„თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის „კონტროლისა და შეტყობინების ცენტრსა (CRC) (ერზრუმი, თურქეთი) და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების ცენტრს (AOC) (თბილისი, საქართველო) შორის საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი (MOU)“
მიღების თარიღი 08.02.2024
ძალაში შესვლა 16.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №GEO-TUR-SHAPE-2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016815 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის „კონტროლისა და შეტყობინების ცენტრსა (CRC) (ერზრუმი, თურქეთი) და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების ცენტრს (AOC) (თბილისი, საქართველო) შორის საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის (MOU)“ რატიფიცირების თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ" ადმინისტრაციული შეთანხმება საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანოების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო)
კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს
მთავრობასა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის „კონტროლისა და
შეტყობინების ცენტრსა (CRC) (ერზრუმი, თურქეთი) და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის
სარდლობის საჰაერო ოპერაციების ცენტრს (AOC) (თბილისი, საქართველო) შორის
საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის შესახებ“ ურთიერთგაგების
მემორანდუმი (MOU)“
ურთიერთგაგების მემორანდუმი (MOU)
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის
კონტროლისა და შეტყობინების ცენტრს (CRC) ერზრუმი, თურქეთი,
და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების ცენტრს (AOC) თბილისი, საქართველო,
შორის
საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის შესახებ
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს მთავრობა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბი (SHAPE), შემდგომში „მონაწილეებად“ წოდებულნი:
აღნიშნავენ, რა რომ SHAPE წარმოადგენს საჰაერო ვითარების მონაცემთა გაცვლის (ASDE) პროგრამის ოპერაციულ სპონსორს;
აღნიშნავენ, რომ SHAPE პასუხისმგებელია წინამდებარე MOU-ს უზრუნველყოფაზე ASDE-ს პარტნიორ ქვეყნებსა (PN) და NATO-ს შორის;
აღნიშნავენ, რომ ASDE-ის აღჭურვილობა განთავსდება კონტროლისა და შეტყობინების ცენტრ (CRC) ერზრუმში;
აღნიშნავენ, რომ NATO-ს მიერ მიწოდებული ყველა აღჭურვილობა რჩება NATO-ს საკუთრებაში;
აღნიშნავენ, რომ PN-ის მიერ მიწოდებული ყველა აღჭურვილობა რჩება PN-ის საკუთრებაში;
აღნიშნავენ, რომ ASDE-ს ფარგლებში გაცვლილი ყველა მონაცემი დაცული იქნება საერთაშორისო შეთანხმებების, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად;
აღნიშნავენ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის კომიტეტის მიერ საქართველოდან მიღებულ თხოვნას საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის შესახებ და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს 2020 წლის 26 ოქტომბრით დათარიღებულ თანხმობას;
ითვალისწინებენ 2017 წლის 29 სექტემბრით დათარიღებულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საჰაერო ვითარების მონაცემთა გაცვლის სახელმძღვანელო დოკუმენტის დებულებებს CM(2017)0046;
ითვალისწინებენ NATO-ს სამხედრო კომიტეტის 2018 წლის 17 აპრილით დათარიღებულ საჰაერო ვითარების მონაცემთა პარტნიორებთან გაცვლის კონცეფციის (MC-0666) დებულებებს;
ითვალისწინებენ SHAPE-ის 2019 წლის 25 თებერვლით დათარიღებულ „საჰაერო ვითარების მონაცემთა პარტნიორ ქვეყნებთან გაცვლის განხორციელების კონცეფციის“ მე-3 ვერსიას;
მიაღწიეს შემდეგ შეთანხმებას:
ნაწილი ერთი
განმარტებები
წინამდებარე MOU-ს და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:
1.1. საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლა (ASDE). NATO-სა და საქართველოს შორის შესაბამისი საშუალებებით საჰაერო მარშრუტების საიდუმლო მონაცემების გაცვლა ,,A” დანართში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე.
1.2. NATO-ს საერთო დაფინანსება. ASDE სისტემის მონტაჟისა და ოპერაციების განხორციელებისას წარმოშობილი საერთო ხარჯებისათვის NATO-ს ქვეყნების მიერ კოლექტიურად გამოყოფილი და NATO-ს ფინანსური კომიტეტების ნებართვით ხელმისაწვდომი თანხები.
1.3. საზიარო ხარჯები. საზიარო ხარჯები არის ის დანახარჯები, რომლებიც ერთობლივი შეთანხმებით ერთზე მეტი მონაწილის პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ეს ხარჯები თანაბრად ნაწილდება ქართველ და თურქ მონაწილეებს შორის.
1.4. ASDE ოპერაცია. ASDE ოპერაცია არის მონაწილეთა შორის კონკრეტულად განსაზღვრულ არეალში დადგენილი პროტოკოლის საშუალებით საჰაერო მარშრუტების მონაცემთა ციფრული გაცვლა.
1.5. NATO-ს ქვეყანა – NATO-ს ქვეყანა წინამდებარე MOU-ს მიზნებისთვის არის NATO-ს ქვეყანა, რომლის საკუთრებაშიცაა და მართავს იმ ობიექტს, სადაც ASDE სისტემა დამონტაჟდება. წინამდებარე MOU-ს მიზნებისთვის NATO-ს ქვეყანა არის თურქეთის რესპუბლიკა (TÜR).
1.6. პარტნიორი ქვეყანა (PN). წინამდებარე MOU-ს მიზნებისთვის პარტნიორი ქვეყანა არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ მოწონებული ASDE პარტნიორი ქვეყანა, რომელიც მასპინძლობს და მართავს ეროვნულ დამაკავშირებელ რგოლს, რაც საშუალებას იძლევა გაიცვალოს საჰაერო მარშრუტების არასაიდუმლო და საიდუმლო მონაცემები NATO-ს ASDE ობიექტის საშუალებით. წინამდებარე MOU-ს მიზნებისთვის პარტნიორი ქვეყანა არის საქართველო (GEO), რომელიც საქართველოს მთავრობით არის წარმოდგენილი.
1.7. NATO-ს ASDE ობიექტი. ადგილი, სადაც NATO ASDE აღჭურვილობაა განლაგებული.
1.8. PN-ის ASDE ობიექტი. ადგილი PN-ში, რომელთანაც NATO ASDE ობიექტი არის დაკავშირებული.
ნაწილი ორი
მიზანი
2.1. წინამდებარე MOU-ს მიზანია დაადგინოს პროცედურები NATO-ს ASDE კლასიფიცირებული დაკავშირებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის კონტროლისა და შეტყობინების ცენტრ (CRC) ერზრუმსა (TÜR) და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების ცენტრს (AOC), თბილისს შორის (GEO).
ნაწილი სამი
ფარგლები და ზოგადი შეთანხმებები
3.1. წინამდებარე MOU წარმოადგეს CRC ერზრუმსა და AOC თბილისს შორის საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის ყოვლისმომცველ შეთანხმებასა და საფუძველს.
3.2. წინამდებარე MOU-ს განხორციელებისთვის კომპეტენტური უწყებები, შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „უფლებამოსილი უწყებები“, არიან:
a. NATO-თვის: SHAPE;
b. საქართველოს მთავრობისათვის: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
c. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისათვის: თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო.
ნაწილი ოთხი
დაკავშირებული დოკუმენტები
4.1. ,,A” დანართში ჩამოთვლილი დაკავშირებული დოკუმენტები, მითითებული სტატუსის გათვალისწინებით, წარმოადგენს წინამდებარე MOU-ს განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპებს.
4.2. უფლებამოსილ უწყებებს შეუძლიათ წინამდებარე MOU-ს განხორციელების ფარგლებში „A“ დანართში ჩამოთვლილი დაკავშირებული დოკუმენტების შესწორება და ასევე სხვა დაკავშირებული დოკუმენტების დამატება. ასეთი შესწორება და დამატება არ საჭიროებს წინამდებარე MOU-ს ცვლილებას 9.1 ნაწილის შესაბამისად.
4.3. დაკავშირებულ დოკუმენტებსა და წინამდებარე MOU-ს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში ამ უკანასკნელს ენიჭება უპირატესობა.
ნაწილი ხუთი
პასუხისმგებლობები
წინამდებარე MOU-ს განხორციელების ფარგლებში:
5.1. SHAPE
a. არის ოპერაციული სპონსორი და პროგრამის ზოგადი განმახორციელებელი.
b. პასუხისმგებელია NATO-ს კომუნიკაციებისა და საინფორმაციო სააგენტოსთან (NCIA) ტექნიკური საკითხების და საჰაერო სარდლობის შტაბთან ASDE-ის მუდმივი ოპერაციული პროცედურების (SOP) განახლების კოორდინაციაზე, რაც უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტთან შესაბამისობაში NATO-ს კლასიფიცირებული ASDE-ს შეუფერხებლად ფუნქციონირებას.
5.2. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა:
a. უზრუნველყოფს ერზრუმის მართვისა და შეტყობინების ცენტრიდან საჰაერო ოპერაციების ცენტრთან NATO-ს ASDE კლასიფიცირებული ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას და დაუშვებს უფლებამოსილი პირების ფიზიკურ წვდომას NATO-ს უსაფრთხოების ობიექტებზე, რომლებიც დაამონტაჟებენ მოწყობილობებს და უზრუნველყოფენ NATO-ს კლასიფიცირებული აღჭურვილობის ტექნიკურ უზრუნველყოფას.
b. უზრუნველყოფს NATO-ს ASDE კლასიფიცირებული მარშრუტების შესახებ ყველა გაცვლილი ინფორმაციის დაცულობას NATO-ს მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.
c. პასუხისმგებელი იქნება თურქეთის ფარგლებში შესაბამისი სატელეკომუნიკაციო ხაზების ხელმისაწვდომობის კოორდინაციასა და უზრუნველყოფაზე, რაც გამოყენებული იქნება მონაცემებისა და ხმოვანი კავშირისთვის CRC ერზრუმსა და AOC თბილისს შორის.
d. უზრუნველყოფს, რომ პერსონალს, რომელსაც დაკისრებული აქვს ASDE-სთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, აქვს შესაბამისი დაშვება, მომზადებულია და იყენებს ყველა შესაბამის წესებსა და რეგულაციებს სისტემის ეფექტიანად და სწორად ფუნქციონირებისთვის.
e. უზრუნველყოფს, რომ CRC ერზრუმის ობიექტის შესაბამისი უსაფრთხოების საკითხები მომზადებულია NATO-ს მინიმალური სტანდარტების შესაბამისად, რაც დადგენილია დაკავშირებულ დოკუმენტებში ,,I’’ და ,,J’’, ასევე ასახულია NATO-ს საიდუმლო ASDE ოპერაციების განსახორციელებელი ადგილის NATO-ს უსაფრთხოების აკრედიტაციისთვის აუცილებელ დოკუმენტებში.
5.3. საქართველოს მთავრობა
a. უზრუნველყოფს AOC-დან, თბილისი, NATO-ს ASDE კლასიფიცირებული ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას და საერთო ტექნიკური პრობლემების გადასაწყვეტად დაუშვებს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის ობიექტზე წვდომას.
b. საჭიროების შემთხვევაში, NATO-ს ტექნიკური პერსონალისთვის უზრუნველყოფს წვდომას თავსებადობის ტესტის ჩასატარებლად.
c. AOC-ში, თბილისი, უზრუნველყოფს უსაფრთხო ობიექტებს NATO-ს ASDE მონაცემთა ჩვენებისა და გაცვლისთვის დაცული მოწყობილობებით.
d. პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ფარგლებში სატელეკომუნიკაციო ხაზების უზრუნველყოფასა და ხელმისაწვდომობაზე, რაც გამოყენებული იქნება CRC-ს, ერზრუმი და AOC -ს, თბილისი, შორის მონაცემთა და ხმოვანი კავშირისთვის.
e. უზრუნველყოფს, რომ NATO-ს ASDE კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების ყველა ზომა და აღჭურვილობა შეესაბამება NATO-ს მინიმალურ სტანდარტებს, როგორც მოცემულია NATO-სა და საქართველოს შორის 1994 წლის 12 დეკემბერს ხელმოწერილ უსაფრთხოების შეთანხმებასა და წინამდებარე MOU-ში.
ნაწილი ექვსი
ფინანსური დებულებები
6.1. CRC ერზრუმში დამონტაჟებული NATO-ს მიერ დაფინანსებული ASDE სისტემა გამოყენებული იქნება AOC-თან, თბილისი, საიდუმლო კავშირისთვის. NATO შეისყიდის CRC-ში, ერზრუმი, ASDE-ის ფუნქციონირებისთვის საჭირო საიდუმლო ASDE-ის სისტემის ყველა შესაბამის კომპიუტერულ მოწყობილობასა და პროგრამას.
