„სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.03.2004
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 310050000.16.226.006385 51
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25, 04/03/2004
5,681 სიტყვა · ~28 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №1 2004 წლის 1 მარტი ქ. თბილისი ,,სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ მე-18 დანართის („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვა“), საქართველოს საჰაერო კოდექსის და კანონების «ნორმატიული აქტების შესახებ“, „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწითო მართვის და რეგულირების წესის შესახებ“, „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“, “ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნების, აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანპსორტით გადაზიდვის წესი“ და იგი, გარდა წესის მე-3 მუხლის მეთვრამეტე პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. წესის მე-3 მუხლის მეთვრამეტე პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ. ზურაბ ჭანკოტაძე სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის წესი     თავი I ცნებები და ტერმინები     მუხლი 1🔗. ცნებათა და ტერმინთა განმარტება „საჰაერო ტრანპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესში“ გამოყენებულ ცნებებს და ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა)     გაეროს სიით განსაზღვრული ნომერი – სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის მიერ მიკუთვნებული ოთხნიშნა ნომერი, რომელიც აღნიშნავს ნივთიერებას ან ნივთიერებების კონკრეტულ ჯგუფს. ბ)    „გათავისუფლება“ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ითვალისწინებს „ტექნიკური ინსტრუქციების“: ზოგადი დებულებებისაგან გათავისუფლებას. გ)    გამგზავნი – პირი, რომელიც საავიაციო საწარმოსთან აფორმებს ტვირთის საჰაერო გადაზიდვის ხელშეკრულებას და ტვირთის ზედნადებით მითითებულია, როგორც ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარე. დ)   გამგზავნი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე თავდაპირველად ჩაიტვირთა ტვირთი საჰაერო ხომალდზე. ე)    გარეგანი შეფუთვა – ტარა, რომელიც გადამუშავებისა და შენახვის შესაფერისი პირობების შექმნის მიზნით გამოიყენება ერთი ტვირთგამგზავნის მიერ ერთი ან რამდენიმე სატვირთო ადგილის გაერთიანებისა და ერთიანი გადასამუშავებელი ერთეულის შესაქმნელად. ვ)    ექსპლუატანტი (ავიაგადამზიდველი) – პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის, ან სთავაზობს მომსახურებას ამ სფეროში. ზ)   ექსპლუატანტის მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ექსპლუატანტის (ავიაგამზიდველის) შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. თ)   ექსპლუატანტის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელშიც არის ექსპლუატანტის საქმიანობის ძირითადი ადგილი ან, თუ ექსპლუატანტს ასეთი ძირითადი ადგილი არ გააჩნია, მისი მუდმივი ყოფნის ადგილი. ი)    მიმღები – პირი, რომლის მისამართზეც იგზავნება სატვირთო ზედნადებით მითითებული ტვირთი. კ)    „ნებართვა“ – საქართველოს კანონით „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ გათვალისწინებული უფლება, რომელიც გაიცემა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ლ)   პიროტექნიკური ნივთიერება – რაიმე სახეობის შენაერთი ან ნარევი, რომლის დანიშნულებაა ეფექტი მოახდინოს სითბოს, ხმის, აირის, კვამლის ან მათი კომბინაციის სახით და მიიღება ეგზოთერმული ქიმიური რეაქციის შედეგად, რომელიც დეტონაციის გარეშე მიმდინარეობს. მ)    საბაჟო კონტროლი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ნ)    სამგზავრო საჰაერო ხომალდი -საჰაერო ხომალდი, რომელიც ეკიპაჟის წევრის ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ექსპლუტანტის თანამშრომლის, ან შესაბამისი სრულუფლებიანი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის, ტვირთის პარტიის ან სხვა სახის ტვირთის გამყოლის გარდა ახორციელებს ნებისმიერი პირის გადაყვანას. ო)   სატვირთო აგენტი – პირი, ან საწარმო, რომელიც ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას და მოქმედებს ექსპლუატანტის სახელით. პ)    სატვირთო გზავნილი – სახიფათო ტვირთიანი ერთი ან რამდენიმე ნაჭერი, რომელიც მიღებულია ექსპლუატანტის მიერ ერთი ტვირთგამგზავნისაგან ერთსა და იმავე დროსა და ერთსა და იმავე მისამართზე, ჩართულია ერთ პარტიაში და ეგზავნება ერთ ტვირთმიმღებს დანიშნულების ერთ პუნქტში. ჟ)    სატვირთო ნაჭერი – ტვირთის შეფუთვის ოპერაციის საბოლოო ნაწარმი, რომელიც შედგება გადასაზიდად გამზადებული შესაფუთი კომპლექტისა და შიგთავსისაგან. რ)    სატრანსპორტო ინდექსი – რიცხვი, რომელიც ენიჭება ფუთას, გამოსხივების კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით. ს)    სატვირთო საჰაერო ხომალდი -მხოლოდ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ნებისმიერი სამოქალაქო საჰაერო ხომალდი. ტ)   სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევა _ შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახიფათო ტვირთის საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვას, რომლის შედეგად რომელიმე პირი ღებულობს სხეულის მძიმე დაზიანებას, რაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს, ან იწვევს ქონების მნიშვნელოვან ზარალს. უ)   სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ინციდენტი – მოვლენა, რომელიც უკავშირდება სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვებს (ამასთან არ არის აუცილებელი, რომ ეს მოვლენა მოხდეს საჰაერო ხომალდზე) და იწვევს ამა თუ იმ პირის სხეულის დაზიანებას, ქონების ზარალს, ხანძარს, ტვირთის დაზიანებას, დაბნევას, სითხის ან რადიაციის გაჟონვას და სხვა მოვლენებს, რომლებიც მიიღება შეფუთვის დროს დაშვებულ დარღვევების შედეგად, მაგრამ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებულ საავიაციო შემთხვევას არ წარმოადგენს. სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს ან მასზე მყოფ პირებს, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ინციდენტი. ფ)    სახიფათო ტვირთი – ნაკეთობები ან ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ქონებას ან გარემოს და რომლებიც მითითებულია ტექნიკური ინსტრუქციების სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში (Doc. 9284-AN/905), ან კლასიფიცირებულია ამ ინსტრუქციით. ღ)    სერტიფიკატი – მისი მფლობელისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი ღ)    ტექნიკური ინსტრუქციები („ტი“) – ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დეტალური და ამომწურავი წესები. როგორც წესი «ტექნიკური ინსტრუქციების» ახალი რედაქცია იკაო-ს მიერ გამოიცემა ორ წელიწადში ერთხელ. ყ)    ტვირთის შეფუთვა – ტექნოლოგია ან ოპერაციები, რომელთა დახმარებით ნაკეთობები ან ნივთიერებები თავსდება შესაფუთ მასალაში ან საიმედოდ არის დაცული რაიმე ხერხით. შ)    ფეთქებადი ნაკეთობა – ნაკეთობა, რომელიც შეიცავს ერთ ან რამოდენიმე ფეთქებად ნივთიერებას. ჩ)    ფეთქებადი ნივთიერება – მყარი ან თხევადი ნივთიერება (ან ნივთიერებათა ნარევი), რომელსაც თავად შეუძლია ქიმიური რეაქციის გამოწვევა, რომლის დროსაც ტემპერატურა, წნევა და აირები ისეთი სიჩქარით გამოიყოფა, რომ იწვევს გარემომცველი საგნების