📋

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 26.03.2025
მოქმედების პერიოდი 26.03.2025 — 05.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №40
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
26.03.2025
05.05.2025
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის  მინისტრის  ბრძანება  №40 2025 წლის 25 მარტი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ‘‘ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 12 აპრილიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – „სამინისტრო“) საფინანსო დეპარტამენტი (შემდგომ – „დეპარტამენტი“) წარმოადგენს სამინისტროს  სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით (შემდგომ – კანონმდებლობა) დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – „მინისტრი“) სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით. 3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 5. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი წარწერით – „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“ ქართულ და ინგლისურ ენებზე, სამინისტროს საიდენტიფიკაციო კოდის გამოსახულებით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებები დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) სამინისტროს სისტემის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ბ) საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმვისა და შესრულების ხელშეწყობა; გ) სამინისტროს სახაზინო და საბანკო ოპერაციების განხორციელება; დ) დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების ანალიზის განხორციელება; ე) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოება; ვ) სამინისტროს სისტემის მიერ გასატარებელი სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესწავლა და სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება; ზ) სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებასა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებაზე პასუხისმგებლობა. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საბიუჯეტო სამმართველო; ბ)  სახაზინო ოპერაციებისა და ფინანსური ანგარიშგების სამმართველო; გ)  ქონების აღრიცხვისა და კოორდინაციის სამმართველო. მუხლი 4🔗. სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები 1. საბიუჯეტო სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულებისა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე,  სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის უწყებებში განსახილველად წარდგენა; ბ) სამინისტროს  ბიუჯეტის გადასახდელების  კვარტალური განწერა; გ) დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება; დ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზისათვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან/ერთეულებიდან და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა; ე) პროგრამების, წვრთნებისა და სხვა ღონისძიებების ფინანსურ დაგეგმვაში მონაწილეობა; ვ) საგრანტო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა; ზ) გრანტის სახით გადმოსაცემი მატერიალური ფასეულობებისათვის სტატუსის მინიჭების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა; თ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო) პარტნიორობის კუთხით, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ი) სოციალური დახმარების შესახებ მიღებული განცხადებების თაობაზე გადაწყვეტილებების შესრულება; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ან/და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, დეპარტამენტის საერთო უფლებამოსილების შესრულების მიზნით სხვა საკითხების განხორციელება. 2. სახაზინო ოპერაციებისა და ფინანსური ანგარიშგების სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სამივლინებო ხარჯებისა და სოციალური დახმარებების დარიცხვა და სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოება; ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურეთა (გარდა სამოქალაქო ოფისისა)  შრომის ანაზღაურების, სამივლინებო ხარჯებისა და სოციალური დახმარებების სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოება; გ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების შენახვის ხარჯების ანაზღაურება; დ) სახელფასო ცნობების გაცემა; ე) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება დადგენილი წესის შესაბამისად; ვ) ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება; ზ) ხელშეკრულებებისა ან/და შესაბამისი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის საფუძველზე სახაზინო ოპერაციების წარმოება; თ) ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა; ი) სამინისტროს სადეპოზიტო კოდზე (ანგარიშზე) ჩარიცხული თანხების აღრიცხვა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოება; კ)  კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულებისა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით; ლ) სააღრიცხვო პოლიტიკის  შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი საკითხის ინიციირება; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ან/და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, დეპარტამენტის საერთო უფლებამოსილების შესრულების მიზნით სხვა საკითხების განხორციელება. 3. ქონების აღრიცხვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) სამინისტროს  სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან/ერთეულებიდან და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან შესაბამისი საფინანსო ინფორმაციის გამოთხოვა, ანგარიშგების მომზადება და წარდგენა; ბ) სამინისტროს  მატერიალური ქონების აღრიცხვა  წარმოდგენილი დოკუმენტაციების საფუძველზე; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვის აღრიცხვა, მათ მიერ წარმოდგენილ ანგარიშგებასთან შესაბამისობის მონიტორინგი; დ) უსასყიდლოდ მიღებული ქონების აღრიცხვა და ფასების გაანგარიშება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულებისა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით; ვ) სააღრიცხვო პოლიტიკის  შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი საკითხის ინიციირება; ზ) დადგენილი წესით საბუღალტრო გატარებების წარმოება,  ანგარიშთა გეგმის აწყობა და ბუღალტრული პროგრამის ბაზების კონტროლი; თ) სამინისტროს მოსამსახურეთა  სახელფასო ანგარიშის გახნისა და სახელფასო პლასტიკური ბარათებით უზრუნველყოფა, მომსახურე საბანკო დაწესებულებებთან  კოორდინირება; ი) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ანგარიშგება; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ან/და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, დეპარტამენტის საერთო უფლებამოსილების შესრულების მიზნით სხვა საკითხების განხორციელება. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს დეპარტამენტზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულებას და იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) დეპარტამენტის თანამშრომლებზე ფუნქციების გადანაწილებისა და მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, განსაზღვრავს დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლება-მოვალეობებს, აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და დავალებებს; გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან; ვ) უფლებამოსილია დადგენილი წესით, მინისტრის მიერ დამტკიცებული შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელის გათვალისწინებით, მიიღოს ყველა სახის საკომუნიკაციო, სატრანსპორტო და ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები; ზ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია,  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან; თ) აწარმოებს ურთიერთობებს სამინისტროს სისტემის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ერთეულებთან და მის სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, ასევე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ი) ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებისა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცების მიზნით შეიმუშავებს შიდა მეთოდურ მითითებებსა და რეკომენდაციებს. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების მიზნით ფინანსების მართვის დეპარტამენტის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა  სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულისათვის; კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ) მართავს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს. 3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაში; ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას; გ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) ასრულებს მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს. 5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთი-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე. 6. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული უფლებამოსილების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებზე, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და გადამზადებას; ზ) სამმართველოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს. 7. საბიუჯეტო სამმართველოსა და ქონების აღრიცხვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსს ჰყავთ თითო-თითო  მოადგილე,  ხოლო სახაზინო ოპერაციებისა და ფინანსური ანგარიშგების სამმართველოს უფროსს - მოადგილე და მოადგილე - მთავარი ბუღალტერი. 8. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე ან, საჭიროების გათვალისწინებით, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად სამმართველოს უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, საჭიროების გათვალისწინებით, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე. 9. სამმართველოს უფროსის მოადგილე მისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული უფლებამოსილების შესრულებაზე; ბ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს.