თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.

მიღების თარიღი 07.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/4/1846
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.017003
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/03/2025
807 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 23.02.2022 ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 27.03.2025 ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 08.10.2025 თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 14.02.2020 თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც, სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, დაუშვებლად აცხადებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდა სასამართლოს განაჩენი, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 07.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №3/4/1846 2025 წლის 7 მარტი ქ. ბათუმი პლენუმის შემადგენლობა: მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე; ევა გოცირიძე – წევრი; გიორგი თევდორაშვილი – წევრი; ირინე იმერლიშვილი – წევრი; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი; ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი; მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; ვასილ როინიშვილი – წევრი; თეიმურაზ ტუღუში – წევრი. სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა. საქმის დასახელება: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე. დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1846) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე – ბადრი ნიპარიშვილი). №1846 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2024 წლის 25 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 7 მარტს. .2 №1846 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი. 3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების თანახმად, „სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება“. კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ არის გამხდარი სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს ამავე კოდექსის 147-ე მუხლით გათვალისწინებული ნიმუშის აღების შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების უფლებას. 4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის კონსტიტუციურ გარანტიას. 5. №1846 კონსტიტუციური წარდგინებიდან ირკვევა, რომ პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საჭირო გახდა შემთხვევის ადგილიდან მიმალული ერთ-ერთი ბრალდებულის დისგან ნერწყვის ნიმუშის აღება. ხსენებულმა პირმა უარი განაცხადა მისგან ნებაყოფლობით ნიმუშის აღებაზე. შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიმართა შუამდგომლობით პირისაგან ნერწყვის ნიმუშის აღების თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ. 6. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად, ნიმუშის აღებისათვის სასამართლოს განჩინება გამოიტანება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით, ხოლო დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადება სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის, იმ პირს, რომლისგანაც უნდა მოხდეს ნიმუშის აღება, უზღუდავს ამგვარი შუამდგომლობის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების უფლებას. 7. №1846 კონსტიტუციური წარდგინების ავტორის არგუმენტაციით, განსახილველი საქმის შემთხვევაში, გასაჩივრების უფლებას მომეტებულ მნიშვნელობას სძენს ის გარემოება, რომ პირი, რომელთან მიმართებითაც ბრალდების მხარე ითხოვს საპროცესო იძულების ღონისძიების განხორციელებაზე – ნიმუშის აღებაზე ნებართვის გაცემას, არ არის დაკავშირებული მიმდინარე გამოძიებასთან. მისი კავშირი ამ საქმესთან შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ იგი წარმოადგენს ბრალდებულის დას. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი უუნაროა, იდავოს მის მიმართ იძულების იმგვარი ღონისძიების ჩატარების კანონიერებასთან დაკავშირებით, რომელიც, შესაძლოა, იწვევდეს მისი ახლო ნათესავის ინკრიმინაციას. ამასთან, მის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის წინააღმდეგობის გაწევა, შესაძლებელია, მიჩნეული იქნეს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობად, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. 8. წარდგინების ავტორის მითითებით, ნიმუშის აღების შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სრული შეზღუდვა არაპროპორციულია დასახულ მიზანთან მიმართებით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, ნიმუშს იღებენ ცოცხალი ადამიანებისგან, ხსენებული პირები რჩებიან საკუთარ სხეულში იძულებითი ჩარევის კანონიერებაზე დავის უფლების მიღმა. შესაბამისად, წარდგინების ავტორის პოზიციით, პირი, მისი ახლო ნათესავის პოტენციურად საწინააღმდეგო მტკიცებულების მისი სხეულიდან ამოღებასთან მიმართებით, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს ასეთი პირისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ვერ სარგებლობს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით. 9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ ითვალისწინებს ამავე კოდექსის 147-ე მუხლით გათვალისწინებული ნიმუშის აღების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს. 10. №1846 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე. II სამოტივაციო ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1846 კონსტიტუციური წარდგინება სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 31​3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 27​1 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 31​1 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 31​2 მუხლის მე-8 პუნქტის, 31​3 მუხლის პირველი პუნქტის, 31​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 31​6 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის და 43-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1846 კონსტიტუციური წარდგინება. 2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. 3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, საქართველოს პარლამენტსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. პლენუმის შემადგენლობა: მერაბ ტურავა ევა გოცირიძე გიორგი თევდორაშვილი ირინე იმერლიშვილი გიორგი კვერენჩხილაძე ხვიჩა კიკილაშვილი მანანა კობახიძე ვასილ როინიშვილი თეიმურაზ ტუღუში