პუბლიკაციის თარიღი 27.03.2025
მოქმედების პერიოდი 27.03.2025 — 28.05.2025
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №15
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №15
2025 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 27 მარტიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდგომში – წარმომადგენლობის) სტატუსს, მის ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.
მუხლი 2🔗
1. წარმომადგენლობა არის მთავრობის გამგებლობაში არსებული დაწესებულება, რომელიც შექმნილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად ამ დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
2. წარმომადგენლობა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. წარმომადგენლობის მართვას, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას მთავრობა ახორციელებს მთავრობის აპარატის მეშვეობით.
4. წარმომადგენლობის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.
5. წარმომადგენლობის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს, მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
6. წარმომადგენლობას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი, ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
7. წარმომადგენლობის იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი #142 (პირველი სართული).
მუხლი 3🔗
წარმომადგენლობის უფლებამოსილება ვრცელდება ქ. თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირებზე.
თავი II
წარმომადგენლობის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
მუხლი 4🔗
კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში წარმომადგენლობის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო დაწესებულებებთან და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთთანამშრომლობა;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი ცნობების გაცემა;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;
დ) წარმომადგენლობის ბიუჯეტისა და სოციალური პროგრამების შედგენა, წარმომადგენლობის საკუთრების აღრიცხვა, ფლობა, სარგებლობა და განკარგვა;
ე) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.
მუხლი 5🔗
თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით, წარმომადგენლობის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობასა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობა/თანამშრომლობა;
ბ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შესაბამისი კომისიის დასკვნისა და ცნობის გაცემა;
გ) დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით სახელმწიფო ორგანოებიდან დამატებითი ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და სხვა მასალების გამოთხოვა;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის, სოციალურად დაუცველი ფენის (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მრავალშვილიანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების წევრები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, უხუცესი თანამოქალაქეები) შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი პერიოდული განახლება;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიაზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის ორგანიზება;
ვ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
თავი III
წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა
მუხლი 6🔗
1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მთავრობის უფლებამოსილების ვადით.
2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის წინაშე.
მუხლი 7🔗
წარმომადგენლობის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს წარმომადგენლობის საქმიანობას და წყვეტს წარმომადგენლობის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) თვალყურს ადევნებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას წარმომადგენლობის საჯარო მოსამსახურეთა (ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა) გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულთა ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს - ბრძანებას, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში წარმომადგენლობის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მემორანდუმებსა და სხვა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, საწარმოებთან, დაწესებულებებთან, მოწვეულ სპეციალისტებთან, ექსპერტებთან და სხვა;
ვ) მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს წარმომადგენლობის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს.
ზ)ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს და დავალებებს;
თ) ამტკიცებს წარმომადგენლობის შინაგანაწესს და ეთიკის კოდექსს;
ი) ამტკიცებს წარმომადგენლობაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესს.
მუხლი 8🔗
1. წარმომადგენლობის თანამდებობის პირები არიან წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
2. წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება წარმომადგენლობის ხელმძღვანელს.
3. წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს.
ვ) წარუდგენს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას წინადადებებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულის დებულებით, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
თავი IV
წარმომადგენლობის სტრუქტურა
მუხლი 9🔗
1.წარმომადგენლობის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით.
2. წარმომადგენლობის დებულებას წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
მუხლი 10🔗
წარმომადგენლობის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) დევნილებთან ურთიერთობის სამსახური.
მუხლი 11🔗
1. წარმომადგენლობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს:
ა) წარმომადგენლობის საქმიანობის სამართლებრივ, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ განხორციელებას;
ბ) წარმომადგენლობის არსებული მატერიალური ფასეულობების ექსპლუატაციის კონტროლს;
გ) ხელმძღვანელის თათბირების ორგანიზებასა და სათანადო ოქმების შედგენა/წარმოებას;
დ) წარმომადგენლობის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებასა და დამკვიდრებას;
ე) ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და მათი დანიშნულებისამებრ ოპერატიულ მიწოდებას;
ვ) კორესპონდენციების, მათ შორის კონტროლზე აყვანილი დავალებების, დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლს;
ზ) კანონით დადგენილი წესით საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელებას, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვას;
თ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და არქივისათვის გადაცემას არსებული წესის თანახმად;
ი) ხელმძღვანელის დავალებებისა და ბრძანებების შესრულებას ან/და მათი შესრულების მონიტორინგს;
კ) წარმომადგენლობის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის წარმომადგენლობის საქმიანობის ამსახველი მასალის მომზადებასა (კვარტალური და წლიური სამუშაო გეგმის შედგენის ორგანიზება) და ვებგვერდზე განთავსებას - პროაქტიულ გამოქვეყნებას;
ლ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაციას;
მ) წარმომადგენლობის იურიდიულ მომსახურებას, მათ შორის:
მ.ა) ოფიციალური დოკუმენტის სამართლებრივ ექსპერტიზას;
მ.ბ) წარმომადგენლობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
მ.გ) წარმომადგენლობის გადაწყვეტილებათა შესაბამისობის კონტროლს მოქმედ კანონმდებლობასთან;
მ.დ) წარმომადგენლობის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას ან/და ვიზირებას;
მ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, წარმომადგენლობაში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას ან/და განხილვაში მონაწილეობას;
მ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმომადგენლობის ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას ან/და მომზადებაში მონაწილეობას;
ნ) წარმომადგენლობის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის:
ნ.ა) საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, დისციპლინური გადაცდომის, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე წარმომადგენლობაში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ნ.ბ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას, მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოებას, მის სრულყოფასა და სისტემატიზაციას;
ნ .გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის გამართვის ორგანიზებას;
ნ.დ) წარმომადგენლობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზებას, შეფასების პროცესის კონსულტირებას, მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას და სხვა ტექნიკური თუ სამართლებრივი სახის დახმარების გაწევას;
ნ.ე) ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის (ehrms) წარმოება, სამინისტროს მოსამსახურეთა შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების (ბრძანება) სისტემაში დაუყოვნებლივ ასახვას;
ნ.ვ) დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელებას, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას (დისციპლინური წარმოება), შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენას და წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის წარდგენას;
ნ.ზ.) სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას.
ო) წარმომადგენლობის ერთიანი ბიუჯეტის დაგეგმვასა და მისი აღსრულების კოორდინაციას;
პ) წარმომადგენლობის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას, კორექტირებასა და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;
ჟ) წარმომადგენლობის საბუღალტრო აღრიცხვის საქმიანობის უზრუნველყოფას, ფინანსური ანგარიშგების შედგენასა და წარდგენას;
რ) წარმომადგენლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების განხორციელება;
ს) წარმომადგენლობის უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და მისი დაცვის კონტროლს;
ტ) წარმომადგენლობის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას;
უ) წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.
2. დევნილებთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლასა და წარმომადგენლობაში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის წარდგენას/განსახილველად მომზადებას;
ბ) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მინიჭების, აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის ცნობის გაცემას;
გ) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ფარგლებში წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებასა და დევნილთა ინფორმირებას/კონსულტირებას;
დ) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას, მათი შექმნისა და მათ მიერ მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის კონსულტირებას/ხელშეწყობას;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებას;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილი ოჯახი) სოციალური პირობების შესწავლას;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის, სოციალურად დაუცველი ფენის (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მრავალშვილიანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების წევრები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, უხუცესი თანამოქალაქეები და სხვა) შესახებ მონაცემთა დამუშავებასა და მის პერიოდულ განახლებას;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 12🔗
წარმომადგენლობის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.