📋

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 26.03.2025
მოქმედების პერიოდი 26.03.2025 — 16.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №36
კონსოლიდირებული ვერსიები (3)
26.03.2025
16.05.2025
09.07.2025
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის  მინისტრის  ბრძანება №36 2025 წლის 25 მარტი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №67 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025  წლის 12 აპრილიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი (შემდგომ  – დეპარტამენტი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით. 3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებები დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) სამინისტროში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე, ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ)  სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის ხელშეწყობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში,  საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა; დ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ვიზირება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა), შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების ექსპერტიზის ჩატარება და სათანადო დასკვნების  და რეკომენდაციების მომზადება; ვ) სამინისტროს სისტემაში სამართლებრივი უზრუნველყოფის სფეროში ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, უზრუნველყოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ქვედანაყოფების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია; ზ) კომპეტენციის ფარგლებში,  დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების განხილვა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობა და სამინისტროს ინტერესების დაცვა; ი) სამინისტროს სახელით ადმინისტრაციული საჩივრების განიხილვა და  გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; კ) სამინისტროს მონაწილეობით განხილულ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით, აგრეთვე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადებისა და რეკომენდაციების წარდგენის უზრუნველყოფა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სამართალშემოქმედების სამმართველო; ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; გ) სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველო. 2. სამართალშემოქმედების სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) სამინისტროს სისტემის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და შესამუშავებელი კანონპროექტების ნუსხის შედგენა; ბ) სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; გ) სამინისტროს ნორმატიული ხასიათის აქტების გამოცემის და დადგენილი წესით მათი გამოქვეყნების ორგანიზება; დ) სამინისტროს სისტემიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა და კომპეტენციის ფარგლებში მათი მიღების/გამოცემის უზრუნველყოფა; ე) საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებთან/სუბიექტებთან მათი შეთანხმება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო დასკვნების მომზადება; ვ) სამინისტროში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამინისტროს ქვედანაყოფებთან შეთანხმება და მათ სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სამინისტროს სისტემაში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების დადგენილი წესით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში წარდგენის ორგანიზება; თ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის ხელშეწყობა, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან სამინისტროს სამართლებრივი ურთიერთობა კომპეტენციის ფარგლებში; ი) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს შემოსული კორესპონდენცია და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; კ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში; ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ბ) სამმართველოს მიერ მომზადებული სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) დადგენილი წესით გამოცემის ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში; გ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების დადგენილი წესით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში წარდგენის უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს სისტემიდან შემოსული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და კომპეტენციის ფარგლებში მათი გამოცემის უზრუნველყოფა; ე) სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან შემოსული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან შეთანხმება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში; ვ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით,  სამინისტროს სისტემაში სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ქვედანაყოფების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობის და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაციის განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში  შემოსული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა; ი) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ყველა ინსტანციის სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ადმინისტრაციულ და საგამოძიებო ორგანოებში სამინისტროს ინტერესების დაცვის მიზნით; ბ) სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებიდან  სასამართლო პროცესთან და ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული მასალების და სათანადო ინფორმაციის გამოთხოვა; გ) საჭიროების შემთხვევაში  სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ქვედანაყოფების წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა სასამართლო პროცესებსა და ადმინისტრაციულ წარმოებებში; დ) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჩივრების განხილვა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების  მომზადება და უფლებამოსილი პირისთვის ხელმოსაწერად წარდგენა; ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა; ვ) სამინისტროს მონაწილეობით ადმინისტრაციულ საჩივრებთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ საჩივრებთან დაკავშირებით,  აგრეთვე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადებისა და რეკომენდაციების წარდგენის უზრუნველყოფა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის; ზ) ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე, სამინისტროს წინააღმდეგ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია; თ) ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე, სამინისტროს სასარგებლოდ  მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია და აღსრულების ეროვნულ ბიუროში ამგვარ გადაწყვეტილებათა აღსასრულებლად მიქცევა; ი) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც  თანამდებობაზე მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; გ) წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს  და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე; დ) მართავს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს; ე) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ვ) ითანხმებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს; ზ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; თ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტში სტაჟირების გავლას; ი) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის  მოსამსახურეებზე; კ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; მ) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ნ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; პ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა სამართლებრივი აქტების ვიზირებას; ჟ) ახორციელებს დეპარტამენტში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსს, ჰყავს ორი მოადგილე, რომლებიც თანამდებობაზე მიიღებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. დეპარტამენტის უფროსი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია განსაზღვროს  მოადგილეების საკურატორო სფერო. 5. დეპარტამენტის უფროსის  არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის პროფესიული საჯარო მოხელე. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში; ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ახორციელებს დეპარტამენტში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს. 7. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში, სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, ხოლო სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ასევე ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემუშავებულ მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და ვიზირებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ე) დეპარტამენტის უფროსსა და მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე. 8. სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსა და სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსებს ჰყავთ ორ-ორი მოადგილე. 9. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ახორციელებს სამმართველოს უფროსის მოადგილე ან საჭიროების გათვალისწინებით მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო იმავდროულად სამმართველოს უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში საჭიროების გათვალისწინებით – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე. 10. სამმართველოს უფროსის მოადგილე მისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში; ბ) მონაწილეობს სამმართველოში შემოსული მასალების განაწილებაში; გ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, ხოლო სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე/მოადგილეები ასევე სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და საქართველოს თავდაცვის ძალებში შემუშავებულ მინისტრის მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და ვიზირებას.