გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/374-25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  
  
საქმის № 080210325010954078

2/374-25

 

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

2025 წლის 14 თებერვალი

ქ. ქუთაისი

 

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დარინა აბულაძე

განმცხადებელი – სს „სანატორიუმი რკინიგზელი“;

დირექტორი – თამარ მუმლაძე

მოთხოვნა – სს სანატორიუმ რკინიგზელის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება;

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა სს „სანატორიუმი რკინიგზელის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2025 წლის 11 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს „სანატორიუმ რკინიგზელის“ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ, რომელმაც მოითხოვა სს „სანატორიუმ რკინიგზელის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, მოვალის რეგისტრაციის თარიღია 25.06.1996წ., ის იყო იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის ძირითადი სახე იყო სამედიცინო და საკურორტო საქმიანობა. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 31 იანვრის N1/1-158 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „სანატორიუმ რკინიგზელის“ საკუთრებაში არსებული აქციათა 98.94368%-ის შპს „კურორტ წყალტუბოს განვითარების კომპანიის“ კაპიტალში შეტანა. თუმცა საწარმოს ფინანსური შესაძლებლობის არქონის გამო აქციათა რეესტრის ამონაწერში ცვლილებები არ ასახულა. სს „სანატორიუმ რკინიგზელის“ აქციების 98.94368%-ის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „კურორტ წყალტუბოს განვითარების კომპანია“.

სს „სანატორიუმი რკინიგზელს“ არ გააჩნია მიმდინარე ხელშეკრულებები. ამასთან კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის და სააღსრულებო საქმისწარმოება. ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ირიცხება. ამდენად, სს „სანატორიუმი რკინიგზელი“ გადახდისუუნაროა, რადგან ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, კომპანიას აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი.

დღეის მდგომარეობით სს სანატორიუმი რკინიგზელი არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, არ ფუნქციონირებს და დასაქმებული არ ჰყავს. მოვალე არის იმგვარ რთულ სიტუაციაში, რომ გადახდისუუნარობის წინაშე და გაკოტრების საქმის წარმოების შემთხვევაში თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი, რადგან მას ფაქტობრივად არ გააჩნია საკმარისი ქონება.

დღეის მდგომარეობით კომპანიას ჰყავს ერთი არაუზრუნველყოფილი კრედიტორი - შემოსავლების სამსახური, რომელთა ჯამური დავალიანება წარმოადგენს 46 895.54 ლარს ( ორმოცდაექვსი ათას რვაას ოთხმოცდათხუთმეთ ლარს და ორმოცხდათოთხმეტ თეთრს).

იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას მოუწია შეეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა უდავოა მისი გადახდისუუნარობა. ამასთანავე, კომპანიას შემოსავლის წყარო გაუუქმდა, მისი ყველა ანგარიში ლიკვიდირებულია, რაც საფუძველს ართმევს საქმიანობის გაგრძელების. გარდა იმისა, რომ კომპანია ვერ ფუნქციონირებს, კომპანიას ფინანსური ვალდებულებები ყოველდღიურად იზრდება და მისი საურავების გადახდა აუვალი ტვირთი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გაიღო მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გაეგრძელებინა ფუნქციონირება, მოცემულ რეალობაში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. კომპანიამ შეაჩერა საქმიანობა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კომპანიას აღარ აქვს მოცემული ბიზნესის გაგრძელების არც ინტერესი და არც შესაძლებლობა

განმცხადებელი ითხოვს, მის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნას, მაგრამ, ვინაიდან ამავე კანონის, 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, სს სანატორიუმი რკინიგზელი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, შესაბამისად, კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. იქიდან გამომდინარე, რომ სს „სანატორიუმი რკინიგზელი“ გადახდისუუნაროა და არა მოსალოდნელი გადახდისუუნარო, გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განცხადების წარდგენა არ საჭიროებს პარტნიორთა კრების თანხმობას, ვინაიდან „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მისი პარტნიორების თანხმობა უნდა წარადგინოს მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში.

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ სს „სანატორიუმ რკინიგზელს“ უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, კომპანია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში (მოვალის განმარტება, ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან). მოვალეს ერიცხება სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიმართ დავალიანება 46 895.54 ლარის ოდენობით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: (ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; (ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას სს „სანატორიუმ რკინიგზელს“ (ს/ნ 221268447) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

 მოსამართლე                                                        დარინა აბულაძე