6.2. ASDE-თან დასაკავშირებელი ეროვნული სისტემის ასაწყობად PN-ისთვის ტექნიკური დახმარება შესაძლოა უზრუნველყოფილი იყოს PN-ის დაფინანსებით.
6.3. PN-ის მიერ მხარდაჭერისა და დახმარების თხოვნიდან გამომდინარე ყველა დამატებითი მგზავრობის საჭიროება PN-ის მიერ იქნება დაფინანსებული.
6.4. ყველა დამატებითი ხარჯი, რაც გამოწვეულია CRC ერზრუმისა და AOC თბილისის მხრიდან საიდუმლო ASDE-ის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური წინაპირობების ხარვეზით, ანაზღაურდება ხარვეზზე პასუხისმგებელი მონაწილის მიერ.
6.5. საქართველოს მთავრობა:
a. უზრუნველყოფს აუცილებელ აღჭურვილობას და ხელს შეუწყობს მის მონტაჟსა და ტექნიკურ მომსახურებას AOC თბილისში, საქართველო.
b. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს საკომუნიკაციო კავშირებისა და კომერციულად დაქირავებული ტელეკომუნიკაციების (ეროვნული ნაწილი) ქსელის დაფინანსებას.
c. კავშირის დასამყარებლად უზრუნველყოფს ყველა აუცილებელ საკომუნიკაციო კომპიუტერულ მოწყობილობას ქართული მხარისთვის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო დახმარების მეშვეობით.
6.6. SHAPE:
a. უზრუნველყოფს განახლებული ASDE კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამების ხელმისაწვდომობას და ფილტრის აუცილებელ ტექნიკურ მომსახურებას CRC ერზრუმში, თურქეთი კომუნიკაციებისა და საინფორმაციო სააგენტოს (NCI Agency) მხარდაჭერით.
b. NATO-ს მიერ დამტკიცებული ფინანსური ჭერის ფარგლებში უზრუნველყოფს დაფინანსებას (ღირებულების ნახევარი) AOC-ს, თბილისი, საქართველოსა და CRC-ს ერზრუმი, თურქეთი, შორის აუცილებელი საკომუნიკაციო კავშირებისა და კომერციულად დაქირავებული ტელეკომუნიკაციების ქსელებისთვის.
c. NATO-ს მიერ დამტკიცებული ფინანსური ჭერის ფარგლებში დააფინანსებს და შესაბამისად უზრუნველყოფს CRC ერზრუმში, თურქეთი, ASDE-ის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ყველა საჭირო კომპიუტერულ მოწყობილობას და პროგრამას, მათ შორის CRC-ში, ერზრუმი, თურქეთი, ASDE კომპონენტის მონტაჟისა და ტესტირების ხარჯებს.
ნაწილი შვიდი
უსაფრთხოება
7.1. ყველა გაცვლილი NATO-ს ASDE კლასიფიცირებული ინფორმაცია და აღჭურვილობა დაცული იქნება NATO-ს და საქართველოს შორის 1994 წლის 12 დეკემბრის უსაფრთხოების შეთანხმების შესაბამისად.
7.2. ოპერაციების სამოკავშირეო სარდლობის (ACO) შექმნილი ASDE-სთან დაკავშირებული NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის საქართველოსთვის მიწოდება განხორციელდება შესაბამისი დელეგირებული ორგანოს მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებების საფუძველზე. დელეგირებული ორგანოს გადაწყვეტილება მიღების შემდეგ ძალაში იქნება ყოველი წლის 31 დეკემბრამდე (საცნობარო დოკუმენტი ,,K’’).
7.3. საჰაერო მარშრუტის შესახებ NATO-ს ASDE კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლა NATO-ს ქვეყნების ფარგლებს გარეთ აკრძალულია. საჰაერო მარშრუტის შესახებ NATO-ს ASDE კლასიფიცირებული ინფორმაცია არ გამჟღავნდება წინამდებარე MOU-ს არაწევრ მესამე სახელმწიფოებთან. საქართველოს საიდუმლო საჰაერო მარშრუტის მონაცემები გადავა NATO-ს კლასიფიცირებულ სისტემაში ASDE-ს საშუალებით და დაცული იქნება NATO-ს უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.
