თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/2589-23
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე N2/2589-23
330216923006793203
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2024 წელი 25 ივნისი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ზაალ მარუაშვილი
რეაბილიტაციის რეჟიმში მართვაში მყოფი მოვალე – შპს „გრანდ როიალი“
წარმომადგენელი – ლევან ლომსიანიძე
განმცხადებელი – უზრუნველყოფილი კრედიტორი, სს „თიბისი ბანკი“
წარმომადგენელი – სალომე იაშაღაშვილი
მოთხოვნა – მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა
სასამართლომ, ზეპირი მოსმენით,
გამოარკვია:
გადახდისუუნარობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 თებერვლის განჩინებით, შპს „გრანდ როიალის“ განცხადება ცნობილი იქნა დასაშვებად. შპს „გრანდ როიალის“ მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. რეაბილიტაციის რეჟიმში მმართველად დატოვებული იქნა მოვალე, შპს „გრანდ როიალი“ ,ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი –დირექტორი, ამირ პურსადეყსუფიანი. რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ნატალი ჭუჭულაშვილი.
2023 წლის 24 მარტს, რეაბილიტაციის მმართველმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა რეაბილიტაციის გეგმის პროექტის წარსადგენი ვადის 1 თვით გაგრძელება, იმ საფუძლით, რომ მართვაში მყოფი მოვალის მიერ რამოდენიმე რეალური შესაძლო ვერსია იქნა დამუშავებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის სახით. რეაბილიტაციის მმართველის განმარტებით, რეაბილიტაციის გეგმის საბოლოო ვერსიის შესადგენად, საჭიროა ხელშეკრულებების გაფორმება, სხვადასხვა საბროკერო კომპანიასთან, რის შემდეგაც სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი რეაბილიტაციის გეგმა, ასევე, იგეგმება ხელშეკრულების (მინიმუმ განზრახვათა მემორნადუმი) გაფორმება.
რეაბილიტაციის მმართველის განცხადება დაკმაყოფილდა და შპს „გრანდ როიალს“ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის წარსადგენად 2023 წლის 31 მარტის განჩინებით გაუგრძელდა ვადა, ამ განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე - www.ecourt.ge) გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დამტკიცდა შპს „გრანდ როიალის“ რეაბილიტაციის გეგმა. აღნიშნულ განჩინებაზე სს „თიბისი ბანკის“ მიერ წარდგენილ იქნა კერძო საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 08 ნოემბრის განჩინებით, სს „თიბისი ბანკის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და საქმე კრედიტორთა კრების მოწვევის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბერს კრედიტორთა კრებაზე დამტკიცდა შპს „გრანდ როიალის“ რეაბილიტაციის გეგმა. აღნიშნულ გეგმაში კრედიტორთა დაკმაყოფილების საბოლოო თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 29 თებერვალი.
მიმდინარე წლის 11 მარტს რეაბილიტაციის ზედამხედველმა ნატალი ჭუჭლაშვილმა წარმოადგინა განცხადება იმაზე მითითებით, რომ კრედიტორთა რეესტრში აღიარებული მოთხოვნები არ არის დაფარული, დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმა ვერ შესრულდა და, შესაბამისად, შპს „გრანდ როიალი“ უნდა გადავიდეს გაკოტრების რეჟიმში და დაინიშნოს გაკოტრების მმართველი.
2024 წლის 20 მაისს, უზრუნველყოფილმა კრედიტორმა, სს „თიბისი ბანკმა“ წარმოადგინა განცხადება მოვალე შპს „გრანდ როიალის“ მიერ რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის გამო მის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ მოცემულ საქმეზე 2023 წლის 20 დეკემბერის განჩინებით დამტკიცებულ იქნა რეაბილიტაციის გეგმა, რომლის შესაბამისადაც კრედიტორთა სრულად დაკმაყოფილების უკანასკნელ ვადად განისაზღვრა 2024 წლის 29 თებერვალი. მიუხედავად ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის, ამ დრომდე არ არის შესრულებული რეაბილიტაციის გეგმით ნაკისრი ვალდებულება.
