საქართველოში თამბაქოს ნაწარმით საბითუმო ვაჭრობის ლიცენზირების წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების

მინისტრის ბრძანება №24

1999 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოში თამბაქოს ნაწარმით საბითუმო ვაჭრობის ლიცენზირების წესის შესახებ

 

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოში თამბაქოს ნაწარმით საბითუმო ვაჭრობის ლიცენზირების წესი“.

2. „საქართველოში თამბაქოს ნაწარმით საბითუმო ვაჭრობის ლიცენზირების წესი“ ამოქმედდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ვაჭრობის ორგანიზაციისა და შიდა ბაზრის კონიუნქტურის სამმართველოს უფროსს ბატონ ვ. ჩოგოვაძეს.

მინისტრით.                                                                             ბერუჩაშვილი

 

საქართველოში თამბაქოს ნაწარმით საბითუმო ვაჭრობის ლიცენზირების წესი

I. საერთო დებულება

1. წინამდებარე წესები განსაზღვრავს თამბაქოს ნაწარმით ბითუმად ვაჭრობის ლიცენზირების წესს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა საწარმოსა და ორგანიზაციაზე საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომლებიც აწარმოებენ აღნიშნულ საქონლის ბითუმად რეალიზაციას.

2. თამბაქოს ნაწარმით ბითუმად ვაჭრობა არის ამ პროდუქციის მიწოდება მომარაგება-გასაღების, საშუამავლო და სავაჭრო ორგანიზაციებზე, გარდა უშუალოდ მოსახლეობაზე მიყიდვისა.

II. საბითუმო ვაჭრობის ლიცენზიის გაცემა

3. საქართველოში თამბაქოს ნაწარმით საბითუმო ვაჭრობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო.

4. ბითუმად ვაჭრობის ლიცენზია წარმოადგენს ოფიციალურ ნებართვას, რომელიც უფლებას აძლევს მეწარმეს განახორციელოს ბითუმად ვაჭრობის ოპერაციები ლიცენზიით დადგენილ ვადაში.

5. ლიცენზია გაიცემა 5 წლის ვადით იმ იურიდიულ პირზე და ინდივიდუალურ მეწარმეზე, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. ლიცენზიის მისაღებად განმცხადებელი წარმოადგენს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროში შემდეგ დოკუმენტებს:

ა) განცხადებას ლიცენზიის გაცემის თაობაზე იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის საფირმო სახელწოდების და იურიდიული მისამართის მითითებით;

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა აღრიცხვაზე აყვანის შესახებ;

გ) მომსახურე ბანკის ცნობა საბანკო ანგარიშის არსებობის შესახებ;

დ) მისამართი იმ ობიექტისა, საიდანაც წარმოებს თამბაქოს ნაწარმის ბითუმად ვაჭრობა;

ე) ქვითარი სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის შესახებ;

წარმოდგენილი ცნობების სისწორეზე განმცხადებელი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ობიექტი, საიდანაც იწარმოებს თამბაქოს ნაწარმის ბითუმად ვაჭრობა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) სათავსო უნდა იყოს სუფთა, კარგად განიავებადი, მშრალი;

ბ) თამბაქოს ნაწარმის ყუთები თავსდებოდეს ხის ქვესადებზე ან ხის ნაჭრებზე, იატაკიდან 10 სმ სიმაღლეზე;

გ) ყუთების ერთმანეთზე დალაგება დასაშვები არა უმეტეს 6 ცალისა, ორ-ორ მწკრივში და კედლიდან არანაკლებ 10 სმ დაშორებით, მწკრივებს შორის დატოვებული უნდა იყოს გარკვეული მანძილი ჰაერის თავისუფალი ცირკულაციის მიზნით;

დ) სათავსში ჰაერის ტენიანობა უნდა იყოს 60-70%;

ე) სითბოს წყაროებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ ჰაერის ტენიანობის დასარეგულირებლად. მანძილი სითბოს წყაროდან დასაწყობებულ თამბაქოს ნაწარმს შორის უნდა იყოს არანაკლებ 1 მ;

ვ) თამბაქოს ნაწარმთან ერთად აკრძალულია ისეთი პროდუქციის შენახვა, რომელსაც აქვს მძაფრი ან სპეციფიკური სუნი, ან არის მალფუჭადი;

ზ) თამბაქოს ნაწარმი უნდა ინახებოდეს გოფრირებული მუყაოს ან მრავალჯერადი ფანერის ყუთებში.