7.4. მონაწილეები უზრუნველყოფენ ყველა კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და მასალების მართვას NATO-ს და საქართველოს შორის 1994 წლის 12 დეკემბრის უსაფრთხოების შეთანხმების შესაბამისად.
7.5. NATO-ს და საქართველოს ეროვნული საიდუმლო ინფორმაცია და მასალა, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ნაწილის დებულებების საგანს, დაცული იქნება NATO-ს მინიმალური სტანდარტების შესაბამისად, რომელიმე მონაწილის წინამდებარე MOU-დან გასვლის ან მისი შეწყვეტის შემთხვევაში.
7.6. SHAPE-ის საჰაერო სარდლობა (AIRCOM) პასუხისმგებელი იქნება CRC-ის, ერზრუმი, უსაფრთხოების ზედამხედველობაზე და AOC-ის, თბილისი, ლოკაციის პერიოდულ შემოწმებაზე.
7.7. PN თანხმდება AIRCOM -ის ინიცირებული, AOC-ის, თბილისი, და CRC-ის, ერზრუმი, დამაკავშირებელი სისტემის ნებისმიერ უსაფრთხოების ინსპექტირებას და უსაფრთხოების შემოწმებას NATO-ს უსაფრთხოებისა და CIS-ის ექსპერტების მიერ. შემოწმება და ინსპექტირება დროულად იქნება გაცხადებული და კოორდინირებული მონაწილეებს შორის.
7.8. უსაფრთხოების ან საგანგებო მდგომარეობის მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, SHAPE-მა შესაძლოა შეცვალოს ASDE-ის ოპერაციის რეჟიმი. NATO-ს ქვეყანას, PN-ს და SHAPE-ს აქვთ ASDE-ის ოპერაციების შეწყვეტის შესაძლებლობა, რა დროსაც სხვა მონაწილე დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული ამ ქმედების შესახებ.
7.9. უსაფრთხოების/საგანგებო სიტუაციების მიზნებიდან გამომდინარე და სისტემის ფუნქციონირების ხარვეზის შემთხვევაში კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, ASDE-ის ოპერაციების დროს CRC-მა, ერზრუმი, და AOC-მა, თბილისი, უნდა შეინარჩუნონ 24/7 კომუნიკაციის შესაძლებლობა. დროებითი ASDE კავშირის შემთხვევაში კომუნიკაცია შესაძლებელი უნდა იყოს ASDE-ის ოპერაციების დროს.
7.10. უფლებამოსილ პირებს, რომელთაც აქვთ წვდომა გრიფით ,,ნატოს საიდუმლო“ (,,NATO Confidential’’) ან კლასიფიკაციის უფრო მაღალი დონის მქონე ინფორმაციასთან, უნდა ჰქონდეთ სათანადო დონის დაშვება.
7.11. მონაწილეებმა შესაძლოა დააწესონ უსაფრთხოების დამატებითი დაცვის ზომები ეროვნული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებთან დაკავშირებით.
ნაწილი რვა
ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და შეწყვეტა
8.1. წინამდებარე MOU ძალაში შედის მონაწილეთა მიერ აღნიშნული დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან. წინამდებარე MOU ძალაში რჩება, სანამ რომელიმე მონაწილე არ შეწყვეტს მას სხვა ყველა მონაწილისთვის ექვსი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. თუმცა, ფინანსური და სამართლებრივი მიზნებისთვის, MOU ძალაში დარჩება, სანამ არ გადაწყდება ყველა ადმინისტრაციული, ფინანსური და სამართლებრივი საკითხი.
8.2. წინამდებარე MOU-ს შეწყვეტის შემთხვევაში:
a. NATO-ს მიერ შესყიდული და შექმნილი ASDE-ის კომპიუტერული მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა დარჩება NATO-ს საკუთრებაში.
b. PN-ის ყველა კომპიუტერული მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა დარჩება PN-ის საკუთრებაში.
c. მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების გადაწყვეტა შეთანხმდება ერთობლივად.
წინამდებარე MOU-ს შეწყვეტა არ წარმოშობს სხვა თანმდევ ფინანსურ ვალდებულებას.
8.3. წინამდებარე MOU, ძალაში შესვლის შემდეგ, შეცვლის 2008 წლის 29 თებერვლის მემორანდუმს საქართველოს მთავრობას, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის. აღნიშნული გავლენას არ მოახდენს მიმდინარე არასაიდუმლო კავშირზე, რაც შენარჩუნდება საიდუმლო კავშირის სრულ ამოქმედებამდე.
ნაწილი ცხრა
ცვლილებები და განმარტება
9.1. წინამდებარე MOU-ში შესაძლებელია ცვლილებების ან დამატებების შეტანა ყველა მონაწილის წერილობითი ურთიერთთანხმობით. ასეთი ცვლილებები შეადგენს წინამდებარე MOU-ს განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა 8.1. ნაწილის შესაბამისად.
9.2. წინამდებარე MOU-ს განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული აშკარა წინააღმდეგობები გადაწყდება მონაწილეთა შორის შესაბამის დონეზე კონსულტაციით და/ან მოლაპარაკებით.
ნაწილი ათი
საკონტაქტო პირები
10.1. ყველა მონაწილე დანიშნავს შესაბამის საკონტაქტო პირებს. საკონტაქტო პირების სიაში მითითებული ინფორმაცია მოიცავს, მაგრამ შეზღუდული არაა ადგილსამყოფელით, სახელით, წოდებით, თანამდებობით, ტელეფონის ნომრით, ელექტრონული ფოსტითა და საფოსტო მისამართით.
წინამდებარე MOU ხელმოწერილია სამ დედნად ინგლისურ ენაზე.
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ისმაილ გულდოგანი /ხელმოწერილია/ /ბეჭედი დასმულია/
ვიცე-ადმირალი
ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბში თურქეთის ეროვნული სამხედრო წარმომადგენელი
თარიღი: 25.01.2024 წ
საქართველოს მთავრობის სახელით
ირაკლი ძნელაძე /ხელმოწერილია/
ბრიგადის გენერალი
ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი
თარიღი: 16 იანვარი 2024 წ.
ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის სახელით:
იოახიმ ღუილე /ხელმოწერილია/
ადმირალი, გერმანიის საზღვაო ძალები
შტაბის უფროსი
ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბი
თარიღი: 08 თებერვალი 2024 წ.
დანართი ,,A’’
დაკავშირებული დოკუმენტები
a. უსაფრთხოება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, C-M (2002)49-REV1 (2)
b. საკომუნიკაციო და ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების პირველადი დირექტივა, AC/35-D/2004-REV3
c. 2017 წლის 29 სექტემბრით დათარიღებული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საჰაერო ვითარების მონაცემთა გაცვლის სახელმძღვანელო დოკუმენტი CM(2017)0046
d. NATO-ს სამხედრო კომიტეტის 2018 წლის 17 აპრილით დათარიღებული საჰაერო ვითარების მონაცემთა პარტნიორებთან გაცვლის კონცეფცია (MC-0666);
e. SHAPE ASDE განხორციელების კონცეფცია, ვერსია 3
f. ტაქტიკურ მონაცემთა გაცვლის სტანდარტიზაციის მემორანდუმი – კავშირი 1 (პუნქტიდან პუნქტამდე), STANAG 5501, გამოცემა 7
g. საჰაერო ვითარების მონაცემების გაცვლა – სტანდარტული ოპერაციული პროცედურები, ცვლილება 5, 11 ოქტომბერი, 2021 წელი
h. PO(2017)0452 საჰაერო ვითარების მონაცემთა გაცვლის სახელმძღვანელო დოკუმენტი
i. ACO უსაფრთხოების დირექტივა AD 070-001, 22 დეკემბერი, 2021 წელი
j. ACO საკომუნიკაციო და ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების უსაფრთხოების დირექტივა AD 070-005, 18 მაისი 2021 წელი
k. Bi-SC სახელმძღვანელო ინფორმაციისა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შესახებ ნატოს არაწევრ სუბიექტებთან, ვერსია 5.0. სექტემბერი, 2014 წელი
l. ინსტრუქციები ნატოს არაწევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ნატოს კრიპტოგრაფიული მასალების კონტროლისა და დაცვის შესახებ (NNN/IO) – SDIP-31/2