,,უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის №01-63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-195 |
|
2025 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესბამისად, ვბრძანებ: |
1.
,,უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის №01-63 ბრძანების (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 07/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 480000000.22.030.016264) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. დირექტორატის ხელმძღვანელობა 1. დირექტორატს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს დირექტორატისა და მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დირექტორატს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დირექტორატზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ზედამხედველობას უწევს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) ასრულებს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მდივნის ფუნქციებს; ვ) ხელს აწერს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების მომზადებულ წერილებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს დირექტორატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დირექტორატისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტების თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) მონაწილეობას იღებს საქართველოსა და საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებასა და ვიზიტში, ასევე პოლიტიკურ კონსულტაციებში; ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დირექტორატის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; მ) დირექტორატის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; ნ) შუამდგომლობს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ო) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება დირექტორატში შემავალი დეპარტამენტების ერთ-ერთ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|