გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3923-25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №330210325010984756

საქმე №2/3923-25

 

ა ნ ჩ ი ნ ე ბა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის განცხადების  დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

 

2025 წლის 25 თებერვალი

 ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  ალექსანდრე გზირიშვილი

განმცხადებელი (მოვალე)   სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთი“ (ს.ნ. 203860330)

განმცხადებლის წარმომადგენელი   შპს „რეაბილიტაცია“, თამარ მუმლაძე

მოთხოვნა   გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით

განხილვის ფორმა  – ზეპირი მოსმენის გარეშე

ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ  გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :     

2025 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთის“ მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით, შპს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთის“ განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი და განმცხადებელს განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე –  www.ecourt.ge) გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.

2025 წლის 25 თებერვალს შპს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთის“ წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე.

განმცხადებლის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით: სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე მხარეს - სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთის“ დირექტორს დარიკო თოდრიას დაევალა კომპანიის აქციათა რეესტრში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთის“ საწესდებოს კაპიტალის 100% წილის მესაკუთრედ სახელმწიფოს ასახვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის განჩინების შესაბამისად სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება. თავის მხრივ მოპასუხე მხარემ კვლავ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის განჩინებით მიღებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული მოპასუხე მხარის საკასაციო საჩივარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთის“ აქციათა 100% წილის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, თანახმად ზემოაღნიშნული სასამართლო განჩინებებისა და 2025 წლის 12 თებერვლის აქციათა რეესტრის ამონაწერისა.

განმცხადებელი ასევე აღნიშნავს:

- სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთს“ (ს.ნ. 203860330) ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალებები არ ერიცხება ამასთან, კომპანია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. კომპანია არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, შესაბამისად, არ ფუნქციონირებს და არ ჰყავს დასაქმებული პირები.

- სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთს“ (ს.ნ. 203860330) სამომავლო, პირობითი და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები არ აქვს. ხოლო, კრედიტორული დავალიანების სახით აბაშის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის თანახმად მას ერიცხება - 433.65 ლარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ. კომპანიას საგადასახადო ბარათზე უფიქსირდება ზედმეტობა 179.95 ლარის ოდენობით. კომპანიის დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების გათვალისწინებით სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთს“ გააჩნია კრედიტორული დავალიანება – 253.7 ლარის ოდენობით.

- სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთს“ (ს.ნ. 203860330) არ გააჩნია მიმდინარე ხელშეკრულებები. ამასთან, კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის და მიმდინარე სამოქალაქო დავა, სადაც მოპასუხედ რეგისტრირებულია ზემოაღნიშნული კომპანია.

- სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთს“ (ს.ნ. 203860330) სს „ლიბერთი ბანკში“ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიში, ხოლო საბანკო ანგარიშზე, ასევე სალაროში თანხა არ ერიცხება.

- სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთის“ (ს.ნ. 203860330) გაკოტრების რეჟიმის გახსნა აშკარად არ ეწინააღმდეგება კრედიტორთა ინტერესებს. ამასთან, სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთი“ (ს.ნ. 203860330) გადახდისუუნაროა, ვინაიდან ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტების თანახმად, სახეზეა მოვალის გადახდისუუნარობის პრეზუმფცია.

- სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთს“ (ს.ნ. 203860330) საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის დაუზუსტებელი ოდენობა) არ ერიცხება. კომპანიას ერიცხება საგადასახადო ზედმეტობა - 179.95 (ას სამოცდაცხრამეტი და 95) ლარის ოდენობით.

განცხადების სამართლებრივი დასაბუთება:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. ამასთან, ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა. მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა. ბ. სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას. გ. მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში. დ. მოვალემ შეაჩერა საქმიანობა. ე. მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება. ვ. მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

განმცხადებელი განმარტავს, რომ სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთი“ (ს.ნ. 203860330) გადახდისუუნაროა, რადგან ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, კომპანიას აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი, სახეზეა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოება და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, მის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნას. ამავე კანონის, 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთი“ (ს.ნ. 203860330) თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. შესაბამისად, ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. იქიდან გამომდინარე, რომ სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთი“ (ს.ნ. 203860330) გადახდისუუნაროა და არა, მოსალოდნელი გადახდისუუნარო, გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განცხადების წარდგენა არ საჭიროებს პარტნიორთა კრების თანხმობას, ვინაიდან „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მისი პარტნიორების თანხმობა უნდა წარადგინოს მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში.

სასამართლო  გაეცნო  წარმოდგენილ  განცხადებას,  თანდართულ  მასალებს  და  მიაჩნია, რომ სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთის“ (ს.ნ. 203860330) წარმომადგენელს გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უნდა ეთქვას უარი შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება  რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს: ა) მოვალეს – საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს განმცხადებლის მიერ სავალდებულოდ მისათითებელი ინფორმაციის ნუსხას. კერძოდ, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც განმცხადებელი გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, მითითებული უნდა იყოს:

ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

ბ) განმცხადებლის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

გ) განმცხადებლის სტატუსი, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

დ) განმცხადებლის წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისამართი, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება განმცხადებლის წარმომადგენელს შეაქვს;

ე) მოვალის სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

ვ) არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირია;

ზ) იმის დასაბუთება, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნა აშკარად არ ეწინააღმდეგება კრედიტორთა ინტერესებს;

თ) მოთხოვნა ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია (რამდენადაც ეს ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის ცნობილია განმცხადებლისთვის):

ა) ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მის აქტივებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, სამომავლო და პირობით ვალდებულებებს;

ბ) ინფორმაცია უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოვალის ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობის (სახელები, სახელწოდებები, მისამართები, საიდენტიფიკაციო ნომრები) შესახებ;

გ) ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ;

დ) მოვალის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ე) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც, განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

3. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს:

ა) თავისი კრედიტორების სრული ჩამონათვალი (მიეთითება სახელები, სახელწოდებები, პირადი ნომრები, საიდენტიფიკაციო მონაცემები) და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;

ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობა და ინფორმაცია მათი ოდენობის, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობის შესახებ;

გ) ინფორმაცია საწარმოს ბალანსის შესახებ, მიმდინარე შემოსავლების (მათ შორის, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის) და ხარჯების აღწერილობა;

დ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია;

ე) გადახდისუუნარობის მასის სრული ჩამონათვალი. მიეთითება საბალანსო  ღირებულებები, მათ შორის, მოვალის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხების შესახებ ინფორმაცია;

ვ) თავისი დებიტორული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია;

ზ)  ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;

თ) მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია;

ი) მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში − მისი პარტნიორების თანხმობა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისთვის უდიდესი ოდენობის მოთხოვნის მქონე 3 კრედიტორისთვის შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) მითითება იმის თაობაზე, რომ მას სურს გაკოტრება / აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი.

ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

გამოსაყენებელი კანონის 45-ე მუხლის მე-8 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება და თანდართული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის, არის ზუსტი და ამომწურავი.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების მოვალის მიერ შეტანის შემთხვევაში სასამართლო ამ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს წყვეტს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია, ეს საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

განსახილველი საქმის მასალებით ირკვევა შემდეგი:

-  სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთს“ (ს.ნ. 203860330) ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალებები არ ერიცხება, ამასთან კომპანია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. კომპანია არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და არ ჰყავს დასაქმებული პირები.

- სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთს“ (ს.ნ. 203860330) სამომავლო, პირობითი და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები არ აქვს. ხოლო, კრედიტორული დავალიანების სახით აბაშის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის თანახმად მას ერიცხება - 433.65 ლარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ. კომპანიას საგადასახადო ბარათზე უფიქსირდება ზედმეტობა 179.95 ლარის ოდენობით. კომპანიის დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების გათვალისწინებით სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთს“ გააჩნია კრედიტორული დავალიანება - 253.7 ლარის ოდენობით.

- სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთს“ (ს.ნ. 203860330) არ გააჩნია მიმდინარე ხელშეკრულებები. ამასთან, კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის და მიმდინარე სამოქალაქო დავა, სადაც მოპასუხედ რეგისტრირებულია ზემოაღნიშნული კომპანია.

- სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთს“ (ს.ნ. 203860330) სს „ლიბერთი ბანკში“ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიში, ხოლო საბანკო ანგარიშზე, ასევე სალაროში თანხა არ ერიცხება.

- სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთის“ (ს.ნ. 203860330) გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, ქონებისა და ფულადი სახსრების არარსებობის გამო.

მოცემულ შემთხვევაში, სასმართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა განმცხადებლის მიერ მითითებული ნორმით (კანონის 7.3.ა მუხლი) გათვალისწინებული მოცემულობა, რის შესაბამისადაც, აშკარაა, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული კანონის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით, დასტურდება, რომ განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება და მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

ყოველივე ზემოაღნიშნიულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების გახსნის წინაპირობები, რის გამოც, მხარეს უარი უნდა ეთქვას განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას სს „საქართველოს ტუნგო და ეთერზეთს“ (ს.ნ. 203860330) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანს სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას;

2. განჩინება გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტორნულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.  

 

მოსამართლე                                                                      ალექსანდრე გზირიშვილი