დაზიანებას. პიროტექნიკური ნივთიერებები მიეკუთვნება ფეთქებად ნივთიერებებს. ც)    შესაბამისი უფლებამოსილი ეროვნული ორგანო _ საქართველოს კანონით «სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ» გათვალისწინებულ შემთხვევებში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ან საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია. ძ)    „შეუთავსებელი“- ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ სახიფათო ტვირთების მიმართ, რომელთა ერთმანეთში არევისას შეიძლება მოხდეს სითბოსა და აირის საშიში გამოყოფა ან კოროზიული ნივთიერებების წარმოქმნა. წ)    „Q“-ს მნიშვნელობა – როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო სხ-ებისათვის, ერთ ფუთაში მოთავსებული სხვადასხვა სახიფათო ტვირთის ნეტოს (სუფთა წონა) შეფარდება იმ მაქსიმალურ რაოდენობასთან, რომელიც მოცემულია „ტი“-ის 3-1 ცხრილით. სხვადასხვა სახიფათო ტვირთის Q-ს ჯამი 1-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჭ)    ICAO (იკაო) – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრიცაა საქართველო 1994 წლიდან. ხ)    ჩიკაგოს კონვენცია (1944წ.) – „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ქ. ჩიკაგოში ხელმოწერილი კონვენცია, რომლის წევრიცაა საქართველო 1994 წლიდან.     თავი II ზოგადი დებულებები     მუხლი 2🔗. წესის რეგულირების სფერო და მიზანი 1.    „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესი“ (შემდგომში-წესი) შემუშავებულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვა“), აგრეთვე, საქართველოს საჰაერო კოდექსის, კანონების ”ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ , „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად და მასში გათვალისწინებულია იკაო-ს ოფიციალური გამოცემის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“ (DOC 9284- AN 905) დებულებები. 2.    წესი განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის ორგანიზაციის ძირითად მოთხოვნებს და იგი „ტექნიკური ინსტრუქციების“ მოთხოვნებთან ერთად ადგენს სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით უსაფრთხო გადაზიდვის დეტალურ ნორმებს და პირობებს. 3.    ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება ეროვნულ და უცხო ქვეყნების ავიაგადამზიდველებზე, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო და/ან ადგილობრივ ფრენებს საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე – ნებისმიერ პირზე, რომლებიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო საჰაერო ხომალდებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან.     მუხლი 3🔗. წესის  გამოყენების ზოგადი პირობები 1.    საქართველოს საჰაერო სივრცეში სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ მე-18 დანართის (სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვა), საქართველოს საჰაერო კოდექსის, კანონების „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“, ”ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ და ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად. 2.    სახიფათო ტვირთები, თავისი მახასიათებლების მიხედვით იყოფიან: ა)     სახიფათო ტვირთები, რომელთა სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა საქართველოს საჰაერო სივცეში ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია; ბ)    სახიფათო ტვირთები, რომელთა სამოქალაქო საჰაერო ტრანპორტით გადაზიდვა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ე.წ. „გათავისუფლების“ გარეშე; გ)    სახიფათო ტვირთები, რომელთა სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ ე.წ. „გათავისუფლებით“ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ გაცემული ნებართვის (გარდა რადიაქტიური მასალებისა), ხოლო რადიაქტიური მასალების შემთხვევაში _ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ლიცენზიის საფუძველზე. 3.    საქართველოს მიერ ე.წ. «გათავისუფლება» ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც: ა)     სახიფათო ტვირთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის განსაკუთრებული გარემოებები არსებობს, ან ბ)    სხვა სახის ტრანსპორტის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია, ან გ)    სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხო გადაზიდვის დაწესებული მოთხოვნების სრული დაცვა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს. 4.    ე.წ. „გათავისუფლება“ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობით. რომ სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას გაკეთებულია ყველაფერი უსაფრთხოების ისეთი დონის მისაღწევად, რომელიც შეესაბამება სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის „ტექნიკური ინსტრუქციებით“ და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. 5.    ე.წ. „გათავისუფლება“ ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ «გათავისუფლებას“ განახორციელებს ყველა „დაინტერესებული სახელმწიფო“, ანუ ის სახელმწიფოები რომლებიც წარმოადგენენ ასეთი სახიფათო ტვირთის გამგზავნ, სატრანზიტო, გადაფრენის, დანიშნულების, აგრეთვე ექსპლუატანტის სახელმწიფოს. 6.    «წესები» არ გამოიყენება იმ სახიფათო ტვირთის მიმართ, რომელიც: ა)     განკუთვნილია ფრენისას ავადმყოფისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად; ბ)    განკუთვნილია ფრენისას ვეტერინარული დახმარების აღმოსაჩენად ან ჰუმანური მოსაზრებით ცხოველების დასაძინებლად; გ)    გათვალისწინებულია საძებნ-სამაშველო ოპერაციების დროს დახმარების აღმოსაჩენად; დ)   განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, ან მებაღეობის, მეტყევეობის ან გარემოს დაბინძურების კონტროლისათვის. ე)    წარმოადგენს ნაკეთობას ან ნივთიერებას, რომელიც კლასიფიცირდება როგორც „სახიფათო ტვირთი“, მაგრამ რომლებიც საჰაერო ხომალდზე საჭიროა საფრენად ვარგისობის და ექსპლუატაციის წესების შესაბამისად. ვ)    ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ნაკეთობებისა და ნივთიერებების შემცველი ნაკეთობები და ნივთიერებებია. 7.    საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია სახიფათო ტვირთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა, თუ ეს ტვირთი სათანადოდ არ არის კლასიფიცირებული, არ აქვს შესაბამისი საბუთები, არ არის აღწერილი, შეფუთული და მარკირებული, არა ახლავს საშიშროების ნიშნები და არ იმყოფება გადაზიდვისათვის სათანადო მდგომარეობაში, როგორც ეს „ტექნიკური ინსტრუქციებით» და ამ წესით არის გათვალისწინებული. საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის მოთხოვნების ძირითად ასპექტს წარმოადგენს სათანადო საფუთავის გამოყენება. როგორც წესი, იზღუდება სახიფათო ნივთიერებების რაოდენობა საფუთავში და არა თავად საფუთავების რაოდენობა. 8.    სახიფათო ტვირთების გადაზიდვა უნდა განხორციელდეს უმოკლეს ვადებში და უმოკლესი მარშრუტით. 9.    საქართველოში რეგისტრირებულ ექსპლუატანტს ეკრძალება, სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, თუ მისი „ექსპლუატანტის მოწმობა“ ამას არ ითვალისწინებს. 10.  სატვირთო ტევადობის სარეალიზაციო სააგენტოს (სატვირთო ტერმინალს) ეკრძალება მიიღოს, გააფორმოს, დაამუშაოს და გააგზავნოს სახიფათო ტვირთი, თუ არსებული წესის შესაბამისად მასზე გაცემული ნებართვა ამას არ ითვალისწინებს. 11.  სახიფათო ტვირთის გადაზიდვა საქართველოს საჰაერო სივრცეში შეიძლება განხორციელდეს როგორც ეროვნული, ასევე უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის მიერ. 12.  სახიფათო ტვირთის სამგზავრო სალონით ან ეკიპაჟის კაბინაში გადაზიდვა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც გათვალისწინებულია „ტექნიკური ინსტრუქციების“ მე-8 ნაწილის მე-1 თავით („შენახვა და ჩატვირთვა“). 13.  საქართველოს ტერიტორიიდან სახიფათო ტვირთის საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის საბუთები უნდა შედგეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. სახიფათო ტვირთის ადგილობრივი გადაზიდვების საბუთები შეიძლება შედგეს მხოლოდ ქართულ ენაზე. 14.  იმ სახიფათო ტვირთების გადაზიდვა სამგზავრო საჰაერო ხომალდით, რომელთაც გააჩნიათ საშიშროების ნიშანი „CAO“(„მხოლოდ სატვირთო ხომალდით“) -აკრძალულია. 15.  ავიაგადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში უარი განაცხადოს სახიფათო ტვირთების მიღებაზე ან დააწესოს საკუთარი განსაკუთრებულად შემზღუდავი მოთხოვნები ასეთი ტვირთის გადაზიდვაზე. განსაკუთრებულად შემზღუდავი მოთხოვნების დაწესებისას, ავიაგადამზიდველი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ თავისი რეგისტრაციის ან ექსპლუატანტის სახელმწიფოს, ხოლო ეს უკანასკნელი მოვალეა ამ მოთხოვნების თაობაზე აცნობოს იკაო-ს. 16.  ექსპლუატანტმა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ძირითადი საბუთები უნდა შეინახოს არა ნაკლებ 1 წელი. აღნიშნულ საბუთებს მიეკუთვნება: ა)     სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთი; ბ)    სახიფათო ტვირთების მიღების საკონტროლო ფურცელი; გ)    საჰაერო ხომალდის მეთაურის წერილობითი ინფორმაცია. 17.  სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობების გადაზიდვა საფოსტო გზავნილებში აკრძალულია, გარდა: ა)     ინფექციური ნივთიერებებისა და წყალბადის ორჟანგისა (მშრალი ყინული), თუ ის გამოიყენება ინფექციური ნივთიერებების გასაცივებლად; ბ)    რადიოაქტიური მასალებისა,რომელთა აქტიურობა არ აღემატება ტი-ს 2-12 ცხრილით გათვალისწინებულ მნიშვნელობის მეათედს. 18.  ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, უნდა გააჩნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის (შემდგომში საა) მიერ გაცემული ან აღიარებული შესაბამისი სერტიფიკატი.     თავი III სახიფათო ტვირთი     მუხლი 4🔗. სახიფათო ტვირთის კლასიფიკაცია, კატეგორია, შეფუთვის ჯგუფის ნომერი: 1.    სახიფათო ტვირთები კლასიფიცირდება 9 კლასად, კერძოდ: ა)     ფეთქებადი ნივთიერებები – 1-ლი კლასი; ბ)    აირები (გაზები) – მე-2 კლასი; გ)    ადვილადაალებადი სითხეები – მე-3 კლასი; დ)   ადვილადაალებადი მყარი ნივთიერებები, ნივთიერებები რომლებსაც გააჩნიათ თვითაალების თვისება, ნივთიერებები, რომლებიც წყალთან ურთიერთმოქმედების შედეგად გამოყოფენ ადვილაალებად აირებს – მე-4 კლასი; ე)    მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული ზეჟანგები – მე-5 კლასი; ვ)    ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებები – მე-6 კლასი; ზ)   რადიოაქტიური მასალები – მე-7 კლასი; თ)   კოროზიული ნივთიერებები – მე-8 კლასი; ი)    სხვა საშიში ნივთიერებები და ნაკეთობანი. 2.    სახიფათო ტვირთების თვითეული კლასი საშიშროების მიხედვით იყოფა კატეგორიებად. 3.    სახიფათო ტვირთების თითოეული კლასის კატეგორია, აგრეთვე მათი მახასიათებელი ნიშან-თვისებები განსაზღვრულია ტი-ს მე-2 ნაწილში. 4.    საშიშროების დონიდან გამომდინარე, ზოგიერთ სახიფათო ნივთიერებებს ან ნაკეთობებს ენიშნება შეფუთვის ჯგუფი. შეფუთვის ჯგუფი იყოფა 3 ნაწილად: ა)     შეფუთვის ჯგუფი I – მაღალი დონის საშიშროება ბ)    შეფუთვის ჯგუფი II – საშუალო დონის საშიშროება გ)    შეფუთვის ჯგუფი III – დაბალი დონის საშიშროება. 5.    იმ შემთხვევაში, თუ არ არის ცნობილი ან გაძნელებულია შეფუთვის ჯგუფის დადგენა, მაშინ სავალდებულოა მაღალი დონის საშიშროების- შეფუთვის ჯგუფი I -ის გამოყენება. 6.    კონკრეტული სახიფათო ნივთიერებების ან ნაკეთობების შეფუთვის ჯგუფი განსაზღვრულია ტი-ს ცხრილში 3-1 („სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი”). 7.    ზოგიერთი სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები შეიძლება ხასიათდებოდნენ ორი ან მეტი ნიშან-თვისებების საშიშროებით, რომელთაგან განისაზღვრება ძირითადი საშიშროება და დამატებითი საშიშროება (საშიშროებები). აღნიშნული ნიშან-თვისებები მოცემულია ტი-ს ცხრილში 3-1 („სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი“). 8.    სახიფათო ნივთიერებებს და ნაკეთობებს მინიჭებული აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, რომელიც გათვალისწინებულია ტი-ს ცხრილში 3-1 („სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი”).     მუხლი 5🔗. საფუთავი საშუალებები 1.    საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადასაზიდად გამოყენებული საფუთავი საშუალება უნდა იყოს კარგი ხარისხის და იმგვარად ნაკეთები და საიმედოდ დახურული, რომ გამოირიცხოს გაჟონვა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის, სინოტივის, წნევის ან ვიბრაციის ცვალებადობამ. 2.    საფუთავი საშუალება შიგთავსს უნდა შეესაბამებოდეს. ის საფუთავი საშუალება, რომელიც სახიფათო ტვირთს უშუალოდ ეხება, ამ ტვირთის ქიმიური ან სხვა ზემოქმედების მიმართ მედეგი უნდა იყოს. 3.    საფუთავი საშუალება გამოცდას ვარგისობაზე გადის „ტექნიკური ინსტრუქციების“ დებულებების შესაბამისად. 4.    უმთავრესად სითხის გადასაზიდად გათვალისწინებული საფუთავი საშუალება უნდა უძლებდეს „ტექნიკური ინსტრუქციებით“ მითითებულ წნევას, გაუჟონავად. 5.    შიდა საფუთავი საშუალება ისე უნდა შეიფუთოს, იყოს დაცული და ჰქონდეს ისეთი შუასადებები, რომ გამოირიცხოს მისი მექანიკური დაზიანება და გაჟონვა ჩვეულ პირობებში. 6.    საფუთავი საშუალებების ხელმეორედ გამოყენება დაუშვებელია შემოწმების გარეშე. შემოწმებით უნდა დადგინდეს, რომ ის არ არის კოროზირებული ან დაზიანებული. 7.    თუ ცარიელ გაუწმენდავ საფუთავ საშუალებას მის წინა შემცველობის თვისებების გამო შეუძლია საშიშროების შექმნა, ის უნდა დაიხუფოს და დამუშავდეს მოსალოდნელი საშიშროების შესაბამისად. 8.    სახიფათო ტვირთის შეფუთვაზე წაყენებული სხვა კონკრეტული მოთხოვნები განსაზღვრულია ტი-ს მე-6 ნაწილის მე-3 თავში „შესაფუთ კომპლექტზე წაყენებული მოთხოვნები».     მუხლი 6🔗. მარკირება 1.    სახიფათო ტვირთის თითოეულ ადგილზე მარკირების ნიშანდება სავალდებულოა. 2.    მარკირების ნიშანდება: ა)     არ უნდა იშლებოდეს და ისინი უნდა იყოს დაბეჭდილი სტამბური წესით; ბ)    უნდა განთავსდეს ტვირთის შეფუთვის გარე მხარეს; გ)    უნდა იყოს თვალსაჩინო და ადვილად წასაკითხი; დ)   უნდა უძლებდეს ამინდის ნებისმიერ პირობებს; ე)    უნდა განთავსდეს კონტრასტულ ფონზე; ვ)    არ უნდა განთავსდეს ამ სახიფათო ტვირთზე ნიშანდებულ სხვა ნიშნებთან ისეთ სიახლოვეს, რათა დაიკარგოს მათი წაკითხვის და აღქმის ეფექტურობა. 3.    ყოველ სახიფათო ტვირთზე ნიშანდებული უნდა იყოს ტვირთგამგზავნის და ტვირთმიმღების კოორდინატები (გვარი, მისამართი). 4.    საერთაშორისო გადაზიდვისას მარკირების განხორციელება ინგლისურ ენაზე სავალდებულოა, ხოლო ადგილობრივი გადაზიდვისას ქართულ და ინგლისურ ენებზე.     მუხლი 7🔗. საშიშროების ნიშნების ნიშანდება 1.    ყოველ სატვირთო ადგილზე საშიშროების ნიშნების ნიშანდება სავალდებულოა და იგი მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს ამ სატვირთო ადგილში არსებულ სახიფათო ტვირთს. 2.    საშიშროების ნიშნები გააჩნიათ ნებისმიერი კლასის (1-9 კლასი) და კატეგორიის სახიფათო ტვირთს. 3.    საშიშროების ნიშნები უნდა უძლებდეს ამინდის ნებისმიერ პირობებს. 4.    ძირითადი და დამხმარე საშიშროების ნიშნების განლაგება ერთმანეთს გვერდით სავალდებულოა. 5.    საშიშროების ნიშნების ნიშანდებისას მათი ურთიერთგადაფარვა დაუშვებელია. 6.    იმ შემთხვევაში, როდესაც სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ტი-ს ცხრილი 3-1-ის მოთხოვნების შესაბამისად დაშვებულია მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალდზე, საშიშროების სხვა ნიშნებთან ერთად ნიშნის „მხოლოდ სატვირთო ხომალდზე“ ნიშანდება სავალდებულოა.     თავი IV. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა     მუხლი 8🔗. ნებისმიერ შემთხვევაში საჰაერო ხომალდით გადასაზიდად აკრძალული სახიფათო ტვირთები 1.    აკრძალულია საჰაერო ხომალდით ისეთი ნივთიერების გადაზიდვა, რომელიც, გადაზიდვის ჩვეულებრივ პირობებში, შეიძლება აფეთქდეს, გამოიწვიოს სახიფათო რეაქცია, აალდეს ან სახიფათო ოდენობით გამოყოს სითბო ან მომწამლავი, დამჟანგველი, ადვილადაალებადი აირები ან ორთქლი. 2.    ეს ნივთიერებები განსაზღვრულია „ტექნიკური ინსტრუქციების» მე-2 თავის მე-3 ნაწილის ჩამონათვალის მე-2 და მე-3 სვეტში სიტყვის – „აკრძალულია“ მითითებით. აღნიშნულის გათვალისწინებით სახიფათო ტვირთის მიღებისას, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ტვირთგამგზავნის მიერ წარდგენილ სახიფათო ტვირთის საბუთს, სადაც აღნიშნულია ტვირთის ფიზიკური და ქიმიური მონაცემები, რათა გადასაზიდად არ იქნეს მიღებული ამ პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებები.     მუხლი 9🔗. საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შეზღუდვები 1.    ტექნიკური ინსტრუქციის 3-1 ცხრილით განსაზღვრული, გადასაზიდად აკრძალული, ის ნაკეთობები და ნივთიერებები, რომელზედაც ტი-ს A1, A2 და A109 განსაკუთრებული დებულებები ვრცელდება, მხოლოდ საქართველოს საა-სთან შეთანხმებით გადაიზიდება. 2.    ტექნიკური ინსტრუქციით გათვალისწინებული, გადასაზიდად აკრძალული ის ნაკეთობები და ნივითიერებები, რომელზედაც A1, A2 და A109 სპეციალური დებულებები არ ვრცელდება, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება დაექვემდებარონ ამ წესის მე-3 მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულ „გათავისუფლების“ მოთხოვნებს, გადაიზიდება საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს- „საქტექზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის“ მიერ გაცემული ნებართვის (გარდა რადიაქტიური მასალებისა), ხოლო რადიაქტიური მასალები – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ლიცენზიის საფუძველზე. 3.    საჰაერო ხომალდების ბატარეები, რომლებზედაც ტექნიკური ინსტრუქციის A51 სპეციალური დებულება ვრცელდება, „ტი”-ის 3-1 ცხრილის მე-10 სვეტით მითითებული ზღვრის მიუხედავად, გადაიზიდება 100 კგ-მდე მასის (ერთი ფუთაზე) შეზღუდვით. გადაზიდვის საბუთებში უნდა მიეთითოს, რომ ასეთი გადაზიდვა ამ განსაკუთრებული დებულების შესაბამისად ხორციელდება. 4.    ინფექციური ნივთიერებების მიმართ, რომლებზედაც ტექნიკური ინსტრუქციის A81 სპეციალური დებულება ვრცელდება, რაოდენობრივი შეზღუდვა (სხეულში არსებული სითხის მიხედვით) არ გამოიყენება იმ პირობით რომ ისინი შეფუთვის პირველ ჯგუფს არ განეკუთვნება, და მოსათავსებელია არა უმეტეს 1000 მლ-ის მოცულობის ძირითად ჭურჭელში და არა უმეტეს 4ლ-ის მოცულობის გარე საფუთავ კომპლექტში. ტი-ს 3-1 ცხრილის ჩამონათვალის მე-11 და მე-12 სვეტებით მითითებული რაოდენობრივი ზღვრები ინფექციური ნივთიერების შემცველი მთელი სხეულის, ნაწილისა და ორგანოების მიმართ არ გამოიყენება. ეს მასალები ტი მოთხოვნის შესაბამისად უნდა შეიფუთოს შეფუთვის 602-ე ინსტრუქციით. 5.    „გათავისუფლების“ უქონლობისას, ინფექციით დაავადებული ცხოველების გადაყვანა აკრძალულია.                                        მუხლი 10🔗. გათავისუფლების ნებართვის გაცემა 1.    «გათავისუფლების» გაცემის მოთხოვნისას, «საქტექზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია» განიხილავს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ შემდეგ ინფორმაციას: ა)     გასათავისუფლებული ტვირთის საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის უკიდურესი აუცილებლობის დასაბუთება; ბ)    დასაბუთებას, იმისა, რომ «გასანთავისუფლებელი» ტვირთის გადაზიდვის უსაფრთხოება „ტექნიკური ინსტრუქციებით“ გათვალისწინებულ გადაზიდვის უსაფრთხოების დონეზე იქნება უზრუნველყოფილი; გ)    ტვირთის დასახელებას, კლასიფიკაციას და გაეროს სიის მიხედვით ნომერს, ყველა დაზუსტებული ტექნიკური მონაცემებით; დ)   შემოთავაზებული საფუთავ კომპლექტს; ე)    ტვირთის ოდენობა; ვ)    ტვირთის დამუშავების ნებისმიერ განსაკუთრებული სახეობებს (ზომებს) და ავარიულ ვითარებაში მოქმედებების ნებისმიერ განსაკუთრებული ინფორმაციას; ზ)   ტვირთის გამგზავნისა და მიმღების დასახელებას და მისამართს; თ)   გაგზავნისა და დანიშნულების, აგრეთვე გადატვირთვის აეროპორტებს; ი)    გადაზიდვის ვადებს. 2.    გათავისუფლების გაცემას «საქსახტექზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია» აცნობებს განმცხადებელს და საქართველოს საა-ს. 3.    ნებართვის გაცემა „საქსახტექზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის“ მიერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. 4.    რადიაქტიური მასალების „გათავისუფლებასთან“ დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონის „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნებით და მას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 5.    „გათავისუფლება“ ან წარმოადგენს სახიფათო ტვირთის საქართველოდან გატანის უფლებას. საქართველოდან სახიფათო ტვირთის გატანის უფლების მინიჭება რეგულირდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით.     მუხლი 11🔗. ნივთიერებები და ნაკეთობები რომლებიც ნებადართულია გადასაზიდად ეკიპაჟისა და მგზავრების მიერ 1.    ტი-ს მოთხოვნების შესაბამისად მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ბარგის სახით უფლება აქვთ საჰაერო ხომალდით გადაიტანონ შემდეგი სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები: ა)     ალკოჰოლიანი სასმელები 24% დან 70%-მდე ალკოჰოლის შემცვლელობით, როდესაც ისინი მოთავსებულია საცალო ვაჭრობისათვის განკუთვნილ ტარაში. ამასთან, ასეთი სასმელების საერთო რაოდენობა- „ნეტო“ ერთ პირზე შეადგენს 5 ლიტრს. ალკოჰოლიანი სასმელების ოდენობა რომლის შემცველობა 24%-ზე ნაკლებია გადაზიდვისას არ იზღუდება; ბ)    არარადიოაქტიური წამლები ან საპარფიუმერიო კუთვნილება აეროზოლების ჩათვლით, აგრეთვე სპორტული ან საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიზნით 2.2. კატეგორიის აეროზოლები დამატებითი საშიშროების გარეშე, გადასაზიდად მიიღება მხოლოდ რეგისტრირებულ ბარგში. ასეთი ნაკეთობების საერთო ნეტოს რაოდენობა ერთ პირზე, არ უნდა აღემატებოდეს 2 კგ-ს ან 2 ლ-ს და ასეთი ყოველი ცალკე ნაკეთობის ნეტო არ უნდა აღემატებოდეს 0,5კგ ან 0,5 ლ. საპარფიუმერიო კუთვნილებაში ითვლება თმის ლაქი, სუნამო, ოდეკოლონი და სპირტ შემცველი მედიკამენტები; გ)    ექსპლუატანტის ნებართვით, მცირე ზომის ბალონები აირ ჟანგბადით ან ჰაერით, რომელიც სამედიცინო მიზნით გამოიყენება; დ)   მცირე ზომის ბალონები ნახშირორჟანგით,რომლის დანიშნულებაა ხელოვნური კიდურების მოქმედებაში მოყვანა, აგრეთვე ანალოგიური ზომის სათადარიგო ბალონები; ე)    ექსპლუატანტის ნებართვით, მხოლოდ რეგისტრირებულ ბარგში ყუთებში საიმედოდ შეფუთული 1.4S კატეგორიის სპორტული და სანადირო დანიშნულების ვაზნები, რომლის წონა «ბრუტო» ერთ პირზე არ უნდა აღემატებოდეს 5 კგ-ს. აღნიშნულში არ შედის საბრძოლო მასალები, სასკდომი და ცეცხლგამჩენი ვაზნები. დაუშვებელია რამდენიმე პირისათვის ნებადართული ნორმის მიხედვით ტვირთის ერთ ან რამდენიმე სატვირთო ნაჭრად გაერთიანება; ვ)    მშრალი ყინული, არაუმეტეს 2 კგ ერთ პირზე, თუ კი ის გამოიყენება არასახიფათო სწრაფფუჭებადი სურსათის გასაციებლად იმ პირობით, რომ მისი აირები გადაზიდვისას თავისუფლად გამოიყოფა სატვირთო ნაჭრიდან- ხელბარგში ან ექსპლუატანტის ნებართვით-რეგისტრირებულ ბარგში; ზ)   პირადი სარგებლობისათვის უსაფრთხო ასანთი ან გათხევადებულ აირზე მომუშავე სანთებელა, მაგრამ აკრძალულია პირადად, ხელბარგით ან რეგისტრირებულ ბარგით სანთებელების გადაზიდვა, რომლებიც შეიცავს თხევად საწვავს ( თხევადი აირის გარდა), სანთებლების საწვავს ან მათი დამუხტვის ელემენტებს. თერმოასანთის გადაზიდვა საჰაერო ხომალდით აკრძალულია. თ)   გულის კუნთის სტიმულატორი ან სხვა მოწყობილობები რადიოაქტიურ იზოტოპებზე, ლითიუმის ბატარეებით კვების ჩათვლით, ან რადიოაქტიური ფარმაცეფტური პრეპარატები, რომლებიც ადამიანის სხეულშია იმპლანტირებული; ი)    ექსპლუატანტის ნებართვით, ავადმყოფის გადასაყვანად გამოყენებული საგორავი სავარძელი ან სხვა მოძრავი საშუალება, რომლებიც აღჭურვილია გაუჟონავი ან გაჟონვადი ბატარეებით (ტი -ს 806 შეფუთვის ინსტრუქცია და სპეციალური დებულება A67) მოძრავი საშუალება გადაიზიდება რეგისტრირებული ბარგით. სავარძლის გადატანის დაწვრილებითი წესები იხილეთ „ტი”, მე-8 ნაწილის თავი I. ექსპლუატანტმა ხომალდის მეთაურს უნდა აცნობოს ბატარეიანი საგორავი სავარძლის ან მოძრავი საშუალების განთავსების ადგილი ან შეფუთული ბატარეის ადგილმდებარეობა. მგზავრმა საკუთარი ქმედებები წინასწარ უნდა შეათანხმოს ექსპლუატანტთან, გარდა ამისა, გაჟონვად ბატარეას უნდა გაუკეთდეს გაჟონვის თავიდან ასაცილებელი საცობი. კ)    ექსპლუატანტის ნებართვით, მხოლოდ ხელბარგით- ვერცხლისწყლის შემცველი ბარომეტრი ან თერმომეტრი, რომლებიც გადააქვთ ამინდის ბიუროს სამთავრობო დაწესებულების ან მსგავსი ორგანოს წარმომადგენელს. ბარომეტრი ან თერმომეტრი უნდა შეიფუთოს მყარ კომპლექტში, რომელიც შეიცავს გამკვრივებულ შიდა სადებს ან მკვრივ, შეუღწევი ნაჭრის ტომარას, რომელიც გაჟონვას გამორიცხავს მისი მდებარეობის მიუხედავად. საჰაერო ხომალდის მეთაურს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ასეთი სახის ბარომეტრის ან თერმომეტრის არსებობის შესახებ; ლ)   ერთი სამედიცინო ვერცხლისწყლის თერმომეტრი, მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის თუ ის დამცავ ბუდეში მოთავსებული; მ)    ექსპლუატანტის ნებართვით, სითბოს გამომყოფი ნაკეთობების (ბატარეის მეშვეობით მოქმედი აღჭურვილობა, როგორიცაა წყალქვეშა ფანარი, და სარჩილავი მოწყობილიბა, რომელიც, შემთხვევით ჩართვისას დიდ სითბოს გამოყოფს და ხანძრის გაჩენა შეუძლია) გადატანა შეიძლება მხოლოდ ხელბარგით. სითბოს გამომყოფი წყარო უნდა მოიხსნას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი შემთხვევით ამოქმედება.     მუხლი 12🔗. მგზავრისათვის და ეკიპაჟის წევრებისათვის გადასაზიდად აკრძალული სახიფათო ნივთიერებების და ნაკეთობების მოკლე ნუსხა 1.    მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ეკრძალებათ ხელბარგის ან რეგისტრირებული ბარგის სახით შემდეგი სახიფათო ნაკეთობების და ნივთიერებების გადაზიდვა: ა)     ფეთქებადი ნივთიერებები; ბ)    პიროტექნიკური საშუალებები; გ)    სასიგნალო შუშხუნები; დ)   სათამაშო ფისტონები; ე)    საყოფაცხოვრებო დანიშნულების ადვილადაალებადი ნივთიერებები, რომლებიც ღუმელის ან წყალგაყვანილობის მილების ჟანგისაგან გასაწმენდად, აგრეთვე, საკანალიზაციო მილების გასაწმენდად გამოიყენება. ვ)    ადვილად აალებად აირიანი სანთებელა, სანთებელას საწვავი და გასაწყობი ელემენტები – არც თან, არც ხელბარგში, არც რეგისტრირებულ ბარგში არ დაიშვება. ზ)   კოროზიის გამომწვევი ნივთიერებების შემცველი სარეცხი საშუალებები; თ)   კინოგადამღები ჯგუფის ფეთქებადი პიროტექნიკური მოწყობილობების შემცველი აღჭურვილობა; ი)    ორგანული ზეჟანგის, საღებავის, ადვილადაალებადი წებოს, პოლიტურის, გამხსნელებისა და ფისების შემცველი სარემონტო კომპლექტები; კ)    ადვილადაალებადი ქიმიური ნივთიერებები (სითხე), ადვილაალებადი მყარი ნივთიერებები (მშრალი სპირტი და სხვ.), დამჟანგავები (მჟავები), ზეჟანგები, ტოქსიკური (შხამიანი) და კოროზიის გამომწვევი ნივთიერებები, რომლებსაც ნივთიერებებისა და ცოცხალი ქსოვილის დაშლა შეუძლია; ლ)   მასალები, რომლებიც დამაგნიტებულ ან ვერცხლისწყლის ნივთიერებებს შეიცავს; მ)    ადვილადაალებადი სითხეები, რომლებიც ტურისტული ღუმელების, ფანრების, სარჩილავი მოწყობილობების საწვავად გამოიყენება; ნ)    სითხიანი ბატარეები; ო)   მომწამლავი ნივთიერებები (ჰერბიციდები, ინსეკტიციდები), მწერებისა და მღრღნელებისათვის განკუთვნილი შხამიანი ნივთიერებები; პ)    მწვავე და ცუდსუნიანი სითხეები; რ)    ალკოჰოლიანი სასმელები (სპირტი, არაყი, კონიაკი) ჩამოსასხმელ მდგომარეობაში; ჟ)    სელიტრის შემცველი ქიმიური ნივთიერებები; ს)    წყალსაყვინთი აღჭურვილობა, წყალქვეშა ლამპები; ტ)   ადვილადაალებადი სითხეების, ადვილადაალებადი მყარი ნივთიერებების, დამჟანგველების, ორგანული ზეჟანგების, შხამიანი ან კოროზიის გამომწვევი ნივთიერებების შემცველი სამედიცინო პრეპარატები; უ)   თერმოასანთი; 2.    ისეთი ნაკეთობებისა და ნივთიერებების გადაზიდვისას, რომელთა მიმართ შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ ის სახიფათო ტვირთია, მგზავრი ვალდებულია ეს ექსპლუატანტს აცნობოს. 3.    მგზავრის მიერ განუცხადებელი ყველა ის ნაკეთობა ან ნივთიერება, რომელიც ექსპლუატანტმა შეიძლება სახიფათო ტვირთად მიიჩნიოს, ამოიღება. მგზავრის მიერ პროტესტის გამოცხადების შემთხვევაში, ის საფრენად არ დაიშვება.     თავი V. ტვირთგამგზავნი. სატვირთო აგენტი. ექსპლუატანტი     მუხლი 13🔗. ტვირთგამგზავნის მოვალეობები 1.    ტვირთგამგზავნი, ვიდრე სახიფათო ტვირთის გადაზიდვას შესთავაზებს, ამ «წესისა» და «ტექნიკური ინსტრუქციების» მოთხოვნების შესაბამისად, მოვალეა: ა)     კლასების მიხედვით დაახარისხოს გადასაზიდი სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები; ბ)    განსაზღვროს ამ ნივთიერებებისა და ნაკეთობების ძირითადი და დამატებითი საშიშროება; გ)    განსაზღვროს ამ ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვისათვის საჭირო საფუთავის ინტრუქცია; დ)   მონიშნოს თითოეული სატვირთო ნაჭერი და დაღნიშნოს მასზე საშიშროების ნიშნები; 2.    ტვირთგამგზავნი ადგენს, ხელს აწერს და გადამზიდველს გადასცემს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთს (გამგზავნის დეკლარაციას), რომელიც «ტექნიკური ინსტრუქციების» მე-5 ნაწილის მე-4 თავით გათვალისწინებულ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს (დეკლარაციის სარეკომენდაციო ნიმუშები იხ. ამ «წესის» №1 დანართში). 3.    ტვირთის გამგზავნი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთს ადგენს არა ნაკლებ ორ ცალად და ხელს აწერს ამ საბუთში შემცველ დეკლარაციას, რითაც ადასტურებს, რომ გადასაზიდად წარმოდგენილი სახიფათო ტვირთის დასახელება სრულად და ზუსტად არის განსაზღვრული, ტვირთი კლასიფიცირებულია, შეფუთულია, მონიშნულია, აქვს საშიშროების ნიშნები და არის საჰაერო გადაზიდვისათვის სათანადო მდგომარეობაში, შესაბამისი მოთხოვნების დაცვით. 4.    საქართველოდან განხორციელებულ საერთაშორისო გადაზიდვისას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთები დგება ინგლისურ და ქართულ ენებზე. საქართველოში შემოტანისას ან საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გამოყენებისას, აუცილებელია გადაზიდვის საბუთები შედგეს ინგლისურ ენაზე. 5.    ტვირთგამგზავნი დეკლარაციის ყველა ეგზემპლარს ხელს აწერს პირადად, და ყოველი ეგზემპლიარი დედნად ითვლება. სატვირთო აგენტს საასლე ქაღალდით ხელმოწერილი დეკლარაციის მიღება ეკრძალება. 6.    გამგზავნის დეკლარაციის ყველა ჩანაწერი კარგად უნდა იკითხებოდე. შემოკლებები და ჩასწორებები არ დაიშვება. 7.    სახიფათო ტვირთის გაგზავნამდე, გამგზავნი ვალდებულია: ა)     შეამოწმოს, რომ ნივთიერებები და ნაკეთობები არ ირიცხებიან როგორც ნებისმიერ შემთხვევაში საჰაერო ხომალდით გადასაზიდად აკრძალულ სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში; ბ)    ტვირთის ნაჭრები, რომლებიც აღნიშნულია ნიშნით «მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალდზე» დააჯგუფოს იმგვარად, რომ ცალკე ჩატვირთვისას უზრუნველყოფილი იქნას მათთან მიდგომა და საჭიროებისას, დამუშავება ფრენის დროს; გ)    ტვირთის ის ნაჭრები, რომლებსაც ფრენის დროს მიდგომის უზრუნველყოფა არ ესაჭიროებათ, დააჯგუფოს იმგვარად, რომ საჰაერო ხომალდზე ჩატვირთვისას, ცალკე განთავსდეს; დ)   გარე შეფუთვა არ შეიცავს სატვირთო ადგილებს, რომლებიც მოითხოვენ ცალ-ცალკე განთავსებას, ტი-ს მე-7 ნაწილის პირველი თავის მოთხოვნების შესაბამისად. ე)    სატვირთო ნაჭერი დაზიანებული არ არის და მათი შიგთავსის უვნებლობა უზრუნველყოფილია. 8.    თუ სახიფათო ტვირთი გადაიზიდება კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ნებართვით («გათავისუფლებით») დადგენილი პირობებით, ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადამზიდველს (ექსპლუატანტს) ყველა საჭირო ნებართვა («გათავისუფლება») და თანდართული დოკუმენტაცია წარუდგინოს ტვირთის გაგზავნამდე. 9.    საქართველოდან ისეთი სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, რომელიც გადაიზიდება «ტექნიკური ინსტრუქციების» A1, A2 და A109 სპეციალური დებულებების მოთხოვნების მიხედვით, შესაბამისი უფლების მისაღებად, ტვირთგამგზავნი ვალდებულია საქართველოს საა-ს შეატყობინოს გადაზიდვის დაწყებამდე არა ნაკლებ 5 დღით ადრე. 10.  ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწნებულ შეტყობინებაში უნდა აისახოს, სულ ცოტა შემდეგი: ა)     სახიფათო ტვირთის დასახელება; ბ)    ნომერი, გაეროს სიის მიხედვით; გ)    კლასი ან კატეგორია; დ)   გაგზავნისა და დანიშნულების აეროპორტები; ე)    ტვირთის გამგზავნისა და მიმღების დასახელება. 11.  დამატებითი მოთხოვნები: ა)     4.1. და 5.2. კატეგორიის ნივთიერებების გადაზიდვისას, ტვირთგამგზავნმა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთში უნდა მიუთითოს, რომ ეს ნაჭრები დაცული უნდა იყოს მზის სხივის პირდაპირი მოხვედრისაგან, უნდა მოთავსდეს კარგად ვენტილირებულ ადგილზე და სითბოს წყაროებისგან დაშორებით; ბ)    გამაერთიანებელი საფუთავის („Overpack”) გამოყენებისას, გადაზიდვის საბუთში, შიდა საფუთავების შემცველობის ჩამონათვალის შემდეგ, უნდა მიეთითოს „Overpack used”; გ)    „ტექნიკური ინსტრუქციებით» გათვალისწინებულ შემთხვევებში, გაერთიანებელ საფუთავზე და გადაზიდვის საბუთში, აგრეთვე მიეთითება მეათედ ნაწილამდე დამრგვალებული „Q-ს“ მნიშვნელობა; დ)   ინფექციური ნივთიერების გადაზიდვისას, ტვირთგამგზავნმა უნდა დაადასტუროს, რომ «ტექნიკური ინსტრუქციებით“ გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შესრულებულია; ე)    მშრალი ყინულის გადაზიდვისას, დეკლარაციის „Quantity and Type of packing» უჯრაში სავალდებულოდ მიეთითება „Carbon dioxide, Solid Cl 9 UN 1845, ნეტოს მასა, შეფუთვის III ჯგ. შეფუთვის ინსტრუქცია 904”; ვ)    რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვისას, რომლის წონა 50 კგ მეტია, შეფუთვის მარკირებისას აღინიშნება დაშვებული ბრუტოს წონა; ზ)   მე-2 და მე-3 კატეგორიის რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვისას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთში აღინიშნება მათი სატრანსპორტო ინდექსი და გაბარიტები; თ)   თუ რადიოაქტიური ნივთიერება გადაიზიდება სერტიფიკატის გაცემის პირობით, ტექნიკური ინსტრუქციების მე-5 ნაწილის 1 თავის მოთხოვნების შესაბამისად, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთში სერტიფიკატის ნომერიც მიეთითება. სერტიფიკატი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთს სავალდებულოდ უნდა დაერთოს; ი)    აირის გადაზიდვისას ექსპლუატანტს (გადამზიდველს) წარედგინება შემდეგი საბუთები: ი.ა)  პასპორტი კოროზიის დამატებითი საშიშროებით, რითაც დასტურდება, რომ კონკრეტულად ეს ცილინდრი შეესაბამება ამ ნივთიერებას; ი.ბ) რა წნევაზეა გათვალისწინებული სარქველი, მისი პირველი და ბოლო შემოწმების თარიღები; ი.გ) რა წნევაზეა გათვალისწინებული ცილინდრი და რა წნევით არის იგი გაწყობილი; ი.დ)            ცილინდრის ვარგისობის ვადა; კ)    რადიოაქტიური მასალების გადაზიდვისას, B(U), B(M) და C ტიპის შეფუთვებს უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომელიც გაცემული იქნება კომპეტენტური ორგანოს მიერ კონსტრუქციის და/ან გადაზიდვის ნებართვაზე შეფუთვის სავალდებულო სერტიფიკატის ქონის სხვა შემთხვევებს განსაზღვრავს ტი-ს მე-5 ნაწილის 1-ლი თავი. 12.  ტვირთგამგზავნი, რომელიც ექსპულატანტს აწვდის სახიფათო ტვირთის საჰაერო გზით გადატანისას (ან სახმელეთო ოპერაციის დროს) მომხდარი საავიაციო მოვლენის დროს საჭირო ქმედებების ინფორმაციას, უნდა მიუთითოს, სულ ცოტა, შემდეგი ცნობები: ა)     სახიფათო ტვირთის აღწერა, გამგზავნის დეკლარაციის მიხედვით; ბ)    „პრაქტიკული ქმედების კოდური ნიშანი“ (Doc 9481-AN/928) გ)    ჯანმრთელობისათვის უშუალო საშიშროება; დ)   ხანძრის ან აფეთქების საშიშროება; ე)    საავიაციო მოვლენის დროს დაუყოვნებლივ გასატარებელი სიფრთხილის ზომები; ვ)    ხანძარსაწინაღო წინასწარი ზომები; ზ)   გაჟონვის საწინაღო წინასწარი ზომები; თ)   პირველადი სამედიცინო დახმარების ღონისძიებები. 13.  ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი ხერხებით: ა)     ინფორმაციის გადაზიდვის საბუთში ჩართვა; ბ)    ინფორმაციის ცალკე საბუთით წარდგენა; გ)    ინფორმაციის ხომალდის მეთაურისათვის განკუთვნილ ინფორმაციაში ჩართვა. 14.  ტვირთგამგზავნმა ექსპულატანტს და აგენტს უნდა აცნობოს გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი. ტვირთგამგზავნი ვალდებულია უზრუნველყოს ამ ნომერზე დღე-ღამის განმავლობაში კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა, ტვირთის აგენტისათვის (ექსპლუატანტისათვის) ჩაბარებიდან გადაზიდვის დამთავრებამდე. 15.  ტვირთგამგზავნის სხვა მოვალეობები, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული და დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან, განსაზღვრულია ტი-ს მე-5 ნაწილის მე-4 თავით. 16.  თუ ნივთიერება ან ნაკეთობა სახიფათო ტვირთის ჩამონათვალში არ არის, უნდა ჩატარდეს მისი იდენტიფიკაცია, ცნობილი თვისებების შედარების გზით. თუ თვისებები უცნობია, ნივთიერების ან ნაკეთობის კლასი ან კატეგორია დგინდება ცდების მონაცემების გამოყენებით.     მუხლი 14🔗. სატვირთო აგენტის მოვალეობები 1.    სახიფათო ტვირთის გადასაზიდად მიღებისას, სატვირთო აგენტი მოვალეა შეამოწმოს: ა)     ტვირთგამგზავნის მიერ გადაზიდვის საბუთების სწორად და ზუსტად შევსება; ბ)    დეკლარაციის ყველა ეგზემპლიარზე ტვირთის გამგზავნის ხელმოწერების ნამდვილობა; გ)    ტვირთის ყველა ნაჭერი ასახულია თუ არა გადაზიდვის საბუთებით; დ)   გადასაზიდად ხომ არ არის შემოთავაზებული ის ნივთიერება ან ნაკეთობა, რომლის გადაზიდვაც საჰაერო ტრანსპორტით ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია; ე)    შესაბამისი სერტიფიკატის, სათანადო შემთხვევაში კი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული «გათავისუფლების» (ნებართვის) ქონა; ვ)    რომ, ტვირთის ნაჭერი არ არის დაზიანებული, არ ჟონავს და შიგთავსის მთლიანობა დარღვეული არ არის; ზ)   რომ, ფუთაში არ არის ნაჭრები, რომლებიც ცალკე განთავსებას საჭიროებს; თ)   საფუთავის შესაბამისობა შეფუთვის ინსტრუქციის მოთხოვნებთან; ი)    ფუთის შიგთავსის ოდენობის შესაბამისობა «ტექნიკური ინსტრუქციების» 3-1 ცხრილის მოთხოვნებთან; კ)    საფუთავზე დაღნიშნული ნაწერების შესაბამისობა გადაზიდვის საბუთებთან, (წარწერები მკაფიოდ ჩანს და გასაგებად წერია, დაღნიშნულია იმგვარად, რომ მისი მთლიანობა უზრუნველყოფილია ამინდის ნებისმიერ პირობებში ჩატვირთვა-გადატვირთვისას); ლ)   რომ, ტვირთის ნაჭრებზე დაღნიშნული ნიშნები შეესაბამება შიგთავსს და გადაზიდვის საბუთებით მითითებულს; მ)    რომ, დამუშავების ნიშნები ტვირთის ნაჭრებზე დაღნიშნულია ორ საპირისპირო მხარეზე; ნ)    რომ, ტვირთის ნაჭრებზე დაღნიშნულია: «მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალდზე» (საჭიროებისას). 2.    სატვირთო აგენტი: ა)     სახიფათო ტვირთის მიღეისას სარგებლობს მიღების საკონტროლო ფურცლით (ამ «წესების» დანართი №5). თუ საკონტროლო ფურცელის რომელიმე პუნქტის სვეტში არის სიტყვა „არა”, ტვირთის მთელი პარტია გადასაზიდად არ მიიღება. მიღების საკონტროლო-ფურცლის ასლი ტვირთგამგზავნს გადაეცემა; ბ)    თუ გადაზიდვის საბუთში შეფუთვის რომელიმე სახიფათო ნივთიერების ჯგუფი არ არის აღნიშნული, ან ტვირთგამგზავნი მის დასახელებას ვერ ახერხებს, შეფუთვის ჯგუფი განისაზღვრება მაღალი დონის საშიშროებით-ჯგუფი 1; გ)    ავსებს და ექსპლუატანტს გადასცემს სხ-ში ჩატვირთული სახიფათო ტვირთის წერილობით ინფორმაციას, «ტექნიკური ინსტრუქციების» მე-7 ნაწილის მე-4 თავის 4.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად; დ)   სხ-ში ჩატვირთვისას, უზრუნველყოფს ტვირთის დაცვას დაზიანებისაგან; ე)    სხ-ში ჩატვირთულ ტვირთს ამაგრებს იმგვარად, რომ გამოირიცხოს ფრენის დროს ტვირთის ნაჭრების გადაადგილება და ურთიერთგანლაგების შეცვლა; ვ)    რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველ ტვირთის ნაჭრებს ამაგრებს ტექნიკური ინსტრუქციების მე-7 ნაწილის მე-2 თავის 2.9.3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად; ზ)   განუცხადებელი სახიფათო ტვირთის სხ-ში შერეულ ტვირთად ჩატვირთვის გამოსარიცხად, გამგზავნისაგან მოითხოვს ნებისმიერი ნაჭრის შიგთავსის დადასტურებას (იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა ეჭვი, რომ ეს ნაჭრები სახიფათო ტვირთს შეიცავს); განუცხადებელი სახიფათო ტვირთების აღმოჩენის მოთხოვნები, განსაზღვრულია ტი-ს მე-7 ნაწილის მე-6 თავში; თ)   მიმღებ პუნქტში აკრავს გადასაზიდად სახიფათო ტვირთის მიღების ძირითადი წესებისა და პროცედურების ამსახველ თვალსაჩინო ინფორმაციას; ი)    სატვირთო ნაჭრებზე დაღნიშვნის დაკარგვის, ნიშანდების დარღვევის ან საშიშროების ნიშნების შეუსაბამობისას, ამაგრებს და /ან დაღნიშნავს შესაბამის ნიშნებს, გადაზიდვის საბუთებით აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად; კ)    სახიფათო ტვირთის შესანახად უზრუნველყოფს ცალკე განთავისუფლებულ, იზოლირებულ სასაწყობო სათავსოს; ლ)უზრუნველყოფს შესაბამისი პერსონალის მომზადებას.     მუხლი 15🔗. ექსპლუატანტის მოვალეობები 1.    ექსპლუატანტი მოვალეა: ა)     გადასაზიდად არ მიიღოს სახიფათო ტვირთი: ა.ა)  თუ მას არ ერთვის გადაზიდვის საბუთი (გამგზავნის დეკლარაცია), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საბუთი, ტექნიკური ინსტრუქციების შესაბამისად, საჭირო არ არის; ა.ბ)  ვიდრე არ შეამოწმებს სატვირთო ნაჭერს, გარე საფუთავს ან სატვირთო კონტეინერს,»ტექნიკური ინსტრუქციების» მე-7 ნაწილის მე-4 თავით გათვალისწინებული მიღების წესის მიხედვით; ბ)    მეთვალყურეობა გაუწიოს „მხოლოდ სატვირთო სხ-ზე“ ნიშნით აღჭურვილი სატვირთო ნაჭრების ჩატვირთვას, რათა ეკიპაჟის წევრს ან სხვა უფლებამოსილ პირს საშუალება ჰქონდეს ფრენისას შეამოწმოს, დაამუშაოს და, თუ მისი ზომები საშუალებას იძლევა ასეთი ტვირთი სხვა ტვირთისაგან განაცალკევოს; გ)    სახიფათო ტვირთის სხ-ში ჩატვირთვისას, გამოავლინოს ტვირთის ნაჭრების დაზიანება და შიგთავსის გაჟონვა; ასეთის გამოვლენისას, ტვირთის სხ-ში ჩატვირთვა აკრძალულია; დ)   ტვირთის დაზიანების ან გაჟონვის გამოვლენის მიზნით სატვირთო ნაჭრები სხ-ში არ ჩატვირთოს შეუმოწმებლად; ე)    სატვირთო ნაჭერი დაუყონებლივ ჩამოტვირთოს სხ-დან ან მიიღოს ზომები, რათა ეს გააკეთოს უფლებამოსილმა ორგანომ, თუ აღმოჩნდა, რომ ეს ნაჭერი დაზიანებულია ან ჟონავს; ამასთან, მიიღოს დანარჩენი ტვირთის გაჭუჭყიანებისაგან დასაცავი ზომები; ვ)    სხ-დან ჩამოტვირთული რადიოაქტიული ნივთიერებების შემცველი ნაჭრები შეამოწმოს დაზიანებაზე და გაჟონვაზე. ასეთის გამოვლენისას, მოწმდება სხ-ს ის სათავსო და არე, სადაც სახიფათო ტვირთი იყო განთავსებული; ზ)   საჰაერო ხომალდზე აღმოჩენილი გაჭუჭყიანების აღმოსაფხვრელად, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები; თ)   რადიოაქტიური ნივთიერებით გაჭუჭყიანებისას, სხ მოხსნას ექსპლუატაციიდან მანამდე, ვიდრე რადიაციის დონე, ნებისმიერ ხელმისაწვდომ ზედაპირზე, არ დაიწევს «ტექნიკური ინსტრუქციებით» (მე-7 ნაწილი, მე-7 თავი მე-7.8 ქვეპუნქტი) მითითებულ მნიშვნელობამდე; ი)    სხვადასხვა თვისების იმ სახიფათო ტვირთების («ტი», ცხრილი 7-1) სხ-ში ჩატვირთვისას, რომლებიც, შესაძლებელია, სახიფათო ურთიერთქმედებაში შევიდნენ ერთმანეთთან, უზრუნველყოს მათი ცალ-ცალკე, განთავსება; კ)    ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებების შემცველი სატვირთო ნაჭრების სხ-ზე განთავსება უზრუნველყოს «ტექნიკური ინსტრუქციების» ( მე-7 ნაწილის მე-2 თავის 2.8. ქვეპუნქტი ) მოთხოვნების შესაბამისად; ლ)   რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი სატვირთო ნაჭრების სხ-ზე განთავსება უზრუნველყოს ადამიანებიდან და გაუმჟღავნებელი ფოტოფირიდან დაშორებით («ტი» მე-7 ნაწილი, მე-2 თავი, 2.9 ქვეპუნქტი); მ)    სატვირთო ნაჭრების სხ-ს ნაკვეთურებში დამაგრება და დაზიანებისაგან დაცვა უზრუნველყოს იმგვარად, რომ გამოირიცხოს ფრენის დროს ტვირთის ნებისმიერი გადაადგილება; ნ)    ხომალდის მეთაურს მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია ყველა იმ სახიფათო ტვირთზე, რომლებიც ხომალდში უნდა ჩაიტვირთოს. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს, სულ ცოტა შემდეგს: ნ.ა)  ავიაზედნადების ნომერს; ნ.ბ) ტვირთის დასახელებას (თუ საჭიროა ტექნიკურ დასახელებას); ნ.გ) კლასს ან კატეგორიას და, თუ საჭიროა, დამატებით საშიშროებას, 1 კლასისათვის-შეთავსების ჯგუფს; ნ.დ)            შეფუთვის ჯგუფს, რომელიც აღნიშნულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთში; ნ.ე)  სატვირთო ადგილების რაოდენობას და მათ ხომალდზე განთავსების ადგილს; ნ.ვ)  ნეტოს რაოდენობას ან ბრუტოს მასას (შესაბამის შემთხვევებში); ნ.ზ) რადიოაქტიური მასალებისათვის-სატვირთო ადგილების რაოდენობას, მათ კატეგორიას, სატრანსპორტო ინდექსს და მათ ზუსტ ადგილმდებარეობას; ნ.თ)            შესაბამის მითითებას, თუ ტვირთი გადაიზიდება მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალდით; ნ.ი) აეროდრომს, რომელშიც მოცემული სატვირთო ადგილი უნდა გადმოიტვირთოს; ნ.კ)  შესაბამის შემთხვევაში მითითებას, რომ ეს სახიფათო ტვირთი გადაიზიდება «გათავისუფლების» პირობებით; ო)   მგზავრებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ სახიფათო ტვირთზე, ნივთიერებებსა და ნაკეთობებზე, რომლის გადატანაც მათთვის აკრძალულია. ამ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს ავიაბილეთი და სასურველია, რომ გამოკრული იყოს აეროპორტში, მგზავრების სარეგისტრაციო ადგილებში; პ)    ავიაგადამზიდველის „ფრენის შესრულების სახელმძღვანელოთი“ საფრენოსნო ეკიპაჟს მიაწოდოს ის ინფორმაცია, რაც მას საშუალებას მისცემს შეასრულოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები, სადაც მითითებული იქნება, აგრეთვე, სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას წარმოქმნილი ავარიული ვითარებებისას საჭირო ქმედებები; ჟ)    სახიფათო ტვირთის მიღებისას სავალდებულოდ ისარგებლოს საკონტროლო ჩამონათვალით, რათა შესრულდეს ამ მუხლის 1-ლი „ა“ქვეპუნქტის მოთხოვნები; 2.    სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ავარიული ვითარების წარმოქმნისას, მეთაური ვალდებულია, როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მისცემს, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს გადასცეს სხ-ზე განთავსებულ ყველა სახეობის სახიფათო ტვირთზე ინფორმაცია, რათა მათ ეს შეატყობინონ დაფრენის, სათადარიგო ან სხვა შესაბამის აეროპორტს („ტი“ მე-7 ნაწილი, მე-4 თავი, 4.3 ქვეპუნქტი). 3.    სახიფათო ტვირთის გადამტან სხ-ზე მომხდარი საავიაციო მოვლენისას, ექსპლუატანტი საავარიო-სამაშველო სამსახურს გადასცემს მეთაურისათვის განკუთვნილი ინფორმაციით ასახულ ცნობებს სახიფათო ტვირთზე. 4.    საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისათვის. 5.    ექსპლუატანტმა უნდა წარუდგინოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება არაგანცხადებულ ან არასწორად განცხადებულ სახიფათო ტვირთებს ან მგზავრებისათვის და ეკიპაჟებისათვის გადაზიდვისათვის აკრძალული სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ფაქტებს, ტი-ის (მე-7 ნაწილი, თავი 6) და ამ «წესის» მე-12-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად. 6.    საჰაერო ხომალდის მეთაურისათვის განკუთვნილი ინფორმაცია, ასევე, უნდა შეიცავდეს იმის მითითებას, რომ სატვირთო ადგილები არ არის დაზიანებული ან გაჟონილი. 7.    საჰაერო ხომალდის მეთაურისათვის მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, ფრენის დროს, უნდა განთავსდეს ადვილად მისაწვდომ ადგილზე; 8.    საჰაერო ხომალდის მეთაურს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს დადგენილი ფორმით, და არა ზედნადების, ანგარიშის ან სხვა საბუთის სახით; 9.    საჰაერო ხომალდის მეთაური წერილობითი ინფორმაციის მიღებას ადასტურებს თავისი ხელმოწერით ერთ-ერთ ეგზემპლიარზე. 10.  აღნიშნული ინფორმაციის ერთი ცალი ინახება ხმელეთზე ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას, რეისის დამთავრების ბოლომდე. 11.  საჰაერო ხომალდის მეთაურისათვის განკუთვნილი წერილობითი ინფორმაცია უნდა შედგეს ინგლისურ ენაზე.     თავი VI. პერსონალი. დაზღვევა.     ინციდენტის დროს პრაქტიკული ქმედებები                       მუხლი 16🔗. პერსონალის მომზადება 1.    ამ წესის მე-3 მუხლის მეთვრამეტე პუნქტით გათვლისწინებული პერსონალის მომზადების ან გადამზადების სასწავლო პროგრამები შეიმუშავება საა-ს მიერ აღიარებული სპეციალიზირებული სასწავლო და/ან ავიასაწარმოების დაწესებულების მიერ და ისინი სავალდებულოდ თანხმდება საა-სთან. 2.    სასწავლო პროგრამებზე წაყენებული მოთხოვნები განისაზღვრება (ცხრილი 1.4.) ამ წესის მე-4 დანართით. 3.    პერსონალის მომზადების ან გადამზადების პროგრამები უნდა ითვალისწინებოდეს ამ პერსონალის თანამდებობრივ უფლება-მოვალეობებს. 4.    პროგრამები უნდა შეიცავდეს: ა)     ზოგად-საგანმანათლებლო მომზადებას, რომლის მიზანია სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის ზოგადი ნორმების გაცნობა და შესწავლა; ბ)    სპეციალიზირებულ მომზადებას, რომლის მიზანია კონკრეტული თანამდებობრივი უფლება-მოვალეობებით გამოწვეული ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა; გ)    სახიფათო ტვირთების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომლის მიზანია საშიშროების სახეობის შესწავლა, უსაფრთხო დამუშავების მეთოდების გაცნობა და ავარიულ სიტუაციაში მოქმედებათა წესების შესწავლა. 5.    პროგრამების შესწავლის შემდეგ პერსონალის ტესტირება სავალდებულოა. მხოლოდ ტესტირების დადებითი შედეგების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისობის სერტიფიკატი. 6.სერტიფიკატში სავალდებულოდ აისახება: ა)     პერსონალის გვარი, სახელი, თანამდებობა; ბ)    სერტიფიკატის მოქმედების ვადა; გ)    სერტიფიკატის მფლობელის მიერ სასწავლო პროგრამით შესწავლილი მასალა; დ)   სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის (დაწესებულების) დასახელება, იურიდიული მისამართი. 7.    პროგრამის შესწავლის და ტესტირების მონაცემების მიწოდება საა-ში სავალდებულოა. 8.    პერსონალის პერიოდული მომზადება ხორციელდება ორ წელიწადში ერთხელ. 9.    პერსონალის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის მინიმალური ვადაა-7 წელი. მუხლი 17🔗. ექსპლუატანტის პასუხისმგებლობის დაზღვევა 1. ექსპლუატანტი, სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, მოვალეა დააზღვიოს საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკიპაჟის წევრის, მგზავრის, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) და მესამე პირის მიმართ. 2. ექსპლუატანტის საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ფარგლები ეკიპაჟის წევრის, მგზავრის, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) და მესამე პირის მიმართ განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 18🔗. საავიაციო ინციდენტის დროს პრაქტიკული ქმებები 1. საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას საავიაციო ინციდენტის დროს პრაქტიკულ ქმედებებზე წაყენებული მოთხოვნები განსაზღვრულია იკაო-ს ოფიციალური გამოცემით -DOC 9481 – AN/928.     თავი VII. ზედამხედველობა. პასუხისმგებლობა მუხლი 19🔗. ზედამხედველობა ამ წესის მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას და კონტროლს, თავის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი- საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია და საქტექზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია. მუხლი 20🔗. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.