2024 წლის 21 მაისის განჩინებით მოვალეს განესაზღვრა 5 დღე, მოსაზრების წარმოსადგენად, უზრუნველყოფილი კრედიტორის, სს „თიბისი ბანკის“ განცხადებასთან დაკავშირებით მოვალე შპს „გრანდ როიალის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნასთან დაკავშირებით.
კრედიტორის ზემოაღნიშნული მოთხოვნის პასუხად, 2024 წლის 3 მაისს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „გრანდ როიალის“ წარმომადგენელმა, ლევან ლომსიანიძემ და მიუთითა, რომ უზრუნველყოფილი კრედიტორის - სს „თიბისი ბანკის“ განცხადებასთან დაკავშირებით, დაზუსტებულ პოზიციას წარმოადგენდა უახლოეს დღეებში. აქვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევში, თუკი სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ შპს „გრანდ როიალის“ მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი, მხარს უჭერს გაკოტრების მმართველად გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს ნატალი ჭუჭულაშვილის დანიშვნას; რაც შეეხება კრედიტორთა მოთხოვნებს და მათ ოდენობებს, ასეთის არსებობის შეთხვევაში, აღიარებს მხოლოდ 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის და რეაბილიტაციის რეჟიმში დამტკიცებული კრედიტორთა რეესტრის შესაბამის ფარგლებში.
დამატებითი მოსაზრებები სასამართლოში წერილობითი ფორმით მოვალეს აღარ წარმოუდგენია.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს მოისმინა 2024 წლის 17 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მივიდა დასკვნამდე, რომ მოვალე შპს „გრანდ როიალის“ მიმართ უნდა გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი, შემდეგ გარემოებათა გამო:
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის თანახმად რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია სასამართლოში შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით. რეაბილიტაციის გეგმის დარღვევად არ მიიჩნევა რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული პირობების უმნიშვნელო დარღვევა. პირობების დარღვევა უმნიშვნელოდ მიიჩნევა, თუ ის მთლიანი მიმდინარე შესასრულებელი ვალდებულების 20 პროცენტს არ აღემატება, ხოლო მისი შესრულების ვადის გადაცილება − 15 სამუშაო დღეს, ან თუ ვადის გადაცილება არ აღემატება 7 სამუშაო დღეს, მიუხედავად დავალიანების თანხის ოდენობისა.სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად მოვალეს უგზავნის და მას მოსაზრებების წერილობით წარმოსადგენად განუსაზღვრავს არანაკლებ 4 დღისა და არაუმეტეს 7 დღის ვადას, რომელიც აითვლება მოვალისთვის გზავნილის ჩაბარების მომენტიდან.სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მოვალესა და კრედიტორებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი სხდომაზე გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.თუ სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, ის გამოიტანს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ და დანიშნავს გაკოტრების მმართველს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება და მართვაში მყოფი მოვალეც ადასტურებს, რომ ადგილი აქვს რეაბილიტაციის გეგმის მნიშვნელოვან დარღვევას, შესაბამისად, სახეზეა ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი, მოვალე შპს „გრანდ როიალის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის სამართლებრივი წინაპირობები.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-19 მუხლით, 50-ე მუხლის პირველი პუნქტით, 91-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით, 96-ე, 99-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გრანდ როიალის“ (ს.ნ.404463059) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.
2. შპს „გრანდ როიალის“ (ს.ნ.404463059) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - თორნიკე ართქმელაძე (პ.ნ. 37001055059, ტელ. 555 65 91 00; ელფოსტა - tornikeartkmeladze@gmail.com), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას.
5. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.
6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.
7. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.
8. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.
9. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;
ბ) აწარმოოს დავები;
გ) განახორციელოს შეცილება;
დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;
ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;
ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;
ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;
თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
10. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
11. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.
12. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში - www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).
13. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილი