ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მაკა ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მეხუთე სექციის
გადაწყვეტილება
საჩივარი №31585/21
მაკა ქართველიშვილი
საქართველოს წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ 2024 წლის 5 სექტემბერს შემდეგი შემადგენლობით:
მიკოლა გნატოვსკი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
უნა ნი რაიფერტაი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,
გაითვალისწინა რა:
საჩივარი (N 31585/21) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2021 წლის 10 ივნისს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ ქ-ნმა მაკა ქართველიშვილმა (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1972 წელს, მცხოვრები თბილისში, რომელსაც წარმოადგენდა ბ-ნი ა. მერებაშვილი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში;
გადაწყვეტილება ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, და გამოცხადდეს საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად;
მხარეთა მოსაზრებები;
განხილვის შედეგად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
საქმის არსი
1. საჩივარი ეხება სააპელაციო სასამართლოს უარს, განეხილა მომჩივნის საჩივრის არსებითი მხარე, იმის გამო, რომ მან არ გადაიხადა სასამართლო მოსაკრებელი მისი განხილვისთვის. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ დაირღვა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის ფარგლებში.
2. 2015 წელს მომჩივანმა სამოქალაქო საქმისწარმოება აღძრა რამდენიმე რესპონდენტის წინააღმდეგ. ის ითხოვდა, რომ ამ უკანასკნელს ეღიარებინა მისთვის მიკუთვნებული სამართლებრივი ვალდებულებები და თავად ის გამოეცხადებინა გარკვეული ქონების მფლობელად. მომჩივანმა დაადგინა თავისი მოთხოვნის ღირებულება – 360,000 ლარის ოდენობით (რაც დაახლოებით უდრის 124,200 ევროს და გადაიხადა შესაბამისი სასამართლო მოსაკრებელი 3,000 ლარის ოდენობით (რაც დაახლოებით უდრის 1,035 ევროს).
3. 2019 წლის 26 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც უარყოფდა მომჩივნის მოთხოვნას. სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ვალდებულებების ნამდვილობა, რომელსაც ის ეყრდნობოდა, განპირობებული იყო მომჩივნისა და იმ ხუთი სხვა ხელმომწერის მიერ გარკვეული ვალდებულებების ერთობლივად შესრულებით, რომლებიც არ იყვნენ მის მიერ აღძრული საქმისწარმოების მხარეები. სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ვერ შეასრულა შესაბამისი ვალდებულებები. შესაბამისად, მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა. გადაწყვეტილება ასევე მიუთითებდა მსგავს საქმეზე, როდესაც მსგავსი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. 2019 წლის 10 აპრილს მომჩივანმა საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
5. 2019 წლის 22 აპრილს სააპელაციო საჩივარი პროცედურულად ხარვეზიანად იქნა ცნობილი, მომჩივნის მიერ მისი განხილვისათვის სასამართლო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო. მომჩივანს 5000 ლარის (დაახლოებით 1725 ევრო) გადახდა მოსთხოვეს. მას მიეცა ათი დღე, რათა გადაეხადა მოსაკრებელი ან წარმოედგინა „უტყუარი მტკიცებულება“ მის მიერ მისი შეუსრულებლობის შესახებ (გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა 2019 წლის 26 ივლისს). მოსაკრებლის ოდენობა გამოთვლილი იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო ეტაპზე მოსარჩელეს უნდა გადაეხადა სასამართლო მოსაკრებელი, დავის ღირებულების 4%-ის ოდენობით, რომელიც არ აღემატებოდა 5000 ლარს. მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა, კანონის მიხედვით, იყო სასამართლოს მიერ მოსაკრებლის გადახდის გადავადების, ოდენობის შემცირების ან მისი გადახდისგან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი.
6. 2019 წლის 12 აგვისტოს მომჩივანმა წარმოადგინა ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელშიც მითითებული იყო, რომ მისი, როგორც სკოლის მასწავლებლის ხელფასი იყო 405 ლარი (დაახლოებით 140 ევრო). მან განაცხადა, რომ ეკონომიკური სიძნელეების გამო, 5000 ლარის გადახდა არ შეუძლია და მოითხოვა გადახდის გადავადება საქმისწარმოების დასრულებამდე ან დამატებითი დრო.
7. 2019 წლის 2 სექტემბერს გადავადების მოთხოვნა უარყოფილი იქნა იმის საფუძველზე, რომ მომჩივნის სახელფასო ცნობა არ იყო საკმარისი მტკიცებულება, რომ მას არ შეეძლო გადახდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ გადავადების მომთხოვნ მხარეს უნდა დაემტკიცებინა მოთხოვნაში მითითებული გარემოებები. ამიტომ მომჩივანს სთხოვეს, წარმოედგინა „ან უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას... ან 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი“. მომჩივანს პროცედურული ხარვეზის გამოსასწორებლად ათი დღე მიეცა. ის გააფრთხილეს, რომ თუ არ გადაიხდიდა, საქმე არ განიხილებოდა.
8. 2020 წლის 26 თებერვალს მომჩივანმა გადაიხადა 200 ლარი და მოითხოვა დარჩენილი მოსაკრებლისგან გადახდისგან გათავისუფლება. მან გაიმეორა 2019 წლის 12 აგვისტოს საჩივრის შინაარსი დარჩენილი თანხის გადახდის სავარაუდო შეუძლებლობასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 6 ზემოთ).
9. 2020 წლის 2 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და განაცხადა, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება დასადასტურებლად. მას სასამართლო ხარჯების შვიდი დღის ვადაში გადახდა დაეკისრა.
10. 2020 წლის 29 აპრილს მომჩივანმა სააპელაციო სასამართლოს მოსთხოვა სასამართლო მოსაკრებლის გადახდის ვადის გახანგრძლივება 2020 წლის 1 ივლისამდე.
11. 2020 წლის 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გადახდა ათი დღით გადაავადა.
12. 2020 წლის 10 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მომჩივნის საჩივარი, არსებითად განხილვის გარეშე, მიუღებლად გამოაცხადა, სასამართლო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო. მან აღნიშნა, რომ 2020 წლის 20 მაისით დათარიღებული გადაწყვეტილება (იხ. წინა პარაგრაფი) სათანადოდ გადაეცა მომჩივნის წარმომადგენელს და ამ გადაწყვეტილებაში მითითებული ვადა ამოიწურა 2020 წლის 1 ივნისს. თუმცა, წარმომადგენელმა არ წარმოადგინა სასამართლო მოსაკრებლის გადახდის მტკიცებულება და ამასთან დაკავშირებით წარდგინება არ გაუკეთებია. სასამართლომ ასევე აღნიშნა მოსაკრებლის გადახდის ვადის გაგრძელების მრავალი შემთხვევა 2019 წლის 22 აპრილიდან 2020 წლის 20 მაისამდე და ის ფაქტი, რომ მომჩივანი გაფრთხილებული იყო გადაუხდელობის შედეგების შესახებ.
13. 2020 წლის 7 აგვისტოს მომჩივანმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
14. 2020 წლის 4 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო სარჩელი. მან მიუთითა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიკუთვნებულ ვადის განმეორებით გახანგრძლივებაზე (იხ. პარაგრაფები 5-11 ზემოთ) და დაასკვნა, რომ მომჩივანს ფაქტობრივად მიეცა დაახლოებით ერთი წელი და სამი თვე სასამართლო მოსაკრებლის გადასახდელად. მან ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ საჩივრებში მომჩივანს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება მოსაკრებლის გადახდის უუნარობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, უზენაესმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება იყო შეჯიბრებითი და მომჩივანს უნდა წარედგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები სასამართლოს წინაშე. დაბოლოს, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივნისთვის 2020 წლის 20 მაისს დაკისრებული ვადა ამოიწურა და მას არ წარმოუდგენია სასამართლო მოსაკრებლის გადახდის მტკიცებულება და არ გაუკეთებია რაიმე წარდგინება ამასთან დაკავშირებით. ამ გარემოებებზე მითითებით და კონვენციის მე-6 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების გათვალისწინებით, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 10 ივლისს მიღებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამებოდა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასა და პრაქტიკას და მომჩივნის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების შემდგომი შეზღუდვა ამ გარემოებებში არ იყო უკანონო ან არაპროპორციული.
სასამართლოს შეფასება
15. მომჩივანი ჩიოდა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევის შესახებ, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი საჩივრის განხილვაზე უარის გამო, რაც განპირობებული იყო სასამართლო მოსაკრებლის გადაუხდელობით.
16. მთავრობამ გააპროტესტა და განაცხადა, რომ საჩივარი იყო მიუღებელი, რადგან ის აშკარად დაუსაბუთებელი იყო, რადგან (ა) მომჩივნის მიერ დაწყებულ სამოქალაქო სამართალწარმოებას არ ჰქონდა წარმატების პერსპექტივა; (ბ) მომჩივანს მიეცა ერთი წელი და სამი თვე სასამართლო მოსაკრებლის გადასახდელად; (გ) მომჩივნის საბოლოო განცხადება სასამართლო მოსაკრებელთან დაკავშირებით შეიცავდა მხოლოდ სასამართლო მოსაკრებლის გადახდის დამატებითი დროის მოთხოვნას, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2020 წლის 20 მაისს; და (დ) მისი საჩივარი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების შესახებ განიხილა სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ, რომლებმაც ის დაუსაბუთებლად მიიჩნიეს. მომჩივანი არ დაეთანხმა.
17. სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში Zubac v. Croatia ([GC], no. 40160/12, §§ 76-78, 2018 წლის 5 აპრილი); საქმეში Weissman and Others v. Romania (no. 63945/00, §§ 33-37, ECHR 2006-VII (ამონარიდები)); და საქმეში Kreuz v. Poland (no. 28249/95, §§ 52-57, ECHR 2001‑VI).
18. რაც შეეხება წინამდებარე საქმეს, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო მოსაკრებელი გამოთვლილი იქნა სამართალწარმოებაში არსებული თანხის ნორმატიული პროცენტის საფუძველზე. თუმცა, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ითვალისწინებდა ნებისმიერი ასეთი თანხის ზედა ზღვარს. უფრო მეტიც, დავის მონაწილე მხარეებს, რომლებიც ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდნენ სასამართლო მოსაკრებლების გადახდას, უფლება ჰქონდათ მოსაკრებლის გადახდის გადავადებაზე ან მისი გადახდისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებაზე. მაშასადამე, სააპელაციო საჩივრის განხილვისთვის სახელმწიფო ბაჟის შეგროვება არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივნის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად, რაც თავისთავად შეუთავსებელია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტთან (იხ., მაგ., საქმე Harrison McKee v. Hungary, no. 22840/07, §§ 34-35, 2014 წლის 3 ივნისი; საქმე Nalbant and Others v. Turkey, no. 59914/16, § 34, 2022 წლის 3 მაისი; და საქმე Stoenescu v. Romania, no. 14166/19, § 38, 2023 წლის 28 თებერვალი).
19. რაც შეეხება მომჩივნის კონკრეტულ გარემოებებს, არ შეიძლება უგულებელყოფილი იქნეს ის, რომ მომჩივანს ფაქტობრივად მიეცა დაახლოებით ერთი წელი და სამი თვე მოსაკრებლის გადასახდელად. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამ პერიოდის განმავლობაში მომჩივანს მიეცა რამდენიმე შესაძლებლობა, დაესაბუთებინა თავისი მოთხოვნა მოსაკრებლის სავარაუდო გადაუხდელობის შესახებ. თუმცა, ის კვლავ დაჟინებით ამბობდა, რომ მისი ხელფასის მოწმობა საკმარისი მტკიცებულება იყო მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი არ აცხადებდა, რომ ის გაჭირვებული იყო, აგრეთვე, არ მიუმართავს იურიდიული დახმარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკონკრეტეს, თუ რა მტკიცებულება უნდა წარმოედგინა მას ხელფასის ცნობის გარდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მომჩივანს არ გაუმჟღავნებია თავისი ფინანსური მდგომარეობა, არ წარმოუდგენია საბანკო ანგარიშის ამონაწერი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ხელფასი მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო.
20. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმეში გარდამტეხი იყო ის ფაქტი, რომ მომჩივანმა გადააცილა სასამართლო მოსაკრებლის გადახდის ვადას. როგორც პირდაპირ აღნიშნეს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა, მან დროულად არ გადაიხადა საფასური და არ მოუთხოვია გადავადება (იხ. პარაგრაფები 12 და 14 ზემოთ). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი გაფრთხილებული იყო ასეთი უმოქმედობის შედეგების შესახებ – და ის ფაქტი, რომ მას წარმოადგენდა მისი არჩეული ადვოკატი – სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს, რომ არ დაეთანხმოს შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების დასკვნებს. მართლაც, მხარემ, რომელიც ითხოვს სასამართლო მოსაკრებლისგან გათავისუფლებას, უნდა გამოიჩინოს საჭირო გულმოდგინება სასამართლოსთვის თავისი ფინანსური მდგომარეობის მტკიცებულებების წარდგენისას და ამ საკითხში კეთილსინდისიერად უნდა ითანამშრომლოს სასამართლოებთან (იხ. საქმე Elcomp sp. z o.o. v. Poland, no. 37492/05, § 41, 2011 წლის 19 აპრილი).
21. ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ დაასკვნას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მომჩივნის საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, სასამართლოს მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო, არ იყო არაპროპორციული.
22. აქედან გამომდინარეობს, რომ საჩივარი უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად
აცხადებს საჩივარს მიუღებლად.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2024 წლის 26 სექტემბერს.
მარტინა კელერი მიკოლა გნატოვსკი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე