, რომელზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ, მას შეუძლია, მიმართოს სასამართლოს საქმეში ჩართვის ნებართვის მიღების შუამდგომლობით. 2. აღნიშნულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მუხლი 63🔗 1. როდესაც წამოიჭრება საკითხი იმ კონვენციის განმარტების შესახებ, რომლის მხარეებიც, საქმით დაინტერესებული სახელმწიფოების გარდა, არიან სხვა სახელმწიფოებიც, რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ასეთ სახელმწიფოებს. 2. ყოველ სახელმწიფოს, რომელმაც ასეთი შეტყობინება მიიღო, აქვს საქმეში ჩართვის უფლება. თუ ის ამ უფლებით ისარგებლებს, გადაწყვეტილებაში მოცემული განმარტება თანაბრად სავალდებულო იქნება მისთვის. მუხლი 64🔗 თუ სასამართლო სხვაგვარად არ გადაწყვეტს, თითოეულმა მხარემ უნდა გაიღოს საკუთარი ხარჯები. თავი IV საკონსულტაციო დასკვნები მუხლი 65🔗 1. სასამართლოს შეუძლია საკონსულტაციო დასკვნის გაცემა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე ნებისმიერი ორგანოს მოთხოვნით, რომელსაც ასეთი მოთხოვნის წარდგენის უფლება შეიძლება მიეცეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით ან მის შესაბამისად. 2. კითხვები, რომელზეც მოთხოვნილია სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა, სასამართლოს უნდა წარედგინოს წერილობითი მოთხოვნის ფორმით, რომელიც შეიცავს კითხვის ზუსტ ფორმულირებას, რომელზეც მოთხოვნილია დასკვნა, და თან უნდა ერთოდეს ყველა დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა ნათელი მოჰფინოს კითხვას. მუხლი 66🔗 1. საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნის შესახებ რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სასამართლოსთვის მიმართვის უფლების მქონე ყველა სახელმწიფოს. 2. რეგისტრატორმა, სპეციალური და პირდაპირი შეტყობინების საშუალებით, ასევე უნდა აცნობოს სასამართლოსთვის მიმართვის უფლების მქონე ნებისმიერ სახელმწიფოს, ან ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც სასამართლოს, ან თუ სასამართლოს სხდომა არ მიმდინარეობს, მისი პრეზიდეტის აზრით, შეუძლია კითხვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება, რომ სასამართლო მზად იქნება, პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში, მიიღოს წერილობითი პოზიციები, ან ამ მიზნით გამართულ საჯარო სხდომაზე მოისმინოს ზეპირი პოზიციები კითხვასთან დაკავშირებით. 3. თუ ასეთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, არ მიიღებს წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სპეციალურ შეტყობინებას, მას შეუძლია დააფიქსიროს სურვილი, რომ წარმოადგინოს წერილობითი პოზიცია, ან იქნეს მოსმენილი. აღნიშნულ საკითხს გადაწყვეტს სასამართლო. 4. სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც წარმოადგინეს წერილობითი ან ზეპირი, ან ორივე სახის პოზიცია, უნდა მიეცეთ უფლება, გააკეთონ კომენტარი სხვა სახელმწიფოების ან ორგანიზაციების მიერ წარდგენილ პოზიციებზე ისეთი ფორმით, იმ ფარგლებში და ვადებში, რომლებიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს სასამართლომ, ან, თუ სასამართლოს სხდომა არ მიმდინარეობს – პრეზიდენტმა. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი წერილობითი პოზიცია რეგისტრატორმა გონივრულ დროში უნდა გაუგზავნოს სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც წარადგინეს ამგვარი პოზიციები. მუხლი 67🔗 სასამართლომ თავისი საკონსულტაციო დასკვნები უნდა გამოაცხადოს საჯარო სხდომაზე, რის შესახებაც წინასწარ არიან ინფორმირებული გენერალური მდივანი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების, უშუალოდ დაინტერესებული სხვა სახელმწიფოების ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მუხლი 68🔗 თავისი საკონსულტაციო ფუნქციების შესრულებისას სასამართლომ დამატებით უნდა იხელმძღვანელოს წინამდებარე წესდების იმ დებულებებით, რომლებიც მოქმედებს სადავო საქმეებში, რამდენადაც სასამართლო მათ ჩათვლის გამოყენებადად. თავი V შესწორება მუხლი 69🔗 შესწორებები წინამდებარე წესდებაში ძალაში უნდა შევიდეს იმავე პროცედურით, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით ამავე ქარტიის შესწორებების მიმართ, თუმცა ყველა იმ დებულების დაცვით, რომელიც შეიძლება მიიღოს გენერალურმა ასამბლეამ უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, რომელიც შეეხება იმ სახელმწიფოთა მონაწილეობას, რომლებიც არიან წინამდებარე წესდების მხარეები, მაგრამ არ არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები. მუხლი 70🔗 სასამართლოს უნდა ჰქონდეს წინამდებარე წესდების იმ შესწორებების შესახებ წინადადების წამოყენების უფლებამოსილება, რომლებსაც ის საჭიროდ მიიჩნევს, წერილობითი შეტყობინებების გენერალური მდივნისთვის გაგზავნის მეშვეობით, 69-ე მუხლის დებულებების მიხედვით განხილვის მიზნით.