საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 30/08/1974
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

„სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 21 თებერვლის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

I. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. 491-ე, 492-ე, 501-ე, 506-ე, 508-510-ე, 515-ე, 516-ე, 521-ე, 526-ე და 528-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 491. საავტორო უფლება სსრ კავშირში გამოქვეყნებულ ნაწარმოებზე

აღიარებულია საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც პირველად სსრ კავშირის ტერიტორიაზე გამოქვეყნდა ანდა არ გამოქვეყნებულა, მაგრამ სსრ კავშირის ტერიტორიაზე მოიპოვება რაიმე ობიექტური ფორმით, ავტორისა და მისი მემკვიდრეებისათვის მათი მოქალაქეობის მიუხედავად, აგრეთვე ავტორის სხვა უფლებამონაცვლეებისათვის.

მუხლი 492. საავტორო უფლება საზღვარგარეთ გამოქვეყნებულ ნაწარმოებზე

აღიარებულია საქართველოს სსრ და სხვა მოკავშირე რესპუბლიკების იმ მოქალაქეთა საავტორო უფლება, რომელთა ნაწარმოები პირველად უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოქვეყნდა ან იქ რაიმე ობიექტური ფორმით მოიპოვება. ეს უფლება აღიარებულია აგრეთვე ამ მოქალაქეთა უფლებამონაცვლეთათვის.

სხვა პირთა საავტორო უფლების აღიარება ნაწარმოებზე, რომელიც პირველად უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოქვეყნდა ან იქ რაიმე ობიექტური ფორმით მოიპოვება, ხდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების ან საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, რომლებშიც მონაწილეობს სსრ კავშირი.

იმ შემთხვევაში, როდესაც საავტორო უფლების დაცვა ხდება საერთაშორისო ხელშეკრულებების ან საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნაწარმოების გამოქვეყნების ფაქტი განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების ან საერთაშორისო შეთანხმებების დებულებათა თანახმად.

საქართველოს სსრ და სხვა მოკავშირე რესპუბლიკების მოქალაქე ავტორთა უცხოელი უფლებამონაცვლეების მიმართ საავტორო უფლება საქართთველოს სსრ ტერიტორიაზე აღიარებული იქნება იმ შემთხვევებში, თუ ეს უფლება მათ გადაეცათ სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

მუხლი 501. ნაწარმოების თარგმნა სხვა ენაზე

გამოქვეყნების მიზნით ნაწარმოების სხვა ენაზე თარგმნა დასაშვებია მხოლოდ ავტორის ან მისი უფლებამონაცვლეების თანხმობით.

სსრ კავშირის კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ნება დართონ ნაწარმოების სხვა ენაზე თარგმნისა და ამ თარგმანის გამოქვეყნებისა, მაგრამ შესაბამის შემთხვევებში იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების ან საერთაშორისო შეთანხმებების პირობათა დაცვით, რომლებშიც მონაწილეობს სსრ კავშირი.

სხვა ენაზე თარგმნილი ნაწარმოების გამოყენებისათვის გასამრჯელოს მიღების უფლება ეკუთვნის ორიგინალის ავტორს ყველა შემთხვევაში, გარდა კანონში მითითებულისა“.

მუხლი 506. ნაწარმოების გამოყენება ავტორის თანხმობის გარეშე და საავტორო გასამრჯელოს გადაუხდელად

ავტორის თანხმობის გარეშე და საავტორო გასამრჯელოს გადაუხდელად, ოღონდ გამოყენებული ნაწარმოების ავტორის გვარის და თვით წყაროს აუცილებელი მითითებით, დასაშვებია:

1) გამოქვეყნებული სხვისი ნაწარმოების გამოყენება ახალი, შემოქმედებითად დამოუკიდებელი ნაწარმოების შესაქმნელად, გარდა თხრობითი ნაწარმოების გადამუშავებისა დრამატულ ნაწარმოებად ან სცენარად და პირიქით, აგრეთვე დრამატული ნაწარმოების გადამუშავებისა სცენარად და პირიქით;

2) რეპროდუცირება მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ცალკეული გამოცემული ნაწარმოებებისა და მათი ნაწყვეტებისა მეცნიერულ და კრიტიკულ ნაშრომებში, სასწავლო და პოლიტიკურ-საგანმანათლებლო გამოცემებში; ამასთან, რეპროდუცირება ციტატების სახით დასაშვებია იმ ფარგლებში, რასაც ითვალისწინებს გამოცემის მიზანი, ხოლო რეპროდუცირება სხვა სახით, მათ შორის კრებულებში, არ უნდა აღემატებოდეს ერთი ავტორის ნაწარმოებების ერთი საავტორო თაბახის საერთო ოდენობას;

3) პერიოდული პრესის, კინოს, რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის რეფერატების, ანოტაციების, მიმოხილვების და სხვა საინფორმაციო-დოკუმენტური ფორმით, ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების გამოქვეყნებულ ნაწარმოებთა შესახებ;

4) საჯაროდ წარმოთქმული სიტყვების, მოხსენებების, აგრეთვე ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების გამოქვეყნებულ ნაწარმოებთა რეპროდუცირება კინოში, რადიოთი და ტელევიზიით, რეპროდუცირებად ითვლება აგრეთვე საჯაროდ შესრულებული ნაწარმოებთა რადიოთი და ტელევიზიით ტრანსლაცია უშუალოდ მათი შესრულების ადგილიდან;

5) საჯაროდ წარმოთქმული სიტყვების, მოხსენებების, აგრეთვე ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების ნაწარმოებთა გამოქვეყნებული ორიგინალის თუ მათი თარგმანის რეპროდუცირება გაზეთებში;

6) სახვითი ხელოვნების ნაწარმოების რომელიმე წესით რეპროდუცირება, გარდა მექანიკურ-კონტაქტური ხერხით პირის გადაღებისა, თუ ეს ნაწარმოები  ისეთ ადგილასაა, სადაც შესვლა თავისუფალია, გამოფენებისა და მუზეუმების გამოკლებით;

7) ბეჭდვითი ნაწარმოებების რეპროდუცირება საგანმანათლებლო, სასწავლო და სამეცნიერო მიზნით, მოგების მიუღებლად;

8) სხვისი ნაწარმოების გამოყენება ან რეპროდუცირება პირად მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით“.

მუხლი 508. საავტორო უფლების მოქმედების ვადა

საავტორო უფლება მოქმედებს ავტორის მთელს სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ 25 წლის განმავლობაში. ეს დრო გამოითვლება გარდაცვალების მომდევნო წლის პირველი იანვრიდან.

ავტორის სიკვდილის შემდეგ მისი სახელის და ნაწარმოების ხელშეუხებლობის დაცვა ხორციელდება ამ კოდექსის 503-ე და 505-ე მუხლების დებულებათა შესაბამისად.

მუხლი 509. საავტორო უფლების მემკვიდრეობით გადასვლა

საავტორო უფლება გადადის მემკვიდრეობით. მემკვიდრეობით არ გადადის ავტორის უფლება სახელზე და ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება.

ავტორის სიკვდილის შემდეგ საავტორო უფლება ნაწარმოებზე სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გადადის მემკვიდრეობით და მოქმედებს 25 წლის განმავლობაში, ავტორის გარდაცვალების მომდევნო წლის პირველი იანვრიდან დაწყებული.

საავტორო უფლება ფოტოგრაფიულ ნაწარმოებსა და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებზე მოქმედებს 20 წლის განმავლობაში დღიდან ამ ნაწარმოების რეპროდუქციის წესით გამოქვეყნებისა.

საავტორო უფლება ფოტოგრაფიულ ნაწარმოებსა და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებზე გადადის მემკვიდრეობით იმ ვადის განმავლობაში, რაც დარჩა ავტორის გარდაცვალების დღისათვის.

მუხლი 510. საავტორო უფლების მოქმედების ვადა კოლექტიურ ნაწარმოებზე

საავტორო უფლება კოლექტიურ ნაწარმოებზე მოქმედებს თითოეული ავტორის მთელი სიცოცხლის განმავლობაში და გადადის მემკვიდრეობით.

თითოეული თანაავტორის მემკვიდრეები სარგებლობენ საავტორო უფლებით 25 წლის განმავლობაში, ავტორის გარდაცვალების მომდევნო წლის პირველი იანვრიდან დაწყებული“.

მუხლი 515. საავტორო ხელშეკრულება და მისი ტიპები

ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს უფლება აქვთ ნაწარმოების გამოყენების მიზნით დადონ სათანადო ორგანიზაციასთან საავტორო ხელშეკრულება.

საავტორო ხელშეკრულებები შეიძლება იყოს ორი ტიპისა:

საავტორო ხელშეკრულება გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ;

საავტორო სალიცენზიო ხელშეკრულება.

გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ საავტორო ხელშეკრულებით ავტორი ან მისი უფლებამონაცვლე გადასცემს ან კისრულობს შექმნას და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადასცეს ორგანიზაციას თავისი ნაწარმოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გამოსაყენებლად, ხოლო ორგანიზაცია კისრულობს გამოიყენოს ეს ნაწარმოები ან ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შეუდგეს მის გამოყენებას (ამ კოდექსის 522-ე მუხ.) აგრეთვე ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს მისცეს გასამრჯელო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საავტორო სალიცენზიო ხელშეკრულებით ავტორი ან მისი უფლებამონაცვლე უფლებას აძლევს ორგანიზაციას გამოიყენოს მისი ნაწარმოები (მათ შორის თარგმნოს სხვა ენაზე ან გადააკეთოს იგი) იმ ფარგლებში და იმ ვადით, რაც დათქმულია ხელშეკრულებით, ხოლო ორგანიზაცია კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს მას გასამრჯელო ამ უფლებისათვის, ან ნაწარმოების გამოყენებისათვის ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რაიმე არ არის გათვალისწინებული ან თუ მხარეები სხვა რაიმეზე არ შეთანხმებულან.

მუხლი 516. გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ საავტორო ხელშეკრულებათა სახეობები

გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ საავტორო ხელშეკრულებებს მიეკუთვნება:

1) ხელშეკრულება ორიგინალის სახით ნაწარმოების გამოცემის ან ხელახლა გამოცემის შესახებ (საგამომცემლო ხელშეკრულება);

2) ხელშეკრულება გამოუქვეყნებელი ნაწარმოების საჯაროდ შესრულების შესახებ (დადგმის ხელშეკრულება), რომელიც, იმ შემთხვევაში, თუ ითვალისწინებს ერთდროული გასამრჯელოს გაცემას, ავტორს შეუძლია დადოს მხოლოდ ერთ ორგანიზაციასთან;

3) ხელშეკრულება გამოუქვეყნებელი ნაწარმოების კინოფილმში ან სატელევიზიო ფილმში (სასცენარო ხელშეკრულება), რადიო თუ სატელევიზიო გადაცემებში გამოყენების შესახებ;

4) ხელშეკრულება საჯაროდ გამოყენების მიზნით სახვითი ხელოვნების ნაწარმოების შექმნის შესახებ (მხატვრული შეკვეთის ხელშეკრულება);

5) ხელშეკრულება დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების გამოუქვეყნებელი ნაწარმოების მრეწველობაში გამოყენების შესახებ;

აგრეთვე სხვა ხელშეკრულებები ლიტერატურის, მეცნიერების ან ხელოვნების ნაწარმოებთა სხვა რომელიმე წესით გამოსაყენებლად გადაცემის შესახებ“.

მუხლი 521. მესამე პირის მიერ იმ ნაწარმოების გამოყენების შეზღუდვა, რომელზედაც დადებულია ხელშეკრულება

გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ საავტორო ხელშეკრულებით ავტორს არა აქვს უფლება მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს ხელშეკრულებაში აღნიშნული ნაწარმოები ან მისი ნაწილი იმავე სახით გამოსაყენებლად, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, გარდა ტიპობრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთი შეზღუდვის ვადა წესდება ტიპობრივი ხელშეკრულებით, მაგრამ არ შეიძლება აღემატებოდეს სამ წელს იმ დღიდან, როცა ორგანიზაციამ ნაწარმოები მოიწონა. ტიპობრივი ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს შემთხვევას, როცა ავტორს უფლება არა აქვს გადასცეს თავისი ნაწარმოები გამოსაყენებლად სხვა სახით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის დათქმული“.

მუხლი 526. საავტორო სალიცენზიო ხელშეკრულება სხვა ენაზე გადათარგმნის ან გადაკეთების გზით ნაწარმოების გამოყენების უფლების გადაცემის შესახებ

სხვა ენაზე გადათარგმნის ან გადაკეთების გზით (კერძოდ, თხრობითი ნაწარმოებისა დრამატულ ნაწარმოებად ან სცენარად, ანდა პირიქით) ნაწარმოების გამოყენების უფლების გადაცემის შესახებ საავტორო სალიცენზიო ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავენ მხარეები ხელშეკრულების დადებისას, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.

მუხლი 528. ორგანიზაციის პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის

თუ გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში (ამ კოდექსის 522-ე მუხ.) ორგანიზაცია არ გამოიყენებს მოწონებულ ნაწარმოებს, ან არ შეუდგება მის გამოყენებას, იგი მოვალეა ავტორის მოთხოვნით მთლიანად გადაუხადოს მას დათქმული გასამრჯელო. ამ შემთხვევაში ავტორს უფლება აქვს აგრეთვე უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ხელშეკრულებით ჩაბარებული ნაწარმოების ცალების დაბრუნება. ორგანიზაცია თავისუფლდება მოვალეობისაგან, გადაუხადოს ავტორს გასამრჯელოს ის ნაწილი, რომელიც მას უნდა მიეღო ნაწარმოების გამოყენების დაწყების შემდეგ, თუ დაამტკიცებს, რომ არ შეეძლო გამოეყენებინა ნაწარმოები თვით ავტორისაგან დამოკიდებული გარემოებების გამო“.

2. 489-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „გრამაფონის ფირფიტები და ნაწარმოებთა ტექნიკური ჩანაწერის სხვა სახეობანი“ შეიცვალოს სიტყვებით:

“ნაწარმოებები, რომლებიც გამოსახულია მექანიკური ან სხვა ტექნიკური ჩანაწერის დახმარებით“.

3. 493-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი:

„საქართველოს სსრ ან სხვა მოკავშირე რესპუბლიკების მოქალაქე-ავტორის მიერ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი ნაწარმოების გამოყენების უფლების გადაცემის წესს ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა“.

4. 495-ე მუხლს დაემატოს სიტყვები:

„ეს დებულება არ ვრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებმაც საავტორო უფლება მოიპოვეს ხელშეკრულებით“.

5. მე-500 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ავტორის ნაწარმოების გამოყენება (მათ შორის თარგმნა) სხვა პირთა მიერ დასაშვებია მხოლოდ ავტორთან ან მის უფლებამონაცვლეებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა კანონში აღნიშნული შემთხვევებისა“.

6. 502-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მეორე ნაწილი.

7. 503-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„ავტორის თანხმობა, რომელიც მიღებულია საავტორო ხელშეკრულების დადების დროს, არ შეიძლება გაუქმებულ იქნეს ცალმხრივად“.

8. 512-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა: „მემკვიდრეებთან“ შეიცვლოს სიტყვებით „უფლებამონაცვლეებთან“ და ამავე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ ავტორმა ან მისმა უფლებამონაცვლეებმა საავტორო უფლებების დარღვევის შედეგად ზარალი განიცადეს (ამ კოდექსის 212-ე მუხ.), ავტორს ან მის უფლებამონაცვლეებს უფლება აქვთ ამ მუხლში აღნიშნულ მოთხოვნებისაგან დამოუკიდებლად, მოითხოვონ აგრეთვე ზარალის ანაზღაურება“.

9. 514-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მეორე ნაწილი.

10. 518-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: საავტორო ხელშეკრულებები იდება ტიპიური ხელშეკრულებების შესაბამისად“.

11. 520-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ საავტორო ხელშეკრულებით ავტორი მოვალეა შეასრულოს შეკვეთილი ნაწარმოები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ჩააბაროს იგი ორგანიზაციას ხელშეკრულებით დათქმული წესით და დადგენილ ვადაში“.

12. 522-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ საავტორო ხელშეკრულებით ორგანიზაცია მოვალეა გამოიყენოს ან შეუდგეს მის გამოყენების ხელშეკრულებით დათქმული წესით და დადგენილ ვადაში, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს ორ წელს ნაწარმოების მოწონების დღიდან. ეს მოვალეობა არ ვრცელდება იმ ორგანიზაციაზე, რომელმაც დადო სასცენარო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება სამხატვრო შეკვეთის შესახებ“.

13. 527-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ავტორი მოვალეა დააბრუნოს საავტორო გასამრჯელო, რომელიც მან მიიღო გამოსაყენებლად ნაწარმოების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით. თუ ორგანიზაციამ მოშალა ხელშეკრულება იმის გამო, რომ ავტორმა: თავისი ბრალით არ ჩააბარა ნაწარმოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში; არ შეასრულა შეკვეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ან შეასრულა არაკეთილსინდისიერად; უარი თქვა შესწორებების შეტანაზე, რომლებიც მას მოთხოვეს იმ წესით და იმ ფარგლებში, რაც დადგენილი იყო ხელშეკრულებით; დაარღვია მოვალეობა, პირადად შეესრულებინა სამუშაო ან დაარღვია ამ კოდექსის 521-ე მუხლით გათვალისწინებული წესები“.

II. ეს ბრძანებულება გამოიყენება იმ სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ, რომლებიც წარმოიშობიან 1973 წლის 1 ივნისის შემდეგ.

1973 წლის 1 ივნისამდე წარმოშობილ სახელშეკრულებო და სხვა სამართლებრივ ურთიერთობაში ეს ბრძანებულება გამოიყენება იმ უფლებებისა და მოვალეობების მიმართ, რომლებიც წარმოიშობა 1973 წლის 1 ივნისის შემდეგ.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 508-ე და 510-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები საავტორო უფლების მოქმედების ვადის შესახებ არ გამოიყენება იმ ნაწარმოებთა მიმართ, რომლებზედაც საავტორო უფლების მოქმედების ვადა გავიდა 1973 წლის 1 იანვრამდე.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე              . ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                        . კვაჭაძე

თბილისი, 1974 წლის 30 აგვისტო