„საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ" ადმინისტრაციული შეთანხმება

მიღების თარიღი 11.10.2024
ძალაში შესვლა 26.02.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №204-18
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016817 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 18/03/2025
3,127 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.10.2024 მიღება
26.02.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 10.07.2015 საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანოების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 06.12.2019 ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ 93% 01.04.2016 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 16.11.2017 ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 08.04.2016

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ" ადმინისტრაციული შეთანხმება ადმინისტრაციული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის უსაფრთხოების შესახებ’’ 1994 წლის 12 დეკემბრის შეთანხმების (შემდგომში – უსაფრთხოების შეთანხმება) მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროთი, და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო), წარმოდგენილი ნატოს უსაფრთხოების ოფისის დირექტორით (შემდგომში მოხსენიებულნი როგორც „მონაწილეები“), ორმხრივად აღიარებენ შემდეგს: მუხლი 1🔗 გამოყენების სფერო 1. უსაფრთხოების შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი ან გენერირებული  ნებისმიერი სახის კლასიფიცირებული ინფორმაციის  დაცვა და მოპყრობა განხორციელდება  „საქართველოს მთავრობასა და  ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის  დაცვის შესახებ“ წინამდებარე ადმინისტრაციული შეთანხმების  (შემდგომში – „შეთანხმება“) შესაბამისად, მონაწილეთა უსაფრთხოების სათანადო რეგულაციებით გათვალისწინებული უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტებით. ნატოსთვის უსაფრთხოების რეგულაციები შეთანხმებულია ნატოს წევრი ქვეყნების მიერ „ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის“ დოკუმენტში – C-M(2002)49-REV1 და მის მხარდამჭერ დირექტივებში, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით. საქართველოსთვის უსაფრთხოების რეგულაციები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. მონაწილეები თანხმდებიან, რომ ყველა იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლას, გამოიყენონ წინამდებარე შეთანხმებაში მოცემული მინიმალური სტანდარტები. 3. წინამდებარე  შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე „კლასიფიცირებული ინფორმაცია“ ნიშნავს როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად შემუშავებულ  ან  რომელიმე მონაწილის მიერ გაცვლილ ნებისმიერ ინფორმაციას ან მასალას (მათ შორის, დოკუმენტები, აღჭურვილობა, ნივთიერებები და სხვა საგნები ნებისმიერი ფორმით,  ან ასეთი ინფორმაციის ან მასალის ნებისმიერი სახის ასლი ან თარგმანი), რომელიც ექვემდებარება დასაიდუმლოებას, მიუხედავად იმისა, წარდგენილია ზეპირად, ვიზუალურად, წერილობით ან სხვა ნებისმიერი ფორმით თუ საშუალებით. 4. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება ნებისმიერ კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე სრულიად საიდუმლო (SECRET) კლასიფიკაციის დონის ინფორმაციის ჩათვლით. მუხლი 2🔗 უსაფრთხოების ორგანოები 1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უსაფრთხოების ორგანოებია: საქართველოს მთავრობისთვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის თავდაცვის სამინისტრო გენერალ კვინიტაძის ქ. 20 0112 თბილისი, საქართველო ტელეფონი: +995 32 254 35 35 ელფოსტა: mod@mod.gov.ge ნატოს უსაფრთხოების ოფისი ნატოს შტაბბინა  ბულვარ ლეოპოლდ III B-1110     ბრიუსელი ბელგია ტელეფონი: +3227074006 ელფოსტა: mbx.isnospob@hq.nato.int 2. ამ მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების ორგანოები ხელს შეუწყობენ ურთიერთინსპექტირებების განხორციელებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მონაწილეთა შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვა და მოპყრობა ორმხრივად შეთანხმებული მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილება წერილობით ეცნობება შესაბამის მეორე მხარეს. მუხლი 3🔗 კლასიფიკაციის დონეები 1. კლასიფიკაციის დონეები გამოიყენება კლასიფიცირებული ინფორმაციის სენსიტიურობის განსაზღვრისა და მათი შესაბამისი დაცვისა და მოპყრობისათვის გამოსაყენებელი რეგულაციებისა და პროცედურების დადგენის მიზნით. 2. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის კლასიფიკაციის დონეები და ნატოსა და საქართველოს საიდუმლოობის გრიფები ერთმანეთს შეესაბამება შემდეგნაირად: კლასიფიკაციის დონე ინგლისურად საიდუმლოობის გრიფები ნატო საქართველო SECRET NATO SECRET სრულიად საიდუმლო (sruliad saidumlo)​1 CONFIDENTIAL NATO CONFIDENTIAL საიდუმლო (saidumlo)​2 RESTRICTED NATO RESTRICTED შეზღუდული სარგებლობისათვის (shezguduli sargeblobisatvis)​3 3. ყოველი მონაწილე  მეორე მონაწილისგან მიღებულ ნებისმიერ კლასიფიცირებულ ინფორმაციას მიანიჭებს შესაბამის საიდუმლოობის გრიფს ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ეკვივალენტურობის მიხედვით  და  უზრუნველყოფს მის სულ მცირე ისეთივე დონის დაცვით, როგორიც გამოიყენება ეკვივალენტური დონის საკუთარი საიდუმლო ინფორმაციის მიმართ. 4. ნებისმიერი მონაწილის მიერ შემუშავებული კლასიფიცირებული ინფორმაცია ინარჩუნებს მისი კუთვნილების აღნიშვნას და კლასიფიკაციის დონეს და არ მოხდება კლასიფიკაციის დონის  დადაბლება ან განსაიდუმლოება ინფორმაციის შემმუშავებლის ნებართვის გარეშე. ხაზის ქვეშ დამატებული იქნება შესაბამისი აღნიშვნა  წვდომის უფლების მისათითებლად: მაგ.:                                                                                                                                        მაგ: NATO CONFIDENTIAL                                                                      საიდუმლო (saidumlo) RELEASABLE TO GEORGIA                                                              RELEASABLE TO NATO 5. თუ მონაწილის მიერ შემუშავებული კლასიფიცირებული ინფორმაცია შეიცავს სხვა მონაწილის კლასიფიცირებულ ინფორმაციას, მაშინ შემმუშავებელი მონაწილის ეკვივალენტური გრიფის ზემოთ ინფორმაციას მოყვება სხვა მონაწილის შესაბამისი კლასიფიკაციის დონის მარკირება კლასიფიცირებული ინფორმაციის ერთობლივი კუთვნილების აღსანიშნავად. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ დამტკიცებული თანამშრომლობის საქმიანობის ფარგლებში (მაგ. ნატო-საქართველოს კომისია) შემუშავებული კლასიფიცირებული ინფორმაციის გრიფი უნდა შეიცავდეს საქმიანობის დასახელებას ან მონაწილე ქვეყნ(ებ)ის სახელ(ებ)ს  და, საჭიროების შემთხვევაში,  მითითებას წვდომის უფლების შესახებ:               მაგ:          NATO/GEORGIA SECRET, or                               NATO SECRET                               RELEASABLE TO (EAPC, PfP, or GEORGIA])                                 სრულიად საიდუმლო (sruliad saidumlo)                                  RELEASABLE TO NATO 6. კლასიფიცირებული ინფორმაცია შეიძლება ასევე შეიცავდეს დამატებით ადმინისტრაციულ და/ან დაგზავნის შემზღუდველ აღნიშვნას. მუხლი 4🔗 ძირითადი პრინციპები 1. მონაწილეები არცერთ მესამე მხარეს არ გაუმჟღავნებენ უსაფრთხოების შეთანხმების ფარგლებში გაცვლილ რაიმე სახის კლასიფიცირებულ ინფორმაციას შემმუშავებლის წინასწარი თანხმობის გარეშე. 2. კლასიფიცირებული ინფორმაცია დაცული იქნება უსაფრთხოების დაბალანსებული  ზომების ერთობლიობით, მათ შორის, პერსონალის, ფიზიკური, ადმინისტრაციული, კომუნიკაციისა და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოებით, რომლებიც ვრცელდება კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან წვდომის მქონე ყველა პირზე, ყველა მოწყობილობაზე, რომელიც ინახავს ან ამუშავებს ასეთ ინფორმაციას და ყველა შენობა-ნაგებობაზე, სადაც ინახება ასეთი ინფორმაცია. 3. უსაფრთხოების შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი ნებისმიერი კლასიფიცირებული ინფორმაცია  გამოიყენება მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისთვის და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ გაცნობის საჭიროების პრინციპის გათვალისწინებით იმ პირებისთვის, რომლებიც გაეცნენ უსაფრთხოების შესაბამის  პროცედურებს. დამატებით, საიდუმლო (CONFIDENTIAL) და სრულიად საიდუმლო (SECRET) კლასიფიკაციის დონის ინფორმაციასთან წვდომა მიეცემათ  მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ  შესაბამისი ინდივიდუალური დაშვება. 4. შეზღუდული სარგებლობისათვის (RESTRICTED) კლასიფიკაციის დონის ინფორმაციასთან წვდომა განხორციელდება მონაწილეთა შესაბამისი უსაფრთხოების რეგულაციების მიხედვით. თუმცა, პირებზე, სულ მცირე, უნდა გავრცელდეს გაცნობის საჭიროების პრინციპი და ეს პირები გაცნობილნი უნდა იყვნენ შეზღუდული სარგებლობისათვის (RESTRICTED) კლასიფიკაციის დონის ინფორმაციის დაცვასა  და მოპყრობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. 5. უსაფრთხოების ნებისმიერი დარღვევა ან კომპრომეტირება, რომელიც ეხება რომელიმე მონაწილის კლასიფიცირებულ ინფორმაციას, დაუყოვნებლივ  ეცნობება მეორე მონაწილის უსაფრთხოების შესაბამის ორგანოს ზიანის შეფასების მიზნით. მოხსენება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ინფორმაციის აღწერასა და კლასიფიკაციის დონეს, კომპრომეტირების გარემოებების აღწერას, მათ შორის, თარიღს, ინფორმაციის კომპრომეტირების ხანგრძლივობას და, თუ ცნობილია, არაუფლებამოსილი პირების რაოდენობას და/ან კატეგორიას, რომლებსაც ჰქონდათ ან შეეძლოთ ჰქონოდათ წვდომა ინფორმაციასთან. უსაფრთხოების დარღვევები უნდა იყოს გამოძიებული იმ პირების მიერ, რომლებსაც აქვთ უსაფრთხოების, გამოძიებისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, კონტრდაზვერვითი გამოცდილება და რომლებიც  დამოუკიდებლები არიან იმ პირებისგან, ვინც ჩართულები იყვნენ დარღვევაში. მუხლი 5🔗 ინდივიდუალური დაშვება 1. საიდუმლო (CONFIDENTIAL) და სრულიად საიდუმლო (SECRET)  კლასიფიკაციის დონის ინფორმაციაზე დაშვების მინიჭებამდე პირები ექვემდებარებიან შემდეგ პუნქტში მოცემული კრიტერიუმებით  შემოწმების პროცედურას მათი კეთილსინდისიერების, სანდოობისა და საიმედოობის შესაფასებლად. ინდივიდუალური დაშვების მისანიჭებლად და შესანარჩუნებლად პირების შესაბამისობის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება პიროვნული მახასიათებლები და გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა წარმოშვას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები. 2. კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან პირის დაშვების შესაბამისობის შესამოწმებლად, შეიცავს პირთან დაკავშირებულ შემდეგ გარემოებებს: a) ჩაიდინა ან ჰქონდა მცდელობა ჩაედინა, სხვა პირთან შეკავშირდა ან სხვა პირს დაეხმარა და წააქეზა ჩაედინა (ან ჰქონოდა მცდელობა ჩაედინა) ჯაშუშობის, ტერორიზმის, საბოტაჟის, ღალატის ან ამბოხის ნებისმიერი აქტი; b) არის ან იყო დაკავშირებული ჯაშუშებთან, ტერორისტებთან, დივერსანტებთან ან ისეთ პირებთან, რომელთა მიმართ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ წარმოადგენენ ასეთ პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი კავშირები ნებადართული იყო  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან გამომდინარე; c) არის ან იყო ნებისმიერი ორგანიზაციის წევრი, რომელიც ძალადობრივი, დივერსიული ან სხვა უკანონო საშუალებებით ცდილობს სახელმწიფო(ები)ს ხელისუფლების დამხობას ან სახელმწიფო(ები)ს ხელისუფლების ფორმის შეცვლას; d) არის ან ახლო წარსულში იყო ისეთი ორგანიზაციის მხარდამჭერი, რომელიც გათვალისწინებულია  ამ პუნქტის  (c) ქვეპუნქტში, ან რომელიც არის ან ახლო წარსულში იყო დაკავშირებული ასეთი ორგანიზაციის წევრებთან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი კავშირები ნებადართული იყო  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან გამომდინარე; e) განზრახ დაფარა, არასწორად წარადგინა ან გააყალბა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, განსაკუთრებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ან განზრახ იცრუა  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფორმის/ანკეტის შევსებისას ან გასაუბრების დროს; f) იყო მსჯავრდებული, ან იყო პასუხისგებაში მიცემული ისეთ სამართალდარღვევებზე, რომლებიც მიუთითებენ დანაშაულებრივი მიდრეკილებების შესახებ; ან აქვს სერიოზული ფინანსური სირთულეები ან დაუსაბუთებელი ქონება; ან აქვს ალკოჰოლზე დამოკიდებულების,  ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარების და/ან ლეგალური ნარკოტიკული საშუალებების კანონიერად მოხმარების უფლების ბოროტად გამოყენების ისტორია; g)  გარეულია ან გარეული იყო  ისეთ ქმედებაში, მათ შორის ნებისმიერი სახის სექსუალური ხასიათის ქმედებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შანტაჟის ან ზეწოლისადმი მოწყვლადობის რისკი; h) ქცევით ან სიტყვიერად  მოახდინა არაკეთილსინდისიერების, არასაიმედოობის, არასანდოობის ან დაუდევრობის დემონსტრირება; i) მძიმედ ან განმეორებით დაარღვია უსაფრთხოების რეგულაციები; ან მცდელობა ჰქონდა განეხორციელებინა ან განახორციელა აკრძალული ქმედება კომუნიკაციებისა და ინფორმაციულ სისტემასთან (სისტემებთან) დაკავშირებით; j)  აქვს ან ჰქონდა რაიმე სახის დაავადება ან მენტალური ან ემოციური მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს განსჯის უნარი ან სანდოობა ან  პირი შეიძლება უნებლიედ გახადოს უსაფრთხოებისთვის პოტენციური რისკის მატარებელი. ყველა ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კომპეტენტური სამედიცინო რჩევა; ან k) შესაძლოა მოექცეს ნათესავების ან ახლო პირების ზეწოლის ქვეშ, რომლებიც შეიძლება  მოწყვლადი იყვნენ უცხოური სადაზვერვო სამსახურებისთვის, ტერორისტული დაჯგუფებებისთვის ან სხვა დივერსიული ორგანიზაციებისა და პირებისთვის. 3. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმები ვრცელდება ინდივიდუალური დაშვების მისანიჭებელ პირზე, საჭიროების შემთხვევაში, მისი მეუღლის, მასთან მცხოვრები პირის ან  ოჯახის ახლო წევრის ხასიათი,  ქცევა და სხვა გარემოებები შეიძლება  ასევე რელევანტური და მხედველობაში იყოს მისაღები  ინდივიდუალური დაშვების მინიჭების საკითხის  განხილვისას. ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია იქნება მხედველობაში მიღებული ინდივიდუალური დაშვების მინიჭების ან არმინიჭების საკითხის გადასაწყვეტად. 4. შემოწმების დადებითი შედეგების მიღების შემთხვევაში, პირებს მიენიჭებათ ინდივიდუალური დაშვება. ინდივიდუალური დაშვება შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს (სახელი, დაბადების  თარიღი და ადგილი), კლასიფიკაციის დონეს, რომელზეც პირს შესაძლოა ჰქონდეს წვდომა (საიდუმლო (CONFIDENTIAL) და/ან სრულიად საიდუმლო (SECRET)), დაშვების გამცემი ორგანოს მონაცემებსა და საკონტაქტო ინფორმაციას, ინდივიდუალური დაშვების გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას. კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების ნიმუში მოცემულია  შეთანხმების  დანართ 1-ში. ნატოს ინდივიდუალური დაშვების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება უსაფრთხოების შესაბამისი ორგანოს მიერ. 5. ინდივიდუალური დაშვების მინიჭების შემდეგ, კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან წვდომამდე, პირებს უტარდებათ კლასიფიკაციის დონის შესაბამისი უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი/ბრიფინგი უსაფრთხოების რეგულაციებისა და პროცედურების, ასევე მათი ვალდებულებების შესახებ.  დაშვებული პირები წერილობით ადასტურებენ, რომ ისინი სრულად აცნობიერებენ  კლასიფიცირებული ინფორმაციის არაუფლებამოსილი პირისთვის  განზრახ ან გაუფრთხილებლობით გადაცემის შემთხვევაში ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობასა და შედეგებს. 6. შეიქმნება პროცედურები იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაშვებული პირის შესახებ საფრთხის შემქმნელი ინფორმაციის წარმოქმნის შემთხვევაში უსაფრთხოების  კომპეტენტურმა ორგანომ მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის ინდივიდუალური დაშვების  შენარჩუნების/არ შენარჩუნების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ჩაითვლება, რომ  დაშვებული პირი არის უსაფრთხოების მიუღებელი რისკის მატარებელი ან გაუქმდება მისი ინდივიდუალური დაშვება, ასეთ პირს შეუწყდება კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან წვდომა. მუხლი 6🔗 ფიზიკური უსაფრთხოება 1.  საიდუმლო (CONFIDENTIAL) და სრულიად საიდუმლო (SECRET) კლასიფიკაციის დონის ინფორმაციის შენახვისა  და  დამუშავების ადგილები ორგანიზებული და მოწყობილი იქნება როგორც უსაფრთხოების სივრცეები, რომლებიც შეესაბამება შემდეგ მოთხოვნებს: a) მკაფიოდ განსაზღვრული და დაცული პერიმეტრი, სადაც კონტროლდება ნებისმიერი პირის შესვლა და გასვლა. კონტროლი შეიძლება იყოს ელექტრონული, ელექტრო-მექანიკური, ადამიანური ან ფიზიკური; b) შესვლის კონტროლის სისტემა, რომელიც  თანხლების გარეშე შესვლის უფლებას მისცემს მხოლოდ იმ პირებს, ვისაც აქვთ ინდივიდუალური  დაშვება და კონკრეტულად არიან უფლებამოსილნი შევიდნენ უსაფრთხოების ამ სივრცეში. ყველა სხვა პირის მიმართ უზრუნველყოფილი იქნება თანხლება  ან ეკვივალენტური კონტროლი, რათა თავიდან იქნეს აცილებული კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან არაუფლებამოსილი წვდომა და უკონტროლო შესვლა სივრცეში, რომელიც ექვემდებარება ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექტირებას. 2. ვიზიტორებს, რომლებიც ექვემდებარებიან თანხლებას, უსაფრთხოების სივრცეში მოხვედრისას ყოველთვის უნდა იყვნენ თანმხლებ პასუხისმგებელ პირთან ერთად. ვიზიტორებს, რომლებსაც ნებადართული აქვთ სივრცეში ან მის ნაწილში თანხლების გარეშე ყოფნა, მოეთხოვებათ საშვის ტარება, რომელიც მათ ვიზიტორებად იდენტიფიცირებას მოახდენს. 3. უსაფრთხოების სივრცეში, რომელშიც არ არის 24-საათიანი მორიგე პერსონალი, სტანდარტული სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მოწმდება კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომები. 4. უსაფრთხოების სივრცის მიმდებარედ შესაძლოა შეიქმნას უსაფრთხოების ადმინისტრაციული ზონა.  ასეთ ზონას ექნება ვიზუალურად განსაზღვრული პერიმეტრი, რომლის ფარგლებში შესაძლებელი იქნება პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი. ადმინისტრაციულ ზონებში დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული სარგებლობისათვის (RESTRICTED) კლასიფიკაციის დონის  ინფორმაციასთან მოპყრობა და მისი შენახვა. 5. საიდუმლო (CONFIDENTIAL) და სრულიად საიდუმლო (SECRET) კლასიფიკაციის დონის ინფორმაცია  უნდა ინახებოდეს უსაფრთხოების სივრცეში არსებულ უსაფრთხო კონტეინერებში, რომლებიც აკმაყოფილებენ ნატოს  სტანდარტებს. გასაღები ან საკეტების კომბინაცია  ექნება მხოლოდ ამ მიზნისთვის განსაზღვრულ, ინდივიდუალური დაშვების მქონე შესაბამის პერსონალს, რომლებსაც შენახულ ინფორმაციაზე წვდომა ესაჭიროებათ სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად. 6. შეზღუდული სარგებლობისათვის (RESTRICTED) კლასიფიკაციის დონის ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნეს ადმინისტრაციულ ზონაში ჩაკეტილ კონტეინერში, მაგიდის უჯრაში, კარადაში ან ოთახში. მუხლი 7🔗 რეგისტრები და კლასიფიცირებული ინფორმაციის კონტროლი 1. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეთა მიერ შეიქმნება რეგისტრის სისტემა, რომელიც შედგება ცენტრალური რეგისტრისა და ქვერეგისტრებისაგან კლასიფიცირებული ინფორმაციის მიღების, განაწილების, კონტროლისა და შენახვის მიზნით. რეგისტრის სისტემის ფუნქციებია: a) მონაწილეებს შორის გაცვლილი ნებისმიერი კლასიფიცირებული ინფორმაციის მიღებისა და დაგზავნის აღრიცხვის წარმოება; b) მის ტერიტორიაზე ნებისმიერი კლასიფიცირებული ინფორმაციის განაწილება და კონტროლი; c) კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვა; და d) კლასიფიცირებული ინფორმაციის საბოლოო განადგურება, მათ შორის, სრულიად საიდუმლო (SECRET) კლასიფიკაციის დონის ნებისმიერი ინფორმაციის განადგურების აქტის შენახვა. 2. გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალურ რეგისტრებს წარმოადგენენ: a) საქართველოს მთავრობისთვის: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური რეგისტრი; b) ნატოსთვის: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ცენტრალური რეგისტრი ნატოს სათავო ოფისში, ქ. ბრიუსელი. 3. მე-2 მუხლში მითითებული უსაფრთხოების  ორგანოები პასუხისმგებელნი არიან მათ შესაბამის უწყებებში რეგისტრების ზედამხედველობასა და კონტროლზე  და ერთმანეთს აცნობებენ  რეგისტრების შექმნის, გაუქმების ან სახელწოდების ცვლილების შესახებ.   4. ყველა კლასიფიკაციის დონის დოკუმენტების გამრავლება და თარგმნა შესაძლებელია ადრესატების მიერ გაცნობის საჭიროების პრინციპის მკაცრი დაცვით.  სრულიად საიდუმლო (SECRET)  კლასიფიკაციის დონის დოკუმენტების ასლებზე  აღნიშნული უნდა იყოს ასლის მაიდენტიფიცირებელი ნომრები. სრულიად საიდუმლო (SECRET) კლასიფიკაციის დონის დოკუმენტების გამრავლების და/ან თარგმანების რაოდენობა და მათი ასლების რაოდენობა აღირიცხება რეგისტრის (ან ქვერეგისტრის) მიერ. 5. კლასიფიცირებული ინფორმაციის გამრავლებისთვის გამოსაყენებელი აღჭურვილობა, როგორიცაა: ასლის გადამღები და ფაქსის მოწყობილობები, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სისტემები დაცული იქნება ფიზიკური უსაფრთხოების ზომებით, რათა მათი გამოყენება შეეძლოთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს. 6. დოკუმენტების ფიზიკური გადაცემა განხორციელდება ოფიციალური კურიერის მიერ ან დიპლომატიური ჩანთით. 7. საიდუმლო (CONFIDENTIAL) და სრულიად საიდუმლო (SECRET) კლასიფიკაციის დონის დოკუმენტების პირადი გადაზიდვა განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პირებს მგზავრობა უწევთ შეზღუდული დროიდან გამომდინარე ან როდესაც დროის ფაქტორი არ იძლევა ასეთი დოკუმენტების უსაფრთხოების დადგენილი წესით გაგზავნის შესაძლებლობას და როდესაც  ინფორმაციის მიღების  ადგილზე არ არის ხელმისაწვდომი ასლების გადაღება. 8. საქართველოს ფარგლებში ნატოს საიდუმლო (NATO CONFIDENTIAL)  და ნატოს სრულიად საიდუმლო (NATO SECRET) კლასიფიკაციის დონის დოკუმენტების პერსონალური გადაზიდვა ნებადართულია, თუ ინფორმაცია შეფუთულია იმგვარად, რაც უზრუნველყოფს მის დაცვას არასანქცირებული გამჟღავნებისგან და: a) ინფორმაციის შესახებ  ცნობები აღრიცხულია შესაბამის რეგისტრში; b) ჩაკეტილი ჩანთა ან მსგავსი ნებადართული კონტეინერი არის ისეთი ზომის და წონის, რომ იძლევა კურიერის პერსონალურ მფლობელობაში დარჩენის შესაძლებლობას; c) ინფორმაცია არ გადის კურიერის მფლობელობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის შენახულია უსაფრთხოების დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; d) ინფორმაცია არ იქნება მიტოვებული მეთვალყურეობის გარეშე, არ მოხდება  ტრანსპორტირებისას მისი გახსნა და არ მოხდება საჯარო ადგილებში მისი წაკითხვა; და e) კურიერი ინფორმირებულია უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის შესახებ და აქვს ოფიციალური წერილობითი უფლებამოსილება. 9. საიდუმლო (CONFIDENTIAL) და სრულიად საიდუმლო (SECRET) კლასიფიკაციის დონის ინფორმაციის პერსონალური საერთაშორისო გადაზიდვა შესაძლოა  ნებადართული იყოს ზემოთ მოცემულ მოთხოვნებზე შემდეგი დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებით: a) გზავნილს აქვს ოფიციალური ბეჭედი, ან იმგვარად არის შეფუთული,  რაც მიუთითებს მის ოფიციალური დოკუმენტის სტატუსზე და არ დაექვემდებარება საბაჟო და უსაფრთხოების შემოწმებას; b) კურიერს თან ექნება კურიერის აღიარებული  სერტიფიკატი. 10. შეზღუდული სარგებლობისათვის (RESTRICTED) კლასიფიკაციის დონის ინფორმაციის პერსონალური გადაზიდვა ნებადართული იქნება უსაფრთხოების შესაბამისი მინიმალური სტანდარტების დაცვით, რომლებიც გათვალისწინებულია მონაწილეთა უსაფრთხოების სათანადო რეგულაციებში. 11. კლასიფიცირებული ინფორმაცია, რომელიც აღარ არის  საჭირო ოფიციალური მიზნებისთვის, მათ შორის, ზედმეტი ან შეცვლილი ინფორმაცია და მისი ნარჩენები, უნდა განადგურდეს ისე, რომ ვერ მოხერხდეს მისი აღდგენა. სრულიად საიდუმლო (SECRET)  კლასიფიკაციის დონის ინფორმაციის განადგურება აღირიცხება და შესაბამის დოკუმენტს ხელს აწერს თანამდებობის პირი, ვინც განახორციელა განადგურება და დამოუკიდებელი მოწმე, რომელთაგანაც ორივეს ექნება შესაბამისი ინდივიდუალური დაშვება და წვდომის ნებართვა სრულიად საიდუმლო (SECRET) კლასიფიკაციის დონის ინფორმაციაზე. განადგურების აქტი და საკონტროლო აღრიცხვის ოქმი უსაფრთხოების ორგანოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არანაკლებ 5 წლით, შეინახება  რეგისტრში, რომელიც ახორციელებს განადგურებას. თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული სარგებლობისათვის (RESTRICTED)  ან საიდუმლო (CONFIDENTIAL) კლასიფიკაციის დონის ინფორმაციის განადგურება  და მასთან დაკავშირებული განადგურებული დოკუმენტაციის აღრიცხვა მათი შესაბამისი უსაფრთხოების რეგულაციების  მიხედვით. მუხლი 8🔗 კომუნიკაციებისა და ინფორმაციული სისტემის უსაფრთხოება 1. ნებისმიერი სახის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამუშავება უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აკრედიტირებული იქნება  „ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის“ დოკუმენტების შესაბამისად კონფიდენციალურობის, მთლიანობის, ხელმისაწვდომობის, აუთენტურობის და არარეპუდირების ადეკვატური დონის გათვალისწინებით. 2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამმუშავებელი კომუნიკაციებისა და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების აკრედიტაციის პროცესი მოითხოვს შესაბამისი ორგანოების შექმნას. უნდა შეიქმნას უსაფრთხოების აკრედიტაციის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამმუშავებელი საქართველოს კომუნიკაციებისა და ინფორმაციული სისტემის უსაფრთხოების აკრედიტაციაზე და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზედამხედველობაზე „ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის“ დოკუმენტების და უსაფრთხოების ტექნიკური და საიმპლემენტაციო დირექტივების შესაბამისად. უსაფრთხოების აკრედიტაციის ორგანო საქართველოსთვის არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფი. საქართველოს უსაფრთხოების აკრედიტაციის ორგანოსთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება უნდა ეცნობოს ნატოს უსაფრთხოების ოფისს. 3. საქართველოს უსაფრთხოების აკრედიტაციის ორგანო შეიმუშავებს უსაფრთხოების აკრედიტაციის სტრატეგიას, რომელიც განმარტავს და დეტალურად აღწერს, როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საქართველოს კომუნიკაციებისა და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამუშავება. 4. ნატოსა და საქართველოს შორის საიდუმლო კომუნიკაციისთვის გამოსაყენებელი კრიპტოგრაფიული ტექნიკური საშუალებები დამტკიცდება „ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის“ დოკუმენტების შესაბამისად. 5. ნატოსა და საქართველოს კომუნიკაციებისა და ინფორმაციულ სისტემას შორის, ასევე საქართველოს კომუნიკაციებისა და ინფორმაციულ სისტემაში გადაცემისას ნატოს სრულიად საიდუმლო (NATO SECRET) კლასიფიკაციის დონის ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული იქნება ნატოს სამხედრო კომიტეტის მიერ დამტკიცებული კრიპტოგრაფიული  საშუალებებით ან მექანიზმებით. 6. ნატოსა და საქართველოს კომუნიკაციებისა და ინფორმაციულ სისტემას შორის, ასევე საქართველოს კომუნიკაციებისა და ინფორმაციულ სისტემაში გადაცემისას ნატოს საიდუმლო (NATO CONFIDENTIAL)  ან ნატოს შეზღუდული სარგებლობისათვის (NATO RESTRICTED) კლასიფიკაციის დონის ინფორმაცია დაცული იქნება შესაბამისი ორგანოს მიერ შეფასებული და დამტკიცებული კრიპტოგრაფიული საშუალებებით ან მექანიზმებით. შესაბამისი ორგანო შეიძლება იყოს სამხედრო კომიტეტი, ნატოს წევრი ქვეყნის ეროვნული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული სისტემის უსაფრთხოების  ორგანო ან საქართველოს ეკვივალენტური ორგანო, იმ პირობით, რომ საქართველოს ექნება ამ საშუალებების ან მექანიზმების შეფასების, შერჩევის, მოწონებისა და კონტროლის შესაბამისი სტრუქტურები, წესები და პროცედურები და რომ ეს სტრუქტურები, წესები და პროცედურები ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოიყენება პრაქტიკაში. სტრუქტურები, წესები და პროცედურები შეთანხმებული იქნება ნატოსა და საქართველოს შორის. 7. საქართველოს კომუნიკაციებისა და ინფორმაციული სისტემების მეშვეობით ნატოს ნებისმიერი კლასიფიცირებული ინფორმაციის დამუშავებისთვის საჭიროა ნატოს უსაფრთხოების ოფისის წინასწარი ნებართვა. მუხლი 9🔗 ინდუსტრიული უსაფრთხოება 1. საქართველოს უსაფრთხოების ორგანო პასუხისმგებელია, უზრუნველყოს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც საჭიროებს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე წვდომას, მიღებული ჰქონდეს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები და პროცედურები და ნატოს საიდუმლო (NATO CONFIDENTIAL)  და/ან ნატოს სრულიად საიდუმლო (NATO SECRET)  კლასიფიკაციის დონის  ინფორმაციის დამუშავების საჭიროების შემთხვევაში მინიჭებული ჰქონდეს იურიდიული პირის შესაბამისი დაშვება. იურიდიული პირის დაშვება  არის ადმინისტრაციული პროცედურა, რომლითაც შესაბამისი  ორგანო ოფიციალურად აღიარებს დაწესებულების შესაძლებლობასა და საიმედოობას, მოახდინოს გარკვეულ დონემდე კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მოპყრობა და მისი დაცვა. 2. დამატებით, დაწესებულების ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, რომლებიც საჭიროებენ წვდომას ნატოს საიდუმლო (NATO CONFIDENTIAL)   და/ან ნატოს სრულიად საიდუმლო (NATO SECRET) კლასიფიკაციის დონის ინფორმაციაზე, წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლის შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ სათანადო ინდივიდუალური დაშვება. მუხლი 10🔗 საერთაშორისო ვიზიტის კონტროლის პროცედურები 1. საერთაშორისო ვიზიტის კონტროლის პროცედურები ვრცელდება საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლების, ასევე  კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების საერთაშორისო ვიზიტებზე, რომლებსაც ესაჭიროებათ შემდეგი ადგილების მონახულება  ნატოსთან დაკავშირებული  შესაბამისი საქმიანობისათვის: a) ნატოს წევრი ქვეყნის სამთავრობო დეპარტამენტი ან დაწესებულება; b) ნატოს წევრი ქვეყნის კონტრაქტორის ან  ქვე-კონტრაქტორის დაწესებულება; ან c) ნატოს სამხედრო ან სამოქალაქო ორგანო. 2. 1(a) და 1(b) პუნქტებით გათვალისწინებული ვიზიტები ნებადართული უნდა იყოს  ნატოს იმ წევრი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების  ორგანოს/განსაზღვრული უსაფრთხოების ორგანოს მიერ, რომელშიც განხორციელდება აღნიშნული ვიზიტ(ებ)ი. ვიზიტები, რომლებიც გათვალისწინებულია 1(c) პუნქტში, ნებადართული უნდა იყოს ნატოს იმ სამოქალაქო ან სამხედრო ორგანოს მიერ, სადაც განხორციელდება ვიზიტი.  ნებართვის გაცემისას  მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: a) ვიზიტს აქვს ოფიციალური მიზანი, რომელიც დაკავშირებულია ნატოს პროგრამასთან ან პროექტთან; და b) ყველა ვიზიტორს აქვს შესაბამისი ინდივიდუალური დაშვება და იმ ინფორმაციის გაცნობის საჭიროება, რომელიც დაკავშირებულია ნატოს პროექტთან, პროგრამასთან ან საქმიანობასთან. 3. 1(a) და 1(b) პუნქტებით გათვალისწინებული ვიზიტებისთვის სამთავრობო დეპარტამენტებმა და დაწესებულებებმა, ასევე კონტრაქტორებმა და ქვეკონტრაქტორებმა, რომლებიც აპირებენ საერთაშორისო ვიზიტებზე პერსონალის გაგზავნას, ვიზიტით მოსანახულებელი დაწესებულების ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს/განსაზღვრული უსაფრთხოების ორგანოს  უნდა გაუგზავნონ საერთაშორისო ვიზიტის მოთხოვნა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს მეშვეობით. 1(c) პუნქტში გათვალისწინებული ვიზიტებისთვის საერთაშორისო ვიზიტის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ნატოს იმ სამოქალაქო ან სამხედრო ორგანოს, რომელშიც ხორციელდება ვიზიტი. საერთაშორისო ვიზიტის მოთხოვნას უნდა ახლდეს დასტური, რომ ყველა ვიზიტორს აქვს  მოქმედი  შესაბამისი ინდივიდუალური დაშვება. საერთაშორისო ვიზიტის კონტროლის პროცედურები დადგენილია  დანართ 2-ში. მუხლი 11🔗 უსაფრთხოების ორგანოებს შორის თანამშრომლობა 1. უსაფრთხოების ორგანოები  შეინარჩუნებენ მუდმივ კონტაქტს უსაფრთხოების შეთანხმების პირობების შესაბამისად ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვასა და მოპყრობაზე ზედამხედველობის გაწევის მიზნით. უსაფრთხოების ორგანოები გამართავენ შეხვედრებს, რათა განიხილონ საერთო ინტერესის მქონე საკითხები და შეაფასონ  წინამდებარე შეთანხმების განხორციელება. მუხლი 12🔗 დასკვნითი დებულებები 1. წინამდებარე შეთანხმება დადებულია უსაფრთხოების შეთანხმების განსახორციელებლად. 2. უსაფრთხოების ორგანოები  ერთმანეთს დროულად შეატყობინებენ  ნებისმიერი სტანდარტის ცვლილების შესახებ, რაც გავლენას იქონიებს უსაფრთხოების შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვასა და მოპყრობაზე. ასეთი ცვლილებების არსებობისას მონაწილეები ერთმანეთთან გაივლიან კონსულტაციებს წინამდებარე შეთანხმების შესაძლო ცვლილებებზე. კონსულტაციების შედეგის მიუხედავად, უსაფრთხოების შეთანხმების შესაბამისად გაცვლილი ნებისმიერი კლასიფიცირებული ინფორმაცია დაცული დარჩება წინამდებარე დებულებების შესაბამისად. 3. წინამდებარე  შეთანხმება არანაირი ფორმით არ ცვლის უსაფრთხოების შეთანხმების დებულებებს. ამასთანავე, წინამდებარე შეთანხმება  მიზნად არ ისახავს და არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მიზნად ისახავდეს რაიმე ფორმით შეცვალოს უსაფრთხოების შეთანხმების დებულებები.           4. წინამდებარე  შეთანხმებაში ცვლილებები შეიძლება შევიდეს მხოლოდ წერილობითი სახით მონაწილეების ორმხრივი თანხმობით. ასეთი ცვლილებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით, შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 5. წინამდებარე  შეთანხმება ძალაში შედის საქართველოს მთავრობის მიერ წინამდებარე  შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე გაგზავნილი შეტყობინების მიღების დღეს. 6. წინამდებარე  შეთანხმების განმარტებისას ან გამოყენებისას წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციის და/ან მოლაპარაკების გზით და მოსაგვარებლად არ გადაეცემა მესამე მხარეს. 7. ხელმოწერილია  ქ. თბილისში, 2024 წლის 11 ოქტომბერს და ქ. BRUSSELS, BE  ____  წლის 01 OCT. 2024, ორ დედნად ქართულ  და ინგლისურ   ენებზე. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას.                  საქართველოს მთავრობის  სახელით                                  ნატოს სახელით                                             (ხელმოწერილია)                                                                  (ხელმოწერილია)                              პაატა პატიაშვილი                                                        გეილენ ჯ. ნეისი                       საქართველოს თავდაცვის მინისტრის                           ნატოს უსაფრთხოების ოფისის                                   მოადგილე                                                                   დირექტორი ​1 ფრჩხილებში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს ლათინურ ფონეტიკურ გამოთქმას. მისაღები ალტერნატივა შესაძლოა ასევე იყოს ინგლისური ფრაზა „GEORGIA SECRET“. ​2 ფრჩხილებში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს ლათინურ ფონეტიკურ გამოთქმას. მისაღები ალტერნატივა შესაძლოა ასევე იყოს ინგლისური ფრაზა „GEORGIA CONFIDENTIAL“. ​3 ფრჩხილებში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს ლათინურ ფონეტიკურ გამოთქმას. მისაღები ალტერნატივა შესაძლოა ასევე იყოს ინგლისური ფრაზა „GEORGIA RESTRICTED“.