1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის, პირველი მოადგილის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
3. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით მისი ერთ-ერთი მოადგილე.
4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.
5. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი.
6. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კოორდინაციას უწევს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიებს, ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის დავალებებს.
7. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ საკრებულოს იურიდიულ, ჯანდაცვისა და სოციალურ, , განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიებს, ასრულებენ საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
8. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.
9. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.
10. საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.