ამ პირობების დაცვის თაობაზე განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი გარანტია-ვალდებულება.

8. განმცხადებლისაგან ამ წესებით გაუთვალისწინებელი დოკუმენტების მოთხოვნა აკრძალულია.

9. გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღება 5 სამუშაო დღის განმავლობაში განცხადების მიღების დღიდან.

10. უარი ლიცენზიის გაცემაზე უნდა იყოს დასაბუთებული და წერილობით ეცნობოს განმცხადებელს.

11. ლიცენზიაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ლიცენზიის გამცემი ორგანოს დასახელება;

ბ) ლიცენზიის მფლობელის ზუსტი დასახელება;

გ) იმ ობიექტის ზუსტი დასახელება და მისამართი, საიდანაც იწარმოებს თამბაქოს ნაწარმით საბითუმო ვაჭრობა;

დ) ლიცენზიის სარეგისტრაციო ნომერი და გაცემის თარიღი.

12. ლიცენზიის გადაცემა სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე აკრძალულია.

13. ბითუმად მოვაჭრე ლიცენზიის მქონე ობიექტიდან აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის საცალო რეალიზაცია.

14. იურიდიული პირის ან ინდივიდუალური საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ლიცენზია კარგავს იურიდიულ ძალას.

იურიდიულ პირის დასახელების შეცვლის ან ლიცენზიის დაკარგვისას ახალი ლიცენზიის აღება ან გადაფორმება წარმოებს მისი მიღების წესის შესაბამისად.

15. ლიცენზიას ხელს აწერს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პირი, რომლის ხელმოწერა დასტურდება სალიცენზიო ბეჭდით.

ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ინახება ლიცენზიის გამცემ სამსახურში 7 წლის განმავლობაში.

III. ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტა

16 ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტა წარმოებს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე;

ბ) ლიცენზიის სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე გადაცემის ფაქტის დადგენისას;

გ) ბითუმად მოვაჭრე ლიცენზიის მქონე ობიექტიდან თამბაქოს ნაწარმის საცალოდ გაყიდვის ფაქტის დადგენისას;

დ) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური საწარმოს ლიკვიდაციისას;

ე) თამბაქოს ნაწარმის შენახვის პირობების დარღვევისას (ამ წესის მე-7 პუნქტის შესაბამისად).

17.გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის თაობაზე ეცნობება წერილობით ლიცენზიის მფლობელს და საგადასახადო ორგანოს 3 დღის ვადაში გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

18. ლიცენზია გაიცემა თანახმად დანართი №1-ისა.

IV. კონტროლი

19. კონტროლს ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ახორციელებს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო.

20.საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინსიტროს ქმედება მიღებული გადაწყვეტილების, ლიცენზიის გაცემის, ჩამორთმევის ფაქტებთან დაკავშირებით შესაძლებელია გასაჩივრებული იქნას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დანართი № 1

ლიცენზია  № _______

გაცემულია საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური

ურთიერთობების სამინისტროს მიერ მასზედ, რომ _____________________________

                                                                                                (იურიდიული პირის და

________________________________________________________  აქვს უფლება აწარმოოს თამბაქოს

ინდივიდუალური მეწარმის სრული დასახელება)

ნაწარმით ბითუმად ვაჭრობა _______________________________________________   

(თამბაქოს ნაწარმის ბითუმად მოვაჭრე ობიექტის

___________________________________________ ობიექტიდან.

ზუსტი მისამართი)

           

ლიცენზია გაცემულია ------ წლის „----“ ---------------------- მდე

საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო

ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს

_____________________________________________                              ________________

_____________________________________________                              (სახელი, გვარი)

გავეცანი თამბაქოს ნაწარმით საბითუმო                                   „__“__________ 199 წ.

ვაჭრობის ლიცენზირების წესებს:                                               _________________

                                                            ____________________________ (სახელი, გვარი)