მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე N 330210325011009706
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2025 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლია
განმცხადებელი – შპს „კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“ (მოვალე)
წარმომადგენელი – შპს „რეაბილიტაცია“
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გამოარკვია
2025 წლის 18 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს „კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ წარმომადგენელმა - შპს „რეაბილიტაციამ“ და მოითხოვა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების რეჟიმის გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით, განმცხადებელს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე ეთქვა უარი, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, შეეძლოთ სასამართლოსთვის მომართვა შპს „კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადებით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანდა იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა მისი რეგისტრაციის გაუქმებით.
ზემოაღნიშნული განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) გამოქვეყნდა 2025 წლის 20 თებერვალს, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში – 2025 წლის 24 თებერვალს.
განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, სასამართლოსათვის არ მოუმართავს არც ერთ კრედიტორს.
ამდენად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კრედიტორისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით სასამართლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მესამე დღისა ელექტრონულ სისტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე აქვეყნებს: ა) აღნიშნული განჩინებით გათვალისწინებულ, საჯაროდ გასავრცელებელ ინფორმაციას და ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კრედიტორს უფლება აქვს, შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში სასამართლოში შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“ (ს/ნ 206051449) უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და შესაბამისად, გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის მე-9, მე-19, 48-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“ (ს/ნ 206051449) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ (ს/ნ 206051449) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს მისი გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონულ სიტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
3. განჩინება გაეგზავნოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლია