თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/18163-16 გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2025 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი – მარიამ საბაძე
განმცხადებელი/მოვალე – შპს „TV3“ (ს/ნ 205281121)
გაკოტრების მმართველი – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენლები – სალომე ამნიაშვილი, ლევან პარუნაშვილი
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მომართა შპს „TV3“-ის წარმომადგენელმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით შპს „TV3“-ის (ს/ნ205281121) წარმომადგენლის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში აღნიშნული განჩინებით შპს „TV3“-ის გადახდისუუნარობის საქმეზე მეურვედ დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
2018 წლის 05 სექტემბრის კრედიტორთა კრებაზე შპს „TV3“-ის მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და კრედიტორთა გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განჩინებით აღიარებულ იქნა მეურვის, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა მეურვის ფუნქციის განხორციელებისას 5 000 ლარის, ხოლო გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – 5 000 ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილი იქნა პირველი რიგის მოთხოვნად. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინებით აღიარებული იქნა გაკოტრების მმართველის, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის, ლევან პარუნაშვილის მოთხოვნა შპს „TV“-ის მიმართ 2195 ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეტანილ იქნა მე-3 რიგის მოთხოვნად.
2025 წლის 04 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა – ლევან პარუნაშვილმა და წარმოადგინა საბოლოო ანგარიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება 2025 წლის 12 მარტს, გაკოტრების მმართველის მიერ საბოლოო ანგარიშის წარმოდგენის, შპს „TV3“-ის გადახისუუნარობის საქმის წარმოების დასრულებისა და კომპეტენციას მიუთვნებული სხვა საკითხების განხილვის მიზნით.
2025 წლის 04 მარტის განცხადებით გაკოტრების მმართველის – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მოითხოვა შპს „TV3“-ის (ს/ნ 205281121) საბოლოო ანგარიშის დამტკიცება, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება. გაკოტრების მმართველის – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის განმარტებით, შპს „TV 3“ (ს/ნ 205281121) წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ სამეწარმეო სუბიექტს. საზოგადოების 10%-იანი წილის მფლობელია ლალი ეგაძე პ/ნ 01022001698, საზოგადოების 90%-იანი წილის მფლობელია დავით მჟავია (პ/ნ 01010012181). საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო თათია ელიაძე (პ/ნ 33001020414). შპს „TV 3“-ის (ს/ნ 205281121), მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების დროისათვის აღარ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას.
2025 წლის 19 თებერვლით დათარიღებული კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის მიხედვით შპს „TV 3“-ის (ს/ნ 205281121) კრედიტორებს წარმოადგენენ:
პირველი რიგი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – 180 ლარი; სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც მოიცავს მეურვისა და გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მომსახურების საფასურს, მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 10 000 ლარს; მესამე რიგი: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო – 2195 ლარი; მეოთხე რიგი: სსიპ – შემოსავლების სამსახური – 350836,59 ლარი; მეექვსე რიგი: კრედიტორთა მიმდინარე ჯამური მოთხოვნები – 118397.81 ლარი; მეშვიდე რიგი: კრედიტორთა მიმდინარე ჯამური მოთხოვნები – 2186041.53 ლარი;შპს „TV3“-ის (ს/ნ 205281121) მიერ წარმოდგენილი საშემფასებლო ანგარიშის თანახმად, შპს TV3-ის საკუთრებაში არსებულ სამეურვეო მასას წარმოადგენდა მოძრავი ქონება, კერძოდ: ავეჯი, აუდიო-ვიდეოტექნიკა, განათება, კომპიუტერული ტექნიკა, ავტომანქანა, საოფისე ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და შენობის დიზაინი (აბრა), რომელთა ღირებულება ჯამში 217 110 ლარს შეადგენდა.
ქონების შენახვისა და მისი დაცვის მიზნით, 2018 წელს მეურვის მიერ განხორციელდა მოვალის მიერ წარმოდგენილი ქონების გადმოტანა და დასაწყობება აღსრულების ეროვნული ბიუროს საწყობში, თუმცა მისი რაოდენობის და მდგომარეობის დაზუსტების გარეშე.
გამომდინარე იქიდან, რომ საქმისწარმოება მოითხოვდა გარკვეული საკითხების შესწავლისთვის დამატებით დროს, აღნიშნული ქონების დეტალური აღწერა, მისი რაოდენობის და მდგომარეობის დადგენა განხორციელდა მხოლოდ 2023 წელს, სადაც მოვალის წარმოდგენილ საშემფასებლო ანგარიშსა და 2023 წელს აღწერილ ნივთებს შორის აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის უზუსტობები. კერძოდ, სხვაობა ნივთების დასახელებასა და რაოდენობაში, როგორც დანაკლისის, ისე ზედმეტობის სახით, რაზეც გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების შესახებ დეტალურად ეცნობათ კრედიტორებს 2024 წლის 22 აპრილს გამართულ კრებაზე, სადაც გაკოტრების მმართველი წარდგა მოხსენებით მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, „თუ კრედიტორთა პირველმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების შესახებ, მეურვემ ქონება უნდა მოიძიოს 15 დღის ვადაში და შედეგი უნდა წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. თუ მეურვემ/გაკოტრების მმართველმა მოსაძიებელი ქონება ვერ მოიძია დადგენილ ვადაში, იგი წყვეტს ამ ქონების მოძიებას.“.
გაკოტრების მმართველმა შეწყვიტა კომპანიის მოუძიებელი ქონების მოძიება და დასკვნა მოსაძიებელი ქონების მოძიების შეწყვეტის შესახებ 2024 წლის 22 ივლისის კრედიტორთა კრებაზე წარადგინა. ამასთან, იქვე განმარტა „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კრედიტორთა მოთხოვნათა დაცვის გარანტიებიც.
მოსაძიებელი ქონების მოძიების შეწყვეტა დამტკიცდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის №2/18163-16 საოქმო განჩინების საფუძველზე.
საქმის დეტალურად შესწავლისა და სამეურვეო ქონების დაზუსტების შედეგად გაკოტრების მმართველის მიერ დადგინდა შპს „TV3“-ის სამეურვეო ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება შეფასების დეპარტამენტის 2024 წლის 21 აგვისტოს №42630 დასკვნისა და სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოს №00084745 შეფასების დასკვნის თანხმად, ჯამში შეადგენს 78633.00 ლარს. კერძოდ, შპს „TV3“-ის სამეურვეო ქონებას წარმოადგენს, 162 (ას სამოცდაორი) დასახელების მოძრავი ქონება და ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება: RENAULT FLUENCE, სახ. №FFT-737.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნიდან გამომდინარე, ამავე კანონის 38-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების მმართველის მიერ შპს „TV 3“-ის (ს/ნ 205281121) ქონება, ერთიანი კომპლექსის სახით, მათი რეალიზაციის მიზნით გატანილ იქნა პირველ საჯარო აუქციონზე, საწყის ფასად განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულების 50%. (ლოტი №: 68785).
პირველი საჯარო აუქციონი დაიწყო 2024 წლის 02 სექტემბერს და დასრულდა 2024 წლის 10 სექტემბერს, უშედეგოდ.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველმა კრედიტორისგან გამოითხოვა 11.09.2024 წ. A18121059-013/002 წერილობითი ინფორმაცია სამეურვეო მასის ლოტებად დაყოფის თაობაზე და განუმარტა, აღნიშნული ნორმის დანაწესის შედეგების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ გაკოტრების მმართველის 11.09.2024წ A18121059-013/002 წერილობით მიმართვაზე კრედიტორისაგან არ მომხდარა სამეურვეო ქონების რეალიზაციის ფორმის განსაზღვრა. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველის – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შპს „TV 3“ -ის (ს/ნ 205281121) ქონებაზე ერთიანი კომპლექსის სახით რეალიზების მიზნით დაინიშნა მეორე აუქციონი, სადაც საწყის ფასად, განისაზღვრა საბაზრო ღირებულების 25%. (ლოტი №69634).
მეორე აუქციონი დაიწყო 2024 წლის 15 ოქტომბერს და დასრულდა 2024 წლის 24 ოქტომბერს, უშედეგოდ.
საბოლოოდ, გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო მასაში შემავალი ქონება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლების ფარგლებში, მესამე აუქციონზე განთავსდა მოვალე კომპანია შპს „TV 3“ -ის (ს/ნ 205281121) მოძრავი ქონება კვლავ ერთიანი კომპლექსის სახით (ლოტი №70100).
მესამე აუქციონი დაიწყო 2024 წლის 13 ნოემბერს და დასრულდა 2024 წლის 22 ნოემბერს.
2024 წლის 22 ნოემბერს დასრულებულ მესამე აუქციონზე (ლოტი №70100) შპს „TV 3“ -ის (ს/ნ 205281121) სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით, 7863.30 ლარად, შემძენი გახდა ოთარ მელაძე (პ/ნ 59001064652). შემძენმა კანონით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა შეძენილი ქონების ღირებულება და გაიცა განკარგულება. ქონების შემძენმა არ გამოიყენა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული უფლება და უარი განაცხადა საწარმოს ერთადერთ პარტნიორად რეგისტრაციაზე. სარეალიზაციო ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. დამატებითი ღირებულების გადასახადმა შეადგინა 1199.49 (ერთი ათას ას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და 49 თეთრი) ლარი, რომელიც გადაირიცხა სსიპ – შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამოღებულმა თანხამ შეადგინა 6663.81 (ექვსი ათას ექვსას სამოცდასამი ლარი და 81 თეთრი) ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯამში, კომპანიის აქტივს წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხა 6663.81 (ექვსი ათას ექვსას სამოცდასამი ლარი და 81 თეთრი) ლარი, რომელიც მოიცავს ქონების რეალიზაციიდან ამონაგებ თანხებს.„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის/გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:
ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100000 ლარს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა;
ხოლო ამავე ბრძანების „ე“ ქვეპუნქტის თანახმად:
ე) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე;
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას 10000 ლარის ფარგლებში;„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ...სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. ...გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში გაუქმების შესახებ.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ხსენებული კანონის 29-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების საფუძველზე მოსამართლე შეადგენს კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრს.
ხოლო, ამავე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში უნდა აღინიშნოს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა.
ამავე კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მე-3 პუნქტის თანახმად, თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.
მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და მიმდინარე საქმეში არსებული კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის გათვალისწინებით, შპს „TV 3“ -ის (ს/ნ 205281121) მიმართ მიმდინარე გაკოტრების საქმის წარმოებაზე არსებული გასანაწილებელი თანხა უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:
გასანაწილებელი თანხის ოდენობა: 6663.81 (ექვსი ათას ექვსას სამოცდასამი ლარი და 81 თეთრი) ლარი.
პირველი რიგი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – 117.83 ლარი; სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო - 6545.98 ლარი.აღნიშნული თანხებით ნაწილობრივ კმაყოფილდება პირველი რიგის კრედიტორული მოთხოვნები, ხოლო კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული შემდეგი რიგის კრედიტორული მოთხოვნები რჩება დაუკმაყოფილებელი შესაბამისი თანხის არარსებობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველის მიერ სრულად მოხდა კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელება, სამეურვეო ქონების რეალიზაცია და რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილების გეგმის შედგენა კრედიტორებს შორის, გაკოტრების მმართველის – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მოითხოვა წარმოდგენილი თანხის განაწილების გეგმის დამტკიცება და იშუამდგომლა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, შპს „TV 3“-ის (ს/ნ 205281121) მიმართ მიმდინარე გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.
2025 წლის 12 მარტს გამართულ კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველის – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ და გამოქვეყნებულ შპს „TV3“-ის გაკოტრების ანგარიშს მხარი დაუჭირეს კრედიტორის – სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა ანა ჭაჭიაშვილმა და კრედიტორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა თამარ ტალახაძემ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გაკოტრების მმართველს, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელს, მიაჩნია, რომ სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხები უნდა განაწილდეს შემდეგი სახით:
1) პირველი რიგი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 6663.81 ლარი;
2) პირველი რიგი: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო - 6545.98 ლარი;
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს, წარმოდგენილ კრედიტორებს და მიაჩნია, რომ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.
მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური; ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი; დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა; ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის/გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:
ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა;
ხოლო ამავე ბრძანების ,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად:
ე) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე;
ზემოხსენებული ნორმათა დანაწესის თანახმად, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც მოიცავს მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მომსახურების საფასურს, შეადგენს 5000 ლარს, ხოლო გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური შეადგენს 5000 ლარს;
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას 10000 ლარის ფარგლებში;
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად დარჩენილი თანხა უნდა გადანაწილდეს შემდეგი რიგის კრედიტორზე.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა უნდა გადანაწილდეს შემდეგი სახით:
1) პირველი რიგი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – 6663.81 ლარი;
2) პირველი რიგი: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო – 6545.98 ლარი;
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მე-9, მე-40, 42-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დასრულდეს შპს „TV3“-ის (ს/ნ 205281121) გაკოტრების საქმის წარმოება.
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს შპს „TV3“-ის (ს/ნ 205281121) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე შპს „TV3“-ის რეგისტრაცია (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).
3. შპს „TV3“-ს (ს/ნ 205281121) დაეკისროს 6545.98 ლარის გადახდა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ.
4. შპს „TV3“-ს (ს/ნ 205281121) დაეკისროს 117.83 ლარის გადახდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ.
5. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge).
6. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე – www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე